| სტატიის ინდექსი |
|---|
| СНГ და ხვალეო |
| გვერდი 2 |
| გვერდი 3 |
| ყველა გვერდი |
"ნუ მელაპარაკებით "ბედზე". პოლიტიკა, აი, რა არის ბედი" ნაპოლეონი
ხელისუფლების გადაწყვეტილებას СНГ-ში შესვლის თაობაზე არაერთგვაროვნად შეხვდა რესპუბლიკის მოსახლეობა და ამას თავისი საფუძველი აქვს: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები, ამ ფაქტს თავიანთ პოლიტიკურ მარცხად აღიქვამენ. ვფიქრობ, სამართლიანადაც. ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი აპათიამ მოიცვა, რადგან ახალი აბრივიატურის მიღმა СССР-ის ავბედით აჩრდილს ხედავენ და ამან დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს არსებობის იდეა, - მათთვის ესეოდენ სანუკვარი, - შარშანდელი თოვლივით გაუქრო. აქედან წარმოიქმნება ტრაგიკული უიმედობა, რაც ყველაზე საშინელი რამ არის ერისათვის, რადგან ბრძოლისუნარიანობას უქვეითებს და რაიმეს კეთების სურვილს უკარგავს.
მეორე ნაწილი (ის არაერთგვაროვანია) - ეიფორიამ მოიცვა: უპირველესად, "პრაგმატიკოსები". მათ იმედი აქვთ, რომ СНГ-ში შესვლის შემდეგ, "დემოკრატიული" რუსეთის მხარდაჭერით, შეწყდება სამამულო და სამოქალაქო ომები, მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, დაჩქარდება დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა - აღმშენებლობის პროცესი, მოვღონიერდებით და ძლიერ ქვეყნად ვიქცევით. შემდეგ: მოსახლეობის ის ფენები, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირით და ომებით, წელშია გაწყვეტილი, ჩვენებურ "ბიზნესმენთა" მიერ გატყავებული სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის მიერ გაძარცულია, ყველა საწუხარის მოცილებას მოელის. ამას ემატება არაქართული მოსახლეობის ერთი ნაწილის შვებით აღსავსე რეაქციაც: მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მრავალგზის მტკიცებისა და სათანადო საკანონმდებლო აქტების მიღებისა, რომლებიც ირწმუნებიან, საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ადამიანის ყველა უფლება იქნება დაცული და, რა თქმა უნდა, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისაცაო.
მიუხედავად ქართული ტოლერანტობის მოშველიებისა, ბევრი შიშობდა, რომ მისი ბედი არც თუ სახარბიელოდ წარიმართებოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში
დღეს ეს შიში დაუფარავ სიხარულში გადაიზარდა, რადგან СНГ მათთვის იმ გარანტიების მიმნიჭებლად აღიქმება, რასაც თავის დროზე СССР აღუთქვამდა. მოკლედ რომ ვთქვა, სიტუაცია ასეთია: ერთნი თავიანთ ბედს დასტირიან, მეორენი ეიფორიას მისცემიან. ჩემი აზრით, არც პირველებს აქვთ სატირლად საქმე, არც მეორეთ – სასიხარულოდ. და აი, რატომ: დავიწყოთ მეორეებით: გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი, რომ СНГ-ში ჩვენ რეაქციულმა რუსეთმა შეგვაბრძანა. სიმბოლურია, რომ იქ მას მერე აღმოვჩნდით, რაც რუსეთის რეაქციონერთა ბელადებმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგეს და "ვირის აბანოში" ამოჰყვეს თავი. ჩვენ კი, "დემოკრატებმა" ჩაგვიგდეს ხელში. ეს ცხადყოფს, რომ რუს პოლიტიკოსებს ერთიანი პოლიტიკა აქვთ გარესამყაროს მიმართ - თავისი არსით ნეოიმპერიალისტური და მისი განხორციელებისას ვინ რადიკალური იქნება და ვინ კიდევ შენიღბავს თავის პოზიციას, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
ზემოხსენებული ცნებები (დემოკრატი, რეაქციონერი), არარუს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთათვის წმინდად პროპაგანდისტული ხასიათისაა, რომლის მეშვეობითაც სურთ, "წაახალისონ" რუსეთი, რომ სხვა ქვეყნებთან და, უპირველეს ყოვლისა, ყოფილ კოლონიებთან ურთიერთობისას, ცივილიზებულ ფორმებს მიმართოს. საქართველოსთან მიმართებაში ეს არ მოხერხდა. ამიტომ, ის ნეოიმპერიალისტური ძალა, რომელმაც ჯერ პოლიტიკური კონფლიქტები გაგვიჩაღა, მერე, შეძლო და, ამ კონფლიქტებში კისერი მოგვატეხინა. ეკონომიკური ბლოკადით მოგვახრჩო და, მერე, СНГ-შიც შეგვაცუნცულა. ეს ძალა, ცხადია, საქართველოს აღორძინება-მოღონიერებას ხელს არ შეუწყობს. ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა შეუძლია, მაგრამ ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელებაც ძალუძს. არა მგონია, თავის მიერვე პროვოცირებული კონფლიქტები მოაგვაროს და თანაც ისე, ჩვენ როგორც გვინდა. პირიქით, არ არის გამორიცხული სეპარატისტული ტენდენციების კიდევ უფრო სტიმულირება. არც სურსათ-სანოვაგის თოვლი მოთოვს ამ ზამთარს საქართველოში.
რაც შეეხება არაქართული მოსახლეობის ნაწილის სიხარულს, ის უსაფუძვლოა: რადგან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ეროვნულმა თვითშეგნებამ იმდენად გაიღვიძა ქართველებში, რომ ახლა არც თავისუფლებისა და არც დამოუკიდებელი სახელმწფოს იდეას აღარ დავთმობთ. ამიტომ СНГ-СССР-ის გარანტიების მომცემი ვერ იქნება. ერთადერთი ნამდვილი გარანტია არის ის, რომ არაქართული მოსახლეობის ამ ნაწილმა გააცნობიეროს: ადამიანისა და მოქალაქის ყოველგვარი უფლების დაცვის პირობა, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის შენებაშიც მან უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. და ცხადია, არა მხოლოდ ამათ… ამიტომ, ცდებიან პირველები ე.ი. ქართული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აპათიამ მოიცვა. ახლა უიმედობის დრო არ არის. თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაც არის საჭირო და შრომაც. ამასთან, თავაუღებელი, - განურჩევლად იმისა СНГ-ში ვიქნებით, თუ არა. ამას სერიოზული გააზრება სჭირდება.
დღეს ბევრისაგან გაიგონებთ, ეს ყოფილა ჩვენი ბედიო. არ არის მართალი. პოლიტიკაა ჩვენი ბედი... ხოლო ის, თუ რამდენად სწორია ეს პოლიტიკა, ამის გარკვევას დიდი დრო არ სჭირდება. უახლოეს ხანებში გაცხადდება ამ ნაბიჯის ვარგისიანობა. ასე რომ СНГ და ხვალეო..."
ქართველი ხალხის წადილი, - დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა, რუსეთში, ჩანს, ბევრს არ მოსწონს. თუ როგორ უყურებენ რუსეთში ჩვენს დამოუკიდებლობას, ეს კარგად გამოჩნდა 1997 წლის 26 მარტს "ნეზავისიმაია გაზეტა"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: "დსთ: ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული?", რომელსაც, სხვათა შორის, ხელს არავინ აწერს.
აი, რა წერია ამ ანონიმურ წერილში, საქართველოსა და კავკასიის შესახებ, სადაც რუსეთის სავარაუდო ქმედების ვარიანტებია გარჩეული:
"მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში რუსეთს მოუხდება უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი ანტირუსულად განწყობილი ძალების დასუსტებას აზერბაიჯანსა და საქართველოში, ამავდროულად დემონსტრაციულად გააძლიეროს თავისი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები სომხეთში, მანამ, სანამ დასავლეთი და ამ რესპუბლიკის მეზობელი ქვეყნები იპოვნიდნენ საშუალებას, დასავლეთის მხარეს გადაიბირონ ერევანი (<...>) საჭიროა, დაუყოვნებლივ მოეხსნას ბლოკადა აფხაზეთს (ეს მნიშვნელოვანია შიდაპოლიტიკური მიზნითაც: უნდა მოიძებნოს სტიმული საიმისოდ, რომ არ დავუშვათ რუსული ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება პროჩეჩნურ საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა უკვე მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ჩეჩნეთის ერთადერთი მოსაზღვრეა. აფხაზეთის ბლოკადის მოხსნა, შემდეგ კი, მისი ეკონომიკური აღორძინების ღონისძიებანი, საშუალებას მოგვცემს მთელი არავაინახური ჩრდილოეთ კავკასია გავაერთიანოთ რუსეთის პოლიტიკური მიზნების ირგვლივ საქართველოს ხარჯზე), ხელი შევუწყოთ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთს შორის კავშირის განმტკიცებას, წავაქეზოთ სეპარატისტული ტენდენციები აჭარაში. ამას გარდა, შეიძლება ვაგრძნობინოთ ერევანს, რომ საქართველოსმხრიდან ანტირუსული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, სომხეთმა შეიძლება დე-ფაქტო მიიერთოს რეგიონი, რომელსაც სომხურად ჯავახკ, ქართულად კი, ჯავახეთი ეწოდება - მომავალში გაიყვანოს დერეფანი, რომელიც უზრუნველჰყოფს სომხეთის კომუნიკაციების პირდაპირ დაკავშირებას რუსეთთან. საქართველოს ასეთი სერიოზული დესტაბილიზაციის მუქარა, რომელსაც გაამაგრებს რუსეთის მტკიცე გადაწყვეტილებათა დემონსტრაცია - არ გადაუხვიოს ამ გზიდან, - გახდებოდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გამომაფხიზლებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი".
















