ქართველ პოლიტიკოსთა მიერ ტაბუდადებული საბჭოთა აზროვნების რუდიმენტი
(ეროვნული ნიჰილიზმი და საბჭოთა აზროვნების რუდიმენტები - II ნაწ.)
ესტონეთში, ყველაზე მივარდნილ სოფლებშიაც კი, ხელისუფლებამ იზრუნა მოსახლეობის უფასო საინტერნეტო მომსახურების ცენტრების შექმნაზე.ინფორმაციული უზრუნველყოფის ამგვარი საერთაშორისო სტანდარტების პირობებში, თანამედროვე ქართულენოვან ინტერნეტ სივრცეში - ფორუმებზე, პუბლიკაციების განხილვის და კომენტირების ველებში, მონაწილეთა უკიდურეს სიმცირეზე და მათ ანონიმურობაზე, უთუოდ გიფიქრიათ მკითხველო! ამ ვითარების მიზეზი ჩვენი პერსონის საჯაროდ წარმოდგენის შიშია. იმ შემთხვევაშიაც, როცა ავტორი საკუთარი აზრის მართებულობაში დარწმუნებულია, შიში მაინც არსებობს. მისი ფესვები, შორს - ადამიანური არასრულფასოვნების და სისუსტეების ბნელ კუნჭულებიდან იღებს სათავეს, მკვეთრად გამოხატული მეტასტაზები კი - საბჭოთა წარმომავლობისაა. იგი დიდ საქმეთა აღსრულების მთავარი ხელიშემშლელი ფაქტორია, რომელიც დღემდე გასაზღვრავს ქვემოთ ციტირებული, ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მსჯელობათა ქართულენოვან მედიასივრცეში დღემდე არ არსებობას. მკითხველი ვფიქრობთ მომზადებულია გრძელი ციტატის შინაარსში წვდომისათვის: ,,წინა საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა ეკონომიკური პუბლიკაციები ,,აფრიკულ მოდელზე”, რომელიც გულისხმობს უახლესი იარაღით აღჭურვილ არმიას (უმთავრესად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ შექმნილს) და თოხითა და ხელის გუთნით მომუშავე გლეხს. ასეთი ქვეყნები დღესაც არსებობენ. შედარებით მცირერიცხოვანი იყვნენ და არიან ინოვაციური განვითარების გზაზე რეალურად დამდგარი ქვეყნები, თუმცა მათ ახალი ქვეყნები განუწყვეტლივ ემატებათ. ინოვაციაზე ორიენტირებული განვითარება სასურველი, მაგრამ ძალიან რთული და გრძელვადიანი ამოცანაა. ფაქტორებით მართული ქვეყნისათვის, რომლის შიდა პროდუქტი, მოსახლეობის ერთ სულზე სამი ათას აშშ დოლარს არ აღემატება (საქართველოც ამ ჯგუფშია), განვითარებული ქვეყნების კლუბში შესვლა რამდენიმე ათეულ წელზე გაჭიმული ამოცანაა, ეროვნული იდეაა, რომლის თუნდაც დასმისათვის აუცილებელია ქვეყანაში ჭეშმარიტად პატრიოტული, სამეცნიერო რეკომენდაციების წაკითხვის უნარის მქონე, პოლიტიკური ძალების არსებობა” (ციტატის დასასრული, კურსივი ჩვენია-გ.ბ.).
შიშის მთესველი ფაქტორის სახელია - ხისტი ადმინისტრირება. იგი ერთპიროვნული (ავტოკრატული) მმართველობითი სისტემის ძირითადი, სახელისუფლო ვერტიკალის (პირამიდის) ფუნქციონირების მექანიზმია და საკმაოდ გავრცელებული აზრით, თანამედროვე მსოფლიო-პოლიტიკურ სივრცეში რეალურ განვითარებას ჩამორჩენილ, ძირითადად ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნების მთავრობებს ამშვენებს. მმართველობის სიხისტეს აქ თანამდებობრივ იერარქიაში ზემდგომ პირთა ზეპირი დირექტივები (სატელეფონო ზარები) უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ადმინისტრაციულ ნორმათა (კოდექსთა) დებულებები, რომლებიც, ამის გამო, მხოლოდ ხელისუფლების ფასადთა ფუნქციას ასრულებენ. ამგვარ პრინციპს დამორჩილებულ სისტემაში, ბუნებრივია, თანამდებობის პირები (ადმინისტრატორები) არასოდეს იზრუნებენ თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თავად ადმინისტრაციული ნორმები არასოდეს დაიხვეწება. ნორმისადმი, კანონისადმი პატივისცემა არასოდეს დამკვიდრდება. შემთხვევითი არაა, რომ ძირითადად მხოლოდ ნედლეულის ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებში, არათუ თანამედროვე ტექნოლოგიები, საშუალო სირთულის სამრეწველო პროდუქციაც არ/ვერ იქმნება. ბოლშევიკთა მიერ ,,კაცობრიობის ნათელი მომავლის” ტოტალური პიარკამპანიით შენიღბული მმართველობის ამ ,,შედევრის” საკაცობრიო ღირებულების წარმოსაჩენად აღვნიშნავთ, რომ ქრონოლოგიურად იმავე პერიოდში (XX ს. 20-ან წლებში), სახელგანთქმული კომპანიის - 3M (Minnesota Mining and Manufacturing company)-ის პრეზიდენტმა უილიამ მაკნაიტმა (William L. McKnight 1887-1978), მმართველობის ყველა დონეზე ინიციატივათა მხარდამჭერი, შესაძლო შეცდომებზე მისი (პრეზიდენტის) პერსონალური პასუხისმგებლობის ადმინისტრაციული მექანიზმი შექმნა და დანერგა.
ჯერ კიდევ 25.06.1999 მიღებული, განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არსებობის პირობებში აღმოჩნდა, რომ ხისტი ადმინისტრირების საბჭოთა სისტემა სიცოცხლისუნარიანია არა მისი პროდუქტიულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქართველებმა (ბალტიისპირელებისაგან განსხვავებით) ის კარგად მოვირგეთ.
ხელისუფლების ყველა რგოლში, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღემდე უცვლელი შინაარსით არსებული საბჭოთა (ხისტი) ადმინისტრირების პრაქტიკა, ოფიციოზისაგან განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმის შემთხვევაში, ავტომატურად აყენებს ავტორის პასუხისმგებლობის საკითხს და შესაბამისად, ჩანასახშივე სპობს ამგვარ სურვილს. ამ სულისკვეთებით აღზრდილ თაობებში (Homo soveticum) ინდივიდები ერთმანეთს აკონტროლებენ განსხვავებული აზრის არსებობის საგანზე და არ პატიობენ თავიანთ კოლეგებს აზრის საჯაროდ გამოთქმის ინიციატივას –“Тебе что, больше всех надо?!”. ზემდგომ თანამდებობის პირთა ბოლომდე გაუაზრებელ (ხშირად თვითნებურ და აბსურდულ) დირექტივებს დამორჩილებული ამგვარი ადმინისტრირება, შემოქმედებითი პოტენციალისა და აღმშენებლობის მუხტის მატარებელ პიროვნებებს, ადრე თუ გვიან, დილემის წინაშე აყენებს - ან (ჰარმონიული აქ პათეტიკად ჟღერს) პიროვნულ-პროფესიული განვითარება, ან შემგუებლურ (კონფორმისტულ) თვისებათა მთელი კომპლექსის გამომუშავება, რომლის თანამდევ სტრესულ შემადგენლებს, პიროვნების შემოქმედებითი ფსიქოტიპის რღვევასთან, პროდუქტიულობის მკვეთრ დაცემასთან, ხშირად კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებამდე და ნევროზამდე მივყევართ. ერთეული მათგანი, ღვთისაგან მომადლებული ნიჭისა და ამავდროულად მოქნილი პრაქტიკული ყაიდის გონების წყალობით, როგორც ასფალტის ნაპრალში ამოსული ბალახი, ახერხებს თვითრეალიზებას და თვითდამკვიდრებას. მათ ჰკითხეთ, როგორი შინაგანი დისკომფორტისა და ძალისხმევის ფასად. აბსოლუტური უმრავლესობა ნიჭიერ ინდივიდთაგან ქვეყნისათვის სამუდამოდ დაკარგულია. აღიარებული ეკონომიკური ექსპერტი ლეშეკ ბალცეროვიჩი, სოციალისტური წარმოების წესის ანალიზისას, შემდეგ პარადოქსზე ამახვილებს ყურადღებას: “საბჭოთა განათლების სისტემა ზრდიდა კვალიფიციურ კადრებს, ქვეყნის სამეურნეო მოწყობის არაგონივრული სისტემა კი ვერ იყენებდა მათ კვალიფიკაციას”.
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსული იმპერიული კოლონიალური პოლიტიკა, წინააღმდეგობებზე აგებული, აზრობრივად განგებ ჩახლართული სისტემაა, რომელის რაობაში გარკვევა, დაინტერესებული ანალიტიკოსისაგანაც კი, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ადმინისტრირების ეს ფორმა, თავისი შინაარსით, პიროვნების ნიველირების საბჭოთა მექანიზმია - ყოველ ერში არსებულ საშუალო შესაძლებლობების ინდივიდთა დიქტატურაა, ნიჭით და შემოქმედებითი შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ნაწილზე. მასობრივი ფსიქოლოგიის ინდივიდთა საზოგადოებრივი ცნობიერება გამოჩენილმა ესპანელმა ფილოსოფოსმა ხოსე ორტეგა ი გასეტი – მა, ჯერ კიდევ 1930 წ. გამოცემულ, დიდად გახმაურებულ ნაშრომში აღწერა (,,მასების ამბოხი”, ქართულად ნათარგმნია 1993 წ. ბაჩანა ბრეგვაძის მიერ), რითაც, სხვა მოაზროვნეებთან ერთად, ხელი შეუწყო ახალი ევროპის ფორმირებას.
სადღეისოდ, სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც საქართველოში მიიღეს საბაზისო განათლება, ემიგრირებულია ქვეყნიდან და დღემდე მზარდი ეს ტენდენცია, დამოუკიდებლობა მოპოვებულ ქვეყანაში პროდუქციის წარმოების შეკვეცით რომ მოტივირდება, სინამდვილეში არის შედეგი, რომელიც დადგა (საწარმოო) ორგანიზაცია-დაწესებულებებში ხისტი - ინიციატივის ამკრძალავი - ადმინისტრირების შედეგად. ძირითადად ამ უძლიერესი (არსებობს სხვა) ფაქტორის გამო, პრაქტიკულად ვერცერთმა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებამ ვერ მოახერხა ადაპტაცია-გარდაქმნა ახალ, საბაზრო-ეკონომიკურ სინამდვილეში. ყველა ნაბიჯი, ჩანაფიქრი, განზრახვა და ქმედება უნდა შეთანხმებულიყო ზემდგომ - გაერთიანების, უწყების, სამინისტროს და ა.შ. ხელმძღვანელთან - საბაზრო-ეკონომიკურ რეალობებში გაუცნობიერებელ, არსებითად ,,წითელ დირექტორებთან”, რომელთა ძირითად საზრუნავს თავიდანვე არა განვითარებულ ქვეყნებში აღიარებული მთავარი კაპიტალის - თანამშრომელთა ინტელექტუალური პოტენციალის - გონივრული წარმართვა-გამოყენება-ამაღლება, არამედ ორგანიზაცია-დაწესებულებებში არსებული მატერიალურ ფასეულებათა დაუფლება წარმოადგენდა. ამგვარმა ვითარებამ განაპირობა მრავალწლიან პერიოდში ქართული ექსპორტის სტრუქტურაში შავი ლითონების ჯართის პირველობა. წინა და ამჟამინდელი მთავრობის უცხოელი ეკონომიკური მრჩევლები (Ivan Samson, Christofhe Cordonnier, Volhart Vincentz, Apostolos Papaphilippou და სხვ. იხ. www.geplac.org) ერთხმად აღნიშნავენ ,,წითელ დირექტორებზე” ორიენტირებულ სამრეწველო საწარმოთა პრივატიზების სამთავრობო პოლიტიკის ფიასკოს.
ინიციატივის ამკრძალავ ადმინისტრირებაზე ზემოთმოყვანილ მსჯელობათა გადაჭარბებად შეფასების მსურველთ, ვთხოვთ გაიხსენონ ფაქტი, როდესაც რომელიმე ტექნიკური დარგის (კონკრეტულად ენერგეტიკის) ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფმა, ან მათ ხელქვეითმა პირებმა, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში სულ მცირე, ათწლიანი ენერგეტიკული ქაოსის გამო. ან სასამართლო სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირებმა _ მართლმსაჯულების სადღეისოდ არსებული ხარისხის. მეცნიერებათა აკადემიის 69 ერთეულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთა მრავალათასიანი თანამშრომელთაგან, პრაქტიკულად ვერცერთმა, ზოგადსაგანმათლებლო სკოლებში ფიზიკის სწავლების სახელმწიფო მეთოდსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, პროფესორ იური მამალაძის გარდა, ვერ გაბედა საჯაროდ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია მიმდინარე სამეცნიერო რეფორმის თაობაზე. ამიტომაც ბუნებრივად ჩანს, რომ კავალერიის მართვის პრინციპებზე აგებული მეცნიერებათა აკადემია, ვერაფრით დაეხმარა საკუთარ თავს და ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ამგვარმა ადმინისტრირებამ ქმედითუნარიანი სამეცნიერო-საწარმოო საზოგადოებათა დაფუძნების იმედი ილუზორული გახადა. საკითხავი დარჩა: სად და რით ვასაქმებთ უმუშევართა არმიას იმ ვითარებაში, რომელშიაც სამუშაო ადგილების შემქმნის პოტენციის მქონე სოციალური ფენა დაუსაქმებელია?
ცივილურ ქვეყნებში განათლება და მეცნიერება ყველაზე კონსერვატორული სფეროებია - იქ ტრადიციას, წინაპართა ნაფიქრალსა და შექმნილს უფრთხილდებიან, თაობათა შორის ფასეულობათა მკვეთრ ცვლილებებს (მით უფრო წყვეტას) ეკრძალვიან. გაუნათლებლობის, უკულტურობის ნიშნად მიიჩნევენ. 90-140 ლარი ხელფასის მქონე მეცნიერთა და ინჟინერ-მკვლევართა სამუშაოდან მასობრივი დათხოვნა, სახელისუფლო აზროვნების და საზოგადოებრივი აზრის განვითარების დონის მაჩვენებელიცაა. ქვეყანაში ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების რამდენადმე სერიოზული სისტემის არ არსებობის პირობებში, მეცნიერნი და ინჟინრები - კვლევითი სისტემის მთავარი რესურსი - დისკვალიფიკაციისათვის, ფიზიკური განადგურებისათვის გავწირეთ. ამგვარი ვითარების არგუმენტებად მათი საბჭოური წარმომავლობა (?! - სხვაგვარი რა იქნებოდა) და მათი საზღვარგარეთელ კოლეგებთან შედარებით სუსტი კვალიფიკაცია სახელდება (როგორი მიგნებაა!). ამ ლოგიკით მართებულია ვიკითხოთ: რას წარმოადგენს ამგვარი არგუმენტებით მოაზროვნე პოლიტიკოსი? ცოტანი გვყავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში მაღალხელფასიანი არაკომპეტენტური მოხელეები, აქაოდა საბიუჯეტო ტვირთის შესამცირებლად ყველაზე უფრო ძვირფასს - ეროვნული კვლევითი სისტემის უმთავრეს რესურსს არ დავრეოდით? საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვასრულებთ? ნება მოგვეცით ვიკითხოთ - რა ფასად?
არათუ საზოგადოებრივი, არამედ სახელისუფლებო აზროვნების დონეზეც კი დღემდე არაა გაცნობიერებული, რომ ჭეშმარიტი მეცნიერი თავისი პროფესიული არჩევანით თვითდასჯილია. პოლიტიკოს-ადმინისტრატორთა თემისაგან განსხვავებული შინაგანი ბუნებითა და ფსიქოლოგიით, იგი თავიდანვე საზოგადოებრივ მიზნებზეა ორიენტირებული და იშვიათ მათგანს თუ მიუღია გაწეული ღვაწლის ადეკვატური საზოგადოებრივი აღიარება. ტექნოგენური ცივილიზაციის ერთი-ერთი უმთავრესი შემოქმედის, თანამედროვეთა მიერ ,,ფიზიკის მეფედ” აღიარებული მაიკლ ფარადეის (Michael Faraday 1791-1867) სადა, ჩვეულებრივ მოკვდავთაგან არაფრით გამორჩეული ცხოვრება, ამის ნათელი მაგალითია. 1300 მეტი პატენტის მფლობელი, ცნობილი გამოგონებელი და მილიონერი - თომას ედისონი (Thomas Alva Edison 1847-1931): ,,მე არ მაინტერესებს იახტები, ცხენები და მდიდართა სხვა გასართობები. მე მაინტერესებს ლაბორატორია”. ზემოთჩამოთვლილ მამულიშვილთა მიმართ მათი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებაც, ამასვე გვიდასტურებს: დღემდე ველოდებით ემიგრაციით განაწამები მიხაკო წერეთლის საუკუნის წინანდელი აზროვნების ძეგლის - ,,ერი და კაცობრიობა”-ს საზოგადოებრივ აღიარებას, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე სოციალისტური იდეების დამანგრეველი გავლენა რომ იწინასწარმეტყველა. “მეცნიერები და ვირები შუაში” - ეგვიპტის პირამიდებთან, მამლუქებთან ბრძოლის წინ ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ წარმოთქმულმა ამ მოწოდებამ, მისი ავტორი უკვდავყო განათლებულთა გულებში.
“საზოგადოების საერთო განათლების დონე აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა ქვეყნის დინამიური ეკონომიკური განვითარებისათვის. კეთილდღეობის მისაღწევად უმთავრესია ქვეყნის სამეურნეო მოწყობის ეფექტური სისტემის შემუშავება” - განმარტავს ლეშეკ ბალცეროვიჩი. პროფესიონალ-შემოქმედებით ინდივიდთა შორის აზრთა და იდეათა თავისუფალი გაცვლის მექანიზმთა არსებობის გარეშე, ამგვარი სისტემა და შესაბამისად ქართველი ერის ისტორიული ფსიქიკის შემნახავი - მატერიალურ-კულტურული პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული _ მმართველი ფენა ვერ ჩამოყალიბდება.

















კომენტარები
ინოვაციების დანერგვას ხელს უშლის ტრადიციული მართამდიდებლური შური, ასინეთურ-ხლისტური ჭორები, უსაქმური შემწერების დიდი რაოდენობა როგორც სახელმწიფოს ასევე "შავების" მხრიდან და ა.შ. ციტირება
სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის რისი ფინანსური შესაძლებლობა ან მენტალური უნარი არ გააჩნიათ ცალკეულ თემებს ან კორპორაციებს//
სიონისტურ-მასონურ ამერიკაში პრობლემები უმეტესად ფინანსურია — კერძო ფონდები მხოლოდ იმ ინოვაციებს აფინასებენ , რომლებიც მომგებიანი გახდება უახლოეს 1—2 წელიწადში … ფუნდამენტურ გამოკვლევებს კი ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებს ციტირება
/quote]
ბერუ,
რატომ უნდა გააკეთოს ნებისმიერმა კარგმა ხელისუფლებამ (და არა სახელმწიფომ) ეს? ციტირება
ადრე არსებობდა სპეციალური ფონდი, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა ახლი ტექნოლგიების დანერგვაზე ზრუნვა იმ შემთხვევაში , თუ გამოგონების ავტორს ამის უნარი არ ჰქონდა ინვალიდობის ან სხვა სახის (ალბათ ფსიქიკური) პრობლემების გამო … მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ ფონდს არც ერთი გამოგონება არ დაუნერგავს და არც რომელიმე ავტორისათვის შეუწყვია ხელი.
მოქმედებს ასევე იაფი სესხის პროგრამა, რომელმაც 10% კრედიტი უნდა გასცეს საინტერესო და მომგებიან ინოვაციებზე .. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს - ეს პროგრამა ისევ და ისევ მოძველებულ საწარმოებს აფინანსებს…
ე.ი. ფორმალურად ადმინისტრაციული სისტემები და მინიმალური საკანონმდებლო ბაზა არის, მაგრამ არ მოქმედებს … ციტირება
1.მეცნიერების სამოქალაქო აზროვნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, დღემდე დაუმუშავებელი. 2. თანამედროვე, გალილეის შემდგომი მეცნიერების, როგორც სოციალური ფენომენის მკვლევარები განმარტავენ, რომ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (როგორიც საქართველოა) საინოვაციო განვითარების საკითხებით ბიზნესს სექტორი არ ინტერესდდება (მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). ამიტომაც-ო - მათი აზრით - საინოვაციო განვითარების ერთადერთი რეალური მეურვე სახელმწიფო უნდა იყოსო. სხვა სიტყვებით: ხელისუფლება ქმნის ინოვაციებზე მომუშავე ფირმების წახალისების სამართლებრივ-ეკონომიკურ მექანიზმებს. ნაწილობრივ ათავისყფლებს მათ გადასახადებისაგ ან. სახელმწიფო უარს ამბობს მეწარმეთა თანაბარი დაბეგვრის პრიმიტიული მიდგომებისაგან. ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების იმპორტს.
3. ცხადია, რომ ამ პროცესის ჩასახვა-განვითარებისათვ ის, ხელისუბლებასა და ოპოზიციაში თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების და არა პიარ-ტექნოლოგიების სპეციალისტები უნდა გყავდეს. ციტირება
თვითონ კი ინოვაციას ვერ მიხედავ - რადგან ეს ბოსტანი არ არის რომ უბარლოდ დაბარო. შესაბამისად უნდა ეძებო უცხოელი ინვესტორები თუ მაღიარებლები, ხშირ შემთხვევაში კი "ლუდოვიკოს საქართველო ცალ კოჭზე ჰკიდია"
იშვიათ შემთხვევაში კი ქართველის ინოვაცია ისევ უცხოელი ინვესტორი ლუდოვიკოების სამსახურში დგება და არა საქართველოსი
და არც უნდა თვით ქართულ საზოგადოებას ინოვაციური განვითარება —- ამიტომაცაა დაციკლული ქარტული წარმოება — ლუდებზე და სოსისებზე … ციტირება
თვითონ სამეცნიერო ინსტიტუტები აგრესიულად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე არ ღებულობენ განსახილველად ახალ ინოვაციურ იდეებს და მხოლოდ ისეთი უსაგნო ტემებს ამუშავებენ, რომელიც არავის აინტერესებს სუფთა თეორიულადაც კი … ციტირება