საზოგადოებრივ ღირებულებათა ტრანსფორმაციის სირთულეები
,,მეცნიერები და ვირები შუაში” ნაპოლეონი
სახელმწიფოებრივი გონის პროგრესზე ეროვნული ნიჰილიზმის დამთრგუნველი გავლენა არის ის ძირითადი იდეა, რომლითაც გაჟღენთილია ქართული კულტურული შემოქმედება დავით გურამიშვილის ეპოქიდან.
XIX ს. სამოციანელთა მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული ნიჰილიზმი - ქართული სახელმწიფო-აღმშენებლობის მიზნით გაწეული გონებრივი ძალისხმევის და სამოქმედო ენერგიის მიმართ ზერელე/ცინიკური დამოკიდებულება - ისევ მთელი სიმძაფრით გვახსენებს თავს. ოცწლიანი დამოუკიდებლობის პირობებში, ქვეყნაში საშუალო და გძელვადიანი განვითარების გეგმების არ არსებობა ამის დასტურია. ნორმატიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებს, სახელისუფლო სტრუქტურებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეროვნული ნიჰილიზმის დაღი ადევს. იგი აღიარებულ პროფესიონალთა მიმართ საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაშიაც ვლინდება. ბოლო საუკუნის საქართველოს ისტორია ამგვარი ფაქტების ნაკლებობას არ განიცდის: ილიას, ვაჟას, მიხაკო და გრიგოლ წერეთლების, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, პავლე ინგოროყვას, აკაკი ბაქრაძისა და მათ თანამოაზრეთა მიმართ თანადროულ ხელისუფალთა ქცევა-დამოკიდებულების გახსენებაც მრავლისმთქმელია. ეროვნული ენერგიის მიმართ ნიჰილიზმი იმპერიული გეგმის ნაწილია და დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ რეალობებში, ქართულ სახელმწიფოებრიობას კარგს არაფერს უქადის. პროფესიონალები განმარტავენ, რომ 1918-1921 წწ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება განაპირობა არა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის ქართულ საზოგადოებაში ოდითგანვე არსებულმა სურვილმა, არამედ ბრესტ-ლიტოვსკის (1918) ზავით გათამამებული თურქეთის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკის მიმართ წაყენებულმა ულტიმატუმმა, რომლის მიხედვითაც თურქეთი ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქების დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვდა. ულტიმატუმისაგან თავის დაღწევა, გერმანიის სახელმწიფოს დიპლომატიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით (გრაფ ფონ დერ შულენბურგი), ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების სახით გამოინახა. დამოუკიდებლობის თემა ვახსენეთ იმის გასაცნობიერებლად, რომ ეროვნული ნიჰილიზმით გათანგულმა (იხ. მიხაკო წერეთლის ,,ერი და კაცობრიობა”, 1910) სოციალ-დემოკრატთა მენშევიკური ფრთით წარმოდგენილმა ხელისუფლებამ (დამფუძნებელ კრებაში ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ), იმ პერიოდში საქართველოში მყოფი ათეულობით გენერლის და ასეულობით კადრის ოფიცრის სიმრავლის მიუხედავად, ვერ შეძლო მათთვის ხონჩით მირთმეული სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძესა და მათ თანამოაზრეებს, კარგად ესმოდათ ქართული საზოგადოების სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის მზაობის დონე და ამიტომაც ისინი ღიად არ გამოხატავდნენ (თავიანთ სანუკვარ) მხარდაჭერას ამგვარი პოლიტიკისადმი. ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის მემკვიდრეობის მცოდნე-პროფესიონალთა აზრით, ლოზუნგი _ ,,ჩვენივე თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს”, ილიასათვის იდეალად, საზოგადოებრივი ცნობიერების მომზადების ინსტრუმენტად მოიაზრებოდა. პიროვნული განვითარების გზით სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის მყარი ნიადაგის მომზადება, დამოუკიდებლობის ადეკვატური საზოგადოებრივი აზროვნების შემუშავება, ეროვნული ნიჰილიზმის მომაკვდინებელი სენისაგან განწმენდა, საერთო აზრით, XIX ს. სამოციანელთა მთავარი საზრუნავია.
XX ს. დასაწყისში მიხაკო წერეთელმა, პუბლიცისტურ წერილებში და პირველ ქართულენოვან სოციოლოგიურ ნაშრომში, იწინასწარმეტყველა სოციალ-დემოკრატიული, სახელად ინტერნაციონალისტური და შინაარსით კოსმოპოლიტური მიმდინარეობის ქართველი ერისათვის დამღუპველი შედეგები. საუკუნის შემდეგ, დღევანდელი გადასახედიდან, XIX ს. სამოციანელთა იდეები და მიზანდასახულობანი, დღემდე განუხორციებელია. მხოლოდ დე ფაქტო დამოუკიდებლობა, ეროვნული შემოქმედებით აზროვნებაში მკვეთრი პროგრესის და ეროვნული ენერგიის ქართულ სახელმწიფოებრივ აღმშენენლობაზე კონცენტრაციის გარეშე, გაცნობიერებულთათვის, ვერაფერი დიდი იმედია. იგი თავიანთ სეპარატიზმში გახლართულ აფხაზებსაც აქვთ ...
“ჩვენი ქვეყნის ისტორია აქამდე იყო ადამიანური პოტენციალის განიავებისა და გამოუყენებლობის ისტორია - საქართველოს არ აქვს უფლება ერთი ბავშვის, ან თუნდაც ერთი მოზრდილი ადამიანის ნიჭის და ტალანტის იგნორირებისა” - გიორგი მაისაშვილი (წიგნიდან - “ქართული სახელმწიფოებრიობის მოდელი”).
რევოლუციების, მასობრივი რეპრესიების, მსოფლიო და სამოქალაქო ომების ეპოქათა ფსიქოლოგიით დატვირთული თაობებისათვის, ამგვარი რამ პათეტიკად აღიქმებოდა. "Смерть одного человека - трагедия, несколько сотен тысяч - статистика" - И.В. Сталин. შემდეგ თაობებშიაც ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა... აკაკი ბაქრაძე განმარტავს, რომ 1555 წ. ამასიის ზავიდან, როცა სპარსეთმა და თურქეთმა საქართველო გავლენის სფეროებად დაინაწილეს, სახელმწიფო სუვერენიტეტის ფაქტობრივად არ არსებობის ვითარებაში, ქართული საზოგადოებრივი აზრის დეგრადაციამ, კრიტიკული ზღვარი გადალახა. "ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ერთი დამპყრობელის მეორეთი შეცვლას თავისუფლების მოპოვებად აღიქვამს" - წერდა დაკვირვებული მამულიშვილი (გვარს ვერ ვიხსენებ). საბჭოთა სტერეოტიპებმაც ეროვნული ნიჰილიზმის ნოყიერ ნიადაგზე გაიდგა ფესვები ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში.
ამ სენის ძირითად მკვებავ ფაქტორებიდან, არამარტო ჩვენი აზრით, სახელმწიფო განათლების სისტემის ცრუ-ინტერნაციონალისტური - კოსმოპოლიტური შინაარსი სახელდება. ამგვარი განათლების სისტემის მავნებლობაზე საუბრობდნენ ქართველი განმანათლებლები, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებებით - პროზით, პოეზიით, პუბლიცისტიკითა თუ ცოცხალი სიტყვით. ამ თვალსაზრისით წმიდა ილია მართალის, აკაკის, ვაჟას, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მიხაკო წერეთლის, არჩილ ჯორჯაძის, გრიგოლ რობაქიძის, პავლე ინგოროყვას, აკაკი ბაქრაძისა და მათ თანამოაზრეთა მემკვიდრეობა და განუხორციელებელი შემოქმედებითი გეგმები, უდიდესი მნიშვნელობის განძი და ორიენტირებია, რომელთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სრულფასოვანი ასახვა, საერთოდ მიღებული აზრით, დიდად დაგვიანდა. აკაკი ბაქრაძე: ,,ქართველი კაცის პიროვნული და ეროვნული ფსიქოლოგია - ისტორიული ასპექტით და თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებ (თუ სულაც არა) გვაქვს შესწავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფსიქოლოგიის ასახსნელად არჩილმა და დავით გურამიშვილმა უტყუარი გასაღები დაგვიტოვეს”. ცნობილია ამ მიმართულებაში არჩილ ჯორჯაძის ძალისხმევა. ივანე ჯავახიშვილს ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის შესწავლა დაუსრულებელი დარჩა ჯერ დიდ მეცნიერზე ზეწოლის, შემდგომ კი მისი უეცარი გარდაცვალების გამო. აკაკი ბაქრაძემაც ვერ შეძლო ამ ჩანაფიქრის გასრულება. განათლების სისტემის ეფექტიანობაზე საუბარს, რაც უაღრესად მნიშვნელოვან, მაგრამ წინამდებარე სტატიის ძირითად თემას არ წარმოადგენს, სამეგრელოს მთავარ - ლევან დადიანზე იტალიელი მისიონერის დონ არქანჯელო ლამბერტის (1630-1649 - საქართველოში ცხოვრების წლები) მსჯელობებით დავასრულებთ: "ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და სწავლა-განათლება ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნების მადლით შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე-ჩვეულებანი". ჩვენი კომენტარი: ქვეყნის წარჩინებულზე უცხოელის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება, ვფიქრობთ, არამარტო იმდროინდელ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზეც ნათელ წარმოდგენებს გვიქმნის.
ყოველი ერი კულტურულ, მატერიალურ და სულიერ ფასულობათა შექმნაზე ორიენტირებული სოციალური ფენების ერთობლიობაა.
საზოგადოებრივ ღირებულებათა ცვლილებებზე (ტრანსფორმაციაზე) მზადყოფნა ქართველი ერის შემოქმედებითმა ნაწილმა მსოფლიო ცივილიზაციაში აქტიური მონაწილის ფუნქციის შეძენის მიზნით, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის მომზადებითა და აღსრულებით გამოხატა. რუსეთის და საბჭოთა იმპერიაში ქართველ ერს ფიზიკური გადაშენების საფრთხე არ დამუქრებია. უფრო მეტიც: ცნობილი და აღიარებული ფაქტია, რომ კოლონიალური საქართველო, ცხოვრების დონით, მეტროპოლიას აღემატებოდა. სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენა, ქართველი ერის ფსიქიკის ისტორიული შიგთავსის - შეუზღუდავი კულტურულ-შემოქმედებრივი თავისუფლების, ღირსეული პიროვნული და სისხლსავსე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაძლებლობების აღდგენა-რეალიზების მიზნით აღსრულდა.
ქვეყნის მმართველი სოციალური ფენის არ არსებობის ვითარებაში (თავადაზნაურთა ბოლო ბასტიონი, ბოლშევიკურმა რუსეთმა 1924 წ. უხეიროდ დაგეგმილი აჯანყების ჩახშობის საბაბით და შემდგომ პერმანენტულ რეპრესიებში გაჟლიტა), გარეშე და შიდა ფაქტორთა ზემოქმედებით, ერის ამ უზენაესმა მიზანმა დეფორმაცია განიცადა. უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვაა თუ ვინ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს დღესაც (ცნობიერად თუ ქვეცნობიერად) ამ მიზნის დისკრედიტაციაზე. ვინ ამოტივტივდა და რამდენი გამდიდრდა დამოუკიდებლობის იდეის ექსპლუატაციით. მიუხედავად ყველაფრისა, გლობალიზების სიკეთეთა მაქსიმალური გამოყენებით ქვეყანაში ახალი მმართველი - მწარმოებლური სოციალური ფენის შექმნა, ხელისუფლებისა და საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. საზოგადოებრივი აზროვნების სფეროში ცვლილებათა აუცილებლობა, სადღეისოდ ამ მიზნების პრაქტიკაში განხორციელების მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობს.
საზოგადოებრივ ღირებულებათა მართებული - ერშივე არსებული ინტელექტუალური პოტენციალის ადეკვატური - ტრანსფორმაციისათვის საწყისი ნაბიჯია შემოქმედ ინდივიდთა ნააზრევის გამოვლენა-იდენტიფიცირება, განხილვა, არსებულ რეალობებთან მისი შეჯერება, სამოქმედო გეგმა-განზრახვაში მათი გათვალისწინება. ამ საზოგადოებრივ, ჯერ კიდევ არშემდგარი პროცესის დაბადების და გაღრმავება-სრულყოფის გარეშე, ნოვაციები საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში ვერ შედგება. ეს კი იმის დასტურია, რომ მათ (ნოვაციებს) ადგილი არ ექნებათ არც სახელისუფლებო კორიდორებში - ყველაფერი ძველებურად დარჩება, მათ შორის დრომოჭმული სააზროვნო სტერეოტიპებიც ... და რაც უმთავრესია: ამის გარეშე მმართველი სოციალური ფენის ახალი გენერაცია რენტიორთა - კონკურენტუნარიან სამრეწველო-სამეურნეო პროდუქციის შექმნისაგან განზე მყოფ - არამწარმოებლური ფსიქიკის ინდივიდთა ამორფულ სოციალურ ფენად მოგვევლინება. ეს საფრთხე, ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურაში სამრეწველო პროდუქციის უკიდურესი სიმწირის და მეცნიერებატევადი პროდუქციის საერთოდაც არ არსებობის ფორმით, დღეს სახეზეა. მკითხველთა ფართო წრისათვის განვმარტავთ: რენტიორი, რენტის (Rente-გერმან.) მაძიებელი - ფულადი კაპიტალის, უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის დაგირავებიდან მიღებული შემოსავლით კმაყოფილი პირები.
საზოგადოებაში არსებული ცოდნის კაპიტალის გამოვლენა-გააქტიურება თავისთავად არ მოხდება. შესაბამის მექანიზმებს ვერც ყბადაღებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობები ვერ შექმნის. იგი ეროვნულმა გონმა უნდა შეიმუშაოს. ამგვარი მექანიზმები ერჯერადი აქტით, აქციით არ იქმნება. ამ პროცესის ჩასახვის ხელშემშლელ ფაქტორებიდან 20.03.2008 გაზეთ “რეზონანსში” თანამედროვე მთავრობის როლის მართებულ გააზრებაზე ვისაუბრეთ. ამჯერად, მეორე და ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორის, საბჭოთა პერიოდიდან უცვლელი სახით შემორჩენილი, ხისტი ადმინისტრირების მექანიზმის, რაობაზე გვინდა გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება:
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ გარემომცველ ადამიანებისაგან (კოლგები, თანამემამულენი, ადმინისტრატორები, მმართველები და ა.შ.) განსხვავებული აზრი ჯერ მხოლოდ ერთეულთა გონებაში იბადება. საზოგადოებრივ აზროვნებაში დამკვიდრებამდე იგი (აზრი, იდეა, გონივრული ცვლილებები მმართველობის თუ პროდუქციის წარმოების სფეროში), რაგინდ პოზიტივის შემცველი არ იყოს, თავიდანვე მიუკერძოებელ განხილვასა და რეცენზირებას საჭიროებს. ასეთია სიახლის (ნოვაციის) ბუნება და ამიტომაც ცივილური საზოგადოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სიახლის დამკვიდრების ხელშემწყობ სამართლებრივ-ადმინისტრაციულ მექანიზმთა არსებობა (ჯერ კიდევ ძველბერძნული “აგორა” და სხვ.). გლობალიზების თანამედროვე რეალობებში ხელისუფლების უპირველესი ამოცანის - ქვეყნის საერთო (ჯამური, კრებსითი) რესურსის ეფექტური მართვის, პრაქტიკულად გამოსადეგი სისტემის და საბოლოო ჯამში - კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, ამის გარეშე შეუძლებელია. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ თავისუფალ ინდივიდთა შორის ინფორმაციის შეუზღუდავი გაცვლა არის საზოგადოების/ერის რეალური განვითარების საწყისი, რომლის ანტიპოდსაც კვაზიმმართველობის შედევრი - ხისტი ადმინისტრირების ფორმა წარმოადგენს.

















კომენტარები
განათლების სისტემაში და მეთოდიკაში მაინდცდამაინც ვერ ვერკვევი ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თქვენს იდეებს სრულიად ვეთანხმები. ადამიანის ხასიათი უმეტესად აღზრდაზეა დამოკიდებული და უარყოფითი გენეტიკური იმპულსებიც კი უმეტესად საზოგადოებრივი აზრით თუ პსიქოლოგიური ოუმით კონტროლდება.
პატრიოტულად აღზრდა კი მით უმეტესად აუცილებელია … სიტყვა მამული მხდალსაც კი გაამამაცებსო - ჩვენს წინაპრებს უთქვამთ..
მე იმის აღნიშვნა მინდა რომ პატრიოტულ ადამიანებშიდაც კი პირადი ამბიციები სჭარბობს "მამულის მოვლის გრდძნობას" - გალაქტიონის ეს ლექსი - ჰე მამულო , გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ცჰვენთაგანის ვალიაო ყველამ ვისცავლეთ სკოლაში, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობის ტვინში ამსიტყვებმა როგორც ჩანს ერთი ნერვიც კი ვერ შეატოკა ციტირება
გარნისის ბრძოლაში იჩინა თავი პირველად ამ ნიჰილიზმა. ამ ბრძოლაში 150 000 ხვარაზმელს მხოლოდ მესხთა მოწინავე რაზმი შეებრძოლა 15 000 მდე… დანარჩენი ძირითადი ჯარი 50 000 ქართველის შემადგენლობით მოწინავე რაზმს არ დაეხმარა და უბრძოლველად გაიქცა…
არადა მანამდე ქართული არმიამ 400 000 -იან ჯარი დაამარცხა ბასიანის ბრძოლაში საკმაოდ ადვილად
50 000 ქართველი მეომრის 5 ნიჰილიზმი რომ არა - იქნებ და მონღოლებსაც ვერ დაეპყროთ საქართველო .. ციტირება
- ყველაზე ყბადაღებული თემა რომ განვიხილოთ … "ეროვნულებს" ყველაზე დიდ ღირსებად მიაცნდათ ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი, მაგრამ თავისი ეროვნული ფანატიზმით ისე გაანადგურეს საქართველოს ეკონომიკა , რომ ათასობით ქართველი ქალიშვილი იძულებული იყო მეძავობა დაეწყო, რომ თავის ოჯახი ერჩინა ..
. ციტირება