განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი კულტურა და პოლიტიკა (წერილი პირველი)
ბანერი

კულტურა და პოლიტიკა (წერილი პირველი)

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1300 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
კულტურა და პოლიტიკა (წერილი პირველი)
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეშვიდე)

"გზათა უკან წანწალი"
"არასაკმარისია ნებისყოფა, იმიტომ,
რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა,
რადგან არასაკმარისია კულტურა".
ფრანჩესკო დე სანკტისი

"პოლიტიკაში მთავარი - ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების მისწრაფებაა,
მაშასადამე, აქ გონებაზე ზემოქმედების საჭიროებაა, იძულებით ან მოტყუებით...
პოლიტიკოსი, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იძულებულია,
მიმართოს ფალსიფიკაციას".
პოლ ვალერი

 

საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა წარიმართოს ის... და, ეს, უპირველეს ყოვლისა, კულტურის დეფიციტის გამოა... იმავე მიზეზის შედეგია, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში სიცრუე, ძირითად საშუალებადაა ქცეული... ამიტომ, გასაკვირი არ არის რაც ხდება: შარშან, 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, სინათლის ზღვაში ცურავდა უშუქობით განაწამები მოსახლეობა, მაგრამ, როგორც კი საჭირო ხმები მიიღეს, და პარლამენტში მოკალათდნენ "ჩვენი ქვეყნის რაინდები", წყვდიადმა მოიცვა ქვეყანა. ამითი გვამცნეს - პატივს არ გცემთ, მოგატყუეთ, თქვენგან რაც გვინდოდა მივიღეთ, ახლა თავში ქვა გიხლიათო... ზოგან თითო თვის პენსია და ხელფასი გასცეს მრავალი თვის გაუცემლის მაგივრად - ესეც სატყუარა იყო, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა საშუალებებით ამომრჩევლის მოსყიდვაზე, - რაშიც მოქიშპე პარტიები გაუთავებლად ბრალს სდებენ ერთმანეთს. ამას უნდა მივუმატოთ დაპირებები, რომლებიც იცი, რომ არ შესრულდება, შენი მდგომარეობა არ შეიცვლება, დუხჭირ ცხოვრებას თავს ვერ დააღწევ... ისიც იცი: კორუფციასთან ბრძოლა უშედეგო იქნება, რადგან მისი წარმომშობი გახლავთ არა ცალკეული ადამიანები, არამედ საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, მისთვის დამახასიათებელი საკადრო პოლიტიკით და, სანამ ის იარსებებს, იქნება კორუფციაც... ბუნებრივია, გებადება კითხვა, რა ზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება საზოგადოება, რომელიც ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს? ვფიქრობ, პასუხს ეს მაგალითიც იძლევა: შარშან, სატელევიზიო პროგრამამ "ილუზიონი", უჩვენა 30-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი შედევრი, რეჟისორ მაიკლ კერტიცის ფილმი "სახედასვრილი ანგელოზები", რომელიც ამერიკული კინოს ყველა ტრადიციული ხერხის გამოყენებით ამსხვრევდა ქურდული ავტორიტეტის ძალას და დამეთანხმებით, უკვე ამიტომ, ის უაღრესად აქტუალურია ჩვენთვის... განსაკუთრებულ ინტერესს ფინალური ნაწილი იწვევს: ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნის ბიჭების იდეალად ქცეულ განგსტერს ელექტროსკამზე სიკვდილს მიუსჯიან, მაგრამ ამ უშიშარ ადამიანს სიცოცხლე არად უღირს, ხუმრობასაც იგონებს, დასჯის მოწმენი რომ გაამხიარულოს... აი, ამ კაცთან მიდის მისი ბავშვობის მეგობარი, ახლა მღვდელი, და სთხოვს: იმისათვის, რომ ის არ მოკვდეს გმირად, - რამაც შეიძლება მრავალი ახალგაზრდა სწორ გზას ააცდინოს - გაითამაშოს სიკვდილის შიში და რაც შეიძლება საზიზღრად მოკვდეს... ჯეიმს კენგის გმირი ამ ამოცანას ბრწყინვალედ ასრულებს, ხოლო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი შეხედულებების მქონე ყმაწვილების თვალში, ის კარგავს დიდების შარავანდედს და იმსხვრევა განგსტერი გმირის იდეალი... ფილმი ნანახი მქონდა და დიდი ინტერესით მოველოდი ფინალს. მოულოდნელად, სურათის დემონსტრირება შეწყდა და დაიწყო გადაცემა "ტერმინალი-72", რომელიც ვინმე ყზოს მუსიკალურ შემოქმედებას ეძღვნებოდა. მთელი ნახევარი საათი იმას ვუყურე რასაც ჟარგონის ენაზე, "ღადაობა" ჰქვია... როცა ყზომ თავისი რეპერტუარი ამოწურა, - რასაც მე საინტერესოს და ნიჭიერად შესრულებულს ვერ ვუწოდებ, - ფილმის ჩვენება გააგრძელეს, მაგრამ პაუზამ თავისი ჰქმნა და ემოციური ზემოქმედება ისეთი ეფექტური არ ყოფილა, ამ ეპიზოდის ნორმალური ჩვენების დროს რომ არის ხოლმე. უაზროდ დაგეგმილ ტელეგადაცემებს ის აუცილებელი შეეწირა, ასე რომ გვჭირდება... აშკარაა, ბევრისათვის უცნობია, თუ რა არის კარგი და რა არა. არც ის იციან, თუ როდის რისი ჩვენება შეიძლება...

ამრიგად, საქმე გვაქვს ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების ერთიანი სისტემის, ანუ ეროვნული იდეის არქონის კიდევ ერთ, სამწუხარო შედეგთან. ამასთან, ჩვენ თავს არ ვიკლავთ ამ იდეის გასააზრებლად და დამოკიდებულებაც ისეთია, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება, ამბობს, ასეთი რამ არ გვინდაო... არც ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილი და ლამბაქით მორთმეული ფასეულობების შეთვისების უნარს ვამჟღავნებთ, თავად განსაჯეთ, თუ ზემოხსენებული ფილმი ყზოს "ღადაობის" გარეშე ვერ გვიჩვენებია და, ამის გამო, ნაწარმოების აზრობრივ შინაარსს სრულად ვერ ვაცნობიერებთ... ესეც ჩვენი დაბალი კულტურის ბრალია. არადა, ზემოხსენებული ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები, ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი, სახელმწიფოს მართვის აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამის თაობაზე მეტად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ანტონიო გრამშის თავის "ციხის რვეულებში":

"სახელმწიფო" - ეს უპირველეს ყოვლისა ფართე ნაციონალური მასების შეგნებული ხელმძღვანელობაა; ამიტომ, აუცილებელია იდეოლოგიური და სენტიმენტალური "კონტაქტი", ამდაგვარ მასებთან და გარკვეული ზომით მათდამი სიმპატია, მათი მოთხოვნილებების და გაჭირვების გაგება."

ანუ, აუცილებელია ზრუნვის გამოვლენა მოქალაქეთა მიმართ და საჭიროა საერთო ღირებულებების არსებობა,- როგორც ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველისა. როცა მმართველი რეჟიმი ამას ცდილობს, მაშინ ის ახერხებს კრიზისული სიტუაციების რეგულირებას, რომლის წინაშეც სახელმწიფო აღმოჩნდება ხოლმე და, ამაში, საკუთარ ქვეშევრდომთა მიმართ პატივისცემა თუ არა, ანგარიშის გაწევა მაინც იკითხება...

პლუტარქე, "რჩეულ ბიოგრაფიებში" წერდა: "ტრიუმფის გადახდის შემდეგ, კეისარმა დიდი ჯილდოები დაურიგა თავის მეომრებს, ხოლო ხალხს ლხინი და სანახაობები გაუმართა”. იმას, რაც კეისარმა გააკეთა, Panem et Circense (პური და სანახაობა) ერქვა და ფრიად გავრცელებული პოლიტიკური აქცია იყო ძველ რომში. გასაოცარი უნარი აღმოაჩნდა მუქთად დარიგებულ პურს და უფასოდ ნანახ გლადიატორთა ბრძოლას: ხალხის ყურადღება მყის ჩამოშორდებოდა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს, ხოლო ესა თუ ის პოლიტიკოსი,- როგორიც არ უნდა ყოფილიყო,- პოპულარული ხდებოდა. რომაელთა ეს გენიალური მიგნება, შემდეგ, სხვადასხვანაირად, მაგრამ, არაერთგზის გამეორებულა და მისი მომწყობნი ყოველთვის მიზანს აღწევდნენ.

ბრბოზე ზემოქმედების პრინციპი, "პური და სანახაობა," ორი ათასი წელი ძალაში იყო; მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განიცადა რადიკალური ცვლილება საქართველოში, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ხალხზე სამოქმედო არსენალიდან გაქრა პური, - დარჩა სანახაობა, და... ეს ფუნქცია კინემატოგრაფს დაეკისრა; თავდაპირველად, კერძოდ, 60-იან, 80-იან წლებში, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი დასავლურ კინოპროდუქციას იყენებდა რელიგიის წინააღმდეგ: წესად ჰქონდათ შემოღებული, აღდგომის წინა ღამეს, რომელიმე, მაშინ პოპულარული კინოსურათის ჩვენება, მაგალითად, "შესანიშნავი შვიდეული". ამასთან, აუცილებლად შუაღამისას, - რომ ახალგაზრდები ლიტონიობას არ დასწრებოდნენ... მოგვიანებით, როცა "პერესტროიკის" დროს, იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება და სულ უფრო ძლიერდება რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლები, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად მიმართავდა კინოს. ოღონდ, ამჯერად, საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალულ ფილმებს უშვებდა. მაგალითად, საკმაოდ დაბალი დონის სურათით, "ლედი კარატე", იწყება ვიდეოკასეტებით ბრძოლაკოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის შესანარჩუნებლად... რაც ისე სწორხაზოვნად და თვალშისაცემად კეთდებოდა, რომ ასეთი ანეკდოტი გავრცელდა: "1917 წელს, რუსეთში, ვიდეო რომ ჰქონოდათ, რევოლუცია არ მოხდებოდა"-ო. აი, ასე გაიმასხარავა მმართველმა რეჟიმმა თავი საქართველოში, მაგრამ მის მიერ შემოღებული წესი: უცხოური ფილმების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება (უპურო სანახაობა), ტრადიციად დამკვიდრდა და ყველა შემდგომი ხელისუფლება, არჩევნებისა თუ გადატრიალების გზით მოსული, ამ ტრადიციას აგრძელებს. ჩვენს მოუწყობელ ქვეყანაში ხალხს ბევრი ელემენტარული რამ აკლია. ასეთ დროს ტელევიზიით ნანახი კინოსანახაობა გართობისა და გულის გადაყოლების საშუალებას წარმოადგენს. მითუმეტეს, მაყურებელი ყველა ჟანრის, სახეობის, მიმართულების, შინაარსისა და სტილის ფილმს ნახულობს. ხშირად, "ოსკარისა" თუ სხვა რომელიმე პრესტიჟული ჯილდოს მინიჭების წინ, ან მეორე დღეს,.. თუმცა, საქმეს ესეც არ შველის და "უპურო სანახაობის" ფუნქცია მიენიჭა, აგრეთვე, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკურ დებატებს, არჩევნებს... ეს მოქალაქეთა უპატივცემულობად უფრო აღიქმება, ვიდრე მათზე ზრუნვის გამოვლენად. ამრიგად, "უპურო სანახაობის" მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ გრამშისეული გაგება სახელმწიფოს დანიშნულებისა, ჩვენში იგნორირებულია და "იდეოლოგიური და სენტიმენტალური "კონტაქტი" მასებთან, - არ შემდგარა... რაც, აუცილებლად იწვევს მოსახლეობის გაუცხოვებას ხელისუფლების პოლიტიკისაგან...

ასეთ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ მთელი რიგი პრინციპები დეკლარირებული გვაქვს. სინამდვილეში კი, სულ სხვა რამ ხდება;

საქართველოს კონსტიტუციის 1 მუხლის 1 პუნქტში დეკლარირებულია, რომ: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამუკიდებლობის აღდგენის აქტით".

რეალურად საქმე ისეა, რომ ზემოხსენებულ არსებულ და ყოფილ ავტონომიურ წარმონაქმნებზე, დღეისათვის, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ქართული მოსახლეობა გამოდევნილია იქიდან და ჯერჯერობით, დაკარგული ტერიტორიებია. მაშასადამე, ჩვენი ქვეყანა არ არის "ერთიანი და განუყოფელი"...

კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი გვამცნობს, რომ "საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება შეუძლებელია".

და მაინც, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო, უცხოეთში გადაიხვეწა, - ზოგი დროებით, ზოგი - სამუდამოდ... სხვათაშორის, როგორც წასულთა, ისე აქ დარჩენილთა შორის, თავი იჩინა ასეთმა ტენდენციამ: ბევრი, ან უცხოელზე თხოვდება, ან კიდევ ცდილობს იქაური ქალი მოიყვანოს ცოლად. ამის გამო, თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო მედეას კომპლექსის გამოვლენამ და უამრავი შერეული ქორწინება მოხდა, რომელთაც იმდენად სიყვარული არ უდევს საფუძვლად, რამდენადაც წარმოადგენს გაუსაძლისი გაჭირვებიდან ერთ-ერთ გამოსავალს...

კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით ვიგებთ, რომ "შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით".

არ ვიცი, კანონში რა წერია, ერთი კი ფაქტია, მოსახლეობის უმეტესობის შრომის ანაზღაურება უსამართლოა, რადგან ის საარსებო მინიმუმსაც არ შეადგენს, ადამიანები კი, შრომობენ და ეს აუნაზღაურებელი შრომა, უკეთეს შემთხვევაში, სიზიფეს შრომას ემსგავსება, უარეს შემთხვევაში კი, - მონისას... აქედან კი, ჟან-ჟაკ რუსოს "საზოგადოებრივ ხელშეკრულებამდე" დიდი მანძილია... არც ქალთა და არასრულწლოვანთა შრომის პირობებია დამაკმაყოფილებელი, მაგრამ, შიმშილი აიძულებს ადამიანებს, ყველაფერი აკეთონ... ხშირად, ისეთი რამ, რასაც ნორმალურ პირობებში, ცხადია, არ გააკეთებდნენ...

და აქ, დროული იქნება, გავიხსენოთ, თუ რას ღაღადებს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1 პუნქტი: "ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია".

მაგრამ თუ თავად ყოფაა შეურაცხმყოფელი, მაშინ? რაღა ფასი აქვს თავისუფლებას და დემოკრატიას თუ მოქალაქე დამცირებულად იგრძნობს თავს? პასუხი ამ კითხვებზე შეიძლება მხოლოდ ასეთი იყოს: ის სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც გვამცირებს და ღირსებას გვილახავს, არ შეიძლება იყოს სამართლებრივი და დემოკრატიული! ამიტომ, უნდა შეიცვალოს!

ამისი საჭიროება კარგად ჩანს იმ რეფორმების ხასიათიდანაც, - ჩვენში რომ ტარდება, სამაგალითოდ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაც გამოდგება: კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ყველამ იცოდა, რომ "უფასო სამედიცინო მომსახურეობა", რითიც ასე ამაყობდა მმართველი რეჟიმი, სიცრუე იყო და ავადმყოფისათვის წესიერად რომ ემკურნალა, ექიმს ფული უნდა აეღო. უკანონოდ ფულის კეთებას კანონიერი სჯობდა, ამიტომ მოსაძებნი იყო ახალი ფორმა, - ჯანდაცვის ისეთი ორგანიზება, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს დაეყრდნობოდა და ამავე დროს, გათვალისწინებული იქნებოდა მოსახლეობის უმეტესობის სიღატაკე და საფასურის გადახდის საშუალების არქონა... სამწუხაროდ, ეს არ იქნა გაკეთებული. ერთბაშად, ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურებაზე საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს და, ეს მიაჩნიათ რეფორმად... ამის გამო, უფულო და მათ მიერვე გაღატაკებულმა მოსახლეობამ ზურგი აქცია სამედიცინო დაწესებულბებს, რაც, ფაქტობრივად საკუთარ ჯანმრთელობაზე უსიტყვოდ და მორჩილად უარის თქმას ნიშნავს... ზოგიერთები კი, ახერხებენ, მკურნალობის დამთავრებამდე, საავადმყოფოდან გაპარვას - რადგან გადასახდელი ფული არა აქვთ... მაგრამ, ამას ყველა ხომ ვერ შეძლებს… ფულიანი კი, - ჩვენში ცოტაა...

იაკობ გოგებაშვილს, საუკუნეთა ორომტრიალში ქართველთა გადარჩენის ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნდა ის, რომ: "ძვალ-ხორცი ერს სნეული არა ჰქონდა, ჯანი და ღონე კიდევ ბლომად მოსდევდა და უკეთესი მომავლის იმედს გულში უღვივებდა", რომ: "ნივთიერობითი კეთილდღეობა ხალხისა, მისი ქონება, მისი დოვლათი იდგა იმდენად მაღალ ხარისხზედ, რომ სიკვდილს ავადმყოფობისაგან ჰხდიდა იშვიათსა და ყოველწლიური პროცენტი მომკვდართა იყო, რაც შეიძლებოდა ნაკლები და ყველამ კარგად ვიცით, რომ სიღარიბე ავადმყოფობა ერთი ათად და ოცად უფრო მომეტებულს ხალხსა ჰჟლეტს, ვიდრე თვით ხანგრძლივი და უბედური ომი გარეშე მტრებთან".

ჩვენ კი, ანუ მოსახლეობის უმეტესობას, არც საარსებო სახსარი, არც სათანადო საკვები გაგვაჩნია. ეს კი, ბუნებრივია, არათუ ჯანმრთელობაზე, არამედ საერთოდ, ქართველთა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ახდენს დამღუპველ ზემოქმედებას. ჩვენი მოსახლეობა არ მრავლდება, ის ბერდება, ამისი მიზეზი გაჭირვებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ფრანგი განმანათლებლის ჟან ანტუან კონდორსეს მიერ, ნაშრომში, "ადამიანის გონების პროგრესის ისტორიული სურათის ესკიზსი" გამოთქმული მოსაზრება, რომ: -"მოსახლეობა იზრდება იმის მიხედვით, რამდენადაც საარსებო საშუალებათა მოპოვება ნაკლებად საშიში ხდება და ნაკლებად დამოკიდებულია შემთხვევაზე". ჩვენში, ახლა, სწორედ ამის საპირისპირო სიტუაციაა. არათუ გამრავლება, ხალხის ყურადღება და ძალისხმევა საარსებო წყაროს მოპოვებისკენ არის მიმართული და ამის გამო, არც სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეზე ფიქრობს; მატერიალური სიდუხჭირის გამო, არც ვარჯიშისა და სპორტით გატაცების პირობები გვაქვს; არადა, სხვაგვარად, ვერ ვიქნებით ძლიერი და ჯანმრთელი ერი. ადამიანი, რომ ქმედუნარიანი იყოს, ამისათვის ფიზიკურ აღზრდას, სხეულის წრთობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სხვაგვარად, ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ გადავლახავთ და ვიქნებით სნეული, უილაჯო, ბეჩავი ხალხი. ეს კი, ნამდვილად არ არის კარგი პერსპექტივა, - ამასთან, სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობა, საზღვრების დაცვა და ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზება, ძალუძთ მხოლოდ ბრძოლისა და შემოქმედების უნარის მქონე ენერგიულ და ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს. მოსახლეობა ჯანღონით სავსე რომ იყოს, ამას სახელმწიფოსაგან ხელის შეწყობა უნდა, სერიოზული და მიზანდასახული ხელის შეწყობა!...

ზემოხსენებული ამოცანა რომ გადავწყვიტოთ, სპორტის ყველა სახეობა უნდა განვავითაროთ და მათდამი მოსახლეობის დაინტერესებას, ერთგვარად, მასობრივი ხასიათიც უნდა ჰქონდეს, ოღონდ, ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ საგანგებო ყურადღება მივაქციოთ სპორტის ეროვნულ სახეობებს და კერძოდ, ტრადიციულ ქართულ საბრძოლო სახეობებს, (მაგალითად "ხრიდოლი"). საჭიროა მათი შესწავლა და პოპულარიზება იმდენად, რომ მათდამი ინტერესმა საერთაშორისო ხასიათი მიიღოს. ეს ტრადიციების დაცვაშიც დაგვეხმარებოდა და მსოფლიო საზოგადოების თვალსაწიერშიც, კიდევ ერთხელ, და, ამ გზითაც მოვხვდებოდით...



Share

კომენტარები 

0 # ავთო 2010-08-17 04:54  
თანამოაზრედ მიგულეთ ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი