თბილისური ბართლომეს ღამე შედგა. ბევრი სისხლიც დაიღვარა. ვისაც გონება ეკითხებოდა, მიხვდა, რომ მიშას მიტინგის დაშლა კი არა, მომიტინგეების სამაგალითო დასჯა უნდოდა. დასაჯა კიდეც. კიდევ ერთი, რაც ყურადღების მიღმა რჩება; მიტინგის ორგანიზატორთა და ხელისუფლების მიზნები ბოლო დღემდე ერთი და იგივე იყო; ხელისუფლება მონდომებით ამტკიცებდა, რომ მომიტინგეები შეიარაღებული გამოსვლისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ასეთის აღსაკვეთად არაფერს აკეთებდა;
ბურჯანაძის ჯგუფი გულში მჯიღს იბაგუნებდა და 25-ში მეორედ მოსვლას პირდებოდა სააკაშვილს; ხელისუფლება ღია ეთერით აქვეყნებდა ოპოზიციის ,,საიდუმლო" თათბირების მასალებს, ,,ეჭვმიტანილები" კომპრომატების უარსაყოფად თავსაც არ იწუხებდნენ. მეტიც; ზოგ შემთხვევაში ორაზროვანი ანგლობებით ადასტურებდნენ კიდეც აგრესიული გეგმების არსებობას. მოკლედ, ორივე მხარე აქტიურად მიდიოდა მასშტაბური სისხლისღვრისაკენ - ეს ორივეს ინტერესებში შედიოდა და ორივე აქტიურად აქეზებდა მეორე მხარეს. გაიმარჯვებდა ის, ვინც უცოდველი კრავის ქურქს მოირგებდა. ასეულობით ადამიანი სასტიკად გაილახა, ათეულობით კი დააპატიმრეს და სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს. არავინ შეხებია აქციის მთავარ ფიგურანტებს - ბურჯანაძეების კლანს და ეს კიდევ ბევრ რამეზე მეტყველებს.
















