განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> აზრი საზოგადოება თინეიჯერთა პარპაში
ბანერი

თინეიჯერთა პარპაში

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 942 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

(გამოხმაურება 13.03.10 ტელეკომპანია ,,იმედზე” გასული გადაცემის გამო)

ბოლო ათწლეულში, ქართულ სატელევიზიო რედაქციებში და სივრცეში, “თინეიჯერთა” გამრავლების მყარმა ტენდენციამ, სოციოლოგიურ კანონთა ლოგიკით, ექსცენტრულობით ცნობილ მარტის თვეში, ფატალურ 13 რიცხვში მიაღწია კრიტიკულ კონცენტრაციას და რუსეთის მხრიდან საქართველოზე ღია სამხედრო აგრესიის იმიტაციის - მოსახლეობის დამთრგუნავი ფორმით გამოიხატა.

საზოგადოებრივი აზრის დაგეგმილი მანიპულაცია იმდენად დამაჯერებელი გამოდგა, რომ გადაცემის დამთავრებისთანავე ქვეყნის მასშტაბით აღძრულმა სატელეფონო პანიკამ, ტელეარხის მესვეურთა ცნობიერება რეალობისკენ მკვეთრად შეაბრუნა და ტელეეკრანზე გაჩნდა მოსახლეობის დამამშვიდებელი შინაარსის ტიტრები. სირბილისაგან გულამომჯდარი პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც იმიტაციაში ბუნკერიდან გველაპარაკებოდა, ცუდად შენიღბული მღელვარებით გამოხატავდა ყოველივე აღნიშნულისადმი ქვეყნის პირველი პირის დამოკიებულებას.

ტელესტუდიაში თავმოყრილ (და არა მიწვეულ) პოლიტოლოგებს და “ცნობად სახეებს”, მათ არსენალში არსებული მთელი დიპლომატიური უნარის გამოყენება მოუხდათ იმ დისკომფორტის დასაძლევად, რომელსაც ინგა გრიგოლიას კარიერით წაქეზებული ტელეწამყვანის მიერ მათზე მოღერებული, ღია ეთერში ჩართული, მიკროფონი ქმნიდა. ლაშა ტუღუშმა და, უნდა ვიფიქროთ, გაუგებრობის გამო ამ კამპანიაში შემთხვევით აღმოჩენილმა მურმან ჯინორიამ, ღირსეულად გაართვეს თავი მათ წინაშე აღმართულ მოულოდნელობათა კასკადს.

“კუდიანებზე” და “მოღალატეებზე” ნადირობის პათოსით დატვირთულ ტელეგადაცემაში, ხელისუფლების მაღალ თანამდებობის პირთა რიტორიკა იკითხებოდა. ძნელი არ იყო იმის შემჩნევაც, რომ არხის ხელმძღვანელებსა და გადაცემის რეჟისორებს პროფესიონალიზმმა უმტყუნა _ ხელისუფლებიდან მომდინარე, თუნდაც მწვავე მინიშნებებს, თანაზომიერი ფორმა და შინაარსი ვერ მოარგეს, გადაამლაშეს.

ამ ირაციონალურ აქტს ქვეყანაში არსებული რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვება უცილოდ. ვფიქრობთ, რომ იგი (ვითარება) მძიმეა არა იმდენად რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების საფრთხის გამო - როგორც ამას ხელისუფლება მიიჩნევს, რამდენადაც საზოგადოებრივი ცნობიერების იმ მდგომარეობის გამო, რომელიც ზურაბ ავალიშვილმა აღწერა ემიგრაციაში გამოცემულ ნაშრომში - ,,საქართველოს დამოუკიდებლობა” და რომლის მთავარი შინაარსი მოგვყავს უცვლელი ფორმით: "მშობელი ერისა და შემოსეულ უცხოელის უკანასკნელ წამში დაპირისპირება, უეცრად გადასვლა საერთაშორისო სოციალისტური ყრილობების კილოდან მამულიშვილურ და ეროვნულ პათოსის ენაზე - უკვე დაგვიანებული და უიმედო საქმე იყო, 1918 წლიდან რიმ მიეღოთ ამ მხრით სრულიად საშუალო სახელმწიფოებრივი ზრუნვა, ასეთი უეცარი და უშედეგო ფერისცვალება აღარ იქნებოდა საიჭირო. როცა 1921 წელს, თებერვალ-მარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა – საბჭოთა ხელისუფლებამ – სასტიკი ოპერაცია გაუკეთა, მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისთვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ".

ტელეიმიტაციამ ცუდშიც და კარგშიაც, ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემათა რედაქტორ-შემსრულებელთა პროფესიონალიზმის დონე და პასუხისმგებლობის ხარისხი დაგვანახა. კერძო (მფლობელის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს რამდენადმე სანდო ინფორმაცია), სახელისუფლებო აზრის გამომხატველი ტელეკომპანიის ნამოქმედარის მხოლოდ დაგმობა, ვფიქრობთ, საქმეს ვერ უშველის. უკეთეს შემთხვევაში ერთ-ორ, ან რამოდენიმე ხელმძღვანელს ახლებით - ცნობილი წრის წარმომადგენლებით - შეცვლიან. მთლიანობაში კი ყველაფერი ძველებურად დარჩება. საქართველოში აქამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ფაქტორების კვლევისას, უცხოელი ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან სატელევიზიო მაუწყებლობის დომინანტურ როლზე. ამდენად, მთელმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციათა თაოსნობით, დროა დააყენოს ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში არაპროფესიონალთა ასალაგმავი მექანიზმების არსებობის საკითხი. ყბადაღებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმედით, როგორც ვხედავთ, აქ ფონს ვერ გავალთ. ეს ურთიერთობები, საკმარისი ეფექტიანობით, მხოლოდ ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებენ. ქვეყნის მასმედიაში არაპროფესიონალთა მრავალწლიანი პარპაში, ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების უძირითადესი საკითხია და საერთოდ მიღებული აზრით, საზოგადოებაშივე არსებული გონებრივი რესურსების გააქტიურების საშუალებით უნდა მოგვარდეს. ისევ გვტკივა ძველი, თითქოსდა მორჩენილი იარა: ოცწლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე რა ვიღონეთ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებების მაღალპროფესიონალური კადრებით უზრუნველყოფისათვის? განათლების სისტემაში მოზარდთა სახელმწიფოებრივი თვითშეგნების აღზრდისათვის? ჯერ კიდევ XIX ს. სამოციანელთა მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული ნიჰილიზმის დასაძლევად?

ერთმანეთის მოქიშპე, რბილად ნათქვამია, ერთმანეთზე დანასისხლად გადაკიდებული ხელისუფლებისა და ოპოზიციის…წარმომადგენლები, თანაბრად არაკომპეტენტურები რომ არიან ქვეყნის საშუალო და გძელვადიანი განვითარების საკითხებში და ძირითადად უცხოეთიდან შემოსული ფინანსების იმედად რომ ტოვებენ ქვეყანას (Income-driven Economy), განა ეს რუსეთის მტრული - ქართული სახელმწიფოს სისუსტე/სიძლიერეში ჩახედული - ძალების წამახალისებელი ფაქტორი არ იყო და ასეთად არ რჩება დღემდე? სუსტებსა და სხვის ხელებში შემყურეს, ვინღა დაგვინდობს? (პუტინის ნათქვამი - ,,მოქეიფეების და ცეკვა-სიმღერის ქვეყანა” - რაზე მიგვანიშნებს?). ოპოზიციის ცნობილი ლიდერის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ,,პოლიტიკაში უმჯობესია ჟურნალისტური გამოცდილების კადრების მოსვლა”, ქართული მასმედიის ცნობილი ხარისხის ვითარებაში (საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე რომ არაფერი ვთქვათ), მათ თინეიჯერულ კომპეტენციებზე არ მეტყველებს? ამგვარი ,,სახელმწიფოებრივი” აზროვნების შედეგია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჰუმანიტარულ სპეციალობათა წარმომადგენლების სიჭარბე და პირიქით - მწარმოებლურ-ტექნოლოგიურ დარგებიდან პოლიტიკაში მოსულ პიროვნებათა უმწვავესი დეფიციტი.

და, ასე იქნება მანამ, სანამ ქვეყნის განათლების სისტემას ცრუ-ინტერნაციონალისტური _ ყალბად გაგებული კოსმოპოლიტური განწყობებიდან (ამ ცნების დიმიტრი უზნაძის-ეული გაგებით) არ გავანთავისუფლებთ. განათლების სისტემას ქართველი ერის ჭეშმარიტ განმანათლებელთა - ზოგადსაკაცობრიო ფასეულობა-ღირებულებათა შემმეცნებელ, ამ ცოდნის ეროვნულ ნიადაგზე გადმონერგვის უნარის მქონე მამულიშვილთა - მემკვიდრეობის მკიდრ ბალავარზე არ დავაფუძნებთ.

Share

კომენტარები 

-1 # ნინო 2010-03-22 20:21  
არაპროფესიონალი ზმი რბილად ნათქვამია, ეს იყო საკუთარი მაყურებლის აბუჩად აგდება და რაოდენ რთული დასამტკიცებელიც არ უნდა იყოს ამ სიუჟეტმა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო (გულის შეტევის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა იმ დღეს) რეალურად დღეს საქართველოში არ მეგულება არც ერთი მიუკერძოებელი ტელეარხი.. ყველა თავისკენ ეწიკება და ამათ ძიძგილაობაში მაყურებელი ცდილობს ამოკრიბოს სიმართლის მარცვლები ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი