ძირს მიშა! გაუმარჯოს მიშას! მიშას ჩამოსაგდებად ,,მიშების" რიგი დგას. ყოველი მათგანი აცხადებს - ,,მე რომ მოვალ"... უფრო თავმდაბლები მოკრძალებულად გვამცნობენ - ჩვენ რომ მოვალთ"... სავსეა ქართული ოპოზიცია ,,მიშებით". სასხვისოდ არავის ვემეტებით, ყველას სათავისოდ ვეგულებით. საქართველო კი დიდი ხანია ქართველ ხალხს ჩამოართვეს. არავინ ფიქრობს ხალხის მოშვებაზე ხელისუფლებაში. რუსეთთან შეთანხმებული და რუსეთშივე დაგეგმილი ბურჯანაძე - ბიწაძის რევოლუცია სისხლისღვრაზეა გათვლილი.
არც მიშაა ქართველთა, განსაკუთრებით თბილისელთა სისხლის დაღვრის წინააღმდეგი, მაგრამ არა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ხალხი კი არც ხელისუფლებას ენდობა... კიდევ უფრო ნაკლებად ოპოზიციას. ნამდვილი ,,გმირი" კი არ ჩანს - ,,გმირი," რომელიც იტყვის: ,, მიშა ნებით არ წავა, მაგრამ დიდია საფრთხე, რომ მიშას სხვა ,,მიშა" შეცვლის - მთელი ოპოზიცია, ორიოდე კაცის გამოკლებით, ,,მიშების" ხროვაა! ჩვენ ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდით.
საბჭომ დეკლარაციით უნდა მიმართოს ხელისუფლებას და ოპოზიციას და მოთხოვოს მათ პოლიტიკური პროცესებისგან 5 წლით გამიჯვნა. ასეთი მოთხოვნის საფუძველია საქართველოში ამ პოლიტიკური ძალებისა და ფიგურების მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. იგივე დეკლარაციით უნდა გავემიჯნოთ რუსეთს, როგორც აგრესორ ქვეყანას და ნებისმიერი პრორუსული პოლიტიკური ძალა ავკრძალოთ საქართველოში.
დაუყოვნებლივ, ერთი კვირის ფარგლებში, ნებისმიერი საშუალებით, დასავლეთის ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური დიალოგითა და მათი პროცესებში ჩართვით, ხელისუფლებიდან გავუშვათ სააკაშვილი და მისი გუნდი.როგორც კი გავუშვებთ მიშასა და ,,ნაცებს," ანტიკრიზისული საბჭო ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ ნაციონალებსა და სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიებს.
საარჩევნო სია იქნება მაჟორიტარული და კანდიდატებს - სამმაგი ოდენობით წარმოადგენს ანტიკრიზისული საბჭო. იგივე საბჭო უახლოესი 1,5 თვის განმავლობაში ატარებს არჩევნებს და ამავე პერიოდში მართავს ქვეყანას"... მაგრამ ,,გმირი" ჯერ არ ჩანს; ჯერ ავანსცენაზე ,,მიშები" არიან: ბურჯანაძეები, ბიწაძეები, ოქრუაშვილები, კიწმარიშვილები, გაჩეჩილაძეები, სხვანი და სხვანი და ამიტომაც ხალხი სახლში ზის და ითმენს, ელოდება ,,გმირს"!
















