განახლდა:06:25:55 AM GMT

>>> აზრი ექსპერტი კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეხუთე)
ბანერი

კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეხუთე)

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2540 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეხუთე)
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
გვერდი 7
ყველა გვერდი
(ნაწილი ოცდამეთერთმეტე)

Res publica est res populi - სახალხო საქმე, ხალხის საქმეა

"ადამიანები, რომელნიც მოსურნენი არიან გამორჩეულნი იყვნენ, უნდა ეცადნენ სახელის მოუხვეჭავად არ გალიონ ცხოვრება, მსგავსად სტომაქის მორჩილი მიწისკენ დახრილი პირუტყვისა. ჩვენი ძალა ხომ - სულსა და სხეულშია: სული მბრძანებელია, სხეული მონაა, პირველი - ღმერთებთან საერთო გვაქვს, მეორე - ცხოველებთან, ამიტომ გონივრული მგონია ჭკუის მეშვეობით ეძიო სახელი და არა სხეულისა. ცხოვრება, რომელსაც შევხარით, მოკლეა, უნდა შესძლო და რაც შეიძლება ხანგრძლივი ხსოვნა დასტოვო შენზე. იმიტომ, რომ დიდება, რასაც სიმდიდრე და სილამაზე იძლევა, ხანმოკლეა და არამყარი, სახელოვნება კი ბრწყინვალე და სამუდამო მონაპოვარია".
გაიუს სალუსტიუს კრისპუსი
"კატალინას შეთქმულების გამო"

მარადიულ ბრძოლას ადამიანის სულიერ და ცხოველურ საწყისთა შორის, ზნეობრივის გარდა, კიდევ, პოლიტიკური და სოციალური საფუძველიც აქვს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყოფას ხალხისას, რომლის ცხოვრების წიაღშიაც ეს შერკინება მიმდინარეობს; აქვთ თუ არა, სახელმწიფო... და თუ აქვთ, როგორია ის და რარიგ არის მისი დანიშნულება გაგებული. რომაელთათვის სახელმწიფო იყო სახალხო საქმე, ხალხის საქმე. მარკუს ტულუს ციცერონი ხალხის შესახებ ასე მსჯელობს: "ჩემთვის ხალხია ისინი, რომელთაც აკავშირებს ერთიანობა და თანხმობა სამართლის თაობაზე", ე.ი. ისეთი საზოგადოება, რომელშიაც მოქალაქის საქმიანობა დაეფუძნება სამართლებრივ ნორმებს და დაცული იქნება კანონებით, რომელთა შესახებ ციცერონს უთქვამს: "აუცილებელია კანონები, ე.ი. მოქმედებდეს მართლმსაჯულება, რომელსაც ემყარება ყოველგვარი სამართალი. თუ ჩვენთვის არასასურველია მართლმსაჯულება ანდა საერთოდ არ არსებობს იგი, მაშინ ძალის ბატონობა გარდუვალია". ეს კი, პირობაა იმისა, რომ ცხოველური აღზევდეს სულიერზე, ქვეყნად დამყარდეს ქაოსი და განუკითხაობა, საქებრად იქცეს საძრახისი და პირიქით. არ გვექნება ეროვნული იდეა, და ორიენტირის გარეშე დავრჩებით, - არ იარსებებს სამოქმედო გეგმა და, არ გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, დიდია იმათი პასუხისმგებლობა, ვინც სახელმწიფოს შექმნა ან აღდგენა-აღმშენებლობა ითავეს. მათ გამო ციცერონს ასე აქვს ნათქვამი: "არც ერთ საქმეში ადამიანის სიმამაცე ღმერთების ძლიერებას ისე არ უახლოვდება, როგორც ეს ხდება ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისას და არსებული სახელმწიფოების შენარჩუნების დროს”.

ციცერონის სამივე გამონათქვამიდან მხოლოდ ერთი შეეფერება ჩვენს სინამდვილეს - ის, რომელშიაც მართლმსაჯულების არ არსებობასა და ძალის ბატონობის გარდაუვალობაზეა ლაპარაკი. თავად განსაჯეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა კანონი, ძარცვავენ ეროვნულ სიმდიდრეს და პასუხს არავინ არავის აგებინებს, ბოროტად იყენებენ თანამდებობებს და დაუსჯელნი რჩებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, არათუ, იმ სახელმწიფოს მცხოვრებნი ვართ, სადაც გაბატონებული ცხოვრების წესი სამართლებრივ, მაღალზნეობრივ პრინციპებს ეფუძნება, არამედ, საერთოდ არ გაგვაჩნია სახელმწიფო. ფორმალურად, ის არსებობს, მაგრამ ვერ ასრულებს მაორგანიზებელ ფუნქციას. სახელმწიფოში იგულისხმება ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც დაკომპლექტებულია პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანებით და რომლებიც, ვიდრე მოხვდებიან მმართველ სტრუქტურებში, ძირითადად, გაერთიანებულნი არიან პოლიტიკურ პარტიებში, რომელთა ფუნქციის შესახებ საინტერესოდ წერდა ანტონიო გრამში, როცა მაკიაველის "მთავრის" თანამედროვე გაგებაზე გამოთქვამდა აზრს: "თანამედროვე მთავარი, მთავარი-მითი, რეალური პირი, კონკრეტული პიროვნება ვერ იქნება; ის შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზმი; რთული საზოგადოებრივი ელემენტი, რომელშიც კოლექტიურმა ნებამ უკვე იწყო ჩამოყალიბება, მიაღწია აღიარებას და ნაწილობრივ გამოავლინა თავი მოქმედებით. ეს ორგანიზმი უკვე მოგვცა ისტორიულმა განვითარებამ და ის არის პოლიტიკური პარტია - პირველი უჯრედი, რომელშიაც ერთიანდებიან კოლექტიური ნების ყლორტები. იმისაკენ მიზანსწრაფული, რომ მოიპოვოს უნივერსალობა და ტოტალიტარობა".

სამწუხაროდ, XX საუკუნეში ქართველობის უმრავლესობას გრამშისეული გაგების საპირისპირო შეხედულება აქვს პარტიის რაობის თაობაზე. მნიშვნელობა ენიჭება არა პარტიის პროგრამას, არამედ იმ პიროვნებას და მის ავტორიტეტს, ვინც ამ პარტიას ლიდერობს. ასე რომ, საქმე გვაქვს, არა მაკიაველისეული ჭკვიანი მთავრის თანამედროვე ალტერნატივის პოვნასთან, არამედ სწორედ მთავრის ძიებასთან... რაც, ასეთად მოაზრებული კონკრეტული პიროვნებისათვის სრული ძალაუფლების მინიჭებაში მდგომარეობს...

ჩვენი პირველი რესპუბლიკის ლიდერი ნოე ჟორდანია ასე განმარტავს ამ ამბავს: -"დამფუძნებელი კრების მოწვევით ვფიქრობდი დასრულდებოდა ჩემი მისია და არც ვაპირებდი მის გაგრძელებას. მქონდა დიდი ლაპარაკი და კამათი პასუხისმგებელ ამხანაგებთან. ესენი ერთხმად მარწმუნებდნენ, რომ ჩემი გადადგომა დაანგრევს სახელმწიფოს, სამაგიერო ავტორიტეტიანი და მისაღები არავინაა და ისევ აიწყვეტენ დაბმული სახელმწიფო აზროვნებას მიუჩვეველი ძალები, აღმასრულებელი კომიტეტები კვლავ შეეცდებიან დაიბრუნონ ძველი უფლებები და სხვ. და სხვ. გავწიე მსხვერპლი, დავთანხმდი".

ზუსტად ასე მოხდა მეორე რესპუბლიკის დროს, მისი ორივე პრეზიდენტის მიმართ ზუსტად იგივე ითქვა და, მათაც იგივე თქვეს... ასე გამოირკვა, რომ, მიუხედავად უკიდურესი ინდივიდუალიზმისა, - რაც ქართველებს გაერთიანებაში, კოლექტიურად რაიმეს კეთებაში და, აქედან გამომდინარე, სხვა პიროვნების აღიარებაში, - ხელს უშლიდა; პოლიტიკური არჩევანის დროს, ისინი ამჟღავნებენ სრულ პიროვნულ პასიურობას და ძალაუფლებას გადასცემენ ერთ რომელიმე ავტორიტეტულ პიროვნებას და მერე მისი შემყურე არიან...

ერთი შეხედვით, გასაოცარია, ეს მეტამორფოზა, რომლის ძალითაც ქართველები ერთფეროვან, ყოველგვარ ინიციატივას მოკლებულ, უსახურ მასად იქცევიან, რომელსაც საერთაშორისო აღიარების მქონე მწყემსი სჭირდება. XX საუკუნეში ასეთი ლიდერები მოძიებულ იქნენ. მართალია, ისინი გარკვეულ პარტიებს ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მოსახლეობისათვის მთავარი პიროვნებაა და არა პარტია... პიროვნებისათვის უპირატესობის მინიჭება თავისთავად უბედურება არ არის, რომ არა, ერთი გარემოება: არ გაგვაჩნია ეროვნული იდეა, მაშასადამე არ არსებობს არც სრულყოფილი კრიტერიუმები პიროვნებისა და მისი პროგრამის შესაფასებლად. ასეთ შემთხვევაში კი, როცა არ არსებობს საერთო-დამაკავშირებელი კანდიდატსა და მოსახლეობას შორის, შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა და ძალიან ძნელდება ამომრჩეველთა ქმედებაში რაიმე ლოგიკის დანახვა.

ისტორიას ახსოვს მსგავსი კურიოზები, სამაგალითოდ გამოდგება ფლორენციის რესპუბლიკაში 1527 წლის 10 მაისს კანცლერის არჩევნები, როცა ამ პოსტზე კენჭს იყრიდა ნიკოლო მაკიაველი. სამწუხაროდ, ამ დიდი მოაზროვნისა და ნიჭიერი პოლიტიკოსის არც დამსახურება, და არც უკვდავი შრომები არავის აღარ აინტერესებდა. საზოგადოების განწყობა მის წინააღმდეგ იყო მიმართული. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ეს კარგად გამოჩნდა იმ ბრალდებებში, მოწინააღმდეგეები რომ უყენებდნენ დიდ ფლორენციელს: "სამშობლოს კეთილსაიმედო ხალხი სჭირდება და არა სწავლულები. მაკიაველი ისტორიკოსია... ის დაგვცინის და ყველაზე მაღლა აყენებს თავს!", "ერთთავად დუქანში ეგდო, მეტიც, ბიბლიოთეკაში ძველისძველი წიგნების ქექვით იქცევდა თავს. არ გვინდა ფილოსოფოსები! ძირს ფილოსოფოსები!"

როცა ხალხს ასეთი შეხედულება აქვს ისტორიკოსზე, ფილოსოფოსზე, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანზე, ბუნებრივია, ასე განწყობილი საზოგადოება მხარს არ დაუჭერდა მაკიაველს და ეს, ფლორენციის რესპუბლიკის "დიდი საბჭოს" სხდომაზე გამართული კენჭისყრითაც დადასტურდა: "მთავარის", "ფლორენციის ისტორიის", "ტიტუს ლივიუსის მეათე დეკადისა" და "მანდრაგორას" ავტორმა, უდიდესმა პოლიტიკოსმა 12 ხმა მიიღო 555-ის წინააღმდეგ... თუ, ასეთი რამ მოხდა აღორძინების ეპოქის იტალიაში, რა გასაკვირია, რომ საქართველოში, ყველა დონის საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამდენი უფერული საშუალოობაა არჩეული... ჩვენში, ამომრჩეველი, კარგს და ცუდს მაშინ გაარჩევს შეუცდომლად, როცა გავიაზრებთ ეროვნულ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ორიენტირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და, მაშინ, ჭეშმარიტ პოლიტიკოსს ნამდვილად ექნება საზიარო ღირებულება, პრინციპები და ინტერესის საგანი ამომრჩეველთან, ხოლო მედროვეს და ავანტიურისტს - არა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენში მოძალებაა ე.წ. "ქარიზმატული" ლიდერებისა. ეს ხალხი ცნობილი ხდება გარკვეული ძალების ხელშეწყობით მათ რომ რეკლამას უკეთებს და სხვა და სხვა პოლიტიკურ თემებზე პოპულისტური გამოსვლებით, იქმნება მათი "ქარიზმა”. ამ მიზნით ერთნი ამ რეკლამირებული ლიდერებისა ეროვნულ პრობლემატიკას იყენებენ, მეორენი - დემოკრატიულს, მესამენი კი, - სოციალურს. საერთოდ, არანაირ შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ პოპულარულები გახდნენ. ამ მხრივ, ისინი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, ეჭვი გვეპარება მათ გულწრფელობაში იმ პრინციპებისადმი, რომელთადმი ერთგულების გამოვლენის ილუზიასაც მეტად უნიჭოდ და უინტერესოდ ქმნიან... არადა, თავმდაბლობა კარგი რამ არის და როცა ადამიანს ეს თვისება გააჩნია, იმის გარანტიაც აქვს, რომ ამბიციებს დაიოკებს, ცდუნებას არ აჰყვება და, შესაბამისად, ნაკლებად შეირცხვენს თავს...

ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს იმისა, თუ როგორ იქცევა გონიერი ადამიანი, როცა შემთხვევითობა მოვლენათა ცენტრში მოაქცევს მას.

1648 წელს, ცნობილი ფრონდის დროს, საფრანგეთში, ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო ამბავი მოხდა: პარიზის პარლამენტი (უმაღლესი სასამართლო ორგანო) სამეფო კარის პოლიტიკას დაუპირისპირდა (ეს პერმანენტულად ხდებოდა). პარლამენტის მრჩეველმა, პიერ ბრუსელმა ხმა აღიმაღლა გადასახადების მეტისმეტად გაზრდის წინააღმდეგ. უკვე ამ ფაქტმა მოუტანა ბრუსელს პოპულარობა, ხოლო დაპატიმრებამ მოგვიანებით, - ნამდვილ სახალხო გმირად აქცია... პარიზელ ბურჟუებს მეტად აწუხებდათ დიდი გადასახადები და ნებისმიერი მოხელე, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავდა, აღფრთოვანებას იწვევდა. ამიტომ, ხალხმა მისი განთავისუფლება მოითხოვა. ბრუსელის პიროვნებამ ოპოზიციური ძალების, ფრონდერების, სამეფო კართან დაპირისპირების ფონზე, იმდენი მნიშვნელობა შეიძინა, რომ დედოფალი ანა ავსტრიელი და პირველი მინისტრი, კარდინალი მაზარინი, იძულებული გახდნენ, ის ვენსენის ციხიდან გამოეშვათ. პარიზში, თავისუფლება მოპოვებული ბრუსელის მოლოდინი, თავისთავად იქცა პოლიტიკურ აქციად. ამ სიტუაციას მეტად საინტერესოდ აღწერს ალექსანდრე დიუმა "ლუი XIV ცხოვრებაში": "მეორე დღეს ყოველგვარმა უწესრიგობამ იმატა. მეამბოხეები ხმამაღლა გაიძახოდნენ, რომ მოიხმობდენ ჰერცოგ დე ბოფორს და თავიანთ წინამძღოლად აქცევდნენ. 9 საათმა ჩამორეკა - ბრუსელი არ გამოჩენილა, მეამბოხენი გაცხარდნენ, ამბოხი მთელ ქალაქს მოედო, დედოფალი და მაზარინი უკვე გაქცევას აპირებდნენ. როგორც იქნა, 10 საათზე მუქარა და წყევლა შეცვალა აღფრთოვანებულმა შეძახილებმა - მოვიდა ბრუსელი. ხალხს ხელში აყვანილი მოჰყავდა ბრუსელი. არღვევდნენ ქუჩების გადამღობ ჯაჭვებს და ბარიკადებს. მრჩეველი მიიყვანეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც იგალობეს "შენ გადიდებთ უფალო". მაგრამ, ბრუსელი, შეძრწუნებული იმით, რომ გახდა მიზეზი ასეთი აღშფოთებისა და უწესრიგობისა, არ დაელოდა პარაკლისის დამთავრებას, მალულად გამოვიდა პატარა კარიდან და სახლისაკენ გაიქცა, გაოცებული იმ სახალხო სიყვარულით, რომლის თაობაზეც აქამდე ეჭვიც კი არ ჰქონია", იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეს, პიერ ბრუსელს, ხალხის ინტერესების დაცვა, მითუმეტეს, მასების ლიდერობა, აზრადაც არ მოსვლია. მის მიერ სამეფო კარის პოლიტიკის კრიტიკა, სიტუაციით იყო ნაკარნახევი, და ამ შემთხვევამ აქცია ის სახალხო გმირად. ოღონდ, ბრუსელმა თავისი ადგილი იცოდა და ხალხის ამ ახირებით არ ისარგებლა, - საამისო სინდისი აღმოაჩნდა.

მისგან განსხვავებით ჩვენში, ასეთ შემთხვევას, დღესდღეობით ნამდვილად არავინ გაუშვებს ხელიდან და ამაშია, სწორედ, ჩვენი უბედურება... ასეთი ქცევის საფუძველი პოლიტიკურ "ყვარყვარიზმში" უნდა ვეძიოთ. ამ ნიშნით გამოირჩევიან ხელისუფლებაში დამკვიდრებული და დამკვიდრების მოსურნე პოლიტიკანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოპულარულები გახდნენ და, ამ გზით, ან შეინარჩუნონ ან კიდევ, მოიპოვონ ძალაუფლება, - რათა მიიღონ ყველა სიკეთე, რასაც ის იძლევა. ეს ტენდენცია ხელს უწყობს ასეთი "ქარიზმატული" ლიდერების მომრავლებას; ამავე მიზეზის გამო, პარტიებს, თავიანთი იდეოლოგია, ორიენტირებული ამა თუ იმ სოციალურ ფენაზე, არ გააჩნიათ, ყველაფერი ბევრად იოლადაა: მთავარია, ლიდერი იყოს რითიმე პოპულარული და, სულაც არა აქვს მნიშვნელობა, სოციალურ ფენებს და, შესაბამისად, ორიენტაციაც გაუგებარი ხდება, რადგან დამოკიდებულია იმაზე, რა აწყობს ამა თუ იმ "ქარიზმატულ" ლიდერს; დასჭირდება მემარჯვენეა, სიტუაცია მოიტანს და, - ცენტრისტი, ან სულაც, მემარცხენე... არადა, პარტიული მუშაობა ასეთი უპრინციპო და ავანტიურისტული არ უნდა იყოს. ის სინდისიერად და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. მაშინ, რა სოციალური ფენის ინტერესებსაც არ უნდა გამოხატავდეს ესა თუ ის პარტია, ის მაინც ერთ მთლიანობაში გაიაზრებს ეროვნულ, სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებს და ამით გამორიცხავს ზემოხსენებული პრინციპებით მანიპულირებას და მათ ნიადაგზე, საზოგადოების გახლეჩვასა და გაუთავებელ შიდა დაპირისპირებას. ამასთან, გამოიხატა სნობისტური ტენდენცია. სუსტი, იდეურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ადამიანები, სხვადასხვა დონისა და მასშტაბის უცხოელ ავტორიტეტთა დახმარებით, პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებას ცდილობენ... ავანტიურისტულია ეს გზა და აი, რატომ: მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური ისტორია გვიდასტურებს იმას, რომ გარეშე ძალის მხარდაჭერის წყალობით, ძალაუფლება მოპოვებული ესა თუ ის ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა ძალა უჭერს მხარს, - პროგრესული თუ რეაქციული, ის მათი მიზნებისა და ინტერესების გამტარებელი მარიონეტი ხდება. ეს კი, იმ ქვეყნისათვისაა ცუდი, რომელსაც ასეთი "პოლიტიკოსი" მოახვიეს" თავს.

თუ არ ვცდები, ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისია სტეფანე ბატორი, რომელიც ოსმანთა იმპერიის კანდიდატი იყო რეჩი პოსპოლიტას ტახტზე. ამბობენ, სულთანმა, თავისი ვასალის, ყირიმის ხანის 200 ათასიან მხედრობას მოუყარა თავი პოლონეთის საზღვარზე და აიძულა სეიმი, მეფედ ბატორი აერჩიათ. ეს მოხდა 1576 წელს. ეს უნგრელი აზნაური, ამ ამბებიდან ცოტა ხნით ადრე, ტრანსილვანიის მთავარი რომ გახდა, გაურკვეველი რელიგიური ორიენტაციისა იყო (ტრანსილვანიაში პროტესტანტებს ემხრობოდა, პოლონეთში - კათოლიკეებს) მის არჩევას შლიახტამ იმ იმედით მისცა ხმა, რომ ფიქრობდნენ, მას მაგნატების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ; ამასთან, სჯეროდათ, რომ უცხოელი და უთვისტომო მეფე, მათზე იქნებოდა დამოკიდებული; მაგრამ გამოირკვა: ამ მოქნილმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა იცოდა, როგორ მოეპოვებინა ძალაუფლება, როგორ შეენარჩუნებინა და როგორ გამოეყენებინა ის. სტეფანე ბატორიმ არ იცოდა პოლონური ენა და თავის ქვეშევრდომებს ლათინურად ელაპარაკებოდა ან დუმდაო, - ამბობენ მემატიანენი. ოღონდ, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ერთ-ერთ ყველაზე ქმედით პოლონელ მეფედ ქცეულიყო მან განადგურების პირას მისული სახელმწიფო გააძლიერა და ააღორძინა. მისთვის, ამ საქმეში, ხელი არც იმას შეუშლია, რომ ავადმყოფი იყო... ჯერ ერთი, ჰქონდა აპოპლექსიის შეტევები თუ ეპილეფსია, - ამის თაობაზე ექიმებს ერთიანი აზრი არ ჰქონიათ. მეორეც, სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა ბრძოლაში მიღებული და მოუშუშებელი ჭრილობა, და მაინც, გასაოცარ ენერგიულობას ავლენდა და ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისაკენ. ის იქცა ეპოქის ერთ-ერთ უგანათლებულეს მონარქად, უდიდეს რეფორმატორად: სტეფანე ბატორიმ დააარსა ვილნოს აკადემია, გაატარა საკალენდარო რეფორმა, დააარსა ფოსტა და საფოსტო სამსახური, მოაწესრიგა სახელმწიფო ფინანსები, განახორციელა სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესა და სათანადოდ აამოქმედა სახელმწიფო მართვის სისტემა; უნდოდა გაეუქმებინა საბატონო ბეგარა, ხოლო ფიზიკური დასჯა შეეცვალა ფულადი ჯარიმით, შექმნა თვისობრივად ახალი პოლონური ჯარი. სამხედრო რეფორმა საორგანზაციო და ტექნიკური ხასიათისა იყო და პასუხობდა დროის თავისებურებებს. მისი ვარგისიანობა რუსეთის სახელმწიფოსთან წარმატებულმა ომმა დაადასტურა, რომელშიაც პოლონელებმა გაიმარჯვეს, - მიიერთეს ლივონიის ნაწილი. ოღონდ, ამ გამარჯვების შედეგი მარტო ეს არ იყო: სტეფანე ბატორი წინ აღუდგა ევროპისაკენ მიმართულ რუსულ აგრესიას და აღკვეთა იგი. სხვათაშორის, ბატორი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც პირველმა დაინახა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთი ევროპას და მანვე განსაზღვრა ამ საფრთხის ნეიტრალიზაციის გზაც: ის მდგომარეობდა რუსეთის გაევროპულობაში, დასავლური ცივილიზაციის ორბიტაში მის მოქცევაში და სცადა ეს, ორი ქვეყნის - პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობების საფუძველზე განეხორციელებინა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ვალიშევსკი წერდა: -"ის მიხვდა, რომ პოლონეთმა, როგორსაც ის ხედავდა - ცივილიზებულმა, სამოქალაქომ, ლიბერალურმა, ბობოქარმა, კათოლიკურმა - უნდა გადაყლაპოს თავისი დიდი მეზობელი და თავს მოახვიოს თავისი კულტურა, თავისი პოლიტიკური წყობა, თავისი რელიგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა საფრთხე თავად ყოფილიყო გადაყლაპული და უცხო წესებსდაქვემდებარებული".

სტეფანე ბატორი, ეს ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი პოლიტიკური მოღვაწე, გამორჩეული გახდა არა იმით, რომ გარეშე ძალის გამოყენებით მოექცა პოლონეთს სათავეში, არამედ იმით, რომ უაღრესად ნიჭიერი, მოქნილი, შორსმჭვრეტელი და მიზანსწრაფული პიროვნება იყო. ესმით კია, ეს, იმ ამბიციურ საშუალოობას, გარეშე ძალების მხარდაჭერით ძალაუფლების მოპოვება რომ უნდათ? მათი ქმედება, გამომდინარე იმ შედეგიდან, რაც მას მოაქვს, მარტო პოლიტიკური და იდეოლოგიური სნობიზმი არ არის, ეს უკვე სახელმწიფო დანაშაულია!

ის, რომ ბევრი ადამიანი გაურკვეველი მიზნებით მოდის პოლიტიკაში, იქიდანაც ჩანს, რომ დიდი ხნის მანძილზე, მტკიცედ ჩამოყალიბებული ისიც არ ყოფილა, თუ როგორი მმართველობის ფორმა უნდა დამკვიდრებულიყო საქართველოში: რესპუბლიკა - საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო; მონარქია, - აბსოლუტური, კონსტიტუციური თუ თეოკრატიული. იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირველი რესპუბლიკის დროს, 1918-1921 წლებში, ასეთი გაურკვევლობა არ ყოფილა, რაც, შედეგი გახლდათ იმისა, რომ თავი მიგვაჩნდა კაცობრიობის მიერ განვლილი გზის მემკვიდრეებად. მეორე რესპუბლიკის დროს, სწორი არჩევანი, - პრობლემა გახდა...


 

პოლიტიკური კულტურის არქონის ბრალია ის, რომ ჩვენში, ისეთი ცნებები, როგორიც არის, რესპუბლიკა, ან მონარქია, - ლაზღანდარობის საგნად ქცეულა და უკვე ამიტომ, ამ თემაზე მოლაპარაკეთა მიერ მმართველობის ზემოხსენებული ფორმების მიმართ სიმპატიის ან ანტიპატიის გამოვლენა, მრწამსის გამოხატვას სულაც არ ნიშნავს. არც იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ რესპუბლიკა მონარქიით შეიცვლება და, არც იმათთვის, ვისთვისაც მმართველობის ერთი, ან მეორე ფორმა მხოლოდ პოლიტიკური ნიშის მოპოვებისა და მასში მოკალათების საშუალებაა... არადა, დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში, საითკენაც ასე მივისწრაფით, ეს ცნებები იმ იდეალების მატარებელნი არიან, რომლისადმი ერთგულება მოქალაქის თვითდამკვიდრების საფუძველია.

იყო დრო, როცა მავანს, საკუთარ შეხედულებათა წარმოჩენა სიცოცხლის ფასად დასჯდომია... ამის უამრავ ფაქტს გვაწვდის ისტორია და მხატვრულად იაზრებს ლიტერატურა. გავიხსენოთ ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანის, "საბრალონი" ის თავი, რომელშიაც 1832 წლის რევოლუციის ეპიზოდია ასახული, ანუ შანვერერის ქუჩის ბარიკადისა და "კორინთის" დუქნის იერიშის ამბავი, როცა გვარდიელებმა მეამბოხეთა წინააღმდეგობა დაძლიეს, აიღეს ბარიკადა და დუქანში შეიჭრნენ. ერთადერთი, ვინც ცოცხლად იგდეს ხელთ, ამბოხებულთა წინამძღოლი, ანჟოლრასი იყო. მას ტყვია-წამალი გამოლეოდა, დაცლილი თოფით ხელში მშვიდად ელოდა სიკვდილს. იმ წუთს, სხვასაც მოუნდა სიკვდილი. ის რომანის კოლორიტული პერსონაჟი გრანტერი იყო, - უფუნქციო ადამიანი, ლოთბაზარა, რომელმაც თავისი ადგილი ვერ იპოვა, ვერც ცხოვრებაში და ვერც რევოლუციაში... ახლა, გამოფხიზლებულს, დახვრეტის მომლოდინე ამაღლებული და დიდებული ანჟოლრასის ხილვისას, სურვილი აღეძრა, განშორებოდა ამ ცოდვილ ქვეყანას. მაგრამ, რომ მოგკლან, ამისათვის საბაბი უნდა მისცე, ან გააკეთო, ან თუნდაც, თქვა, ისეთი რამ, რისთვისაც შენთვის ტყვიას არ დაიშურებენ... რომანის ლოთმა პერსონაჟმა ეს მოახერხა. გრანტერის მიერ გადაწყვეტილების მიღების სცენა, მწერალს ასე აქვს აღწერილი: "ისიც ბილიარდის უკან იჯდა მძინარე, მაგრამ ჯარი რომ ავარდა დარბაზში, ანჟოლრასს შესცქეროდნენ ყველანი და ის ვერც კი შენიშნეს, ის იყო უნდა გაემეორებინა ათისთავს ბრძანება - დაუმიზნეთო, რომ გაისმა ყვირილით წარმოთქმული.

- რესპუბლიკას გაუმარჯოს, მეც მასთანა ვარ!

წამომდგარიყო გრანტერი.

ბრძოლის ბრწყინვალება გამოსჭვიოდა თვალთაგან, იმ ბრძოლისა, რომელსაც თვითონ დააკლდა და რომელშიაც ვერ მიიღო მონაწილეობა. მთლად გარდაქმნილს ჰგავდა ლოთი.

ერთხელ კიდევ დაიძახა:

- რესპუბლიკას გაუმარჯოსო!

მტკიცე ნაბიჯით მივიდა ანჟოლრასთან, გვერდზე მიუდგა და დაიძახა:

- ერთად დაგვხვრიტეთ ორივე!

მერე ანჟოლრასს შეხედა და ტკბილად ჰკითხა:

- ნებას მომცემ?

ანჟოლრასმა გაიღიმა და ხელი ჩამოართვა. ჯერ ისევ იღიმებოდა, რომ გავარდა თორმეტივე თოფი, რვა ტყვია მოხვდა ანჟოლრასს და ისე მიეყუდა კედელს, თითქოს ტყვიამ ზედ მიაჭედაო. თავი დაღუნა მხოლოდ. გრანტერი მის ფერხთით გაიშხლართა".

ასე დიდებულად კვდებიან იდეისათვის, ასე უმოწყალოდ, იდეის გამო კლავენ, ამიტომ ჩანს ასე უბადრუკად იმათი პოზიცია, ვისთვისაც რესპუბლიკა და მონარქია კარიერისტული მისწრაფებებით გამოწვეული მანიპულაციების საგანია მხოლოდ...

პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა უჩვეულო სიმრავლეს ჩვენში, ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული პიროვნება დანარჩენი მოსახლეობისაგან არც ჭკუით, არც განათლებით, არც კულტურით, და არც ენერგიით არ გამოირჩევა, ეს, ყველა სხვას უბიძგებს თვითონაც სცადოს ბედიო... ყურადსაღები დასკვნაა! რაც შეეხება პოლიტიკაში თავის მოსინჯვის ტენდენციას, ამან ჯერჯერობით ვერ გვიხსნა: პოლიტიკოსთა რაოდენობრივი ზრდა, თვისობრივ ზრდაში ვერ გადაიზარდა... ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პიროვნულიც, და ისიც, რომ, ჯერჯერობით, ჩვენი პარტიები, არსებითად, არც ერთ სოციალურ ფენას არ წარმოადგენენ. ამიტომ, მათი ფუნქცია, ხშირად, გაუგებარია, რა მიზნები აქვთ ვის ინტერესებს გამოხატავენ! ამასთან, აშკარაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას საგანგებო მდგომარეობაში მყოფისა, არაფერი ეტყობა... დაკისრებულ ამოცანას ვერ ასრულებენ; ნიშანდობლივია, რომ მათ თავიდანვე შეეყარათ ის სენი, რაც საშიშს ხდის პარტიას ერისა და სახელმწიფოსათვის და, რაზედაც, ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, წერდა ბენჯამინ ფრანკლინი:

"დიდი მსოფლიო მოვლენები, ომები, რევოლუციუბი და ა.შ. პარტიათა მიერ არის წარმოშობილი და წარმართული. ამ პარტიათა შეხედულებანი განისაზღვრება მათი საერთო მიმდინარე ინტერესებით ან იმით, რაც მათ ინტერესის საგნად მიაჩნიათ. განსხვავებულ პარტიათა განსხვავებული ინტერესები იწვევენ არევდარევას. იმ დროს, როცა პარტია ახორციელებს საერთო მიზნებს, ყოველი ადამიანი თავისი მიზნისაკენ მიისწრაფვის. როგორც კი პარტია აღწევს თავის მიზანს, ყოველი ადამიანი თავის კერძო ინტერესებზე ზრუნვას იწყებს. ამის გამო, ის სხვებთან წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება და პარტიაში მოხდება განხეთქილება, რაც კიდევ უფრო დიდ არევ-დარევას იწვევს".

სწორედ ასეთ არეულობას მიგვაჩვიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა. ბევრი მათგანის შემხედვარეს, გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკოსობა მარტოოდენ ძალაუფლებისათვის ბრძოლა და იმ პრივილეგიებისა და შეღავათების მოხმარება იყოს, რომლებსაც ეს ძალაუფლება იძლევა... შესაძლოა, ეს პირადი კეთილდღეობის ორგანიზება იყოს, მაგრამ ამას ხალხის, და რესპუბლიკის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს...

ნიკოლო მაკიაველი წერდა: "ადამიანები, მათი გონებრივი უნარის მიხედვით, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის, სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას, დანარჩენნი კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი - წარჩინებულნი, მესამენი - ფუჭნი". აი, ამ ფუჭთა გააქტიურებაა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი, რადგან ძნელია მათ რაიმე შეასმენინო, ისინი ვერ ურიგდებიან ინტელექტუალებს, რაც გამორიცხავს გონიერ ადამიანებთან მათ თანამშრომლობას, დიალოგს, პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობას, მოსახლეობისა და პოლიტიკურ ელიტას შორის საერთო შეხედულებების არსებობას, გნებავთ, თანამოაზრეობას. რაც გარანტია იქნებოდა ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული ერისათვის ესეოდენ აუცილებელი გამარჯვებისა აღმშენებლობის პერიოდში. ოღონდ, არა პიროსის გამარჯვებისა, რომელმაც ბრძოლაში დიდი დანაკარგებით შეძრწუნებულმა შესძახა: -"კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და მე ჯარი აღარ მეყოლება!"-ო. არა, ჩვენ ისეთი გამარჯვება გვინდა, რომელიც კი არ დაცლის ეროვნულ ენერგიას, არამედ აავსებს მას. სოციალურად გაააქტიურებს მოსახლეობას. სხვაგვარად ერი ვერ აღორძინდება. პასიურობა და პოლიტიკური ცხოვრებისადმი გულცივობა და ხელისუფლების მიმართ უკრიტიკო დამოკიდებულება შეიძლება სახელმწიფოს დაღუპვის მიზეზად იქცეს. ასეთმა გულგრილობამ და გაუცხოებამ იმსხვერპლა თავის დროზე კოლუმბამდელი ამერიკის უძლიერესი სახელმწიფო, ინკების იმპერია. ამის თაობაზე საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული სტანისლავ ვოლსკის:

"ინდიელები გამგონენი არიან. ისინი მეტისმეტად გამგონენი არიან, და ამაშია უბედურება. მათ პასიურ მორჩილებას არ ახლავს პოლიტიკური შეგნებულობა: სამთავრობო მართვის მექანიზმი, ურთიერთდამოკიდებულება მეურნეობის დარგებს შორის უფლებებისა და მოვალეობების რთული გადახლართვა, პრაქტიკული ამოცანები და მეცნიერება... ... სამხედრო კამპანიები და მშვიდობიანი შრომა, ერთი სიტყვით სახელმწიფოებრივი ცხოვრების კავშირების მთელი მრავალფეროვნება მათთვის დაფარული იყო, ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებდნენ ამას, იმიტომ რომ აზროვნება და შრომის ორგანიზება - მმართველთა პრივილეგიაა".

სახელმწიფოებრივი ცხოვრების სრულყოფის თაობაზე ფიქრი მოსახლეობის ყველა ფენის საზრუნავი უნდა იყოს, მითუმეტეს, გარდამავალ პერიოდში. ამისი პირობაა ჩვენი ყოფის სპეციფიურობა, ცოდნის მიღებისაკენ მისწრაფება. ეს ერთგვარი ეროვნული პოლიტიკაა, გავიხსენოთ, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას წინ უსწრებდა უნივერსიტეტის გახსნა... ანუ, თავისუფლების მოპოვება ცოდნის გზით... იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა მეორე რესპუბლიკის გამოცხადების წინაც... დიდია ერის ინტელექტუალური პოტენციალი და ის გამორიცხავს, ჩვენში, ფუჭთა მიერ პოლიტიკოსთა კასტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

ჩვენებურ პოლიტიკოსთა ხსნა იმაშია, თუ რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი თავის სრულყოფას. რამდენად "გაიზრდებიან", და არა იმაში, რამდენად გაემიჯნებიან ისინი ინტელექტუალებს. მოაზროვნე ადამიანებში სავარაუდო კონკურენტების ძიება და მათდამი უნდობლობა, მხოლოდ საქმეს აფუჭებს. პოლიტიკაში მოკალათებულ უფუნქციო ადამიანებს კი, - საფრთხე მხოლოდ მათივე მაგვართა მხრიდან ემუქრებათ. როგორც იტყვიან, შორს ძებნა საჭირო არ არის და აქ, დროული იქნება, თუ გავიხსენებთ ერთ ისტორიულ პარადოქსს, რომლის თაობაზე მოგვითხრობს სვეტონიუსი "თორმეტი კეისრის ცხოვრებაში": ბედისწერის ქალღმერთის, ფორტუნას, ორაკულებმა გაიუს კალიგულას "მიუთითეს მორიდებოდა კასიუსს. ამის გამო, მან მკვლელები მიუგზავნა კასიუს ლონგინუსს, რომელიც მაშინ აზიის პროკონსული იყო და არ იფიქრა, რომ ხერეასაც კასიუსი ერქვა", ანუ, ეჭვი არ ჰქონია თავისი დაცვის უფროსის პრეტორიანელთა ტრიბუნის მიმართ, ვინც მოკლა კიდეც კალიგულა... და ბოლოს:

ამომრჩეველს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსის პიროვნების, მისი პროგრამის თაობაზე, რაც საფუძველს უნდა იძლეოდეს, რომ ეს ადამიანი საქმეს გააკეთებს. რაკი ასე არ არის, ვემსგავსებით მერი შელის რომანის პერსონაჟს, ექიმ ფრანკენშტეინს, რომელმაც ურჩხული შექმნა და ემსხვერპლა კიდეც მას.

დააკვირდით რამდენი არაინტელექტუალური ფიზიონომიის მქონე სუბიექტი აღმოჩნდა ყველა დონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში... "ო, ადამიანო, შენი ხატება, სარკეა შენი სულისა..." აღმოხდა პოეტ მაისტერ ელგზარდს;

ათასწლეულების მანძილზე ადამიანის რაობის კვლევისას, დასკვნა, ამისი მსგავსი, სხვაც ბევრი გაკეთებულა, მაგრამ XVIII საუკუნეში, განმანათლებლობის ამ დიდებულ დროს, ახალი განვითარება ჰპოვა ძველმა ძიებებმა: იოჰან კასპარ ლაფატერმა გამოაქვეყნა ნაშრომი "ფიზიოგნომიკური ნაწყვეტები ადამიანის შემეცნების ხელშეწყობისათვის"; ხოლო, იოსებ გალლმა "სწავლება ფრენოლოგიის შესახებ". ერთიცა და მეორეც წარმოადგენს ჩამოყალიბებულ სისტემას ადამიანის ფიზიონომიური პორტრეტის ანალიზისა, რომლის შედეგადაც უტყუარ ინფორმაციას ვიღებთ ამა თუ იმ პიროვნების ბუნების, გონებრივი შესაძლებლობების, ზნეობის, მრწამსის, მიდრეკილებების თაობაზე. კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას, არა მარტო ცოცხალი ადამიანის სახეზე დაკვირვება, არამედ სკულპტურული და ფერწერული პორტრეტი და ფოტოგრაფიაც იძლევა.

ამ მოსაზრების სისწორის დასადასტურებლად, საკმარისია, გავიხსენოთ ორი სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნაწარმოები: II საუკუნის მიწურულის რომაული ბრინჯაოს ქანდაკება, ცხენზე ამხედრებული მარკუს ავრელიუსისა, და XVI საუკუნის ქართული ფრესკა დავით აღმაშენებელისა. პირველი, ანტიკური რეალისტური ხელოვნების ყველა კანონით გამოსახავს რომაელ იმპერატორს, მეორე, - განვითარებული შუა საუკუნეების ფრესკული ფერწერის დამახასიათებელი პირობითობით ასახავს ქართველ მეფეს, მაგრამ ორივე ამ ქმნილებას აერთიანებს ის, რომ გასაოცარი სიცხადით წარმოაჩენენ ამ ორი პოლიტიკური მოღვაწის პიროვნულ რაობას. ორივეს სახეში იკითხება ყველა ნიშანი ბუნებით პოლიტიკოსისა: უპირველეს ყოვლისა ინტელექტი, მაღალი ზნეობა, ერუდიცია, ნებისყოფა, ენერგია, მიზანდასახულობა. მოქანდაკეს, მარკუს ავრელიუსი, ბრინჯაოში აღუბეჭდავს იმ მომენტში, როცა გაწვდილი ხელით კეისრულ სალამს აძლევს ლეგიონებს თუ, რომაელ ხალხს. მხატვარს კი, დავით აღმაშენებელი, გელათის ტაძრის მაკეტით ხელში დაუხატავს. თუ დაუკვირდები მათ აზრიან მზერას, სახის დახვეწილ ნაკვთებს, შინაგან არისტოკრატიზმს რომ წარმოაჩენს, შეიგრძნობ გასაოცარ სიმტკიცეს, ძალას, იმ ადამიანებისა, რომელთა სიტყვა და საქმე არ განსხვავდებოდა. ატარებდნენ რეფორმებს, განუხრელად ზრუნავდნენ ხალხის კეთილდღეობაზე, სახელმწიფოს ძლიერებაზე, იყვნენ თავისი დროის უდიდესი მოღვაწეები და მოაზროვნეები... უყურებ მათ სახეებს და სრულიად ბუნებრივად მიგაჩნია ის, რომ ამ ადამიანებმა შეთხზეს და შთამომავლობას დაუტოვეს, პირველმა - "ფიქრები", მეორემ, - "გალობანი სინანულისანი".

სანიმუშოდ პოლიტიკოსთა გამოსახულებები მოვიყვანე, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრების ხასიათს ისინი განსაზღვრავენ. გავიხსენოთ პოლ ვალერის ნათქვამი: "რამდენიმე კაცის ქცევა მილიონების ბედზე ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორც ყოველი სულდგმულის ხვედრზე - მისი სასიცოცხლო გარემოს შეცვლა თუ შერყევა, მსგავსად იმისა, როგორც ბუნებრივი მიზეზები იწვევენ სეტყვას, ტაიფუნს, ეპიდემიებს. ინტელექტუალური მიზეზებიც ასეთსავე ზემოქმედებას ახდენენ მილიონობით ადამიანზე, რომელთა უმრავლესობაც ისევე იტანს მათ, როგორც ცის, ზღვის, დედამიწის ქერქის კაპრიზებს. ინტელექტი და ნება, რომლებიც ბრმა ფიზიკური ძალებივით მოქმედებენ მასებზე - აი, რას ეწოდება პოლიტიკა". ადამიანის ბედის განმსაზღვრელთ მუდამ წესად ჰქონდათ, იმითაც უკვდავეყოთ თავიანთი პიროვნება, რომ მათი დაკვეთით იქმნებოდა მათივე სკულპტურული და ფერწერული (შემდგომ კი ფოტოგრაფიული) გამოსახულებები. ამიტომ შემოგვრჩა ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ხელოვნების უამრავი ნიმუში, რომელიც ფიზიონომისტებს განსჯა-გააზრებისათვის დიდ მასალას აძლევს...

საქართველოს ისტორიის თავისებურების შედეგია, რომ ძალიან ცოტა შემოგვრჩა სახელმწიფოს მმართველთა გამოსახულებანი. თუმცა, რაც არის, - ბევრს გვეუბნება მათზე და, ერთგვარად ახსნასაც იძლევა იმ პოლიტიკისას, რომელსაც ეს ადამიანები ატარებდნენ... ამ თვალსაზრისით წარსულის გააზრება - უაღრესად საინტერესოა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ყოფის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო აქტუალურია, იმ თანამედროვე პოლიტიკოსთა ფიზიონომიური პორტრეტის კვლევა, ბოლო ათწლეულის საქართველოს ცხოვრებაზე რომ მოახდინეს გავლენა...

თუ დავუკვირდებით ყველა დონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში აღნიშნულ პერიოდში მყოფთა ფიზიონომიურ პორტრეტს, განვიხილავთ მათ, ლაფატერისა და გალლის სწავლებათა პოზიციიდან, ძალიან ბევრს საინტერესოს ვნახავთ; უპირველეს ყოვლისა, ზემოხსენებულ ავტორთა მეცნიერული ნააზრევის დადასტურების მხრივ. სულაც არ არის აუცილებელი, იყო ფიზიოგნომიკის სპეციალისტი ან ფრენოლოგი, რომ ჩვენში პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებულთა ან იქ დამკვიდრების მოსურნეთა დიდი უმეტესობის პიროვნული რაობის არსში გაერკვე. როცა ამ ადამიანებს აკვირდები, პირველი, რაც თვალში საცემია, ეს არაინტელექტუალურ ფიზიონომიათა სიჭარბეა. ხოლო, თუკი მათ კიდეც მოუსმენ და, მითუმეტეს, ნამოქმედარს ნახავ, დარწმუნდები, რომ აქ ინტელექტი ისევე დეფიციტურია, როგორი დეფიციტურიც იყო უცხოური წარმოების პროდუქცია სოციალიზმის დროს... ეს, ცხადია, ცუდია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები გასაოცრად აქტიურები არიან და აქ უნებლიედ გახსენდება პოლ ვალერის კიდევ ერთი გამონათქვამი: "რამდენი რამის არცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ "იმოქმედო". ასეთი არცოდნით ამოქმედებულთა ბრალია, სახელმწიფოს აღმშენებლობის გაუკუღმართებულად წარმართული პროცესი და, მისი საზარელი შედეგი: ეროვნული და პიროვნული ღირსების გრძნობის განუვითარებლობა, კულტურული დაქვეითება, კორუფცია და, ხაზინის ქურდობა, დაშლილი, გათითოკაცებული, გაღატაკებული, ერთმანეთს დაპირისპირებული, დემორალიზებული საზოგადოება, რომლის წევრებიც - ძალაუფლების მქონენი და არ მქონენი, - მდიდარი და ღარიბი, ის, ვისაც შესაძლებლობათა რეალიზაციის პირობები აქვს, და ვისაც არა აქვს… - ყველა ერთნაირად მოუცავს ერთგვარ აპათიას და მკვიდრდება ისეთი ყოფა და, მისგან მომდინარე ზნეობრივი პრინციპები, რომელთა გამოც, მიშელ მონტენს უთქვამს: "იმ დღეებში, როცა ბოროტგანზრახული ქმედებანი ყოველდღიურ ხასიათს იძენს, უმოქმედობა გადაიქცევა ერთგვარ საქებარ საქმედ".


 

ასეთ დროს, ვერშემდგარი მაორგანიზებელი ძალის, ანუ არაინტელექტუალური ფიზიონომიის მქონე პირთა მიმართ, ბუნებრივად წარიმართება მოსახლეობის ირონია... ამასწინათ, ასეთი ანეკდოტი მოვისმინე: ორნი საუბრობენ, ერთი ყვება - დელიში, თურმე, ათიათასი მაიმუნი შეჭრილა სახელისუფლო დაწესებულებებში და ძლივს გამოურეკავთ იქედან პოლიციის ძალითო, - მეორემ უპასუხა, - ეჰ, ინდოეთში კი გამორეკეს, მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელსო...

სამასხარაო პოლიტიკური და ბიუროკრატიული ელიტა რომ არ გვყავდეს, იქნებ, საამისო კანდიდატების თაობაზე დასკვნა ჯერ ფიზიოგნომიკის სპეციალისტებს და ფრენოლოგებს ვთხოვოთ და, შემდეგ შევიყვანოთ ეს ხალხი სათანადო საარჩევნო და დასანიშნ სიებში...

სახალხო საქმე, ხალხის ქმედითი მონაწილეობის გარეშე, - ვერ გაკეთდება. ეს კი, მხოლოდ აქტიურ ამომრჩევლად ყოფნას არ გულისხმობს, არამედ იმ ინტელექტუალების გამოხმობასაც პოლიტიკურ ასპარეზზე, რომლებიც პატიოსნებიც არიან, კომპეტენტურებიც და ენერგიულებიც. მათ ნამდვილად შეუძლიათ ხალხის წარმომადგენლები იყვნენ და სახელმწიფოს გონივრული მართვით დაიცვან მათი ინტერესები. თუ ასე მოხდა, მაშინ კორუფციაც მოისპობა და აღარც ქაოსი და განუკითხაობა იქნება საქართველოში. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ისეთი საკადრო პოლიტიკა, რომელიც ახალ ადამიანებს, - აქამდის მოუხმობლებს მისცემდა ნიჭისა და უნარის გამოვლენის საშუალებას. სამწუხაროდ, ჩვენში, ამ თვალსაზრისით, ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სოციალური ფორმაციის შეცვლის უმნიშვნელოვანეს - გარდამავალ ეტაპზე - ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, კოლონიური ხანისა, თავის ადგილზე დარჩა... ამას გარდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის აქტიური ფუნქციონერები იყვნენ...

ცხადია, დამოუკიდებელი საქართველოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მაგრამ, იმ დროს, როცა ქვეყანაში უამრავი მოუხმობელი ადამიანია, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ ბევრი რამის კეთება და რეალურად სიტუაციის შეცვლა, მაგრამ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება მათ კი არა, - ადამიანთა ზემოხსენებულ კატეგორიას მიეცა და თანაც მეორედ... რაც, დამეთანხმებით, არა მარტო დიდი წარმატებაა, არამედ, ეს დიდ პასუხისმგებლობასაც ითხოვს მათგან, - რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობთ და როცა ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგს ხედავ და საკუთარ თავზე ცდი მის დამღუპველ ზემოქმედებას - კორუფციის, მრეწველობის მოშლის, ეროვნული სიმდიდრის ძარცვის, მოახლოვებული ეკოლოგიური კატასტროფის, სიმბოლური და მაინც გაუცემელი პენსიისა და ხელფასის სახით, უფიქრდები იმას, რომ ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში ადაპტირება მენტალიტეტის შეცვლას არ ნიშნავს და ადამიანები, რომლებიც მოხელეებად ჩამოყალიბდნენ "მბრძანებლურ-ადმინისტრაციული" სისტემის დროს, ძნელად იცვლიან ზნეს. ამაში მათი ქცევის სტერეოტიპი გვარწმუნებს, რომელიც ისეთივეა, როგორც ამ ათი-თხუთმეტი წლის წინ იყო. ასეთი გარდაუქმნელნი, ცხოვრების ყველა სფეროში ქმნიან დაბრკოლებებს - იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა თუ კულტურა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ისეთ საკადრო პოლიტიკაშია, რომელიც ახალ ადამიანებს, ანუ მოუხმობლებს გაუხსნის გზას და საზოგადოებრივი ყოფის განახლებას შეუწყობს ხელს. სხვაგვარად არ მოხერხდება. რადგან პოლიტიკაზე ზეგავლენას ახდენენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორები არიან ისინი. კლემენს მეტერნიხი წერდა: "პოლიტიკა - ეს ადამიანებია, პოლიტიკა - ეს მხოლოდ ადამიანთა ღირსებების, ისევე როგორც მათი ნაკლოვანებების, მათი გატაცებების, შეცდომების, მანკიერებისა და სათნოების გამოხატულებაა".

სადღეისოდ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზებას განსაკუთრებით უშლის ხელს ის, რომ დიდი ასპარეზი აქვთ დათმობილი დილეტანტებს. მათი მოძალება კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის შედეგია; როცა საქართველო სსრკ-ს ნაწილი იყო, რუსეთისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რამდენი დილეტანტი მოკალათდებოდა ყველა დონის სტრუქტურებში, რადგან პროფესიონალები თვითონ ბლომად ჰყავდათ, ხოლო, ჩვენ კი, რაც უფრო ჩავეფლობოდით დილეტანტიზმის ჭაობში, მით უფრო ადვილი სამართავები ვიქნებოდით. ამიტომ, თუ მართლა გვსურს სახელმწიფოს აშენება, უნდა უვნებელვყოთ აგრესიული დილეტანტიზმი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - მაძღარი ცხოვრების ძიება. ეს მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ დილეტანტები პროფესიონალთა კადრებით შეიცვლებიან. ამისათვის კი, საჭიროა, შეიქმნას განათლების ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანიც იქნება კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მაგრამ, ეს მხოლოდ საქმის ერთი ნაწილია. მეორე იმაში მდგომარეობს, თუ სად იმუშავებენ ისინი. მაშასადამე, ასევე შესამუშავებელია ცოდნამიღებული ახალგაზრდების შრომითი მოწყობის ეროვნული პროგრამა. სხვაგვარად, არათუ დილეტანტიზმს ვერ დავამარცხებთ, - სხვა, არანაკლები საშიშროება გველის. საქმე ის გახლავთ, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და თუ ისინი სამშობლოში სამუშაოს ვერ მიიღებენ, ბუნებრივია, ბედს უცხოეთში ცდიან, - ეს კი, გააძლიერებს, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულ პროცესს ე.წ. "რუხი ნივთიერების" საზღვარგარეთ გადინებისა, - რამაც შეიძლება კატასტროფული ხასიათი მიიღოს და საქართველო ინტელექტუალების გარეშე დატოვოს... აქ, გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას ეკუთვნის... თუ ეს თანამშრომლობა შედგა, მაშინ პრობლემა მოგვარდება.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ყოველთვის სარისკო იყო შემოქმედებით სფეროში, რადგან ლიტერატორს და ხელოვანს "კარის პოეტად" გადაქცევის საფრთხეს უქმნიდა, კოლონიურ-კომუნისტური რეჟიმის დროის ამბები ამის უამრავ მაგალითს გვაწვდის.

ამიტომ, ისევე, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თანამშრომლობა დაეფუძნოს ეროვნულ იდეას. ეს იქნება ის წყალგამყოფი ქედი, რომელიც შემოქმედს დაიცავს ხელისუფლების მიერ თავს მოხვეული სოციალური დაკვეთისაგან და ვერავინ აიძულებს, რაიმე ანტიეროვნული, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული გააკეთოს, მაგალითად შეთხზას ასეთი ლექსი:

"ვაშა - გ.პ.უ - შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი!
როგორც პოეტმა - პოლიტიკურმა
უნდა შეასრულო შენი გაკვეთილი;
სოციალიზმის ყველა მავნებელი
დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!
ვაშა გ.პ.უ. შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი!"

ამ "პოეტური" უბადრუკობის ავტორი ნარუაშვილი, მოგვიანებით, ბოლშევიკურად დაწერილმა განაჩენმა იმსხვერპლა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ იყო დრო, როცა ქართველ პოეტს (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ნიჭიერია ის, რადგან აღიარებულ ტალანტებსაც მსგავს რამეებს ავალებდნენ) კომუნისტური რუსეთის საიდუმლო პოლიციაზე უნდა ეწერა ლექსები, იმისათვის რომ არსებობისა და შემოქმედების უფლება ჰქონოდა. ამას მოითხოვდა მისგან მმართველი რეჟიმი, ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მწერალთა კავშირი და ბოლოს, ატმოსფერო, რომელიც მაშინ სუფევდა.

სულ სხვა სიტუაცია იქმნება, როცა ხელოვანსაც და ხელისუფლებასაც საერთო ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები გააჩნიათ. მაშინ თანამშრომლობა შესაძლებელია, რადგან არსებობს ზემოთ უკვე ხსენებული საფუძველი. ასეთ დროს, სრულიად ბუნებრივად აღიქმება ისეთი რჩევა, როგორიც ერთხელ მისცა ცნობილ მსახიობ ტალმას, თეატრის დიდმა მოყვარულმა, ნაპოლეონ ბონაპარტემ:

"მე ნამდვილად ყველაზე დიდი ტრაგიკული პიროვნება ვარ ჩვენი დროისა, დიახ! და თქვენ დაგინახავთ ოდესმე, ჰაერში ხელები მექნიოს ან ნასწავლი პოზები და დიდებული იერი მიმეღოს ოდესმე? გაგიგონიათ როდესმე ჩემი ყვირილი? არა, რა თქმა უნდა, არა, მე ბუნებრივად ვლაპარაკობ... აი, მაგალითი, რომელიც დაფიქრებას საჭიროებს".

ასეთი რჩევა მართლაც დასაფიქრებელია, თუ რაიმე, რეალისტური გინდა შექმნა... ამავე დროს, არაფერი თავსმოხვეული და სოციალური დაკვეთის მსგავსი, მასში არ არის. როცა ხელოვანისა და ხელისუფლების შემაკავშირებელი ეროვნული იდეა არსებობს. შემოქმედის მონაწილეობა, - თავისი პროფესიისა და პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესებში, - ზნეობრივ ხასიათს იძენს მასში არ არის ის შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი, რაც, ტოტალიტარულ რეჟიმთან ურთიერთობის დროს, გარდუვალია. რადგან, ის, საარსებო წყაროს მაშინ აძლევს ლიტერატორს თუ ხელოვანს, როცა ეს უკანასკნელი მის დაკვეთას ასრულებს და უსპობს, - როცა დაქირავებული გაჯიუტდება და დავალებას აღარ ასრულებს. და, სულ სხვაა, როცა შემოქმედს არჩევანის საშუალებას ცხოვრება აძლევს. თავისუფალ საზოგადოებაში, დამოუკიდებელი არსებობის პირობებში, დაკვეთა არ აღიქმება უხეშ ზეწოლად, შეურაცხმყოფელ იძულებად. საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის დროს, ცნობილმა მხატვარმა-კარიკატურისტმა, ონორე დომიემ, მიიღო ასეთი შინაარსის წერილი:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო
ხელოვნების სამმართველო
1-ი ბიურო
"ბატონ დომიეს, ფერმწერს
საფრანგეთის რესპუბლიკა
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
პარიზი, 19 სექტემბერი 1848
მოქალაქევ,

პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გავალებთ თქვენ, შექმნათ სურათი, რომლის ღირებულებაც ათასი ფრანკი გადახდილ იქნება სამინისტროს თანხიდან. სურათის სიუჟეტი და ესკიზი წინდაწინ დასამტკიცებლად უნდა წარმოედგინოს ადმინისტრაციას.
სალამი და ძმობა

ხელოვნების სამმართველოს დირექტორი შარლ ბლანი."

სიუჟეტი, რომლის შესახებაც ლაპარაკია, სახარებიდან იყო ამოღებული, - "მონანიე მარია მაგდალინელი"...

ამ შეკვეთამ, როგორც დომიეს შემოქმედების მკვლევარნი წერენ, სარგებლობაც კი მოუტანა მას, თუნდაც, ახალი სტილისა და ფორმის ძიების თვალსაზრისით. რაც შეეხება პოზიციას, ამ მხრივ, დიდ მხატვარს არაფერი დაუთმია. ავტორი ცნობილი ლითოგრაფიებისა: "გარგანტუა", "საკანონმდებლო სტომაქი", "ექს-მინისტრთა უკანასკნელი თათბირი", ალეგორიისა "რესპუბლიკა" და სურათებისა "აჯანყება", "ემიგრანტები", ყოველთვის იყო, და ბოლომდის დარჩა, საკუთარი პრინციპების ერთგული. დემოკრატიულ სახელმწიფოში, "კარის პოეტად" არავინ გადაიქცევა, თუკი ეს, თავად არ სურს...

ეროვნული იდეის არსებობის შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა, ასევე კულტურის სფეროშიც, ხელისუფლებას შეუძლია მაორგანიზებელი ფუნქციის შესრულება და ეს აუცილებელიც არის. ამაში გვარწმუნებს დასავლური ცივილიზაციის წარმატება, - სადაც ამდაგვარ ფუნქციას პოლიტიკური ინსტიტუტები ასრულებენ და, ღრმა კრიზისი ჩვენთან, - სადაც მსგავსი არაფერი ხდება. ამიტომ გვჭირდება ღირებულებების, პრინციპების და ინტერესების ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც ხელისუფლებას, საშუალებას არ მისცემს, რაიმე ვოლუნტარისტული ნაბიჯი გადადგას და ეროვნულ კულტურას ზიანი მიაყენოს. მსგავსად იმისა, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ თავიანთი უზნეო დიქტატურის პერიოდში.

მოვიხმობ ასეთ მაგალითს: ხრუშჩოვისეული "ოტტეპელის" დროს, როცა რეჟიმის, ვითომ, "ლიბერალიზაცია" მოხდა, წამოიწყეს პიროვნებისა და საზოგადოების თავისუფლების ილუზიის შემქმნელი აქციის განხორციელება: თუ სადმე, ბაღს ან სკვერს, ძველებური ჭედური, ან ჩამოსხმული გისოსი, ან ღობე ჰქონდა, დაიწყეს მათი მოხსნა, მორღვევა, მონგრევა (გაიხსენეთ, ოპერის სკვერის მშვენიერი ღობე მოხსნეს და მანგლისში წაიღეს, იქ, სანახევროდ შემოავლეს მოედანს). ამ თავისი არსით ვანდალურ აქციას, ცხადია, არანაირი თავისუფლება არ მოუტანია, მისი ილუზიაც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, შეგვრჩა ღობემორღვეული ბაღები და სკვერები; ამან კი, თავის მხრივ, წარმოშვა კიდევ ერთი ტიპი უპასუხისმგებლო ადამიანისა, რომელმაც, რადგანაც ღობე და გისოსი აღარ აკავებდა, დაიწყო გადაბოტება-გადალაჯება იქ, სადაც ადრე ამას ვერ ახერხებდა. ესენი, ღობის მოშლას იგებდნენ და იგებენ, როგორც დაბრკოლების არარსებობას და მიეცათ საშუალება, ყველაფერი გადათელონ და ზედ გადაიარონ, სადაც სურთ და როდესაც მიესურვებათ. კომუნისტების უგუნურ პროპაგანდისტულ ავანტიურას, წესრიგის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის მოშლა მოჰყვა; ქალაქიც დამახინჯდა და ხალხიც გაირყვნა.

თუ ხელისუფლება ამის მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს, მაშინ კულტურული ცხოვრების ორგანიზება საქართველოში, შესაძლებელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ გაგრძელდება ზემოხსენებული ჭედური გისოსების მსგავს ესთეტიკურ ღირებულებათა დაუფასებლობა და განადგურება, ჩვენ, დროთა განმავლობაში, არათუ კულტურული ცხოვრების წარმართვას ვერ შევძლებთ, არამედ, უბრალოდ, ბარბაროსებად გადავიქცევით. გავიხსენოთ გოეთეს ნათქვამი: "ბარბაროსობის პირველი ნიშანია მშვენიერების უარყოფა".

გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია. ავიღოთ, თუნდაც, ტელევიზია: ცოტაა ანალიტიკური გადაცემები, - თითქოს, ჩვენი ყოფა განსჯა-გააზრებას არ საჭიროებდეს. კიდევ უფრო ცოტაა ისეთი შემეცნებითი ხასიათის გასართობი პროგრამები, რომლებიც მაყურებელთა ინტელექტუალურ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს, გააცნობს მას საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის რეალიებს, - ამით დაეხმარება მილიონობით ადამიანს, გაერკვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების პრობლემებში, დაეჩვიონ სწრაფად აზროვნებას, ფიქრს, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. უამისობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენში სათანადოდ არ ცდილობენ გამოასწორონ კოლონიური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული - საკუთარ ისტორიასა და კულტურას რომ გვავიწყებდნენ ქართველებს და ხელს გვიშლიდნენ მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრებს გავცნობოდით.

ამ თვალსაზრისით, შესამუშავებელია კულტურულ-საგანმანათლებლო ეროვნული პროგრამა. 70 წელი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულნი ვყავდით, რის გამოც, საქართველოს მოსახლეობა და, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალები, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ.

ახლა, სწრაფად უნდა დავიბრუნოთ დანაკარგი და ყველანაირი ლიტერატურა: მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური, რელეგიური და კიდევ ათასი სხვა, ქართულად თარგმნილი უნდა გამოვცეთ. ამიტომ, საგამომცემლო საქმეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან, - როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური. ამასთან, გასათვალისწინებელია მოსახლეობის და განსაკუთრებით, ინტელექტუალთა მატერიალური სიღატაკე, რომელსაც ძვირად ღირებული წიგნების შეძენის საშუალება არა აქვს, არადა, სხვადასხვა სახის ლიტერატურა, ბლომად სჭირდება. ერთი სიტყვით, აუცილებელია საგანგებო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წიგნთსაცავების შევსებას ჩვენში, თუ უცხოეთში დასტამბული ლიტერატურით. აგრეთვე, ხელს შეუწყობს ფილმოფონდების, აუდიო და ვიდეო კასეტების სპეციალური საცავების შექმნას, - რათა მათში დაგროვილი ინფორმაცია კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოვიყენოთ.

ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობა მეტად აქტუალურია კრიზისულ პერიოდში სამეურნეო ცხოვრების ორგანიზების დროს. როცა ასეთ ვითარებაში პროცესი სტიქიურად წარიმართება (ანუ, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოშლის დროს, - როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მაორგანიზებელ ფუნქციას ვერ ასრულებენ, ან ამა თუ იმ მიზეზით, არასწორ გეზს აძლევენ სამეურნეო პოლიტიკას, მოსახლეობა კი, გადარჩენის ინსტინქტის კარნახით, იძულებულია ყველაფერში ეძიოს საარსებო წყარო), ადამიანები უმოწყალოდ ანადგურებენ ბუნებას, რადგან მისი ექსპლუატაცია გარანტირებული შემოსავლის წყაროდ იქცევა ხოლმე. ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაშია: ჩეხავენ ტყეებს - ლიცენზიით თუ უმისოდ, ამუშავებენ მიწისქვეშა წიაღისეულს, ათასგვარი შხამებით წამლავენ ჰაერს. ამ დამანგრეველ ქმედებათა ფერხულში, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები განსხვავებული მიზნით არიან ჩაბმულნი; ერთნი ლუკმა პურის ფულს შოულობენ, მეორენი - მილიონებს აგროვებენ... და, სულ უფრო აშკარად ისახება მომავალი ეკოლოგიური კატასტროფის სურათი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, ნამდვილად არსებობს. ცხადია, საჭიროა, საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც სამეურნეო საქმიანობას ბუნებისა და ადამიანებისათვის უხიფათოს გახდიდა...


 

ჩამოთვლილი პრობლემები, რომელიც ეროვნული იდეით შეკავშირებული ხალხისა და ხელისუფლების თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს, მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ, მაორგანიზებელი ძალის, ანუ ხელისუფლების საქმიანობა არაეფექტურია. ამის დადასტურებაა სანახევროდ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგი, ბუნებრივია, არადამაკმაყოფილებელია. საკანონმდებლო ბაზა არასრულყოფილია და რაც გვაქვს, ისიც არ მუშაობს. სამეურნეო ცხოვრება ჩამკვდარია, ვერ ივსება ბიუჯეტი, ხელფასები და პენსიები სიმბოლურია და ისიც ვერ გაიცემა, ანუ სახელმწიფო ვერ ქმნის მოსახლეობის საარსებო პირობებს.

ჩვენი კურიოზული ყოფის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ შევძლოთ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სათანამშრომლო ურთიერთობის დამყარება. ამას, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული იდეა სჭირდება და მერე, იმათი მოხმობა, ვინც გაითავისებს საერთო ღირებულებებს, პრინციპებს და ინტერესებს. შეიძლება ვინმეს კითხვა აღეძრას: შერჩა თუ არა ჩვენს მოსახლეობას რაიმე იდეის გათავისების უნარი? - ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი, როცა ჩვენი დამპყრობი იმპერიების ინტერესებისათვის ბრძოლას გვაიძულებდნენ, ქართველის გულში სამშობლოს სიყვარული, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავის გაწირვის სურვილი ღვიოდა.

რეზო ინანიშვილის მოთხრობის - "ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები" - ყმაწვილი პერსონაჟი, "მზევინარის" ბიჭი, სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხებულ და ანანურის ციხეში შეხიზნულ ერეკლე II-ს ეახლება და ემუდარება სალაშქროდ მოხმობას. მეფეც დაპირდება... გამოხდება ხანი "ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე ვეებათავიან კომბალზე დაყრდნობილი, მთლად გათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთ ამომვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა - არა, დამძახებელი არა ვარ, მზევინარის ბიჭოო, - და თავჩაღუნული, სევდაშემოწოლილი განაგრძობდა გზას.

მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული მედალი ეკიდა - გამურულ ქვაბზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა".

თუ გასულ საუკუნეში მრავალი ქართველის მზევინარის ბიჭივით გაორებულის და დაბნეულის - გულში ღვიოდა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაპერწკალი, დღეს, მეორე რესპუბლიკის დროს, სახელმწიფოს აღმშენებლობის სურვილი ნამდვილად ბევრს აქვს და მხოლოდ დამძახებელს ელიან... ამიტომ, ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა და, თუ მათ პარტიული და ჯგუფური ინტერესები ხელს არ შეუშლით, არ დააბნევთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, - მაშინ ნამდვილად იპოვიან იმათ, ვისაც სახელმწიფოს მართვის უნარიც აქვს და პროფესიონალიზმიც გააჩნია. ეს გამოიწვევს საკადრო რევოლუციას. ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის და, თუ არ გვინდა, რომ მოხდეს სოციალური რევოლუცია, მაშინ უნდა განვახორციელოთ საკადრო...

სწორედ ახალ ადამიანებს ძალუძთ, აღადგინონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჯერჯერობით, რაიმე ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ ჩანს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უკანონოდ, გარეშე ძალის დახმარებით მოიპოვეს ძალაუფლება და სეპარატიზმის დროშის ქვეშ, კრიმინალური რეჟიმები დაამყარეს აფხაზეთსა და შიდა ქართლში. არადა, საქმე გვაქვს მართლაც წმინდა წყლის კრიმინალურ წარმონაქმნებთან, - იმის მსგავსთან, როგორც, ანტიკურ ხანაში კილიკიელ მეკობრეთა სახელმწიფო იყო, ახალ დროში კი, კარიბის ზღვაში, კუნძულ ტორტუგაზე, ასევე, მეკობრეთა რესპუბლიკა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ორი რამ არის ისტორიული კანონზომიერების მქონე.

პირველი: ისეთი ანომალური ხასიათის წარმონაქმნების არსებობა, რომლებშიაც სამეურნეო საქმიანობა კრიმინალური ქმედებების დონეზეა დაყვანილი. ამას, როგორც ვნახეთ, ადასტურებს ზემოხსენებული ქართული პროვინციების წარსულიც; როცა გვიან ფეოდალურ ხანაში, დაიწყო აფხაზთა და ოსთა ეთნიკური ექსპანსია, ამან დაარღვია სამეურნეო ცხოვრების ნორმალური მსვლელობა. წესიერი, ტრადიციული გზით დოვლათი აღარ იქმნებოდა, ამიტომ იქცა ყაჩაღობა და მეკობრეობა საარსებო წყაროს მოპოვების ძირითად საშუალებად. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ახლაც. ამ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობა მთლიანად კრიმინალიზებულია; ამის მაგალითად, აფხაზეთში თხილის ბიზნესი გამოდგება, შიდა ქართლში კი - კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობა. ამას გარდა, მისდევენ "ტრადიციულ" საქმიანობასაც: ზღვაზე მეკობრეობა, ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით. ეს ორივე პროვინცია, იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ცენტრად იქცა, აქ აფარებენ თავს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ავანტიურისტები და კრიმინალები.

მეორე: ასეთი ანომალიური წარმონაქმნების გამოყენება სახელმწიფოთა მიერ კონფლიქტების დროს, - ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ანტიკურ სამყაროში, მეკობრეებს, რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებდნენ მითრიდატე პონტოელი და სიქსტუს პომპეუსი. ახალ დროში კი, - ტორტუგელ მეკობრებთან, სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ინგლისის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მეფეები. ისინი ზღვის ყაჩაღებს კაპერობის ანუ, კანონიერი მეკობრეობის უფლებას აძლევდნენ. მაგრამ, როდესაც ესპანეთის მემკვიდრეობისათვის მიმდინარე ომი 1713 წელს დამთავრდა და დაიდო უტრეხტის ზავი, ერთ დღეში, უამრავი კაპერი, რომლებიც მეომარ მხარეებს აღარ სჭირდებოდათ, ჩვეულებრივ კრიმინალად იქცა და აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან მიეღო ამნისტია, რომელსაც, ადრეც კერძოდ, უკვე XVII საუკუნის ბოლოდან სთავაზობდნენ მათ, ანარადა, სახრჩობელა ელოდათ. საბოლოოდ, კაპერობა, ანუ კრიმინალების სამხედრო საქმეებში გამოყენება, აიკრძალა, პარიზის კონგრესზე 1856 წელს. ასე რომ, თითქმის ასორმოცდაათი წლის შემდეგ, რუსეთის მიერ კრიმინალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და მეკობრეთა რესპუბლიკის შექმნისათვის ხელის შეწყობა, ისტორიული ანაქრონიზმია და წარმოადგენს სრულიად უპერსპექტივო საქმეს, რომელსაც, რაც უფრო სწრაფად დაანებებენ თავს, მით უკეთესია...

ერთი სიტყვით, ყველა ნიშანია იმისათვის, რომ ჩვენ სწორი პოზიცია ავირჩიოთ და მსოფლიო საზოგადოებრიობაც დროულად ჩავაყენოთ საქმის კურსში: რომ რუსეთის სამხედრო ჩარევის შედეგად, საქართველოსათვის ჩამოცილებულ ტერიტორიებზე წარმოიქმნა კრიმინალური რეჟიმები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ადამიანების უფლებებს, სიცოცხლეს, ქონებას, საერთაშორისო სატრანზიტო გზებს და სხვა კომუნიკაციებს. და უკვე ამიტომ, იქ წესრიგის დამყარება (რაც მოჰყვება ამ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას) წარმოადგენს გადაუდებელ ამოცანას; და, ამისათვის, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ის რომ მოვიპოვოთ, ამისათვის მიზანდასახული პროპაგანდისტული კამპანიაა წარსამართავი; მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ კრიმინალური არსი აფხაზური და ოსური სეპარატიზმისა თუ ეს მამხილებელი კამპანია კარგად წარვმართეთ, საქართველოს შინაგან ჯარს და პოლიციას გაუადვილდება ზემოხსენებულ პროვინციებში კანონიერების აღდგენა. ამ მიმართულებით სათანადო მუშაობაა ჩასატარებელი. ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ, თუ აფხაზებთან და ოსებთან ახლა დაზავებულნი ვართ, ამიტომ ხელი არ უნდა გავანძრიოთ... ეს ასე არ არის და კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ ზავის თაობაზე გამოთქმულ საინტერესო მოსაზრებას, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეს, გასტონ დუმერგს, იგი ამბობდა:

"დაზავება-ინერტულობა კი არა მოქმედებაა".

მითუმეტეს, თუ დაზავებას და მისგან მომდინარე მოლაპარაკების შესაძლებლობას, მეორე მხარე განიხილავს, როგორც გამარჯვებულის ურთიერთობას დამარცხებულთან... იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვებას საქართველოსთან ომში, საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს... და არანაირ კომპრომისზე წასვლა არ სურს. ძნელია, რეალობის გრძნობადაკარგულ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობა. ამიტომ, კანონიერების აღდგენის მოსურნე ქართული მხარე, იძულებული გახდება, მიმართოს იმ ბოლო საბუთს, რომელსაც ასეთ დროს იყენებენ და, რომელიც, მეამბოხე და სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ლაროშელელი ჰუგენოტების წინააღმდეგ გამოიყენა კარდინალმა რიშელიემ, როცა მათ დასათრგუნად მიმართულ ზარბაზნებზე ამოატვიფრინა ლათინური დევიზი: "Uლტიმა რატიო რეგის ("მეფეთა ბოლო საბუთი").

იმედს გამოვთქვამ, რომ კრიმინალური რეჟიმები და მათი შემქმნელი და მხარდამჭერი რუსეთი გონს მოეგებიან და საქართველოს იურისდიქცია მშვიდობიანი გზით აღდგება ზემოხსენებულ პროვინციებში. თუ არა და, ეს ძალით უნდა გაკეთდეს. ეს საქმე მეტად სწრაფადაა მოსაგვარებელი, რადგან ის რაც აფხაზეთსა და შიდა ქართლში მოხდა, რუსეთის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, ანუ, ამ პროვინციების საქართველოსაგან ფაქტობრივი ჩამოცილება, არღვევს საუკუნეების მანძილზე მიმდინარე პროცესს აფხაზებისა (აფსუების) და ოსების ქართველებთან კონსოლიდაციისა. ეს რომ ასეა, ამას ისიც მეტყველებს, რომ აფხაზების (აფსუების) 40% დანათესავებულია ქართველებთან. ასევე დიდია ანალოგიური კავშირი ოსებთანაც და აშკარაა, რომ სხვადასხვა დროს (ძირითადად, გვიან შუა საუკუნეებში), საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ამ ხალხების ურთიერთობა ქართველებთან, წარიმართა კულტურული, გარკვეულწილად, რელიგიური, სოციალური და ეთნიკური ინტეგრირების გზით. ეს იყო სამივე ერის ისტორიული განვითარების შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე მოვლენა, რომელიც ვერ შეაჩერა ვერცერთი რუსეთის, - მონარქისტულისა და კომუნისტურის, - კოლონიურმა პოლიტიკამ, ვერც ეთნიკური დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევით, ვერც ამ ტერიტორიებზე 1990-1993 წლებში მიმდინარე, რუსეთ-საქართველოს (ოფიციალურად არგამოცხადებული) ომის შედეგად განხორციელებული ფაქტობრივი ოკუპაციისა და საქართველოს იურისდიქციის შეწყვეტის წყალობით, აქ დამყარებული კრიმინალური რეჟიმების დესტრუქციულმა ქმედებებმა. ის მხოლოდ დროებით შეჩერდა და როგორც კი ეს პროვინციები საქართველოს დაუბრუნდება, ის კვლავ გაგრძელდება. სხვის შინაგან საქმეებში ჩარევა, რუსეთს უკვე დაუჯდა ძვირი და კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება ელის, რადგან ის ცუდ მაგალითს აძლევს თავის დროზე მის მიერვე დაპყრობილ და ამავე დროს, თავისთავადობაშენარჩუნებულ ხალხებს: ჩრდილო კავკასიელებს, ყაზანელ თათრებს, ბაშკირებს. ავანტიურისტული პოლიტიკა რუსეთს უკან უბრუნდება. ჩეჩნეთი ამისი ნათელი დადასტურებაა და შეგვახსენებს იმას, რომ ეთნიკური პროცესების გაუთვალისწინებლად წამოწყებული პოლიტიკური მანიპულაციები, ასევე გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს ხოლმე. ისტორია უამრავ ასეთ ფაქტს იცნობს. სამაგალითოდ გამოდგება კაზაკთა აჯანყება ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით და მათი ომი რეჩი პოსპოლიტას წინააღმდეგ XVII საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს, რომელსაც ზოგიერთი თანამედროვე მიიჩნევდა პოლონელ სახელმწიფო მოღვაწეთა, კერძოდ კი, მეფე ვლადისლავ IV-ის შორსმიმავალი გეგმის ნაწილად, რომლის საბოლოო მიზანი იყო ყირიმის სახანოს დაპყრობა და ამ მიწებზე სამეფო დომენის შექმნა, რომელსაც რეჩი პოსპოლიტას უუფლებო და უსახსრო მეფისათვის ძლიერი მატერიალური და სამხედრო დასაყრდენი უნდა შეექმნა. ანუ, უნდა განხორციელებულიყო კონსტიტუციური გადატრიალება. ამ ჩანაფიქრისა და მისი საწყისი ეტაპის, ყირიმის ხანთან ომის საბაბის თაობაზე, 1663 წელს, პარიზში გამოცემულ წიგნში, ფრიად გათვითცნობიერებული ფრანგი აზნაური, პიერ შევალიე (რომელიც პოლონეთში გრაფ დე ბერჟის ელჩობის დროს, საფრანგეთის სამხედრო ატაშეს მოვალეობას ასრულებდა), ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

"ზოგიერთები ფიქრობდნენ და ჭეშმარიტებასთან მეტად ახლოსაც იყვნენ, რომ მეფე ვლადისლავს, განზრახული ჰქონდა დაბრუნებოდა თავის ჩანაფიქრს, ლაშქრობას თათართა წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა საიდუმლო მოლაპარაკებას კაზაკებთან და ბრძანა აეჯანყებინათ ისინი, რომ ეიძულებინა რეჩ პოსპოლიტა მიეცა მისთვის არმია მათ დასამორჩილებლად; როცა ის მიუახლოვდებოდა იმათ თავისი ჯარით შემდგარით უმეტესწილად უცხოელთაგან და რომლის მეთაურებიც მისი ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ, ისინი (ესე იგი აჯანყებული კაზაკები პ.ი.) შეუერთდებოდნენ მას და ყურადღებას არ მიაქცევდნენ რეჩი პოსპოლიტას ბრძანებებს (მიმართულს ამ ცრუ ამბოხებულთა წინააღმდეგ. პ.ი.) და გაჰყვებოდნენ მეფეს თათართა და თურქთა წინააღმდეგაც. ვისთანაც შემდგომში, ნებითა თუ უნებლიედ, პოლონეთს მოუხდებოდა ბრძოლა".

ეს მოგონება დადასტურებაა მეფე ვლადისლავ IV პოლიტიკისა, რომელმაც, შემდგომში, ცვლილება განიცადა, თუმცა კაზაკები, მრავალგზის წარუმატებლად აჯანყებულნი, - გაუსაძლისი ჩაგვრის გამო, ახლა წაქეზებულნი მეფის მოწოდებით:

"თუ თქვენ კარგი მეომრები ხართ, გაქვთ ხმალი და ძალა, ვინ გიშლით დაიცვათ თქვენი თავი", საბოლოოდ აჯანყდნეენ. ოღონდ, რისთვისაც ისინი ააჯანყეს ის გეგმა აღარ განხორციელებულა, რადგან მეფე ვლადისლავ IV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამიტომ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა, რადგან ზემოხსენებული პროვოკაციული პოლიტიკა, დაემთხვა უკრაინელი ერის ფორმირების ხანგრძლივი პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როცა პასიონარული აქტიურობა დიდი იყო და ერი თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილს სულ უფრო აშკარად ავლენდა. პოლონელებთან უკრაინელების დაპირისპირების პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს კომფესიური განსხვავებულობა (პირველები კათოლიკენი იყვნენ, მეორენი, - მართლმადიდებლები), იდეოლოგიურ საფუძველს უქმნიდა. ყველაფერი ეს კი, მთლიანობაში, ერთ სახელმწიფოში მცხოვრები ორი ერის ურთიერთგაუცხოებისა და გამიჯნვისათვის ყველა პირობას ქმნიდა. ამიტომ, ვლადისლავ IV-ის ავანტიურისტულმა ჩანაფიქრმა გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანა. ამ შემთხვევაში საბაბის ფუნქცია შეასრულა, იმიტომ, რომ უკრაინაში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებს დაემთხვა. მაგრამ, ეს შემთხვევით მოხდა.

რუსეთის წამქეზებლური პოლიტიკა, ცხადია, მსგავს შედეგებს ვერ მოიტანს, რადგან, საქართველოში სულ სხვა ეთნიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, სხვა სოციალურ და კულტურულ ფონზე; ამიტომ, საქართველოს დანაწევრების მცდელობა, - უპერსპექტივო პოლიტიკაა; ამასთან, ის დროც დამთავრდა, როცა ჩვენი ქვეყანა ეთნიკური ექსპერიმენტების პოლიგონი იყო; ამ რამდენიმე წლის წინ, ერთმა დისიდენტად ნამყოფმა ქართველმა ებრაელმა მითხრა, რომ ეთნოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის მესვეურს, ურლანის "პერესტროიკის" დროს, ჩემთან საუბარში წამოსცდა, თავს ვიმტვრევდით, თუ როგორ გამოგვეყვანა ცხინვალიდან ქართველი ებრაელები, რომ, ამ გზით, ქართულენოვანთა პროცენტი შეგვემცირებინაო... ვფიქრობ, ასეთი ეთნოგრაფიული ძიებების ხანა დამთავრდა საბოლოოდ და სამუდამოდ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც სათანადო გააზრებას საჭიროებს, ეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან დამოკიდებულების ხასიათი გახლავთ. იყო დრო, როცა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე - ანტიკური პერიოდიდან გვიანი შუა საუკუნეების დადგომამდე, საქართველო კავკასიონის გადაღმა მოსახლე ხალხებზე ახდენდა კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ ზეგავლენას. XIII საუკუნიდან, როცა ვკარგავთ პასიონარულ ენერგიას, ქართველი ერი ვეღარ უმკლავდება გარეშე მტრულ ძალათა შემოტევას, და საქართველო დაიშალა სამეფო სამთავროებად, სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე.

იქ, იმ დროს მიმდინარეობდა რელიგიური და ეთნიკური ფორმირების რთული პროცესები.

რეგიონის უმეტეს ნაწილში ქრისტიანობას, ჯერ რეანიმირებული წარმართობა ცვლის, შემდეგ - მუსლიმანობა და საქართველოსა და მის ყოფილ გავლენის სფეროებს შორის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების კედელი აღიმართა და ჩვენი ქვეყანა იქცა აფხაზების, ოსებისა და დაღესტნის ხალხების რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელებული ექსპანსიის მსხვერპლად.

ასე მოხდა არა იმიტომ, რომ ეს ხალხები ქართველებზე ძლიერები იყვნენ - კულტურულად, ეკონომიკურად ან პოლიტიკურად. არა, საქმე ქართველთა სისუსტეში იყო. ამიტომ გახდა ის მათი თარეშისა და ეთნიკური ექსპანსიის (აფხაზებისა და ოსების მხრიდან) მსხვერპლი. თუმცა, ამ პირობებშიც, საქართველოს მჭიდრო სათანამშრომლო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან. ისინი ხშირად დაქირავებულებად მსახურობდნენ ქართულ ლაშქარში (მაგალითად, გიორგი XIII-ს ლეკთაგან დაკომპლექტებული გვარდია ჰყავდა), ხოლო, ქართულ ტერიტორიებზე ჩამოსახზლებული აფსუები და ოსები, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ითვისებდნენ... ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივად წარმოადგენდა ჩრდილოეთ კავკასიელთათვის კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ცენტრს, მაგრამ, რეალურად ამ მისიის სრულყოფილად შესრულება ჩვენ არ შეგვეძლო, რადგან დაქვეითებას განვიცდიდით; ამიტომ, შიდაკავკასიური დაპირისპირება ვერ გადავაქციეთ თანამშრომლობად. პირიქით, კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდა იმიტომ, რომ "ლეკიანობისა" და "ოსობის" დამღუპველი შედეგები (ოსმალეთისა და სპარსეთის აგრესიასთან ერთად), რუსეთში აძებნინებდა დახმარებას,... საქართველოს.

ეს "ძიება" რითაც დამთავრდა, - ყველამ ვიცით, მაგრამ ზემოხსენებული მიზეზების გამო, რუსეთის მიერ კავკასიის დასაპყრობად წარმოეულ ომებში, ქართველები რუსეთის მხარეზე იბრძოდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი მოაზროვნე ჩრდილოკავკასიელი აცნობიერებდა და ობიექტურად აფასებდა..., ისტორიულად, საქართველოს წამყვან მდგომარეობას კავკასიაში... და, მისი პოლიტიკური ორიენტაციის მცდარ და ტრაგიკულ შედეგს... ამისი გამოხატულება იყო ის მოსაზრება, რომელიც, 1887 წელს, მაშინ, რუსეთის ხელისუფლებისაგან დაპატიმრებულ გიორგი ლასხიშვილს ამცნო, ასევე პატიმარმა, ჭარმაგმა ყაბარდოელმა, როდესაც თქვა: "- როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა - მე ვიფიქრე - შამილს გულისხმობს-მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვიკითხე - არა, ყმაწვილო: - მიპასუხა მოხუცმა, - მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე - საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლა...".

ასეთია ორი კავკასიელი ტუსაღის დიალოგი და მასში ხალხთა ისტორიული მეხსიერების გამოვლენის ფაქტი... სწორედ ამისი შედეგი იყო, რომ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, რუსულმა იმპერიალიზმმა (ვერც მონარქიულმა და ვერც კომუნისტურმა) ვერ შეძლო და ვერ ააგორა ანტიქართული ტალღა ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ვერ შეძლო ვერც მაშინ, როცა აფხაზები და ოსები დაგვიპირისპირა... რაც შეეხება 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთწოდებული "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" ძალების მოქმედებას, ესეც რუსეთის სპეცსამსახურების "ნამოღვაწარი" იყო.


 

ახლა დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად პრაგმატული იქნება საქართველოს პოლიტიკა ჩრდილო კავკასიის ხალხების მიმართ. ჩვენ, მხოლოდ გარკვეული კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება შეგვიძლია მათთან (ისიც, იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ და საკუთარ კულტურას და ეკონომიკას მივხედავთ და ავაღორძინებთ). ამ ხალხებთან ჩვენი ურთიერთობა, ყოველთვის რეგლამენტირებული იქნება, იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლები არ არიან და საქართველოსთან საურთიერთობოდ იმდენი თავისუფლება ექნებათ, რამდენსაც რუსეთი მისცემს... ამიტომ, ცხადია, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხთა ცხოვრებაში ღრმად ვერ ჩავერევით და ეს არც არის საჭირო, რადგან ასეთი ქმედება, ჩაგვეთვლება რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად.

საქართველოს ამოცანა კი არის, შეინარჩუნოს და ააღორძინოს ტრადიციული კავშირები ამ რეგიონთან ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაამწვაოს; და მიაჩვიოს ეს მეზობელი სახელმწიფო სხვისი საზღვრების, ეროვნული ღირსებისა და ინტერესების პატივისცემას. ამიტომ გვმართებს გონივრული, გააზრებული და აქტიური პოლიტიკის წარმართვა.

აქტიურობა იმიტომაც არის საჭირო, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა არჩევანის საშუალებას გვაძლევს: ვიყოთ პასიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სტრატეგიულ გზაჯვარედინზე და ვის როგორ მოესურვება, ისე გადაგვიაროს ზედ, ან - გამოვიყენოთ კონტროლის უფლება კომუნიკაციებზე; საქართველოს ინტერესების დაცვის საქმეში, მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს და ვიქცეთ ისეთ ძალად, ვიზედაც ვერც მეზობელი ვერც შორსმდებარე ქვეყნების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, ვერც მრავალრიცხოვანი დიასპორის არსებობა, ჩვენს ტერიტორიაზე ვერ ახდენდეს დესტრუქციულ ზემოქმედებას...

აქტიური დიპლომატია სოციალურად აქტიურ და ქმედუნარიან მოსახლეობას სჭირდება და არა პასიურსა და უმოქმედოს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, თავიდან ბუნდოვანი და გაურკვეველი, ახლა რომ სულ უფრო ცხადად იკვეთება - ორიენტაცია დასავლეთზე, "აბრეშუმის გზა" და ნავთობსადენი - საერთაშორისო ფუნქციას უძებნის საქართველოს. ამავე დროს, ჩვენს ქვეყანას საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური მდებარეობა კავკასიაში. მოვლენათა ლოგიკამ განაპირობა, რომ საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ანუ, - მუსლიმანურ ქვეყნებთან, მაშინ როცა ქრისტიანულ რუსეთთან და სომხეთთან ცნობილი პრობლემები გვაქვს. სტერეოტიპებით მოაზროვნეებს, ეს აოცებთ, მაგრამ, ჩვენთვის განმსაზღვრელი უნდა იყოს ის, რაც სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიდან მომდინარეობს, თორემ, ერთხელ უკვე გვქონდა რელიგიურ სნობიზმზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კატასტროფა გამოიწვია...

ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ პრიოტიტეტულ მიმართულებად, უნდა გახდეს "საქართველოს საკითხის" წამოჭრა; ანუ, იმ პრობლემებისა და ინტერესებისა, რომლთა მოგვარება-დაკმაყოფილება საერთაშორისო მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, მიზანდასახული და ინტენსიური პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ ჩვენი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ღირებულებანი. ასეთი ამოცანა რთულია და მისი გადაწყვეტა, ბევრ ისეთ ერს გაუჭირდა, ვისაც ამდაგვარი ბრძოლის დიდი გამოცდილებაც ჰქონდა და ჩვენზე მეტი მატერიალური შესაძლებლობაც...

როცა XIX საუკუნის შუა წლებში, პოლონელებს ამისი გაკეთება გაუძნელდათ, ებრაელებს კი, ასეთი რამ არასოდეს უჭირდათ და ამის გამო, ცნობილი პოლონელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე იოაჰიმ ლელეველი ასე ხუმრობდა: "აი, სრულიად სხვა საქმეა, ისრაელის შესახებ წერა: ტიპოგრაფიაცაა, გამომცემელიცა და გასაღებაც, მაგრამ, როცა ლაპარაკია პოლონეთის ისტორიის თაობაზე, მაშინ არც გამომცემელია, არც მესტამბე და არც მკითხველი".

ამ მხრივ, ჩვენ, პოლონელებთან შედარებით, ბევრთდ რთულად გვაქვს საქმე. ამიტომ, მეტი ორგანიზებულობა გვმართებს და მეტი მიზანსწრაფულობაც.

საქართველომ, რომელიც საუკუნეების მანძილზე სხვათა ზემოქმედების ობიექტი იყო, საკუთარი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო პოლიტიკაში. ეს შესაძლებელია სრული დამოუკიდებლობის პირობებში. ამისათვის კი, ბოლომდე და, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს დეკოლონიზაციის პროცესი და, რუსეთის ჯარმა სამუდამოდ უნდა დატოვოს საქართველო. ეს, საერთაშორისო მხარდაჭერითა და რუსეთთან აქტიური ურთიერთობით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ამ ქვეყანასთან კარგ მეზობლურ ცხოვრებას, ამისათვის საჭიროა, შემცირდეს ჩვენი მასზე დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ დავახლოვდეთ, აუცილებელია, გარკვეულწილად დისტანცირება და ახალი ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი პრინციპებით ურთიერთობის დაწყება...

საერთოდაც, იქნება ეს მეზობელი თუ შორეული ქვეყნები, ყველა უნდა მივაჩვიოთ იმ ჭეშმარიტებას, რომ არსებობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიონ... ამ ინტერესებში შედის:

 

  • კავკასია - თავისი კომუნიკაციებით და ჩვენთვის ტრადიციული ურთიერთობებით;
  • თანაბარუფლებიანი ურთიერთობა ყველა, და რა თქმა უნდა, მეზობელ სახელმწიფოებთან;
  • შავი ზღვის აუზი;
  • დიდი ნავთობი;
  • აბრეშუმის გზა;
  • დასავლური ცივილიზაცია, - რომლის შემადგენელ ნაწილად მოვიაზრებთ თავს;
  • სუუამ-ი - როგორც თანამშრომლობის ძიების ახალი ფორმა;
  • ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკი, - თავდაცვის საერთაშორისო სამხედრო გარანტი,
  • ევროსაბჭო, - ჩვენი ევროპელობის დადასტურება და,
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.

 

ამას გარდა, ჩვენ ინტერესები გვაქვს პალესტინაში - იქ ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებია; საფრანგეთში - სადაც, ლევილში, პირველი რესპუბლიკის მესვეურთა სამაროვანია და, სადაც ევროპული მასშტაბის, ქართული კულტურული ცენტრია; ქართველები ცხოვრობენ საინგილოში, აგრეთვე, შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, კოლაში, არტაანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ბევრი ქართული ისტორიული ძეგლია; დასახელებული პროვინციები, ძირძველი ქართული მიწებია. ამიტომ, ისინი, თუნდაც, მეზობელი და მეგობარი ქვეყნის შემადგენლობაში მყოფნი, ჩვენი ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენენ. ისევე, როგორც სოჭის ოლქი და იქაური ქართველობა, სპარსეთში გადასახლებული ჩვენი თანამემამულენი და ქართული ეთნიკური ნაშთები ეგვიპტეში..., ერთი სიტყვით, იქ, სადაც, ოდესმე ქართველი ცხოვრობდა და რაიმე შეუქმნია, - უკვე ამიტომ უნდა იყოს ინტერესის საგანი... ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო ცხოვრების გამო, მრავალმა ათასმა ქართველმა დატოვა სამშობლო და უცხოეთში წავიდა სამუშაოს საძებნად. მათი დიდი ნაწილი იქ დროებით, იძულებით არის გადახვეწილი. ამ ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოება, მათი ეროვნული და მოქალაქეობრივი უფლებების დაცვაც უნდა გახდეს საქართველოს ინტერესების საგანი... და ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და გაგვაჩნია ისეთივე უფლება, გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო და რელიგიური ინტერესები, როგორიც აქვს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს და რომ ჩვენ, ისეთივე გულმოდგინებით უნდა ვიცავდეთ ამ ინტერესებს, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

უდიდესი მსხვერპლის ფასად, აგერ, უკვე "პერესტროიკის" დროიდან, ვცდილობთ განახლებას... მაგრამ, ჩვენს საზოგადოებას ამისი არაფერი ეტყობა. არადა, გასული თხუთმეტი წელი, ისტორიისათვის საკმაოდ დიდი დროა. ფრანგმა ერმა, ორჯერ მეტ დროში, მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია. ამის თაობაზე სტენდალი წერდა: "რა უზარმაზარი ცვლილებები მოხდა 1785 წლიდან 1824 წლის ჩათვლით! ჩვენთვის ცნობილი კაცობრიობის ისტორიის ორი ათასი წლის მანძილზე, არ მომხდარა ისეთი ძირეული ცვლილებანი ჩვეულებებში, აზროვნების ხასიათში და სარწმუნოებრივად".

თითქმის ნახევარი იმ დროისა, რამაც შეცვალა საფრანგეთი, - ჩვენ უკვე გავიარეთ და, შედეგი სამარცხვინოა! ვითომ, შევძლებთ დარჩენილ დროში სიტუაციის ნორმალიზებას?! - ძნელი სათქმელია... ერთი კი ფაქტია, დღევანდელი ცხოვრების წესი, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო ღრმად ითრევს ეგოიზმის ჭაობში, აიძულებს იფიქროს მხოლოდ თავის გადარჩენაზე. ყოველი ლარის შოვნა დღეს პრობლემაა, უკიდურესად შეზღუდულია ადამიანის სამოქმედო არე, ნაბიჯს ვერავინ გადადგამს, რომ ვინმეს ინტერესებს არ შეეჯახოს, ეკონომიკურს და პოლიტიკურს... არსებითად, სახელმწიფო ცხოვრების კონტროლს მოსახლეობის ის 10% უწევს (პირადად და წარმომადგენლების მეშვეობით), ვინც გამაძღარ ხალხად მოიხსენიება დღეს. ცხადია, ისინი ერთგვაროვან მასას არ ქმნიან და იყოფიან დიდ და მცირე კლანებად, ლეგალურ და არალეგალურ კავშირებად. სხვადასხვა ხასიათის ჯგუფებად. თუმცა, ხშირად, გაერთიანებულნი პარტიული კუთვნილებით. ყველა ესენი შეადგენენ საკმაოდ ჭრელ საზოგადოებას, მაგრამ, უმთავრესი აქვთ საერთო: ეს არის ის, რომ მათ მიეცათ მოქმედების საშუალება, სოციალურად გააქტიურების საფუძველი. ოღონდ ესენი მეტად ცოტანი არიან, მაშინ როცა 90% პასიურია.

საზოგადოების ძირეული გარდაქმნისათვის სწორედ პასიურების გააქტიურებაა საჭირო, რათა მოხდეს ის ცვლილება, რაც ერის აყვავების პირობაა და საამისოდ, ჯერაც არ არის ორგანიზებული ქართველობა. მოსახლეობის უმეტესობა ყოფითი პრობლემების მოგვარებას არის გადაყოლილი და სხვა რამისათვის მას არ სცალია. მიუხედავად ამისა, ის, ვერცერთი, მის წინაშე მდგარი პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს. პოლიტიკური კარიერისტების მიერ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის გაუკუღმართებულად წარმართვამ, შემოსავლიანი ადგილების მიღების შანსი წაართვა მოსახლეობას, - ამ ადგილების შეუქმნელობის მიზეზით. სიმბოლური ხელფასი და პენსია საქმეს ვერ შველის და გაღატაკებული ადამიანები ყველა სახის გადასახადის წყალობით (მათ შორის იმ დენისა, რომელიც სანახევროდ არ არის; წყლისა, წამდაუწუმ რომ წყდება, ბუნებრივი აირისა, - როდის გათიშავენ და რატომ, რომ არ იცი), დაკაბალებულია. უკვე საყოველთაო ხასიათი მიიღო გადაუხდელი ვალის გამო ჩამოყალიბებული დანაშაულის შეგრძნებამ. ჩვენი ასეთი მდგომარეობა ხელოვნურად არის შექმნილი და გვიყალიბებს არასრულფასოვნების გრძნობას, ბადებს უპერსპექტივობის განცდას, აღძრავს დამთრგუნველ ფიქრებს იმის თაობაზე, თუ რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ...

ვისაც წაუკითხავს ერკმან-შატრიანის რომანი "გლეხკაცის ისტორია", დამემოწმება, ეს ამოდენა წიგნი ასახავს იმას, თუ რა მოვლენათა შედეგი იყო ის წარმატება, რაც მოუტანა საფრანგეთის დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ გლეხის ბიჭს მიშელ ბასტიენს. ვინმემ რაიმე ანალოგიური ნაწარმოების შექმნა რომ მოინდომოს იმაზე, თუ რა მისცა თავისუფლებამ თანამედროვე საშუალო ქართველს, შეიძლება მივიღოთ შემაძრწუნებელი ამბავი ადამიანისა, რომელიც უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მხოლოდ კარგავს, ზარალობს, უჭირს ადაპტირება რეალობაში;... თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს; და განა გასაკვირია, თუ ასეთ ყოფაში მყოფი ადამიანი მხოლოდ პირადი პრობლემებით იქნება დაკავებული? რა თქმა უნდა არა... ამის გამო, ჩვენში ისეთი მდგომარეობაა და ადამიანების ქცევაც იმისი საპირისპიროა, რასაც წერდა ჟან ჟაკ რუსო კარგად ორგანიზებული სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის შესახებ:

"რამდენადაც უკეთ არის მოწყობილი სახელმწიფო, იმდენად მოქალაქეთა გონებაში საზოგადოებრივი საზრუნავი გადასძლევს პირადულს".

იმ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, რომელშიაც ქართველობა ვიმყოფებით, ხშირად უნდა ეკითხებოდეს თავს: "რა მოგველის თუ ასე გაგრძელდა?

დიახ, ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი და მასზე პასუხის გაუცემლობა უგუნურებაა, რადგან მოგველის გადაშენება, - ეს კი სამწუხაროა, იმიტომ, რომ ვართ უძველესი და თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ამასთან, უდაოდ, ნიჭიერნი და, ჩვენი ეს თვისება არაერთგზის გამოგვივლენია მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებში. კიდევ, შრომისმოყვარეობა - რაც ოდითგან იყო პირობა იმ დოვლათისა, რასაც ქმნიდა საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი და ბოლოს, ვართ უდაოდ ჯიშიანი, ლამაზი ერი, - ამას ბევრი ადასტურებს; გავიხსენოთ, თუნდაც, ვინკელმანის ნათქვამი: "არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე".

ხოდა, ცუდი რომ არაფერი მოგვივიდეს, ყოფა უნდა შეიცვალოს და იმ დახშულ წრეს დავაღწიოთ თავი, რომელშიაც აღმოვჩნდით. გამოსავალი პოლიტიკური ნების გამოხატულებაშია. თუ ხელისუფლებას მართლა სურს კორუფციის ალაგმვა და რეფორმების გატარება, მაშინ, ამას წინ არაფერი უდგას, თუკი, ცხადია, ეს ყველაფერი მოსახლეობასთან თანამშრომლობით განხორციელდება და იქცევა ეროვნული იდეის ერთ-ერთ ნაწილად. მაგრამ, თუ ძალაში დარჩა საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა, ანუ როცა პოლიტიკოსთა პატარ-პატარა ჯგუფები ძალაუფლებისათვის იბრძვიან და ამ მიზნისათვის, როგორც არგუმენტს, იყენებენ რეფორმებისა და კორუფციის თემას, რეალურად კი, საქმეს ადგილიდან არ ძრავენ, მაშინ, რა თქმა უნდა, არც არაფერი შეიცვლება... სამაგიეროდ, უკვე მთელი სიმწვავით დგას თავად ამ პოლიტიკოსთა წასვლის საკითხი... საქართველო, ვგონებ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი თანამდებობის მქონე პირის, - იქნება ეს საკანონმებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, - გადადგომა ეპოქალურ მოვლენად არის მიჩნეული და ისე იშვიათად ხდება, რომ გაგიკვირდება; არადა, გარდამავალ პერიოდში, ყველა დონის ხელისუფალნი ხშირად იცვლებიან ხოლმე, იმიტომ, რომ სახელმწიფოს განვითარების ცალკეულ ეტაპებზე, გარკვეული პოლიტიკური შეხედულებისა და პროგრამების მქონე ადამიანებია საჭირო, რომლებიც ამოწურავენ რა დასახულ გეგმას, - ისტორიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, - იძულებულნი არიან სხვებს დაუთმონ ადგილი. მიუხედავად ანალოგიური სიტუაციისა, ჩვენთან მსგავსი ცვალებადობა არ ხდება. ხოლო, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, თავიდანვე დასჩემდა ის ცუდი ჩვევა, რის გამოც, დეზიდერ გალსკი წერდა:

"ყველა მმართველს, უხსოვარი დროიდან ახასიათებს ერთი განმასხვავებელი თავისებურება: ისინი უკანასკნელ წუთამდე იქცევიან ისე, თითქოს განზრახული ჰქონდეთ, მარადიულად მართავდნენ".


 

ჩვენში მოდად ქცეული, არშემდგარ ლიდერთა ხელისუფლებიდან წაუსვლელობა, მხოლოდ უსაზღვროდ ამბიციური ადამიანის უშნო ახირება არ არის; ვინც სკამს ებღაუჭება და ვერაფრით ვერ ელევა, იმას სხვა რამის კეთება არ შეუძლია, ის ისტორიის შემოქმედი არ არის, უბრალოდ, უპრინციპო კარიერისტია. როგორც წესი, ასეთები საშუალოობის ტიპიური წარმომადგენლები არიან - არაფრით გამორჩეულნი და იმ თანამდებობისათვის სრულიად შეუფერებელნი, - ამიტომ, არაფრის გამკეთებელნი. მათ არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ. რასაც ისინი აკეთებენ, ამას ყველა გააკეთებს, ოღონდ, ეს მათ არ აწუხებთ, მათთვის მთავარი სკამია და მათი იდენტიფიცირება მხოლოდ თანამდებობასთან მიმართებაშია შესაძლებელი. ასეთს, მოხსნიან თუ არა, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი დაიხურაო, პიროვნება ქრება... იმდენად არარაობაა, როგორც კი სკამს გამოაცლიან, მისგან არაფერი რჩება... ასეთი ადამიანების, ანუ პოლიტიკურ და ბიუროკრატიულ არარაობათა ხელისუფლებაში დარჩენა, იმისი ბრალია, რომ ჩვენი საზოგადოების შინაგანი განვითარების პროცესი მეტისმეტად შენელებულია. თორემ, იქ, სადაც ეს ინტენსიურად მიმდინარეობს, თავად ცხოვრება განაპირობებს, რომ ადამიანი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ნებით, ან იძულებით უნდა ჩამოსცილდეს თანამდებობას და ხშირად სოციალურ იერარქიაში ადგილს, რომლის შესაფერისიც ის ვერ აღმოჩნდა.

დასავლური ცივილიზაციის ისტორია ამის უამრავ მაგალითს გვაწვდის. მაგალითებს ლიტერატურაშიც ვნახულობთ და, ზოგ შემთხვევაში, ისეთში, ბავშვობისას რომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა...

ამ თვალსაზრისით, მეტად საინტერესოა რობერტ ლუი სტივენსონის ცნობილი სათავგადასავალო რომანი "განძთა კუნძული"; მასში მოთხრობილი ამბავი, მეკობრეთა მიერ უკაცრიელ კუნძულზე დაფლული განძის საძებნელად მოწყობილი ექსპედიციის შესახებ, უაღრესად ნათლად წარმოაჩენს ლიდერის როლსა და ადგილს რთულ, ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში. განძის მაძიებელთა პირველი ლიდერი, სკვაირი ტრელონია; სამოგზაურო ხარჯები მან გაიღო, ორანძიანი "ისპანიოლა" და მეზღვაურები ეკიპაჟისათვის, მანვე დაიქირავა. ამიტომ, ბუნებრივია, ლიდერობის პრეტენზიაც მას ჰქონდა თავიდან, ოღონდ, გამოირკვა, რომ ტრელონის საამისო თვისებები არ ჰქონდა: ის ყბედი და დაუფიქრებელია, ადამიანების ცნობა უჭირს ამიტომ გააცურა, ადვილად, ჯონ სილვერმა და გემის ეკიპაჟი, მეტწილად, მეკობრეებით დააკომპლექტა...

ეს ამბავი, განძის მაძიებლებმა ჯიმ ჰოკინზის წყალობით გაიგეს კუნძულზე გადასვლის წინ და, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ახალი ლიდერის საჭიროება დადგა.

ტრელონი შესაშური გულწრფელობით აღიარებს თავის უუნარობას და კაპიტან სმოლეტის პირველობას:

"- აბა კაპიტანო, - თქვა სკვაირმა - თქვენ მართალი ბრძანდებით და მე - მტყუანი.?! ვაღიარებ, რომ მე ვარ ვირი და ველი თქვენს ბრძანებას". თვითკრიტიკის უნარი არც ახალ ლიდერს აკლდა და მომხდარი ასე შეაფასა კაპიტანმა სმოლეტმა:

"- ჩემზე უფრო ვირი მაინც არ იქნებით, ბატონო ჩემო, ჯერ არ მსმენია, რომ ეკიპაჟს ამბოხება განეზრახოს და დაკვირვებული თვალის პატრონისათვის უკუღმართობის რაიმე ნიშანი არ გამოემჟღავნებინოს, რათა მერე შესაფერისი ზომების მიღება შესძლებოდათ, მაგრამ, ამ ეკიპაჟმა, სწორედ გამაცურა".

საკუთარი შეცდომების აღიარების უნართან ერთად, - რაც ლიდერისათვის სანაქებო თვისაბაა, კაპიტანი სმოლეტი კარგი ორგანიზატორი და სტრატეგია. ახლა მისი დრო მოვიდა და ექსპედიციის ფინანსური წინამძღოლი სამხედრო ბელადმა უნდა შეცვალოს, რადგან ბრძოლა მეკობრეებთან გარდუვალი ხდება. კაპიტანი სმოლეტი გეგმავს და ახორციელებს ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციას, - განძის მაძიებლები, მსახურებითა და, ერთადერთი ცოცხლადდარჩენილი ერთგული მეზღვაურით ტოვებენ გემს, გადადიან კუნძულზე და ძელურში მაგრდებიან. კაპიტანმა კინწისკვრით გააგდო მოსალაპარაკებლად მოსული მეკობრეთა ლიდერი, სილვერი და კარგად გააზრებული თავდაცვითი ტაქტიკით, მოიგერია კიდეც, მეკობრეთა იერიში; დაამარცხა ისინი და აიძულა უკან დაეხიათ დიდი დანაკარგით. მსხვერპლი განძის მაძიებლებსაც დიდი ჰქონდათ; ამ ბრძოლაში დაიჭრა კაპიტანი სმოლეტი; მეკობრეებმა ბრძოლა აღარ გააგრძელეს, სამხედრო ბელადის ფუნქცია ამოიწურა და განძის მაძიებელთათვის კვლავ დადგა ახალი ლიდერის საჭიროება. ამასთან, სხვა ფუნქციის მქონესი, რადგან, მშვიდობიანობისას მათ შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, ასეთი როლი შეიძლება შეესრულებინა ადამიანს, რომელიც ორივე მხარისათვის ავტორიტეტი იქნებოდა. ეს პიროვნება იყო განძის კიდევ ერთი მაძიებელი, ექიმი ლივსი. ის უვლიდა თავისიანებს და მეტად საჭირო იყო მეკობრეთათვის, რომელთაც ბლომად ჰყავდათ დაჭრილები. ექიმმა თავისი მოვალეობის შესრულება დაიწყო და დაპირისპირებულ ბანაკებს შორის კონფრონტაცია დიალოგით შეიცვალა...

განძის მაძიებელთა ბოლო ორი ლიდერი, თავის საქმეში პროფესიონალი, ზნემაღალი, კულტურული, პიროვნული ღირსების მქონე ადამიანები არიან. პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა გააჩნიათ, სისტემურად მოაზროვნე და მიზანდასახულნი არიან; იციან თავიანთი ადგილი, ამიტომაც იმარჯვებენ და ძალუძთ ყველა დაბრკოლების გადალახვა.

სრულიად საპირისპიროს წარმოადგენს მეკობრეთა ლიდერი, გემის მზარეული ჯონ სილვერი, მეტსახელად "აყლაყუდა ჯონი" და "შემწვარი მოზვერი". იგი უღირსებო, ფლიდი, მატყუარა, ანგარებიანი, უპასუხისმგებლო ეგოისტი, უაღრესად ამბიციური, ურწმუნო და ბოროტი ადამიანია. მისთვის წმინდა არაფერია და, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენება დასაშვებად მიაჩნია. მეკობრეთა შორის მისი ავტორიტეტი ემყარება ვერაგობას და უნარს, ყველას თვალში ნაცარი შეაყაროს; ანუ, როცა საჭიროა დააშინოს და გააბრიყვოს ადამიანი. თავის მრწამსს სილვერი ასე აყალიბებს: "- ბედ-იღბლის ვაჟკაცები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან და, დამიჯერე, მართალნიც არიან. მაგრამ მე ჩემი წესი და ადათი მაქვს! თუ ამხანაგმა კვანტი დამიდო, იცოდა, სააქაოს აღარ ედგომება ბებერ ჯონთან. ზოგს პიუსი ეშინოდა, ზოგს - ფლინტისა; თვითონ ფლინტს კი, ჩემი ეშინოდა. ეშინოდა და ვეამაყებოდი კიდეც. ფლინტის ეკიპაჟისთანა თავზეხელაღებულს, ზღვაში არასოდეს გაუდგამს ფეხი! ეშმაკიც კი მოერიდებოდა მათთან ერთად ზღვაში გასვლას. ჰოდა, ახლა, გეტყვი, ტრაბახი არ მიყვარს და, თვითონვე ხედავ, რა ადვილად შესაწყობი კაცი ვარ; მაგრამ, როცა ფლინტის ხომალდზე ვიყავი, მისი მეკობრეები სულ კრავებივით მემორჩილებოდნენ. ეჰ, უნდა ნახო, რა გემი ექნება ბებერ ჯონს".

მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობების ასეთი რეკლამისა, სილვერი ლიდერად არ გამოდგა. როგორც ჩანს, ის მაინც, მეორე კაცი იყო შინაგანი მოწოდებით და არა პირველი... მას უჭირს დამოუკიდებლად მოქმედება, ის მხოლოდ ვინმესთან მიმართებაში ახერხებს, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და ამ გზით იმორჩილებს მეკობრეებს. პირველ შემთხვევაში, ეს როლი სკვაირ ტრელონის ეკისრება. ამ ამბიციური ფანფარონის გაბრიყვებით, სილვერი თავის მიზანს აღწევს და მეკობრეთა თვალში ავტორიტეტს იმაღლებს. სხვაგვარად იქცევა ის "ისპანიოლაზე", - რომლის კაპიტანი სმოლეტი, დისციპლინას მოითხოვს ყველასაგან. სილვერი მას საფრთხობელად იყენებს, კაპიტნის სიძულვილს აღვიძებს მეზღვაურებში. თვითონ კი, ამის ფონზე სურს კეთილ, ჭკვიან და ძლიერ ლიდერად დამკვიდრება. ამიტომ, თანამდებობით სარგებლობს, მეზღვაურებს ლუდით უმასპინძლდება ხოლმე და, ჭკუასაც არიგებს მათ: "მთავარი შოვნა კი არ არის, გახსოვდეს, მთავარი შენახვაა"...

საკუთარი ნაკლი, სილვერმა თავადაც კარგად იცის: მას გემის კაპიტნისათვის აუცილებელი განათლება არა აქვს და იმასაც გძნობს, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მეკობრეებზე არც ის გავლენა აქვს, რაც საჭიროა, ამას თვითონაც აღიარებს: "ჩვენ შეგვიძლია გეზს მივყვეთ, მაგრამ ამ გეზს ვინღა გამოითვლის? აი, სწორედ ამაში ჩავფლავდებით ყველანი, ყმაწვილებო. ჩემი ნება რომ იყოს, კაპიტან სმოლეტს, უკან, პასატებამდე მაინც მივაყვანინებდი თავს; მაშინ მიმართულება იქნება აღარ აგვრეოდა და თითო კოვზი წყლის დარიგება აღარ დაგვჭირებოდა. მაგრამ ვიცი, რა ვაჟბატონებიც ბრძანდებით. მე მათ კუნძულზევე გავუთავებ საქმეს, - როგორც კი ფარა გემზე იქნება და, სამწუხარო კია, მაგრამ, თქვენი ბედნიერება რა ბედნიერებაა, სანამ არ გამოილეშებით. გეფიცებით, თუ გული არ მეთანაღრებოდეს თქვენისთანებთან რომ ვცურავ".

ტყუილად არ ეთანაღრებოდა გული... სილვერი იმდენად უვარგისი ლიდერი აღმოჩნდა, რომ ვერცერთი თავისი ჩანაფიქრი, არათუ სრულად, საერთოდაც ვერ განახორციელა: განძის მაძიებლები ხელიდან დაუსხლტა, თავისი ხალხი ჭაობებში დააბანაკა და ციებით დაავადდნენ, კაპიტან სმოლეტთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, ძელურის იერიშისას დამარცხდნენ. ბოლოს, ისე, რომ ამისი ნამდვილი მიზეზი არ გამოუკვლევია, დათანხმდა ექიმ ლივსი წინადადებას, გადაეყვანა თავისი ხალხი იმ ძელურში, რასაც აქამდის ასე თავგამოდებით იცავდნენ მეკობრეთაგან განძის მაძიებლები და მიიღო მათგან განძის კუნძულის რუკა... ადრე რომ ასე უმალავდნენ...

მიუხედავად ამდენი წარუმატებლობისა, რისი შედეგიც იყო ის, რომ მეკობრეებმა "შავი ნიშანიც" გაუგზავნეს და ამცნეს, გადაყენებული ხარო, სილვერი მაინც ბოლო წუთამდე ებღაუჭება ლიდერის ადგილს, - თუმცა, ლიდერობა კი არა, სიცოცხლე ძლივს შეინარჩუნა, - ისიც განძის მაძიებელთა დახმარებით... ახლა, მათ ბანაკში გადაბარგებული სილვერი, ფეხქვეშ ეგება მხსნელებს და, არარად მიიჩნევს თავის გუშინდელ თანამებრძოლებს. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა განძის მაძიებლებს უმეთაუროდ დარჩენილ მეკობრეთა ხმა მოესმათ: "- ზეცამ შეუნდოთ, - თქვა ექიმმა, - მეამბოხენი არიან! - ყველა გალეშილია, ბატონო, - მოისმა ჩვენს უკან სილვერის ხმა". ამ შენიშვნაზე ექიმმა ლივსიმ უპასუხა: "ან გალეშილი არიან, ანდა გაშმაგდნენ! - მართალი ბრძანდებით, ბატონო, - სიტყვა ჩამოართვა სილვერმა, - ოღონდ, ეგ სულერთია თქვენთვის და ჩემთვის". ასეთია ის უზნეო და უპრინციპო ავანტიურისტი, რომელიც მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა სხვა სუსტია... - ეს არის და ეს!

საყურადღებოა, რომ სილვერი, რომელიც განძის მაძიებლებს ინგლისში, სასამართლოსათვის გადასაცემად მიჰყავდათ, ესპანური ამერიკის ერთ-ერთ ნავსადგურში გემიდან გაიპარა. ამით მართლმსაჯულებას თავი აარიდა და არის ამაში, რაღაც, სიმბოლური:

სილვერის ტიპის ადამიანები ყველა სიტუაციიდან ახერხებენ თავის დაძვრენას, ამიტომ არიან საშიშნი თავიანთი მიზნებით და უსაზღვრო პატივმოყვარეობით. ამ რომანის ზოგიერთი პერსონაჟი, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ჩვევად ქცეულ თვისებასაც ავლენს: ვგულისხმობ, იმას, რომ მათაც ეხერხებათ "გადაგდება", მეკობრე ბილი ბოუნზმა თანამზრახველები გადააგდო, როცა მათ განძის კუნძულის რუკა "მოუტეხა", სილვერმა განძის მაძიებლები "გადააგდო", როცა კაპიტნობა და გამდიდრება მოინდომა. შემდეგ, მანვე "გადააგდო" თავისიანები. როგორც ხედავთ, ეს გადაგდებები მეკობრეთა ცხოვრების წესი ყოფილა, გარკვეული ძალები კი, ამ წესს, ჩვენში, გულმოდგინედ ნერგავენ...

წაუსვლელობის სენით შეპყრობილი ადამიანები, ნამდვილად არ არიან შეუცვლელნი, ხოლო, მათი მოქმედება უმეტესწილად არ პასუხობს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დღევანდელი ეტაპის მოთხოვნებს. პირიქით, უამრავ დაბრკოლებას გვიქმნის. ასე მაგალითად, ბევრ შემთხვევაში, ადაპტირებული, ისიც არასაკმარისი რაოდენობით მიღებული კანონებით, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა ვერ შეიქმნება; საგადასახადო კოდექსი მხოლოდ გადასახადების "ამოქაჩვას" გულისხმობს, - ის არ არის ორიენტირებული იქითკენ, რომ ხელი შეუწყოს მრეწველობის განვითარებას. ვერ მოხერხდა ისეთი ტრადიციული დარგის აღორძინება, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, და აშ..

აქ, არ შეიძლება, ასეთი ამბავი არ გაგახსენდეს საქართველოს წარსულიდან: 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ქართველმა გლეხმა, ძიკი კვარაცხელიამ, რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს აჩუქა ასი დარჩეული მოზვერი - ერთი ასაკის, ერთი ფერის, ერთი წონისა და, ყველა თეთრრქიანი!.. ეს ფაქტი ორი რამით იქცევს ყურადღებას; პირველი: თუ ერთ გლეხს, თუნდაც, შეძლებულს, შეეძლო ასეთი ძღვენის გაღება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გამოკვებას ვახერხებდით; მეორე: ეს ძღვენი ერთგულ-ქვეშევრდომული ქმედებაც იყო, იმისი მადლიერების გამოხატულება, რომ, მიუხედავად რუსული ველური კოლონიალიზმისა, საქართველოში მაინც იყო პირობები ნორმალური სამეურნეო საქმიანობისათვის... ასე რომ, უცხო მაორგანიზებელი ძალა ახალი არ არის ჩვენთვის; იქნებ ამიტომ არის დღეისათვის ასე პოპულარული სნობისტური პოლიტიკა - უცხოელებში სახელმწიფოს შიდა პრობლემების მომწესრიგებლების ძებნისა ... "თელასი" და საბაჟო ამისი დადასტურებაა. ვერც ერთმა და ვერც მეორემ, ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, არ ეშველა არც კონტრაბანდასთან ბრძოლას, არც ჩაბნელებული საქართველოს განათებას, - რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელი, თავისთავად, პანაცეა არ არის და ჩვენი ქვეყნის სამეურნეო და პოლიტიკური საკითხები, საკუთარი, ეროვნული კადრების მეშვეობით უნდა მოგვარდეს.

სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის შიდა ცხოვრებას და კერძოდ, იმას, რომ ნორმალურად წარიმართოს ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. ამას სჭირდება ხელის შეწყობა, როგორც მიზანდასახული საკანონმდებლო, ასევე სამეურნეო, კულტურული, საგანმანათლებლო და ტერიტორიული მოწყობის პოლიტიკით.

ნორმალურად წარმართულმა სახელმწიფოებრივმა აღმშენებლობამ უნდა გადაგვიწყვიტოს კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა; კერძოდ, პირობების შექმნაა საჭირო იმისათვის, რომ დავიბრუნოთ საზღვარგარეთ გადაკარგული ქართველობა. მათთვის საქართველო აღთქმულ მიწად უნდა გადავაქციოთ. ქართველს, კარგად, - თავის ქვეყანაში უნდა ეცხოვრებოდეს და არა ცხრა მთას იქით.

ქართველისათვის, განურჩევლად იმისა, ის სამშობლოში ცხოვრობს თუ საზღვარგარეთ, საქართველო ამქვეყნიურ სამოთხედ უნდა იქცეს. საამისოდ ორი პირობა ნამდვილად არის: ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია და ხალხი - ნიჭიერი და მშრომელი. საჭიროა მაორგანიზებელი ძალა და საფუძვლიანად გააზრება მისაღწევი მიზნისა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ იმ გზით, რომლითაც მივდივართ, დეკლარირებულ და ესეოდენ სასურველ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ანუ, მცდარი კურსი სხვა ნაპირს მიგვაყენებს. ამ თვალსაზრისით, ვემსგავსებით ჟიულ ვერნის, ჩვენში ნაკლებად ცნობილი რომანის, "ბიძია ანტიფერის გასაოცარი თავგადასავალი"-ს პერსონაჟებს.


 

ფანტასტიკის ჟანრის გამოჩენილი მწერლის ამ ნაწარმოებს, სრულიად არაფანტასტიური ამბავი დაედო საფუძვლად: 1831 წლის 28 ივნისს, ხმელთაშუა ზღვის ზედაპირზე ამოიწვერა პატარა კლდოვანი კუნძული ჯულია, რომელმაც მალევე იწყო ჩაძირვა და იმავე წლის დეკემბერში, ტალღებქვეშ გაუჩინარდა. ეს ფაქტი, რომანში განვითარებული ინტრიგის ღერძადაა ქცეული: ვიდრე ზღვის უფსკრულში დაინთქმებოდა, კუნძულ ჯულიას მიადგა კაპიტან ზოს ბრიგანტინი. გემზე ეგვიპტის მბრძანებლის, მუჰამედ-ალის მიერ დევნილი კალმიკ ფაშა იმყოფებოდა თავის უთვალავ საგანძურთან ერთად. ფაშამ კუნძული განძის საუკეთესო სამალავად მიიჩნია და, იქ დაფლა კიდეც, - ეგონა, საიმედოდ გადამალა ასი მილიონი ფრანკის ღირებულების განძი. კალმიკ ფაშამ მიატოვა კუნძული, რომელიც, რამდენიმე თვეში სამუდამოდ ჩაიძირა. განძის პატრონმა ეს არ იცოდა და მეტად მახვილგონივრულად შეძლო კუნძულის გრძედისა და განედის გასაიდუმლოება, შეადგინა ერთგვარი კრიპტოგრამა, რომლის ამოხსნა და, შესაბამისად, დიდი ქონების მოპოვების პატივი, წილად ხვდა ერთდროს კალმიკ ფაშას კეთილისმყოფელი ფრანგი მეზღვაურის უკვე ჭარმაგ ვაჟს, ბიძია ანტიფერს, - კაბოტაჟური ცურვის კაპიტანს და ისიც მთელი არსებით გადაეშვა ამ ავანტიურაში. ნახევარი დედამიწა მოიარა, უამრავი ფათერაკი გადახდა თავს და, ბოლოს, ხმელთაშუა ზღვის ის მონაკვეთიც გაცურა, სადაც, ოცდაათი წლის წინ, სულ ექვსი თვით იყო ამომართული ზღვიდან კუნძული ჯულია. როცა მიხვდა, რომ მთელი ეს ძალისხმევა ამაო იყო, ბუნებით ოპტიმისტმა ბიძია ანტიფერმა თავის მეგობრებსა და კომპანიონებს, გული რომ არ გაეტეხათ, ხუმრობით მიაძახა: "- დიახ! მილიონები - აი ისინი, აქ, ჩვენს ფეხქვეშაა და, თუ გსურთ თქვენი წილის აღება, მხოლოდ ჩაყვინთვაა საჭირო!!!" მართალია რომანის პერსონაჟებმა, განძი ვერ იპოვეს, მაგრამ გასაოცარი თავგადასავალი კი გადახდათ თავს და ამით მეტად კმაყოფილები იყვნენ. საფიქრებელია: კალმიკ ფაშას ასე რომ არ გაესაიდუმლოებინა კუნძულის ადგილსამყოფელი და თავიდანვე სცოდნოდათ, რა გეოგრაფიულ ფენომენთან ჰქონდათ საქმე, მაშინ, თავს არ აიტკივებდნენ და ჩაძირული კუნძულის ძებნას, ნამდვილად, არ დაიწყებდნენ, - თუნდაც, ასი მილიონი ფრანკის გამო. ეს ასეა, ოღონდ ამ ლოგიკით ფანტასტიკური რომანი არ დაიწერებოდა. სამაგიეროდ, ჩვენი ყოფა ემსგავსება ფანტასტიკურ ნაწარმოებს, რომლის შინაგანი ლოგიკა არ ჰგავს არაფერს რეალურს, ანალოგის მქონეს. ამიტომ გვმართებს დაფიქრება მართვის იმ სისტემისა და იმ პოლიტიკური ცხოვრების გამო, ჩვენში რომ არის, სად მიგვიყვანს ის? და, იქნება თუ არა ეს ის მიზანი, რომელსაც მიველტვით?

იმისათვის, რომ ყველა ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა მოვაგვაროთ, ისევ და ისევ ეროვნული იდეა გვჭირდება. იმ ერებს, რომლებსაც ის გააჩნია, ურთულესი სიტუაციდან თავის დაღწევას ახერხებენ. განურჩევლად იმისა, თუ რა აქვთ საერთო, ის ყველაზე სასტიკი დაპირისპირების დროსაც კი საერთო, ეროვნული შერიგების საფუძვლად გადაიქცევა.

სამაგალითოდ, გავიხსენოთ სამოქალაქო ომის დროინდელი რუსეთი. მაშინ, ბევრი თეთრგვარდიელი ოფიცერი გადავიდა ბოლშევიკური რუსეთის მხარეზე; ამათი ტიპიური წარმომადგენელია თეთრი და წითელი რუსეთის დაზვერვის ცნობილი წარმომადგენლის, გენერალ პოტაპოვის შეხედულება ზემოხსენებულ საკითხზე: -"მონარქიზმის იდეა, რუსეთისათვის სამუდამოდ დაკარგულია. ემიგრანტ-მონარქისტთა ჭინთვა, მიმაჩნია უსაფუძვლოდ და ყოველგვარ რეალურ პერსპექტივას მოკლებულად. მე აღზრდილი ვარ და ვცხოვრობდი ისეთ ატმოსფეროში, რომელიც უფლებას არ მაძლევდა მქონოდა მემარცხენე შეხუდელებანი, მაგრამ საბჭოთა რეჟიმი მივიღე, რადგან ვხედავ, რომ იდეა "ერთიანი და განუყოფელი რუსეთისა" ბოლშევიკების მიერ გადაწყვეტილია, თუმცა თავისებურად. ამას გარდა საბჭოთა კავშირი დიდ მუშაობას ეწევა აღმოსავლეთში შეღწევის თვალსაზრისით, რაც პატივისცემას მინერგავს მე, როგორც ადამიანს, რომელმაც ძველი რეჟიმის პირობებში მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ამავე ამოცანის გადაწყვეტას. ყველაფერი ეს მაზავებს მე ბოლშევიკებთან".

მეტისმეტად გულახდილი ნათქვამია, თან, გულწრფელიც არის და სრულიად გასაგებია, რის საფუძველზე შეერთდნენ მონარქისტი და კომუნისტი რუსები.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში, გერმანია ჯერ კიდევ პოლიტიკურად დაშლილი და დაქუცმაცებული ქვეყანაა. ამიტომ, ბუნებრივია, იყო ძიება იმ საერთოსი, რომელსაც უნდა შეეკავშირებინა მრავალ სახელმწიფოდ დაყოფილი გერმანიის მოსახლეობა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული გოეთეს ეკერმანთან საუბრისას: -"მე არ მეშინია, რომ გერმანია დაქუცმაცებული დარჩება, ჩვენი ჩინებული გზატკეცილები და სამომავლო რკინიგზები, სულერთია, თავიანთ საქმეს გააკეთებენ. მთავარია, რომ გერმანელებს ერთიმეორე უყვარდეთ! და რომ ერთსულოვანნი იყვნენ გარეშე მტერთან ბრძოლაში, რომ გროშებსა და ტალერებს გერმანიის ყოველ მხარეში ერთნაირი ფასი ჰქონდეთ, რომ შეიძლებოდეს კაცმა ჩემოდანი ისე შემოატაროს ყველა ოცდათექვსმეტ სამთავროში, ერთხელაც არ მოუხდეს გახსნა საბაჟო სამსახურისათვის; რომ რომელიმე ვაიმარელი მოქალაქის პასპორტი ვერ ჩათვალონ დიდ მეზობელ სამთავროში ძალადაკარგულ "უცხოურ პასპორტად"; რომ გერმანიის ფარგლებში სულაც მოიშალოს ერთიანის ნაცვლად "საზღვარგარეთის" ცნება; რომ გერმანია ამიერიდან ერთიანი იყოს თავისი ზომა-წონით, აღებ-მიცემობით და სხვა უთვალავი რამ, რისი დასახელებაც არ შემიძლია".

როგორც ვხედავთ, დიდი პოეტისათვის ქვეყნის ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა, საერთო ღირებულებებს, პრინციპებს, ინტერესებს და მათგან მომდინარე საერთო ცხოვრების წესს, ანუ გერმანელთა სულიერ და ყოფით ერთიანობას წარმოადგენს.

ჩვენ, ქართველებმა ჩვენი საერთო საფუძველი უნდა შევქმნათ და მასზე დაყრდნობით უნდა მივაღწიოთ დაზავებასაც და შეკავშირებასაც...

დღეს ქართველობა ცდილობს თავიც გადაირჩინოს და ტრადიციული ღირებულებანიც, შეინარჩუნოს მაგრამ თუ გაუსაძლისმა ყოფამ მთელი მისი ენერგია ფიზიკურ გადარჩენას მოახმარა, მაშინ, ბუნებრივია ის, იძულებული იქნება შეელიოს ამ სულიერ ფასეულობებს და მათ მაგიერად შეითვისოს სხვა, - რასაც გარემოება აიძულებს, ანუ დაკარგოს ეროვნული სახე. ისტორიამ იცის, ამის მაგალითები: თუნდაც, ერთ დროს ბერძნული ქალაქის, ბურსას დამცველთა ამბავი, რომელნიც XIV საუკუნის დასაწყისში, თავგანწირვით ებრძოდნენ ოსმანებს, მაგრამ როგორც ლორდი კინროსი წერს: "შვიდწლიანი ალყის შემდეგ, როცა გარეუბნებიც კი, მტრის ხელში აღმოჩნდა, ბერძნული გარნიზონი იმდენად იყო დემორალიზებული დახმარების არქონით კონსტანტინეპოლისაგან - სრულიად დაუძლურებულისაგან, - მოქიშპე იმპერატორებს შორის დინასტიური ბრძოლით, რომ გარნიზონის მეთაურმა ევრენოსმა, სხვა გავლენიან ბერძნებთან ერთად, ჩააბარა ქალაქი, მიიღო მუსლიმანური სარწმუნოება".

ეს ნაკარნახევი იყო თავის გადარჩენის ინსტინქტით. ამავე დროს, ამ ქმედებაში აშკარად იგრძნობა პროტესტი უვარგისი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც, თავის მოქალაქეთა დაცვა და პატრონობა არ შეუძლია. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაშიც მომხდარა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის იქნება, თუ დღეს, XXI საუკუნის დამდეგს დავკარგავთ ეთნიკურ სახეს, ჩვენს ღირებულებებს და ელემენტარული, ადამიანური არსებობისათვის საჭირო პირობების მოპოვების მიზნით, გავხდებით სხვა ერის შვილები, მივიღებთ სხვა სარწმუნოებას და ვიცხოვრებთ სხვა ცხოვრების წესით.

საქართველოში კი, აგერ, უკვე ათი წელია გააფთრებული ბრძოლაა გაჩაღებული ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ მიზნით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ამას ემსახურება ყველა ის არჩევნები, აქ რომ ჩატარდა; მაგრამ, საკითხავია, რას გვაძლევს ეს ყველაფერი მოსახლეობას და სწორედ იმიტომ, რომ - არაფერს; იმიტომაც, რომ ეს დაუნდობელი ბრძოლა კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს ისედაც გაუსაძლის ყოფას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს ჩვენს პოლიტიკოსებს, ყველას ერთად და, თვითოეულს ცალ-ცალკე, იმ სიტყვებით, რითაც მიმართა რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულ კატილინას ციცერონმა: "Quousque tandem aburete, Catilina, patientia nostra?” (ბოლოს და ბოლოს სანამდე ისარგებლებ ჩვენი მოთმინებით, კატილინა?). საქმე ის არის, რომ კატილინამ და მისმა მომხრეებმა, მოაწყვეს შეთქმულება ძალაუფლების მოსაპოვებლად და იმიტომ არა, თითქოს რევოლუციური გარდაქმნებით სურდათ გაეუმჯობესებინათ რომაელთა ყოფა-ცხოვრება. არა, რა თქმა უნდა! მიზეზი ბანალური იყო: უბრალოდ, შემოსავლიანი ადგილების ხელში ჩაგდება და საკუთარი ცხოვრების კარგად მოწყობა სურდათ; იმ სიკეთის მოპოვება, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა იძლევა...

ჩვენს პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საქმიანობა ყოველმხრივი განხილვის საგანია და არასასურველ ისტორიულ ასოციაციებს არ უნდა იწვევდეს. მითუმეტეს, რომ მოსახლეობას სრული მორალური უფლება აქვს, გაიმეოროს სიმონ ბოლივარის ნათქვამი, რომ: "თავისუფლება - ერთადერთი მიღწევაა, რომელიც მოვიპოვეთ ყველა დანარჩენი სიკეთის საფასურად". ასევე, უფლება აქვთ წამოიძახონ, "ჰოი, თავისუფლებავ, დახე, რას ჩადიან შენი სახელით" - ისეთივე სასოწარკვეთით, როგორითაც აღმოხდა ეს სიტყვები ერთ სიკვდილმისჯილ იაკობინელს, როცა ის გილიოტინისაკენ მიჰყავდათ და თავისუფლების ქანდაკებასთან ჩაატარეს.

გაუსაძლისი ყოფა განწირულობის შეგრძნებასაც ბადებს და სამართლიან რისხვასაც. ამიტომ, აუცილებელია, მკაცრად მოსთხოვონ ძალაუფლების მქონე თანამემამულეებს, ან ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას და თავისუფლების იდეის დისკრედიტაციას თავი დაანებონ, ან არადა, იქცნენ ჭეშმარიტ მაორგანიზებელ ძალად, რათა შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, ხოლო მოსახლეობა აქტიურ მონაწილედ იქცეს სახელმწიფოს მართვის პროცესისა.

იმიტომ, რომ ღეს პუბლიცა - სახალხო საქმე, - ხალხის საქმეა.

1994-2000წ.წ.
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი