განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე - ძველად, ახლა და სამომავლოდ
ბანერი

რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე - ძველად, ახლა და სამომავლოდ

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1228 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე - ძველად, ახლა და სამომავლოდ
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
გვერდი 7
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეოთხე)
Умом Россию не понять
Аршином общим не измерить
У ней особенная стать
Россию можно только верить.
ფეოდორ ტიუტჩევი.

ეპიგრაფად წამძღვარებული ლექსი რუსული ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია. ის ზუსტად გვარკვევს იმაში, თუ როგორია რუსის მიერ ამოცნობილი რუსეთი, რომელსაც, თურმე, გონებით ვერ ჩასწვდები, საერთო კრიტერიუმებით ვერ მიუდგები და მისი ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, ბრმად ვერწმუნოთ მას.

 

არ იფიქროთ, რაკი ტიუტჩევი პოეტია, საქმე გვაქვს ერთგვარ გადაჭარბებასთან. არა, ეს რუსი ინტელიგენტის ტიპიური შეხედულებაა, რადგან მსგავს მოსაზრებებს, სხვა ფორმით გამოვლენილს, ამ ლექსის შეთხზვამდე, და მერეც, ამოიკითხავთ უამრავ მხატვრული, პუბლიცისტური, მეცნიერული, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის შრომებში. რუსული ეთნოცენტრიზმი ჩემი კვლევის საგანი არ არის და მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც ის გავლენას ახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ეს ურთიერთობა უკვე თავისთავად არის პრობლემა, რომლის არსში გარკვევაც, საკითხის აქტუალობის გამო, მეტად მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, გასაოცარია, დღეს, ამ თემასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. თვალში საცემია რუსეთისადმი სასაყვედურო და საქებარ - ორივე შემთხვევაში რადიკალური ხასიათის მოსაზრებათა ფონზე, ამ ქვეყანასთან წარსული ურთიერთობის შეფასებაზე დაფუძნებული, დღეს საურთიერთობო კონცეპციების რამდენადმე წარმოუჩენელობა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აზრის გამოთქმის სურვილი ბევრს არა აქვს... არადა, ვფიქრობ, მეტად საინტერესოა იმისი ცოდნა, თუ რას ფიქრობენ ჩვენი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები რუსეთთან დაკავშირებით; როგორ აფასებენ ამ ქვეყანასთან წარსულ ურთიერთობას და რანაირად ესახებათ ნორმალური, მეზობლური ურთიერთობა სადღეისოდ; იციან თუ არა, რა მიზნები აქვს რუსეთს და რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ ორი სხვადასხვა ინტერესის მქონე ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობა და თანამშრომლობა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება, მით უფრო საშურია, რამდენადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ჯერ არ მიუღია ჩვენთვის სასურველი ხასიათი. ისე კი, კითხვას, თუ რას ვითხოვთ რუსეთისაგან, - პასუხი ყველა იმათთაგან უნდა გასცემოდა, ვინც ამ ქვეყანასთან განვლილი 800 წლის მანძილზე დაახლოებას ცდილობდა და ამ მიზნით, ჩრდილოეთის გზას ადგა. სამწუხაროდ, არც კითხვა დასმულა და არც პასუხი გაცემულა... იქნებ, ამიტომაც, გაუთვლელ-გაუაზრებელი რომ იყო, მიიღო კიდეც რუსეთთან ურთიერთობამ ესოდენ კურიოზული ხასიათი, რაც ყოველთვის იწვევდა საღად მოაზროვნე ქართველობის უარყოფით დამოკიდებულებას და სხვათა შორის, ერთხელ, ერთი რუსი ცენზორის აღშფოთებაც გამოიწვია...

ეს ამბავი მაშინ მოხდა როცა კომუნისტური რუსეთის კოლონია ვიყავით: "იდეოლოგიური მოთხოვნა" იყო, ისტორიული ფილმის გადაღებისას, სცენარში აუცილებლად უნდა შეეტანათ რუსეთთან ურთიერთობის თემა, განურჩევლად იმისა, რაიმე რეალური საფუძველი ჰქონდა თუ არა ამას... ასე მოხდა 1955 წელსაც, როცა აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკის" კინოვერსიას ქმნიდნენ, სცენარის პირველ ვარიანტში სრულიად უადგილოდ ჩართეს რუსეთში ელჩების გაგზავნის ეპიზოდები, რომელთა აზრობრივი მიზანდასახულება იყო ის, რომ რუსეთი უნდა წარმოჩენილიყო საქართველოს ერთადერთ იმედად. მაგრამ, ფილმის საერთო კონტექსტში ამ სცენამ სულ სხვა აზრობრივი დატვირთვა შეიძინა: გამოდიოდა, რომ საქართველოს სპარსელები რუსეთისაკენ სწრაფვის გამო არბევდნენ, რუსეთიდან კი, დახმარება არ ჩანდა. აქედან დასკვნა: რუსეთთან კავშირი საქართველოსათვის უბედურების მომტანი იყო... ის, რაც უნებლიედ თქვეს სცენარის ავტორებმა, ისტორიული ჭეშმარიტ ება იყო, მაგრამ სწორედ ამან აღაშფოთა სსრკ-ს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი რედაქტორი ვ. სკრიპიცინი, რომელსაც ეს სიმართლე არ მოეწონა და თავის სარეცენზიო დასკვნაში ამის გამო წერდა:

"ეპიზოდების გაუაზრებლად დამონტაჟების გამო, კრემლის სცენას უშუალოდ მოსდევს ყიზილბაშების თავდასხმა ქართულ სოფელზე (გვ. 21) - იქმნება შთაბეჭდილება, რომ თეიმურაზის ელჩობამ გაამძაფრა ირანელების რისხვა და ქართველ ხალხს ახალი ტანჯვა და უბედურება დაატეხა თავს". გაუაზრებელი მონტაჟი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ასეთი იყო ორი სახელმწიფოს ურთიერთობის რეალური შედეგი; ისევე, როგორც, რუსი მოხელის მიერ ჩვენი ისტორიის გაყალბების მცდელობაც, შედეგი იყო იმ დამღუპველი პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა მოჰყვა. ბუნებრივია, აღიძვრის კითხვა: ნუთუ იმისათვის მიისწრაფოდნენ ქართველები რუსეთისაკენ, რომ თავიანთი ქვეყანა დაეღუპათ? ცხადია - არა; მაგრამ, მათ ამოძრავებდათ არა შორს გამიზნული, გათვლილი და გააზრებული პოლიტიკა, არამედ რელიგიური სნობიზმი - ახალი ბიზანტიის ძიება და, ეს ყველაფერი "ერთმორწმუნეობის" ლოზუნგით კეთდებოდა...

რუსეთისაკენ გაუმართლებელი ლტოლვის მიზეზი, სახელმწიფო ცნობიერების რელიგიურით შეცვლა რომ იყო, ეს კარგად შეამჩნია ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რომელიც ამასთან დაკავშირებით წერდა: - "რატომ ამ ხანაში იწყება ასეთი მფარველის რუსეთში ძებნა? ამის მიზეზია განვითარება ფეოდალიზმის თანამგზავრის - კლერიკალიზმის; რელიგიური საკითხების წინა რიგებში წამოყენება და ქვეყნის ინტერესების სარწმუნოების თვალსაზრისით გაზომვა, მოსკოვი ხდება ქართველი სამღვდელოების მექა".

ამრიგად, საქართველოში, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, რელიგიური აღმოჩნდა. ამან გამოიწვია საგარეო პოლიტიკის ცალმხრივობა და სწორხაზოვნება, რაც გამოიხატა კიდეც რუსეთის კავკასიაში მოწვევით, მასთან ვასალური ურთიერთობის დამყარებით. ეს კი ნიშნავდა მესამე ძალის შემოყვანას რეგიონში, სადაც ოსმალეთი და სპარსეთი იყვნენ გაბატონებულნი, რასაც, ბუნებრივია, ამ ქვეყნების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და საქართველო დაპირისპირებული აღმოჩნდა მეზობლად მდებარე მუსლიმანურ ქვეყნებთან.

ასეთ შემთხვევაში ქართველთა ბრძოლა თავისუფლებისათვის, აღიქმებოდა უკვე რუსეთის ინტერესების განხორციელებად კავკასიაში. უბედურება კიდევ ისიც იყო, რომ რუსეთთან კავშირის ძიების პერიოდში, XV-XVII საუკუნეებში, საქართველო ფეოდალურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო. ის ერთიან ძალას არ წარმოადგენდა და რუსეთს, ხან კახეთის სამეფო უგზავნიდა ელჩებს, ხან ქართლი და ხანაც იმერეთი... საპირისპიროდ ამისა, რუსეთი ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, მაგრამ განვსხვავდებოდით არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემით, არამედ კულტურით, ტრადიციებით, მენტალიტეტით. ამას კი, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ვნახოთ, როგორ განიხილავს რუსეთის სახელმწიფოს და რუსულ ხასიათს ნიკოლოზ ბერდიაევი თავის "რუსეთის ბედში" და დავრწმუნდებით, რომ ჩვენი წინაპრები ცდებოდნენ, როცა ეგონათ, ერთმორწმუნეობა გახდებოდა რუსეთისათვის საქართველოს მფარველობის საფუძველი:

"რუსეთი ყველაზე სახელმწიფოებრივი და ყველაზე ბიუროკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში. რუსეთში ყველაფერი გარდაიქმნება პოლიტიკის იარაღად. რუსმა ხალხმა შექმნა მსოფლიოში უმძლავრესი სახელმწიფო, უდიდესი იმპერია. ივანე კალიტადან მოყოლებული, რუსეთი თანმიმდევრულად და ჯიუტად იზრდებოდა და ისეთ სიდიდეს მიაღწია, რომ მსოფლიოს ყველა ხალხის წარმოდგენას არყევდა. ძალა ხალხისა, რომელიც, არცთუ უსაფუძვლოდ, მიაჩნდათ, რომ ესწრაფვის შინაგან სულიერ ცხოვრებას, მთლიანად ეძლეოდა სახელმწიფოებრიობის კოლოსს, რომელიც ყველაფერს თავის იარაღად აქცევდა. უდიდესი სახელმწიფოს შექმნის, შენახვისა და დაცვის ინტერესებმა სავსებით განსაკუთრებული და უდიდესი ადგილი დაიჭირა რუსეთის ისტორიაში. რუს ხალხს აღარ რჩებოდა ძალა თავისუფალი შემოქმედებითი განვითარებისათვის, მთელი სისხლი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დაცვას ხმარდებოდა".

როცა სახელმწიფოს აღმშენებლობის ასეთი ტრადიცია აქვს, ერს კი, მოვალეობის ამდაგვარი გრძნობა თავისი ქვეყნის წინაშე, წარმოუდგენელია, იქ განხორციელებულიყო გაჭირვებაში ჩავარდნილი ერთმორწმუნე ხალხისათვის უანგარო დახმარების სენტიმენტალური პოლიტიკა. ეს რუსეთის ინტერესებისათვის საზიანო იქნებოდა, ან, თუნდაც, არამომგებიანი. ამ შემთხვევაში ანალოგიად არ გამოდგება სამხრეთ სლავების, სერბების, ბულგარელების, ჩერნოგორიელების, არც არასლავური რუმინეთისა და ბერძნების ისტორია, რომელთაც გვარიანად ისარგებლეს რუსეთ-თურქეთის ომების შედეგებით და რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

ბალკანეთში, რუსებს სხვა ინტერესები ამოძრავებდათ: ისინი ცდილობდნენ რა კონსტანტინეპოლის დაპყრობას, - ბალკანეთზე გზად გადიოდნენ. ამიტომ, ან უნდა წაერთმიათ ეს ქვეყნები თურქეთისათვის ან მხარი დაეჭირათ მათი დამოუკიდებლობისათვის, რათა მოკავშირე სახელმწიფოები პლაცდარმად ექციათ და მათი მეშვეობით დაახლოვებოდნენ სანუკვარ მიზანს - ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს. რუსეთის მიერ ბალკანეთის დაპყრობა არ დაუშვა ავსტრიის იმპერიამ, ამიტომ, დარჩა მეორე გზა, და ბალკანეთის ქვეყნებისათვის რუსეთი კარგ მოკავშირედ იქცა.

სხვა სიტუაცია იყო კავკასიაში, აქ არც გამაწონასწორებელი ძალა არსებობდა ავსტრიის მაგვარი, არც ბუფერულ სახელმწიფოთა შექმნის აუცილებლობა - კავკასია ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებად და მუსლიმანურ სახანოებად დაქუცმაცებული რეგიონი იყო, რომელიც, სულ უფრო ექცეოდა მზარდი ოსმალეთისა და სპარსეთის გავლენის ქვეშ.



Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი