(“კავკასიური ცარცის წრე”)
საქართველოში ძლიერი პოლიტიკური რყევების ეპოქა დაიწყო. რაც არ უნდა ამტკიცოს მავანმა – ეგ არაფერია, რაღაც გაუგებრობასა აქვს ადგილი და მალე ყველაფერი გაირკვევაო, ფაქტია, “რუსთავი-2”-ის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა კატალიზატორის როლი ითამაშა და აშკარად დაანახა საზოგადოებას, რომ “რეფორმატორები” ყოველთვის ასეთებად არ რჩებიან და უკვე იმ ძალად გადაიქცნენ, რომელთაც თუ დროულად არ ამოედოთ ლაგამი, ქვეყანასაც დააქცევენ და ჩვენც გადაგვიყოლებენ.
მაინც რა მოხდა აკაკი გოგიჩაიშვილსა და პროკურატურას შორის?
ჩვენ “სრულმეტრაჟიანი” და “უპრეცედენტო” ჟურნალისტური გამოძიება არ ჩაგვიტარებია _ იურისტ მიხეილ სააკაშვილის ენაზე რომ ვთქვათ, მხოლოდ “მოკვლევა” დაგვჭირდა, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა, დაგვედგინა:
“რუსთავი-2”-ის პროგრამა “60 წუთი” დიდი ორიგინალობით არ გამოირჩევა. იგი, ისევე როგორც მთლიანად ტელეკომპანიის ვიზუალური და არსობრივი ინტერპრეტაცია, მთლიანადაა მოპარული დასავლური ტელეგადაცემებიდან.
აკაკი გოგიჩაიშვილმა თავისი “60 წუთი” სწორედ არჩევნების წინა პერიოდში წამოიწყო. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მაშინ, როცა პრეზიდენტი ე.შევარდნაძე კარდაკარ დადიოდა და მოქალაქეთა კავშირისათვის ხმებს მათხოვრობდა მთელ საქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერთა დაკვეთით წამოიწყო “რუსთავი-2”-მა ანტიშევარდნაძისტული კამპანია. კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით, აკაკი გოგიჩაიშვილი “ამათრახებდა” მავანსა და მავანს და ყველა უბედურების ანი და ჰოე მაინცადამაინც პრეზიდენტის სანათესავოსა და გარემოცვაში ეგულებოდა. სწორედ ამის გამოვლენა იყო ბოლო აქციაც კანცელარიის შენობასთან ლოზუნგით: “პრეზიდენტო! მოთოკე ნათესავები!”
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ყველასათვის თვალშისაცემი გახდა მოქალაქეთა კავშირის _ როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, აშკარა პასიურობა საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში. სამაგიეროდ, “რუსთავი-2”-ის ეკრანიდან სულაც არ შენელებულა ანტიშევარდნაძისტული კამპანია და ინსინუაციები.
ვფიქრობთ, სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ “60 წუთ”-მა შევარდნაძის “გარემოცვისა” და “სანათესავოს” “მხილების” შემდგომ, სწორედ მწერალთა კავშირს შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10-15 წლის მანძილზე, ქართველმა მწერლებმა თითქმის მთლიანად დაკარგეს ერის სულიერი და ზნეობრივი ორიენტირების არქიტექტორთა საუკუნენახევრიანი მისია, ისინი მაინც რჩებიან ავტორიტეტულ ძალად, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში ისევ შეიძლება არენაზე გამოვიდეს და ფსევდოპოლიტიკოსთა ალტერნატივად გადაიქცეს. სწორედ ამიტომაც, მისი განეიტრალებისა და ხალხში სახელის გასატეხად, “რუსთავი-2”-მა და მის უკან მდგარმა ‘რეფორმატორთა” გუნდმა წივწივაძესა და მწერლობას შეუტია. განსხვავებით სხვებისაგან, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თავდაცვას შეტევა ამჯობინა და სწორედ მაშინ გამოისკვანჩა “გორდიას” კვანძიც _ თამაზ წივწივაძემ განცხადებით მიმართა პრეზიდენტს, გადაემოწმებინათ “60 წუთში” მოტანილი “ფაქტები” და გარდა ამისა, გაესინჯათ თავად “რუსთავი-2”-ის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სურათი.
ის, რომ “60წუთი” თავის “სრულმეტრაჟიან” და “უპრეცედენტო” ჟურნალისტურ გამოძიებაში პრიმიტიული შანტაჟისა და პროვოკაციის გზას ადგა, ნებისმიერი სერიოზული კაცისთვის ცხადი იყო, მაგრამ ბევრმა არ იცოდა, თუ როგორი სახიფათო მუხტი ჩადო თამაზ წივწივაძემ ერთ პატარა განცხადებაში. საქმე ისაა, რომ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა “რეფორმატორთა” დიდი მცდელობით, რაც კი რამ გრანტი თუ დახმარება შემოსულა საქართველოში თავისუფალი პრესის დახმარების მიზნით, 90 პროცენტი “რუსთავი-2”-ის” “ჯიბეშია” წასული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ტელეკომპანიებსა და მასმედიას ძალიან მცირე რამ რგებია ამ ვითომცდა “საერთო” ფონდიდან. თავისთავად ცხადია, რომ “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობას, არც სხვა უკანონო წყაროებით სარგებლობაზე უთქვამს უარი და იგულისხმებოდა, სერიოზული შემოწმების შემთხვევაში, ეროსი კიწმარიშვილი და კიდევ ერთი-ორი პირი ამ ტელეკომპანიიდან, შეიძლებოდა ვირის აბანოშიც კი მოხვედრილიყო.
მოვლენათა ამგვარი განვითარების შესაძლებლობამ აიძულა აკაკი გოგიჩაიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი არაერთხელ მიემართათ პროკურატურისათვის: ჯერ “60 წუთის” წამყვანი ეწვია გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე ანზორ ბალუაშვილს. ტყუილია, თითქოს ა.ბალუაშვილი ერთი ერთზე ესაუბრა გოგიჩაიშვილს _ საუბარს ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ორდე ბებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები _ ნუკრი იოსებაშვილი და მამუკა გვარამია. დამფრთხალი აკაკი გოგიჩაიშვილი მწერალთა კავშირთან შერიგების გზებს პროკურატურაში(!) ეძებდა. მეორე დღეს ანზორ ბალუაშვილს თავად ეროსი კიწმარიშვილი _ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ეწვია. მასაც იგივე მუცლის გვრემა აწუხებდა _ ეძებდა გზას, როგორ აერიდებინა “რუსთავი-2”-ის საქმიანობის შემოწმება.
რა თქმა უნდა, არც ერთსა და არც მეორეს არავინ დამუქრებია, მაგრამ სერიოზულად შეშფოთებულ “რუსთავი-2”-ის მესვეურებს ისევ ახალგაზრდა “რეფორმატორები” მოევლინენ ‘მხსნელად” _ სწორედ მათ უბიძგეს აკაკი გოგიჩაიშვილს იმ ცნობილი პროსტიტუტკული ნაბიჯისაკენ. შემდგომ იყო წინასწარ ჩაწერილ-შტუდირებული ხმები უაღრესად “შეშფოთებული” ქალებისა და აქციები, აქციები პრესის თავისუფლების დასაცავად.
ზოგიერთებისათვის სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად, ქართული მასმედია ძალიან სწრაფად მოეგო გონს და იდეალურად გაერკვა ვითარებაში _ მართალია, ყოველგვარი “სრულმეტრაჟიანი” და “უპრეცედენტო” ჟურნალისტური გამოძიების გარეშე _ და აღმოაჩინა, რომ აკაკი გოგიჩაიშვილი მხოლოდ პატარა ქართველი გაპონია და სხვა არაფერი ზოგიერთ მოქკავშირელთა ხელში, და რომ ამ უგუნურმა ყმაწვილმა შანტაჟით, რომელიც “მოუწყო” პროკურატურას, მართლა მოუხმო ქილერს საკუთარი თავის სალიკვიდაციოდ, ვინაიდან არავინ იცის, ისარგებლებენ თუ არა ამ იდეალური შემთხვევით საქართველოში ანარქიის მოსურნენი და გამოიყენებენ თუ არა საბაბად აკაკის დაკრძალვის ცერემონიალს.
ასე რომ ბრეხტისეული გმირი ქალის შეკითხვის პათოსი ამჯერადაც უცვლელი რჩება: “ისევ ჩაიფსი, მიხეილ?!”
რა თქმა უნდა, “ჩაფსმულთა” შორის ბევრნი მოიაზრებიან, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ ღვარცოფს ერთი კაცი, ვერასდიდებით ვერ დაატეხდა ერს.
რას ერჩის მიხეილ სააკაშვილი პროკურატურას?
ეს ის შემთხვევაა, რაზეც მოლა ნასრედინმა ბრძანა – ჩხუბი ჩემი საბნის გამო ყოფილაო!
მ.სააკაშვილი აცხადებს, პროკურატურა ძირისძირობამდე კორუმპირებული დაწესებულებაა და მისი რეფორმირება და გამოცდებია აუცილებელიო.
“რეფორმებში” პროკურატურის ისედაც შეკვეცილი ფუნქციების კიდევ უფრო შეკვეცას ვარაუდობს. ასეთ კატეგორიულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არავინ ეკითხება მიხეილს _ კი, მაგრამ საქრთველოში რომელი სტრუქტურაა არაკორუმპირებულიო. მაგალითად, მე შემიძლია დავუმტკიცო მას, რომ პარლამენტიც ძირისძირობამდეა კორუმპირებული და რომ ამ შემთხვევაში, უმრავლესობა-უმცირესობას შორის სრული ჰარმონია არსებობს. მეორეც, გამოცდები რატომაა პანაცეა _ როგორ გგონიათ, არ შეიძლება “ხუთოსანმა” მოსამართლემ და პროკურორმა ქრთამი აიღონ თუ რა? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და საზოგადოებასაც მშვენივრად მოეხსენება, “ხუთოსანი” მოსამართლეები ჩვენი სინამდვილისათვის ვეებერთელა ხელფასების მიუხედავად, მშვენივრად იღებენ ქრთამებს და სულაც არ რცხვენიათ სააკაშვილისა..
კამათი იმის შესახებ, კორუმპირებულია თუ არა ესა თუ ის უწყება, უაზრობაა. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველა სცოდავს, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში რომ გამოცდები არაფრის მომტანია, ესეც ცხადია. მე გამოცდების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სერიოზული ანალიზის საგანი უნდა გახდეს უპირველესი საკითხი – რომელი სტრუქტურა იცავდა ან რომელ სტრუქტურას უფრო ხელეწიფება სახელმწიფო ინტერესთა დაცვა ტოტალური ძარცვა-გლეჯისაგან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დატაცება-განიავებისაგან და თუ ამ საკითხს ფორმალურად კი არა, ძირისძირობამდე შევისწავლით, აღმოჩნდება, რომ პროკურატურაა ის უწყება, რომელიც ადრე (უფლებამოსილებათა შეკვეცამდე), ასე თუ ისე ართმევდა თავს ამ ამოცანას. ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხის შესასწავლად სააკაშვილის დემაგოგიური გამოხდომები კი არა, მარტივი არითმეტიკის მოშველიება იქნება საჭირო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი და სხვებიც სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით ლობირებენ თავად .. კორუფციას! დავის საგანი ის კი არაა, მოვიპაროთ თუ არა, არამედ ის, თუ ვინ უნდა მოიპაროს - მე თუ შენ.
ლობისტ-პარლამენტარებს ურჩევნიათ თავად მოიპარონ!
რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები სააკაშვილივით კატეგორიული და ვაცხადებ – პარლამენტშიც მეგულება რამდენიმე ათეული წესიერი კაცი, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ამინდს ვერ ქმნიან და პირიქით, მე ხელსაც კი მიშლიან, ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთო მთლიანად პარლამენტთან მიმართებაში.
ამ ყველაფრის შესახებ დუმდა და დუმს “რუსთავი-2”.
პატარა ქვეყნის დიდი უბედურება
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ კორუფციის დამღუპველობის შესახებ, საქმეს არაფერი ეშველება. პირველი და აუცილებელი, გადაუდებელი ამოცანაა საკანონმდებლო ბაზის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის შესაძლებლობას ნებისმიერ სახელისუფლო სტრუქტურაში. სამწუხაროდ, პარლამენტმა - ძველმაც და ახალმაც, ბევრი იღვაწა კორუფციის წასახალისებლად. წახალისებაა, აბა რა ჰქვია, როცა ერთის მხრივ ჰქმნი ნაკლებად ქმედუნარიან მაკონტროლებელ ორგანოს, მოუწოდებ მასმედიას გახდეს მეოთხე “ხელისუფლება” და აკონტროლოს ყველა და ყველაფერი და ამავე დროს ნოლზე დაგყავს იმ დაწესებულების როლი, რომელსაც გარდა დიდი ტრადიციისა, მაღალპროფესიული საკადრო ბაზაც აქვს შენარჩუნებული და თავისი ვერტიკალური დაქვემდებარების წყალობით, ყველაზე კონტროლირებადია ხელისუფლების უმაღლესი ეშელონისათვის. ვიცი, ვიცი, მიხეილები ხელებს იფშვნეტენ _სწორედ ამ “კონტროლიდან” გვინდა გამოვიყვანოთ ყველა და ყველაფერიო _ და “დემოკრატიისათვის” ბრძოლის ნიმუში ჰგონიათ ასეთი გადაწყვეტილება.
ისეთი ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება მაინცა და მაინც ამერიკული სტერეოტიპებით აზროვნება. პატარა ქვეყანა დიდ ექსპერიმენტებს უფრო მტკივნეულად აღიქვამს და განვლილმა პერიოდმაც დაამტკიცა ეს. უმთავრესი ექსპერიმენტიც მარცხით მთავრდება – ქვეყანაში, სადაც ილიასა და ვაჟას, ნიკო ნიკოლაძესა და სარაჯიშვილს უსმენდნენ, ქვეყანაში, სადაც ჭაბუა ამირეჯიბსა და ოთარ ჭილაძეს, მეცნიერსა და ხელოვანს უნდა უსმენდნენ - გვაიძულებენ ვუსმინოთ კერვალიშვილებსა და ქობალიებს, კიტოვანებს, ასათიანებსა და გელბახიანებს, ბოკერიებსა და სხვებს..
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშიც, ყოველგვარ დიდ - საზოგადო თუ პოლიტიკურ წამოწყებას, მაღალი კულტურისა და სულიერების მატარებელი პირები ედგნენ სათავეში – მათ მოიტანეს საქართველო დღემდე – ივანე ჯავახიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ და. . . გალაკტიონმა! დიახ, აწ უკვე ზოგიერთთაგან გალანძღულმა გალაკტიონმაც, თუმცა საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, რაზეც ვლაპარაკობ, ყოველ შემთხვევაში იცოდა, თუ არ დაავიწყდა...
ჰო! ჩავატარეთ ექსპერიმენტი – მწერლობა, კულტურა, მეცნიერება – გავმიჯნეთ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისაგან და თავი მოვუყარეთ ყველა ჯურის ვიგინდარას, რომელთაც პოლიტიკოსობა დაიბრალეს, პარლამენტშიც დასხდნენ და გამოგვიცხადეს – ელდარმა კინოს მიხედოს, მაგან პოლიტიკის რა იცის, მწერლებმა კალმები დალესონ, მეცნიერებმა თავიანთ ფოლიანტებს უკირკიტონ _ ჩვენ კი, ჩვენ – რომლებსაც არც ერთისა გაგვეგება რამე, არც მეორესი და მესამესი, ვიპოლიტიკოსებთო.
ჩავატარეთ ექსპერიმენტი და მივიღეთ ექსკრემენტი...
ათასი პრობლემითა და სააკაშვილის რეფორმირებული სასამართლოთი გასავათებულ-შეწუხებული გრუშე კი კითხულობს:
- ,,ისევ ჩაიფსი, მიხეილ?”
“ჩაიფსამდა”, აბა რა მოუვიდოდა, როცა ჯერ კიდევ გაუზრდელი სულიერებით, ჩამოუყალიბებელი ზნეობით, დაკარგული ეროვნული ცნობიერებითა და მორალით – რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ხელს კიდებს და ქვეყნის ,,შენებას” იწყებს.
ისე, კაცმა რომ თქვას, რას ვერჩით იმისტებსა და ამისტებს, როცა სწორედ ისინი, ვინც თავიდანვე “საქართველოისტი” იყო – მეცნიერი, ხელოვანი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე – გავრიყეთ და გავმიჯნეთ, თითიც დავუქნიეთ – ტელევიზიები, გაზეთები, დარბაზები, პარლამენტი ვიგინდარებით გამოვავსეთ.
ახლა კი, ძვირფასო ქართველო მწერლებო, კეთილი ინებეთ და დამიბრუნეთ თქვენი ღვთაებრივი ფუნქცია, ეკლესიასთან ერთად ზარდოთ ერის სული და გონი, ზნეობა საზოგადოდ, სათავეში ჩაუდექით და ქართული ინტელიგენცია აქციეთ საქართველოს წამყვან ინტელექტუალურ ძალად, თორემ მამაჩემსა აქვს ცხონება, შორს არაა ის დღეც, როცა მარტო ილიასა და გალაკტიონს კი არა, თითოეულ ქართველ მწერალსა თუ მეცნიერს, ძველსაცა და ახალსაც, პარლამენტის დადგენილებით გამოგაცხადებენ კაცობრიობისა და ცივილიზაციის მტრებად.
მე რომ მკითხოთ, ვაქკხანალიისათვის, რაც საქართველოში ხდება, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ინტელიგენციას გეკისრებათ. “ჩაფსმულ” მიხეილებს მე რა ჭკუა უნდა მოვკითხო, როცა, ვთქვათ, ომბუცმენის თანამდებობაზე ყველამ გამოაჩინა თავისი კანდიდატურა და თქვენ კი, მწერლობამ, ერთი კაციც ვერ დაასახელეთ. მამაცხონებულებო! თუ ნასამართლობაა ამისათვის აუცილებელი, აგერ არა გყავთ ჭაბუა ამირეჯიბი? თუ მხოლოდ მაღალი ზნეობა და ინტელექტი იკმარებს, ისე როგორ გამოწყდით, ერთი კაციც ვერ გამოჩხრიკეთ?
ჰო, თქვენ ერთი დიდი ნაკლი მართლა გაქვთ _ სააკაშვილებსა და კიდევ ბევრს, ქართველი მწერლები წაკითხული კი არა, გაგონილიც შეიძლება არ ჰქონდეთ, მაგრამ რა დავაშავეთ მე და ჩემმა შვილებმა, მაინცა და მაინც ცრუ პოლიტიკოსთა, ცრუ მოღვაწეთა, ცრუ ინტელექტუალთა ამარა რომ გვტოვებთ?
იმას, რაც დღეს ხდება, ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი უძღოდა წინ, და როგორ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, სწორედ იმ ნიშნითა და სულისკვეთებით წარიმართა ჩვენი დუხჭირი ცხოვრება; გაიხსენეთ ცხრა აპრილი _ უწმინდესისა და უნეტარესის გვერდით შემთხვევით მოხვედრილი ირაკლი წერეთელი როგორ უკითხავდა “მამაო ჩვენოს” მომიტინგეებს.
მორჩა! ის დღე იყო და მას მერე “მამაო ჩვენოს” გვიკითხავენ ირაკლები და მამუკები, პეტრიაშვილები და რცხილაძეები, ქორიძეები და რამიშვილები... და მიდის მას მერე ასე!
ზნეობას უზნეოები გვასწავლიან!
იურისპუდენციაზე გუშინ გამოჭყლეტილი უვიცები კამათობენ!
კორუფციას ქურდები ებრძვიან!
...
თქვენ კი დუმხართ, ინტელიგენტურად უჩუმდებით იმას, რასაც ქვეყნის დაქცევა-დასამარება ჰქვია!
რა ეშველება ყველაფერ ამას?
არც არაფერი, რადგან “ტროიკები” უკვე გამზადდა! მერე რა, თუ ეს “ტროიკები” საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელებს ატარებენ! მერე რა, თუ ამ “ტროიკებში” ასეულობით ადამიანია გაერთიანებული _ მით უარესი ჩვენთვის!
ხომ მოუსმინეთ ვინმე ქალბატონს, მგონი გვარად ბარნოვას _ ბალუაშვილის სახლთან უნდა გავმართოთ აქციაო!
ხომ მოუსმინეთ ჭკვიან და ინტელიგენტ პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძეს – ბალუაშვილი გენ-პროკურორის მოადგილე კი არა, პროკურორიც კი არ უნდა იყოსო!
ხომ მოუსმინეთ კანცელარიის შენობასთან მომიტინგეებს _ “ძირს საბჭოთა პროკურატურაო”!
რაო! უკვე დადგენილი იყო ბალუაშვილის დანაშაული? იცოდა ვინმემ სინამდვილეში ვინ იყო მტყუანი თუ მართალი?
ნიურა ბაირამოვა ბრალს დებს ელენე თევდორაძეს 22000 დოლარის ქრთამად აღებაში. (დავიჯეროთ?!)
“ტროიკის” პრინციპით ასეულობით ადამიანმა განაჩენი გამოუტანა ბალუაშვილს – იქ ვიღაც ვიგინდარამ სინაგოგაც მოუხსენია და მიდი, ბიჭო!
ასე იცის უწმინდესისა და უნეტარესის გვერდით და მის დაუკითხავად “მამაო ჩვენოს” კითხვამ!
ასე იცის კანონიერების სახელით უკანონობის კეთებამ!
ასე იცის თქვენმა დუმილმა – თქვენმა დანაშაულებრივმა დუმილმა ქართულო ინტელიგენციავ!
გატანჯულ-გაწამებული გრუშეების შეკითხვაზე _ ისევ ჩაიფსი, მიხეილო? -
უნდა ვუპასუხოთ: კი, ჩაიფსა! ჩაიფსამდა, აბა, რას იზამდა, როდესაც მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ ჩაიფსა და პატარა მიშიკოსაც მეტი რაღა უნდოდა!
გახსოვთ, ალბათ, ,,რევოლუციის” შემდგომ ნინო ბურჯანაძემ რომ წარადგინა გენპროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილი. ორი წუთის წინ დანიშნულმა გენერალურმა მაშინ პრესას გამოუცხადა - პროკურატურის შესახებ ამ კანო ით ჩვენ ვერ ვიმუშავებთო!
ეს იყო კვანძის გახსნა! უცებ გახდა ნათელი თუ რისთვის იყო საჭირო პროკურატურის რეფორმა -- უწყების პარალიზებისათვის!
















