| სტატიის ინდექსი |
|---|
| კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეხუთე) |
| გვერდი 2 |
| გვერდი 3 |
| გვერდი 4 |
| გვერდი 5 |
| გვერდი 6 |
| გვერდი 7 |
| ყველა გვერდი |
Res publica est res populi - სახალხო საქმე, ხალხის საქმეა
"ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ჩვენი ძალა ხომ - სულსა და სხეულშია: სული მბრძანებელია, სხეული მონაა, პირველი - ღმერთებთან საერთო გვაქვს, მეორე - ცხოველებთან, ამიტომ გონივრული მგონია ჭკუის მეშვეობით ეძიო სახელი და არა სხეულისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა, უნდა შესძლო და რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. იმიტომ, რომ დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი, სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია". გაიუს სალუსტიუს კრისპუსი "კატალინას შეთქმულების გამო"
მარადიულ ბრძოლას ადამიანის სულიერ და ცხოველურ საწყისთა შორის, ზნეობრივის გარდა, კიდევ, პოლიტიკური და სოციალური საფუძველიც აქვს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყოფას ხალხისას, რომლის ცხოვრების წიაღშიაც ეს შერკინება მიმდინარეობს; აქვთ თუ არა, სახელმწიფო... და თუ აქვთ, როგორია ის და რარიგ არის მისი დანიშნულება გაგებული. რომაელთათვის სახელმწიფო იყო სახალხო საქმე, ხალხის საქმე. მარკუს ტულუს ციცერონი ხალხის შესახებ ასე მსჯელობს: "ჩემთვის ხალხია ისინი, რომელთაც აკავშირებს ერთიანობა და თანხმობა სამართლის თაობაზე", ე.ი. ისეთი საზოგადოება, რომელშიაც მოქალაქის საქმიანობა დაეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და დაცული იქნება კანონებით, რომელთა შესახებ ციცერონს უთქვამს: "აუცილებელია კანონები, ე.ი. მოქმედებდეს მართლმსაჯულება, რომელსაც ემყარება ყოველგვარი სამართალი. თუ ჩვენთვის არასასურველია მართლმსაჯულება ანდა საერთოდ არ არსებობს იგი, მაშინ ძალის ბატონობა გარდუვალია". ეს კი, პირობაა იმისა, რომ ცხოველური აღზევდეს სულიერზე, ქვეყნად დამყარდეს ქაოსი და განუკითხაობა, საქებრად იქცეს საძრახისი და პირიქით. არ გვექნება ეროვნული იდეა, და ორიენტირის გარეშე დავრჩებით, - არ იარსებებს სამოქმედო გეგმა და, არ გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, დიდია იმათი პასუხისმგებლობა, ვინც სახელმწიფოს შექმნა ან აღდგენა-აღმშენებლობა ითავეს. მათ გამო ციცერონს ასე აქვს ნათქვამი: "არც ერთ საქმეში ადამიანის სიმამაცე ღმერთების ძლიერებას ისე არ უახლოვდება, როგორც ეს ხდება ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისას და არსებული სახელმწიფოების შენარჩუნების დროს”.
ციცერონის სამივე გამონათქვამიდან მხოლოდ ერთი შეეფერება ჩვენს სინამდვილეს - ის, რომელშიაც მართლმსაჯულების არ არსებობასა და ძალის ბატონობის გარდაუვალობაზეა ლაპარაკი. თავად განსაჯეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა კანონი, ძარცვავენ ეროვნულ სიმდიდრეს და პასუხს არავინ არავის აგებინებს, ბოროტად იყენებენ თანამდებობებს და დაუსჯელნი რჩებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, არათუ, იმ სახელმწიფოს მცხოვრებნი ვართ, სადაც გაბატონებული ცხოვრების წესი სამართლებრივ, მაღალზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება, არამედ, საერთოდ არ გაგვაჩნია სახელმწიფო. ფორმალურად, ის არსებობს, მაგრამ ვერ ასრულებს მაორგანიზებელ ფუნქციას. სახელმწიფოში იგულისხმება ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანებით და რომლებიც, ვიდრე მოხვდებიან მმართველ სტრუქტურებში, ძირითადად, გაერთიანებულნი არიან პოლიტიკურ პარტიებში, რომელთა ფუნქციის შესახებ საინტერესოდ წერდა ანტონიო გრამში, როცა მაკიაველის "მთავრის" თანამედროვე გაგებაზე გამოთქვამდა აზრს: "თანამედროვე მთავარი, მთავარი-მითი, რეალური პირი, კონკრეტული პიროვნება ვერ იქნება; ის შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზმი; რთული საზოგადოებრივი ელემენტი, რომელშიც კოლექტიურმა ნებამ უკვე იწყო ჩამოყალიბება, მიაღწია აღიარებას და ნაწილობრივ გამოავლინა თავი მოქმედებით. ეს ორგანიზმი უკვე მოგვცა ისტორიულმა განვითარებამ და ის არის პოლიტიკური პარტია - პირველი უჯრედი, რომელშიაც ერთიანდებიან კოლექტიური ნების ყლორტები. იმისაკენ მიზანსწრაფული, რომ მოიპოვოს უნივერსალობა და ტოტალიტარობა".
სამწუხაროდ, XX საუკუნეში ქართველობის უმრავლესობას გრამშისეული გაგების საპირისპირო შეხედულება აქვს პარტიის რაობის თაობაზე. მნიშვნელობა ენიჭება არა პარტიის პროგრამას, არამედ იმ პიროვნებას და მის ავტორიტეტს, ვინც ამ პარტიას ლიდერობს. ასე რომ, საქმე გვაქვს, არა მაკიაველისეული ჭკვიანი მთავრის თანამედროვე ალტერნატივის პოვნასთან, არამედ სწორედ მთავრის ძიებასთან... რაც, ასეთად მოაზრებული კონკრეტული პიროვნებისათვის სრული ძალაუფლების მინიჭებაში მდგომარეობს...
ჩვენი პირველი რესპუბლიკის ლიდერი ნოე ჟორდანია ასე განმარტავს ამ ამბავს: -"დამფუძნებელი კრების მოწვევით ვფიქრობდი დასრულდებოდა ჩემი მისია და არც ვაპირებდი მის გაგრძელებას. მქონდა დიდი ლაპარაკი და კამათი პასუხისმგებელ ამხანაგებთან. ესენი ერთხმად მარწმუნებდნენ, რომ ჩემი გადადგომა დაანგრევს სახელმწიფოს, სამაგიერო ავტორიტეტიანი და მისაღები არავინაა და ისევ აიწყვეტენ დაბმული სახელმწიფო აზროვნებას მიუჩვეველი ძალები, აღმასრულებელი კომიტეტები კვლავ შეეცდებიან დაიბრუნონ ძველი უფლებები და სხვ. და სხვ. გავწიე მსხვერპლი, დავთანხმდი".
ზუსტად ასე მოხდა მეორე რესპუბლიკის დროს, მისი ორივე პრეზიდენტის მიმართ ზუსტად იგივე ითქვა და, მათაც იგივე თქვეს... ასე გამოირკვა, რომ, მიუხედავად უკიდურესი ინდივიდუალიზმისა, - რაც ქართველებს გაერთიანებაში, კოლექტიურად რაიმეს კეთებაში და, აქედან გამომდინარე, სხვა პიროვნების აღიარებაში, - ხელს უშლიდა; პოლიტიკური არჩევანის დროს, ისინი ამჟღავნებენ სრულ პიროვნულ პასიურობას და ძალაუფლებას გადასცემენ ერთ რომელიმე ავტორიტეტულ პიროვნებას და მერე მისი შემყურე არიან...
ერთი შეხედვით, გასაოცარია, ეს მეტამორფოზა, რომლის ძალითაც ქართველები ერთფეროვან, ყოველგვარ ინიციატივას მოკლებულ, უსახურ მასად იქცევიან, რომელსაც საერთაშორისო აღიარების მქონე მწყემსი სჭირდება. XX საუკუნეში ასეთი ლიდერები მოძიებულ იქნენ. მართალია, ისინი გარკვეულ პარტიებს ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მოსახლეობისათვის მთავარი პიროვნებაა და არა პარტია... პიროვნებისათვის უპირატესობის მინიჭება თავისთავად უბედურება არ არის, რომ არა, ერთი გარემოება: არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა, მაშასადამე არ არსებობს არც სრულყოფილი კრიტერიუმები პიროვნებისა და მისი პროგრამის შესაფასებლად. ასეთ შემთხვევაში კი, როცა არ არსებობს საერთო-დამაკავშირებელი კანდიდატსა და მოსახლეობას შორის, შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა და ძალიან ძნელდება ამომრჩეველთა ქმედებაში რაიმე ლოგიკის დანახვა.
ისტორიას ახსოვს მსგავსი კურიოზები, სამაგალითოდ გამოდგება ფლორენციის რესპუბლიკაში 1527 წლის 10 მაისს კანცლერის არჩევნები, როცა ამ პოსტზე კენჭს იყრიდა ნიკოლო მაკიაველი. სამწუხაროდ, ამ დიდი მოაზროვნისა და ნიჭიერი პოლიტიკოსის არც დამსახურება, და არც უკვდავი შრომები არავის აღარ აინტერესებდა. საზოგადოების განწყობა მის წინააღმდეგ იყო მიმართული. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ეს კარგად გამოჩნდა იმ ბრალდებებში, მოწინააღმდეგეები რომ უყენებდნენ დიდ ფლორენციელს: "სამშობლოს კეთილსაიმედო ხალხი სჭირდება და არა სწავლულები. მაკიაველი ისტორიკოსია... ის დაგვცინის და ყველაზე მაღლა აყენებს თავს!", "ერთთავად დუქანში ეგდო, მეტიც, ბიბლიოთეკაში ძველისძველი წიგნების ქექვით იქცევდა თავს. არ გვინდა ფილოსოფოსები! ძირს ფილოსოფოსები!"
როცა ხალხს ასეთი შეხედულება აქვს ისტორიკოსზე, ფილოსოფოსზე, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანზე, ბუნებრივია, ასე განწყობილი საზოგადოება მხარს არ დაუჭერდა მაკიაველს და ეს, ფლორენციის რესპუბლიკის "დიდი საბჭოს" სხდომაზე გამართული კენჭისყრითაც დადასტურდა: "მთავარის", "ფლორენციის ისტორიის", "ტიტუს ლივიუსის მეათე დეკადისა" და "მანდრაგორას" ავტორმა, უდიდესმა პოლიტიკოსმა 12 ხმა მიიღო 555-ის წინააღმდეგ... თუ, ასეთი რამ მოხდა აღორძინების ეპოქის იტალიაში, რა გასაკვირია, რომ საქართველოში, ყველა დონის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამდენი უფერული საშუალოობაა არჩეული... ჩვენში, ამომრჩეველი, კარგს და ცუდს მაშინ გაარჩევს შეუცდომლად, როცა გავიაზრებთ ეროვნულ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და, მაშინ, ჭეშმარიტ პოლიტიკოსს ნამდვილად ექნება საზიარო ღირებულება, პრინციპები და ინტერესის საგანი ამომრჩეველთან, ხოლო მედროვეს და ავანტიურისტს - არა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენში მოძალებაა ე.წ. "ქარიზმატული" ლიდერებისა. ეს ხალხი ცნობილი ხდება გარკვეული ძალების ხელშეწყობით მათ რომ რეკლამას უკეთებს და სხვა და სხვა პოლიტიკურ თემებზე პოპულისტური გამოსვლებით, იქმნება მათი "ქარიზმა”. ამ მიზნით ერთნი ამ რეკლამირებული ლიდერებისა ეროვნულ პრობლემატიკას იყენებენ, მეორენი - დემოკრატიულს, მესამენი კი, - სოციალურს. საერთოდ, არანაირ შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ პოპულარულები გახდნენ. ამ მხრივ, ისინი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, ეჭვი გვეპარება მათ გულწრფელობაში იმ პრინციპებისადმი, რომელთადმი ერთგულების გამოვლენის ილუზიასაც მეტად უნიჭოდ და უინტერესოდ ქმნიან... არადა, თავმდაბლობა კარგი რამ არის და როცა ადამიანს ეს თვისება გააჩნია, იმის გარანტიაც აქვს, რომ ამბიციებს დაიოკებს, ცდუნებას არ აჰყვება და, შესაბამისად, ნაკლებად შეირცხვენს თავს...
ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იქცევა გონიერი ადამიანი, როცა შემთხვევითობა მოვლენათა ცენტრში მოაქცევს მას.
1648 წელს, ცნობილი ფრონდის დროს, საფრანგეთში, ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო ამბავი მოხდა: პარიზის პარლამენტი (უმაღლესი სასამართლო ორგანო) სამეფო კარის პოლიტიკას დაუპირისპირდა (ეს პერმანენტულად ხდებოდა). პარლამენტის მრჩეველმა, პიერ ბრუსელმა ხმა აღიმაღლა გადასახადების მეტისმეტად გაზრდის წინააღმდეგ. უკვე ამ ფაქტმა მოუტანა ბრუსელს პოპულარობა, ხოლო დაპატიმრებამ მოგვიანებით, - ნამდვილ სახალხო გმირად აქცია... პარიზელ ბურჟუებს მეტად აწუხებდათ დიდი გადასახადები და ნებისმიერი მოხელე, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავდა, აღფრთოვანებას იწვევდა. ამიტომ, ხალხმა მისი განთავისუფლება მოითხოვა. ბრუსელის პიროვნებამ ოპოზიციური ძალების, ფრონდერების, სამეფო კართან დაპირისპირების ფონზე, იმდენი მნიშვნელობა შეიძინა, რომ დედოფალი ანა ავსტრიელი და პირველი მინისტრი, კარდინალი მაზარინი, იძულებული გახდნენ, ის ვენსენის ციხიდან გამოეშვათ. პარიზში, თავისუფლება მოპოვებული ბრუსელის მოლოდინი, თავისთავად იქცა პოლიტიკურ აქციად. ამ სიტუაციას მეტად საინტერესოდ აღწერს ალექსანდრე დიუმა "ლუი XIV ცხოვრებაში": "მეორე დღეს ყოველგვარმა უწესრიგობამ იმატა. მეამბოხეები ხმამაღლა გაიძახოდნენ, რომ მოიხმობდენ ჰერცოგ დე ბოფორს და თავიანთ წინამძღოლად აქცევდნენ. 9 საათმა ჩამორეკა - ბრუსელი არ გამოჩენილა, მეამბოხენი გაცხარდნენ, ამბოხი მთელ ქალაქს მოედო, დედოფალი და მაზარინი უკვე გაქცევას აპირებდნენ. როგორც იქნა, 10 საათზე მუქარა და წყევლა შეცვალა აღფრთოვანებულმა შეძახილებმა - მოვიდა ბრუსელი. ხალხს ხელში აყვანილი მოჰყავდა ბრუსელი. არღვევდნენ ქუჩების გადამღობ ჯაჭვებს და ბარიკადებს. მრჩეველი მიიყვანეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც იგალობეს "შენ გადიდებთ უფალო". მაგრამ, ბრუსელი, შეძრწუნებული იმით, რომ გახდა მიზეზი ასეთი აღშფოთებისა და უწესრიგობისა, არ დაელოდა პარაკლისის დამთავრებას, მალულად გამოვიდა პატარა კარიდან და სახლისაკენ გაიქცა, გაოცებული იმ სახალხო სიყვარულით, რომლის თაობაზეც აქამდე ეჭვიც კი არ ჰქონია", იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეს, პიერ ბრუსელს, ხალხის ინტერესების დაცვა, მითუმეტეს, მასების ლიდერობა, აზრადაც არ მოსვლია. მის მიერ სამეფო კარის პოლიტიკის კრიტიკა, სიტუაციით იყო ნაკარნახევი, და ამ შემთხვევამ აქცია ის სახალხო გმირად. ოღონდ, ბრუსელმა თავისი ადგილი იცოდა და ხალხის ამ ახირებით არ ისარგებლა, - საამისო სინდისი აღმოაჩნდა.
მისგან განსხვავებით ჩვენში, ასეთ შემთხვევას, დღესდღეობით ნამდვილად არავინ გაუშვებს ხელიდან და ამაშია, სწორედ, ჩვენი უბედურება... ასეთი ქცევის საფუძველი პოლიტიკურ "ყვარყვარიზმში" უნდა ვეძიოთ. ამ ნიშნით გამოირჩევიან ხელისუფლებაში დამკვიდრებული და დამკვიდრების მოსურნე პოლიტიკანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოპულარულები გახდნენ და, ამ გზით, ან შეინარჩუნონ ან კიდევ, მოიპოვონ ძალაუფლება, - რათა მიიღონ ყველა სიკეთე, რასაც ის იძლევა. ეს ტენდენცია ხელს უწყობს ასეთი "ქარიზმატული" ლიდერების მომრავლებას; ამავე მიზეზის გამო, პარტიებს, თავიანთი იდეოლოგია, ორიენტირებული ამა თუ იმ სოციალურ ფენაზე, არ გააჩნიათ, ყველაფერი ბევრად იოლადაა: მთავარია, ლიდერი იყოს რითიმე პოპულარული და, სულაც არა აქვს მნიშვნელობა, სოციალურ ფენებს და, შესაბამისად, ორიენტაციაც გაუგებარი ხდება, რადგან დამოკიდებულია იმაზე, რა აწყობს ამა თუ იმ "ქარიზმატულ" ლიდერს; დასჭირდება მემარჯვენეა, სიტუაცია მოიტანს და, - ცენტრისტი, ან სულაც, მემარცხენე... არადა, პარტიული მუშაობა ასეთი უპრინციპო და ავანტიურისტული არ უნდა იყოს. ის სინდისიერად და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. მაშინ, რა სოციალური ფენის ინტერესებსაც არ უნდა გამოხატავდეს ესა თუ ის პარტია, ის მაინც ერთ მთლიანობაში გაიაზრებს ეროვნულ, სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებს და ამით გამორიცხავს ზემოხსენებული პრინციპებით მანიპულირებას და მათ ნიადაგზე, საზოგადოების გახლეჩვასა და გაუთავებელ შიდა დაპირისპირებას. ამასთან, გამოიხატა სნობისტური ტენდენცია. სუსტი, იდეურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ადამიანები, სხვადასხვა დონისა და მასშტაბის უცხოელ ავტორიტეტთა დახმარებით, პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებას ცდილობენ... ავანტიურისტულია ეს გზა და აი, რატომ: მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური ისტორია გვიდასტურებს იმას, რომ გარეშე ძალის მხარდაჭერის წყალობით, ძალაუფლება მოპოვებული ესა თუ ის ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა ძალა უჭერს მხარს, - პროგრესული თუ რეაქციული, ის მათი მიზნებისა და ინტერესების გამტარებელი მარიონეტი ხდება. ეს კი, იმ ქვეყნისათვისაა ცუდი, რომელსაც ასეთი "პოლიტიკოსი" მოახვიეს" თავს.
თუ არ ვცდები, ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისია სტეფანე ბატორი, რომელიც ოსმანთა იმპერიის კანდიდატი იყო რეჩი პოსპოლიტას ტახტზე. ამბობენ, სულთანმა, თავისი ვასალის, ყირიმის ხანის 200 ათასიან მხედრობას მოუყარა თავი პოლონეთის საზღვარზე და აიძულა სეიმი, მეფედ ბატორი აერჩიათ. ეს მოხდა 1576 წელს. ეს უნგრელი აზნაური, ამ ამბებიდან ცოტა ხნით ადრე, ტრანსილვანიის მთავარი რომ გახდა, გაურკვეველი რელიგიური ორიენტაციისა იყო (ტრანსილვანიაში პროტესტანტებს ემხრობოდა, პოლონეთში - კათოლიკეებს) მის არჩევას შლიახტამ იმ იმედით მისცა ხმა, რომ ფიქრობდნენ, მას მაგნატების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ; ამასთან, სჯეროდათ, რომ უცხოელი და უთვისტომო მეფე, მათზე იქნებოდა დამოკიდებული; მაგრამ გამოირკვა: ამ მოქნილმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა იცოდა, როგორ მოეპოვებინა ძალაუფლება, როგორ შეენარჩუნებინა და როგორ გამოეყენებინა ის. სტეფანე ბატორიმ არ იცოდა პოლონური ენა და თავის ქვეშევრდომებს ლათინურად ელაპარაკებოდა ან დუმდაო, - ამბობენ მემატიანენი. ოღონდ, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ერთ-ერთ ყველაზე ქმედით პოლონელ მეფედ ქცეულიყო მან განადგურების პირას მისული სახელმწიფო გააძლიერა და ააღორძინა. მისთვის, ამ საქმეში, ხელი არც იმას შეუშლია, რომ ავადმყოფი იყო... ჯერ ერთი, ჰქონდა აპოპლექსიის შეტევები თუ ეპილეფსია, - ამის თაობაზე ექიმებს ერთიანი აზრი არ ჰქონიათ. მეორეც, სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა ბრძოლაში მიღებული და მოუშუშებელი ჭრილობა, და მაინც, გასაოცარ ენერგიულობას ავლენდა და ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისაკენ. ის იქცა ეპოქის ერთ-ერთ უგანათლებულეს მონარქად, უდიდეს რეფორმატორად: სტეფანე ბატორიმ დააარსა ვილნოს აკადემია, გაატარა საკალენდარო რეფორმა, დააარსა ფოსტა და საფოსტო სამსახური, მოაწესრიგა სახელმწიფო ფინანსები, განახორციელა სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესა და სათანადოდ აამოქმედა სახელმწიფო მართვის სისტემა; უნდოდა გაეუქმებინა საბატონო ბეგარა, ხოლო ფიზიკური დასჯა შეეცვალა ფულადი ჯარიმით, შექმნა თვისობრივად ახალი პოლონური ჯარი. სამხედრო რეფორმა საორგანზაციო და ტექნიკური ხასიათისა იყო და პასუხობდა დროის თავისებურებებს. მისი ვარგისიანობა რუსეთის სახელმწიფოსთან წარმატებულმა ომმა დაადასტურა, რომელშიაც პოლონელებმა გაიმარჯვეს, - მიიერთეს ლივონიის ნაწილი. ოღონდ, ამ გამარჯვების შედეგი მარტო ეს არ იყო: სტეფანე ბატორი წინ აღუდგა ევროპისაკენ მიმართულ რუსულ აგრესიას და აღკვეთა იგი. სხვათაშორის, ბატორი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც პირველმა დაინახა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთი ევროპას და მანვე განსაზღვრა ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის გზაც: ის მდგომარეობდა რუსეთის გაევროპულობაში, დასავლური ცივილიზაციის ორბიტაში მის მოქცევაში და სცადა ეს, ორი ქვეყნის - პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობების საფუძველზე განეხორციელებინა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ვალიშევსკი წერდა: -"ის მიხვდა, რომ პოლონეთმა, როგორსაც ის ხედავდა - ცივილიზებულმა, სამოქალაქომ, ლიბერალურმა, ბობოქარმა, კათოლიკურმა - უნდა გადაყლაპოს თავისი დიდი მეზობელი და თავს მოახვიოს თავისი კულტურა, თავისი პოლიტიკური წყობა, თავისი რელიგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა საფრთხე თავად ყოფილიყო გადაყლაპული და უცხო წესებსდაქვემდებარებული".
სტეფანე ბატორი, ეს ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწე, გამორჩეული გახდა არა იმით, რომ გარეშე ძალის გამოყენებით მოექცა პოლონეთს სათავეში, არამედ იმით, რომ უაღრესად ნიჭიერი, მოქნილი, შორსმჭვრეტელი და მიზანსწრაფული პიროვნება იყო. ესმით კია, ეს, იმ ამბიციურ საშუალოობას, გარეშე ძალების მხარდაჭერით ძალაუფლების მოპოვება რომ უნდათ? მათი ქმედება, გამომდინარე იმ შედეგიდან, რაც მას მოაქვს, მარტო პოლიტიკური და იდეოლოგიური სნობიზმი არ არის, ეს უკვე სახელმწიფო დანაშაულია!
ის, რომ ბევრი ადამიანი გაურკვეველი მიზნებით მოდის პოლიტიკაში, იქიდანაც ჩანს, რომ დიდი ხნის მანძილზე, მტკიცედ ჩამოყალიბებული ისიც არ ყოფილა, თუ როგორი მმართველობის ფორმა უნდა დამკვიდრებულიყო საქართველოში: რესპუბლიკა - საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო; მონარქია, - აბსოლუტური, კონსტიტუციური თუ თეოკრატიული. იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირველი რესპუბლიკის დროს, 1918-1921 წლებში, ასეთი გაურკვევლობა არ ყოფილა, რაც, შედეგი გახლდათ იმისა, რომ თავი მიგვაჩნდა კაცობრიობის მიერ განვლილი გზის მემკვიდრეებად. მეორე რესპუბლიკის დროს, სწორი არჩევანი, - პრობლემა გახდა...
















