ზომიერი ფრთის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ამერიკათმცოდნე ალექსანდრე უტკინია. წიგნში „ამერიკული იმპერია“, ჰეგემონისთვის აუცილებელ სამ კომპონენტს - სამხედრო ძალა, ეკონომიკა და კულტურული მიმზიდველობა - აშშ-ის მაგალითზე დეტალურად განიხილავს და ასკვნის, რომ ამერიკის ძლიერება უნიკალურია, რადგან მსოფლიოს ისტორიის არცერთ ეტაპზე, არცერთ ჰეგემონს ამგვარი უპირატესობა არ ჰქონია. მართალია, აშშ-სა და რომს შორის პარალელებს ავლებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ რომის ძლიერების პერიოდში აღმოსავლეთით არანაკლებ ძლიერი ჩინეთი იყო, ხოლო ამერიკის ამგვარ დამბალანსებელს იგი ვერ ხედავს. “ჩვენ შევედით უნიპოლარულ, ამერიკის იმპერიის, მსოფლიოში... დღეს, ყველა გზა ვაშინგტონში მიდის“.
უტკინი ამტკიცებს, რომ ამერიკულ იმპერიულ აზროვნებას დასაბამი ჯერ კიდევ დამფუძნებელმა მამებმა დაუდეს, რადგან სწორედ მათ შექმნეს მითი „ღმერთისგან რჩეულ ხალხზე“, რომელთაც უნდა შეექმნათ „ქალაქი ბორცვზე“, რომელიც მისაბაძი უნდა ყოფილიყო ყველა დანარჩენისთვის - „ეს მესიანისტური სურვილი გასდევს ამერიკის ისტორიას“. უტკინი წერს, რომ ამერიკელთა უმეტესობას არ სიამოვნებს, როცა მათ სამშობლოს იმპერიას უწოდებენ, ამიტომ გლობალურ ექსპანსიას „ღვთაებრივი ბედისწერით“ ხსნიან. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ იმპერიაა და არაფრით განსხვავდება ისტორიის მანძილზე არსებული იმპერიებისგან. პირიქით, მას მიაჩნია, რომ აშშ უფრო მეტად სასტიკ პოლიტიკურ მეთოდებს იყენებდა (იყენებს) - „რუსები იპყრობდნენ ერებს, ხოლო ამერიკელები ანადგურებდნენ მათ“.
ამერიკის ისტორიას უტკინი სამ პერიოდად ჰყოფს: 1. დაარსებიდან 19-ე საუკუნის მიწურულამდე. ამ პერიოდში ამერიკა ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული. 2. 1898-დან 1941 წლამდე - ამერიკამ სცადა მსოფლიოს ლიდერობის მოპოვება, თუმცა „იგი კვლავ ძლიერების ერთ-ერთ ცენტრად დარჩა“. 3. 1941 წლიდან დღემდე - ამერიკამ უარყო იზოლაციონიზმის პოლიტიკა და გლობალური ექსპანსიის გზას დაადგა. „იალტის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირს გადაეცა მსოფლიოს მესამე ნაწილი, ხოლო დანარჩენი ორი აშშ-ის საკუთრება გახდა“. გერმანიისა და იაპონიის დამარცხების, ბრიტანული და ფრანგული იმპერიების დასუსტებისა და საბჭოთა კავშირის „თვითგანადგურების“ შემდეგ, აშშ სუპერსახელმწიფო გახდა. უტკინი ამბობს, რომ მარშალის გეგმამ, ნატომ და იაპონიასა და გერმანიაზე კონტროლის მოპოვებამ მისცა უპირატესობა ამერიკას და ცივ ომში სწორედ ამიტომ გაიმარჯვა.
უტკინს მიაჩნია, რომ ამერიკის იმპერიის იდეოლოგია სამმა „პატრიარქმა“ - ზბიგნევ ბზეჟინსკი, ჰენრი კისინჯერი და სამუელ ჰანტინგტონი - ჩამოაყალიბა და კვლავ ეს სამი მეცნიერი „ქმნის 21-ე საუკუნის ჰეგემონის იდეოლოგიას“. იგი ასევე გამოყოფს რამდენიმე ტენდენციას, რომელიც მიაჩნია, რომ დომინირებდა ამერიკის პოლიტიკური აზროვნების განვითარების პერიოდში. განსაკუთრებულობა - დამფუძნებელ მამებს სჯეროდათ, რომ ქმნიდნენ ბიბლიურ „ქალაქს ბორცვზე“, რომელში მცხოვრები ადამიანებიც სხვა ხალხებისგან გამორჩეულები იქნებოდნენ. უნილატერალიზმი - ჯერ კიდევ, თომას ჯეფერსონი უარყოფდა ალიანსს სხვა ქვეყნებთან. ასეთი პოლიტიკა აქვს ჯორჯ ბუშ უმცროსსაც - „ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ მარტო, ჩვენ ამერიკა ვართ“. ექსპანსია - უტკინს მიაჩნია, რომ მექსიკასთან ომი და ლუიზიანას ყიდვა ამერიკული ექსპანსიის დასაბამი იყო. იმპერიალიზმი - ამ ტენდენციის დასამტკიცებლად უტკინი 1900 წელს სენატორ ბევერჯის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ეყრდნობა - „ამერიკელი ხალხი მსოფლიოს აღსადგენად ღმერთმა შეარჩია, ეს ამერიკელთა მისიაა“. ინტერნაციონალიზმი - პარიზის კონფერენციაზე ვილსონის პოლიტიკას სწორედ ამ ტერმინით ხსნის უტკინი და მოჰყავს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლოიდ ჯორჯის სიტყვები: „პრეზიდენტი თავის თავს უწოდებს მესიას, რომლის მისიაც ევროპელთა გადარჩენაა“. შეკავების პოლიტიკა , რომელსაც დასაბამი კენანის „გრძელმა დეპეშამ“ დაუდო და ცივი ომის პერიოდში გრძელდებოდა.
უტკინს მიაჩნია, რომ იმპერიული ამბიციების ასასრულებლად აშშ-ში ოთხი საგარეო პოლიტიკური მიდგომა არსებობს: ჰეგემონური რეალიზმი - ამ მიდგომისთვის დამახასიათებელია უნილატერალური პოლიტიკა, სამხედრო ძლიერების კიდევ უფრო გაზრდა, ბაზების შექმნა მსოფლიოს მრავალ წერტილში და დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისთვის ყველა რეგიონში, ნებისმიერი საშუალებით, ხელის შეწყობა. მოდერაციული რეალიზმი -ამ მიდგომის მიხედვით პერიფერიებში ინტერვენციისგან აშშ-მა თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს მის პოზიციას ასუსტებს და კონცენტრაცია უნდა მოახდინოს მნიშვნელოვან რეგიონებზე, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას. უნდა შეწყდეს უნილატერალური პოლიტიკა. ჰეგემონური ლიბერალიზმი - აშშ-მა საგარეო პოლიტიკა ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა აწარმოოს, რადგან მიზნების მიღწევა ძალადობის გარეშეც შეუძლია. ნეოლიბერალური ინტერნაციონალიზმი - ვაშინგტონმა დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას ხელი უნდა შეუწყოს, რადგან დემოკრატიები არ ომობენ - „დემოკრატიულ მსოფლიოში ნაკლები საფრთხეა“. ასეთი ხედვის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მსოფლიოს წესრიგზე მორალური პასუხისმგებლობა აკისრია.
„ისტორია გვასწავლის, რომ ჰეგემონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსოფლიო პოლიტიკის დაუწერელი კანონია - ძალაუფლება შობს საპირისპირო, დამაბალანსებელი ძალის ცენტრს. ჰეგემონის ბედი ცნობილია. რატომ იქნება ამერიკა გამონაკლისი?“ თუმცა, ამტკიცებს, რომ აშშ-ის რეალური დაბალანსება მხოლოდ გაერთიანებულ ევროპას შეეძლება. მისი აზრით, ევროპაში ვაშინგტონი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის ატარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ევროპა გაერთიანდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს მას. „აშშ-ს ევროპის გაერთიანების ყველაზე მეტად ეშინია, რადგან ეს მისი ჰეგემონობის დასრულების უმოკლესი გზაა“.
უტკინი თვლის, რომ ამერიკის ძლიერება სრულყოფილი არ არის და მასაც აქვს ხარვეზები. ის, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 90% სტატუსკვოთი უკმაყოფილოა, ჰეგემონის პოზიციებს აკნინებს, თუმცა, უტკინის აზრით, ვაშინგტონის ძლიერებას ყველაზე მეტად კოლექტიური პასუხისმგებლობის უარყოფა, უნილატერალური პოლიტიკა ანგრევს (ამერიკელები თვლიან, რომ რაც კარგია მათთვის, კარგია მთელი მსოფლიოსთვის) - „გადაჭარბებული შეხედულება საკუთარ თავზე ძირს უთხრის იმპერიას“. უტკინს ასევე მიაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული კეთილდღეობა იწვევს მორალურ დეგრადაციასა და ამერიკის იმპერიის დასუსტებას. „ინფორმაციული გახსნილობის ეპოქაში, რთულია ჰეგემონმა პოზიციები დიდხანს შეინარჩუნოს“.
უტკინი შესანიშნავად იცნობს ამერიკის ისტორიასა და განვითარების ტენდენციებს. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში, ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებეს, თუმცა, საერთო ჯამში, მას სწორი დასკვნები გამოაქვს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით რადიკალურ ფრთასთან, რომელიც ძირითადად ნეოევრაზიონისტულ სკოლასთან ასოცირდება, მიმართებაში.
გეოპოლიტიკოსი, ნეოევრაზიონისტული სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ალექსანდრე დუგინი, ამერიკას განსხვავებულად აღიქვამს. მას მიაჩნია, რომ „კუნძულის ცივილიზაცია“ (აშშ) ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთის გარშემო ევრაზიული იმპერიის შექმნას, რომელიც ამერიკის ლიდერობას დაასრულებს. იგი თვლის, რომ ცივ ომში დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც გეოპოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი. საბჭოთა კავშირის მიმართ „შეკავების პოლიტიკასა“ და ამერიკელი მეჰენის მიერ შემუშავებულ „ანაკონდას“ პრინციპს (ჰარტლენდის, ევრაზიის კონტინენტის, საზღვაო ბლოკადა) შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ცივ ომში აშშ-ის ტრიუმფს, საზღვაო სახელმწიფოს (აშშ) სახმელეთო სახელმწიფოზე (საბჭოთა კავშირი) გამარჯვებად აღიქვამს.
უტკინისგან განსხვავებით, დუგინის აზრით, ამერიკაში ორი „მონდიალისტური“ (ტერმინს ამერიკის ლიდერობით გაერთიანებული მსოფლიოს აღსანიშნავად იყენებს) იდეოლოგია დომინირებს: მემარცხენე და მემარჯვენე მონდიალიზმი. მემარცხენე მონდიალიზმის უმთავრესი წარმომადგენელი ფრენსის ფუკუიამაა, რომელსაც მიაჩნია, რომ „მსოფლიოს ინტეგრაცია ერთ მთლიანობაში უკვე მოხდა - დასავლეთმა გაიმარჯვა, ისტორია დასრულდა“. მემარჯვენე მონდიალიზმი მომავალს პესიმისტურად უყურებს. მისი თვალსაჩინო წარმომადგნელი სამუელ ჰანტინგტონია, რომელიც თვლის, რომ მსოფლიო მთავრობის შექმნისას „ცივილიზაციათა კონფლიქტი“ მთავარი დაბრკოლება იქნება. დუგინი არ ეთანხმება ჰანტინგტონს იმაში, რომ ევროპა და ამერიკა კვლავ ერთად დასავლურ ცივილიზაციაში გაერთიანდებიან. უტკინის მსგავსად, იგიც თვლის, რომ ევროპა დამოუკიდებელ პოლიტიკას აირჩევს. თუმცა, „მუხტის მისაცემად რუსეთმა უნდა შეიმუშავოს მრავალი პროექტი“. იგი ასევე მიიჩნევს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ ორთოდოქსული და ისლამური ცივილიზაციები, რადგან მათ საერთო საფუძველი - ანტიდასავლური განწყობა - აქვთ.
დუგინის აზრით, გაერო „მონდიალისტური წრის“ გაგრძელებაა და ემსახურება ატლანტისტურ პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას მსოფლიო მთავრობა, აშშ-ის მეთაურობით. „ამერიკამ ასეთი გეგმა შეიმუშავა და ავითარებს. იგი საფრთხეს უქმნის ყველა ხალხს და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტიტეს. მონდიალისტურ სამყაროში ყველანაირი სუვერენტიტეტი გაქრება“. უტკინისგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნია, რომ აშშ-ის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მხოლოდ ევროპას აქვს, დუგინი თვლის, რომ „რუსეთს, ევრაზიის გულს, როგორ ჰარტლენდს, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ყველაზე მეტად შეუძლია შეეწინააღმდეგოს ატლანტიკურ გეოპოლიტიკას და გახდეს ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი“. საბოლოო ჯამში, დუგინიც, უტკინის მსგავსად, ამბობს, რომ უნიპოლარული სისტემა არასტაბილურია და ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი უნდა გაჩნდეს, რადგან ამერიკელთა თვითრწმენა საკუთარი უნიკალურობის შესახებ „არასწორია, ამორალურია და მიუღებელია სხვა ძალების მიერ“.
პოსტსაბჭოტა სივრცეში „ფერად რევოლუციებთან“ და აშშ-ის „ევროპულ პოლიტიკასთან“ დაკავშირებით საინტერესო ხედვა აქვს ნეოევრაზიონისტული სკოლის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ალექსანდრე ელისეევს. მას მიჩნია, რომ ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას იწყებს, ხოლო რუსეთს აქვს შანსი შექმნას „მოსკოვ-ბერლინ-პარიზის“ გაერთიანება, რომელიც ამერიკის მთავარი დამბალანსებელი გახდება. სწორედ ამის ჩასაშლელად ამერიკამ „ფერადი რევოლუციების კარტი გაათამაშა“. ელისეევს მიაჩნია, რომ უკრაინის პროდასავლური კურსი ამერიკისგან იყო ნაკარნახევი, რაც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ისახავდა მიზნად. არეულობა კი ადვილად შესაძლებელი იქნებოდა, რადგან უკრაინის მოსახლეობის უმეტესობას არ სურდა ნატოში გაწევრიანება. „უკრაინაში არეულობა გამოიწვევდა ევროპის ენერგოკრიზისს, რადგან რუსული ენერგიის მთავარი გამტარი სწორედ ეს ქვეყანაა, ხოლო თავის მხრივ, რუსეთში კი ფინანსური კრიზისი მოხდებოდა“ (ელისეევს მიაჩნია, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ნატოში გაწევრიენების შანსი საერთოდ არ ჰქონდა). ელისეევის აზრით, აშშ-ის გეგმა ჩავარდა, რადგან საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დაბლოკეს, ხოლო ამის შემდეგ რუსეთისა და ამ ქვეყნების დაახლოვება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.
ნეოევრაზიონისტული სკოლის წარმომადგენლები არაობიექტურად აანალიზებელ ამერიკის პოლიტიკას და სწორედ აქედან გამომდინარე, მათი დასკვნები შეთქმულების თეორიებს უფრო წააგავს. უტკინისგან განსხვავებით, მათი ნააზრევი სცდება ობიექტურ ჩარჩოს. რთულია იმის თქმა თუ მათი ნააზრევი რამდენად ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიმღებებზე, თუმცა ნათელია, რომ საზოგადოებაში მათი იდეები პოპულარულია. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ რუსული საზოგადოებაში შეთქმულების თეორიებზე მოთხოვნილება კვლავინდებურად მაღალია, რაც თავის მხრივ, რუსეთის მოდერნიზაციის უმთავრესი დაბრკოლება გახდება.
















