გამარჯობა პატივცემულო მკითხველებო!
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უამრავ საფიქრალსა და კითხვას აღძრავს.
დღეს შევეხებით ერთ მათგანს.
მაგალითად, არ ვიქნებით ორიგინალურები, თუ გავიხსენებთ საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლს, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია `კანონის წინაშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.”
დავუშვათ, რომ თანასწორობის ეს პრინციპები მეტ-ნაკლებად დაცულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რა ვუყოთ და როგორ შევაფასოთ ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს პენსია ენიშნება _ ქალებს სამოცი და მამაკაცებს 65 წლიდან (გამონაკლისს კანონის თანახმად, სამხედროები და მათთან გათანაბრებული პირები წარმოადგენენ), ხოლო ჩვენი პარლამენტარები ასეთ პენსიას იღებენ განურჩევლად ასაკისა პარლამენტიდან გამოსვლის დღიდან. Eეს ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრი, რომელმაც ოცდახუთი წლისამ შეაბიჯა ამ საკანონმდებლო ორგანოში, უარეს შემთხვევაში 29 წლისა `საპატიო” პენსიონერი ხდება 500 ლარიანი ანაზღაურებით.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პარლამენტარებმა აშკარად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ასეთ კანონს უყარეს კენჭი.
ხომ შეიძლება, რომ ისეთმა ახირებულმა პოლიტიკოსმა, როგორიც ბატონი კობა დავითაშვილი ბრძანდება, ერთ მშვენიერ დღეს თავზე ხელი აიღოს და სარჩელი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნით– ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ხსენებული ნორმა, ვინაიდან იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლს თანასწორობის შესახებ?!
რა მოხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ პარლამენტარებმა საკუთარი თავი პრივილეგირებულ კასტად გამოაცხადეს ისევ და ისევ ხალხის ხარჯზე.
მომავალ შეხვედრამდე ჩვენს ეთერში.
















