(პროექტი)
ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის, ერისა და პოლიტიკურ ძალთა საერთო მიზნისათვის კონსოლიდაციის ლოზუნგით მოვიდა სათავეში. მიუხედავად ამ მომხიბლავი დაპირებებისა საპირისპირო შედეგი მივიღეთ: საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აქტუალური გახდა ე.წ. "გუნდურობის” პრინციპი, რომელმაც მწირი პარტიული არჩევანის გამო "კარუსელების” ფორმა მიიღო. დღემდე სამი მსხვილი "კარუსელის” მოწმენი გავხდით.
ფაქტია, რომ რომელიღაც (თუ უმრავლესობამ არა) ნაციონალმა მინისტრმა ვერ გაამართლა პრეზიდენტის ნდობა, რასაც წრეზე გადაადგილებები მოჰყვა. ასეთი შემთხვევა სამჯერ იყო.
ვფიქრობთ სავსებით კანონიერია კითხვა: რატომ ჩაიკეტა ხელისუფლება საკუთარი პარტიის ვიწრო ჩარჩოებში და რატომ მოუსპო თეორიული შანსიც კი არანაციონალ თანამოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში?
ვთქვათ, ლეიბორისტი თავდაცვის მინისტრი, თუკი იგი მაღალი დონის პროფესიონალი იქნებოდა, რატომ აღმოჩნდება ქვეყნისა და ხალხის მტერი და რატომ დაასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას? Aან მემარჯვენე ფინანსთა მინისტრი რატომ გაგვაკოტრებს? ბოლოს და ბოლოს არსებობენ მაკონტროლებლები და კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ერთიცა და მეორეც პასუხს აგებდნენ. რატომ ჰგონია პრეზიდენტს, რომ იგი მხოლოდ ნაციონალების პრეზიდენტია და მოყოლებული ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლების გამგეობამდე მხოლოდ ამ პარტიის აქტივისტებით უნდა დააკომპლექტოს ყველა სტრუქტურა? რამდენად სასარგებლოა ასეთი ჩაკეტილი წრის არსებობა და ხომ არ აღრმავებს იგი კონფრონტაციას პარტიული ნიშნით? ხომ არ ირღვევა ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია თანასწორობის შესახებ ან როგორ და რა მანქანებით მოხდა, რომ ერთ პარტიაში ყველაფრის მცოდნეებმა მოიყარეს თავი, სხვა პარტიებსა და უპარტიოებში კი მხოლოდ უვიცები დარჩნენ?
საით მივდივართ და როდემდე გაგრძელდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიკულარიზმი, რომელიც ასე ჰგავს კომუნისტურ მიდგომას საზოგადოებისადმი? ასეთი პოლიტიკური მიკერძოებულობით გვერდზე ხომ არ გვრჩება უმთავრესი მიზანი - ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და საზოგადოების ჭეშმარიტი გაერთიანება, რომელიც უპირველესად ჩვენს ცნობიერებაში უნდა მოხდეს?
და ბოლოს, როდის ველოდოთ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე "კარუსელს”, თუ იმედი ვიქონიოთ, რომ კარუსელების ეპოქა მთავრდება და ჩაკეტილ წრეში სხვა პოლიტიკური მრწამსის ადამიანებისთვისაც მოიძებნება ადგილი?
მომავალ შეხვედრამდე! უყურეთ 202-ს და ისიამოვნეთ - ნუ დაელოდებით ახალ კარუსელს!
















