განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი საქართველო, ევროპა და ამერიკა
ბანერი

საქართველო, ევროპა და ამერიკა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1754 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
საქართველო, ევროპა და ამერიკა
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეექვსე)
"შუაღამისას წამოვედით, მას შემდეგ, რაც დიდის მოწიწებით გამოვეთხოვეთ მთავარს. გამომშვიდბებისას მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებს და მეც ამ მდიდრული სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო. არ ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენთვის თავი მოეწონებინა, თუ პრეფექტის პატივსაცემად, რომელიც მისი კათოლიკური უბრწყინვალესობის ქვეშევრდომი იყო. 17-ში დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა".
ჟან შარდენი
ის, რაც ქართლის მეფემ ვახტანგ V-მ იგულისხმა, ანუ ქართველთა და ესპანელთა ნათესაობის თეორია, ისტორიოგრაფიაში ძველმა ბერძნებმა დაამკვიდრეს და მათვე სცადეს მრავალგვარად აეხსნათ ეს ფაქტი, რაც კარგად ჩანს აპიანეს "მითრიდატეს ომების ისტორიაში" გამოთქმული მოსაზრებით: "იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრებად, ზოგი (ამათ) მოახალშენეებად, სხვები კი, მხოლოდ თანამოსახელეებად, რადგან არც ზნე აქვთ არაფრით მსგავსი და არც ენა"-ო.

თუ ანტიკურ სამყაროში ამ პრობლემის გამო აზრთა სხვადასხვაობა იყო, დღეს ნამდვილად ვიცით, რომ ბევრი რამ გვაკავშირებს პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ბასკებთან, მაგრამ მთავარი, ამ შემთხვევაში, სხვა რამ არის, კერძოდ, ის, რომ ქართველები მუდამ უცხო და აგრესიულად განწყობილი მეზობლების გარემოცვაში ვიყავით, თანამგრძნობისა და თანამდგომის პოვნა ნატვრად გვქონდა გადაქცეული. ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა ის მოსაზრება, 1915 წელს თავის "მელანქოლიურ შენიშვნებში" რომ გამოთქვა გერონტი ქიქოძემ და რომელიც, აშკარაა, ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის სამი ათას ხუთასი წლის მანძილზე მრავალი ქართველის ნაფიქრალს ემთხვეოდა და ეთანხმებოდა:

"ჩვენ, ქართველებს, ნათესავები არა გვყავს დედამიწის ზურგზე, ეს ძალიან უცნაური მოვლენაა. ყოველი ხალხი რომელიმე ოჯახს, რომელიმე რასას ეკუთვნის. ყველას ჰყავს ან ძმა, ან ბიძაშვილი ან შორეული მოკეთე. ინდოელები, სპარსელები, ქურთები, ევროპელები შორიახლობელი ნათესავები არიან. გერმანელები, ინგლისელები, ჰოლანდიელები, სკანდინავიელები, ერთ ვიწრო ოჯახს შეადგენენ. მეორე ასეთი ოჯახი რომანელებია, მესამე სლავიანები.

ჩვენ რომელ რასას ვეკუთვნით? ეს არავინ იცის. ჩვენ არა ვართ ეთიოპები, უეჭველია, მაგრამ თეთრი კანის მიუხედავად არც ინდოევროპელები ვართ, არც სემიტები. უდედმამოდ გაჩენილ, ციდან ჩამოვარდნილ არსებებს ვგავართ".

როცა ამას გააცნობიერებ, უდაოდ დაუწყებ ძებნას შორეულ ნათესავს, იქ, სადღაც, ევროპის ბოლოს...

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ატლანტიის ოკეანიდან კავკასიამდე ერთ დროს მოსახლე ხალხის შთამომავლები ვართ… ბასკები და ჩვენ... თუ ეს ასეა, მაშინ ძირძველი ევროპელები ვყოფილვართ... მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ფაქტია, ევროპასთან ქართველთა ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ არგონავტების ლაშქრობით, რომლის შედეგებს ბერძნულ, შემდეგ კი, მათი მეშვეობით, მთელს დანარჩენ მსოფლიოში დიდი გამოძახილი ჰქონდა...

"ერთხმადაა აღიარებული, რომ ძველ ბერძნულ საგმირო ეპოსში, არგონავტების კოლხეთში ლაშქრობა, ტროას ომის შემდგომ ყველაზე უფრო სახელგანთქმული ამბავია. მითი არგონავტების შესახებ ძალზე პოპულარული იყო მთელი ანტიკური პერიოდის განმავლობაში და მის მერმეც (არას ვიტყვი ამ მითის პოპულარობაზე რენესანსისა და შემდგომი ხანის ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში), მაგრამ სწორედ ბერძენთა შორის ამ მითის აგრე არაჩვეულებრივი პოპულარობაა თითქოს რამდენადმე უცნაური: ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ბერძნული მითები, როგორც წესი, მოგვითხრობენ ძველ ელინთა არაჩვეულებრივ საგმირო საქმეებზე - ძლევამოსილი ლაშქრობები, უცხო ქვეყნების დაპყრობა-დამორჩილება, მდიდარი ნადავლის მოხვეჭა, ქალაქების დაარსება და სხვა მისთანანი, საქვეყნოდ რომ განადიდებდა ბერძენთა გმირობას და ვაჟკაცობას! მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით ჩვენთვის ახლა საინტერესო მითის შინაარსს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ კოლხეთში არგონავტებს მაინცდამაინც საარაკო გმირობა არაფერი ჩაუდენიათ. მითის მიხედვით ხომ კარგად ჩანს, რომ კოლხთა მეფის ასული მედეა რომ არა, არგონავტები და მათი წინამძღოლი იასონი ვერც აიეტის პირობას შეასრულებდნენ, ვერც ოქროს საწმისს მოიტაცებდნენ და ვერც სამშობლოში დაბრუნდებოდნენ მშვიდობიანად" (იხ. ო. ლორთქიფანიძე "არგონავტები და ძველი კოლხეთი", გვ. 37-38).

კოლხეთში ბერძნებს განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ჩაუდენიათ, სამაგიეროდ, მათთვის გასაკვირი - საკმაოდ ნახეს: ჯერ ერთი, დიდი, ძლიერი სახელმწიფო. აკი, წერს, ამის თაობაზე აპოლონიოს როდოსელი თავის "არგონავტიკაში": არავინაა კოლხთა მეფე აიეტზე უმძლავრესი, თუმც შორსაა ჩვენგან, მაგრამ თუ მოისურვა, თვით ელადაზეც კი წამოვა სალაშქროდ". კოლხთა ძლიერება მათ სიმდიდრეს ეფუძნებოდა და ბერძენთათვის ამ თვალსაზრისითაც ცთუნების საგანს წარმოადგენდა. სტრაბონი წერდა:

"ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით, იყო მიზეზი, რისთვისაც მოეწყო ლაშქრობა". არგონავტთა ექსპედიციის მიზანს სხვა ბერძენი ავტორი ასე განმარტავს:

"კოლხეთში დაცული ტყავი ნამდვილი ოქროს საწმისი კი არ იყო, ეს პოეტური მონაჭორია! არამედ ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის მეშვეობით". და ბოლოს, "ოქრომრავალი კოლხების" ქვეყანაში ბერძნებს არანაირი შანსი რომ არ ჰქონდათ, ციხე შიგნიდან, მედეას ახირებულმა სიყვარულმა გატეხა და მათ წარმატება მოუტანა. თავად მეფის ასულის მოტაცებაც მისივე სურვილით მოხდა...

მუდამ აქტიური, ქმედითი ბერძნები ამ შორეულ ძლიერსა და მდიდარ ქვეყანაში, იძულებით პასიურნი და სხვათა ვნებათა ღელვაზე დამოკიდებულნი რომ აღმოჩნდნენ, იყო იმ წარუშლელი შთაბეჭდილების მიზეზი, რომელიც ასე აოცებს ყველას...

ბერძნებმა ბევრი სხვა რამეც ნახეს და შეითვისეს. ქართული მითოლოგია გარკვეულწილად მასაზრდოებელი იყო ბერძნულისა, იმიტომ, რომ, აშკარაა, საქართველო მხოლოდ სამოქმედო არე არ არის ბერძნულ მითოლოგიურ გმირთა და რომ სავარაუდოა, მათი ადგილობრივი, ქართული წარმოშობა.

ეს, უპირველეს ყოვლისა, მითოლოგიის გვირგვინს, ამირან-პრომეთეს ამბავს შეეხება. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც აპიანე წერს პომპეუსის კოლხეთში ლაშქრობასთან დაკავშირებით:

"[ამის შემდეგ] მან მოიარა კოლხები არგონავტთა, დიოსკურებისა და ჰერაკლეს აქ ყოფნის ამბების შესატყობად და განსაკუთრებით კი უნდოდა ენახა ტანჯვის [ადგილები], რადგან ამბობდნენ, პრომეთევსი კავკასიონის მთაზე იყო..."

ასე დიდი გახლდათ ინტერესი იმ ქვეყნისადმი, რომლის კულტურა, სიმდიდრე, ძლიერება, ლამაზი და შრომისმოყვარე მოსახლეობა, ვნებიანი ქალები და "შმაგი მეომარი" მამაკაცები, თავიანთი ღმერთებით, კანონებით, ცხოვრების წესით, - იმ დღიდან რა დღესაც არგო მიადგა კოლხეთის ნაპირს, - ანდამატივით იზიდავდნენ ევროპელებს. აქ ერთი კანონზომიერება იჩენს თავს: ევროპელთა ყურადღებას მაშინ ვიქცევდით, როცა ორგანიზებულობას და ძლიერებას ვავლენდით, პიროვნული და ეროვნული ღირსების გრძნობას. ასეთებად აგვსახა ქსენოფონტემ "ანაბაზისში". მზარდი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის მქონე ფარნავაზის დროის, იბერიის მოკავშირე ხდება სელევკიდების ელინისტური სახელმწიფო, "ასურისტანის მეფე ანტიოქოსი", როგორც ქართლის ცხოვრებაში წერია.

როცა იბერია რომაელთა ექსპანსიის ობიექტად იქცა და პომპეუსმა დალაშქრა ეს ქვეყანა, ჩვენმა წინაპრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობლებს. მათ გამოიყენეს იბერიის გეოპოლიტიკური მდებარეობა: კავკასიონის გადმოსასვლელების კონტროლის მნიშვნელობა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. არტაგ მეფე რომაელთა მიერ ცნობილ იქნა "რომის მოკავშირედ და მეგობრად". ფარსმან I-ის დროს, იბერია ძლიერდება და კავკასიაში რომისა და პართიის დაპირისპირებისას იმ ძალად იქცა, რომლის მხარდაჭერა ერთ რომელიმე მხარეს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა. სწორედ ეს სიძლიერე ხდება რომაელთა ყურადღების მიზეზი, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ჩვენი წელთაღრიცხვის 75 წელს არმაზის ციხის გალავნის გამაგრება, რომის იმპერიის ხელისუფლების დახმარებით. ამის თაობაზე ცნობას გვაწვდის სათანადო ბერძნული წარწერა: "იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტოსმა, დიდმა პონტიფიქმა, შვიდჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ იმპერატორად გამოცხადებულმა, ექვსჯერ კონსულმა, მეშვიდეჯერ დეზიგნირებულმა, მამამ მამულისამ, ცენზორმა", "და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ავგუსტეს ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ კონსულმა, მეხუთეჯერ დეზიგნირებულმა, ცენზორმა", "და დომიციანე კეისარმა, ავგუსტოსის ძემ, სამჯერ კონსულმა, მეოთხეჯერ დეზიგნირებულმა იბერთა მეფე მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასას ძეს, კეისრის მეგობარს და რომაელთ მოყვარულს და ხალხს ეს კედლები განუმტკიცეს".

იბერია კიდევ უფრო გაძლიერდა II საუკუნის დასაწყისში ფარსმან II-ის მეფობის დროს. იმდროინდელი ქართული სახელმწიფო, აშკარად, მესამე ძალა იყო კავკასიაში. შესაბამისად, იზრდებოდა რომის ინტერესი ჩვენდამი. ამის თაობაზე ელიუს სპარტიანუსი ასეთ ცნობას გვაწვდის: "იმპერატორი ადრიანე დიდი წყალობის თვალით უყურებდა ბევრ მეფეს; ბევრისაგან ზავს ყიდულობდა, მშვიდობიან ურთიერთობას საჩუქრებით აღწევდა... ყველაზე მეტ საჩუქარს იბერიის მეფეს უგზავნიდა, რომელსაც შესანიშნავი საჩუქრების გარდა, გაუგზავნა სპილო და ორმოცდაათ კაციანი კოჰორტა..." ეს უაღრესად საინტერესო ფაქტია: ისედაც ძლიერი იბერია, რომის იმპერიისაგან სამხედრო დახმარებას იღებს. შემდეგ, როცა დასუსტებული ჩვენი ქვეყანა შველას სთხოვს ევროპას, ეს შედეგს ვერ გამოიღებს და ამაში გამოჩნდა ევროპელთა რაციონალური აზროვნება, მოკავშირედ მოაზრება, მისი, ვინც ქმედუნარიანია, მიღებულ დახმარებას შედეგიანად მოიხმარს,ხოლო იგნორირება მათი, ვინც ამას ვერ ახერხებს და ხელით სათრევია... ამიტომ, ვინც ვერ შეძლებს ევროპელთა მენტალიტეტის არსში გარკვევას, ის ვერასოდეს იქონიებს მათთან თანაბარ დონეზე ურთიერთობას...

ბერძნულ-რომაული სამყაროს მემკვიდრეები იყვნენ დასავლეთ ევროპა და ბიზანტიის იმპერია. ამ უკანასკნელთან ურთიერთობა, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა იყო პოლიტიკური და რელიგიური თავისთავადობისათვის, რომლის დროსაც, მიუხედავად კონფესიური ერთიანობისა, ბიზანტია ხან ჩვენი სახელმწიფოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ზღუდავდა, ხანაც ტერიტორიებს გვართმევდა (მაგალითად, ტაო და მისთვის წარმოებული ბრძოლები).

მხოლოდ ერთხელ მოხდა, რაღაც რომ დაგვითმო ბიზანტიამ: XI საუკუნის 70-იან წლებში, ქართული წარმოშობის ბიზანტიელმა მოხელემ, გრიგოლ ბაკურიანისძემ, ტაო, კარი, ზოგიერთი სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქები ქართველებს გადასცა, მაგრამ, ცხადია, არა ალტრუისტული მისწრაფებების, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრების გამო, რომლის მიზანი იყო ამ ტერიტორიებისა და სიმაგრეებისათვის ქართველები შებრძოლებოდნენ თურქებს... შებრძოლება მართლაც მოხდა, ასე რომ, პრაგმატიზმი ბიზანტიელებსაც გვარიანი ჰქონდათ... მხოლოდ XII საუკუნის დამდეგს, დავით IV აღმაშენებელმა შეძლო ბიზანტიასთან არსებული ვასალური დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა. ამავე პერიოდში იწყება მეტად საინტერესო ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან. ეს იყო ჯვაროსნული ომების ეპოქის დასაწყისი და მაცხოვრის საფლავის დასახსნელად დაძრულმა ევროპელებმა, თურქ-სელჯუკებთან მეომარი ქართველები ბუნებრივ მოკავშირეებად აღიქვეს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, თუ როგორ დაანახვეს ქართველებმა თავი და რა მიიჩნიეს ჩვენს ხასიათსა და ყოფაში მნიშვნელოვნად ევროპელებმა. ეს კარგად ჩანს, გერმანელი ისტორიკოსის, ანა დოროთე ფონ დენ ბრინკენის მიერ წიგნში "აღმოსავლეთის ქრისტიანი ხალხები ლათინური ისტორიოგრაფიის გაგებით XII ს. შუა წლებიდან XIV ს. მეორე ნახევრის ჩათვლით" - გამოთქმულ მოსაზრებაში: "ერთმანეთს რომ შევუდაროთ ლათინთა მიერ ბერძნებისა და ქართველების შეფასება, განსხვავება გასაოცარია. დასავლეთისათვის ორივენი ქალკედონიტი ერეტიკოსები არიან, მაგრამ ყოველი ლათინი კარგად აფასებს ქართველებს, უკვე ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროიდან გამოჩნდნენ ისინი ღვთისმოსაობის იდეალად... სრულიად აშკარად ქართველები შეესაბამებიან ქრისტიანულ რაინდულ იდეალს. ისინი არიან მებრძოლნი, მამაცნი და შეურიგებელნი მაჰმადიანთა მიმართ. მათ ჰქონდათ იგივე საბრძოლო მორალი, როგორც დასავლეთს და წმ. გიორგი, როგორც პატრონი დასავლეთსაც გამოადგებოდა დამხმარედ. ახლობელი საზოგადოებრივი სტრუქტურა ლათინებს კარგად განაწყობდა. ისინი ოცნებობდნენ იდეალურ მოკავშირეზე, ძმაზე, რომლის ბატონობა გოგსა და მაგოგზე აღწევდა"...


Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი