მრავალი წლის განმავლობაში ქართველებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ბიძინა ივანიშვილზე, რომელთანაც გასულ კვირამდე პრესას მხოლოდ ერთი ინტერვიუ ჰქონდა ჩაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. მაგნტამა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში დააგროვა, თბილისის შემოგარენში, თანამედროვე, საგანგებოდ აგებულ სასახლეში ცხოვრობს და როგორც ამბობენ, იქ ზებრებიც ჰყავს.
ის ცნობილია ასევე თავისი ქველმოქმედებით და იმით, რომ პირადად აფინანსებდა ასობით, თუ ათასობით არა, ქართველ მხატვარს და ინტელექტუალს. მაგრამ ის ნებიმიერი ტიპის საჯაროობას გაურბოდა, ამიტომ საყოველთაოდ მიჩნეული იყო, რომ პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნდა.
არ გააჩნდა დღევანდელ დღემდე. თავის ქაოტურ ღია წერილში, რომელიც ორი კვირის წინ გამოქვეყნდა და რომლითაც მიხეილ სააკაშვილს და ქართველ ხალხს მიმართა, ივანიშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ხელთათმანი ესროლა. მან განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში შექმნილი ვითარება აწუხებს და რომ ორჯერ გადაწყვიტა ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლა. „მე შევძელი გადამელახა ჩემში ეს შიში, ეჭვი და სკეპტიციზმი“, – წერს მილიარდერი. „ახლა ჩემი ჯერია“.
ქარიზმატული სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა და პირობა დადო, რომ საბჭოთა ეპოქის კორუფციას და დიქტატურას ბოლოს მოუღებდა და საქართველოს ევროპულ დემოკრატიად გადააქცევდა. მას შემდეგ ქვეყანა კარდინალურად შეიცვალა, ეკონომიკის სფეროში და უსაფრთხოების სტრუქტურებში რეფორმები გატარდა, თუმცა ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი ყოველთვის დიქტატორობისკენ იყო მიდრეკილი.
კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მისი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, მან უნდა დატოვოს თანამდებობა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილმა თავისი მოწინააღმდეგის, ვლადიმერ პუტინის კურსს შეიძლება მიბაძოს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, რომლის გავლენა ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა.
„მე ვიცი, რომ მას ხელისუფლებაში დარჩენა უნდა“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში, რომელიც მისი წერილის შემდეგ გამოქვეყნდა. „ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“. მან აღნინა, რომ ოპოზიციური ძალების ზოგიერთ წარმომადგენელს დაუკავშირდება და რომ საქართველოს პარლამენტში ყველაზე მსხვილი ფრაქციის შექმნას გეგმავს.
პოლიტიკურ სცენაზე ბ-ნი ივანიშვილის მოულოდნელ გამოჩენას, ისეთი კამპანია მოჰყვა, რომელიც მის წინააღმდეგ კარგად დადგმულ კამპანიად შეიძლება შეფასდეს. მას საქართველოს პასპორტი ჩამოართვეს იმის საფუძველზე, რომ საფრანგეთის მოქალაქე გახდა. საქართველოს ტელევიზიით, რომელსაც ძირითადად სახელმწიფო აკონტროლებს, მას კრემლის აგენტად წარმოაჩენდნენ, ხოლო მისი ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით რეიდი ჩატარდა.
მილიარდერი ამტკიცებს, რომ ის კრემლის მარიონეტი არ არის და განაცხადა, რომ უნდა „ევროპა გააკვირვოს დემოკრატიის იმ ხარისხით“, რომელსაც ის ქვეყანაში შექმნის.

















კომენტარები