განახლდა:09:57:15 AM GMT

ბანერი

კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეოთხე)

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 3873 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეოთხე)
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
ყველა გვერდი

(ნაწილი ოცდამეათე)

მაორგანიზებელი ძალა

"თუ გსურთ ხალხის მოქალაქედ აღზრდა, ბრბო გადაამუშაოთ საზოგადოებრივი ცხოვრების შეგნებულ მონაწილედ - აქციეთ ის პასუხისმგებლად იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, - პასუხისმგებლობა დედაა მოქალაქეობრივი სიბრძნისა".

* * *
"რაც შეეხება სახელმძღვანელო პრინციპებს, გზას რომ გვიჩვენებენ და ერთგულებისა და გმირობის გამოვლენას იწვევენ, ასეთი პრინციპები, ვგრძნობ, ჯერ სრულებით არ არის ორგანიზებული, უფრო მეტიც, ისინი თითქმის თავიდან უნდა შეიქმნას".
უილიამ გლადსტონი
ეპიგრაფად მოხმობილი მოსაზრება ეკუთვნის ცნობილ ინგლისელ პოლიტიკურ მოღვაწეს, იმ ერის შვილს, რომელმაც ჯერ კიდევ შვიდი საუკუნის წინ შეიმუშავა სახელმწიფოს მართვის ისეთი უნივერსალური სისტემა, რომლის წყალობითაც, ყოველ შემდგომ ისტორიულ პერიოდში, - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - სულ უფრო ინტენსიურად ხდებოდა ხალხის გადაქცევა პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ. ამავე მიზეზით, სახელმძღვანელო იდეებიც დროულად იცვლებოდა და საზოგადოების განახლებაც უწყვეტად მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, გლადსტონი სათანადო ქმედებისაკენ მოუწოდებდა თავის კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, ანუ უმაღლეს მაორგანიზებელ ძალას, რადგან კარგად უწყოდა: ყოველი დაბრკოლება ამ მხრივ, ეროვნული კატასტროფის თუ არა, დიდი პოლიტიკური მარცხის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო.

სამწუხაროდ, ჩვენ არც ეროვნული იდეა გაგვაჩნია და არც მოქალაქეობრივი სიბრძნით აღვუვსივართ ვინმეს. ისეთივე ცნობიერება გვქვს, როგორიც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამოგვიყალიბდა და ვცხოვრობთ ცხოვრების იმავე წესით, ბოლო სამოცდაათი წელი რომ გვიცხოვრია. ესე იგი, არ შეიცვალა მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპი და სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ერს მოუვიდეს...

ისტორიამ ბევრი ანალოგიური შემთხვევა იცის, და ბედი იმ ერებისა თუ ეთნიკური და სუბეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც დროის შესაბამისად ვერ გარდაიქმნენ, ტრაგიკული იყო: გარდუვალი დაღუპვა. სამაგალითოდ, ეს ამბავიც გამოდგება: ნაპოლეონის არმიის ეგვიპტეში ლაშქრობისას, ერთ-ერთი მარშის დროს, ფრანგთა კოლონას ვიღაც მამლუქი აედევნა და უყვიროდა, "თუ ფრანგთა შორის არის ვინმე მამაცი, მე ველი მას" - ორთაბრძოლაში იწვევდა მოწინააღმდეგეს. ფრანგებს ყურადღება არ მიუქცევიათ ამ უაზრო და უადგილო გამოწვევისათვის, მამლუქი კი იქამდე არ მოეშვა მათ, სანამ არ ესროლეს და მოკლეს. ის მამლუქი მოქმედებდა საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, - როცა, ბრძოლის წინ, ორივე მხრიდან გამორჩეული მეომრები შეერკინებოდნენ ხოლმე ერთმანეთს... მაგრამ, ევროპულ არმიებში, უკვე დიდი ხნის მანძილზე, ასეთი არაფერი ხდებოდა, ხოლო, იმ მამლუქის მოქმედება, დადასტურება იყო იმისა, რომ მამლუქობა - მათი ჩვევები და წესები, ისტორიულ ანაქრონიზმად ქცეულიყო.

ნაპოლეონის მიერ მამლუქთა განადგურებას ასე აფასებს არნოლდ ტოინბი: "ვითარება იმითაც იყო პიკანტური, რომ ფრანგები უწინაც გადმომსხდარან ეგვიპტეში, XII-XIII საუკუნეში, იმ დროს, როცა მათი ცივილიზაციის დონე, სამხედრო ხელოვნების ჩათვლით, აღმოსავლურს ჩამორჩებოდა, შუა საუკუნეების ფრანგი რაინდი, მამლუქის უფრო მოუხერხებელი და ნაკლებად ქმედითი ვარიანტი იყო. ამიტომ, როცა ბრძოლა დაიწყო, ის სასტიკად დამარცხდა და ეგვიპტის დაპყრობის ცდაც მთლიანად ჩაიშალა. ხუთ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში მამლუქები იმავე დონეზე რჩებოდნენ, იმის გამოკლებით, რომ თავიანთი აზიური მშვილდები ინგლისური კარაბინებით შეცვალეს. ისინი, ბუნებრივია, ვარაუდობდნენ, რომ ფრანგებიც ასევე უმნიშვნელოდ შეიცვლებოდნენ, როგორც თავად ისინი. ამასთან დაკავშირებით: როცა მათ შეიტყვეს, რომ ნაპოლეონი გაუფრთხილებლად მოიქცა და ალექსანდრიაში გადმოჯდა ნაპირზე, ივარაუდეს, მოქცეოდნენ მას ისევე, როგორც მოექცნენ წმინდა ლუდოვიკოს".

მამლუქები არათუ დამარცხდნენ, სრულიად განადგურდნენ. ეს იყო შედეგი იმისა, რომ ქცევის დამკვიდრებული წესი დროულად ვერ შეცვალეს - "ეთნონის ქცევის სტერეოტიპი დინამიურია, როგორც თავად ეთნოსი, წესები, ჩვეულებანი და ურთიერთდამოკიდებული ნორმები ხან ნელა და თანდათან იცვლება, ხანაც ძალიან სწრაფად" (ლევ გუმილოვი). როცა შეცვლა პასუხობს დროის მოთხოვნას, მაშინ გამარჯვება გარანტირებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი ხდება გარდაუვალი.

საქართველოს მოსახლეობას არანაკლები საფრთხე ელის: ჯერჯერობით, არც ჩვენ გარდავქმნილვართ. ამიტომ ვერ შევძელით, ვერც აღმშენებლობითი პროცესის სათანადოდ წარმართვა, ვერც ისეთი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გამორიცხავდა ყველა დონის სახელისუფლო სტრუქტურებში კორუმპირებული ელემენტების დამკვიდრებას და ვერც გარეგანი ძალების დესტრუქციული ზემოქმედების გაუვნებელყოფა... ეს კი ისევ და ისევ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სათანადო მაორგანიზებელი ძალა. არადა, ის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც ყველა ის უბედურება, რაც გვჭირს, მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოება დაშლილია, გათითოკაცებულია, გაეგოისტებული, თვითორგანიზების უნარს მოკლებული, წინააღმდეგობით აღსავსე, უღონო, სათანადოდ რომ ვერ ავლენს განვითარების უნარს და ძნელად მართვადია.

ასეთებად უცებ არ ვქცეულვართ. ეს ისტორიული განვითარების შედეგია და ერთგვარ კანონზომიერებასაც წარმოადგენს... მაგრამ, მთავარი ის კი არ არის, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, არამედ ის, თუ რანაირად დავაღწიოთ თავი მას. მონოგრაფიაში "ეთნოგენეზისი და დედამიწის ბიოსფერო", ისტორიკოსი ლევ გუმილოვი ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით წერდა: "იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ან, სულ ცოტა, თავი დაიცვას, აუცილებელია, რომ ეთნოსის წიაღში აღმოცენდეს ალტრუისტული ეთიკა, რომლის დროსაც კოლექტივის ინტერესები მაღლდება პირადულზე". ალტრუისტული ეთიკა იმათი დამახასიათებელი თვისებაა, ვისაც მოიხსენიებენ პასიონარებად (ფრანგული სიტყვა პასსიონ- ვნება, გადატანითი მნიშვნელობით - მგზნებარება), რაც განიმარტება, როგორც - "ინდივიდები, რომელთა ქცევის პასიონარული იმპულსი აღემატება თავის გადარჩენის ინსტინქტის იმპულსის სიდიდეს". უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ისინი, რომელნიც სიცოცხლეს არ დაიშურებენ საქვეყნო საქმისათვის... საპირისპიროდ სუბპასიონარებისა - "რომელთა ქცევის პასიონარული იმპულსი ნაკლებია გადარჩენის ინსტინქტის იმპულსის სიდიდეზე" და, რომელთაც, ასეთი მსხვერპლის გაღება არ ძალუძთ.

ადამიანთა ეს ჯგუფები ერთმანეთს ავსებენ; ოღონდ, როგორც კი სუბპასიონარები, ანუ ეგოისტები რიცხობრივად იმდენად გადააჭარბებენ პასიონარებს, ანუ ანტიეგოისტებს, რომ ეს უკანასკნელნი სრულიად უმნიშვნელო უმცირესობად იქცევიან და მოვლენებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ, მაშინ ეთნოსი კარგავს თავდაცვის უნარს და არათუ, დამოუკიდებლობას ვეღარ ინარჩუნებს, არამედ, ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეს პროცესი იწყება ეთნოსის დაბადების დროიდან.

ამის თაობაზე ლევ გუმილოვი წერს: "ეთნოსის დაბადება ხდება არაენტროპიულ მომენტში, თუნდაც გაგრძელებულში, როცა, რამდენიმე პოპულაციის ფონზე, ზედმეტი ბიოქიმიური ენერგიის გაჩენის ხარჯზე წარმოიქმნება ახალი სისტემა, რომელიც გაქრება 1200-1500 წლის შემდეგ, არაკლებადი ენტროპიის პირობებში. ამასთან ეთნოსი გაივლის მთელ რიგ ფაზებს, გადალახავს არა ბიოლოგიურ, არამედ ისტორიულ დროებს, განსაზღვრულს მოვლენათა ხასიათით და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, ეთნოსის შემადგენელი პიროვნებების მიმართ საზოგადოების იმპერატივით".

პერიოდის ფაზებად დაყოფის თაობაზე გუმილოვი ასე მსჯელობს: "ეთნოგენეზისის "ამუშავების მომენტი" - ეს პოპულაციაში პასიონართა და სუბპასიონართა გარკვეული რაოდენობის მოულოდნელი გამოჩენაა; აღმავლობის ფაზა - პასიონარ ინდივიდთა რიცხვის სწრაფი ზრდა ან გამრავლების ან კიდევ ინკორპორაციის შედეგად; აკმატური ფაზა - პასიონართა მაქსიმალური რაოდენობა; დაძაბუნების ფაზა - მათი რაოდენობის მკვეთრი შემცირება და მათი გამოდევნა სუბპასიონარების მიერ; ინერციული ფაზა - პასიონარ ინდივიდთა რაოდენობის ნელი შემცირება; ობსკურაციის ფაზა - პასიონართა თითქმის მთლიანი შეცვლა სუბპასიონარებით, რომლებიც თავიანთი განსაკუთრებული ზნის შედეგად, ან მთლიანად ღუპავენ ეთნოსს, ან კიდევ ვერ ასწრებენ დაღუპონ უცხოტომელთა შემოსევამდე. მეორე შემთხვევაში რჩება რელიქტი, ჰარმონიული ინდივიდებისაგან შემდგარი და შემავალი მის მიერ დასახლებული რეგიონის ბიოცენოზში, როგორც ზემო, დამამთავრებელი რგოლი".

ამრიგად, დაღმავლობის გზით მიმდინარე პროცესის ბოლო ფაზაში, როცა პასიონარები უმნიშვნელო ძალად იქცევიან, კლებულობს ეროვნული ენერგიის ინტენსივობა, შესაბამისად, მცირდება ერის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური აქტივობა, რის გამოც, ერი განიცდის ყველა სახის ზემოქმედებას მეზობელი ხალხებისაგან, ზოგი მას იპყრობს, სხვანი ტერიტორიებს ართმევენ, აიძულებენ სარწმუნოება შეიცვალოს, იტაცებენ და მონებად ყიდიან მის მოსახლეობას. რამდენადაც პასიური ხდება ერი, იმდენად ზარალდება მოძალადეთაგან. ანტიეგოისტთა სიმცირის დროს, ეთნოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადარჩეს, თუ მას გეოპოლიტიკური პირობები შეუწყობს ხელს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული კატასტროფა გარდუვალია, რადგან მომრავლებულ ეგოისტებს, არ შეუძლიათ რა მსხვერპლის გაღება, შექმნილი სიტუაციის მიმართ იმდენად არაადექვატური რეაქცია აქვთ, რომ მათი მოქმედება ანეკდოტურ ხასიათს იძენს: ასეთი გახლავთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეკრიბა ერეკლე II-მ ჩვენთვის საბედისწერო კრწანისის ბრძოლის წინ (1795 წლის 11 სექტემბერი), 4 ათასზე მეტი მეომარი; მაშინ, როცა სამი წლის შემდეგ, ამ მეფის დაკრძალვისას, მცხეთაში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ამის თაობაზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "როცა ერეკლე მიიცვალა თელავში, 10.000 კაცმა წაასვენა იგი მცხეთას. კრწანისის ომში ამდენის შემოკრება რომ შესძლებოდა, ეს კატასტროფა არამც და არამც არ მოხდებოდა, რადგან დამხვდურს მუდამ მეტი შანსი აქვს გამარჯვებისა, ვიდრე თავდამსხმელს”. ე.ი. არც ამ მარცხის საბედისწერო შედეგი იქნებოდა, ანუ, აღარც საქართველო დაკარგავდა დამოუკიდებლობას. მუხედავად თავისი ხასიათისა, ეს ფაქტი კურიოზული სულაც არ არის, რადგან თუ დავუკვირდებით, საქმე კანონზომიერებასთან გვაქვს: როგორც მეომართა და მექელეხეთა რიცხვის შედარება გვარწმუნებს, XVIII საუკუნის მიწურულის საქართველოში ეგოისტები ანტიეგოისტებს სულ ცოტა ორნახევარჯერ აღემატებოდნენ. მათთვის სამასი არაგველის, მაჩაბლის დასის მსახიობთა და სხვა თავდადებულ მამულიშვილთა გმირობა მისაბაძ მაგალითად ვერ იქცა, სხვაგვარად მოქცევა მათ არ შეეძლოთ... ამიტომ ვერ შევძელით მტრის მოგერიება.

ანალოგიურ სიტუაციაში სხვა ერებიც აღმოჩენილან. ამის შესახებ ისტორია უამრავ ფაქტს გვამცნობს, გავიხსენოთ, თუნდაც, კონსტანტინეპოლის აღება თურქ-ოსმანთა მიერ 1453 წლის 29 მაისს: როცა თურქებმა ალყა შემოარტყეს, ერთდროს ეს უმდიდრესი და ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქალაქი, გვარიანად დაკნინებული იყო და მცხოვრებთა რიცხვიც საგრძნობლად შემცირებული… მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 5 ათასზე მეტი მეომარი ვერ გამოიყვანა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, ხოლო ქალაქის აღების შემდეგ, თურქებმა ტყვედ ჩავარდნილი 60 ათასი მცხოვრები მონებად გაყიდეს, დავრწმუნდებით, რომ ქალაქში დარჩენილებს, ერეკლეს მექელეხეებისა არ იყოს, ბრძოლა არ სურდათ. ამიტომ იქცნენ მნიშვნელოვან სამხედრო ფაქტორად ევროპელი მოხალისეები და, მათ შორის, პრეფექტ ჯოვანი ჯუსტინიანის მიერ გენუის რესპუბლიკიდან მოყვანილი 700 პროფესიონალი მეომარი. მთლიანად კი, ქალაქის დამცველთა რიცხვი 7 ათას მებრძოლს არ აღემატებოდა. მათ განკარგულებაში იყო 26 გემი. ეს ძალა აღუდგა წინ მეჰმედ II-ის 150 ათასიან არმიას, 80 საბრძოლო და 300 სატვირთო გემს. მიუხედავად ასეთი სხვაობისა, კონსტანტინეპოლის დამცველებმა ორმოცდათორმეტი დღე გაუძლეს მრავალრიცხოვანი მტრის იერიშებს, რადგან კედლებს პასიონარები იცავდნენ, ისინი, ვისაც სიკვდილისა არ ეშინოდა და ამასთან, იცოდა, როგორ უნდა ებრძოლა. შესაძლოა, მაშინ, ბიზანტიის დედაქალაქი გადარჩენილიყო, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა, რომელსაც მონოგრაფიაში "ოსმანთა იმპერიის აყვავება და დაცემა" ლორდი კინროსი ასე აღწერს: "ჯუსტინიანი მძიმედ დაიჭრა პირდაპირ ნასროლით, რომელმაც მას ბეგთარი შეუნგრია, ძლიერი ტკივილით შეწუხებული, იხვეწებოდა გაეყვანათ ის ბრძოლის ველიდან, ტყუილად ცდილობდა იმპერატორი გადაეთქმევინებინა მისთვის: "ნუ მიმატოვებ მე ამ საშიშ წუთს, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ქალაქის გადარჩენა", გახსნილ იქნა შიდა ჭიშკარი და ჯუსტინიანის ხალხმა ქალაქის ქუჩებით წაიყვანა ის ოქროს რქისაკენ, სადაც აიყვანეს გენუელთა გემზე. რაკი ნახეს რომ ჯუსტინიანი დაჭრილია და ბრძოლაში მეტს აღარ მონაწილეობს, გენუელთაგან მრავალმა მცდარად დაასკვნა, თითქოს ბრძოლა წაგებული იყო და გაჰყვა მას".

ამან გამოიწვია წარმოუდგენელი არევ-დარევა, მოხალისეთა ნაწილი უკვე დახოცილი იყო, ნაწილი კი, - თავის დაჭრილ მეთაურს გაჰყვა. აშკარა გახდა, ბერძნები ქალაქს ვერ შეინარჩუნებდნენ, როგორც კინროსი მოგვითხრობს: "ბერძენთა შეგულიანების, უკანასკნელი ცდის შემდეგ, იმპერატორმა ნახა, რომ ბრძოლა წაგებული იყო, შესძახა: "ქალაქი აღებულია, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ" - ის ჩამოქვეითდა, ჩამოიგლიჯა განმასხვავებელი ნიშნები და თავგანწირული გადაეშვა მოახლოვებულ იანიჩარებთან ბრძოლაში. ამის შემდეგ ის არავის უნახავს". ერთი მუჭა იტალიელების იმედად მყოფი კონსტანტინეპოლის მრავალი ათასი მოქალაქე კი, რომელთაც ბრძოლის თავი არ ჰქონდათ და ეკლესიებში იმალებოდნენ, ოსმანთა მსხვერპლად იქცნენ...

ორივე მაგალითი, კრწანისის ბრძოლისა და კონსტანტინეპოლის დაცემისა, ნათელს ყოფს ჭეშმარიტებას იმის თაობაზე, რომ პასიონართა სიმცირის დროს, ეთნოსის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. ასეთ დროს, ერთადერთი საშუალება, დაცემის პროცესის შეჩერებისა და ეროვნული ენერგიის გამოხმობისა, გახლავთ ეთნიკური დომინანტი:

ქართველთათვის XVIII საუკუნის ბოლოს, ასეთად, ჩემის აზრით, უნდა ქცეულიყო 1790 წლის ივნისში მიღებული დოკუმენტი, "ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისსა", რომლითაც ქართველთა ერთიანობას უნდა დასდებოდა საფუძველი. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის შეკავშირებას უნდა გამოეხმო ის ეროვნული ენერგია, რომელიც საუკუნის დამლევს შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანდა საქართველოს, მაგრამ, ეს, ასე არ მოხდა. იმ დროის, პოლიტიკურმა ელიტამ არ შეისმინა სოლომონ ლეონიძის ბრძნული ნათქვამი, რომ: "ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული" და ისევ უცხო ძალის იმედად დავრჩით.

ბიზანტიისათვის, ეს ფუნქცია, შეიძლება, დასავლეთ ევროპასთან რელიგიურ ინტეგრაციას მოეტანა, ანუ 1439 წელს დადებული ფლორენციის უნია უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, საზოგადოებრივი აზრი ამისი წინააღმდეგი იყო: "არ გვსურს ჩვენ არც ლათინთა დახმარება, არც მათთან ერთობა", ხოლო იმპერიის ფლოტის ადმირალმა, ლუკა ნოტარასმა, წარმოთქვა ისტორიულ ანეკდოტად ქცეული ფრაზა: "სჯობს ქალაქში ვხედავდე გამეფებულ თურქულ ჩალმას, ვიდრე ლათინურ ტიარასო".

სახელმწიფოებრივი კატასტროფის წინ, ქართველთა ხსნა ეროვნულ კონსოლიდაციაში იყო, ბიზანტიელთა კი, - ევროპასთან კავშირში. ვერც ერთმა და ვერც მეორემ ამისი გაკეთება ვერ შეძლო. არ იყო საკმარისი პოლიტიკური მოქნილობა, და, ამიტომ, მიუღებელ პრინციპებს მიღმა, ვერც სათანადო პერსპექტივა იქნა დანახული. ეს ქცევის სტერეოტიპის ბრალი იყო. ეთნიკური დომინანტის არქონამ, ეგოიზმის დასაძლევი ენერგია ვერ გამოიხმო, დაღუპვა გარდუვალი გახდა...

ადამიანური ეგოიზმის გამოვლენა ერის განვითარების ყველა ფაზაში ხდება, მაგრამ ნაკლებად საშიშია, როცა პასიონარები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ:

ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ასულის, მედეას ბერძენი უფლისწულისადმი სიყვარული, ოქროს საწმისი რომ დააკარგვინა კოლხებს, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სნობიზმი ვინმეს ჩვენი წინაპრების ხასიათის თვისებად გამოეცხადებინა, თუმცა, მარცხი დიდი იყო, მაგრამ დამღუპველი არა. მაშინდელი ქართველები მძლავრად ავლენდნენ ეროვნულ ენერგიას, მოგვიანებით, მათ გაუძლეს სკვითებისა და კიმირიელების გამანადგურებელ შემოსევებს, ასირიისა და ურარტუს აგრესიას, ძველ ბერძენთა და აქემენიდური სპარსეთის ექსპანსიას, შეინარჩუნეს თვითმყოფადობა. ქსენოფონტე "ანაბაზისში" აღწერს იმას, რაც ნახა მაშინ, როცა იაზონის თანამემამულეებმა არგონავტთა ლაშქრობიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვის 401 წელს, გაიარეს სამხრეთ საქართველოზე და ტაოხთა ქართულ ტომთან მოუხდათ შეტაკება, ბერძენთა 10000 კაციან ლაშქარს. ისინი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ: ტაოხები მიუვალ სიმაგრეებში გამაგრებულიყვნენ და იქიდან ლოდებს უშენდნენ მტერს, ხოლო, როცა ბერძნებმა, ბოლოს და ბოლოს, აიღეს ეს სიმაგრე, შიგ ტაოხთა პატარა და ცუდად შეიარაღებული ჯგუფი ნახეს. ამ ხალხს ტყვედ ჩავარდნას და მონად გახდომას, სიკვდილი ერჩია. რაც იქ მოხდა, იმას ასე აღწერს ქსენოფონტე: "მაშინ, გადაიშალა საშინელი სანახაობა, ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ, მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ, ლოხაგოსმა ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული, რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა, სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ (ტაოხმა) ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ხალხი იქნა ტყვედ ხელთგდებული, სამაგიეროდ, ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები (ვიგდეთ ხელთ)".

ასე აფასებდა თავისუფლებას ხალხი მაშინ, როცა ძალას გრძნობდა და მტერს არ ეპუებოდა და, როგორ განსხვავდება ქცევის ასეთი სტერეოტიპი იმისაგან, რაც დამახასიათებელია ჩვენთვის, გვიან შუა საუკუნეებში; იმ ეპოქაში, "დაცემის ხანად”, რომ იწოდება!.

XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე წიგნში "დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა", ქართველი დიპლომატის თაობაზე მოგვითხრობს, რომელსაც ოსმანთა იმპერიის დედაქალაქში თავისი საქციელით ევროპელები გაუოცებია:

"მახსოვს კონსტანტინოპოლში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, იქ სამაგრელოს მეფის ელჩს ვხვდებოდი ხოლმე. იგი თავისი ახირებული და უცნაური ცხოვრების წესით ფრანკებს სიცილს გვგვრიდა.

მის მიერ თავისი პატრონის სახელით დიდი სენიორისადმი მირთმეული ძღვენი შედგებოდა რკინის, ფოლადისა და დიდი რაოდენობით მონებისაგან. პირველი აუდიენციის დროს მას თავის ამალაში ორასზე მეტი კაცი ჰყავდა, მაგრამ რადგან თითო მათგანს ყოველდღე ჰყიდდა თავისი ხარჯების დასაფარავად, სამშობლოში გამომგზავრებისას პირადი მდივნისა და ორი ფარეშის მეტი აღარავინ დარჩენია".

იმ ქართველი დიპლომატის საქციელში რომ არაფერი იყო დიპლომატიური, ეს, თუნდაც, იმითი ჩანს, საკუთარ ხალხს რომ ყიდდა. როცა ამას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში უკვე ღირებულებები გადაფასებულია, ერთიანობის გრძნობა დაკარგულია, საზოგადოება გაეგოისტებულია, მას არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება; არამედ ჰყავს ისეთი, რომელიც ერზე კი არ ზრუნავს, საკუთარი ხალხით ვაჭრობს... პასუხს კითხვაზე, - რატომ ხდებოდა ასე, - ვპოულობთ მეორე ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ჩანაწერებში, რომელიც იმავე საუკუნეში მოგზაურობდა საქართველოში. ერთგან ის წერს:

"დიდი ხანია, რაც სამეგრელოდან ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავთ გასაყიდად, გასაცვლელად".

მიაქციეთ ყურადღება, ადამიანი ყიდვა-გაცვლის საგანია, მისი ღირსების დაცვაზე, - ლაპარაკიც ზედმეტია და, ეს ცხადია, მაგრამ, თუ მასზე საკუთარი ხელისუფლება არ ზრუნავს, თავად ხომ უნდა ცდილობდეს და ხომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ უზნეობას? - დიახ, მაგრამ, შარდენს ისიც შეუმჩნევია, რომ ამ დაბეჩავებულ ხალხს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონია: "მე გამაოცა იმ გარემოებამ, რომ ეს ბედკრული ქმნილებანი არ იყვნენ გულმოკლულები და შეიძლება გეფიქრათ, რომ თითქოს ვერც კი გრძნობდნენ თავიანთ ბედუკუღმართობას. როგორც კი იყიდდნენ, მათ მაშინვე გახდიდნენ ძონძებს, რომლებშიაც იყვნენ გახვეულები, აცმევდნენ ახალ საცვლებს და ტანსაცმელს და აწყებინებდნენ მუშაობას. კაცებს და ბიჭებს ასრულებინებდნენ გემზე სამუშაოებს. ქალებს და ქალიშვილებს კი საკერავს აძლევდნენ, თითქოს ყველა კმაყოფილი ჩანდა ტანსაცმელითა და საჭმლით, რომელსაც მათ აძლევდნენ, სამუშაოები კი დიდი ტანჯვა იყო მათთვის; ხშირად ჯოხით აიძულებდნენ ემუშავათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ... და ჩემთვის ცხადი გახდა, რაც აქამდე გაუგებარი იყო, კერძოდ ის, რომ ჰარამხანები მათთვის წარმოადგენს მშვიდ და მყუდრო საპყრობილეს. მაშინ მე მივხვდი, რომ ისეთი არსებებისათვის, როგორიც მეგრელი ქალები არიან, უდიდეს სიამოვნებას უნდა წარმოადგენდეს მთელი დღეების განმავლობაში მუხლებზე თავჩაქინდრული უქმად ჯდომა".

ასე შეიძლება მოექცე და თავადაც ასე მოიქცნენ იმ ერის შვილები, რომელსაც პასიონალური იმპულსები არ გააჩნია და, შესაბამისად, ის ვერც ეროვნულ ენერგიას ავლენს.

ამის სრულიად საპირისპიროა იმ ეპოქის ადამიანის ქმედება, როცა პასიონართა სიჭარბე მოსახლეობის ეროვნული და პიროვნული ღირსების დაცვის აქტიური და რადიკალური ფორმებით გამოვლენას იწვევდა:

VIII საუკუნეში, საინტერესო ამბავი მოხდა, რომელიც, მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში, ანუ ეროვნული ენერგიის მძლავრად გამოვლენის პერიოდში ახასიათებდა ქართველობას და რომელიც დაცემის დაწყების ხანიდან, სულ უფრო ნაკლებად დამახასიათებელი ხდებოდა.

ეს არის მშვენიერი ქართველი ქალის, ქართლის ერისმთავრების, იოანესა და ჯუანშერის დისადმი, ხაზართა ხაკანის სიყვარულის ისტორია. ამ უკანასკნელის ყურამდე მიუღწევია შუშანას ენითუთქმელ სილამაზეს. და, მასაც, უნახავად შეყვარებია ის. ჯუანშერისათვის ელჩი გამოუგზავნია, დის ხელი უთხოვია, სანაცვლოდ, არაბებთან ბრძოლაში დახმარებას დაპირებია. შუშანას კატეგორიული უარი განუცხადებია, - წარმართის ცოლობა არ მოუნდომებია. უარით გაწბილებულმა ხაკანმა, ბლუჩანის სარდლობით ლაშქარი შეუსია კახეთს, სადაც ერისმთავარი და მისი და იმყოფებოდნენ. აიღეს ის ციხე, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ და დატყვევებულნი ხაზარეთის გზას გაუყენეს. ეს ძალადობა და მის შედეგად მოსალოდნელი "მეზალიანსი" იმდენად ზნეობრივად მიუღებელი იყო ქართველი ქალისათვის, რომ მან ბეჭდის თვალის ქვეშ დამალული საწამლავით თავი მოიკლა... როგორ განსხვავდება ეს თავგანწირვა იმ მრავალი ათასი ბედსშეგუებული ქართველი ქალის საქციელისაგან, რომელთაც გვიან შუა საუკუნეებში, ასევე მოტაცებულთ, მიერეკებოდნენ სტამბოლის, ისპაჰანის და კაიროს მონათა ბაზრებისაკენ...

უილაჯობისაგან გამოწვეული ადამიანების პასიურობა შემზარავი სანახავია, და ეს ხდებოდა საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დამახასიათებელი თვისება. დაშლილ-დაქუცმაცებული ფეოდალური შინაომებით, გარეშე მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყანა, ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის ვერც ნორმალურ ცხოვრებას, ვერც უსაფრთხოებას. წესიერად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრება, დაღმავალ სვლას აჩერებს და არათუ კატასტროფისაგან იხსნის ერს, არამედ, შეიძლება მეტად გააძლიეროს კიდევაც. "შექმნილი მატერიალური ბაზა, მართვის გამოცდილება და სხვა სოციალურ-ტექნიკური ფაქტორები ეწინააღმდეგებიან დაცემის ტენდენციას" (ლევ გუმილოვი).

ამ მოსაზრების სისწორეს ჩვენი ისტორიაც ადასტურებს, თუნდაც იმით, რომ დაცემის ხანაში, რომელიც XIII საუკუნიდან, კერძოდ, მონგოლთა შემოსევიდან იწყება, მიუხედავად შიდა და გარე პოლიტიკური სიტუაციის სირთულისა, მაინც იყო რამდენიმე ათწლეული, როცა უკუღმა დატრიალებული ისტორიის ჩარხი - წაღმა ტრიალს იწყებდა... ვგულისხმობ, გიორგი ბრწყინვალეს, ალექსანდრე დიდის მმართველობის წლებს, როდესაც სახელმწიფოს აღდგენა-აღმშენებლობის პროცესმა მთელი საქართველო მოიცვა და, უფრო ლოკალური მასშტაბით, როსტომ მეფის, ვახტანგ VI-ისა და ერეკლე II-ს მეფობის დროს. აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაცემა გარდუვალი სულაც არ არის და მოსახლეობის სოციალურად გააქტიურება შესაძლებელია. მითუმეტეს, თუ მაორგანიზებელი ძალა კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას შესთავაზებს ხალხს...

უკვე ასეთი ეპიზოდური სტაბილიზაციის დროსაც კი, საგრძნობია ქცევის სტერეოტიპის განსხვავებულობა დაცემის ხანის ტიპიურ პერიოდებთან შედარებით და, კიდევ უფრო აშკარაა განსხვავება, როცა პასიონართა რიცხვი დიდია, სახელმწიფოებრივი ცხოვრება კი - სათანადოდ ორგანიზებული, თუნდაც, თითქმის ერთნაირად რთული პოლიტიკური სიტუაცია იყოს ორივე შემთხვევაში.

VI საუკუნის შუახანებში, რომსა და სპარსეთს შორის ბრძოლის ველად ქცეულ ლაზიკაში, ხდება ამბები, რომლის დროსაც ადამიანები გამოთქვამენ მოსაზრებებს, - ნათელს რომ ხდის იმ დროის ქართველთა შეხედულებებს სამშობლოზე, სახელმწიფოებრივი ინტერესების გაგება-გათავისებაზე; მათი პოლიტიკური აზროვნების უნარსა და მასშტაბებს, პიროვნული, ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების გრძნობას. ორი იმპერიის შეტაკებისას, ხან ერთის და, ხან მეორის იძულებითი მოკავშირეები, - ქართველები, ცდილობდნენ თავიანთი ინტერესების მიხედვით ემოქმედათ. ამას შეეწირა ლაზთა მეფე გუბაზი, რომელიც რომაელთა მუხანათობის მსხვერპლი გახდა (554 წ.) ამ ფაქტს, კინაღამ, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა მოჰყვა მაშინ... სახალხო კრებაზე დაისვა საკითხი, რომაელთა მოკავშირეებად დარჩენილიყვნენ, თუ ირანის მხარეზე გადასულიყვნენ. საბოლოოდ, სწორი პოზიციის არჩევას წინ უსწრებდა ორი ორატორის გამოსვლა. აეტს უთქვამს: "გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ. ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო, ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ, მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება, თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და გულხელდაკრეფილი რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს... მე ვინატრებდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის ან ბედის უკუღმართობის ან ორივეს წყალობით ისეთ უძლურებაში ჩავვარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ, უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობას თავისიანებისა და მოკავშირეთა მიმართ".

აეტის სიტყვას დიდი ემოციური ზემოქმედება მოუხდენია მსმენელზე და გადაუწყვეტიათ, სპარსელებს მიმხრობოდნენ. ამ დროს, საწინააღმდეგო მოსაზრებით ფარტაძი გამოსულა და თავისი აზრი ასე ჩამოუყალიბებია: "უძლეველი რამ არის მჭევრმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დავუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის ნამდვილ ვითარებას ემყარება... ახლა საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი, რაც მოხდა და დასრულდა და უკვე აღარ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს, ნუ ავყვებით მსჯელობის დროს მოწოლილ ბოღმას და გულისტკივილს, რომ არ დავკარგოთ მოსაზრების უნარი და არ გავაბუნდოვნოთ ჩვენი მსჯავრი, შევინარჩუნოთ უნარი უკეთესის არჩევისას... არც რომაულ რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მათ მეფეს არ მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ... უმართებულო იქნებოდა, ჩემის აზრით, და ამასთანავე მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება... ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდათა საიდუმლოთა უმწიკვლელობას. აბა, რას დაემსგავსებოდა ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ... გუბაზი რომ აქ იყოს, მოგვიწოდებდა, არ მივცემოდით სასოწარკვეთილებას და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხო და მამა-პაპური წესების შემბღალავი არ ჩაგვედინა... მე იმ აზრისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ, ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან, თუ კი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ".

არც ფარტაძის სიტყვას აკლია ემოციურობა, მაგრამ, რაც მთავარია და რაც ორივე სიტყვაში საგრძნობია, ეს არის თავისუფლების მოყვარული, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, ბრძოლისუნარიანი ერის შვილების პოზიცია, რომელთაც შეუძლიათ, მოთოკონ ემოციები, ობიექტურად შეაფასონ სიტუაცია, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. და, ეს ასეც მოხდა, როცა კრებამ ფარტაძის წინადადებას დაუჭირა მხარი. ყურადსაღებია, რომ ეს უკანასკნელი ლაპარაკობს დამკვიდრებული ცხოვრების წესისა და სარწმუნოებრივი პრინციპების დაცვის შესახებ, მაგრამ მასში არ იგრძნობა ის განწირულობა და რელიგიური სნობიზმი, რაც გვიანი შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრისათვის ესეოდენ დამახასიათებელია... ისევე, როგორც მტრული ძალის მიმართ ქედდრეკა, მისი უპირატესობის აღიარება, უიმედობის, შიშისა და ნაჰილიზმის არსებობა, - როცა პროტესტსაც ერთგვარი მორჩილებით გამოხატავენ... რაც, საკუთარი უილაჯობის აღიარება იყო. 1736 წელს ნადირ შაჰმა, მუღანში, ამიერკავკასიის სხვა ხელისუფალთა გარდა, ქართველი დიდებულებიც დაიბარა, ყველას ამათ, ერთბაშად, თავი ირანის შაჰად აარჩევინა, შემდეგ კი, თავისი რწმუნებულის, სეფი-ხანის მეშვეობით, ქართლს დიდი ხარკიც, 3300 თუმანი დაადო. აოხრებულ და გაღატაკებულ ქვეყანას ამის გადახდა არ შეეძლო. თავადები შაჰს განუდგნენ პროტესტის ნიშნად. სპარსელი მოხელისადმი მათ მიერ მიწერილ წერილში, სადაც, ახალი ვალდებულებისაგან თავის დაღწევის სურვილი იგრძნობა, ასეთი აზრიცაა გამოთქმული: "როგორც სხვის ყეენისათვის გვიმსახურებია, ან სამსახური გვდებია, ისე გვიმსახურეთ, ხელმწიფის დიდი ხნის ყმანი ვართ". როგორ არ ჰგავს ეს VII საუკუნის თბილისის მოქალაქეთა შეუპოვრობას, რომელთაც ქალაქის ასაღებად მომდგარ ბიზანტიელთა და ხაზართა უზარმაზარ არმიას თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს, მათი ყველა იერიში მოიგერიეს და, როცა დამარცხებულმა მტერმა გადაწყვიტა იქაურობას გასცლოდა, სომეხი ისტორიკოსის მოსე კალანკატვაცის ცნობით, ქართველებს უზარმაზარი გოგრა მოუტანიათ, ზედ ხაზართა მეთაურის, ჯიბღუ ხაკანის სახე გამოუხატავთ, - ამას ხაზარებს უჩვენებდნენ და უყვიროდნენ: "აი, თქვენი მეფე-ხელმწიფე, მობრუნდით, თაყვანი ეცით. ეს ჯებუ ხაკანია". - ხოლო თუ რა ეპითეტით შეამკეს კეისარი ჰერაკლე, ამის თაობაზე, იგივე ავტორი წერს: "დასცინოდნენ, აგინებდნენ, ბილწს და მამათმავალს ეძახდნენ".

თუ მაშინდელ ქართველთა ქცევით ვიმსჯელებთ, საქმე გვაქვს, თავისუფალი, ლაღი, ბრძოლისუნარიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების მოქმედებასთან, რომლებიც მტრის ურიცხვ ლაშქარს არად აგდებენ, სიტყვით და საქმით თავს ესხმიან მომხდურს.

IV საუკუნის დამდეგს, ქართველებმა ქრისტიანობა მიიღეს. ამ აქტის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ რელიგიურის ფარგლებს და პოლიტიკური ორიენტაციის გამომხატველიც ხდება. საქართველო კიდევ უფრო მტკიცედ უკავშირდება დასავლეთის ცივილიზაციას და მის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს, მირიან ქართველთა მეფისათვის დაუბრუნებია მისი ძე ბაქარი, რომელიც მძევლად ჰყავდა წაყვანილი; როგორც, თურმე, იმპერატორი წერდა: "ვინათგან იცან შენ სამება ერთარსებ ღმერთი დაუსაბამო დამბადებელი ყოვლისა, არაღარა მივმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუამდგომელად ქრისტე... და შუამდგომლობითა ღმერთისა დამბადებლისათა ვიყვნეთ ჩვენ სიყვარულსა ზედა ძმებრივ", მაგრამ, ერთმორწმუნეობა, არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობისა ან თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია. ამიტომ, თუ ჩვენ ქრისტიანობის მიღებით თავსაც ვიცავდით ირანის პოლიტიკური და რელიგიური ექსპანსიისაგან, იგივეს გაკეთება მოგვიხდა ქრისტიანული სომხეთისა და ბიზანტიის ჰეგემონისტური პრეტენზიების აღსაკვეთად. ეს ბრძოლა, ახალი სარწმუნოების მიღების პირველ საუკუნეებში, იმითაც იყო გართულებული, რომ ქრისტიანულ სამყაროში იყო დაპირისპირება სხვადასხვა მიმართულებებს შორის (დიოფიზიტები, მონოფიზიტები, არიანელები, ნესტორიანელები). ამის წყალობით, პოლიტიკური ბრძოლა მჭიდროდ დაუკავშირდა კონფესიურს. ამასთან, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავდა მაშინდელ ზესახელმწიფოთა პოლიტიკა: ბიზანტია დიოფიზიტებს უჭერდა მხარს, ირანი, - ყველა საპირისპირო რელიგიურ მიმართულებას.

V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასალმა საეკლესიო რეფორმა გაატარა საქართველოში და დააწესა კათალიკოსის მმართველობა, - ამით ქართულმა ეკლესიამ შეიძინა მისთვის აუცილებელი ავტოკეფალია. ამას ჩვენში მიმდინარე ქრისტიანულ მიმართულებათა ბრძოლაში, მონოფიზიტების გამარჯვება მოჰყოლია, - რადგან, მეფეს დაუმხია ოპოზიციურად განწყობილი დიოფიზიტი მთავარეპისკოპოსი და კათალიკოსად დაუსვამს მონოფიზიტი პეტრე. ამის გამო, ივანე ჯავახიშვილი დაასკვნიდა: "რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკედონიანი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ".

რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა ამ გადაწყვეტილებას, ფაქტია, რომ ვახტანგ გორგასალი გაემიჯნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და დაუკავშირდა ანტიოქიისას. ამით, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა თავისუფლება, რითიც აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს ისტორიისა, გადაიდგა სრულიად გამართლებული ნაბიჯი, რადგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია რელიგიური დამოუკიდებლობის გარეშე. ეს კარგად ესმოდათ საქართველოს მაშინდელ მესვეურებს და ამ დროს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე, დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, შემდეგ, ქართველობა სხვა არჩევანს აკეთებს და უბრუნდება დიოფიზიტობას. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდა, მოვლენები ასე განვითარდა: სომხეთმა, რომელიც, დიდი ხანია უკვე მონოფიზიტური მიმართულების ქვეყანა იყო, - რაც მათ ეროვნულ ინტერესებს პასუხობდა, სპარსელთა დახმარებით სცადა ამიერკავკასიაში რელიგიური ჰეგემონიის მოპოვება...

ამ თვალსაზრისით, დვინის საეკლესიო კრებაზე 506 წელს სომხეთი დასახულ მიზანს აღწევს, მაგრამ VII საუკუნის დამდეგს, ადარნასე ერისმთავრისა და კირიონ კათალიკოსის დროს, ქართული ეკლესია თავს აღწევს მისთვის მიუღებელ სომხურ რელიგიურ დიქტატს, ირჩევს დიოფიზიტურ მიმართულებას. ამით იდეოლოგიურ ბარიერს ქმნის ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის და ორიენტაციას იღებს ბიზანტიაზე. ეს გადაწყვეტილებაც სწორი იყო და, ამავე დროს, ააშკარავებდა აქტიური, ქმედუნარიანი ერის მოქნილ რელიგიურ პოლიტიკას.

ბიზანტიისაკენ მიბრუნება არ ქცეულა იმის გარანტიად, რომ ბერძნებს უპირობოდ ეღიარებინოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ამას ემატებოდა ბერძენი ბერების ცდა, იმპერიის ტერიტორიაზე არსებული ქართული მონასტრებიდან გაეძევებინათ ქართველები. ეს წინააღმდეგობა ართულებდა ქართველთა წინაშე მდგარ ამოცანას, რადგანაც, არ გაგვაჩნდა სათანადო ხარისხისა და რაოდენობის საეკლესიო წიგნები, საჭირო იყო მათი თარგმნა ქართულ ენაზე. ეს პრობლემა X-XI საუკუნეებში ფართოდ გაშლილი სამონასტრო ცხოვრების მეშვეობით მოგვარდა. უამრავი წიგნი თარგმნეს, ადრე თარგმნილი კი, - ორიგინალს შეუდარეს. პარალელურად, ქართველებმა გამოავლინეს საჭირო ენერგია იმისათვის, რომ მოეგერიებინათ ბერძენთა შემოტევა და შეინარჩუნეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები. რაც მთავარია, მათ ეყოთ ძალა, დაეცვათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ანტიოქიელ ბერძენთა უსაფუძვლო პრეტენზიები იმას ეფუძნებოდა, თითქოს, საქართველოში არც ერთ მოციქულს არ უქადაგნია და ამიტომ, ავტოკეფალია არ გეკუთვნითო... ამ ბრალდების უარყოფა გიორგი ათონელმა შეძლო, - მან ანტიოქიის პატრიარქს წარუდგინა ის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები, რომლის ძალითაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნოდა.

ქართველი ბერის საბუთი ასეთი იყო: "წმიდაო მეუფეო, შენ იტყვ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო. ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი, სიმონს ვიტყვ კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების".

როცა ბრალდება ამ გზით უარჰყო, გიორგი ათონელი თავად გადავიდა შეტევაზე და ბერძნებს შეახსენა: "იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაი არაი იპოებოდა", ეს იმის საპასუხოდ ითქვა, ბერძნები რომ მწვალებლობას გვაბრალებდნენ... ბოლოს, ისიც უთქვამს: "იოანე, გუთელი ეპისკოპოსი, მცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა". ეს ფაქტი VIII საუკუნეში მოხდა და, მაშინდელი ქართული ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებდა.

გავიდა დრო და, "დაცემის ხანაში" ბერძნები კვლავ წამოგვიყენებენ პრეტენზიებს, ანტიოქიის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ეცდება საქართველოს ეკლესიის დამორჩილებას. XV საუკუნეში, ბაგრატ მეფის დროს, საქართველოს ეწვია ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქი, მიხეილი. ეს იყო ტრადიციული ვიზიტი, რომლის დროსაც, ოსმანთა ბატონობის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესიის იერარქები ერთმორწმუნე ქვეყნებში შემოწირულობას აგროვებდნენ; მაგრამ, უნახავს რა, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, აოხრებული ქვეყანა, შინაომები, ცენტრიდანული ძალების გაძლიერება, ეროვნული ცნობიერების დაქვეითება, - ფარული მიზნით დაუწყია იმ ისტორიული საბუთების კვლევა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას რომ შეეხებოდა. "ანტიოქიელ მღვდელმთავარს უნდოდა, ქართულ წყაროებში ეპოვა ცნობა, თუ "ვითარ იგი პირველად ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნი ანდიოშიისა (ე.ი. ანტიოქიისა) პატრიარქთაგან იკურთხეოდიან". ცხადია, რისთვის დასჭირდებოდა ეს ცნობა მიხეილ პატრიარქს. მას უნდოდა ამ ძველი დამოკიდებულებით ესარგებლა. იგი ანტიოქიის მღვდელმთავართა საქართველოს ეკლესიაზე ბატონობის განახლება-აღდგენაზე ოცნებობდა უკვე" (ივანე ჯავახიშვილი).

ასეთი ოცნება, ვისაც არ უნდა ჰქონოდა, მას დიდი წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა, მაგრამ, პირიქით კი მოხდა და, როგორც ჩანს, ანტიოქიის პატრიარქს, თავისი ვერაგული გეგმის განხორციელებაში ქართველი ხელისუფალნიც ეხმარებოდნენ, რომელთაც, ჩანს, უკვე ნაკლებდ ესმოდათ საეკლესიო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. მათ ამოძრავებდათ კერძო ეგოისტური მისწრაფებები. ამის წყალობით, ანტიოქიის პატრიარქი ქართული ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარეულა და აფხაზეთის კათალიკოსად უკურთხებია იოვაკიმე. ამ ფაქტს ივანე ჯავახიშვილი ასე აფასებს: "ამდაგვარად, და ამ საქციელით, პატრიარქმა მიხეილმა, ბაგრატ მეფემ და დადიან-გურიელმა შამადავლამ, ქართველი ერის საუკეთესო შვილთა და მთელი ხალხის მიერ საუკუნეთა ბრძოლით მონაპოვარი, - ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს! მარტო ეს გარემოებაც კმარა მაშინდელი საქართველოს და, ბაგრატ მეფის ეროვნულ-პოლიტიკური თვითშემეცნების დაქვეითებისა და დაცემის საბუთად...

ასეთი იყო კიდევ ერთი შედეგი ანტიეგოისტთა რიცხვის შემცირებისა და ეგოისტთა გაზრდისა...

სიძლიერის პერიოდი, დაცემის ხანა, - ეს, ერის ცხოვრების წიაღში მიმდინარე პროცესის აღმნიშვნელი ტერმინებია; მთავარი ის არის, თუ, როდის იწყება, და როდის კიდევ, - მთავრდება, ეს პროცესი... განმსაზღვრელი რომ არის ადამიანის ქცევის სტერეოტიპისა და, - განსხვავებულ ხასიათს რომ ანიჭებს მას ისტორიული განვითარების ეტაპებზე...

საკითხავია, როდის, და რამდენი პასიონარული ბიძგი მოხდა ჩვენში? - ეს საკითხი მეცნიერთა მიერ საგანგებო კომპლექსური კვლევის საგნად უნდა იქცეს. ჯერჯერობით, შეიძლება ვთქვათ ის, რომ ლევ გუმილოვის ზემოხსენებულ მონოგრაფიაში, "ეთნოგენეზისი და დედამიწის ბიოსფერო", ტექსტს დართულ რუკაზე მხოლოდ ერთი ხაზია გავლებული საქართველოზე და ისიც, ძველი წელთაღრიცხვის XVIII საუკუნეში მომხდარი, პასიონარული ტალღის გადავლის აღმნიშვნელი. მისგან გამოწვეულმა ბიძგმა წარმოშვა ხეთების სახელმწიფო და ახალი სამეფო ეგვიპტეში, სტიმული მისცა ჰიქსოსების ლაშქრობების დაწყებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის, გარკვეულ წილად, იმოქმედებდა ქართულ ტომებზეც... და კოლხეთისა და დიაოხის გაერთიანებათა შექმნაც მისი ზემოქმედების შედეგად უნდა მომხდარიყო...

კოლხეთისა და დიაოხის პოლიტიკური გაერთიანებების, ანუ თუ გნებავთ, დასავლეთ და სამხრეთ ქართული ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის არქეოლოგიური მასალა და იმ ხალხების მითები, ლეგენდები და ისტორიული წყაროები ვისთანაც მათ ურთიერთობა ჰქონიათ: ქართველი ტომები თავისუფლების მოყვარულნი ყოფილან. ამას ადასტურებს ასირიის მეფის, ტიგლათ-ფილესერ I-ის წარწერა, სადაც, ამ მეფის ლაშქრობის ამბებია აღწერილი დიაოხაში, ძველი წელთაღრიცხვის 1112 წელს. იქ, ჩვენი წინაპრების თაობაზე, ასეთ კომენტარს ამოიკითხავთ: "... რომელთაც არ იცოდნენ (თუ რა არის) მორჩილება..." ხოლო, თუ რა სიმდიდრეს ფლობდნენ მაშინდელი ქართველები და როგორ ცხოვრობდნენ, ეს კარგად ჩანს ურარტუს მეფის სარდურ II-ის წარწერაში, რომელსაც, თავის მხრივ, ძველი წელთაღრიცხვის 747-741 წლებში ულაშქრია კოლხეთის სამხრეთ პროვინციებში და ამის თაობაზე, გვამცნობს: "... გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა (მე დავიპყარი) ქალაქი ილდამუსა, სამეფო ქალაქი კოლხას ქვეყნის მეფე (...) სა-სი, ბრძოლით დავიპყარი, მისი მოსახლეობა გადავბუგე. რკინის ბეჭედი გავაკეთებინე, წარწერა დავდგი ქალაქ ილდამუსაში, ციხე-სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე. კაცები და ქალები გავრეკე, სარდური ამბობს: იმავე წელს მესამეჯერ გავემართე სალაშქროდ ვიტერუხის ქვეყნის წინააღმდეგ. სამი ოლქის მმართველი მოვიხმე. სამ ადგილას მე ვილაშქრე, ღვთაება ხალდის სიდიადით ამ ქვეყანას ალყა შემოვარტყი, ერთი დღის განმავლობაში იგი ხელთ ვიგდე. ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები და ქალები იქიდან გამოვრეკე. ქალაქ ურაიანის ციხე-სიმაგრე მე ავაგე, ჩემი ნაცვალი იქ დავსვი. ვიტერუხის ქვეყნის მეთვალყურე იქ დავაყენე. სარდური ამბობს: აი, რა ვაჟკაცობა ჩავიდინე მე: 8100 ყრმა წავიყვანე, 9110 დედაკაცი გამოვრეკე, აგრეთვე 17300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 31600 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.. სარდური ამბობს: ღვთაება ხალდისათვის მე ეს საქმენი ერთი დღის განმავლობაში აღვასრულე".

მხოლოდ ქმედუნარიან, მრავალრიცხოვან მოსახლეობას ძალუძს აღაშენოს ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, - სადაც რკინას ჭედენ, მოაშენოს პირუტყვი, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით და სარდურისთანა ველური დამპყრობლის შემოსევებს გაუძლოს, არ ამოწყდეს, არ გადაშენდეს, იყოს ისეთი ძლიერი, რომ მასზედ გამარჯვების აღსანიშნავად სპეციალურ წარწერებს აკეთებდნენ...

"ოქრომრავალი" კოლხეთი ძველ ბერძნებსაც იზიდავდა, მათი მეშვეობით, მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დამკვიდრდა მისი სახელი.

ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, კოლხეთი კიმირიელების შემოსევამ გაანადგურა. დარტყმა ისე ძლიერი იყო, რომ შეიძლებოდა, კოლხური ცივილიზაცია საერთოდ გამქრალიყო, მაგრამ სასიცოცხლო ენერგია კოლხებს საკმაო აღმოაჩნდათ; ამიტომ, ორი საუკუნის შემდეგ (ძვ.წ. აღ. VI ს.), ქვეყანა აღსდგა. ორგანიზებულ იქნა სახელმწიფოებრივი ცხოვრება, კოლხები ჭრიდნენ მონეტას, "კოლხურ თეთრს". აქტიურად მონაწილეობდნენ იმ ბერძნული ახალშენების ცხოვრებაში, მათ ტერიტორიაზე რომ შეიქმნა, აშენებდნენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს, ტაძრებს, ამზადებდნენ ცნობილ სელის ნაწარმს, მოსახლეობა ბრძოლისუნარიანი იყო, - ეს ქსენოფონტეს უკვე ციტირებული ცნობებიდანაც ჩანს, ტაოხების თავგანწირვას რომ შეეხება.

ძნელი სათქმელია, ეს ენერგია იმ ზემოხსენებული ბიძგიდან მომდინარეობდა თუ, კიდევ რაიმე ლოკალურ ბიძგს ან ბიძგებს ჰქონდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, უკვე ფარნავაზის დროს, იბერია იერთებს კოლხეთს და დიაოხის ტერიტორიას და, ახლა, მისი ეგიდით კეთდება საერთო ქართული საქმე.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 80-იან წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში უნდა მომხდარიყო რეგიონალური მასშტაბის პასიონალური ბიძგი. ეს რომ ასეა, ამას, ქვეყნის ამ ნაწილში მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპის შეცვლა მეტყველებს. ჩვენი ისტორიული წყაროები ასეთი პროცესების დეტალური ხედვის საშუალებას არ გვაძლევს. ჭეშმარიტებას ღაღადებდა დიდი ილია, როცა წერდა: "ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა ჩრდილშია მიყენებული". ამიტომ, მხოლოდ მეფეთა და მმართველი არისტოკრატიის წარმომადგენლების ქცევის ხასიათით შეიძლება ვიმსჯელოთ, მოსახლეობის ქცევის თავისებურებაზე... იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ლიდერებს ყოველთვის მხარს უჭერს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ანუ, მათ შორის არსებობს კომპლიმენტარული დამოკიდებულება, - რაც ნიშნავს: "ურთიერთსიმპათიის ქვეცნობიერ შეგრძნებას, რომელიც განაპირობებს დაყოფას "თავისიანებად" და "უცხოებად".

კომპლიმენტარულ დამოკიდებულებას პიროვნებისადმი, იწვევს იდეა, რომლის მატარებელიც ეს პიროვნებაა და რომელსაც აიტაცებს ეთნოსი, ან - არა და, მაშინ კომპლიმენტარული დამოკიდებულება არ შედგება. ამის თაობაზე, ლევ გუმილოვი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

"მოტანილი მაგალითბიდან ჩანს, რომ თუ ნაპოლეონის, ალექსანდრე მაკედონელის და ლუციუს კორნელიუს სულას შემთხვევებში არის ცდუნება, დიდი ძალისხმევის ფასად მათში დავინახოთ "გმირი, რომელიც ბრბოს მიუძღვის", მაშინ, მოვლენათა ანალოგიური დამთხვევის პირობეში, ცხადია, საქმე გვაქვს არა პირად "გმირობასთან", არამედ ეთნიკური დომინანტის შექმნასთან, რომელიც ორგანიზებას უკეთებს სისტემის პასიონარობას და დასახული მიზნისაკენ მიჰყავს იგი. ხომ ცნობილია, ბევრი შემთხვევა, როცა გმირი ან პატრიოტი ბელადი ვერ ახერხებს დაარწმუნოს თანამემამულენი, აიღონ იარაღი თავისი თავისა და ოჯახების დასაცავად და შეებრძოლონ სასტიკ მტერს. ამის მაგალითად საკმარისია, გავიხსენოთ ალექსეი მურზუფლი, რომელიც 1204 წელს კონსტანტინეპოლის კედლებთან ებრძოდა ჯვაროსნებს. მის გვერდით მხოლოდ ვარიაგების რაზმი და რამდენიმე ასეული მოხალისე დარჩა და ყველანი მოკლულ იქნენ. კონსტნტინეპოლის დანარჩენმა ოთხასმა ათასმა მცხოვრებმა კი, ხელი არ შეუშალა ჯვაროსნებს, რომლებმაც დაწვეს და გაძარცვეს მათი ქალაქი. სწორედ აქ არის განსხვავება წინამძღოლის როლსა და ეთნოსის შესაძლებლობას შორის, რაც განისაზღვრება პასიონარულობის დონით".

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წყაროები სათანადო ინფორმაციას არ გვაწვდიან, უნდა დავასკვნათ: ზემოხსენებული, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის პასიონალური ბიძგიდან ოთხმოცი წლის გასვლის შემდეგ, - რაც სჭირდება ინკუბაციურ პერიოდს, - იბერიაში მრავალრიცხოვან ქმედუნარიან ძალად იქცნენ პასიონარები, რომელთაც შეძლეს ეთნოსის სხვაგვარად ორგანიზება, რაც ქცევის სტერეოტიპის შეცვლას გულისხმობს და, ეს რომ ასეა, ამას იბერიის სამეფოს შექმნა მეტყველებს 302 წელს.

სხვაგვარად, ახალი სახელმწიფოს დაბადება, ვერ მოხერხდებოდა, და ამას, მხოლოდ ერთი კაცი, ფარნავაზი, ვერ შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას პასიონარის ყველა ნიშანი აქვს: მცხეთის მამასახლისის - სამარას ძმისწული, ფიზიკურად ძლიერი, უშიშარი, ქმედითი ადამიანია, ის კარგი მონადირე და ცხენოსანია, საბრძოლო ხელოვნებათა მცოდნე, ბუნებით დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა. მან გადაწყვიტა ისეთი პრობლემა, როგორიც არის, ფინანსური მხარდაჭერა თავისი ჩანაფიქრისა. მართალია, ის, რაც "ქართლის ცხოვრებაში" წერია, ანუ, ამბავი ნადირობის დროს განძის პოვნისა, ლეგენდას ჰგავს და, რეალურად როგორ მოხდა სახსრების მოპოვება, არ ვიცით, მაგრამ ჩანს, ფარნავაზმა ეს შეძლო. შემდეგ, ის კავშირს ამყარებს ეგრისის გამგებელ ქუჯისთან, რომელიც იღებს მის წინადადებას და უპირობო მორჩილებას უცხადებს, - რაც, კარგად ჩანს ქუჯის ნათქვამით: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლება ჩემი". ასე რომ, ეს უბრალო კავშირი კი არა, ისტორიული კოლხეთის დიდი ნაწილის შემოერთება, ანუ ქართული ტომებით დასახლებული დიდი ტერიტორიის უსისხლო, მშვიდობიანი გზით გაერთიანებაა. "და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა... ჟამითი-ჟამად მოვიდის ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი..." (ლეონტი მროველი).

ქუჯისთან ალიანსი გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობასაც იძენს: დასავლეთ ქართული სახელმწიფო, რომელიც, თითქმის თხუთმეტი საუკუნე, ერის მეობის გამომხატველი იყო, ახლა, პასიონარული ენერგიის ამოწურვის შემდგომ, პირველობას უთმობდა აღმოსავლეთ ქართულ სახელმწიფოს, - ახალ ენერგიულ ძალას, რომელსაც უნდა გაეგრძელებინა და გაეღრმავებინა ქართველ ტომთა ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი, აეღორძინებინა და განევითარებინა ქართული სახელმწიფოებრიობა. უპირველესი ამოცანა, ქართველთა გაერთიანება, ბერძნული აგრესიის მოგერიება და ქვეყნიდან მათი მარიონეტის, აზოს განდევნა იყო. ამის შემდგომ იწყება სახელმწიფოს აღმშენებლობის უაღრესად საინტერესო პროცესი. ფარნავაზმა, ჯერ ნათესაური კავშირებით პოლიტიკური კავშირები განამტკიცა: თავისი ერთი და ქუჯის მიათხოვა, მეორე - ოვსთა მეფეს. მან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდ, სელევკიდების ელინისტურ სახელმწიფოსთან - დახმარება სთხოვა და სათანადო საჩუქრები მიართვა მეფე ანტიოქოს I სოტერს, რომელმაც მას სამეფო გვირგვინი გამოუგზავნა. ამ გზით, ფარნავაზმა, იბერიის საერთაშორისო აღიარებას მიაღწია; განახორციელა თავისი სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობის პოლიტიკა: ქვეყანა საერისთავოებად დაჰყო; შექმნა კალენდარი და ქართული დამწერლობა - ეს მოხდა 284 წელს, "ამან განავრცო ენა ქართული და აღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული" (ლეონტი მროველი); განახორციელა რელიგიური რეფორმა; დაამკვიდრა არმაზის კულტი და აღმართა მისი კერპი - სპილენძის ქანდაკება, რომელსაც ზურმუხტის თვალები ჰქონდა, ოქროს ჯაჭვი ეცვა, თავზე მუზარადი ეხურა, ხელში მოელვარე ხმალი ეჭირა: ეს იყო, ცის სინათლის, ატმოსფეროს, წვიმის, ელვა-ჭექის ღმერთი და ის იქცა უმთავრეს ღვთაებად წარმართულ ქართულ პანთეონში; ფარნავაზმა წამოიწყო და აწარმოვა მასშტაბური სამშენებლო საქმიანობა, აღადგინა ძველი ქალაქები და ციხეები, და ააშენა ახალი...

მარტო ჩამოთვლაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გააცნობიერო, რა გრანდიოზული ქმედებები განხორციელდა. ცხადია, ამას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა.

პასიონარ ფარნავაზისადმი კომპლიმენტარული დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინდელ მრავალრიცხოვან პასიონარებს, რომელთაც, იბერიის პირველი მეფის სახით, მაორგანიზებელი და იდეური წინამძღოლი ჰყავდათ. ამიტომ, გაითავისეს რა ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა, ყველას, შეძლებისდაგვარად, მიეცათ შესაძლებლობათა რეალიზების პირობები: ზოგი მეომარი იყო, ზოგი კანონმდებელი, ზოგი მეცნიერი, ზოგი მშენებელი, ზოგი მოხელე, ზოგი ხელოსანი, ზოგი გლეხი, ზოგი ქურუმი, ზოგი კულტურას ემსახურებოდა და, ასე შემდეგ. სახელმწიფოებრივი ცხოვრების სოციალური პირამიდა შეიქმნა და ერმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პროგრესის გზაზე. ხოლო ის, თუ რატომ მიეწერა ყველაფრის გაკეთება ერთ პიროვნებას და არ ვიცით სხვათა სახელები, ზოგადად, რის გამო ხდება ასე და, რა კანონზომიერებაა ეს ძნელი ასახსნელია.

ამ მოვლენის თაობაზე, მეტად საინტერესო აზრი აქვს გამოთქმული XIX საუკუნის ცნობილ ფრანგ ისტორიკოსს, ოგიუსტენ ტიერრის: "ხალხის მასები, როცა ამოძრავდებიან, ანგარიშს ვერ უწევენ იმ ძალას, მათ რომ უბიძგებს. ისინი მიჰყვებიან ინსტინქტებს მიზნისაკენ ისე, რომ არც ცდილობენ ზუსტად გაერკვნენ ამაში. ზედაპირულად თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბრმად მიჰყვებიან რომელიმე ბელადის კერძო ინტერესებს, რომლის სახელიც რჩება ისტორიაში, და მხოლოდ იმიტომ, რომ ის გადაიქცევა ხალხის დიდი მასების მიზიდულობის ცენტრად, ხალხი ისე იმეორებს ამ სახელს, რომ იციან, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს და მოცემულ მომენტში, არა აქვთ უფრო ზუსტად გამოხატვის მოთხოვნილება".

საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მეორე პასიონარული ბიძგის სიმძლავრის თაობაზე, შეიძლება ვთქვათ: ის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში 1500 წელი გვეცხოვრა აქტიური სახელმწიფოებრივი ცხოვრებით. ხოლო შემდგომ, უკვე დაცემის ხანაში გვეყო ენერგია, კიდევ 500 წელი გვქონოდა საკუთარი სახელმწიფო (უმეტეწილად, სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი საქართველო, ბევრ შემთხვევაში, ეს "სახელმწიფოები", დიდი იმპერიების ვასალები, მაგრამ, მაინც ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნები იყვნენ), შეგვენარჩუნებინა ეთნიკური სახე, ტრადიციები, კულტურა, რელიგია, დაბადებულიყო ბევრი პასიონარი, - ვინც სამშობლოსათვის შრომობდა და იბრძოდა და, მოწამებრივი სიკვდილი ერგო ქვეყნისა და რწმენისათვის.

ერთი სიტყვით, ვიცხოვრეთ ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ იმ ენერგიით, რა პასიონარული მუხტიც მივიღეთ, - ეს ადასტურებს ლევ გუმილოვის ნათქვამს, რომ: "ეთნიკური კოლექტივის მიერ შესრულებული სამუშაო, პასიონარული დაძაბულობის დონის პირდაპირპროპორციულია".

XIII საუკუნიდან, ქართველთა პასიონარული ენერგია საგრძნობლად იწყებს კლებას და, ეს ფაქტი შენიშნულია ქართულ ისტორიოგრაფიაში: "საერთო-სახალხო ხასიათის ექსპანსია, ეთნიკური ტალღების გადაადგილებით, საქართველოს აღარ შეეძლო მე-12 საუკუნიდან, ხალხის რესურსები მას მხოლოდ წმინდა "რეკონკისტული" შეტევისათვის შემორჩა” (ლოვარდ ტუხაშვილი). ისტორიული პერიოდი ზუსტად არის დასახელებული, მაგრამ, არა მგონია, საქმე მხოლოდ ხალხის რესურსებში იყოს. ის, მაშინ, პრობლემას არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ, დაბრკოლებას სხვა რამ ქმნიდა: შეცვლილი იყო მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპი, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სუბპასიონარები მომრავლებულიყვნენ. ეს ეტყობა ადამიანების მოქმედებას, მათ მიზნებს, მისწრაფებებს, დამოკიდებულებას ღირებულებებისადმი და გამოვლინდა ლაშქრობისა და ნადავლის მოპოვებისაკენ დაუსრულებელ მისწრაფებაში, და რაც, გიორგი III-ისსადმი მიმართვისას, ასე იქნა ფორმულირებული: "არა არს ღონე დარჩომისა ჩვენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა".

მმართველ კლასში გამეფებულ ატმოსფეროს ზედმიწევნით ზუსტად აფასებს ივანე ჯავახიშვილი: "ადამიანი სწორედ თავის თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობლები გადაიკიდოს და თავისადმი სიძულვილი ჩაუნერგოს! განა ასე არ იქცეოდნენ ქართველი დიდებულნი და ლაშქარი? ქართველები ისეთ თავდავიწყებამდე მივიდნენ, რომ ომიანობა სასიამოვნო ხელობად და გასართობად გაიხადეს". სხვაგვარად მოქცევა მათ არ შეეძლოთ, ეს ეგოისტთა ბუნებიდან მომდინარეობდა. მაგრამ, ასეთი ზნეობრივი პრინციპები, ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო იყო მისგან მომდინარე მოქმედების შედეგით, თორემ, ნადავლის მოპოვება ყველა ეპოქაში იყო მეომართა ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თვალში საცემია, თუ როგორ განსხვავდება გიორგი III-ის დიდებულთა მოთხოვნა ფარსმან I-ის თავისი ლაშქრისადმი მოწოდებისაგან, თუმცა, ორივეგან ლაპარაკია ნადავლზე.

ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის ქართველთა ხასიათს, მათ განწყობას, წარმოჩენილს მათივე მეფის სიტყვაში, ასე გადმოგვცემს რომაელი ისტორიკოსი, კორნელიუს ტაციტუსი თავის "ანალების" VI წიგნში, როცა იბერიასა და პართიას შორის სომხეთისათვის მიმდინარე ომის გენერალური ბრძოლის წინ, სპარსთა სარდლის, ოროდის და იბერთა მეფის, ფარსმანის მიერ თავ-თავიანთი ლაშქრისათვის ნათქვამს გვამცნობს:

"მაშ ასე, მას მერე, რაც ორივე ჯარი მოემზადა საბრძოლველად, პართიელთა მხედართმთავარმა თავის სიტყვაში მეომრებს შეახსენა აღმოსავლეთში ბატონობის შესახებ და არშაკიდთა დიდების შესახებ და იმის შესახებ, რომ მათი მტერი უცნობი იბერიელია დაქირავებული ჯარით; ფარსმანი კი ამბობდა, რომ არ იციან რა პართიელთა უღელი, რამდენადაც მეტს მოინდომებენ, იმდენად მეტ დიდებას მოუტანს მათ გამარჯვება, ხოლო თუ გაიქცევიან, დიდ სირცხვილს და საფრთხეს დაიტეხენ თავს, ამავე დროს მან მიუთითა თავისიანთა მრისხანე წყობაზე და მიდიელთა მოოქროვილ რაზმებზე და თქვა, რომ აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი ნადავლიო".

ასეთი შემართება არის მაშინ, როცა ამაღლებული მიზნები გამოძრავებს და მათ მისაღწევად საჭირო ძალას გრძნობ, ბრძოლა გწყურია და გამარჯვება არ გეეჭვება... ასეთ დროს, მამოძრავებელია პასიონარული იმპულსი და არა ეგოისტური მისწრაფება.

თუ თვალს გადავავლებთ ფარნავაზის შემდგომი ქართლის ისტორიას, გავიაზრებთ მას, როგორც მოვლენათა უწყვეტ ჯაჭვს, ნათლად დავინახავთ პასიონართა როლს და ადგილს გარდასულ დღეთა ამბებში. შევიცნობთ ეროვნული ენერგიის მნიშვნელობას, რომელიც ურთულესი პოლიტიკური კოლიზიების დროსაც ძალუმად ვლინდებოდა და ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ერთერთი უმთავრესი პირობა იყო და ბოლოს, იმ ეროვნულ იდეათა ხასიათში, - ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ვიდრე ჩვენი წელთაღრიცხვის XIII საუკუნის დამდეგამდე განვლილი თხუთმეტი საუკუნის მანძილზე რომ გვქონდა და, რომლებიც ეთნიკურ დომინანტად ქცეულნი, ამ ეროვნულ ენერგიას გამოიხმობდნენ...

საურმაგის მეფობის დროს მომხდარი ამბები: ტახტის დაკარგვა და გარეშე ძალის, დახმარებით ძალაუფლების დაბრუნება, ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მოვლენაა. შიდა დაპირისპირებისას იმარჯვებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა და ამ იდეის მატარებელი მეფის გარშემო ჯგუფდებიან პასიონარები, როგორც ჩანს, საკმაო რაოდენობისა, და იბერიის სამეფო იწყებს მთის ხალხებთან ურთიერთობის გარკვევას, მათ დამორჩილებას: "მეზობელი მეომარი მთიელი ტომები ქართლის სამეფოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის შექმნა მისთვის შეეძლო ჩრდილოეთ კავკასიის ველებსა და სამხრეთ რუსეთის სტეპებში მომთაბარე ტომებს, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ, გამოეთარეშათ სამხრეთის მდიდარ ქვეყნებში. მაგრამ მთიელთა და მომთაბარეთა ეს სტიქია იბერიის მეფეებს შეძლოთ არა მარტო უვნებელეყოთ, არამედ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინათ, თუ მათზე ეფექტურ კონტროლს დააწესებდნენ, მტკიცედ ჩაკეტავდნენ კავკასიონის გადმოსასვლელებს, დაიმორჩილებდნენ ან მოკავშირეებად გაიხდიდნენ მთიელებს და მომთაბარეებს. ადრეული ხანის ქართლი, ჩანს, იმდენად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ ამ ძნელი ამოცანის განხორციელება შეეძლო" (იხ. "საქართველოს ისტორიის ნარკვევები").

ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეებში, იბერია ფართოვდება სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. "უნდა ვიფიქროთ, რომ ჰერეთი (თანამ. კახეთის აღმოსავლეთი ნაწილი), ამ დროს, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ ალბანური ტომებით დასახლებული, შევიდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში" (იხ. "საქართველოს ისტორიის ნარკვევები").

მაგრამ, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და გაფართოების პროცესი მხოლოდ აღმავლობით არ მიმდინარეობდა. ძველი წელთაღრიცხვის 190 წელს, რომაელებმა მაგნეზიასთან ბრძოლაში დაამარცხეს ანტიოქოს III და ამით ბოლო მოუღეს სელევკიდების ელინისტურ სახელმწიფოს, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ სომხური ტომები. აღნიშნული ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ, ისინი თავიანთ სამეფოს ქმნიან. ჩანს, ამ მოვლენებამდე ცოტა ადრე, სომხეთში პასიონარულ ბიძგს ჰქონდა ადგილი, რადგან ისინი, სახელმწიფოს შექმნისთანავე, იწყებენ აგრესიული პოლიტიკის გატარებას და იპყრობენ მეზობელი ხალხების მიწა-წყალს. ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში საქართველო განიცდის სომეხთა შემოსევებს და კარგავს სამხრეთის ზოგიერთ პროვინციას. ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის ბოლოს, დასავლეთ საქართველო პონტოს სამეფოს აგრესიის მსხვერპლი ხდება. პონტოს მეფე, მითრიდატე VI ევპატორი (111-63 წ.წ) კოლხეთს იპყრობს. ასე რომ, აღმშენებლობისა და ტერიტორიული გაფართოების პროცესი, საგარეო სიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად რთულდება. ქვეყნის დიდ ნაწილს მეზობელი სახელმწიფოები იპყრობენ. ხსენებულ საუკუნეებში ქართველთა პასიონარული ენერგია ეროვნულ თავდაცვას და სახელმწიფოებრივი არსებობის შენარჩუნებას ხმარდება. ძვ.წ. აღ. 65 წელს, იბერიას რომის რესპუბლიკასთან აქვს სამხედრო კონფლიქტი. საქართველოში შემოიჭრა რომაელი მხედართმთავარი გნეუს პომპეუსი. მართალია, ამ ომში იბერიელთა მეფე არტაგი დამარცხდა, მაგრამ, იმ მედგარმა წინააღმდეგობამ, რასაც რომაელები გადააწყდნენ (ბრძოლაში დაცემული 9000 ქართველი, პარტიზანები, ხეებიდან რომ ისრებს სტყორცნიდნენ რომაელებს, არმაზის ციხის გარნიზონი), ქართველ პასიონართა შემართებისა და ენერგიის მაჩვენებელია, რასაც რომი ანგარიშს უწევს და ამიტომ, დამარცხებულ იბერიას კი არ იპყრობს, მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას დებს და იბერთა მეფეს "რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ" აცხადებს.

ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში იბერია ძლიერდება. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა პასიონარული ენერგია იყო, რომელსაც, ისტორიის ამ მონაკვეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, გამოვლენის უკეთესი პირობები შეუქმნა. "იბერიის მეფეები, უეჭველია ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური სიტუაცია თავისი სამეფოს საზღვრების გასაფართოებლად. ამ მხრივ, ისინი იმდენ წარმატებას აღწევენ, რომ I ს. 30-იან წლებში იბრძვიან არა მარტო სომხეთის სასარგებლოდ ადრე დაკარგული ცალკეული სამხრეთის ოლქების, არამედ, საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად" (იხ. "საქარათველოს ისტორიის ნარკვევები").

ეს ამბავი ასე განვითარდა: ჩვენი წელთაღრიცხვის 35 წელს, რომი ჩაერია პართიის შიდა საქმეებში და დამხობილი მეფის, არტაბან III-ის ნაცვლად, მმართველი დინასტიის წევრი ტირიდატი, ტახტის მოსაპოვებლად გააგზავნა. ვინაიდან ამ საქმეში იბერიის მხარდაჭერა და მისი სამხედრო პოტენციალის გამოყენება იყო ნავარაუდევი, იბერთა მეფეს (მაშინ მითრიდატე მეფობდა) სომხეთის ტახტს დაჰპირდნენ თავისი ვაჟისთვის. იბერიელები შეიჭრნენ სომხეთში, აიღეს დედაქალაქი არტაქსატა. სომეხთა მეფე არშაკი, თავისსავე ქვეშევრდომებმა მოკლეს. იბერთა წინააღმდეგ პართიელებმა თავიანთი მეფის ძის, ოროდის სარდლობით, დიდი ჯარი გამოგზავნეს. იბერიელებმა საკუთარ ლაშქარს ჩრდილო კავკასიელი დაქირავებულები მიაშველეს. გამოიყენეს კავკასიონზე არსებული გადასასვლელების ფლობის უპირატესობა და გზა გადაუკეტეს პართიელთა მიერ დაქირავებულ ტომებს. ამის შემდეგ, ადვილად დაამარცხეს პართიელთა ლაშქარი. სომხეთში უფლისწული მითრიდატე გამეფდა, - იბერთა მეფის, ფარსმანის ძმა... მოგვიანებით, ძმათა შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამას ზოგი იმით ხსნის, რომ ფარსმანს უნდოდა თავისი ამბიციური მემკვიდრე, რადამისტი, შორს ჰყოლოდა და, ის თავის ბიძასთან გაგზავნა, რომელიც შემდგომში ძმისა და ძმისშვილის ინტრიგის მსხვერპლი გახდა. სომხეთის ტახტზე კი, რადამისტი დაჯდა. პართიის მეფემ, ვოლოგესმა, სცადა, სომხეთში თავისი ძმა გაემეფებინა, ამიტომ შეიჭრა ამ ქვეყანაში, ხელთ იგდო არტაქსატა და ტიგრანაკერტი, განდევნა იბერიელები და სომხეთი სპარსეთს დაუმორჩილა დროებით. რადგან, რადამისტი მალე იბერიელთა ლაშქრით ბრუნდება, პართიელები ტოვებენ სომხეთს. ოღონდ, რადამისტმა ეს ქვეყანა ვერ შეინარჩუნა და ისევ იბერიაში დაბრუნდა, სადაც თავისი ამბიციური ხასიათის გამო, მოკლეს კიდეც, - როგორც ჩანს, ფარსმანის ბრძანებით.

სომხების მიერ დაპყრობილი ქართული პროვინციების უკან დაბრუნებით და მერე თავად სომხეთში იბერიის მმართველი დინასტიის გამეფების მცდელობით, გაცხადდა ის პასიონარული ენერგია, რაც ქართველ ერს გააჩნდა და, რომელიც დიდი ქმედებებისაკენ უბიძგებდა მას; მაგრამ, ორი იმპერიის, - რომსა და პართიას - შორის მოქცეულ მცირერიცხოვან ერს, გონიერება და დიდი მოქნილობა სჭირდებოდა, რათა მიზნებისათვის მიეღწია და თავისი ენერგია უთანასწორო ომში არ გაეხარჯა. ამიტომ ის ერთ-ერთი დიდი მეზობლის მოკავშირედ უნდა გამოსულიყო, რომ ორივე არ გაეღიზიანებინა. მხოლოდ ასე შეფარვით თუ იყო შესაძლებელი, კავკასიაში მესამე ძალად გადაქცევა.

ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლოს, იბერიის საერთაშორისო მდგომარეობა უარესდება, ძლიერდება სომხეთი და ისევ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს სამხრეთის პროვინციებზე. ამ ომში, იბერიამ, თავისი სტრატეგიული უპირატესობა გამოიყენა: გააღო დარიალის კარი, იქედან ალანები გადმოიყვანა და სომხეთს მიუსია. ჩანს, იბერიის შიდა მდგომარეობა ყოველთვის სტაბილური არ ყოფილა, რადგან, ზემოხსენებულ საუკუნეში, ქვეყანა ორად იყო გაყოფილი. მცხეთაში ერთი მეფე იჯდა, არმაზში - მეორე. ეს ხელს არ უშლის იბერთა მეფე ქართამს, სომხეთში ილაშქროს, იქაური უფლისწული დაატყვევოს და დარიალის ციხეში გამოკეტოს... ცვალებადი იყო იბერიის მდგომარეობა ტრაიანეს დროს, ის რომის ქვეშევრდომ სახელმწიფოდ იხსენიება.

ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის პირველ ნახევარში, იბერია კვლავ ძლიერდება. ეს არის ფარსმან II-ის მეფობის ხანა. ამ პერიოდში, იბერიის საზღვრები ფართოვდება და ის, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდ ნაწილზეა განფენილი, ამასთან, შავი ზღვის სანაპიროს მოზრდილ მონაკვეთსაც მოიცავს.

ფარსმან II კარგად იყენებდა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, კავკასიონზე არსებული გადმოსასვლელების კონტროლის საშუალებას; მან გადმოიყვანა დიდი რაოდენობით ალანები და შეუსია რომსა და პართიას. მეფის მიზანი ქართული მიწების გაერთიანება იყო და ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა რომაელთა განდევნა კოლხეთიდან. ოღონდ, ამის გაკეთებას პართიელთა დახმარებით კი არა, საკუთარი ძალებით აპირებდა. იგულისხმება როგორც იბერიის მხედრობა, ასევე დაქირავებულები. ფარსმანი ღიად დაუპირისპირდა რომს, ის არ შეხვდა კაბადოკიაში მოსულ იმპერატორ ადრიანეს... სამაგიეროდ, ანტონინუს პიუსის დროს, რომთან ურთიერთობა კეთილმეზობლურ ხასიათს იძენს, რაც, ჩანს, რომის მხრიდან დათმობებით იყო განპირობებული. დიონ კასიუსის ცნობით, ანტონინუს პიუს "გაუფართოებია მისი სამფლობელო".

ეს იყო მხარდაჭერა და დადასტურება ფარსმან II-ის საგარეო პოლიტიკისა. სწორედ ფარსმანს დაუდგეს ძეგლი რომში, მარსის ტაძარში, რომელიც ცხენზე ამხედრებულ იბერთა მეფეს გამოხატავდა. ეს, რომში მისი ვიზიტისა და, იბერთა სამხედრო ვარჯიშების დემონსტრირების შემდეგ მოხდა. ასეთ პატივს იმპერიის დედაქალაქში ყველას არ მიაგებდნენ. აშკარაა, ფარსმან II-ის დროს, იბერია რომისათვის ანგარიშგასაწევი სახელმწიფო იყო. იბერიისთანა პატარა ქვეყნისათვის ასეთი აღმავლობის პერიოდებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, სწორედ ასეთ დროს, მაქსიმალურად ვლინდება ეროვნული ენერგია, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში იგრძნობა აქტიურობა, ინტენსიურად მიმდინარეობს ერის შინაგანი განვითარების პროცესი... ოღონდ, პასიონართა ასეთი სიჭარბის პერიოდშიც, ჩვენი ქვეყნის ყოფაზე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ გარეშე ფაქტორები.

III საუკუნის დამდეგს, 226 წელს პართიულ ირანს სასანიდების დინასტია იპყრობს, რომელიც ქმნის თვისობრივად ახალ სახელმწიფოს და იწყება ძველი, აქამენიდური სპარსული ტრადიციების თავისებური აღორძინება. ის, რაც ირანში მოხდა, შეიძლება ითქვას, სპარსთა ეროვნული რეაქცია იყო, მიმართული უცხო ელინისტური კულტურის მოძალების წინააღმდეგ. ძველი რელიგია, ზოროასტრიზმი, ახალი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ეთნიკურ დომინანტად იქცა და, ბევრად განაპირობა სასანიდური ირანის აგრესიული საგარეო პოლიტიკა.

საქართველომ ამ ცვლილებების მნიშვნელობა მალე იგრძნო. უკვე შაბურ I-ის მეფობის დროს, 242-272 წლებში, იბერია და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია ირანის გავლენის სფეროში მოექცა. იბერთა მეფე, ამაზასპი, ირანული ორიენტაციის მმართველია და მათი დახმარებით ებრძვის რომაელებს; მაგრამ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

298 წელს, რომაელებთან ომში დამარცხებულმა სპარსელებმა, აღიარეს იბერიაზე რომის პროტექტორატის დამყარება. იბერიაში კვლავ ძლიერდება დასავლური ორიენტაცია, რაც, ყველაზე ნათლად, IV საუკუნის დამდეგს ქრისტიანობის მიღებით გამოიხატა. ამ დროიდან ქართველებს გაუჩნდათ ახალი ეთნიკური დომინანტი...

ქრისტიანობა ქართლში, შემოიტანა ნინო კაბადოკიელმა. პირველ რიგში მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ და აზნაურობამ მიიღეს ახალი რელიგია, ხოლო ეკლესიათა აღმშენებლობის საქმეში აზნაურთა განსაკუთრებულმა აქტიურობამ, ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას ათქმევინა: "ქრისტიანობა საქართველოს მოევლინა, როგორც აზნაურთა რელიგია და ძველი მონარქიის ოფიციალური კულტი". ამით შეიძლება დავასკვნათ ის, რომ ახალი ეთნიკური დომინანტი, ამ შემთხვევაში, რელიგია, თავდაპირველად მიიღო ერთმა სოციალურმა ფენამ, აზნაურობამ და, შესთავაზა მთელ ერს, რომელმაც ნელ-ნელა გაითავისა იგი. ამ დროს და მომდევნო ათწლეულებში, იბერია რომაული ორიენტაციის ქვეყანაა. მალე, ის, სომეხთა გამო, რომელთაც სპარსელები შეესივნენ, ომში ჩათრეული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ირანის მომხრე სომეხ ფეოდალთა მიერ დამხობილმა არშაკ II-მ ქართლს შეაფარა თავი, როგორც მოვსეს ხორენაცი წერს, "მან თავს უშველა მათგან კავკასიის მხარეში ქართველთა დახმარებით", ხოლო შემდეგ, როცა მისმა ოპოზიციამ მის მიერ აგებული ქალაქი არშაკავანი დაანგრია, იმავე ავტორის ცნობით, "არშაკი დაბრუნდა ქართლის ჯარით, შეაგროვა აგრეთვე მცირეოდენი თავის ერთგულნი და შეებრძოლა ნახარარებს თავისი ქალაქის არშაკავანის დანგრევისათვის შურის საძიებლად". ამის საპასუხოდ, ირანელები ქართლს მოადგნენ და 368 წელს, ირანის მეფე შაბურმა, გააძევა მეფე საურმაგი, "რომელიც რომაელთა შემწეობით განაგებდა იბერიას და ამ ხალხის გამგებლობა ვინმე ასფარუგს გადასცა; თანაც გვირგვინი დაადგა, რათა ჩვენი გადაწყვეტილებისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინა" (ამიენე მარცელინი).

სპარსელთა გააქტიურებას რომაელთა რეაგირება მოჰყვა. კავკასიაში შემოვიდა რომაელთა სარდალი, ტერენციუსი და სომხეთში თავისი კანდიდატი გაამეფა, ხოლო საურმაგს - სამხედრო დახმარება აღმოუჩინა და ის ქართლში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ორი მეფე ჰყავდა. ასფარუგმა საურმაგთან მოლაპარაკება აწარმოვა სამეფოს გაყოფის თაობაზე და მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც დაეთანხმა რომის ხელისუფლება: "ეს რომ იმპერატორმა შეიტყო, რათა გონიერი განსჯით გაერიგებინა, ამის გამო კიდევ მოსალოდნელი უთანხმოებანი, დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდინარე კიროსი დადებულიყო და სავრომაკს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე (მხარე) რგებოდა, ასფარუგს კი - ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე" (ამიანე მარცელინე), მაგრამ ქვეყნის ასეთი გაყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე, სპარსელებმა მთელი ქართლი მოაქციეს თავიანთი გავლენის ქვეშ და ორმეფობაც დამთავრდა.

387 წელს რომსა და სპარსეთს შორის ზავი დაიდო. მისი ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ დაიშალა გუგარქის საპიტიახშო და მისი ჩრდილო მხარეები ქართლის შემადგენლობაში შემოვიდა. ეს იყო ნაწილი იმ ქართული მიწებისა, რომლებსაც სომხები ეპოტინებოდნენ და პერმანენტულად ხელთ იგდებდნენ ხოლმე. სპარსელთა ბატონობა მეტად მძიმე იყო. დამპყრობელი არა მარტო იმონებდა და მოხარკედ აქცევდა ქვეყანას, არამედ ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლასაც ლამობდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, რელიგიურ ექსპანსიას შეეხება. იდევნებოდა ქრისტიანული სარწმუნოება და ვრცელდებოდა ცეცხლთაყვანისმცემლობა "და დამალეს ჯუარები ქართველთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლისმსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი" ("ქართლის ცხოვრება").

სპარსულ ექსპანსიას ებრძოდნენ ქართლის მეფეები: ფარსმანიც, მირდატიც, არჩილიც... ამ პერიოდში, ჩვენი ეროვნული ენერგია თვითმყოფადობის შენარჩუნებას ხმარდებოდა. სოციალურად აქტიური ერი ნაყოფიერად შრომობდა, ქმნიდა სიმდიდრეს, რომელიც ქვეყნიდან გაედინებოდა. ქართველთა წილი მეტად დიდი იყო იმ ხარკში, რომელსაც ირანელები კავკასიიდან იღებდნენ და როგორც სომეხი ისტორიკოსი, ეღაშე წერს, "თვითონაც დიდად უკვირდათ, საიდან მოდის მთელი ეს განძი, ან როგორ არის კიდევ ეს ქვეყანა შენებულიო".

საკვირველი სიმდიდრის შემქმნელ ერს, ბუნებრივია, დიდხანს არ შეეძლო დამპყრობელთა ბატონობა აეტანა და, V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის დროს, ქართველებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს.

ეს მეფე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სახელმწიფო მოღვაწეა: "და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა, რომელ ჭურვილ ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭიროს, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა" ("ქართლის ცხოვრება"). კარგი გარეგნობისა და დიდი ფიზიკური ძალის გარდა, ის იყო ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე, მარჯვე დიპლომატი, რეფორმატორი, სწორუპოვარი მეომარი. ის აშკარა პასიონარია და პასიონარებიც ჰყავდა გარს შემოკრებილი. ვახტანგი ქართლის გათავისუფლებას ეკლესიის რეფორმით იწყებს.

გორგასალმა დაამხო მთავარეპისკოპოსი მიქაელი, დააწესა კათალიკოსობა, დააფუძნა 12 ახალი საეპისკოპოსო. ეკლესიის ახალი მეთაური თავისი რანგით დამოუკიდებელი ეკლესიის მესვეურია. საეკლესიო დამოუკიდებლობა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის საწინდარი ხდებოდა. ვახტანგმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სააღმშენებლო საქმიანობა, დაიწყო ახალი დედაქალაქის, თბილისის შენება, ააგო ციხე-ქალაქი უჯარმა, აღადგინა დარიალის ციხე და ჩაკეტა ეს გადმოსასვლელი, რომელიც, ტრადიციულად, იბერიის მეფეთა ხელში იყო, - ამით საშუალება მიეცა ჩრდილო კავკასიიდან ჰუნთა შემოჭრა აღეკვეთა და ის თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა... ილაშქრა ოსეთში და ოსთა შემოტევებს ბოლო მოუღო. გაანადგურა შიდა ოპოზიცია: მოაკვლევინა გამაზდეიანებული ვარსქენ პიტიახში, - ოპოზიციის ლიდერი და ირანული ორიენტაციის მქონე "ვახტანგმა მოკლა ურჯულო ბდეხში ვაზგენი მეფე პეროზის ოცდამეხუთე წელს" (ლაზარ ფარპეცი). ეს მომხდარა 482 წელს. ამ წელს იწყება სპარსთა წინააღმდეგ აჯანყება, რომელიც ქართველთათვის წარმატებით დაიწყო და სპარსელები განდევნეს ქართლიდან.

მალე, ვახტანგმა დიდი დიპლომატიური წარმატება მოიპოვა: დაიყოლია სომხები, შებრძოლებოდნენ სპარსელებს. მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა სარდლობამ და, კერძოდ, ვარდან მამიკონიანმა "იცოდა სომეხთა ჯარის სისუსტე და ხედავდა, რომ მას დაჰკარგვოდა მხნეობა, დაუძლურებულიყო და სრულებით არ ჰგავდა სხვა დროის გულმოდგინეობასა და მონდომებას" (ლაზარ ფარპეცი), (ანუ სომხებში შემცირებულიყო პასიონართა რიცხვი) მათ ჰუნების მოშველიებას დაჰპირდა. თუმცა, ჰუნთა მოხმობა ამ ომში არ მოხერხდა, ვახტანგმა შეძლო აეყოლიებინა სომხები და ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრით, ჭარმანიანის ველზე შეებრძოლა სპარსელებს, მაგრამ, საბოლოოდ სომეხთა ერთი ნაწილის ღალატის წყალობით, მოკავშირეები დამარცხდნენ. 484 წელს სპარსელთა სარდალი, ჰაზარავუხტი, ქართლში შეიჭრა, მას შაჰის ბრძანება ჰქონდა, "ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა, ანდა ამ ქვეყნიდან განედევნა" (ლაზარ ფარპეცი). ეს ბრძოლაც წააგო ვახტანგმა მაგრამ, ამ დროს, ჰეფთალებთან ბრძოლაში, ირანის შაჰი პეროზი დაიღუპა და მისი ლაშქარი დამარცხდა. ამან ქართველებს შვება მოუტანა და ისინიც განაგრძობდნენ ბრძოლას ვახტანგ გორგასლის მეთაურობით, ვიდრე 502 წელს, ის სპარსელებთან ბრძოლაში არ დაიღუპა...

მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ენერგიული ერი სპარსთა ძალმომრეობის მოთმენას და ცხოვრების ტრადიციული წესის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომ არც უფიქრიათ იმ ინსტრუქციით ეხელმძღვანელათ, შაჰმა კავადმა გურგენ ქართლის მეფეს რომ გამოუგზავნა, რომელშიაც მიუთითებდა: "სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული და მიცვალებულებიც მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა და ძაღლებისათვის გადაეგდო" (პროკოპი კესარიელი).

ასეთი მოთხოვნები ზნეობრივად მიუღებელი რომ იყო ქართველთათვის, ამ უკანასკნელთ მოკავშირეს რომაელებში აძებნინებდა და, იმპერატორ იუსტინეს სახით, მხარდამჭერი და მფარველი იპოვეს, რომელიც მათ არწმუნებდა: "რომაელები არასოდეს სპარსელების ხელში არ ჩააგდებენ იბერებს" (პროკოპი კესარიელი). სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა, რომაელთა დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა და გურგენ მეფე იძულებული გახდა, 523 წელს დაეტოვებინა ქართლი. ამ წლიდან მოსპობილ იქნა მეფობა ქართლში, "ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი განძლიერდეს" ("მოქცევაი ქართლისაი").

დაიწყო სპარსული ოკუპაციის მძიმე წლები, მაგრამ ამას ერი არ ეგუებოდა, "ცხადია, იბერებს ძალიან უმძიმდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი ოდესმე შესაფერის დროს იხელთებდნენ" (პროკოპი კესარიელი). სპარსთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 571 წელს სომხეთში დაწყებულ ანტიირანულ მოძრაობაში ქართველებიც აღმოჩნდნენ ჩაბმულნი. 572 წელს ქართველებმა დაამარცხეს ირანელთა სარდალი გოლონმიჰრანი. ეს აჯანყება 562 წელს დაწყებულ ბიზანტია-ირანის ომს ემთხვევა და მისი მსვლელობა გავლენას ახდენდა ქართველთა მიერ თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაზე.

576 წელს ბიზანტიელთა დახმარებით ქართლის ნაწილი სპარსთა ბატონობისაგან განთავისუფლდა, თუმცა, მალე, ბიზანტიელთა მარცხის გამო, იბერია კვლავ სპარსთა გავლენის სფეროა. სამაგიეროდ, 589 წელს, შიდა არეულობა სპარსეთს ასუსტებს და 591 წელს ქართლი ისევ ბიზანტიის ხელში აღმოჩნდება. ორ დიდ იმპერიას შორის მოქცეულ ქართველთა ეს ბრძოლა, პასიონარული ენერგიის მქონე ერის კიდევ ერთი ქმედება იყო - მიმართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად: "ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ". ჰყოლოდათ საკუთარი ხელისუფლება და არა, უცხო ქვეყნის მოხელე - ასეთი იყო ქართველთა სურვილი. მაგრამ დიდ სახელმწიფოთა ინტერესები დაბრკოლებად გვექცა: გუარამს ბიზანტიელებმა კურაპალატის პატივი მიანიჭეს, რითიც, იმპერიისადმი მის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ხაზი გაუსვეს. თუმცა, ქართლის ხელისუფალთ ბევრად მეტის პრეტენზია ჰქონდათ და ეს კარგად გამოჩნდა სტეფანოზის ერისმთავრობის დროს, რომლის მისწრაფებების შესახებაც ნათქვამი აქვს მემატიანეს: "მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან". და მაინც, ერისმთავრობაც დიდი მონაპოვარი იყო.

604 წლის ბიზანტია-ირანის მორიგი ომის დროს, ირანი იმარჯვებს და ქართლი კვლავ ირანელთა გავლენის სფეროა. ამ დროს, ქართველობა, მეტად ორიგინალურად ავლენს თავისთავადობას. 506 წ. დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების შემდეგ, ქრისტიანობის მონოფიზიტური მიმდინარეობა ქართლში კიდევ დიდხანსაა ოფიციალური კონფესია, რომელსაც, ამავე დროს, ირანიც უჭერდა მხარს, როგორც ბიზანტიელთა მართლმადიდებლობის ალტერნატიულ რელიგიურ მიმართულებას.

ქართველთა სიმპათია ისევ დიოფიზიტობისაკენ იხრებოდა და ეს არაერთხელ გამოვლინდა, ხოლო, 606-608 წლებში ამას ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ჯერ პოლემიკა, შემდეგ კი განხეთქილება მოჰყვა. შეინარჩუნეს რა დიოფიზიტობისადმი ერთგულება, ამით ქართველებმა ბოლო მოუღეს სომეხთა მცდელობას, მოეპოვებინათ კავკასიაში რელიგიური ჰეგემონია. ქართველთა ამ გამარჯვებას სპარსთა შაჰინშაჰის ხოსრო II-ის პოზიციამ შეუწყო ხელი, რომელიც მაშინ დიოფიზიტების მიმართ შემწყალებლურ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ, 614 წლიდან მან ეს დამოკიდებულება შეცვალა და ქართლში ნამდვილი გადატრიალება მოხდა: დაემხო ადარნასე ერისმთავრის საერო, და კირიონ კათალიკოსის საეკლესიო ხელისუფლება. ქართლის ერისმთავარი ირანული ორიენტაციის ვარსამესე ხდება, დაკარგულ მდგომარეობას იბრუნებენ მონოფიზიტები.

ირანელთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 622 წელს, ბიზანტიის კეისარი ჰერაკლე, ირანის წინააღმდეგ დიდ ლაშქრობას იწყებს. დასავლეთ საქართველო მთლიანად და, აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, მას უჭერს მხარს. 627 წელს, ჰერაკლემ და მის დასახმარებლად მოსულმა ხაზარებმა, თბილისს ალყა შემოარტყეს. 628 წელს კი, ქალაქი, რომელშიაც სპარსელები და მონოფიზიტები იყვნენ გამაგრებულნი, აღბულ იქნა და სასტიკადაც აოხრებული. ამის შემდეგ, არაბთა შემოსევამდე, ქართლში ბიზანტიელთა გავლენა დამყარდა, რელიგიურად კი, კვლავ დიოფიზიტებმა გაიმარჯვეს.

VI აუკუნეში, არაბეთის ნახევარკუნძულზე პასიონარული ბიძგი მოხდა, ხოლო უკვე VII საუკუნის დამდეგს, მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა პასიონარებმა, ჯერ მისი სწავლება მიიღეს და გაითავისეს, შემდეგ ნახევარკუნძულზე მცხოვრები არაბთა ტომები ერთ სახელმწიფოში გააერთიანეს. ხალიფა ომარის დროს, 634-644 წლებში იწყება არაბთა დაპყრობითი ომები.

ქართლში, პირველად, არაბები 642-643 წლებში მოსულან, - მაშინ, ქართველებს ადვილად განუდევნიათ ისინი თავიანთი საზღვრებიდან, მაგრამ 654 წელს არაბთა სარდალი ჰაბიბ იბნ-მასლამა დიდი ლაშქრით მოადგა ქართლს. პატრიკიოსს მისთვის ელჩები შეუგებებია და საჩუქრებიც მიურთმევია. წინააღმდეგობის გაუწევლობა, არაბებმა მორჩილების გამოცხადებად მიიჩნიეს და ქართველებს "დაცვის სიგელი" მისცეს, რომლის თაობაზე, "საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, ასეთ ცნობას გვაწვდის: "ამ დოკუმენტით, რომლის შინაარსი IX ს. ცნობილი არაბი ისტორიკოსების ბალაძორის და ტაბარის თხზულებებმა შემოგვინახა, დამპყრობელ-დაპყრობილის უფლებები და ურთიერთვალდებულებანი იყო განსაზღვრული:

  1. ქართველები აღიარებენ მორჩილებას და იხდიან ჯიზიას, კომლზე ერთ დინარს, ამასთან, ეკრძალებათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შესამცირებლად, თავის მხრივ, არც არაბებს აქვთ კომლების დანაწილების უფლება ჯიზიას გასადიდებლად.
  2. მოსახლეობა ვალდებულია არაბებს მტრების წინააღმდეგ რჩევითა და საქმით დაეხმაროს, ე.ი. სამხედრო ბეგარა იკისროს; შეიფაროს და დახმარება აღმოუჩინოს ჩამორჩენილ მუსლიმებს, ბინითა თუ მათთვის დასაშვები სასმელ-საჭმელით და შემდეგ მიიყვანოს ის არაბთა უახლოეს რაზმამდე.
  3. ისლამის მიმღები არაბთა თანამოძმე ხდება და ყველა მუსლიმისათვის საერთო უფლებებით სარგებლობს.
  4. არაბები ვალდებულებას კისრულობენ დახმარება გაუწიონ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ, მაგრამ, თუ ვინიცობაა, მათი მოუცლელობის გამო, ქართველები მტერს დაემორჩილნენ, ეს მათ დანაშაულში არ ჩაეთვლებოდათ.

თუ მოსახლეობა ამ პირობებს მიიღებდა და შეასრულებდა, არაბები მას უშიშროების, ქონებისა და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, თუ არა და ომს უცხადებდნენ ალაჰისა და მისი მოციქულის სახელით".

ეს ხელშეკრულება საკმაოდ ვერაგული დოკუმენტია, იმით, რომ კორექტულად არის შედგენილი და სიფრთხილეს უჩლუნგებდა ქართველებს. მორჩილების გრძნობას უღვივებდა მუხანათი მტრის მიმართ და მაინც, ამ შეთანხმებამაც საქმეს ვერ უშველა: ქართველები, რომელთაც ბლომად ჰყავდათ პასიონარები და მორჩილებაზეც ნაკლებად ფიქრობდნენ, მიეცათ თუ არა საშუალება, ანუ, როცა სახალიფოში არეულობა დაიწყო, არაბებს განუდგნენ. სომეხი მემატიანის თანახმად: "ქართველთა მთავარმა ნერსემ განდევნა ბარაბა, სომხეთში მდგარი არაბთა ჯარის სარდალი, სასტიკ განადგურებით გაჰფანტა მისი ჯარი და გააქცია იგი".

უბედურება ის იყო, რომ შეუთანხმებელი პოლიტიკა საქმეს აფუჭებდა, ამის გამო, ეროვნული ენერგიის მიზანდასახულად წარმართვას ვერ ახერხებდნენ. 697 წელს, ბიზანტიელთა წინააღმდეგ, აჯანყებულმა ეგრისის პატრიკიოსმა, სერგი ბარნუკის ძემ, დასავლეთ საქართველო არაბებს გადასცა. ამ გზით ფეხადგმულმა დამპყრობლებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი გავლენა; არაბთა სარდალმა ჯარაჰმა ქართველები აიძულა ჯიზიას გარდა, ხარაჯაც გადაეხადათ. ყოფა აუტანელი ხდებოდა, ამას ემატებოდა ხაზართა შემოსევები და ბიზანტიის დესტრუქციული ქმედებანი.

გაუსაძლის ყოფაში მყოფი ქართველები აჯანყდნენ, მათ დასამორჩილებლად, 735 წელს, ხალიფა ჰაშამიმ 120-ათასიანი ლაშქარი შემოუსია საქართველოს. ამ ჯარს სათავეში მურვან იბნ-მუჰამედი ჩაუყენა, რომელსაც თავისი სისასტიკის გამო, ქართველებმა "მურვან ყრუ" შეარქვეს, რომლის "მოღვაწეობაც" ასე არის აღწერილი "ქართლის ცხოვრებაში": "მოვლით ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა".

მურვანმ ყრუმ დასავლეთ საქართველოც ააოხრა. წამებით მოკლა არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე, აიღო და დაანგრია ბევრი ციხე-ქალაქი, - მათ შორის, ცნობილი ციხე-გოჯი, ამის შემდეგ მან სამხრეთ საქართველო ააოხრა. ამ გამანადგურებელი შემოსევის შემდგომ, არაბებმა ქართლის დედაქალაქი თბილისი დაიკავეს და იქ ამირა დასვეს. ასე შეიქმნა თბილისის საამირო.

თავდაპირველად ამირას ხელისუფლება მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, მაგრამ არაბთა ძალაუფლება არც ისე მტკიცე იყო, როგორც მურვან-ყრუს შემოსევის შედეგებით შეიძლება გვემსჯელა. ამ დროს, ქვეყნის განადგურებული ცენტრიდან მოშორებით, განაპირა მხარეებში, ხდება ქართველთა პასიონარული ენერგიის თავმოყრა. ეს პროცესი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს აღმშენებლურ საქმიანობაში გამოვლინდა: აფხაზეთის ერისთავი ლეონი (ის, ვინც ქართლის ერისმთავარ მირთან და მის ძმასთან, არჩილთან ერთად ანაკოფიის ციხეში გამაგრდა და მურვან ყრუს ლაშქრის იერიშები მოიგერია) ბიზანტიელთა და ხაზართა დახმარებით, ბრძოლას ეწევა არაბთა წინააღმდეგ. მისმა შვილმა ლეონ II-მ მთელი დასავლეთ საქართველო დაიპყრო და ერთიან სამეფოდ აქცია, ქუთაისი კი, მის დედაქალაქად.

ახლადწარმოქმნილი სამეფო თანდათანობით თავისუფლდება ბიზანტიის გავლენისაგან. ეს, პირველ რიგში, საეკლესიო დამოუკიდებლობას შეეხება. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი სამშენებლო საქმიანობა. აღორძინებას იწყებს ქართული კულტურა. სახელმწიფო აღმშენებლობის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს კახეთსა და ჰერეთში. პირველი - არაბებთან ბრძოლაში ძლიერდება და ფორმირდება ეკონომიკურად წელგამართულ და კარგად ორგანიზებულ სახელმწიფო ერთეულად; მეორე - უფრო მშვიდობიანი და მოქნილი პოლიტიკით აღწევს მიზანს. ამასთან, ჰერეთში კონფესიური დაპირისპირება იყო დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის, რაც, საბოლოოდ, მართლმადიდებლობის გამარჯვებით დამთავრდა.

IX საუკუნის დამდეგს, აშოტ ბაგრატიონი სამხრეთ საქართველოში გადადის, ქ. არტანუჯში მკვიდრდება, საფუძველს უყრის კიდევ ერთი ქართული სახელმწიფო წარმონაქმნის ორგანიზებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც საშინლად იყო აოხრებული არაბების მიერ. "კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ" (გიორგი მერჩულე). იწყება ამ აოხრებული ტერიტორიების მოშენება. ციხეების, ქალაქების, სოფლების, ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა. ეს უკანასკნელი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ტაო-კლარჯეთი საქართველოს ერთგვარ რელიგიურ ცენტრადაც კი იქცა. ქვეყანა მალე მოშენდა და მასში იმდენი სამხედრო პოტენციალი დაგროვდა, რომ აშოტ კურაპალატი უკვე სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა არაბთა წინააღმდეგ და ქართლშიც ახერხებდა თავისი ძალაუფლების გავრცელებას. მაგრამ 829 წელს აშოტის მოღალატურად მოკვლის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა შიდა ქართლი დაკარგეს. მომდევნო მეფეების და, განსაკუთრებით, დავით III კურაპალატის დროს, ტაო-კლარჯეთის სამეფოს საზღვრები, შორს, სამხრეთით ვრცელდება. ამავე მეფის დროს, ტაოელი ქართველები (პასიონარები) დიდ როლს თამაშობენ ბიზანტიის სახელმწიფოს ცხოვრებაში – 12 ათასიანმა ქართველთა ლაშქარმა თორნიკე ერისთავის მეთაურობით გაანადგურა იმპერატორის წინააღმდეგ ამბოხებული ბარდა სკლიაროსის ლაშქარი.

IX-X საუკუნეებში, პერიფერიებზე თავმოყრილი პასიონარები იწყებენ ბრძოლას ქვეყნის ცენტრის დასაუფლებლად ("ბრძოლა ქართლსა ზედა"). ამ ბრძოლაში ერევა გარეშე ძალა, სომხეთის სამეფოების სახით და ისინი ქვემო ქართლზე აცხადებენ პრეტენზიას ("ქართლის ველი"). ამავე დროს, საქართველოს პერმანენტულად აოხრებენ არაბები. საკმარისია, გავიხსენოთ ბუღა თურქის (853 წ.) და აბულ კასიმის (913-14 წ.) შემოსევები, სხვა ლაშქრობებზე რომ არაფერი ვთქვათ, რათა გავაცნობიეროთ ის ზეწოლა, რასაც საქართველო განიცდიდა. მაგრამ, ქართველ ერს აღმოაჩნდა საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ჯერ ცალკეულ სამეფო-სამთავროებს ეწარმოებინა დამპყრობლებთან ბრძოლა, ხოლო შემდეგ, შეექმნა ერთიანი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც იოანე მარუშისძისა და დავით კურაპალატის პოლიტიკის შედეგად განხორციელდა; 975 წ. ბაგრატ III ბაგრატიონი ქართლის მეფედ დასვეს, 980 წელს ბაგრატ III აფხაზთა მეფედ აკურთხეს. 1008 წელს, გურგენ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III იერთებს სამხრეთ საქართველოს ანუ დავით კურაპალატის მემკვიდრეობას, ხოლო 1010 წელს მან შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და ამგვარად, საქართველო თითქმის გაერთიანდა, რაც ქართველ პასიონართა ძალისხმევით მოხდა. ქართველმა პასიონარებმა, მიუხედავად უდიდესი დანაკარგებისა, გაუძლეს არაბთა მსოფლიო იმპერიის შემოტევას და შეინარჩუნეს თავისი ეთნიკური სახე, კულტურა, რელიგია, ტრადიციები. ქართველმა ერმა მკვეთრად გამოხატა ეთნოცენტრიზმი და გამოავლინა იდეოლოგიური ბრძოლის გასაოცარი უნარი.

გავიხსენოთ იოანე საბანისძის მიერ აღწერილი ამბავი არაბი ჭაბუკისა, აბო თბილელისა, ქართველებზე გამარჯვებული, დამპყრობი ერის შვილის ისტორია, რომელმაც დამარცხებული ხალხის სარწმუნოება აღიარა და ეწამა კიდეც ამ რწმენისათვის. მერვე საუკუნის ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოები ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, პროპაგანდისტული ბრძოლის უნიჭიერესი ნიმუშია და დადასტურებაა იმ ქმედუნარიანობისა, რომელსაც მაშინდელი ქართველობა ავლენდა ადამიანის შემოქმედების ყველა სფეროში. მიმდინარეობდა ქართველი ერის შინაგანი განვითარება და ამისი შედეგი იყო ერთიანი სახელმწიფოს შექმნა.

ეს პროცესი ადვილად არ წარიმართა, იყო შიდა და გარე წინააღმდეგობები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, გადაილახა, ზოგ შემთხვევაში კი, არა. დავით კურაპალატის მემკვიდრეობა სრულად არ რგებია გურგენ მეფეს და შემდგომ, ბაგრატს. ბაგრატიონთა შორის შიდა წინააღმდეგობამ და გაუგებრობამ ის გააკთა, რომ დავითმა თავისი სამფლობელოების ნაწილი ბიზანტიის იმპერატორს, ბასილი II ბულგართმმუსვრელს გადასცა... 1001 წელს, როცა გარდაიცვალა დავით კურაპალატი, "გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისათა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა" ("ქართლის ცხოვრება"). ამ მიწა-წყლის დაბრუნება იყო საჭირო. თუმცა, ბიზანტიის იმპერია იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო... ბაგრატ III-ის მემკვიდრე, გიორგი I, რომელზედაც თქმულა, რომ ის იყო "ახოვან და ყოველთურთ უშიში, ვითარცა უხორცო" ანუ პასიონარი, - როგორც ყველა მისი წინაპარი, ბუნებრივია, შემოიკრებდა პასიონარებს. პატარა საქართველოს მაშინ აღმოაჩნდა ეროვნული ენერგია იმისათვის, რომ შებმოდა ბიზანტიის იმპერიას. 1014-1016 წლებში, როცა ბასილი II ბულგარელებს ებრძოდა, გიორგი I-მა ბიზანტიელთაგან მიტაცებული იმიერ ტაო დაიკავა და საქართველოს შემოუერთა. იმპერატორის წინადადება დაპყრობილი ტერიტორიების ნებით უკან დაბრუნების თაობაზე კი, - უარყო. ამ დროს გამოვლინდა გიორგი I-ის ღრმად ეროვნული, მასშტაბური, რელიგიური სნობიზმისაგან თავისუფალი, უაღრესად პრაგმატული პოლიტიკა. ეს იქიდან ჩანს, რომ გიორგი I-მა, ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმთან დაიწყო მოლაპარაკება ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, ეგვიპტის სულთანი მალე უგზო-უკვლოდ დაიკარგა და, საქართველო მარტო აღმოჩნდა უძლიერესი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც 1021 წელს გამოილაშქრა. მაშინ, "გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღმდგომად მისსა". სოფელ შირიმნისთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ქართველთა ნების დათრგუნვა ბიზანტიის იმპერატორმა მაინც ვერ შეძლო, პირიქით, გიორგი I, იმპერიის შიდა ოპოზიციასთან, - აჯანყებულ ქსიფესთან და ფოკასთან ამყარებს კავშირს, მაგრამ ბასილი II-მ აჯანყებულები დაამარცხა. კვლავ განახლდა მოლაპარაკებები, რომელიც ბიზანტიელებმა შეწყვიტეს და მოულოდნელი შეტევით ქართველები დაამარცხეს.

ზავი ბიზანტიასთან 1023 წელს დაიდო. საქართველომ სამხრეთის მიწები დაკარგა და უფლისწული ბაგრატი, სამი წლით მძევლად წაიყვანეს ბიზანტიაში. გიორგი I-ის მოღვაწეობა აღსანიშნავია იმით, რომ პატარა საქართველო გრძნობდა რა ეროვნული ენერგიის მოზღვავებას (მრავალრიცხოვანი პასიონარების არსებობის შედეგი), არ ეპუებოდა მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფოს. ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. მიუხედავად უმძიმესი ომისა, ქვეყანა აქტიური შიდა ცხოვრებით ცხოვრობდა.

გიორგი I გარდაიცვალა 1027 წელს. უკვე ბაგრატ IV-ის მეფობაში, აშკარად გამოჩნდა, რომ სუბპასიონარები მომრავლებულიყვნენ ჩვენში. საერთოდ, X-XII საუკუნეებში საგარეო წარმატებას საშინაო ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს: რამდენადაც ეფექტურად ებრძოდნენ შიდა ოპოზიციას გაერთიანებული საქართველოს მეფეები, რამდენადაც ამარცხებდნენ ანტიეგოისტები ეგოისტებს, იმდენად წარმატებულად მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობის პროცესი.

ბაგრატ IV-ის მეფობის წლებში, აშკარა ხდება ბიზანტიის აგრესიული დამოკიდებულება კავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოების მიმართ. 1028 წელს, იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ საქართველოს დიდი ლაშქარი შემოუსია; ამავე დროს, მხარს უჭერდა და ქართველი მეფის წინააღმდეგ აქეზებდა სეპარატისტულად განწყობილ აზნაურებს, მაგრამ, ეპისკოპოს საბა მტბევარის ენერგიულმა სამხედრო აქციამ, მის მიერ შავშეთის დაცვამ, ჩაშალა ბიზანტიელთა გეგმები. ხოლო ლიპარიტ ბაღვაშ-ორბელიანმა, კლდეკარის ციხეს მიმდგარ ბიზანტიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და, აიძულა ისინი, უკან გაბრუნებულიყვნენ. ქვეყანა აირია, თუ ფეოდალთა ერთი ნაწილი სამშობლოს ერთგულებდა, მეორე ნაწილი აშკარად ღალატის გზას ადგა: ჩანჩახი ფალელმა და არჯევან ჰოლოლისძემ გარყლობის და წეფეთის ციხეები გადასცეს ბიზანტიელებს და თავადაც იმპერიას შეაფარეს თავი. გარედან მოსულმა რეალურმა მხარდაჭერამ აამოძრავა ცენტრიდანული ძალები. ამ დროს, ბიზანტიელებმა ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს დემეტრე კლარჯი - ბაგრატიონების შთამომავალი. მტერი მოსახლეობის მოსყიდვასაც ხშირად მიმართავდა და ამით ნერგავდა კაპიტულანტურ შეხედულებებს. ამან მაშინდელი საზოგადოების ერთი ნაწილის დემორალიზება და მტრის მხარეზე გადასვლა გამოიწვია. "მიიქცეს ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა". მარცხსა და შინაგან აშლილობას ბოლო კონსტანტინე კეისრის გარდაცვალებამ მოუღო. ეს მოხდა იმავე 1028 წელს "და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანა ესე, კუალადცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა, ეწია სენი სასიკუდინე კონსტანტინე მეფესა, მოუწერა პარკიმანოზს პროედოსსა, უხმო შეღმართ, ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კონსტანტინე მეფე" ("მატიანე ქართლისაი").

ღმერთის წყალობა არ იქნებოდა საჭირო, თუ ისეთი დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყანას, რომელსაც მაშინ საკმაოდ ჰყავდა პასიონარები, სათანადო მაორგანიზებელი ძალა გამოუჩნდებოდა და ამ პოტენციალს სახელმწიფოს თავდაცვისაკენ წარმართავდა. მაშინ, მტერი ადვილად დამარცხდებოდა. თავად განსაჯეთ: თუ ორი ისეთი ფეოდალის აქტიურ, ენერგიულ, მაორგანიზებელ ქმედებას, როგორიც საბა მტბევარი და ლიპარიტ ორბელიანები იყვნენ, ბიზანტიის ლაშქრის სარდლობის გეგმებში სერიოზული კორექტივები შეჰქონდა და თავდაპირველ ზრახვებზე ხელი ააღებინა მათ, რა იქნებოდა, საქართველოს შინაგანი რესურსების სრული მობილიზაციით რომ ებრძოლა! - ცხადია, უეჭველად გავიმარჯვებდით და "დავით კურაპალატის მემკვიდრეობის" საკითხის გადაწყვეტას კიდევ ნახევარი საუკუნე არ დასჭირდებოდა..

რაკი მტრის შეჩერება ძალით ვერ მოხერხდა, ეს ამოცანა დიპლომატიას დაევალა. ბიზანტიაში დიპლომატიური ვოიაჟები ჰქონდათ ორგზის, - მელქისედეკ კათალიკოსს და მარიამ დედოფალს.

პირველი ელჩობის ხასიათისა და მიზნების თაობაზე, ლოვარდ ტუხაშვილი წერდა: "მელქისედეკმა ორგზის ელჩობის შედეგად მიიღო: დიდძალი ფული, მრავალი სოფელი და აგარაკი სწორედ იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდებოდა ბიზანტიური იურისდიქცია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ეკლესიის მესაჭე პრობიზანტიურ, კომპრომისულ ნიადაგზე იდგა. ჩანს, იგი ცნობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის (ან შეიძლება უშუალოდ იმპერატორის) უზენაესობას დიოფიზიტურ სამყაროზე, მაგრამ მომხრე იყო რეგიონალური (ამ შემთხვევაში ქართული) ავტოკეფალიისა, მელქისედეკმა თავისებური "უნიანისტური" პოლიტიკით დაითანხმა ბიზანტია, ეცნოთ მცხეთის კათალიკოსის უფლებები ქართული სახელმწიფოს გარეთ მდებარე ქართულ პროვინციებზეც. სწორედ ეს პირობა უნდა ყოფილიყო მელქისედეკის პრობიზანტიურობის ძირითადი საფუძველი. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ: მე-11 საუკუნის I მესამედში საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო საგარეო პოლიტიკა ერთმანეთს არ დაემთხვა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მელქისედეკ კათალიკოსის მისთვის წარმატებულ ვიზიტებს არ მოჰყოლია სანატრელი მშვიდობა ქვეყნისათვის".

საერო და საეკლესიო პოლიტიკათა შეუთავსებლობას, რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ასეთი გახლავთ ის, რის შესახებაც კარდინალი რიშელიე ამბობდა, "სახელმწიფოს აქვს რეალური მოთხოვნილებანი, მაშინ როცა ეკლესიის მოთხოვნილებანი წარმოსახვითია და თვითნებური", მეორე მიზეზი, - იდეოლოგიური ცენტრის ქვეყნის გარეთ ძიებაში და აქედან მომდინარე რელიგიურ სნობიზმში მდგომარეობდა. XI საუკუნეში ამ ტენდენციას დაუპირისპირდა გიორგი ათონელი. თუმცა, მოგვიანებით ეს ტენდენცია კვლავ გაძლიერდა ჩვენში...

სახელმწიფოსათვის უფრო მომგებიანი იყო მეორე ელჩობა, რომელიც მარიამ დედოფლის სახელს უკავშირდება: "შემდგომ ამისსა, წელსა მესამესა, წავიდა დედოფალი მარიამი, დედა ბაგრატ აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა" ("მატიანე ქართლისა"). ამ ელჩობამ ნაწილობრივ მოაწესრიგა ურთიერთობა ბიზანტიასთან, ბაგრატს მიენიჭა კურაპალატის წოდება და მას ცოლად მიათხოვეს იმპერატორ რომანოზ III-ის ძმისწული ელენე. მაგრამ, კავშირი ბიზანტიასთან, მტკიცე არ ყოფილა და, ის მალე დაირღვა.

1032 წელს ბიზანტიელთა ინტრიგების წყალობით ბაგრატ IV-ეს აუჯანყდა ნახევარ-ძმა დემეტრე და ანაკოფიის ციხე გადასცა ბიზანტიელებს. წარუმატებლობის მიზეზი, ბაგრატის, როგორც ქვეყნის მმართველისა და, აქედან გამომდინარე, მაორგანიზებელის, სისუსტე იყო. ეს კარგად ჩანს მის მიერ დაშვებული შეცდომებიდან, მოქმედების უსისტემო ხასიათიდან, მოვლენათა მისეული ხედვის ფრაგმენტულობიდან.

თავად განსაჯეთ, რამდენჯერმე დაიკარგა თბილისის შემოერთების შანსი. 1032 წელს ლიპარიტ ამირამ და ქართლის ერისთავმა ივანე აბასაისძემ ბრძოლა დაუწყეს თბილისის ამირა ჯაფარს, წაართვეს მას ბირთვისის ციხე და ბოლოს, თავად ისიც შეიპყრეს. მაგრამ, ბაგრატმა ამირა გაანთავისუფლა, ლიპარიტ ბაღვაშის მოწინააღმდეგე ფეოდალების ჩარევით... 1037 წელს ბაგრატ IV-მ ალყა შემოარტყა თბილისს. ამ ომში, მისი მოკავშირე კახეთის მეფეც იყო. ორი წლის განმავლობაში ქალაქი ალყაში ჰყავდათ, თბილისის ამირა უკვე დანებებაზე ფიქრობდა, როცა ბაგრატ IV-მ, მოულოდნელად, ზავი დაუდო ამირას. "ამ შემთხვევაშიც ბაგრატ IV-ის საქციელი ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიან აზნაურთა ჯგუფის ოინებისა და გავლენის შედეგი ყოფილა" (ივანე ჯავახიშვილი). მეფის ასეთი საქციელი გამხდარა ლიპარიტთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. როგორც ჩანს, ბაგრატს ქვეყნის უძლიერეს ფეოდალთან დაპირისპირება თავიდან საგანგაშოდ არ მიუჩნევია, ამიტომ თავისი გუშინდელი მოკავშირის, კახეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ შემდეგ, შიდა ოპოზიციის მნიშვნელობა გაიაზრა და უკან დაიხია. 1044-1045 წლებში ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის ბრძოლა დაიწყო, ეს ომი ბაგრატ IV-ის გაუწონასწორებელი პოლიტიკის შედეგი იყო, რადგან ლიპარიტი მეფის მისადმი დამოკიდებულებით იყო უკმაყოფილო და ეს ყოვლისშემძლე ფეოდალი მთელი სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მიზეზი გახდა. მას მხარს უჭერდნენ ბიზანტიელები, ის ცდილობდა ბაგრატ IV-ის ნახევარძმის, დემეტრეს გამეფებას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დიდგვაროვანმა აზნაურმა სულა კალმახელმა ლიპარიტი ტყვედ არ ჩაიგდო და მეფეს არ გადასცა. ამის შემდეგ, ლიპარიტი პოლიტიკას ჩამოშორდა, - ბიზანტიაში აღიკვეცა ბერად.

მეფის პოლიტიკით პროვოცირებულმა შინაომმა ხელი შეუშალა ქვეყნის გაერთიანებას და ტერიტორიულ ზრდას. ასე მაგალითად, დაიკარგა 1045 წელს ანისის ბერების მიერ გადმოცემული ეს ქალაქი. საერთოდ, იმ წლებში მიზანდასახულად ვერ წარიმართა ქართველთა ეროვნული ენერგია. სულ მალე, გართულდა ქვეყნის საგარეო მდგომარეობა: 1065 წელს საქართველოს თურქ-სელჯუკთა სულთანი ალფარსლანი შემოესია და ქვეყანა ააოხრა. 1068 წელს დაიკარგა რვა წლით ადრე შემოერთებული კახეთი. იმ წელს, თურქებმა ისევ ააოხრეს საქართველო. ამის შემდეგ, მეფემ თბილისი აიღო, მაგრამ საქართველოს კი არ შემოუერთა, არამედ 4400 დრაჰკანის ყოველწლიურად გადახდის პირობით, ისევ თბილისის ამირას დაუბრუნა... 1072 წელს ბაგრატ IV გარდაიცვალა.

მისი მემკვიდრე გიორგი II ვერ გამოვიდა იმ პიროვნებად, რომელიც ერის სრულფასოვან წინამძღოლობას შეძლებდა, სათავეს დაუდებდა კონსტრუქციულ პროცესებს, შინაურ და გარეშე მტერს ალაგმავდა. პირიქით, როცა გამეფებიდან ერთი წლის შემდეგ 1073 წელს გიორგი II-ს აუჯანყდნენ გავლენიანი ფეოდალები, ივანე ლიპარიტის ძე, ნიანია ქვაბულის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი, აღებულ იქნა ქუთაისი, გაძარცვული - სამეფო საჭურჭლე, ააოხრეს ეგრისი. მეამბოხეთა დაშოშმინება მეფემ იმითი შეძლო, რომ დააჯილდოვა ისინი... ეს დამნაშავეთა წაქეზებას ნიშნავდა და დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებდა მაშინდელ საზოგადოებაში. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ივანე ლიპარიტის ძე, კიდევ ერთხელ აუჯანყდა მეფეს. მეორედ დამარცხებული, - ისევ აგრძელებს მუხანათობას, ღალატით გაგის ციხეს იგდებს ხელთ და განძის ამირა ფალდონს მიჰყიდის...

უნიათო მეფე, გიორგი II ქვეყნის შიგნით წესრიგს ვერ ამყარებდა, გარეშე საფრთხე კი, სულ უფრო ძლიედებოდა. 1073 წელს საქართველოსაკენ დაიძრა თურქ-სელჯუკთა სულთანი მელიქ-შაჰი. ივანე ლიპარიტის ძე, უკეთესი ხვედრის ძიებაში, ჯერ სულთანს მიემხრო, შემდეგ კი, მიატოვა ის. ამ მანიპულაციებს ის მოჰყვა, რომ მელიქ-შაჰმა თრიალეთი ააოხრა და ხელთ იგდო სამშვილდე. ერთი ფეოდალის თვითნებობას მოჰყვა მტრის შემოსევაც და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტის დაკარგვა. ერთადერთი ნათელი წერტილი, 1074 წელს, ფარცხისთან ბრძოლაში თურქთა დიდი ლაშქრის დამარცხებაა. აქცია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს დიდი სამხედრო პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენებისათვის საჭირო მაორგანიზებელი ძალა, სამეფო ხელისუფლების სახით, - არ არსებობდა... მალე, ბიზანტიასთან დაიდო უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება:

იმპერიის აღმოსავლეთის დიდმა დომესტიკოსმა, ქართველმა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, საქართველს გადმოსცა კარის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია. გიორგი II-მ ციხეში შავშელ აზნაურთა ჯარი ჩააყენა. სამწუხაროდ, მეფის უთაობის გამო, ამ შენაძენის შენარჩუნება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მისი გამოყენება არ მოხერხდა, - ციხე თურქებმა ჩაიგდეს ხელში.

1080 წელს იწყება თურქთა ინტენსიური შემოსევები. ეთნიკური ექსპანსიის ხასიათისა. ამ ექსპანსიას ქართველებმა "დიდი თურქობა" უწოდეს. ქვეყნის დიდი ნაწილი ააოხრეს, მოსახლეობა ააწიოკეს, მომთაბარეებმა მოშალეს ინტენსიური სოფლის მეურნეობა. ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების მიერ იყო დეზორგანიზებული და თურქებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. გიორგი II-მ ისღა შეძლო, რომ თურქებს დაუზავდა, აღუთქვა მათ ხარკის გადახდა. ასეთი მორჩილების პასუხად თურქ-სელჯუკთა სულთანმა: "ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის... და სამეფო მისი განათავისუფლა ზედამარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა და ესრე განდიდებითა და მრავალითა დიდებითა გამოგზავნა თვსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობის და რათა აართვან კახეთი" ("ქართლის ცხოვრება"). დამარცხებულ ქართველ მეფეს თავს მოახვიეს პროვოკაციული წინადადება, მელიქ-შაჰის მიერ "ნაწყალობევი" კახეთ-ჰერეთის სახით, რომელიც "მწყალობელს" არ ეკუთვნოდა და რომლის გიორგისათვის ჩუქება ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფას ნიშნავდა. კახეთის დასაპყრობად სულტანმა გიორგი II-ს თურქთა ლაშქარი მისცა და ამ უკანასკნელმა, კახეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა. ალყა შემოარტყა ვეჟენი ციხე. ამ ალყის დროს, გიორგიმ გაუგონარი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, კახეთს მიმდგარი თურქები მიატოვა, თვითონ კი, "ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არასდროს ზრუნავდის სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟენისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელი ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღემდე. ხოლო თვით გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად".

ეს ამბავი შესანიშნავი პოლიტიკური ანეკდოტი იქნებოდა, ესეოდენ ტრაგიკული შედეგი რომ არ ჰქონოდა ერისათვის, რომელსაც დიდი ეროვნული ენერგია გააჩნდა და შემოსეული მტრის მოგერიება შეეძლო, ხელისუფლების უთავობის გამო კი, ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა...

შექმნილ მდგომარეობას ბუნებრივი კატაკლიზმებიც დაემატა, ასეთ დროს, ქართველ პასიონარებს კომპლიმენტარული დამოკიდებულება ვერ ექნებოდათ მაორგანიზებლად ვერქცეული მეფისადმი. პირიქით, უვარგისი ლიდერი მიუღბელი ხდებოდა, "და დიდმა აზნაურთა წრემ პოლიტიკური გადატრიალება მოახდინა სამეფო კარზე" (ნ. ბერძენიშვილი). ამის შედეგად, სამეფო ტახტზე უფლისწული დავითი ავიდა "მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა ამას მარტოდ შობილს გიორგისგან თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა" ("ქართლის ცხოვრება").

დავით IV - აღმაშენებლად წოდებული, უდაოდ, ნიჭითა და უნარით ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა. მან განახორციელა მანამდის არნახული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობითი ქმედებანი, უპირველეს ყოვლისა, მთელი ციკლი რეფორმებისა: სამხედრო, მმართველი აპარატის, საეკლესიო, სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო... დავითმა შემოიკრიბა უმეთაუროდ დარჩენილი პასიონარები "ნელ-ნელა შეადგინა ერთგული სამხედრო რაზმები, რომელნიც ძირითადად ყმა მოლაშქრეებისა და წვრილი მსახურეული აზნაურებისაგან შედგებოდა. დავითის რაზმები, გუნდ-გუნდ დაყოფილნი თავს ესხმოდნენ ქართლში ჩამომსხდარ თურქებს, ერეკებოდნენ მათ და გაქცეულ და აყრილ მოსახლეობას დაბრუნებისა და მეურნეობის აღდგენის საშუალებას აძლევდა" ("საქართველოს ისტორიის ნარკვევები") ქართული ჯარი დავით აღმაშენებელის დროს ოთხ სახეობისაგან შედგაბოდა: მონა-სპა ანუ, მეფის გვარდია, მეციხოვნენი - საგარნიზონო სამსახურს რომ ეწეოდნენ, ფეოდალური ლაშქარი - რომელიც საგანგებოდ იკრიბებოდა ომის დროს და როქის სპა, - დაქირავებული მეომრებისაგან შემდგარი.

დაქირავებული რაზმები თითქმის ყოველთვის არსებობდა ქართულ ლაშქარში, მაგრამ 1118 წელს, 40 ათასი ყივჩაყი ოჯახის საქართველოში ჩამოყვანით, მათი სათანადო გაწვრთნითა და მათთვის დაკისრებული ამოცანით, ამ სტრუქტურას განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭა. ქართველ ისტორიკოსებს აღნიშნული აქვთ დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული ფეოდალური საქართველოს საგანგებო მილიტარიზაციის პოლიტიკა: "ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის ეპოქიდან დაიწყო ქართული "სახელმწიფოს გასამხედროება", "ქართული რეკონკისტი", ამის გარეშე არ წარმოიდგინებოდა... გასამხედროებული სახელმწიფოს მუდმივ ჯარს თვითგამოკვების პრინციპი ედო საფუძვლად (არმიას თვით უნდა შეექმნა საკუთარი თავის გამოკვებისათვის აუცილებელი დოვლათი)" (ლოვარდ ტუხაშვილი). ფეოდალური სახელმწიფო ისედაც მილიტარიზებულია, მაგრამ, იმისათვის, რომ მომთაბარე თურქ-სელჯუკთა უზარმაზარ სამხედრო პოტენციალს დაპირისპირებოდა, საჭირო იყო ისეთი სამხედრო სისტემის შექმნა, რომელიც ადექვატური მასშტაბის სამხედრო პოტენციალს გამოიხმობდა. დავით IV-მ ამას, სახელმწიფოს გასამხედროებით მიაღწია.

ამ პოლიტიკას, ცხადია, თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა, რამაც, მოგვიანებით იჩინა თავი. მაშინ კი, დავით აღმაშენებელმა განახორციელა სახელმწიფოს ისეთი სამხედრო ორგანიზება, რომ შექმნა ძალა, რომელიც წინ აღუდგა მომთაბარე თურქ-სელჯუკთა ეთნიკურ ექსპანსიას, შეაჩერა მათი შემოტევა, შეძლო ფართომასშტაბიან კონტრშეტევით ბრძოლებზე გადასვლა.

სელჯუკებთან პარტიზანული ომის დაწყების პარალელურად, დაიწყო მეამბოხე ფეოდალების ალაგმვა. 1097 წელს, ლიპარიტ ბაღვაში ბიზანტიაში გააძევა, ხოლო, როცა 1103 წელს, რატი ლიპარიტის ძე გარდაიცვალა, მეფემ გააუქმა კლდეკარის საერისთავო. შემდეგ, ჯერი მიდგა ძაგან აბულეთის ძეზე, რომელსაც ქონება ჩამოერთვა. ფეოდალურ რეაქციასთან ბრძოლამ, საერო საქმეებიდან საეკლესიოში გადაინაცვლა, რადგან იქ იყო ფეხმოკიდებული ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI საუკუნეებში საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნიდა მეფის ოპოზიციისათვის ამავე დროს, ჩანს, ისინი, კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ აგვარებდნენ: "წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნი ლ იყვნეს" ("ქართლის ცხოვრება").

ასეთი შეფასება, მეტყველებს იმ მდგომარეობის შესახებ, ეკლესიაში რომ იყო შექმნილი და რომელიც ვერ გამოადგებოდა მოკავშირედ და მხარდამჭერად გაძლიერების გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას. "იმუნიტეტმოპოვებულ და გაძლიერებულ ეკლესიას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი საერო ხელისუფლება. სახელმწიფო ცდილობდა ეკლესია თავის მოკავშირედ შეენარჩუნებინა" ("საქართველოს ისტორიის ნარკვევები"). 1103 წელს რუის-ურბნისში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელმაც, ეკლესიიდან გამოდევნა მეფის ოპოზიცია, მათ დაკავებული თანამდებობი დაატოვებინეს და იქ, მეფის მომხრეები დანიშნა. ამრიგად, ანტაგონიზმი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მოისპო. ხოლო, მწიგნობართუხუცესად ჭყონდიდელი ეპისკოპოსის დანიშვნით - რაც შემდგომში ტრადიციად იქცა - მეფეს მიეცა საშუალება, ეკლესიაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი მოეპოვებინა.

ადმინისტრაციული რეფორმა გამოიხატა ბიუროკრატიული აპარატის რეორგანიზაციით, ვაზირთა ინსტიტუტის მნიშვნელობის გაზრდით.

განხორციელდა სასამართლო რეფორმა, შეიქმნა ე.წ. "სააჯო კარი"..

შეიქმნა მსტოვართა ინსტიტუტი - დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური, სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად იქცა.

საგანგებო ყურადღება მიექცა უმაღლეს განათლებას, დაარსდა გელათის აკადემია. ეს მოხდა 1106 წელს, "ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა. დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად".

1104 წელს დავით IV-მ კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.

თავის შინაგან და საგარეო პოლიტიკას, დავით აღმაშენებელმა კიდევ ერთი იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა იმით, რომ მეფეთა ტიტულატურაში ბევრის მთქმელი სიახლე გაჩნდა. კერძოდ, მეფე იწოდებოდა "მესიის მახვილად". ამ ფორმულირებით, დავით IV-ს დეკლარირებული აქვს თავისი მეფობის უმაღლესი პრინციპი. როგორც ნიკო ბერძენიშვილი წერს: "მისი სახით თვით ღმერთი მოქმედებს და ამდენადვე მეფის წინააღმდეგ მოქმედება ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებაა". ამრიგად, თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვით, ის ღმერთის ნებას ასრულებს... ამას ნიშნავდა ზემოხსენებული ფორმულირება.

ერწუხის ბრძოლაში თურქთა დამარცხებას გარდატეხა შეაქვს მომთაბარეებთან ომში და იწყება დიდი განმათავისუფლებელი ბრძოლა: 1110 წელს აღებულ იქნა სამშვილდე. ამ ფაქტით თავზარდაცემულმა თურქებმა ქვემო ქართლის ბევრი ციხე მიატოვეს. 1115 წელს აღებულ იქნა რუსთავი; 1116 წელს თურქი მოთარეშეები გაანადგურეს სამხრეთ-დასავლეთ და სამხრთ-აღმოსავლეთ საქართველოში. 1117 წელს ქართველებმა ილაშქრეს შირვანზე და დაიპყრეს ქალაქი გიში; 1118 წელს აიღეს ლორე; 1119 წელს ქართველებმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე თურქული ემირატები დალაშქრეს და როგორც ამბობენ (თამაზ ნატროშვილი), ეს აქცია განხორციელდა იერუსალიმის მეფესთან შეთანხმების თანახმად. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორთან, დავით აღმაშენებლის სარდლობით, ქართველთა 55-ათასიანი ლაშქარი ანადგურებს თურქ-სელჯუკთა 300 ათასიან კოალიციურ ლაშქარს.

1122 წელს, განთავისუფლებულ იქნა და, სამუდამოდ საქართველოს დაუბრუნდა თბილისი. 1123 წელს აიღეს დმანისი, იმავე წელს ილაშქრეს შირვანში. ამის შემდეგ დავით IV იწყებს დანარჩენი ამიერკავკასიის განთავისუფლებას თურქთაგან. 1124 წელს კი, "მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა" და შემოიერთეს ანისი.

დავით აღმაშენებელმა, არა მარტო მოიგერია მომთაბარე თურქ-სელჯუკთა ეთნიკური ექსპანსია, განდევნა ისინი და გააერთიანა საქართველო, არამედ, საფუძველი ჩაუყარა კავკასიური მასშტაბის ქართული იმპერიის შექმნას.

ამისკენ არის მიმართული მისი ძალისხმევა, და გამოიხატა იმ შედეგებში, რაც მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანეს: ტოლერანტობის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანამ, ურთიერთობამ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ყივჩაღებთან, ჯვაროსნებთან… ყველა ნაბიჯი ამ მეფისა, მიმართული იყო დიადი მიზნის მისაღწევად. დაწყებული, თუნდაც, ბიზანტიურ ტიტულებზე (ქართველ მეფეებს ვასალური დამოკიდებულების ნიშნად უხვად რომ ურიგებდნენ კონსტანტინეპოლელი იმპერატორები: მაგისტროსი, კურაპალატი, სევასტოსი, პანიპერსევასტოსი, ნევილისიმოსი) უარის თქმით, და დამთავრებული იმ საკადრო პოლიტიკით, რომელმაც, გარდა ისტორიული წყაროებით ცნობილი რამდენიმე პიროვნებისა, ძალიან ბევრი, ჩვენთვის უცნობი ადამიანი გამოიყვანა სახელმწიფო ასპარეზზე, მისცა მათ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება. ანუ, მოიხმო აქამდის მოუხმობელი პასიონარები და მათთან თანამშრომლობით, ომისა თუ აღმშენებლობის დროს, წარმოუდგენლად დიდი შედეგები მიიღო, ამას ტიტანური შრომა და ახალი სახელმწიფო სისტემის შექმნა დასჭირდა.

ეს უკვე ნახსენები, "სახელმწიფოს გასამხედროებაა", სისტემა, რომელიც დავით აღმაშენებლის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებად იქცა და მისი მემკვიდრეების დროსაც, გარკვეული დროის მანძილზე, ეფექტურად მოქმედებდა, "მაგრამ მთელი ქვეყნის გასამხედროება არ შეიძლება მუდმივი ყოფილიყო. სოციალური განვითარება აიძულებდა ზედნაშენს, ბაზიზს გასწორებოდა, დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხთა მიწაზე დამაგრების პროცესი, "შეწყალების ინსტიტუტით" გააფართოვა პირობითი მიწათმფლობელობა, მაგრამ მოსაკარგავე აზნაურები, უკვე მეორე თობაში, გადაიქცნენ ტიპიურ მემამულეებად. სახელგანთქმულ ქართველ მეფეს თავისი რეფორმატორული ბუნების, ორგანიზატორული ნიჭისა და ზღვა ენერგიის მიუხედავად, არ შეეძლო შეეფერხებინა ბატონყმობის განვითარება. პირიქით, ობიექტურად, საქართველოს გაერთიანებით, მისი განთავისუფლებით, დიდ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლით, მან ხელი შეუწყო ობიექტურად სოციალურ პროგრესს...

მომდევნო ხანაში, გასამხედროებული სახელმწიფო ნელ-ნელა ვითარდება სავაჭრო კაპიტალის მქონე ფეოდალურ ქვეყნად ბიუროკრატიული სამოქალაქო მმართველობით. ეს პროცესი, ბუნებრივია, მეტად მტკივნეული იყო, სწორედ ამიტომ გიორგი III -ს აუჯანყდებიან დიდებულებიც (ივანე ორბელის აჯანყება), ეკლესიაც (მოითხოვს შეუვალობას), ლაშქარიც (მოითხოვს სარგოს ან სარგოს მოპოვების საშუალებას). გიორგი III -მ სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა: 1. ივანე ორბელის საგვარეულოს დასჯის ფონზე დიდი პრივილეგიებით აღჭურვა არისტოკრატია (მოსალოდნელია, სწორედ ამ პერიოდში ჩაეცა მახვილი პირობით მიწათმფლობელობას, რამაც მსხვილი სენიორების შეუვალობა მოამზადა თამარის ეპოქაში); 2. "გაახსენდა" ეკლესიის ადრინდელი, "თავისუფლებანი" და მიანიჭა შეუვალობა; 3. "ლაშქარს" დაერთო რბევის ნება, მაგრამ რადგან ეს გამოსავალი არასაიმედი იყო, მათი მომარაგების ფუნქცია ხელში აიღო სახელმწიფომ" (ლოვარდ ტუხაშვილი).

სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, რომელმაც ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მოაგვარა და, ამავე დროს, საფუძვლად დაედო კავკასიური მასშტაბის იმპერიის შექმნას, თითქმის მთელი საუკუნე ამართლებდა თავის დანიშნულებას, თუმცა, უკვე ნახევარი საუკუნის შემდეგ, იწვევს კრიზისს, რომელიც შემდეგი ნახევარი საუკუნის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა. ამისი მიზეზი, საპირისპიროდ ციტირებული მოსაზრებისა, იყო ის, რომ ქვეყნის ზემოხსენებული გასამხედროება, ანუ მეტისმეტი მილიტარიზაცია საქართველოს შიდა განვითარების პროცესის დამაბრკოლელად იქცა, მაგრამ, თავიდან, ასე სულაც არ ჩანდა...

დავით აღმაშენებელი 1125 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. იმავე წელს, ტახტზე მისი ძე, დემეტრე I ავიდა და ერთი შეხედვით, დავითის პოლიტიკა გააგრძელა. დემეტრე იპყრობს დმანისს და ხუხანს. 1130 წელს ამარცხებს მის წინააღმდეგ გამოლაშქრებულ ხლათის სულთანს. 1131 წელს აღებულ იქნა გარნისი, 1138 წელს აღებულ იქნა განძა. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ანისისათვის მიმდინარეობდა, რაც სომხეთისათვის ბრძოლის ცენტრალური ეპიზოდი იყო და ნაწილი - კავკასიისათვის დაწყებული ბრძოლისა. ამის წარმატებულად წარმართვას გვარიანად შეუშალა ხელი შიდა ოპოზიციამ, რომლის მოქმედება დესტაბილიზაციას იწვევდა სახელმწიფოში, ხელისუფლების ყურადღება საგარეო პოლიტიკიდან საშინაოზე გადაჰქონდა:

1130 წელს დემეტრე I-ს შეთქმულება მოუწყვეს უმცროსმა ძმამ და დიდმა ფეოდალებმა. დემეტრემ მოახერხა და შეთქმულები შეიპყრო, უფლისწულს თვალები დასთხარეს, ივანე აბულეთის ძე კი, - მოგვიანებით, მეფემ მოაკვლევინა.

შიდა ოპოზიციის შემდგომი გამოსვლა 1150 წელს მოხდა, როცა დემეტრე I-ის უფროსი ვაჟი, დავითი, ფეოდალთა დახმარებით ცდილობს ტახტის ხელში ჩაგდებას. შვილთან დაპირისპირებული დემეტრე I, 1154-55 წლებში მეფობას თავს ანებებს და ბერად აღიკვეცება.

სამეფო ტახტზე ავიდა დავით V, რომელმაც თავიდანვე დემეტრე I-ის საშინაო პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედებებით დაიწყო მეფობა. კერძოდ, ივანე აბულეთის ძის შვილი თირქაში, ციხიდან გაანთავისუფლა და ამირსპასალარად დანიშნა. დავით V-მ სულ 6 თვე იმეფა და გარდაიცვალა. თუმცა, სომეხი მემატიანის, ვარდანის მოსაზრებით ის, შესაძლოა, გიორგი უფლისწულის სურვილით მოკლეს სუმბატ და ივანე ორბელებმა.

შემდეგ, გიორგი უფლისწული გამეფდა, რადგან, დემეტრე I მას ანიჭებდა უპირატესობას, იყო "მარჩეველი ძისა უმცროსისა" ("ქართლის ცხოვრება"). გიორგი მამის თანამოსაყდრე გახდა, ხოლო 1156 წლიდან, დემეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ, ერთპიროვნულად მეფობს გიორგი III-ის სახელით. გიორგის დროს კვლავ გაგრძელდა ბრძოლა სომხეთისათვის და მისი მთავარი ქალაქის, ანისის შესანარჩუნებლად. 1161 წელს გიორგიმ ანისის მმართველი ფალდონი განდევნა ქალაქიდან და ის იოანე ორბელს ჩააბარა. ამის საპასუხოდ, მუსლიმან მმართველთა კოალიცია დაიძრა. შაჰ არმენ იბრაჰიმ ნასირ-ადდინ-სუკმან II-ის, დიარბექირის მმართველის, კუტადადდინ ილღაზი არდონის-ძის და არზრუმის მთავრის, ალ-მელიქ სალტუხის მიერ ორგანიზებულ ამ ძალას, ქართველები ორგანიზებულნი დახვდნენ და დაამარცხეს. ორი ათასი მეომარი ტყვედ ჩაიგდეს, მათ შორის, 6 მთავარი და 150 ამირა. 1162 წელს ქართველებმა დვინის მფლობელის ჯარი დაამარცხეს და ქალაქი აიღეს. 1163 წელს ქართველები მარცხდებიან ილდიგუზ ათაბაგის ჯართან ბრძოლაში. 1167 წელს საქართველოს ყმადნაფიცი შირვანშაჰის სამფლობელოებს ჩრდილოეთიდან საფრთხე დაემუქრა, რაც ქართული ლაშქრის მიერ ლიკვიდირებული იქნა და ქალაქები, შაბურანი და დარუბანდი - აღებული.

1173 წელს ანისი შემოუერთდა საქართველოს.

საგარეო წარმატებებმა ვერ გაანელა შიდა წინააღმდეგობანი. ფეოდალური არისტოკრატია გასაოცარ გაუმაძღრობას ავლენს და მისი მადის სულ მცირე დაუკმაყოფილებლობაც საკმარისია, რომ მიზეზი იპოვონ და ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ: ივანე ორბელი გიორგი უფლისწულის მომხრე იყო და შესაბამისად, დავით V -ის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი. მას ერთგულება იმით დაუფასეს, რომ ამირსპასალარად დანიშნეს. ამას გარდა, ის დავით V-ეს ობლად დარჩენილი ვაჟის, დემნა უფლისწულის გამზრდელიც გახდა და მოგვიანებით, დემნას თავისი ქალიშვილიც მიათხოვა. მართალია, უფლისწულის არასამეფო გვარის წარმომადგენელზე დაქორწინებით ტრადიცია ირღვეოდა და დემნას მეფობისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები ექმნებოდა, სამაგიეროდ, ივანე ორბელის ამბიციები კმაყოფილდებოდა, რომელიც აშკარად იმაზე მეტი იყო, ვიდრე, თუნდაც, ყველაზე აღზევებულ ფეოდალს უნდა ჰქონოდა. როგორც ჩანს, ორბელს სურდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი მმართველი, ან, სულ ცოტა, საქართველოს ვასალური სახელმწიფოს მეთაური. ამიტომ ცდილობდა, ლორე-ტაშირის ოლქისათვის, - რომელსაც ის ამირსპასალარის უფლებებით მართავდა, - მიეერთებინა ანისიც, რაც 1174 წელს მოახერხა კიდეც, ხოლო, როცა საწადელს მიაღწია, დაიწყო აშკარად სეპარატისტული ქმედებანი. ამას მოჰყვა ანისის დაკარგვა. ამის შემდეგ სხვა გზით სცადა განდიდება, 1177 ორბელთა კლანმა გიორგი III-ის წინააღმდეგ, მისი დამხობისა და დემნა უფლისწულის გამეფების მიზნით, აჯანყება წამოიწყო. ამ საქმეში ივანე ორბელს მიემხრნენ: ივანე ვარდანის ძე, შოთა ძე ართავაჩოსძისა, ქართლის ერისთავი სუმბატ ლიპარიტის ძე, ანანია დვინელი, დიდი გამრეკელი, მხარგრძელი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, მემნა ჯაყელი, ჰასან კაენის პატრონი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე. ამბოხებულებს შიდა ქართულ კონფლიქტში უცხო ძალების ჩართვა უცდიათ, და დახმარება შაჰ-არმენს და ათაბაგ ელდიგუზისძეს სთხოვეს, მაგრამ, საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულებს 30 ათასამდე მეომარი მოუგროვდათ, აქტიური მოქმედება მაინც ვერ დაიწყეს, რადგან ჩანაფიქრი საიდუმლოდ ვერ შეინახეს, ამიტომ, გიორგი III-ის მოულოდნელად შეპყრობა ვერ შეძლეს, - მეფემ თბილისში შეასწრო შეთქმულებს და ერთგულ ძალებს მოუყარა თავი. ყივჩაღთა მუდმივი ლაშქრის მეთაურმა ყუბასარმა 500 მეომარი მიაშველა მეფეს. როგორც კი გაძლიერდა, გიორგი III-მ შეუტია კოჯორთან მდგარ მეამბოხეებს, ისინი ლორეს ციხეს შეეფარნენ. შეთქმულება ვეღარ განვითარდა და მალე ამბოხებულთა ბანაკი დაიშალა: მათი ნაწილი ადრევე მიუვიდა მეფეს, ნაწილი კი, - დანებდა. დამნაშავეები სასტიკად დასაჯეს, დემნა უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, - რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს მისი ძმები, მეამბოხეთა ნაწილი საქართველოდან გააძევეს, ქონება ჩამოართვეს. ძველ დიდებულთაგან ბევრი დაემხო, აღზევდნენ ახლები. გიორგი III-ის ერთგულმა, ნაყივჩაღარმა ყუბასარმა, ამირსპასალარობა მიიღო, აზნაურის ნაყმევს აფრიდონს მსახურთუხუცესობა და ერისთავთ-ერისთაობა ებოძა.

მალე, გიორგიმ, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, თავისი ქალიშვილი თამარი მეფედ აკურთხა "თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ეპიზკოპოსთა დიდებულთა ამერ-იმიერთა, ვეზირთა და სპასალართა და სპასპეტთა". ეს ერთიანობა და ერთგულება მონარქიის მიმართ, მოჩვენებითი იყო, გარდაიცვალა თუ არა, გიორგი III, ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ჯერ, ეცადნენ, დაუფლებოდნენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობას, რომელიც მაშინ ანტონ გნოლის ძეს ეჭირა. ამ უკანასკნელს, კახაბერისძეთა კლანის წევრებმა ორი ძმა მოუკლეს, საბოლოოდ, ამ უპირველეს სავაზიროს მიქაელ კათალიკოსი დაეპატრონა. გიორგი III-ის დროს შეუვალობა მოპოვებული ეკლესია ახლა უკვე საერო ხელისუფლებას ებღაუჭებოდა, - ესეც ფეოდალური რეაქცია იყო. დიდგვაროვნები მოითხოვდნენ, წინა მეფობაში აღზევებულ მდაბიოთა თანამდებობებიდან გადაყენებას. ამ მოთხოვნებს ემსხვერპლნენ ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ფეოდალურ საქართველოში ასე აღზევებულებს სოციალური დასაყრდენი არ აღმოაჩნდათ, ისევე, როგორც ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას და მათ მოთხოვნებს. საქმე ის არის, რომ ისინი ითხოვდნენ რა "კარვის დადგმას”, ანუ საკანონმდებლო ხელისუფლებით აღჭურვილი ორგანოს შექმნას, ამით ზღუდავდნენ მეფის ძალაუფლებას და მას მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ, მაგრამ ამ რევოლუციურ მოთხოვნებს, რევოლუცია არ მოჰყოლია...

თამარმა ძალაუფლების შენარჩუნეა მოლაპარაკების გზით სცადა და ნაწილობრივ, შედეგსაც მიაღწია...

ასე გამოირკვა, რომ არ ყოფილა რევოლუციური სიტუაცია, თუნდაც ისეთი, როგორიც იყო 1215 წელს ინგლისში, როცა ბარონებმა, რაინდებმა, ქალაქ ლონდონის მოსახლეობამ მეფე იოანე უმიწაწყლოს "თავისუფლების დიდ ქარტიაზე" ხელი მოაწერინეს, რომ არაფერი ვთქვათ, 1265 წლის ამბებზე, როცა სიმონ დე მონფორის თაოსნობით ბარონებმა და რაინდებმა დაამარცხეს ინგლისის მეფე ჰენრიხ III, შეზღუდეს მისი ძალაუფლება და დააარსეს პარლამენტი...

თამარმა, მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ორი ქალბატონის - ხუაშაქ ცოქალის და კრავაი ჯაყელის მეშვეობით, მოლაპარაკება აწარმოვა. "შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. თამარმა შეუთვალა, რომ ყუთლუ-არსლანის გარდა, დატრიალებული ამბის პასუხს, ის არავის მოსთხოვდა. ამასთანავე, თამარი დათანხმდა, რომ ამიერითგან მას საქართველოს დიდებულთა თანადგომითა და ერთნებობით გადანაწყვეტი წარსდგენოდა ხოლმე დასამტკიცებლად. დასის წარმომადგენლებმა თავიანთ მხრივ, აღიარეს, რომ ისინი ერთგულებას განუცხადებენ თამარ მეფეს, დაემორჩილებიან და მის ხელისუფლებას ცნობენ. ამრიგად, თამარ მეფემ, დარბაზის თანადგომის ე.ი. სახელმწიფოს საქმეების განხილვა-გადაწყვეტის მონაწილეობის უფლება აღიარა, მაგრამ, სამაგიეროდ, უარყო, რომ მეფეს ამ დადგენილების ასრულების გარდა სხვა აღარავითარი ხელისუფლება არ ჰქონდა: თავისთვის მან დამტკიცების უფლება შეინარჩუნა. მართლაც, ამ დროითგან მოყოლებული, ქართულ საისტორიო წყაროებში, ყოველ ცნობას დიდი თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ, ისეთი გამონათქვამები ახლავს, რომელთა კვალი წინანდელ საისტორიო ძეგლებში არსად ჩანს. ასეთ შემთხვევაში უკვე ნათქვამია ხოლმე "თანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთა" თამარმა დაამტკიცა ესა და ეს პირიო" (ივ. ჯავახიშვილი).

თამარის ამ კომპრომისული გადაწყვეტილებით, სათავე დაედო და, შემდეგ, "ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური დოქტრინა - თამარისეული სათნოება, ანუ თანამშრომლობითი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია. ახალმა მოძღვრებამ გადატრიალება გამოიწვია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში" (ლ. ტუხაშვილი).

ასე განვითარდა ის პროცესი, რომელიც ყუთლუ-არსლანის დასის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა, განვითარებულიყო სოციალურ-პოლიტიკურ რევოლუციად. თამარისეული პოლიტიკის შედეგად კი განვითარდა ზნეობრივ-პოლიტიკურ რევოლუციად, რომლის წყალობითაც ეტაპობრივად დამკვიდრდა შინაგანი მშვიდობა, თანამშრომლობა, ეს იყო ახალი მაორგანიზებელი პრინციპებისა და მეთოდების დამკვიდრება. ქვეყნის შიგნით აღდგენი იქნა სამართლიანობა, კერძოდ: მიქაელ კათალიკოს-პატრიარქს ჩამოართვეს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, რომელზეც აღადგინეს ანტონ გნოლის ძე, ხოლო, მისი ძმების მკვლელი კახაბერისძეები დააპატიმრეს და ექსორია უყვეს.

თამარმა თავისი ხელისუფლება იმითაც განამტკიცა, რომ ვაზირთა დამტკიცებისას, ბევრი, სამეფო ხელისუფლების ერთგული პირი გაიყვანა "მაინცა და მაინც ახალ გავეზირებულთაგან უმეტესობა გიორგი III ნაცადი და ერთგული მოხელეები იყვნენ, მისი პოლიტიკისა და მიმართულების მომხრენი" (ივ. ჯავახიშვილი).

ამის შემდეგ, თამარს შეურჩიეს საქმრო. ეს ქმედება მაშინდელი ფეოდალური არისტოკრატიის მიერ საერთაშორისო მდგომარეობის ხედვის თავისებურ მაგალითს წარმოადგენს... კრებაზე, სადაც ეს საკითხი ირჩეოდა, ქართლისა და თბილისის ამირას, აბულასანს ასეთი წინადადება წამოუყენებია: "მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონობენ სამასნი მთავარნი რუსთანი... იგი მცირე დარჩომილი მამისა-გან, ექსორია ქმნით დევნული გარდმო(ი)ხუეწა ბიძისა სავალათად სახელ-წოდებულისა-გან და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სუნჯისა ქალაქსა" ("ქართლის ცხოვრება"). ამ წინადადებაში ძნელია, საღი აზრის პოვნა, უპატრონოს და დევნილს თავის სამთავროში, ქართველები რომ ვერ აღადგენდნენ და ამით რაიმე სიკეთეს თავისთვის ვერ ნახავდნენ, ეს ცხადი იყო. რაში სჭირდებოდათ ასეთი უფლისწული, - გაუგებარია. ყურადსაღებია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ: "საგანგებოდ შეკრებილ საბჭოს, როგორც ეტყობა, ეს წინადადება მოსწონებია ალბათ იმიტომ, რომ რუსები ქართველებსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და თანაც სასიძო თუმც გადმოხვეწილი, მაინც ძლიერი ხელმწიფის შვილად ჰყავდათ წარმოდგენილი, მაშასადამე, თამარის საკადრისად ეჩვენებოდათ". უსახლკარო სასიძო რომ ძლევამოსილი ქვეყნის შვილად მიიჩნიეს, ეს, ვფიქრობ რელიგიური სნობიზმის შედეგი იყო, რომელმაც, ქართველებს, ობიექტური შეფასების უნარი წაართვა და სრულიად უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა, ჰომოსექსუალისტი, თამარს ქმრად მოუყვანეს... და რომლის მოშორება მალევე გახდა საჭირო...

1188 წელს, თამარს უკვე სხვა ქმარი, დავით სოსლან-ბაგრატიონი ჰყავს. გიორგი რუსმა, 1191 წელს, საქართველოში დაბრუნება და თავისი უფლებების აღდგენა სცადა, გასაოცარი სისწრაფით გადავიდა მის მხარეზე ქართული არისტოკრატიის მოზრდილი ნაწილი, რომლებიც ამ ღალატის საფასურად, "ან პოლიტიკური უფლებების დათმობას ელოდებოდნენ, ან კერძო სარგებლობას" (ივ. ჯავახიშვილი). საქართველოში გაჩაღდა ნამდვილი შიდა ომი, რომელიც თამარის გამარჯვებით დამთავრდა. 1193 წელს გიორგი რუსი კვლავ გამოჩნდა საქართველოს საზღვრებთან, მაგრამ, დამარცხდა და ამის შემდეგ, აღრ გამოჩენილა.

მოწესრიგდა თუ არა შიდა სახელმწიფოებრივი ცხოვრება, იწყება წარმატებული საგარეო ომები - უკანასკნელი ფაზა კავკასიური იმპერიის შექმნის საუკუნოვანი ეპოპეისა. 1192-1193 წ. ტახტის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ილაშქრეს ბარდავს, შემდეგ არზრუმს, გულაქუნისაკენ. დალაშქრეს ხაჩენი, არეზის პირის ტერიტორიები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ. ასევე გამარჯვებით დასრულდა 1193-1194 წლებში ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით, ლაშქრობა, "მორბევად რახსის პირისა". სომხეთში წინსვლისას გაანადგურეს იქაურ მეკობრეთა ბანდები. შემდგომ, გორაღაუქი მოარბიეს და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ შინ. სამხედრო წარმატების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო 1195 წლის შამქორის გამარჯვება, შამქორისა და განძის აღება, შირვანში საქართველოს პოზიციების განმტკიცება. 1196 წელს ილაშქრეს და გელაქუნ-ამბერდი შემოიერთეს. ეს პოლიტიკა, მოგვიანებით, ინტენსიურ ხასიათს იძენს: 1199 წელს შემოიერთეს ანისი, 1201 წელს ბინჯისი, 1203 წელს დვინი.

ამ მოვლენათა პარალელურად, მცირე აზიაში, ძლიერდება თურქ-სელჯუკთა სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი "უმაღლესი იყო სხუათა ყოველთა სულთანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუამდე". გაძლიერებული სულთანი, ქართველთა მიერ დამარცხებული თურქების ინტერესების დამცველად იწყებს გამოსვლას და, თავის უპირველეს მოწინააღმდეგეებად ქართველებს მიიჩნევდა. ამიტომ 1202 წელს დიდი ლაშქრით საქართველოსაკენ დაიძრა და ბასიანის ველზე დაბანაკდა; იქედან გამოუგზავნა, ელჩის ხელით, თამარს უკიდურესად ამბიციური და უზრდელური წერილი, რომელშიაც ისიცაა ნათქვამი, რომ: "უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა" ("ქართლის ცხოვრება"). ამ სისულელის თქმისათვის იყო,ზაქარია მხარგრძელმა სილა რომ გააწნა ელჩს. საპასუხო წერილში თამარი წერდა: "შენ ოქროს მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრეს და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმინდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლინა ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა". წერილს საქართველოს ლაშქარი მიჰყვა და თურქთა ბანაკზე, რომელთაც თავიანთი მრავალრიცხოვნებით გათამამებული რუქნ ად-დინის მეომრები არ იცავდნენ ("არა უდგა დარაჯნი სულტანსა") მოულოდნელად მიიტანეს იერიში და დაამარცხეს ისინი. რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰმა გაქცევით უშველა თავს და მალე, ბოღმისაგან გარდაიცვალა...

1204 წელს, ქართველები იპყრობენ სამხრეთ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს და ქმნიან ტრაპიზონის იმპერიას. ტახტზე საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი ალექსი კომნენოსი დასვეს. 1204-1206 წლებში მიმდინარეობდა ომი ხლათისათვის, 1208-1209 წლებში გაგრძელდა ომი ხლათის დასამორჩილებლად, აიღეს არჭეში, შემდეგ ილაშქრეს არდაბელს, - იქაური სულთნის ანისზე ლაშქრობის საპასუხოდ. 1211 წელს ილაშქრეს ირანს და რომ-გურს მიაღწიეს. 1213 წელს, თამარის გარდაცვალების წლისათვის, ქართველთა კავკასიური იმპერია, მცირე აზიის უძლიერესი სახელმწიფოა. ეს არის ყველაზე დიდი ძლიერების ხანა საქართველოს ისტორიაში.

ასეთია, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მეორე პასიონარული ბიძგის შემდგომ, გასული თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიის მოკლე მიმოხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე მომხდარ ამბებს წყაროები ფრაგმენტულად აშუქებენ, მაინც ნათლად წარმოჩინდება ის გაუსაძლისი ზეწოლა, რასაც ქართველი ერი განიცდიდა მეზობელი ხალხებისაგან. და მაინც, ეს იყო ზეაღსვლის ხანა: მოსახლეობა ქმედითია, სოციალურად აქტიური, ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ქართველთა ცხოვრებაში, - იქნებოდა ეს სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დამწერლობისა და კალენდრის შემუშავება, ზეპირსიტყვიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარება, ჯერ რელიგიის დამკვიდრება, მერე მისი შეცვლა ისევე, როგორც დამკვიდრება და შეცვლა სოციალური ფორმაციისა, - ერის შინაგანი განვითარების შედეგად მოხდა. ამასთან, აშკარაა ისიც, რომ ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა, როცა პასიონართა რიცხვი დიდი იყო და, ექსტენსიური ხდებოდა მაშინ, როცა ეთნოსში მათი რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო სუბპასიონართა რაოდენობა, - იზრდებოდა...

ერთი თვალის გადავლებით, შეიძლება, ვერც განასხვაო ჩვენი ისტორიის ის ეტაპები, როცა პასიონართა ხვედრითი წონა ერში, - მატულობს, ან კლებულობს... ამას საგანგებო დაკვირვება სჭირდება: ზემოხსენებული თხუთმეტი საუკუნის მანძილზე, უამრავი გმირი გვყავდა სამშობლოსა და რწმენისათვის თავდადებული, უამრავი პასიონარი იღწვოდა ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების გვერდით, ებრძოდნენ სელევკიდთა, პონტოელთა და სომეხთა ჯარებს, ბევრი შეაკვდა რომაელთა ლეგიონებს, პართიელთა კავალერიას, ირანელებს, ოსებს, ხაზარებს, არაბებს. რწმენისათვის მოწამებრივი სიკვდილით აღესრულენ შუშანიკიც, აბოც, გობრონიც , დავითი და კონსტანტინე და მრავალი სხვა, ვისი სახელიც ისტორიას არ შემორჩენია. ქართველმა პასიონარებმა შეაჩერეს თურქ-სელჯუკი ასიმილატორები და კავკასია ეთნიკური სახის დაკარგვისაგან იხსნეს.

ბევრჯერ მოსულა სისხლის წვიმები საქართველოში, მაგრამ აშკარა იყო ზეაღმავალი პროცესი, აღმშენებლობის ტენდენცია. შემოქმედებითი მისწრაფება განსხეულდა ურიცხვ მატერიალურ თუ კულტურის ძეგლებში. უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქართველმა ერმა პროგრესის გზით სვლა შეძლო, იმიტომ, რომ ანტიეგოისტები სათანადო ზეგავლენას ახდენდნენ ეგოისტებზე და ეროვნული ენერგიის ძალუმად გამოვლენას უწყობდნენ ხელს.

საპირისპირო პროცესს აქვს ადგილი XIII საუკუნიდან; მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების რამდენიც გნებავთ, იმდენი მაგალითია შემდგომი ხუთი საუკუნის მანძილზე.

გავიხსენოთ ხორეზმელთაგან მოკლული შალვა ახალციხელი და იმავე ჯალალედდინის მიერ მუსლიმანობის არმიმღები ქართველების ამოჟლეტა, გავიხსენოთ ცოტნე დადიანი, დიმიტრი თავდადებული, ბირთვისის ციხის დამცველნი - თემურ-ლენგის დროს, ქეთევან წამებული და ცხრა ძმა ხერხეჯლიძე. ეს სახელები, მხოლოდ ცალკეული რგოლებია პიროვნულ და კოლექტიურ გმირობათა უწყვეტი ჯაჭვისა, ხსენებული ხუთი საუკუნის მანძილზე რომ გაჭიმულა.

განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ის, რაც გადაიტანა ქართველმა ერმა XIII საუკუნემდე, აღმავალი ცხოვრების ფონზე ხდებოდა: ჩვენ ვმკვიდრდებოდით, ვვითარდებოდით, ვძლიერდებოდით და ვიღვწოდით იმპერიის შესაქმნელად. XIII საუკუნიდან სრულიად საწინააღმდეგო რამ ხდება: ვკნინდებით, ვსუსტდებით, ვიქსაქსებით და ბოლოს, ვკარგავთ დამოუკიდებლობას. ამასთან, საგრძნობლად იცვლება ქართველთა ქცევის სტერეოტიპი. თუ ადრე ძალუმად ვლინდება ალტრუიზმი, შემდეგ, ყურადღებას იქცევს ეგოიზმი, - რაც საფუძველი ხდება უამრავი "შინაგაცემისა". ეგოისტურ მისწრაფებებს ავლენდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები და ცხადია, პირველ რიგში, არისტოკრატია.

XIII საუკუნის დასაწყისისათვის შექმნილ საერთო ატმოსფეროს არც მონარქი არღვევს. მეფე ლაშა-გიორგის პირადი ცხოვრება, მისი თავდავიწყებული სიყვარული ველისციხელი გათხოვილი ქალისადმი ამისი დადასტურებაა. "ქართული სახელმწიფო სამართალი და წესი მეფეს ნებას არ აძლევდა თავისი ქვეშევრდომი ქალი შეერთო. მას უნდა თანამეცხედრედ მეზობელ მეფეთა ასული მოეყვანა, ამასთანავე საქართველოს მეფეთ-მეფეთა გვარეულობის რძლობის ღირსი (იხ. ქ-ლ სამართლის ისტორია I, სახელმწიფო სამართალი). მეფის პირადი გრძნობა სახელმწიფო სამართლის ამ დებულებაზე უფრო ძლიერი იყო..." (ივანე ჯავახიშვილი). ძლიერმა სიყვარულმა ქნა ის, უპასუხისმგებლობა რომ მოგვიანებით, ქვეყანა ორად გაიყო და ორმეფობა დაიწყო...

ეგოიზიმით ნაკარნახევი მეორე დიდი უპასუხისმგებლობა ლაშას შემდგომ გამეფებული მისი დის, რუსუდანის საქციელია, - ჯალალედინის მოახლოვებისთანავე თბილისიდან რომ გაიქცა, ამით ქალაქის დამცველთა დემორალიზება გამოიწვია და ხელი შეუწყო მტრის გამარჯვებას. პიროვნული ეგოიზმი ყოველთვის ამჩნევს ისტორიას თავის კვალს, - განურჩევლად ისტორიული პერიოდისა: ეგოისტები ცდილობდნენ დაემხოთ საურმაგი და საწყის ეტაპზე პრობლემას უქმნიდნენ იბერიას; ეგოისტი იყო უფლისწული რადამისტი და მის შეუკავებელ ვნებებს მოჰყვა ის, რომ იბერიამ დაკარგა სომხეთზე გავლენა; ეგოისტებმა მოკლეს აშოტ კურაპალატი... მაგრამ, ეს ფაქტები ისეთ დროს ხდებოდა, როცა ერში სხვა ტენდენციები ჭარბობდა, - პასიონარები ბლომად იყვნენ და ზემოხსენებულ ავკაცობებს არ შეეძლო ქართული სახელმწიფოს განვითარების შეჩერება, მითუმეტეს, ქვეყნის დაღუპვა. მაგრამ, სხვა, ანუ დაცემის ხანაში, მსგავსი საქციელი, ეგოისტური მისწრაფებებისაგან მომდინარე, ბევრჯერ გამხდარა ეროვნული კატასტროფის მიზეზი. სამაგალითოდ ისევ ივანე ჯავახიშვილი უნდა მოვიხმოთ, მის მიერ წარმოჩენილი მიზეზები უზუნ-ჰასანთან ბრძოლაში ქართველთა დამარცხებისა, ყველაზე ნათლად ასურათებენ ზემოხსენებულ საკითხს: "ამგვარად საქართველო უზუნ-ჰასანის მოქმედებით და ბაგრატ IV-ის სრული უმოქმედობის წყალობით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩაგდებული: შინაური შუღლისა და დამღუპველი ბრძოლის შედეგი მთელი თავისი საშინელებით გამომჟღავნდა. ბაგრატ IV და ყვარყვარე ათაბაგმა, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის დარღვევას ასე გაშმაგებით შეუწყვეს ხელი, თავიანთივე უგუნური პოლიტიკის მსხვერპლი თვითონვე შეიქმნენ, მაგრამ ამაზე სამწუხარო ის იყო, რომ ამ მსხვერპლის მთელი საშინელების ატანა იმდენად მათ არა, რამდენადაც ხალხს უხდებოდა. საქართველოს, ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროს, 70 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო, უზუნ-ჰასანს კი, 40 ათასზე მეტი მოლაშქრე არ მოუყვანია თან, როდესაც საქართველოს შემოესია. საქართველოში რომ თანხმობა ყოფილიყო, ცხადია, საქართველოს არამც თუ მტრის მოგერიება შეეძლო, არამედ თვითონაც სამაგიეროს გადახდის საშუალება ექნებოდა და უზუნ-ჰასანის დამარცხებასაც შესძლებდა, მაგრამ შინაური ბრძოლით და ქვეყნის აოხრებით გაწამებული ხალხი და პოლიტიკურად დაქუცმაცებული საქართველო მტრის თარეშის ასპარეზად უნდა ქცეულიყო".

დაცემის მიზეზი ზუსტად არის ახსნილი, ოღონდ, ის უეცრად, XIII საუკუნეში არ დაწყებულა. ეგოიზმის უკიდურეს გამოვლინებებს ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები გააფთრებით ებრძოდნენ XI-XII საუკუნეებში, ანუ, ფეოდალური საქართველოს აყვავება-აღორძინების ხანაში და, თუ გამარჯვებებს ვერ ახერხებდნენ, ქვეყანა ზარალდებოდა: გიორგი I-ს ბიზანტიასთან ომის დროს, კახეთ-ჰერეთი განუდგა; საქართველოს გაერთიანებისა და თბილისის განთავისუფლების საქმეს ხელს უშლიდა ფეოდალური რეაქციის დესტრუქციული ქმედებანი. მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო არისტოკრატიული ოპოზიციის განადგურება, - ამან განაპირობა წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

მის დროს, ეგოისტთა დასათრგუნავი ძალა ის 45 ათასი ყივჩაღი იყო, მან რომ გადმოასახლა საქართველოში. შეთქმულებებს უწყობდნენ დემეტრე I-ს და გიორგი III-ს. თამარის დროს, - გიორგი რუსს დაუჭირეს მხარი. ყურადღებას იქცევს ის შინაგანი მზადყოფნა, რითაც არისტოკრატია ხვდებოდა ნებისმიერ საბაბს, ამბოხებისათვის. აშკარაა, გაბატონებული კლასის დიდი ნაწილის მამოძრავებელი, მხოლოდ ვიწრო პიროვნული ინტერესები იყო. რამდენადაც ეფექტურად ახერხებდა ხელისუფლება ამ ეგოიზმის დათრგუნვას (ძელზე გასმით, თვალების დათხრით, დასაჭურისებით, თავის მოკვეთით და გაძევებით), იმდენად მიზანდასახულად წარიმართებოდა ეროვნული ენერგია და ცხოვრების ყველა სფეროში იწყებოდა წინსვლა. მაორგანიზებელი ძალა გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა და მის ქმედუნარიანობაზე იყო დამოკიდებული, - კონსტრუქციული პროცესები იმძლავრებდნენ თუ, დესტრუქციული; აყვავდებოდა კულტურა, თუ არა.

სიტყვამ მოიტანა და, უნდა ითქვას, შემოქმედებაც პასიონარული ენერგიით არის განპირობებული. ლევ გუმილოვს ამის თაობაზე ასე აქვს ნათქვამი: "მაგრამ შეიძლება კია ვთქვათ, რომ ნაკლები სიმხურვალის პასიონარები - მხატვრები, პოეტები, სწავლულები, მოსამსახურეები და მათი მსგავსნი - არ თამაშობენ როლს ეთნოგენეზის დროს, ან ეს როლი მცირეა, ვიდრე როლი მხედართმთავრების, კონკისტადორების, ერესიარხების ან დემაგოგების? არა, არ არის მცირე, მაგრამ სხვაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დიდი პასიონარობის პიროვნებასაც კი არ შეუძლია არაფრის გაკეთება, თუ ის გამოძახილს არ ჰპოვებს თავის თანატომელთა შორის. სწორედ ხელოვნება წარმოადგენს სათანადო განწყობის ინსტრუმენტს; ის იწვევს შეთანხმებულ გულისცემას და ამიტომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დანტემ და მიქელანჯელომ იტალიელი ხალხის ინტეგრაციისათვის იმაზე ცოტა არ გააკეთეს, ვიდრე ცეზარ ბორჯიამ და მაკიაველიმ".

ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ, ასევე დაუსახა იდეალები და შესთავაზა მაყურებელსა და მკითხველს სათანადო მხატვრული ფორმები. ამით შექმნა ის "ინსტრუმენტები", რომლითაც აღწევდა იმ განწყობას, რაც ეთნიკური კონსოლიდაციის, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და საერთო ღირებულებების, პრინციპებისა და ინტერესების გააზრებას უწყობდა ხელს. ასე იყო, ვიდრე არ დაიწყო დაცემის ხანა. ეს შემოქმედებით აზრსაც დაეტყო. ბუნებრივია, ის ვერც წინანდებურად ქმნიდა და, ვეღარც ზეგავლენას ახდენდა...

დაცემის გამომწვევ მიზეზთა შორის, ლოვარდ ტუხაშვილი ორ მთავარ შეცდომას ასახელებს - პირველი: "ლაშა-გიორგის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ვერ შეიმუშავა (ან ვერ მოასწრო შეემუშავებინა) ახალი ეპოქის შესაბამისი პოლიტიკური დოქტრინა". მეორე: "რუსუდანის გამფების შემდეგ საქართველოს სამეფო კარმა დაუშვა მეორე დიდი შეცდომა გააგრძელა რა ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისი, საქართველომ თავისი სამხედრო ენერგია მიუშვა უშუალო მაჰმადიანი მეზობლების წინააღმდეგ".

საქმე ის გახლავთ, რომ ახალი დოქტრინის ვერ შემუშავება და ჯვაროსნული ომი მეზობლებთან, - და ამათი საღვთო ომი ქართველებთან, მომდინარეობდა ფეოდალური სახელმწიფოს ბუნებიდან, როგორიც იყო მაშინდელი საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები. სწორედ ამიტომ, მათ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლოთ... თუ დაცემის მიჯნად მონღოლთა პირველ გამოჩენას მივიჩნევთ და თვალს გადავავლებთ მის წინა პერიოდს, დავინახავთ, რომ ქვეყნის შინაგანი განვითარების პროცესის ხასიათი, არ იძლევა საშუალებას, რომ "მესამე წოდება" დავინახოთ იმ ძალად, რომელიც იბრძოლებდა ძალაუფლებისათვის და რომელიც იქცეოდა ახალ მმართველ კლასად. მაშინ, არსებული მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მხოლოდ იმ პირობების შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობდა მესამე წოდების ფორმირებას, განვითარებას და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლად გადაქცევას. სავარაუდებელია, რომ ერთ-ერთ ასეთ პირობად შეიძლება ქცეულიყო ის რეფორმა, რომლის გატარებასაც, თამარის მეფობის დამდეგს, მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი და მისი თანამოაზრენი ცდილობდნენ და რომელთაც მიაჩნდათ: "მეფის უფლება საქართველოში სრულებით უნდა შეზღუდულიყო და ჩამორთმეოდა, მას მხოლოდ აღმსრულებლობითი უფლება რჩებოდა. უმაღლეს დაწესებულებას "კარავში დასხდომილთ" კი სრული უფლება ენიჭებოდა: მათ ექმნებოდათ უფლება "მოცემისა და მოღებისა", ალბათ ბრძანებისა, ხარჯებისა და მოხსენებისა, ამასთანავე "წყალობისა და შერისხვისანი", ანუ უზენაესი მართლმსაჯულების უფლებაც" (ივანე ჯავახიშვილი).

ეს გეგმა რომ განხორციელებულიყო, შესაძლებელია, საქართველო პარლამენტარიზმის სამშობლოდ ქცეულიყო, თვითმპყრობელობის მაგივრად სულ სხვა მმართველობის ფორმა დამკვიდრებულიყო, - რაც სამომავლოდ იქცეოდა იმ სახელმწიფო ინსტიტუტად, რისი წყალობითაც მესამე წოდება პოლიტიკაზე მოახდენდა გავლენას, მაგრამ, ასე არ მოხდა, და არც ვაჭარ-ხელოსანთა და მდიდარ გლეხთა სოციალური ფენა გაძლიერებულა ისე, რომ მას მოთხოვნილება გასჩენოდა, საკუთარი მიზნების გამომხატველი ეროვნული იდეა გაეაზრებინა და დანარჩენი ქართველობისათვის შეეთავაზებინა რაც სხვაგვარად წარმართავდა ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს განვითარებას და მეზობელ მუსლიმანურ ქვეყნებთან ჯვაროსნულ ომს, კომერციული ურთიერთობებით შეცვლიდა (სულ მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც). ერთი სიტყვით, არ არსებობდა პირობა, შეცვლილიყო ეთნიკური დომინანტი, მაშასადამე, არც ის მექანიზმი არსებობდა, რომელიც გამოიხმობდა ეროვნულ ენერგიას, ახალ სიცოცხლეს მიანიჭებდა ქართულ სახელმწიფოს. უამისოდ კი, მარცხი გარდაუვალი იყო.

XIII საუკუნეში ნათელი გახდა, ეთნიკური ექსპანსიის უნარი აღარ გვქონდა. ეს გამოჩნდა იმაში, რომ ქართული ტომებით დასახლებული ტერიტორია, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, 1202 წელს დაპყრობილი ქართული ლაშქრის მიერ საქართველოს ვერ შემოუერთდა, იმიტომ, რომ იქ ძლიერი იყო ბერძნული ელემენტი, რომელიც დიდ ენერგიას ავლენდა. ბიზანტიაში, იმპერიის ცენტრში, პასიონარები ცოტანი იყვნენ, სამაგიეროდ, შედარებით მეტნი იყვნენ პერიფერიებზე. ამიტომაც შეიქმნა ტრაპიზონისა და ნიკეის იმპერიები. ამ უკანასკნელმა ჯვაროსანთა მიერ 1204 წელს შექმნილი ლათინთა იმპერიის დამხობაც შეძლო 1261 წელს და, ბიზანტიის აღდგენაც. პასიონართა ასეთი განაწილება, როგორც მოგახსენეთ, VIII საუკუნიდან საქართველოშიც შეინიშნება, სადაც არაბების მიერ ცენტრალური პროვინციების აოხრების შემდეგ, პასიონარებმა განაპირა მხარეებში მოიყარეს თავი და იწყება ეგრის-აფხაზეთის, კახეთ-ჰერეთისა და ტაო-კლარჯეთის გაძლიერება, შემდეგ კი, - ამათ ბაზაზე, ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და, ბოლოს, კავკასიური იმპერიის შექმნა.

ბერძნებს, იმდენი პასიონარი არ ყავდათ რომ ძველი იმპერიის დროებით გამოცოცხლებაზე შორს წასულიყვნენ. თუმცა, ტრაპიზონში, ჩვენზე ძლიერები იყვნენ. სხვათაშორის, ბერძნული ელემენტი ამ ტერიტორიაზე, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეშიც, - ფარნავაზის დროსაც საკმაოდ ძლიერი იყო და ეს მიწა-წყალი ვერც მაშინ შევიდა უშუალოდ ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, - იქ პონტოს ძლიერი სამეფო იყო და ეს, თავისთავად, ბადებს კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სიძლიერის უნდა ყოფილიყო ის ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზე რომ მოხდა? თუ მისი შედეგების მიხევით ვიმსჯელბთ, ის რეგიონალური (ამიერკავკასიის) მასშტაბისა უნდა ყოფილიყო... ყოველ შემთხვევაში, ეს ენერგია საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სამ ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე, - ხან აღმავალი, ხანაც დაღმავალი გზით, - მაგრამ მაინც გაგრძელებულიყო ჩვენი სახელმწიფოერივი ცხოვრება, შეგვექმნა თვითმყოფადი კულტურა, არ დაგვეკარგა ეთნიკური სახე და არ გადავშენებულიყავით...

იმან, რომ ქართველებს - რომაელთა ან ესპანელთა მსგავსად, -არასოდეს შეგვიქმნია მსოფლიო იმპერიები, ზოგიერთებს ჩვენში, აფიქრებინა, თითქოს, ქართველებს, ასეთი დიდი ამოცანის შესასრულებელი ენერგია ერთბაშად არ დაგვიხარჯავს და ის გამოვიზოგეთო... ამიტომ არის უწყვეტად რომ გრძელდება ქართული კულტურა და მაგალითად, მეხუთე საუკუნის ტექსტს, კარგად ვკითხულობთო... მიამიტურია, ასე მსჯელობა! შეგნებულად არაფერი დაგვიზოგავს, პირიქით, ეროვნული ენერგია ყოვლად უყაირათოდ დაიხარჯა და გაიბნა... კულტურამაც და ენამაც საგრძნობი ცვლილება განიცადა, ხოლო კონსერვატულობა, - რაც ხშირად გვეამაყება, უფრო ენერგიის ნაკლებობის შედეგია და უშლის ხელს განახლებას...

დაცემის ხანაში, თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: უილაჯობის ანუ ობსკურაციის ფაზაში (თუ ლ. გუმილოვის ტერმინს მოვიხმობთ), სულ უფრო ვავლენთ ეთნიკურ პასიურობას. ჩვენი ეროვნული ენერგია, იმ საუკუნეებში, მიუხედავად განუწყვეტელი შემოსევებისა, სრულად არ მოხმარებია თავდაცვას. მისი მოზრდილი ნაწილი შიდა ომებში იხარჯებოდა. ასეთ დროს ხდება მეზობელი ხალხების გააქტიურება და საქართველო გადაიქცა მათი ეთნიკური ექსპანსიის ობიექტად. უპირველეს ყოვლისა, ეს ეთქმის ოსებს. მათთან სამხედრო კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ ქართველებს მატიანემ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხა შემოსეული ოსები ამაზასპ მეფემ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, ან კიდევ, როგორ ააოხრეს მათ ქართლი V საუკუნის 40-იან წლებში და შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა რომ დაამარცხა და განდევნა ისინი. ერთიანი ძლიერი საქართველოს დროს კი, ოსეთი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული გავლენის სფეროს წარმოადგენდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ, თავად ამ ომების მსხვერპლნი, ოსები, ჯერ საქართველოში ეძებენ თავშესაფარს, ხოლო შემდეგ, აცნობიერებენ რა ქართველთა სისუსტის მიზეზებს, კავშირს ამყარებენ მონღოლებთან და იწყებენ აგრესიულ მოქმედებას მათი შემფარებელი და კეთილისმყოფელი ქვეყნის მიმართ; ამ ამბავს ჟამთააღმწერელი ასე მოგვითხრობს:

"იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყუევნად ქართლსა და ქალაქი გორი წარტყუვნეს და თვსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლის ერისთავისა ბეგას ძესა, ჰამადას, წინაშე ყოველნი ქართველნი და მოადგეს გორსა, და მრავალგზის შეებნეს ქალაქსა შინა, მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიც, და დაწუეს გორი სრულად და ვითარ მისჭირდა ოვსთა, ციხიდამე გარდმოუშვეს საბლითა კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმა ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა... ესეოდენ გარდაეკიდნენ ერთმანეთს, რომელიცა მძლე ექმნის, მოიკლის... მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოხრებდა ქართლსა, თრიალეთს, და განსხმიდა აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკვდრთა ქართლისათა..."

ეს მტრული და დამპყრობლური მოქმედება არსებითად ეთნიკურ ექსპანსიას რომ წარმოადგენდა გაგრძელებულა: "ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმა სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა" XIV საუკუნის პირველ ნახევარში ოსების დამარცხება და განდევნა, არ იყო იმისი მსგავსი შედეგის მქონე, როგორც ადრე, როცა პასიონარები ბლომად იყვნენ საქართველოში და ეროვნულ ენერგიას მძლავრად ვავლენდით. ახლა სხვა დრო იყო და მომდევნო საუკუნეებში ოსურმა ეთნიკურმა ელემენტმა, რომელიც განუწყვეტლივ იჭრებოდა საქართველოში, ფეხი მოიკიდა შიდა ქართლში. ამასთან, ოსები განუწყვეტლივ აოხრებდნენ ცენტრალურ პროვინციას, იტაცებდნენ ადამიანებს და პირუტყვს, ქართლში დაიწყო ე.წ. "ოსობა", რაც ოსების შემოსევა-თარეშს ნიშნავს, გადაიქცა ოსთა ფართომასშტაბიან ეთნიკურ ექსპანსიად. რომლის დროსაც, შიდა ქართლში შემცირდა ქართული მოსახლეობა და იმატა ოსურმა.

მთის მოსახლეობის ბარში ჩამოწოლის მეორე შემთხვევას აფხაზეთში აქვს ადგილი, რასაც, ამ პროვინციაში ეთნიკური შემადგენლობის, სოფლის მეურნეობის წესისა და რელიგიის შეცვლა მოჰყვა. ამ ეთნიკური ექსპანსიის თაობაზე, ნიკოლოზ ბერძენიშვილი "საქართველოს ისტორიის საკითხებში" წერდა: "ფეოდალურ ხანაში მთიელი აფხაზები რამოდენიმე ნაკადად ჩამოდიან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი ნაკადი უნდა ჩამოსულიყო XIII ს-ში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ოქროს ურდოს მოწოლით კავკასიის ტომები სამხრეთით მოიწევენ (ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე ამავე ხანაში ოსებშიაც, რომელნიც გამოდიან კავკასიის პირაქეთ და საფუძველს უყრიან ლიახვის ხეობის ოსურ მოსახლეობას) მთიელი აფხაზების ჩამოსახლების პროცესი გრძელდებოდა მომდევნო საუკუნეთა მანძილზე. XV საუკუნეში ეს პროცესი საკმაოდ შორს ყოფილა წასული, რის აშკარა მოწმობაა აფხაზთა მოქცევა "წარმართობისადმი" ("მცნება სარჯულო"). XVII საუკუნისათვის მთიელ აფხაზთა ახალი ნაკადის ჩამოსვლაა სავარაუდებელი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა აფხაზეთის ახალი მოსახლეობა.

ის ფაქტი, რომ ჩამოსული ელემენტები შედარებით ადვილად ერევიან დამხდურ საზოგადოებას (აფხაზურ თუ არააფხაზურს), მასზე გაცილებით დაწინაურებულს, სოციალურ მოვლენათა სფეროში პოულობს ახსნას".

ამ ბოლო მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ქართველთა მარცხი ჩრდილო კავკასიელებთან ბრძოლაში, გამოწვეული იყო არა სოციალური მიზეზებით, არამედ, უფრო აქტიური და ენერგიული მთიელი ტომების მიერ უფრო პასიური და ნაკლებად ენერგიული მოსახლეობის მიმართ წარმატებით განხორციელებული ეთნიკური ექსპანსიის შედეგად. ხოლო თუ ამ (აფხაზურ და ოსურ) ტომებთან ბრძოლაში ადგილობრივი არისტოკრატია იჟლიტებოდა, ამის მიზეზი იყო, არა კლასობრივი ბრძოლა არამედ მომხდურთა მიერ დამხდურთა სამხედრო-მაორგანიზებელი და, საერთოდ, მაორგანიზებელი ძალის მიზანდასახული განადგურება, რათა ადვილი ყოფილიყო ამათუ იმ რეგიონის დამორჩილება... ამიტომ იყო ეს პროცესი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი; თუ რა ძალა აწვებოდა მაგალითად, აფხაზეთის ქართველობას მთიდან და ზღვიდან, კარგად ჩანს დასავლეთ საქართველოს ფეოდალების ბრძოლაში ჯიქების მეკობრული თავდასხმების წინააღმდეგ; თამაზ ბერიძე წიგნში "ზღვაოსნობა ძველ საქართველოში" წერს:

"ჯიქეთზე ლაშქრობა მოუწყვია ვამეყ II დადიანს (1384-1396 წწ.). ამაზე მოგვითხრობს ხობის მონასტრის ერთ ქვაზე ამოკვეთილი წარწერა. ქართველებს ჯიქეთში დიდი წარმატებისათვის მიუღწევიათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუმორჩილებიათ, მძევლები წამოუყვანიათ, ურჩნი კი, - სასტიკად დაუსჯიათ. ლაშქრობიდან ვამეყ დადიანი დიდი ნადავლით დაბრუნებულა, ჯიქეთის ეკლესიებიდან მარმარილოს სვეტები წამოუღია და სამეგრელოს ეკლესიებისათვის შეუწირავს. ვფიქრობთ, რომ ვამეყ II დადიანს თავისი ლაშქრობა ზღვით განუხორციელებია. ამ წარმატებამ ცოტა ხნით შეაჩერა ჯიქების მეკობრეობა, მაგრამ მალე მათ ისევ განუახლებიათ თავიანთი თავდასხმები”.

1533 წ. იანვარში ქართველთა ფლოტი ისევ გამოჩნდა ჯიქეთის ნაპირებთან. "ქორონიკოს სკა დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლოდ ზღვით ნავებითა", - წერს ქართველი მემატიანე. ეს იყო ქართველთა პირველი სადესანტო ოპერაცია, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. ოდიშისა და გურიის ამ ლაშქრობაში, რამდენიმე ათასი მეომარი მაინც იქნებოდა, ამიტომ, ქართველთა ფლოტი, ალბათ, სულ ცოტა, 100 საზღვაო ნავისაგან მაინც შედგებოდა. ლაშქრობის დროც საგანგებოდ იყო შერჩეული. ფეოდალურ ხანაში, ზამთრობით, შავ ზღვაზე ნაოსნობა წყდებოდა. ამიტომ, იანვარში, ჯიქები, ქართველთა თავდასხმას არ მოელოდნენ. სამწუხაროდ, ასე კარგად მოფიქრებული ოპერაცია ღალატმა ჩაშალა. პირველ დღეს, 30 იანვარს, ქართველებმა ბრძოლა მოიგეს, მაგრამ მეორე დილას, განთიადისას, ქართველთა ფლოტმა უეცრად მიატოვა ქვეითი ლაშქარი და სამშობლოსაკენ აიღო კურსი. ჯიქებმაც გული მოიცეს, ქართველებს შეუტიეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს. მამია დადიანი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მამია გურიელის ლაშქრის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხეს ქართველებმა თავიანთი თანამემამულეების განთავისუფლება".

თუ ორი ძლიერი ქართული სამთავროს შეიარაღებულ ძალებს ამდენი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ ჯიქთა მეკობრული თარეში მოეგერიებინათ და ამას ყოველთვის ვერც ახერხებდნენ, გასაგებია, რომ დასუსტებულ საქართველოს, არ ეყოფოდა ძალა ადიღეური მთის მესაქონლე ტომების მასობრივი შემოჭრის შესაჩერებლად და ასეც მოხდა. ჩამოსახლებულებმა დაარღვიეს აფხაზეთის ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევდა და ხელს შეუწყობდა ისეთივე ძარცვა-გლეჯასა და ტყვეთა გატაცებას, რასაც შიდა ქართლში ოსთა წყალობით ჰქონდა ადგილი. ამან აფხაზეთი ყაჩაღობისა და მეკობრეობის კერად აქცია, რომლის მსხვერპლი საქართველოს შავიზღვისპირეთი და, კერძოდ, სამეგრელო იყო; ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: "გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს... და უმეტეს აფხაზთაგან, და რამეთუ მოვიდიან ნავებითა და ხმელით და სტყვევნიდნენ".

არანაკლები უბედურება იყო "ლეკიანობა". ესეც საქართველოს დასუსტების თავისებურ შედეგს წარმოადგენდა; როცა დაღესტან-საშამხლოს მარბიელთა რაზმები იწყებენ თარეშს კახეთში. XVII საუკუნეში, ლეკები, ნელ-ნელა იკავებენ შაჰ-აბასისაგან აოხრებული საინგილოს ტერიტორიას და 1706 წელს მთლიანად იპყრობენ ამ პროვინციას. კახეთის მეფეს კი, აიძულებენ, დედაქალაქი ყარაღაჯიდან თელავში გადაიტანოს. წარმატებულად განვითარებულმა ეთნიკურმა ექსპანსიამ ლეკები ისე გაათამამა, რომ XVIII საუკუნეში, მათმა თარეშმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოიცვა. ამასთან, ლეკებმა საფრთხე შეუქმნეს ირანსაც, - ამით უნდოდა ესარგებლა ვახტანგ VI-ს და, ლეკთა პლაცდარმად ქცეული ჭარი კვლავ კახეთისათვის შემოეერთებინა, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს ქართლის მეფეს მეტად გააძლიერებდა. მტრები ამას მიუხვდნენ. სეხნია ჩხეიძე წერს, ირანში ფიქრობდნენო: "თუ მეფემ ვახტანგ ჭარი დაიჭირა,ქვეყანასაც ის დაიჭერს"-ო და, მას ყოველმხრივ ხელი შეუშალეს, ხოლო ლეკთა თარეშმა, რბევამ და ხალხის ტყვედ წაყვანამ უზარმაზარი მასშტაბები მიიღო.

ლეკთა ამ აგრესიას ქართველები, ე.წ. გალავნების მშენებლობით პასუხობდნენ. ეს არის გალავნით შემოზღუდული ფართობი, რომელსაც, შემოსევის დროს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა შეეფარებინა ქონებითა და სარჩო-საბადებლით. ასეთი ნაგებობები XVI-XVIII საუკუნეებში შენდებოდა.

საერთოდ, მთიელთა შემოტევების მოსაგერიებლად, ზემოხსენებულ საუკუნებში მნიშვნელობა მიენიჭა ციხე-სიმაგრეებისა და მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული კედლების მშენებლობას, როგორსაც ვნახულობთ საინგილოსა და აფხაზეთში, მაგრამ ასეთი რამ ეთნიკური ექსპანსიის დროს ვერ გვიცავდა, მითუმეტეს, რომ საჭირო იყო აქტიური კონტრზომების მიღება, რომლის ენერგია უკვე აღარ გვქონდა...

უღონობის ბრალი იყო ის, რომ ვერ შევაჩერეთ საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი. ეგოისტების მომრავლება აქაც თავის საქმეს აკეთებდა, - ბლომად იყვნენ, არა მარტო ტახტის მაძიებლები, არამედ მათი თანამდგომნი, რომელთაც ყოველი ახალი სამეფო კარი კარიერის კეთებისა და პირადი კეთილდღეობის მოპოვების საშუალებას აძლევდა. სწორედ ეგოისტ თანამდგომელთა ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი ამ საქმეში და, მათი ძალისხმევის შედეგი იყო, რომ საქართველოს გაერთიანება ძალით უკვე აღარ შეიძლებოდა. ეს პოზიცია დადასტურდა 1490 წელს, ქართლის მეფის, კონსტანტინეს მიერ მოწვეული დარბაზის სხდომაზე, სადაც ითქვა, რომ ომით, ერთიანობას ვერ აღვადგენთ, რადგან ამ ახლადგამოჩეკილ მეფეებს უჭერენ მხარს თავიანთი ქვეშევრდომნიო: "ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი".

ასე განაპირობა ანტიეგოისტების რიცხვის შემცირებამ და ეგოისტების მომრავლებამ საქართველოს დაქუცმაცება და მთელი რიგი ტერიტორიების დაკარგვა, იქ ქართული მოსახლეობის რიცხვის კატასტროფულად შემცირება და დარჩენილთა გამუსლიმანება. უდიდესი ეროვნული მარცხი იყო XVI საუკუნის ბოლოს, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა ოსმანთა მიერ და შემდგომ, ამ ქართულ პროვინციებში თურქთა ეთნიკური ექსპანსია; და, XVIII საუკუნის დასაწყისის საინგილოს ეთნიკური "ათვისება" ლეკთა მიერ. იმ საუკუნეებში საქართველო ყოველი მხრიდან განიცდის აგრესიას. ამ სავალალო მდგომარეობას ზედმიწევნით ზუსტად ასახავს დავით გურამიშვილის ეს სტროფი:

"თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,
ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,
ყველამ წაჰკრა თვითო ქიშტი".

ასეთ დროს კი, ჩვენი საპასუხო ქმედება სიტუაციის ადექვატური არ იყო: ვერ შევძელით გაერთიანება, საერო მიზნის დასახვა, სამხედრო პოტენციალის სრულად და ეფექტურად გამოყენება. ამის მაგივრად, - იყო დაშლილი ქვეყნის პროვინციათა ცდა ცალ-ცალკე გადაერჩინათ თავი.

უილაჯობამ ქართულ პოლიტიკას კვალი დაამჩნია, რაც, თავის მხრივ, ქცევის სტერეოტიპით იყო განპირობებული: აქ იწყებს აღორძინებას პროვინციალიზმი, ეგოცენტრიზმი და სნობიზმი. ამათგან, პირველი, - ერთიანი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, კუთხურ სეპარატიზმს აღვივებდა, ბადებდა ყვარყვარე ჯაყელისა და ლევან დადიანის ტიპის რეგიონალურ ბელადებს. მეორე - წარმოშობდა ტურა რამაზიშვილისა და ყორღანაშვილის მსგავს ტიპებს. მესამე - ყოველგვარი უცხოურისადმი მონურ ქედდრეკას იწვევდა.

საქართველოს ისტორიაში, ამ და შემდგომ პერიოდებში, მედეას კომპლექსით შეპყრობილი, რამდენიც გნებავთ, იმდენი პიროვნებაა და მათ დიდი უბედურება მოუტანეს თავიანთ სამშობლოს. ამავე ხანებში, ჩვენში აღორძინებას იწყებს რელიგიური სნობიზმი, - ამჯერად, აღტაცების ობიექტი რუსეთია, რომელიც ქართველი სნობების წარმოსახვაში მართლმადიდებლობის მსოფლიო ცენტრად იქცა...

საყურადღებოა, რომ რუსეთისაკენ ლტოლვის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინიციატორი, კახეთის მეფე, ალექსანდრე II, პროვინციელის, ეგოცენტრისტისა და სნობის გასაოცარ ნაზავს წარმოადგენდა. მისი პოლიტიკა არა მარტო მავნე, არამედ უზნეოც იყო, თავად განსაჯეთ: მას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართლის მეფე სვიმონ I აწარმოებდა თურქებისა და სპარსელების წინააღმდეგ. სამაგიეროდ, სვიმონის შეპყრობა და მისი ტახტის ხელში ჩაგდება მოიწადინა. მუხანათურად დაესხა თავს და რომ ვერ მოიხელთა, სვიმონის მეუღლეს, დედოფალ ნესტან-დარეჯანს, საწმერთული გააძრო, შუბის ტარზე წამოაგო და ამ იმპროვიზებული დროშით გასწია "გამარჯვებულმა", კახეთისაკენ...

ყურადსაღებია მოსახლეობის დამოკიდებულებაც (ცხადია, ესეც ქცევით გამოხატული) იმ სიტუაციისადმი, რომელშიაც იმყოფებოდნენ: "... მოსახლეობის ფართო მასები თითქმის ყოველთვის, თუმცა პასიური ფორმით, მაინც ამჟღავნებდნენ საკუთარ მრწამსს - ამ გამოხატულების ფორმებია რაიმე მოვლენისადმი ან განსაკუთრებული აქტივობა, ან სრული გულგრილობა... მაგ. შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ კახეთის მოსახლეობის ფართო ფენებს (როგორც არისტოკრატიას, ასევე მწარმოებელ მასებს, არ მოსწონდათ არც ალექსანდრე II-ის წონასწორობის პოლიტიკა და არც თეიმურაზ I-ის რადიკალიზმი. საგარეო ორიენტაციაში (დასაწყისში). ასეთ დასკვნას ვაკეთებთ სამი მონაცემით: 1. მე-16 საუკუნის უკანასკნელი ათწლედების კახური მოსახლეობის ლტოლვა ირანისადმი... (ნებაყოფლობითი ლტოლვა); 2. შაჰ აბას I ლაშქრობისადმი პასიური წინააღმდეგობა საწყის ეტაპზე...; 3. არაგვის საერისთავოს გადასვლა ქართლის დაქვემდებარებაში. რა უნდა ყოფილიყო ასეთი განწყობის საფუძველი? გვიანფეოდალურ საუკუნეებში ქართულ მოსახლეობაში გაჩნდა ორიენტაცია მშვიდობის მომტან ქვეყანაზე. დაიკარგა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის შესაძლებლობის იმედი. აქცენტი გადაიტანეს კომპრომისზე - მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიაზე..." (ლოვარდ ტუხაშვილი).

ერი ასე იქცევა მაშინ, როცა სხვაგვარი მოქმედების ენერგია აღარ გააჩნია. გვიან ფეოდალურ ხანაში, ჩვენი აქტიურობა მხოლოდ თავდაცვით შემოიფარგლებოდა. გვაიძულებდნენ და ჩვენც ვიბრძოდით... ასეთი ხასიათისაა გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით წარმოებული ომი ირანთან და 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება...

ვისაც თავად არ შეუძლია მტრის მოგერიება, ის მფარველს ეძებს. ასეთად, უკვე XV საუკუნიდან, რუსეთი გვყავდა მოაზრებული და რაც უფრო სუსტდებოდა საქართველო და უღონონი ვხდებოდით, იმდენად გავაიდეალეთ ეს ქვეყანა, წარმოვიდგინეთ უანგარო მხსნელად, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა: როგორმე დაეცვა ქართველობა თურქეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კავკასიელთა აგრესიისაგან...

ამ მიამიტური შეხედულების გამოხატულებაა იოანე ბატონიშვილის ალეგორიული ნახატი, რომელსაც სათაური და გამოსახულებათა გამშიფრავი წარწერები რუსულად აქვს გაკეთებული. ამ ნახატზე, ლომი - სპარსეთს ნიშნავს, დათვი - თურქეთს, მგელი - ლეკებს, მელა - კავკასიელებს, გველები - მოღალატე დესპანებს. ამ ცხოველთა და ქვეწარმავალთა გარემოცვაში მყოფი და ჩრდილოეთით მომზირალი ცხვრები, - ქართველები არიან. სურათის ზემო ნაწილში, საქართველოს მტრებისათვის მეხის მცემლად გამოსახულია რუსეთის იმპერატორი, - თავის მფარველ ანგელოზთან ერთად, მის ზევით კი, მასონთა ნიშანი - მზის სხივებში მოქცეული, ლუციფერის თვალიანი სამკუთხედი, რაც, რუსეთს - "ძმობის, ერთმორწმუნეობის, სიყვარულის, თანასწორობის, ურთიერთდახმარების" მასონური პრინციპების გამტარებლად წარმოგვიდგენს. რუსეთის როლისა და მნიშვნელობის ასეთი ხედვა და, ამავე დროს, საკუთარი ერის ამდაგვარი იდენტიფიცირება, არის ენერგიადაცლილი ერის შვილის თვალსაზრისი, რომელსაც ქართველები, ყველასაგან შევიწროვებულ, დაუცველ ცხვრებად წარმოუდგენია, რუსეთი კი, პროგრესის განსახიერებად.

მაგრამ, ეს სახელმწიფო რომ ასეთი ქვეყანა არ იყო, ამაში ქართველები მალე დარწმუნდნენ, როცა, მისკენ სამასწლიანი გაუთვლელი და გაუაზრებელი ლტოლვის შემდეგ, 1783 წელს გაფორმდა რუსეთთან ვასალური დამოკიდებულების დამამტკიცებელი აქტი "გეორგიევსკის ტრაქტატი", რომელიც, თვრამეტი წლის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია, დაიწყო საქართველოს სამეფო-სამთავროების დაპყრობა და დაამკვიდრა ქართველთა მოძულე კოლონიური რეჟიმი. სხვათაშორის, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს, ქართლ-კახეთში ვითომ, სამოკავშირეოდ და დასახმარებლად მოსული, რუსის ჯარის მთავარსარდლის, გენერალ ტოტლებენის მოქმედებებსა და შეხედულებებში გამოვლინდა.ალხაზისშვილი, თავის ნაშრომში "ჯავახური ლეგენდები", ამას ასე აღწერს: "რუსის ჯარი მლეთის აღმართს რომ ავიდა, გუდაურის სადგურთან ისვენებდა, მაისის მშვენიერი დილა იდგა. ტოტლებენმა დურბინდი აიღო ხელში და არაგვის ტურფა ხეობას გადმოხედა... აღტაცებულმა ღენერალმა დემონივით გადმოსძახა რუსულად: "სამოთხის ქვეყანავ, საოცნებო საქართველოვ, შენ ხარ ჩვენთვის საჭირო და არა შენი ხალხი".

რუსებს საერთოდ, არ ახასიათებთ დაპყრობილი ერების პატივისცემა, მაგრამ ის უდიერება, რაც მათ გამოიჩინეს ქართველთა მიმართ, იმითაც იყო პროვოცირებული, რომ ჩვენი უილაჯობით გამოწვეული, მათკენ ბრმა ლტოლვის გამო, რუსებმა მიგვიჩნიეს ბეჩავ ერად, რომელსაც შეიძლება თავს მოახვიო საკუთარი ნება: წაართვა დამოუკიდებლობა, გააუქმო ეკლესიის ავტოკეფალია, განახორციელო იქ კოლონიზაცია და ეთნიკურად "გაამრავალფეროვნო" ეს მხარე, აუკრძალო ხალხს მშობლიურ ენაზე სწავლა, უგულებელჰყო მათი ტრადიციები, შეურაცხჰყო კაცები, გააუპატიურო ქალები და ასე, დაუსრულებლივ... როგორც გსურს, ისე მოიქცე... ყველაფერმა ამან, აიძულა ქართველები აჯანყებულიყვნენ და ამ შეწინააღმდეგებამ, ცხადია, იმდენად, რამდენადაც ამას გასწვდა ჩვენი ეროვნული ენერგია, რუსებს ხელი ააღებინა ქართველთა სრულ მოსპობაზე.

ამასთან, მოხდა ისიც, რომ რუსეთმა (ცხადია, რამდენადაც ეს მის ინტერესებში შედიოდა) შეძლო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზება. არსებობისათვის შედარებით ნორმალური პირობები შეექმნა ხალხს; ადამიანებს, მეტ-ნაკლებად, მიეცათ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ ქართველებზე. მოღლილ-მოქანცულმა ერმა, მშვიდობა მოიპოვა და მფარველი იპოვა. რუს კოლონიზატორებს რომ მეტი მოქნილობა გამოეჩინათ და ისეთი ურთიერთობები არ დაემკვიდრებინათ, ზნეობრივად ქართველთათვის მიუღებელი რომ იყო, უდაოდ ბევრს მიაღწევდნენ საქართველოს კოლონიზაციის საქმეში. ამის საფუძველს მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში არსებული შეხედულებანი წარმოადგენდნენ: "მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა-პურით, რომელსაც ვსჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით. საჭიროა ამ შედუღაბებული სიტყვის აღბეჭდვა, როგორც მთავრობის, ისე ჩვენი ხალხის შემეცნებაში".

საბედნიეროდ, ქართველის რუსად გადაქცევა არ მოხერხდა, არც ზემოთ გამოთქმული მოსაზრების ავტორი, დიმიტრი ყიფიანი დარჩენილა დიდხანს რუსი, "აზრის მიმართულებით", ოდნავ მოგვიანებით, ყოველგვარმა ქართულმა იმძლავრა მასში და ერის ღირსების დამცველს, ბოლო მოუღეს იმათ, ვისთანაც შერწყმას მოუწოდებდა ქართველობას. უფრო უშუალონი, თავიანთი შეხედულებების გამოხატვისას, უბრალო ხალხი იყო. ასეთი პოზიციის მაგალითია, თავის მოგონებათა წიგნში აღწერილი რომ აქვს იაკობ მანსვეტაშვილს, ესაა დიალოგი ილია ჭავჭავაძესა და ხევსურებს შორის:

"... უწინდელი დრო გახსოვთ - ეკითხება ილია, აი, ჩვენი მეფები რომ გვყვანდა?

- ხსოვნით აბა რა გვეხსომება და გაგონილი კი გვქონია.

- მერე: მაშინდელი დრო სჯობია თუ ახლანდელი?

- რა სათქმელია: გარეთ ვერ გამოვდიოდით. სოფელს რომ გავცილებულიყავით, ან ლეკი დაგვხვდებოდა, ან შინაური ავი კაცი. სისხლი იღვრებოდა, მოსვენება არა გვქონდა, შველა არსაიდან იყო. აი, დალოცოს ღმერთმა რუსის ხელმწიფე: ეხლა რა გვიშავს. აი, თქვენთანაც ჩამოვედით სამუშაოდ და ქალაქშიაც დავიარებით. თუ რამ გასაყიდი ან სასყიდელი გვაქვს, ხელს ვიმართავთ. გზაში ხელს არავინ გვახლებს.

ცოტა არ იყოს წახდა ილია: მოელოდა წარსულის დიდებას, აწმყოს დაგმობას, პასუხი კი სულ სხვა მიიღო, კოჭი ალჩუზე ვერ დაუჯდა".

ასეთია ისტორიული მეხსიერება, ადამიანები იმას მოიგონებენ, რაც აწუხებდათ, რაც საშიშროებას უქმნიდა მათ არსებობას. ცხადია, სხვა დროს ქვეყნის ძლიერების ხანასაც გაიხსენებდნენ, მაგრამ დაბეჩავებული და უღონო ადამიანისათვის, მოუწყობელი ყოფის პირობებში, წარსული დიდება ვერაფერი მაგალითი იყო, მითუმეტეს, არანაირი სურვილი არ ჰქონდა მიებაძა იმ დროის გმირებისათვის.

ილიას რომ მეტად აწუხებდა ერის დაკნინება, ეს მის შემოქმედებაში კარგად ჩანს, რამდენადაც შეეძლო ამხელდა ქცევის იმ წესს, მას რომ მანკიერად მიაჩნდა, მაგრამ თათქარიძეობა სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყო და რამდენიც არ უნდა ეთქვა მწერალს: "მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისათვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღეს თუ ხვალე შენში გაიღვიძებსო". მკითხველი, ბევრ შემთხვევაში, მაინც ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად იქცეოდა.

XIX საუკუნე ბევრი რამით არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი და, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ 1864 წელს საქართველოში ბატონყმობა უქმდება და იწყება სოციალური ფორმაციის შეცვლა. ქართველები ამ პროცესში მეტად ვპასიურობდით, ძველი ღირებულებები ხელს გვიშლიდა, ახალ რეალობაში გავრკვეულიყავით, ყველას აზნაურობა სურდა, საზოგადოებრივი აზრი ჩარჩ-ვაჭრების წინააღმდეგ იყო მიმართული:

"ვაჭარო, მაგ შენს აბაზში
სისხლი და ოფლი ჩვენია!
როგორ არა გაქვს ღვთის შიში
ან კაცის რად არ გრცხვენია"
(აკაკი წერეთელი)

არადა, მომავალი, - არისტოკრატიისა კი არა, ბურჟუაზიისა იყო. უკვე ასეთი განწყობაა ცუდი, თუნდაც, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მქონე ერისათვის. ჩვენთვის კი, უბედურება ისიც იყო, რომ ჯერ ერთი, კოლონია ვიყავით, და მეორეც, ამის წყალობით, ქვეყნის მოსახლეობა, როგორც ვთქვით, ეთნიკურად "გამრავალფეროვნდა".

ისედაც დამონებულებს, ორმაგი მონობის უღელი რომ არ გვეგრძნო, უნდა გვეაქტიურა ყველა ასპარეზზე: სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მრეწველობის, განათლებისა და კულტურის დარგებში. ამ ამოცანის გადაწყვეტას, ნიჭის გარდა, კიდევ ორი რამ სჭირდებოდა: საწყისი კაპიტალი და ენერგია.

ეროვნული თვითმყოფადობისათვის გამართულ ამ დიდ ბრძოლაში, ხშირად, ხან ერთი გვაკლდა, ხან მეორე, ხან მესამე და ხანაც, სამივე ერთად... 1881 წელს, გაზეთ "დროების" რედაქტორმა, სერგი მესხმა, დასტამბა წერილი "იაფი წიგნების გამოცემაზედ", - სადაც, ლაპარაკობდა რა ამდაგვარი წიგნების გამოცემის მნიშვნელობაზე, ისიც აღნიშნა, თუ რა კარგად გაართვეს ამ საქმეს სომხებმა თავი და მეტად მცირე დროის მანძილზე, ბევრი სასარგებლო წიგნი გამოსცესო, და ბოლოს, ასეთი დასკვნა გამოჰქონდა: "რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ ზემოხსენებულ სომხის საზოგადოებას ჩვენს "წერა-კითხვის საზოგადოებაზე" არც მომეტებული საშუალება აქვს და არც უკეთესი გაგება თავისი მოვალეობისა; მაგრამ მაგიერ ამათ (სომხებს) ერთი რამა აქვსთ ჩვენზე უფრო მეტი: - ენერგია და საქმის ერთგულად წაყვანა!

ამას ვინატრით ჩვენ "წერა-კითხვის საზოგადოების კომიტეტისთვისაც".

ზედმიწევნით ზუსტად არის დანახული ქართველთა წარუმატებლობის მიზეზები, ყველაფრის თავი და თავი, ენერგია იყო, - ის გვაკლდა. ამის გამო ვერ ვიჩენდით საქმისადმი ერთგულებას და, მიზანიც მიუღწეველი რჩებოდა.

ჩვენი ნაკლებად ქმედითობის შედეგად, მხოლოდ თითო-ოროლა ქართველი კაპიტალისტი გვყავდა. თბილისი კი, ამ დროს, ფაქტიურად, სომხური ბურჟუაზიის ხელში იყო. სოფლად ფეხს იკიდებდნენ სხვადასხვა ეროვნების კოლონისტები, გასული საუკუნის ბოლოს, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/3, არაქართველია, ამასთან, ავლენს ქართველებზე ბევრად მეტ სოციალურ აქტიურობას. აგრეთვე, მეტი თვითორგანიზების უნარს, უფრო კონსოლიდირებულნი იყვნენ და, ბოლოს, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს, ყველას გააჩნდათ თავთავიანთი ეროვნული იდეა, ანუ, ის ეთნიკური დომინანტი , რომელიც გამოიხმობდა მათ ეროვნულ ენერგიას.

ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლები კარგად გრძნობდნენ ეროვნული იდეის არსებობის საჭიროებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის მიერ ფორმულირებული პრინციპი: "ენა, მამული, სარწმუნოება", ვერ იქცა ეთნიკურ დომინანტად, რადგან ის მოითხოვდა აქტიურ მოქმედებას, ბრძოლას გამარჯვებისათვის. ამისათვის, ეპოქის მონაპოვრის გამოყენება იყო საჭირო, - რაც, თავის მხრივ, ღირებულებათა გადაფასებას ითხოვდა; ფეოდალური შეხედულებანი ბურჟუაზიულით უნდა შეცვლილიყო; სხვაგვარად, ერი პროგრესის გზაზე ვერ შედგებოდა და, რადგან ამისი გაკეთება გაგვიჭირდა, ქართველობა უიმედობამ მოიცვა.

იაკობ გოგებაშვილმა ეს სიტუაცია ასე შეაფასა: "ქართველთა შესუსტება, გულის გატეხა, ჩამორჩენა, ამჟამად შეადგენს იმისთანა აშკარა მოვლენას, იმისთანა ცხად ჭეშმარიტებას, რომელსაც ბევრად თუ ცოტად ყველა გრძნობს, ყველა ამჩნევს, არამც თუ განათლებული, არამედ უკანასკნელი უმეცარიც".

გულის გატეხა, ახალ ვითარებაში ადაპტაციის უუნარობაში მდგომარეობდა. ამ მოვლენამ ნიჰილიზმის სახე მიიღო. 1872 წელს, გიორგი მუხრან-ბატონმა, თბილისში გამომავალი რუსული გაზეთის, "კავკაზ"-ის დამატებად დასტამბა თავისი ნარკვევი, "ეროვნული ინდივიდუალობის არსისა და ხალხთა მსხვილი ერთეულების წარმოქმნის მნიშვნელობის შესახებ". 1889 წელს, ივანე ჯაბადარმა, რუსულ ჟურნალში, "სევერნი ვესტნიკ", პეტერბურგში რომ გამოდიოდა, დაბეჭდა თავისი "წერილები საქართველოზე". მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილები 17 წლის ინტერვალით გამოქვეყნდა და, ამავე დროს, მათ ავტორთა მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: პირველი, - მონარქისტი იყო, მეორე კი, - ხალხოსანი. მაგრამ, საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის მძიმე, უიმედო, უპერსპექტივო სურათის დახატვისას, ისინი გასაოცრად სოლიდარულნი იყვნენ... ქართული საზოგადოება, ქართული ნიჰილიზმის ამ მანიფესტების გამოქვეყნებას ცალსახად არ შეხვედრია; იყვნენ ისეთებიც, ვინც მათი "ნააზრევი" უპირობოდ მიიღო. ილია ჭავჭავაძემ კი, წერილების სერიით "აი, ისტორია" ქვა-ქვაზე არ დატოვა ჯაბადარის მოსაზრებებიდან. ოღონდ, ამას, ნიჰილიზმისათვის, ცხადია, ბოლო არ მოუღია. ქართველობა გრძნობდა, რომ იმაზე მეტ აქტიურობას ვერ გამოიჩენდა, ვიდრე ამას მაშინ ახერხებდა. ეს, რა თქმა უნდა, პატრიოტ ქართველებს მეტად აწუხებდათ და წარსული ცხოვრების მაგალითებს იშველიებდნენ იმის დასტურად, რომ ერთ დროს, ჩვენც ძალა მოგვდგამდა და მსოფლიო სცენაზე ჩვენც ვთამაშობდით როლსო. ასეთი შეხედულების გამოხატულებაა ის, რასაც გერონტი ქიქოძე წერდა წერილში "ენა და ეროვნული ენერგია": "ძველი ქართველობა ენერგიული ერების რიცხვს ეკუთვნის. მისი ენერგია გამოიხატება არა მარტო მის მიერ გათხრილ არხებსა, მის მიერ აგებულ ტაძრებსა და ციხე-კოშკებში, მის მიერ განცდილ ომებში. ეს ენერგია მის ენასა და ლიტერატურაში გამოაშკარავდა". ამისი მსგავსი შეფასებები ბევრია, - ეს ერთგვარი მაგალითის ძალისა იყო შთამომავალთათვის...

უღონობის გამო გვაფრთხობდა ის სიძნელეები, რაც ახალ ურთიერთობებს ახლავს. ამიტომ ჰპოვა მხარდაჭერა რუსეთიდან შემოსულმა უკიდურესად რეაქციულმა იდეამ კაპიტალისტური ფორმაციის გვერდის ავლის შესახებ და, ამიტომ გავრცელდა რელიგიასავით იმავე რუსეთიდან, "ნაროდნიკული" და "სოციალ-დემოკრატიული" მოძღვრებანი. ეთნიკური პასიურობის გამო, ჩვენ არ გვიცდია შეგვექმნა ახალ ფორმაციაში გადასვლის საკუთარი კონცეპცია, არ დაგვიკავშირებია ამ ფორმაციასთან სამშობლოს თავისუფლების იდეა. ამის გამო, ზოგიერთებში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერსპექტივა შიშს იწვევდა. მაშინ, ეროვნული იდეის გაუაზრებლობის შედეგად იდეოლოგიურ სფეროში გაჩენილი სიცარიელე, სოციალისტურმა იდეებმა შეავსეს. ამის შემდეგ, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის ფარგლებში კულტურული ავტონომიის მოთხოვნამ შეცვალა. ქართველ ხალხს კი დაბრალდა, რომ თურმე, ნოე ჟორდანიას სიტყვებით, რომ ვთქვათ: "არც ერთ ერს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა, როგორც ქართველ ხალხს..."

ეს სიცრუე იყო და, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, გარდა იმ უილაჯობისა, რაც თავად ქართველ სოციალისტებს სჭირდათ და, რის გამოც, ისინი თავიდან იცილებდნენ იმ ტვირთს, რასაც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა ერქვა და ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე ამახვილებდნენ. ამით თავიანთ მოღვაწეობას იადვილებდნენ, რადგან ასეთი პოლიტიკით ისინი იქცნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ნაწილად, მის ინტერესებს გამოხატავდნენ და, ამ გზით, კარიერასაც იკეთებდნენ. მათი საქციელი მახინჯ რეალობასთან შეგუების აშკარა მაგალითია. აი, ასეთი მისწრაფებების მქონე ადამიანები მოექცნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის სათავეში. მათ არ გააჩნდათ ეროვნული თვითშეგნება, არ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვისათვის საჭირო ცოდნა და კულტურა, აღჭურვილი იყვნენ მხოლოდ მარქსისტული იდეოლოგიით. ასეთი პოლიტიკოსის ტიპი დაგვიხატა აკაკი წერეთელმა 1909 წელს დაწერილ ლექსში "ვაშა დეპუტატს", რომლის სატირის მახვილი მიმართული იყო ცნობილი სოციალ-დემოკრატის, ევგენი გეგეჭკორის წინააღმდეგ. (შემდგომში, ეს პიროვნება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა).

"ნეტავ, დარჩა ჩვენში კიდევ
ამისთანა ერთი-ორი
როგორც არის, დალოცვილი,
დეპუტატი გეგეჭკორი?
ნამდვილ რუსის შოვინისტი,
მტკიცე ისე ვით მარკოვი;
სხვა ხალხების სისხლის მწოვი!
...
რას მიქვიან ეროვნება?
სჯობს მოისპოს ნაციაო
და დამყარდეს ქვეყნად მხოლოდ
პროლეტარიზაციაო!
...
პურიშკევიჩ და მარკოვის
მოაზრე და თანასწორი,
ხომ ხედავთ, თუ რა კაცია
დეპუტატი გეგეჭკორი?

ამისთანა ხალხმა გამოიწვია 1921 წლის ტრაგედია, რადგან, მათ აიძულეს მოსახლეობა, ეცხოვრა არა ეროვნულ ფასეულობებზე დამკვიდრებული ცხოვრების წესით, არამედ უტოპიური იდეებით შექმნილი სისტემის პირობებში. ამან ხალხი გააუცხოვა სახელმწიფო პრობლემებისაგან... მართალი იყო რევაზ გაბაშვილი, როცა მენშევიკების რეჟიმს ასე აფასებდა: "სოციალიზმზე და რევოლუციაზედ შეშლილი საქართველოს მეთაურობა, სრულიად უგულვებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალით ახდენდა, იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას - მშვიდობიანი წესით საქართველოში, სულ ღია კარებში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მთელი მათი რევოლუციური ენერგია შინ (და გარეთაც) იხარჯებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების წინააღმდეგ".

გაუკუღმართებულად წარმართულ სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესს ხედავდნენ არა მხოლოდ მოკეთეები. ის არ გამოპარვიათ საქართველოს მტრებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც სათანადო ძალაც გააჩნდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა შეფასება, რომელიც მოცემულია რუსეთის თეთრგვარდიელთა ერთ-ერთი ლიდერის, ერთი ხანობა, "რუსეთის მმართველის", გენერალ ანტონ დენიკინის მოგონებათა წიგნში "რუსული ამბოხის ნარკვევები". აი, რას წერს ის ჩვენი პირველი რესპუბლიკის თაობაზე:

"საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრება თავისებურად საინტერესო სურათს წარმოადგენდა...

ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი და დამფუძნებელი კრება) მოექცა პატარა, მჭიდროდ შეკრული ჯგუფის ხელში, რომლის წევრებსაც რევოლუციური მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. აკავშირებდათ ტომობრივი (უმეტესობა - იმერელი იყო), ნაწილობრივ სისხლისმიერი ნათესაობაც, პარტიული კუთვნილება (სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები) და ერთობლივი დამანგრეველი მუშაობა - დასაწყისში იატაკქვეშეთიდან, შემდეგ რუსეთის სახელმწიფოებრიობის მწვერვალებიდან. მათი ერთგვაროვნება და ვიწრო კასტური შემადგენლობა მოიცავდა ძალასა და სისუსტეს ერთდროულად: შინაგანი დისციპლინა ერთი მხრივ და მოსახლეობისაგან მოწყვეტა, ტექნიკურად მომზადებული ძალების არარსებობა, მეორე მხრივ. ქართველი გლეხობა, რომელიც მოსახლეობის 90%-ს შედგენდა, სულაც არ მიიჩნევდა თავს გაბედნიერებულად იმის გამო, რომ საკმაოდ ძვირად მიიღო მიწის დამატებითი ნაკვეთი. მიწათსარგებლობის პირველყოფილი მეთოდების, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და ინვენტარის უკიდურესი სიმწირის პირობებში ისინი, ცხადია, ვერც იგრძნობდნენ თავისი ყოფის ოდნავ გაუმჯობესებასაც კი. ამასთანავე დღითიდღე უარესდებოდა ცხოვრების პირობები. "ბონების" ფასი ყოველდღე ეცემოდა, იზრდებოდა სიძვირე, ძლიერდებოდა "შიმშილი" სასურსათო და სამრეწველო საქონელზე. ქართული გაზეთები აღნიშნავდნენ, რომ იზრდებოდა ახალი ბოროტება - ნიპოტიზმი, ნათლიმამობა, კუთხური მხარდაჭერა, - რისი კვალიც ყველა სამთავრობო დაწესებულებაში ჩანდა და ადრე გაუგონარი მექრთამეობის, სპეკულაციისა და დატაცებების მიზეზად იქცა.

ვერ ხერხდებოდა მართლწესრიგის განმტკიცებაც..."

ვერაფერს იტყვი, ზუსტი ანალიზია, რომელშიაც ნათლად ჩანს ქართული სახელმწიფოს წიაღში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები (საოცრად მსგავსი იმისა, რაც დღესაც ხდება ჩვენში). არ შეიძლება ქვეყნის ასეთი სისუსტე ნახოს და აგრესიულმა ძალამ ის თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. დენიკინმა, 1918 წელს ეს მხოლოდ სცადა, - როცა აფხაზეთში შემოიჭრა. ლენინმა კი, საქმე ბოლომდე მიიყვანა და შინაგანად სათანადოდ აუწყობელი სახელმწიფო სულ ადვილად დაიპყრო. მარცხის თავი და თავი მაორგანიზებელი ძალის არქონა იყო. ხოლო ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ერქვა, ამ ფუნქციას ვერ ასრულებდა თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკით; იმდენად მოსახლეობის ორგანიზებას არ უწყობდა ხელს, რამდენადაც მის დეზორგანიზებას.

ასეთმა პოლიტიკამ სულ ჩაახშო ისედაც მცირე ეროვნული ენერგია და როდესაც ბოლშევიკური რუსეთი თავს დაგვესხა, საქართველომ წინააღმდეგობის გაწევა და აგრესიის მოგერიება ვერ შეძლო. უზნეო პოლიტიკამ, რომელიც ეროვნული ღირებულებების ადგილას სოციალურის ჩანაცვლებას ახდენდა, გამოიწვია 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გაუცნობიერებლობაც. ბევრის შეხედულებებს გამოხატავდა სოციალისტი პეტრე გელეიშვილი, როცა მეორე რუსული ოკუპაცია ასე შეაფასა:

"რაზე ღელავთ? ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?..."

ქართველი სოციალისტი ხედავდა პარტიას და ვერა იმ რუსულ ხიშტებს, რომლებზე დაყრდნობითაც ეს პარტია, - ეროვნული ინტერესების საზინაოდ, ძალაუფლებისაკენ მოიბრძოდა.

საპირისპირო მაგალითს წარმოადგენს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა ევალებოდა პოლონელ სოციალისტს, და ეს მოსაზრება ეკუთვნის პოლონეთის სახელმწიფოს აღმდგენელს მეოცე საუკუნეში, თავადაც სოციალისტ, იოზეფ პილსუდსკის: - "სოციალისტი პოლონეთში უნდა ისწრაფვოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ, დამოუკიდებლობა კი, ფრიად მნიშვნელოვანი პირობაა სოციალიზმის გამარჯვებისა პოლონეთში".

როგორც ხედავთ, თავისთავად, სოციალისტობა, არ ნიშნავს ეროვნულის უარყოფას, ამიტომაც, პოლონელი, ჩეხი, ლიტველი სოციალისტები სწორად აცნობიერებენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს; ქართველი კი, ვერა. ამიტომაც ვერ ავიცდინეთ ვერც ოკუპაცია და, ვერც კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც, თავისი ავი საქმე, ქართული მიწა-წყლის დარიგება-გასხვისებით დაიწყო.

ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო საქართველომ დაკარგა და, მის მეზობლებს გადაეცა: თურქეთს - 12 ათას 115 კვადრატული კილომეტრი, სომხეთს - 3 ათას 812 კვადრატული კილომეტრი, აზერბაიჯანს - 3 ათას 564 კვადრატული კილომეტრი. ამრიგად, საქართველომ დაკარგა 19 ათას 491 კვადრატული კილომეტრი თავისი ისტორიული მიწა-წყლისა. რუსეთმა დაინარჩუნა, ადრევე ჩვენთვის წართმეული სოჭის ოლქი და, ჩრდილოეთ კავკასიაში ცოტა-ცოტა ჩამოგვაჭრა. ეს გაუგონარი ძალადობა კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა განახორციელა და დააკანონა იმავე მაკიაველისტური პრინციპით, რომლითაც ხელმძღვანელობდა მაგალითად, XVIII საუკუნის ისეთი ცნობილი დამპყრობელი, როგორიც იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ II. მას უთქვამს: "თუ მოგწონს რომელიმე ქვეყანა, დაიპყარი ის, თუ ამისი საშუალება გაქვს. შემდეგ ყოველთვის ნახავ ისტორიკოსს, რომელიც დაამტკიცებს შენი ბრძოლის სამართლიანობას, და იურისტს, დამსაბუთებელს შენი მოთხოვნებისა".

როგორც ჩანს, პრუსიის მეფეს თანამოაზრეები ჰყავდა ჩვენს მეზობელ რესპუბლიკებში, დაპყრობილი საქართველოს ტერიტორიების განაწილებისას, რასაც, ოფიციალურად, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარებას უწოდებდნენ... და, რის გამოც, 1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა შექმნა სპეციალური კომისია, რომლის სხდომებიც თბილისში ჩატარდა 25-27 ივნისს და, რომელზედაც, სომხეთის წარმომადგენელს, ბეკზადიანს, გამოუთქვამს მოსაზრება, რომ სომხეთის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პრობლემები, საქართველოს და აზერბაიჯანის ხარჯზე უნდა გადაწყვეტილიყო. ამას ადასტურებს ბეკზადიანის სიტყვის საოქმო ჩანაწერის ფრაგმენტიც: "ახლა სომხეთს არც საკმარისი ტერიტორია აქვს და არც ტყისა და სხვა ფონდები - სახელმწიფო სახსრების უმთავრესი წყარო, ამიტომ იგი, როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეული, ვერ შესძლებს არსებობას. ამ გარემოებათა გამო ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანს და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხანაგებმა მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა. ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხანაგ ქართველებს და თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისთვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების გულისათვის დაგვთანხმდნენ გარკვეული ტერიტორიების დათმობას, ამასთან კომპაქტური სომხური მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში".

გარდა თავხედური პრეტენზიისა, ეს დოკუმენტი სხვა რამითაც იქცევს ყურადღებას. მაშინ, სომხეთიც ისევე იყო დაპყრობილი საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საქართველო, მაგრამ სომხები ავლენენ ადაპტაციის მეტ უნარს, მეტ ენერგიას და სხვას ართმევენ, ან უცერემონიოდ სთხოვენ ტერიტორიებს, მაშინ, როცა, ქართველები ვერც ადაპტაციის უნარს და ვერც ენერგიას ვერ ვავლენთ. იმდენად მოუმზადებლები ვხვდებით ანექსიას და ოკუპაციას, რომ ვერაფერს ვახერხებთ და ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეოთხედს ვკარგავთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენ არ გვყავს ბეკზადიანის ტიპის ნაციონალისტი კომუნისტები. ჩვენთან პირიქითაა, ქართველი კომუნისტები ინტერნაციონალისტები არიან!

მახინჯმა სოციალურ-პოლიტიკურმა სისტემამ მოითხოვა შეგუების ასეთივე მახინჯი ფორმები და, სამოქმედო ასპარეზი მისცა ადამიანებს, ვინც ამ ფორმებზე მორგება სხვაზე უკეთ შეძლო, ანუ, ქართველ კომუნისტებს. მათი ეს უნარი, იმთავითვე ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული და ქართველი ქართველს დაუპირისპირდა. ამასთან, ისეთი სისასტიკით, რაც გვიანი შუა საუკუნეების ყველაზე ბნელსა და მძიმე პერიოდებში თუ ჰპოვებს ანალოგს.

რუსეთის მიერ დამყარებული კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ქართველი ინტელიგენციის მისამართით, სერგო ორჯონიკიძე იტყვის: "... თუ კი ინტელიგენცია საბოტაჟის, საიდუმლო შეთქმულებების და აჯანყებების გზით წავა, ტყვიის ენის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკს არ დავიწყებთ".

ტერორისაკენ აშკარა მოწოდებების გვერდით, კონკრეტდება ის სოციალური ფენები, რომელთა განადგურება იყო აუცილებელი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ცეკას ერთ-ერთი მდივანთაგანის, კახიანის აზრი, ასეთი გახლდათ: "... ვინაიდან, ვიდრე ჩვენს წინაშეა საბჭოთა საქართველოში ეს მრისხანე ციფრი 120-130 ათასი თავადაზნაურობისა, 7000 მეფის ოფიცრობისა, არა ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ეს საწვავი მასალა არ აალდება ხელახლა ყოველ ხელსაყრელ საერთაშორისო და საშინაო გართულებათა შემთხვევაში. ამ საკითხს არა ერთხელ და ორჯერ სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეს საქართველოს კპ ცეკა".

ჩაუფიქრდნენ და, ქართველობა შებოჭეს ტერორის უწყვეტი ჯაჭვით, რომლის ყველაზე დიდი რგოლები 1921, 1924, 1929-33, 1937, 1951, 1956 და 1989 წლებია, წვრილ-წვრილი კი, - ანუ რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაპატიმრება, გადასახლება, დახვრეტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება, - ყოველთვის ხდებოდა.

ასეთი ზეწოლა, სრულიად ხელოვნურ და მიუღებელ სოციალ-პოლიტიკურ სისტემასთან ერთად, თავს გვახვევდა დუნე, რეგლამენტირებული ცხოვრების წესს, რომელიც, ხელს უწყობდა არა ეროვნული ენერგიის გამოვლენას არამედ, მის დათრგუნვას; ბადებდა ნიჰილიზმს; კიდევ უფრო გაიზარდა რუსიფიკაციის საფრთხე; სულ უფრო მეტ ქართველს შეჰყავდა თავისი შვილები რუსულ სკოლაში. რუსული ენა იმ ბარიერად იქცა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს ყოფდა ქართველებისაგან... რუსეთის ორივე იმპერია საქართველოს დაქუცმაცებას ცდილობდა. კომუნისტურმა, ამ მხრივ, ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია: არაქართველები ქართველებს დაუპირისპირა, ქვეყანა ავტონომიებად დაჰყო და, ამით, შენელებული მოქმედების ნაღმები ჩააწყვეს, რომლებიც, ისეთ დროს და ისეთი სიმძლავრით აფეთქდებოდა, როგორც მოსკოვს სურდა...

კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმი საგანგებოდ უწყობდა ხელს არაქართული და, საერთოდ, რუსულენოვანი მოსახლეობის სოციალურ გააქტიურებას, რათა მისი სახით რუსეთს ერთგვარი დასაყრდენი ეპოვნა. ქართველთა აქტიურობა, მაშინ, უმეტეს შემთხვევაში, პირადი პრობლემების მოგვარებით შემოიფარგლებოდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ მდგომარეობისა, რომელშიაც ვიმყოფებოდით: ადამიანი, როცა მას სახელმწიფო საზრუნავი არ აწუხებს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის ამარა რჩება...

მიუხედავად ამისა, მაშინ, სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრება არ ჩამკვდარა საქართველოში. ჯერ ერთი, ამას არ დაუშვებდა კომუნისტური რუსეთი და, მან, ისევე, როგორც ადრე - მონარქისტულმა, იმდენად შეასრულა მაორგანიზებელი ფუნქცია, რამდენადაც ეს მის ინტერესებში შედიოდა. მეორეც, ჩვენ გვეყო ეროვნული ენერგია, რომ არსებული პირობები ეროვნული თვითმყოფადობის გამოსავლენად გამოგვეყენებინა ეს, განსაკუთრებით, სულიერი ცხოვრების სფეროზე ითქმის და, კერძოდ, შემოქმედებით აზრზე, რომელსაც მცირეოდენი გასაქანი ე.წ. "ოტტეპელისა" და "ზასტოის" წლებში მიეცა. თუმცა, არც მოსახლეობის ყოფა იყო მაშინ, იდეოლოგიური დოგმებისა და ნორმატივების მიხედვით მოწყობილი. ამიტომ, არც "ცხოვრების სოციალისტური წესი" გახლდათ მაინცადამაინც დაცული.

საკითხავია: რატომ უყურებდნენ მოსკოველი იდეოლოგები მშვიდად ჩვენს ასეთ ქცევას? - ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება, მოინახოს იმ ყურადსაღებ ამბავში, რომელსაც მოგვითხრობს ნოე ჟორდანია მოგონებათა წიგნში "ჩემი წარსული":

"როგორც კი მივუახლოვდით ვარშავას რკინის გზით, ვაგონში შემოვიდა პოლონელი კონდუქტორი და დაიწყო ბილეთების ჩამორთმევა. ჩემს გვერდით იჯდა პოლონელი მგზავრი და მას პოლონურად მოსთხოვა ბილეთი. ეს გაიგონა უკან მჯდარმა რუსის ჟანდარმმა, წამოხტა, მივარდა კონდუქტორს და ოქმი შეუყენა პოლონურად ლაპარაკის გამო. გამიკვირდა, გავოცდი, ჩვენში არაფერი ამის მსგავსი არ მენახა, თუმცა, ქართველი კონდუქტორები მუდამ ქართულად ელაპარაკებოდნენ ქართველ მგზავრებს".

ის, რამაც გააოცა ნოე ჟორდანია, სულ უბრალოდ შეიძლება აიხსნას: რუსები პოლონელებს ავიწროვებდნენ იმიტომ, რომ ისინი არ ყაბულდებოდნენ უფლებებს, რაც ჰქონდათ, და მეტისათვის იბრძოდნენ. აქტიური წინააღმდეგობა, რასაც ყველა სფეროში აწყდებოდა რუსული კოლონიალიზმი, საცნაურს ხდიდა იმას, რომ პოლონელები თავიანთ მდგომარეობას დროებით მოვლენად მიიჩნევდნენ. იმ დროს საქართველოშიც იდევნებოდა სკოლებიდან ქართული ენა. გავიხსენოთ, იანოვსკის "საგმირო" საქმეები, - მაგრამ, რუსებს, ქართული მთლად არ გაუდევნიათ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, რადგან ხედავდნენ, რომ ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავდით და პოლონელების მსგავსად, შეურიგებელი პოზიცია არ გვქონდა. ამის გამო, ჩვენს მიერ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, რუსებისათვის საშიში არ იყო.

ეს კიდევ ერთხელ განმეორდა "ოტტეპელისა" და "ზასტოის" წლებში, - უცვლელი დარჩა ჩვენდამი "ლოიალობის" მიზეზი.

იმპერიას საშიშად არ მიაჩნდა ქართველთა "ფრონდერობა", ამიტომ, უფლებას გვაძლევდნენ, ასე გვეცხოვრა და ასეთები ვყოფილიყავით. ეს, განსხვავებით 20-იანი წლების ყოფითი თუ შემოქმედებითი სიტუაციისაგან, - რომელსაც ებრძოდნენ "ნეპის" გაუქმებით, გაკულაკებით, იდეოლოგიური მუხრუჭების ამოქმედებით კერძოდ, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებით, ლიტერატურულ-სახელოვნო ორგანიზაციების გარდაქმნას რომ ითვალისწინებდა; და ბოლოს, 1937 წლის ტერორიით, რის სავალალო შედეგზეც უკვე მოგახსენეთ.

ასეთი განსხვავებული დამოკიდებულების გარდა, კოლონიური რეჟიმის ტრანსფორმაციისა (თავისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იგი რეპრესიების მეთოდებს ცვლიდა) მიზეზი იყო ისიც, რომ ერთგვაროვნად, ვერც ჩვენ ვავლენდით ეროვნულ ენერგიას და რამდენადაც მოსახლეობის ძირითადი მასა პასიური იყო, იმდენად ნაკლებად საშიში გახლდათ იმპერიისათვის მისი ყოფის სპეციფიური ხასიათი.

სსრკ-ს დაშლამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, ხელნაწერის სახით გავრცელდა კიტა ბუაჩიძის "ღია ბარათი", რომელსაც, მოგვიანებით, "შავი წიგნი" ეწოდა. ეს პუბლიცისტური ნაწარმოები დოკუმენტურად ასაბუთებს იმას, თუ როგორ და, რა ფორმებით განიცდიდა ქართველობა ზეწოლას, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობათაგან და მეზობელი ერებისაგან, - რაც ეთნიკური ექსპანსიით და, ჩვენს მიმართ უსაფუძვლო, ტერიტორიული თუ სხვა პრეტენზიებით გამოიხატა.

ამ ყველაფრის უკან კოლონიზატორთა ხელიც იგრძნობოდა, მაგრამ, გათითოკაცებული და მომხვეჭელობას გადაყოლილი ქართველობა შემოტევას ვერ იგერიებდა... ამ წიგნში მოყვანილი ფაქტებით, კარგად ჩანს, ის დამღუპველი ტენდენცია, რომელსაც, ახლა, სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ, დეპოპულაციის ფაზის დასაწყისი. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ ქართველთა ეროვნული ენერგია საკმარისი აღარ იყო გასამრავლებლად და არსებობის შესანარჩუნებლად... ყველაფრის თავი ქართველთა სოციალური პასიურობა იყო, აქტიურობისათვის საკმარისი ენერგია არ გვქონდა, - ამასთან, აქამდის შემორჩენილი ზოგიერთი ფეოდალური ხანის ღირებულება, ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებასაც არ იძლეოდა, რასაც იძლეოდა "სოციალისტური ცხოვრების წესი".

ამიტომ გვქონდა სრულიად გაუმართლებელი, - თავისი საყოველთაო ხასიათის გამო, - მისწრაფება ელიტარულობისაკენ, - რაც ვლინდებოდა, უპირველეს ყოვლისა, "არაპრესტიჟულობის" გამო, მთელი რიგი საჭირო, და შემოსავლიანი პროფესიების მიუღებლობით. კერძოდ, ხელოსნობა და მომსახურეობის სფერო; არავის უნდოდა გლეხად და მუშად ყოფნა. სამაგიეროდ, ყველას სურდა უმაღლესი სკოლის დიპლომის მიღება, რასაც, ადრე ნათქვამს გავიმეორებ, სოციალისტურ საქართველოში ისეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორიც ფეოდალურ ხანაში - აზნაურის წოდებას ...

იზღუდავდა რა სამოქმედო არეს საკუთარი ნებით, ერი კიდევ უფრო პასიური ხდებოდა. აშკარა იყო ცალმხრივი განვითარების ტენდენციის არსებობა, რომლის დროსაც, ქართველების ნაწილი ცდილობდა გამხდარიყო ერთგვარი ელიტარული კასტის წევრი, - რომელშიაც ერთიანდებოდნენ ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენცია, პარტოკრატები და ბიუროკრატია; ხოლო ბევრი დარგი და პროფესია მათ არ აინტერესებდათ, - ის ვიღაც სხვას უნდა დაეკავებინა, მაგალითად, სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. ამიტომ, უმეტესწილად, რუსუბი ქარხანა-ფაბრიკების მუშები იყვნენ, სომხები და ებრაელები - ხელოსნები და, ვაჭრობის მუშაკები, ქურთები - მეეზოვეები და კურტნის მუშები, და ასე შემდეგ. არსებითად ეს იყო გვიანი შუა საუკუნეების სოციალური კიბის რაღაც მახინჯი ანალოგია; კონსერვირებული, ფეოდალური პერიოდის ღირებულებათა ზემოქმედების შედეგი სოციალიზმის წიაღში. სოციალური დიფერენცირების ასეთი ეთნიკური სახე, იმ დიდი საშიშროების მაჩვენებელი იყო, რის წინაშეც ვიდექით.

ამას ემატებოდა კიდევ ერთი საფრთხე: ელიტარული ყოფისაკენ სწრაფვამ ქართველებში გააძლიერა რესპექტაბელურობის მოთხოვნილება, - რაც იმ მცირე ხელფასით, საბიუჯეტო დაწესებულების მოსამსახურეებს რომ ჰქონდათ, ძნელი მისაღწევი იყო. ამიტომ, საჭირო გახდა ბევრ რამეზე უარის თქმა... ეკონომია უპირველეს ყოვლისა, ოჯახის დაგეგმარებას შეეხო და, წესად იქცა 1 ან 2 შვილიანი ოჯახები. ამან, ერთგვარი, ეროვნული პოლიტიკის ხასიათი მიიღო. განურჩევლად იმისა, კანონიერად ცხოვრობდა ვინმე, და ამიტომ, უფულო იყო, თუ უკანონო გზით ნაშოვნი ბევრი ფული ჰქონდა, - ორივე შემთხვევაში, მრავალშვილიანი ოჯახი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა... გამოირკვა, რომ მატერიალური ხელმოკლეობის გარდა, კიდევ იყო სხვა მიზეზიც: კიტა ბუაჩიძეს მაგალითები მოჰყავს იმისა, რომ შერეულ სომხურ-ქართულ ოჯახებში, უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე, მხოლოდ ქართულში და როცა მამაკაცი სომეხია, ის ქართველ ქალს უფრო მეტ შვილს აჩენინებს, ვიდრე ქართველი მამაკაცი, რომელსაც სომეხი ცოლი ჰყავს... აი, ამონაწერი იმ სამგლოვიარო განცხადებებიდან, ავტორს რომ მოუყვანია ამ დემოგრაფიული კაზუსის საილუსტრაციოდ:

  • "მეუღლე ნინო შალიკაშვილი, შვილები გურამ, ირა, შოთა, ჟორა... იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სურენ გაბრიელის ძე კარაჯიანი".
  • "მეუღლე მარიამი, შვილი ლენა იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თედორე ანდრიას ძე კუჩერია".
  • "შვილები ვალიკო, ოთარ, ლენა, გივი ჩაპკანოვები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ეკატერინე მიხეილის ასული კბილაშვილი-ჩაპკანოვი".
  • "შვილი ჯამლეთ ასანიძე, იუწყება, რომ გარდაიცვალა ბაბალე (ვარვარა) პავლეს ასული პეტრიაშვილი".
  • "მეუღლე ოლღა ბიბილური, შვილები სილვა, გრიგოლ, არარატ იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სერგო (სამველ) მელიქის ძე მელიქოვი".

და ბოლოს, ერთიც, - როცა, სომეხი ქართველს მიჰყვება: "მეუღლე ზურაბი, შვილი ლენა, იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამალია დანიელის ასული ასატუროვა-ჯოგლიძე".

ამრიგად, ცხადია, რომ გამრავლების ინსტინქტის ასეთი უცნაური გამოვლინება შერეული და ჩვეულებრივი ქორწინებების დროს, ისევ და ისევ ეროვნული ენერგიის გამოა. ვისაც მეტი აქვს, - ის უფრო ნაყოფიერია, და ვისაც ნაკლები, - ის არა. სხვათაშორის, დაქვეითებული ენერგეტიკა და, აქედან მომდინარე, უკიდურესი ეგოიზმი, არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი გაუთხოვარი ქალი და უცოლო კაცია ჩვენში, რომელთაც, არ ჰყოფნით ძალა, ვინმეს, შესაყვარებლად და ოჯახის შესაქმნელად. ასე იყო ამ ათიოდე წლის წინათ და ასეა ახლაც; არადა, თუ ერს გამრავლების ინსტინქტი მოჩლუნგებული აქვს, ეს აშკარა საბუთია დეპოპულაციის დასაწყისისა...

კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, ჩვენში პროვინციალიზმმა, სნობიზმმა და ეგოცენტრიზმმა იმძლავრა. ამ ტენდენციას უფრო ღრმა ფესვებიც აქვს:

ჯერ ერთი, საქართველო დიდხანს იყო დიდი იმპერიების ხან ჩრდილო, ხან აღმოსავლეთ, ხან დასავლეთ და, ხანაც სამხრეთი პროვინცია. ამას, არ შეიძლება, კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს ცნობიერებაზე.

მეორეც: ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ფორმაციის შეცვლით გამოწვეულმა სიძნელეებმა ქალაქად თავი მოუყარა სოციალური ფუნქციის არმქონე პროვინციალებს, რომლებიც არაფერს არ ქმნიდნენ, არ აწარმოებდნენ, არ იყვნენ ჩაბმულნი საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხელში. ამიტომ, მათი თვითდამკვიდრება უცხოეთიდან შემოსული იდეების გათავისების საშუალებით ხდებოდა (ამ გზით იძებნიდნენ ისინი საქმეს, რაც შესაძლებლობათა რეალიზების პირობებს უქმნიდათ). ხშირად, ეს იდეები ეროვნულ ღირებულებათა უარყოფას ითხოვდა, - რაც სნობიზმის აღორძინებას იწვევდა. გამოხდება ხანი და მენშევიკი კაკი წერეთელი იტყვის: "ჩვენ ვართ ისეთი ქართველები, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს ვერც გაცვეთილი პატრიოტიზმი, ვერც სამშობლოს და ქართული ენის ყვირილი. ჩვენი იდეალი საკაცობრიო იდეალია, ჩვენ ამ იდეალით ვცოცხლობთ, ამით ვიმედოვნებთ, აწმყო გველივით გვეზიზღება, წარსული ჭირივით გვეჯავრება, ჩვენ ვიცქირებით ბრწყინვალე მომავლისაკენ"...

მას დაუდასტურებს ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე:

"ჩვენთვის ნაციონალური კულტურა არ არსებობს, ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება ნაციონალურ ზნე-ჩვეულებებს, ესენი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველია".

სოციალიზმის, ინტერნაციონალიზმის, დემოკრატიის, კოსმოპოლიტიზმის იდეებს საყველპუროდ გაცნობილი ქართველი პროვინციალები, - დასავლურ ღირებულებებთან თუნდაც, ამდაგვარი წილნაყარობით, - მეტისმეტად ამაყობდნენ, თავიანთ, აგრეთვე, პროვინციელ და სნობ თანამემამულეებს თვალებში ნაცარს აყრიდნენ. სწორედ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სნობისტურმა შეხედულებებმა ქნა ის, რომ პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლის ავტორიტეტი სოცალური დემაგოგიის გარდა, ბევრად განსაზღვრა კიდევ იმან, რომ, ეს პარტია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაწილი იყო თავიდან და, მისი ლიდერების: ნოე ჟორდანიას, კაკი წერეთლის, კარლო ჩხეიძის, ევგენი გეგეჭკორის ავტორიტეტი ეფუძნებოდა იმას, რომ იყვნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები. ეს უმნიშვნელოვანესი არგუმენტის ძალას იძენდა ქართველი სნობებისათვის...

იმავე მიზეზმა განაპირობა, უკვე კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის პიროვნების კულტის წარმოშობა და დღემდის შენარჩუნება საქართველოში. ის, რომ გორელი მეჯღანის შვილი რუსეთის კომუნისტური იმპერიის სათავეში მოექცა, საქართველოსათვის საშიში იყო ეს მაშინვე აშკარა გახდა. სტალინის როლი მეორე რუსული ოკუპაციის საქმეში, არასოდეს ყოფილა სადავო. თუმცა სნობებისათვის მთავარი იყო არა ერის ტრაგედია, არამედ მისი მაღლა აცოცება, სხვის სახელმწიფოში პირველ კაცად გახდომა... სტალინზე უამრავი ლექსი და მოთხრობა დაიწერა. დიქტატურის დროს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას სოციალური დაკვეთის მექანიზმი. მაგრამ, სახალხო მთქმელებმა და მეშაირეებმა თავი რომ გამოიდეს, ეს გახლდათ საბუთი იმისა, რომ ავის და კარგის გარჩევის უნარი დაკარგული გვქონდა. ფშაველი მთქმელი ამბობდა:

"მომკვდარა ჩვენი ლენინი
და აღარა გვყავს მცველია,
დამგლოვიარდნენ მშრომელნი,
გულს დაიკრიბეს ხელია.
არის ლენინის ადგილას
ეხლა სტალინი ჩვენია,
შეხარის გლეხი და მუშა:
შენი ჭირიმე, შენია!"
იმერელი მეშაირე შაირობდა:
"ერთი წყვილი კეცის მჭადი
მივაჭამე მწვანილსა,
კოლექტივის შექმნისათვის
ვენაცვალე სტალინსა".

სტალინისადმი სნობური დამოკიდებულება ზოგჯერ ისეთ სიბრიყვეს ათქმევინებდა ადამიანს, მისი გამეორებაა უხერხული, მაგრამ ერთი ნიმუშის მოყვანა მაინც აუცილებელია; სტალინის სიცოცხლეში, რუს შოვინისტს ქართველისათვის უთქვამს: "რუსის ჩექმის ქვეშ ხართო", - ქართველს "ბრძნულად" უპასუხნია: "ის ჩექმა ხომ ქართველს აცვიაო"...

სხვის გაღმერთება-გაბელადებას მაშინ იწყებს ადამიანი, როცა საკუთარ არარაობას შეიგრძნობს, მომდინარეს უილაჯობისაგან, ტრადიციულ ღირებულებებსაც მაშინ უარყოფს, როცა მათი დაცვის თავი არა აქვს. ასე რომ, ყველა ამდაგვარი უზნეობის მიზეზი, პასიონარული ენერგიის დაკარგვაში უნდა ვეძიოთ.

კოლონიურ-კომუნისტურმა რეჟიმმა საფუძვლიანად შეცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობა მორალისა და ეთიკის სფეროში. ლენინის სიტყვებით რომ ვთქვათ: "იმ აზრით, რა აზრითაც ქადაგებდა მას ბურჟუაზია, რომელსაც ეს ზნეობა ღვთის ნებიდან გამოჰყავდა". ამის შედეგად მივიღეთ საკმაოდ გაშუალებული დამოკიდებულება...

კოლონიური ყოფის სამოცდაათი წლის მანძილზე ერთმანეთის მიმართ ერთობ "გაშინაურებულნი" ვიყავით, აშკარად იგრძნობოდა ფამილიარული ურთიერთდამოკიდებულების მოჭარბება იქ, სადაც ეს დასაშვები იყო და იქაც, სადაც ეს დაუშვებელი იყო... ადამიანებს კონტაქტის ასეთი ფორმა უფრო "ეხერხებოდათ". ამის მიზეზი ქართველთა კომუნიკაბელობა სულაც არ იყო. საქმე ის არის, რომ: მმართველი რეჟიმის მიერ, თავის დროზე, სოციალური დიფერენცირების მოსპობამ, - სოფლად თუ ქალაქად, - საზოგადოება გააპლებეურა. ამან კი, თავისი კვალი დაამჩნია ეთიკის ნორმებს, მითუმეტეს, ოფიციალური იდეოლოგია ამ ტენდენციას ხელს უწყობდა. ამასთან: შენიშნული მაქვს, ჩვენი თანამემამულენი ოფიციალურ ურთიერთობებთან შედარებით, უპირატესობას უფრო არაოფიციალურს, შინაურულს ანიჭებდნენ. ასეთი არჩევანის მიღმა, ძალიან ხშირად, საქმისაგან, თუ პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენის მცდელობა იმალებოდა. ჩვენი გაშინაურება, ვინმესთან დაამხანაგება, ფამილიარული ურთიერთობა, არაფრის კეთების, ან, ბოლომდე არგაკეთების ერთგვარ გარანტიად იქცა. ასეთ რამეს სხვა ერებში ნამდვილად ვერ ნახავ და, ესეც ჩვენი უილაჯობის ბრალია.

ქართველთა სოციალური პასიურობა, მისგან მომდინარე პრობლემები, დიდი ხანია, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის ფიქრისა და განსჯის საგანს წარმოადგენდა. 20-იან წლებში ნიკოლო მიწიშვილმა ამ თემაზე ასე დაიჩივლა: "და როცა კვლავ ვუბრუნდები საქართველოს, მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია: ნუთუ საქართველო მარტო ეტნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაშენებაში გადასული?"

ამ შეკითხვას მთელი 70 წელი არ დაუკარგავს აქტუალობა და როცა საშუალება მოგვეცა, მასზე პასუხის გაცემა პოლიტიკური გააქტიურებით ვცადეთ. ოღონდ, ეს თავისით არ მომხდარა, - ორმა რამემ შეუწყო ამას ხელი: "პერესტროიკის" დასაწყისმა სსრკ-ში და იმ წლებში ბევრი ჩვენი თანამემამულის მიერ თავისუფლების იდეის გათავისებამ. ეს მაშინ, ნამდვილ ეთნიკურ დომინანტად იქცა და ამას ნამდვილი სასწაული მოჰყვა: გათითოკაცებული ქართველობა უცებ ერთ მუშტად შეიკრა. იწყება ღირებულებათა გადაფასების პროცესი, უარსაყოფის უარყოფა, მისაღების მიღება, აღორძინება იწყო ზოგიერთმა მეტად მნიშვნელოვანმა ტრადიციამ: გავიხსენოთ, როგორი პატივისცემით ვექცეოდით ქალებს 9 აპრილის შემდეგ...

ხდება დიდი შემობრუნება რელიგიისაკენ. ამასთან, საზოგადოება ინტერესს იჩენს პოლიტიკისადმი და ამჟღავნებს სურვილს, გაეცნოს და შეითვისოს დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი: დემოკრატია, პიროვნული და ეროვნული თავისუფლების აუცილებლობა…

ყველაფერი ეს შედეგი იყო იმისა, რომ მძაფრად იწყო გამოვლენა ეროვნულმა ენერგიამ... იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უილაჯობისა და დეპოპულაციის დაწყებულ პროცესს ბოლო ეღებოდა; ერი ახალ, სრულფასოვან ცხოვრებას იწყებდა... სამწუხაროდ, რადგან შემუშავებული არც ეროვნული იდეა გაგვაჩნდა და არც რაიმე სამოქმედო გეგმა, - თავისუფლების იდეა, რომელმაც ეროვნული ენერგია გამოიხმო და განაპირობა კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დამხობა, ვერ შეიცვალა დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეით. ეს კი, დიდი კრიზისის დასაწყისად იქცა, რასაც კვლავ მოჰყვა გათიშვა, ურთიერთდაპირისპირება, მოხდა ეგოიზმის გაუგონარი გამოვლენა. ყოველივე ამან გაანეიტრალა მცირერიცხოვან პასიონართა ძალისხმევა და ისევ დაახშო ეროვნული ენერგიის გამოსახმობი არხები...

ამის წყალობით, გარეშე ძალისათვის ადვილად სამართავნი გავხდით და თავს მოგვახვიეს ჯერ სამოქალაქო, შემდეგ, - სამამულო ომი. ამ მძიმე გამოცდისას, ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი საზრუნავი კვლავ შეეცვალა პირადულს... ვიყავით გაბოროტებულნი; და რაც ყველაზე საშინელია, შევძელით ძმათამკვლელ ომში გამარჯვება და დავმარცხდით მომხდურთან ბრძოლაში... ვინც მოწმეა ე.წ. თბილისის ომისა, მას ემახსოვრება, თუ რა უაზრო სისასტიკით ებრძოდნენ არა მარტო დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს, არამედ როგორ დაუზოგავად ანგრევდნენ შენობებს, მთელ კვარტალებს, არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებს. გაუგებარი იყო, სურდათ თუ არა იმ ქალაქში ცხოვრება, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ზოგჯერ თანამედროვეთა ქცევა იმდენად პარადოქსულია, რომ მათი მოქმედების არსში გასარკვევად, ისტორიას უნდა მიმართო:

"ფლორენციის ისტორიაში", ნიკოლო მაკიაველი მოგვითხრობს ამბავს XIII საუკუნის იტალიის ცხოვრებიდან, როცა იმპერატორისა და რომის პაპის მომხრენი, გიბელინები და გველფები, ერთმანეთს ებრძოდნენ. გიბელინებმა, მათ შორის, ფლორენციიდან განდევნილებმა, აიღეს თავიანთი ქალაქი, რომელიც, იმ დროს, გველფების დასაყრდენი იყო და ამ დასაყრდენის მოსპობის მიზნით, განიზრახეს ქალაქის დანგრევა. ასეთ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ფლორენციელი გიბელინი ფარინატი დელი უბერტი, რომელმაც, როგორც მაკიაველი წერს: - "არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და აშკარად იწყო ფლორენციის დაცვა და თქვა, რომ დიდი შრომა გასწია და თავიც მრავალგზის ჩაიგდო საფრთხეში, რომ სამშობლოში ეცხოვრა... თუ ვინმე დამსწრეთაგანს შიში აქვს თავისი სამშობლოსი, აბა სცადოს მისი დაღუპვა - ის თავის მხრივ აღდგება მის დასაცავად იმ ვაჟკაცობით, რაც აღაფრთოვანებდა მას როცა იქედან გველფებს მიერეკებოდა". ფარინატი დელი უბერტის სამშობლოში სურდა ცხოვრება, არც საკუთარი სამშობლოს შიში ჰქნდა, რადგან დარწმუნებული იყო, თავისი ბრძოლით სიკეთე მოჰქონდა მისთვის. ამიტომ, არც ნგრევის ჟინი ჰქონდა, უაზრო სისასტიკე მიუღებელი იყო მისთვის და, როგორც ჩანს, გაუგებარიც.

გაქრა თუ არა ეთნიკური დომინანტი, ენერგიაც დავკარგეთ, ამიტომ, ვერც ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მოხერხდა ხელყოფისაგან. აქ ერთ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება; ცდილობდა რა, არ გავეშვით თავისი ზემოქმედების ორბიტიდან, რუსეთმა, საქართველოში ავტონომიების სახით ჩაწყობილი, ეთნიკური ნაღმები აგვიფეთქა. გამოუცხადებელი 1990-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომი, აფხაზურ-ქართულ და, ოსურ-ქართულ დაპირისპირებად მოინათლა. რუსეთი აფხაზი და ოსი ექსტრემისტების ხელით გვებრძოდა, რომელთაც სადაც და როგორც საჭირო იყო, იქ და ისე ეხმარებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალები, - ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. ეს ასეა, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ აფხაზები და ოსები,რომელთაც გააჩნდათ ეთნიკური დომინანტი, ანუ, ძირძველი ქართული მიწების დაპყრობისა და მითვისების იდეა, ეროვნულ ენერგიასაც ავლენდნენ, ჩვენზე ათასჯერ უკეთ იყვნენ ორგანიზებულნი, მოქმედებდნენ მიზანდასახულად. მაშინ, როცა ქართველები დეზორგანიზებულნი იყვნენ, იმასაც კი ვერ არკვევდნენ კარგად, თუ ვინ იყო მტერი და, რას გვერჩოდა... ამავე დროს, გარკვეული ძალები, - შინაურიცა და გარეშეც, მაქსიმალურად აღვივებდნენ ჩვენში კაპიტულანტურ განწყობილებას. თუ ამას დავუმატებთ, რომ, არსებითად, ჯარი არ გვყავდა და მტერს არც თუ კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებული რაზმები ებრძოდნენ.

სამოქალაქო და სამამულო ომების დროს, ბევრმა ვინმემ აიღო იარაღი ხელში. ამ ჭრელმა საზოგადოებამ, ზემოხსენებული მიზეზების გამო, მარცხი განიცადა. ნებისმიერ დამარცხებულ ჯარში იწყება დესტრუქციული პროცესები და, რა მოუვიდოდათ სახელდახელოდ შეკრებილი რაზმების წევრებს, ეს რთული გამოსაცნობი არ იყო. რაზმი ბანდ-ფორმირებად იქცა და დაიწყო კიდეც კრიმინალური ბუმი. ჩვენს სინამდვილეში, ეს სოციალური მოძრაობის ფორმა იყო; წარმოადგენდა სიმდიდრის გადანაწილებისათვის მიმართულ თავისებურ ქმედებას. ამ მოვლენას წინ უსწრებდა პრივატიზაციის დაწყება, რომელიც, უკუღმართად წარმართვის შედეგად, კრიმინალურ რევოლუციად იქცა. ამას მიემატა კრედიტების გაფლანგვა, კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად თავის დროზე გამოუცხადებლობა და, ამასთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციები; სახელმწიფო ქონების ძარცვა და თაღლითობა; ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ იმას, ვინც აქაური ყოფის სპეციფიკას არ იცნობს, შეიძლება ეფიქრა, რომ ჩვენში გამდიდრების მოსურნეებს სიტყვა-სიტყვით აქვთ გაგებული წმინდა იერონიმეს ნათქვამი: "ნებისმიერი სიმდიდრე-ქურდობაა ან ქურდობის ნაყოფი"-ო.

ეროვნული იდეის არქონის პირობებში, სწორ გზას, თავისით, ის საზოგადოება ვერ დაადგება, რომელსაც მთელი სამოცდაათი წელი კარგი ცხოვრების ერთადერთ საშუალებად ქურდობა, მექრთამეობა, მაქინატორობა, ან თაღლითობა ეგულებოდა. გვჭირდებოდა მაორგანიზებელი ძალა, - ის კი, არ იყო. არადა, მოპოვებულმა თავისუფლებამ უამრავი პრობლემის წინაშე დაგვაყენა, რომელთა მოგვარების გამოცდილება არ გვქონდა. ქართველები, მოვლენებისადმი ალღოს ამღებ ხალხად ვითვლებით, მაგრამ, სანატრელი კაპიტალიზმისათვის ალღოს აღება გაგვიჭირდა. აქ ქართული ხასიათის, ერთი შეხედვით, პარადოქსული თვისება გამოვლინდა: ხომ ასეთი ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ ახალმა რეალობამ ისიც ცხადყო, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ისე სამეურნეო ცხოვრებაშიც, ჯოგურ ფსიქოლოგიას ვავლენთ; მოსახლეობის ე.წ. საქმიან ნაწილს მეტად გაუჭირდა საკუთარი საქმის მიგნება. მართალია, გასაკეთებელი ბევრია, ფულიც ბევრ რამეში შეიძლება იშოვო, ოღონდ, ყველა იმას ცდილობს, რომ განსაკუთრებით მომგებიან საქმეს მოკიდოს ხელი. ბუნებრივია, ყველა რაღაც ერთის კეთებას დაიწყებს. ასეა ჩვენში...

მას მერე, რაც "პერესტროიკის" დროიდან დასაშვები გახდა კრძო საქმიანობა, გამოირკვა, რომ საოცრად ღარიბი ფანტაზია გვქონია: ჯერ, ყველამ ნამცხვრების ცხობას მიჰყო ხელი, შემდეგ თაბაშირის სახელოსნოები გახსნეს, შემდეგ პურის საცხობები, შემდეგ მაღაზიები, - ჯერ სურსათით, ხოლო მალე, მედიკამენტებით ვაჭრობა გახდა მოდური; ამას ნავთით და ბენზინით ვაჭრობა მოჰყვა; შემდეგ, უცხოური ტანსაცმლით - უხმარითა და ნახმარით – ვაჭრობა; ამას, ყველა სახის ლატარიის ორგანიზება, ბოლოს, მიბაძვის საგნად სასაუზმეები, ბარები და რესტორნები იქცა და, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმდენად საყოველთაო და ჯოგური ხასიათისა იყო და არის, რომ, ამის შემხედვარეს, ქართველთა ინდივიდუალიზმში სერიოზულად შეგეპარება ეჭვი...

ჩვენი სისუსტე ასეთი მაგალითითაც აშკარავდება: თავისუფლებამ მოიტანა, რომ ტოპონიმიკა შეიცვალა და ბევრ ქალაქს, სოფელს, ქუჩას და მოედანს, ტრადიციული სახელი დაუბრუნდა ან შესაფერისი დაერქვა. მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, ბევრი დღესაც ვორონცოვს, ლენინის მოედანს, პავლოვის და ენგელსის ქუჩას, პლეხანოვის გამზირს ახსენებს... გაგიკვირდება, ასეთი რეტროგრადობა. რაა ამისი მიზეზი? სნობიზმი? - უდაოდ, მაგრამ, ძნელად გასაგებია, რით სჯობია ალექსანდრე ყაზბეგს რუსი სერჟანტი პავლოვი, ან ლადო ასათიანს მარქსის თანამებრძოლი ენგელსი, ან დავით აღმაშენებელს რუსი მარქსისტი პლეხანოვი, ან თავისუფლებას - ლენინი... ამ ამბავმა ჯერ ერთი, გაამჟღავნა, რომ ჩვენში ბლომად არიან აგრესიული კონფორმისტები: შეჩვეულის გადაჩვევა უჭირთ და იმასაც ფიქრობენ, ეს სხვასაც გაუძნელდებაო, ამიტომ, საქმე არ გავიფუჭოო და, მისამართს უთითებს თუ პაემანს უნიშნავს ვინმეს, ისევ და ისევ ძველ დასახლებას იხსენებს... მეორეც: დანარჩენი მოსახლეობა კი, თუნდაც, უმტკივნეულოდ იღებდეს ახალს, ძალა არა აქვს, რომ ეს ახალი დაამკვიდროს, ძველი კი, უარჰყოს... იმავე უღონობის წყალობით გვიჭირს ტრადიციულის დაცვაც: თბილისურ ეზოებს, სნობები იტალიურს ეძახიან და, ამ სისულელეს ყველა იმეორებს, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას...

1994 – 2000 წლები.
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი