განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი წარსულში საძებნელი მომავალი...
ბანერი

წარსულში საძებნელი მომავალი...

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1232 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
წარსულში საძებნელი მომავალი...
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამესამე)
"აწმყო შობილი წასულისაგან
არის მშობელი მომავალისა"
გოტფრიდ ლაიბნიცი

დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ცნობილი ფორმულირებისაგან განსხვავებით, ჩვენი მომავალი, აწმყომ კი არა, წარსულის იმ ღირებულებებმა უნდა წარმოშვას, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი რომ გვავიწყებდა და, რომელთა გახსენებაც, თავისუფლების შემდგომ გასული შვიდი წლის განმავლობაშიც, სათანადოდ ვერ შევძელით...

ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ აღიძვრის კითხვა: გვსურს კია, გახსენება? და თუ დადებითად ვუპასუხებთ, მაშინ, იმისი აღიარებაც მოგვიწევს, რომ ვერაფერს ახალს ვერ შევქმნით მივიწყებულ ფასეულობათა ხელახლად პოვნის გარეშე, რადგანაც, სამოცდაათი წლის მანძილზე გაბატონებულ სიყალბეს, სუროგატს, არაპროფესიონალიზმს, ხელოვნურობას, - ალტერნატივა უნდა მოეძებნოს, რომელიც სწორ გეზს მოგვცემდა და ცივილიზებული სახელმწიფოს აღმშენებლობის რთულ პროცესს გაგვიადვილებდა.

წარსულის ღირებულებათა გააზრება და სამომავლო საჭიროებისათვის მოხმობა, თავისთავად რთული საქმეა, რამეთუ, მან ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას - სულიერიცა და მატერიალურიც. ამან, არამც და არამც, არ უნდა დაგვაბნიოს. რაც, არ მოხდება, თუ სწორ პოზიციას შევარჩევთ და ვიფიქრებთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა ავიღოთ გარდასულ საუკუნეთა დანატოვარიდან და რატომ. ამ თემაზე მსჯელობა ნებისმიერი საკითხით შეიძლება დავიწყოთ. თუნდაც, იმ ეპოქის ყოფის გააზრებით, მეორე რუსულ ოკუპაციას რომ ემსხვერპლა. მითუმეტეს, დღეს მეტად აქტუალურია ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის პრობლემა. ამიტომ მინდა შეძლებისდაგვარად შევეხო ძველი თბილისის რეალიებს…

"თავიდან, ჩვენ ვიგონებთ შენობათა ფორმებს,
შემდეგ თავად ნაგებობანი იწყებენ ჩვენს ფორმირებას"
უინსტონ ჩერჩილი

XIX საუკუნეში, დედაქალაქიდან მთელს საქართველოში ვრცელდება ევროპული კულტურა. ჯერ, თბილისში ხდებოდა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვართა ადაპტირება - მის მოსახლეობას სიახლეთა სწრაფად და გონივრულად შეთვისების უნარი აღმოაჩნდა. ეს, გასული საუკუნის არაერთ მოგზაურს შეუნიშნავს. ამ მხრივ, მეტად საინტერესოა ის შთაბეჭდილება, თბილისმა რომ მოახდინა ალექსანდრე დიუმაზე და რის გამოც ის წერდა:

"უნდა გამოვტყდე, როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს, მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაგან შედგება, ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით".

მოდასთან ერთად, წეს-ჩვეულებებიც შეიცვალა, 1870 წლის გაზეთი "დროშა" წერდა: "ერთი დრო იყო, რომ ყველიერის შექცევა იყო საერთო, საზოგადო, ეს იყო მუშტი-კრივი, ყეენობა და სხვა... ახლა ეს შეიცვალა, რადგანაც ჩვენ განათლების ხარისხში შევედით; ახლა ეს ყველიერის შექცევა მდაბიო გახდა და მაღალი საზოგადოება თეატრებსა და მასკარადებს ეწყობა..."

თეატრი დიდებული ჰქონდა ქალაქს, რომლის დიუმასეული შეფასება კატეგორიულია:

"...უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა", - წერს ფრანგი მწერალი.

დასავლური კულტურის რეალიები ისე ადვილად შეითვისა ქალაქის მოსახლეობის ყველა სოციალურმა ფენამ გასულ საუკუნეში, რომ როცა თბილისელი კინტოები იტალიური ოპერიდან მოსმენლ მელოდიებს ღიღინებდნენ, ეს აღარავის უკვირდა...

გასული საუკუნის ცნობილი პოეტი, მთარგმნელი, თეატრალური კრიტიკოსი და პუბლიცისტი მიხეილ თუმანიშვილი, მისთვის დამახასიათებელი იუმორით, აღწერს "ოპერის სნეულებით" შეპყრობილი საზოგადოების სურათს:

"აქეთ-იქიდან ისმოდა მხოლოდ სახელები როსსინისა, ბელლინისა, დონიცეტისა, ვერდისა და, ასე განსაჯეთ, ვაგნერისაც... არ ვიცოდი, რა მექნა, მეგონა, რომ ვიყავი არა გორგასლანის ქალაქში, არამედ მილანში, ანუ ვენეტიკაში. შემხვდა ერთი ჩადრიანი ყმაწვილი ქალი, რომელიც მოდიოდა და იძახოდა: თქვენი ბელლინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამადგათო; ახლოს ქუჩიდან ჩამორბოდა ერთი იმერელი მუშა და დასძახოდა: "ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ზევით, ფიგარო ქვევით!" ასე, სულ გადარეულან, ყველას მოსდებია ოპერის რაღაც სნეულება. პატარა ბიჭების კივილმა "ლადონა მობილეს" ხმაზე ხომ ილაჯი წაიღო".

ასეთი იყო სიტუაციის სატირული ხედვა. საერთოდ კი, ყველაფრით - ევროპულით გატაცება მეტად დიდი იყო, ოღონდ, ამას არ მიუღია რაიმე, უკიდურესი ხასიათი და ეს სიახლენი შევითვისეთ იმდენად, რამდენადაც ეს შეეძლო გაეკეთებინა დასავლური ორიენტაციის მქონე ერს. ახალ მოდას და გართობის ფორმებს საცხოვრებელი პირობების შეცვლა-გაუმჯობესების მოთხოვნილებაც მოჰყვა, - ამასაც ხალისით აკეთებდნენ მოქალაქენი. აკი, ამბობს კიდევაც, იმ დროის თბილისელ ბურჟუათა ლიტერატურული პროტოტიპი, ლავრენტი არდაზიანის გახმაურებული რომანის პერსონაჟი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი: "სოლოლაკზე მე ვიყიდე დიდი ორეტაჟიანი სახლი, რომელიც საუცხოვოთ მოვაწყე და მოვრთე. ერთი ნახევარი ამ სახლისა - სამი ოთახი და ორი ზალა - გავმართე ევროპის გემოვნებაზე, მეორე ნახევარი ჩვენებურად - ქართულად, არა დავიშურე-რა, რომ სახლი ყოფილიყო, დიაღ მდიდრულად შემკული, ძლიერი ფული დავღუპე".

ამ მონოლოგში ორი რამ არის საყურადღებო: როგორ სახლს იწყობდა გასული საუკუნის შუა წლების მოქალაქე, და, რა უჯდებოდა მას ეს სიამოვნება.

დავიწყოთ პირველით: მაშინ, მეჯღანუაშვილის მსგავსად, ბევრს ჰქონდა შერეულად, ევროპულ-ქართულად მოწყობილი სახლ-კარი და, ეს იმ ტენდენციის გამოვლენაც იყო, მთლიანად რომ მოიცავდა მაშინდელ ყოფას და, ცხადია, არქიტექტურასაც შეეხო, რომელიც აერთიანებდა ახალს - უცხოურს და საკუთარს - ტრადიციულს ისე, რომ ორიგინალურობა არცერთს არ ეკარგებოდა. ამიტომა აქვს გასული საუკუნის თბილისს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება; სწორედ ამას გულისხმობდა 1847 წლის გაზეთი "ზაკავკაზსკი ვესტნიკი", როცა წერდა:

"თბილისი... ერთგვარი იანუსია, რომელიც ერთი სახით აზიისკენ არის მიმართული, მეორით ევროპისაკენ"-ო.

ევროპული და აზიური თბილისში შეხვდა ერთმანთს და შეერწყა კიდეც. ამისი პირობა ქართული ხასიათის ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რამაც დასავლური და აღმოსავლერი ერთმანეთს მექანიკურად კი არ დაუკავშირა, არამედ გააზრებულად, ქართულ ნიადანზე დამყნობით. ამიტომ არ არის ხელოვნური, თვალის მომჭრელი, გასული საუკუნის თბილისის ეკლექტური არქიტექტურა თავისი: "კლასიციზმით", "რენესანსით", "ბაროკოთი", "ამპირით", "გოთიკითა" და "მოდერნით", ორგანულად რომ შეერწყა ხის აივნებს. ამასთან დაკავშირებით, მეტად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე თავის "მოგონებებში":

"საარქივო მასალების გაცნობამ რამდენადმე შეცვალა ამ სახლების ქრონოლოგია, "თბილისური" სახლების ევოლუციის პერიოდები. გამოირკვა, რომ XIX საუკუნე ამ სახლებით კი არ იწყება, არამედ კლასიცისტური საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც სავალდებულო "უზენაესად დამტკიცებული" სანიმუშო ალბომების მიხედვით შენდებოდა; რომ "თბილისური" სახლები თანდათან შემუშავდა ოცდაათიან-ორმოციან წლებში, შემუშავდა ერთგვარი "ბრძოლის" შედეგად: თბილისმა, მისმა ტრადიციებმა, გემოვნებამ, მისმა პრაქტიკულმა, სასიცოცხლო მოთხოვნილებამ გარდუვალი გახადა ამ "წმინდა" კლასიცისტური ნიმუშების თბილისურად გარდაქმნა. პროექტი მხოლოდ სქემაში იძლეოდა, სინამდვილეში კი იმ მშვენიერ აივნებს, მათ "დაჭრელებულ" მოაჯირებს,თაღებს, შუშაბანდს - თბილისელი ოსტატები დამოუკიდებლად ქმნიდნენ".



Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი