
(საგანმანათლებლო რეფორმის კონცეპტუალური უზრუნველყოფის საკითხისათვის)
სადღეისოდ საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს განვაცხადოთ, რომ XIX - XX სს-ის ქართველ განმანათლებელთა მემკვიდრეობა, განსაკუთრებით კი მათი პუბლიცისტიკა, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ჯერ კიდევ არაადეკვატურადაა ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია ვაღიაროთ, რომ ეს მემკვიდრეობა, ქვეყნისა და ერის წინაშე ათწლეულობით მდგარ უმთავრეს პრობლემებს, დღემდე რომ თავს გვაბეზრებენ, ვერ აცნობიერებს, არ ეხება, გვერდს უვლის და ა.შ.
მკითხველთა იმ ნაწილისათვის, ვისთვისაც წერილის ამგვარ დასაწყისს გადაჭარბების ელფერი დაკრავს, ან კიდევ მეტი - მიუღებელიცაა, განვმარტავთ, რომ წერილის თანმხლებ ფოტოკოლაჟზე წარმოდგენილი პიროვნებები არ არიან მეორე რიგის ინტელექტუალ-მამულიშვილები ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟას და გალაკტიონის შემდეგ, როგორც მათ ასეთად თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცე წარმოგვიდგენს. უფრო მეტიც: XIX საუკუნის 60-იანელთა უგანათლებულესი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძე (რომლის სახელი საერთოდაც არ იხსენიება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში!), მისეული პუბლიცისტიკისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების კონკრეტულობათა აღქმის შემძლეთა აზრით, ეგებ გონებრივად ყველაზე აღმატებული, დღემდე დაუფასებელი მამულიშვილია.
ფიქრში და ძიებებში დაუღალავმა ბატონმა კონსტანტინემ (გამსახურდია) და შემდგომ აკაკი ბაქრაძემ, განმარტა, რომ ამგვარი ვითარება მცირე ერების დამახასიათებელი სინდრომია - ისინი (ერები) გაურბიან დიდ ადამიანთა სიმრავლეს. ვფიქრობთ, რომ ქართველთა შემთხვევა იმითაცაა დამძიმებული, რომ აღმოსავლური აზროვნების გავლენის ქვეშ საუკუნეების მანძილზე მყოფი და შესაბამისად - აღმოსავლური ღირებულება-ფასეულობათა სისტემით სტრუქტურიზებული ქართული სააზროვნო სივრცე, უმაღლეს ღირებულებად, დღემდე მხოლოდ მხატვრულ აზროვნებას მიიჩნევს.
ამ გადახვევის შემდეგ, ისევ წერილის ძირითად თემას ვუბრუნდებით.
თავიდანვე ვიტყვით, რომ ჩვენი რწმენით, ქართველ განმანათლებელთა მემკვიდრეობა, ერის წინაშე არსებულ პრობლემათა აღწერა-მოგვარების უშრეტი წყაროა. ამგვარი ინტელექტუალური სიმძლავრეებით შეიარაღებული ერი, სადღეისოდ, მოწინავე ერების მხარდამხარ განვითარების ახალ სიმაღლეებს უნდა იპყრობდეს. სხვა სიტყვებით: ჭეშმარიტი განვითარებისათვის აუცილებელი და საკმარისი იდეების არსენალი არსებობს. სხვა საკითხია მათ რაობაში გარკვევა და გამოყენება.
რეალობა კი სრულიად სხვაგვარია ...
მრავალ ფაქტორთა ურთიერთმოქმედების შედეგად სინამდვილედ ქცეული (ძალად განამდვილებული!) ამგვარი პარადოქსი, ვფიქრობთ, ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუციის დაფუძნებას გვკარნახობს, რომლის უპირველეს საზრუნავად ერში არსებული ინტელექტუალური რესურსების - ცოდნა-გამოცდილების კაპიტალის გამოვლენა, სისტემატიზება და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების გზა-რეკომენდაციების შემუშავება უნდა წარმოადგენდეს.
თუ რამდენად დისტანცირებულნი ვართ სადღეისოდ ამ ამოცანის არათუ გადაჭრის, არამედ აქტუალობის გაცნობიერებისაგანაც კი, ოთარ ჭილაძის სიტყვებით გადმოვცემთ:
„დღეს წითელი პარასკევია, ზეგ აღდგომაა! უკანასკნელ წლებს თუ გავაანალიზებ, ლიკანში უნდა ვიყო უკვე, მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია საამისოდ. ვნახოთ, ამჯერად, ვინ „გაიღებს მოწყალებას“, ვინ გადაიხდის ჩემი საგზურის ფულს, რომლის ყიდვაც თავად არ შემიძლია - ექვსი პოეტური კრებულის, რასინის, ბაირონის, ლონგფელოს, პუშკინისა და სხვათა მთარგმნელს, ოთხი გამოცემული (?) რომანის ავტორს. ასეთია სულიერ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში იმ ხალხისა, რომლებსაც ღირსებისა და სინდისის მეტი აღარაფერი გააჩნიათ და ისიც ეეჭვებათ, სჭირდება თუ არა ვინმეს მათი ღირსება და სინდისი! ასე, რომ, ხვალ, შეიძლება, გაცილებით ნაკლები აღმოვჩნდეთ „ასეთები“, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლება ნებისმიერი პიროვნების ღირსებაში არ იხდის ფულს. უფრო ნათლად თუ ვიტყვით, მშვენივრად იცის, ვინ არჩინოს და ვინ მიაგდოს ბედის ამარა. სხვათაშორის, არასდროს შეშლია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არც მომავალში შეეშლება“ („ცა მიწიდან იწყება“, 2010, „ინტელექტი“, ტექსტის ჩაწერის თარიღი -1995წ.).
ამ ჩანაწერში ბოლო ორი წინადადების არსი, ჩვენი აზრით, იმდენად ღრმა და შესანიშნავია, რომ ეგებ არც ღირდეს ამ წერილის გაგრძელება. წერტილის დასმა გაგვიჭირდა იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად ტიპიურია ამგვარი ვითარება ბოლო საუკუნენახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში.
მეტად საგულისხმო პუბლიცისტურ წერილში - „ლაყბობა“, აკაკი წერეთელი, გამოჩენილ პიროვნებათა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრისას, ოთარ ჭილაძის მიერ ხელისუფალთა მისამართით ნათქვამის სრულფასოვანი აღქმის გასაღებს გვაძლევს: „...მზე რომ ყოველ-დღე არ ამოდიოდეს, ვარსკვლავები რომ ყოველ-ღამ არ იჭედებოდნენ ცაზე და მხოლოდ ერთ დღეს როდისმე წლის განმავლობაში გამოჩნდებოდნენ ხოლმე ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ამბავი იქნებიდა მაშინ!.. აღტაცებაში მოსული, გაკვირვებული და გაოცებული ხალხი სულ ერთიანად საცქერლად გავიდოდა - და მერეც ერთი დაუცხრომელი განგაში და საუბარი ექნებოდათ... მაგრამ დღეს კი მიჩვეული რომ ვართ ზედაც არ ვუყურებთ. ...ერთი სიტყვით, რაც ყოველთვის თვალწინ გვიდგას და ნამდვილიც არის, ის არაფრად მიგვაჩნია და მოგვწონს მხოლოდ ის, რაც ხან-დახან მოგვეჩვენება ხოლმე. კიდევ გავიმეორებთ, რომ ვისაც კეთილ-დღეობა უნდა, ესეები ყველა უნდა კარგად იცოდეს და ისე დაიჭიროს ხალხში თავი, როგორც ხალხის გრძნობა-გონება მოითხოვს!.. ეს ჭეშმარიტება შუათანა ჭკუა-გონების კაცებს, იმ პატარა ქმნილებებს, უფრო კარგად აქვს შესწავლილი და უკეთ სარგებლობენ, ვიდრე დიდი ჭკუის პატრონები!.. ეს უკანასკნელები თითქმის სულაც არ აქცევენ ამ აუცილებელ ჭეშმარიტებას ყურადღებას და მით ცხოვრებას იმწარებენ... რა არის ამის მიზეზი? გრძნობა! პატარა კაცები კუჭითა ჰგრძნობენ, და მთელი ქვეყანა მსხვერპლადაც რომ შეიწირონ. არ ენაღვლებათ! - ნამდვილის ჭკვიანების გრძნობა უფრო მაღალი სულის მოთხოვნილებაა“.
ნიკო ნიკოლაძე:
„ჩვენში სრულ პატივისცემას და სიყვარულს იწვევს იმ ადამიანთა ტანჯვა, რომელთაც არსებითი რამ მიუტანიათ მსხვერპლად იმის სასარგებლოდ, რაც მათ თავიანთ რწმენად ან საზოგადო სიკეთედ მიაჩნდათ ... ჩვენ არასოდეს არ ვივიწყებთ და, ვიმედოვნებთ არც შემდგომში დავივიწყებთ იმას, რომ ეს ტანჯვა, - ისევე, როგორც მთელი მოღვაწეობა იმ ადამიანებისა, რომელთაც ტანჯვა განუცდიათ ან არ განუცდიათ, - უმუშავნიათ რა ხალხისათვის სიკეთის მოსატანად, - ჩვენთვის ძვირფასია და იწვევს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თუნდაც ერთი ნაბიჯით, თუნდაც ნახევარი ნაბიჯით მოგვიახლოვეს ამ სიკეთის განხორციელება ...“ (ნიკო ნიკოლაძე, პუბლიცისტური წერილიდან - „Роль революционеров“, 1868 წ.).
თითქმის საუკუნენახევრის წინ დაწერილი ეს შეგონება, 47 წლით რომ უსწრებს წინ წიწამურის ტრაგედიას, ვფიქრობთ ღირებულია ყველა თვალსაზრისით და განსაკუთრებით იმიტომ, რომ გვაფიქრებს უმთავრეს კითხვაზე: რა შეიცვალა საზოგადოებრივ სიკეთე-ღირებულებების შემოქმედ პიროვნებების მიმართ ბოლო საუკუნის საზოგადოებრივ ცნობიერებაში?
თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი აშკარად უარყოფითია: საქართველოში „იმ ადამიანთა ტანჯვა“, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულშიაც, უცვლელად გრძელდება. ვითარების ოდიოზურობაზე კონკრეტული საუბარი, შეუძლებელია ქართველ მოღვაწეთა ნააზრევის გრძლად ციტირების გარეშე, რაც, ჩვეულებრივ, მკითხველის გაღიზიანებას იწვევს. „წარმოადგინეთ თქვენი შეხედულება, კლასიკოსების აზრი ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი!“ - სოციალურ ქსელებში მობინადრე - ახლადმოვლენილ ექსპერტთა და კომენტატორთა ამ არგუმენტზე გარკვევით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კლასიკოსთა ყველა ნააზრევი რომ ფართო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, უთუოდ ყურადსაღები და ადვილადაც გასაგები იყოს, ვითარება, რომლის აღწერასაც ამ წერილში ვცდილობთ, ვფიქრობთ, კარდინალურად განსხვავებული იქნებოდა.
UNESCO-ს წლევანდელი იუბილიარი, - კაცი, რომელიც ილიასთან და აკაკისთან ერთად, ახალი ქართული ლიტერატურის შემოქმედად იხსენიება, ამ საგანზე თავის განცდებს ამგვარად გადმოგვცემს:
„ავიღ-დავიღე ცხოვრება,/ ჩემი შრომა და კაცობა;/ დიდ რამედ არ მიმაჩნია,/ ტანჯვა ჩემთვის არს გართობა./ მოძმედ კი დიდად მიიღეს, / მომიხსენიეს ქებითა./ ხარი ფერდ-ფერდზე მიკრული/ გადახრეშილის ქედითა./ აღარც თივაა ჩემთვისა,/ აღარც ბზე, აღარც ნეკერი./ ქება ბევრია უსაზღვრო, / მხოლოდ სალამი ერთფერი./ ამ ოინების მხილველსა / ჩამეცინება მწარედა: / თუ მართლა კარგი რამა ვარ, /რად გამომაგდეს გარეთა?! ...“ (ვაჟა ფშაველა, „კაფია“, 1910წ. 6 აპრილი).
მივაქციოთ ყურადღება თარიღს: ვაჟას ამ დროისათვის თავისი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი შექმნილი აქვს. მაინც მუდმივად „კაი ყმის“ თემას დასტრიალებს. მისი ამგვარი განცდა-განწყობა პატარა შედევრში - „გიორგი სააკაძის სურათზე“ (1910 წ.), მთელი სისრულით ვლინდება:
„ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ/ მეორე სახე მე მეხატება/შენი ქვეყნისა - საქართველოსი./ რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:/ თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,/ კარგი შვილები რად გვებადება?/ შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,/ ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება? /ცრემლები მაღრჩობს ვეღარას ვამბობ;/ კარგის დაღუპვა რად გვენატრება?/ ჩვენი შვილისა, ჩვენივე ძმისა?!/ ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება./ ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,/ არ გეკადრება, არ გეკადრება! “
საზოგადოებაში არსებული ცოდნა-გამოცდილების კაპიტალის იდენტიფიცირების ვერ შემძლე ხელისუფლება ერთ სფეროში მიღწეულ ნაწილობრივ წინსვლა-პროგრესს საყოველთაო წარმატებად რომ წარმოგვიდგენს, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან დისტანცირებულ - „პოტიომკინის სოფლებიდან“ თვითგარიდებულ მოაზროვნე-ინდივიდებს, საზოგადოებისაგან გარიყულის ქვეტექსტით, ჯიუტად „მარგინალებად“ მოიხსენიებს. პუბლიცისტურ წერილში - „მეფე და წინასწარმეტყველი“ (www.kalmasoba.com) - კახა კაციტაძე, ქართული კულტურის ისტორიაში ხელისუფლების აღქმის საკითხზე მსჯელობს და თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ცოდნის პოზიციებიდან ამხელს საზოგადოებრივ ცნობიერებაში „მარგინალის“ უარყოფით კონტექსტში დამკვიდრების მცდელობებს.
ცნობილია, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და საერთოდაც კულტურაში მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე, წარმატებული ეროვნული ეკონომიკა ვერ განვითარდება და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტიც ვერ განხორციელდება. სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი შინაარსობრივად ხომ ისაა, რისი განამდვილების შემძლეა, - რა ინტელექტუალური სიღრმეების ამოზიდვა შეუძლია ერს თავის წიაღიდან საერთაშორისო ვითარების ცვლილებების შედეგად წარმოქმნილ გარე (ეგზოგენურ) საფრთხეების მოსაგერიებლად და საკაცობრიო განვითარებისათვის ფეხის ასაწყობად და არა ის, თუ რამდენად ჯიუტია ხელისუფლების სურვილი საერთაშორისო დონეზე პაექრობა გაუმართოს რესურსებით საქართველოზე მრავალ ათეულჯერ აღმატებულ, თუნდაც კონსოლიდირებული ავტორიტარული მმართველობის ქვეყნების ლიდერებს.
მოაზროვნეთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის სიღრმეებში წვდომის და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ადეკვატურად ასახვის გარეშე, საზოგადოებრივ ცნობიერებაში სასიკეთო და შესატყვის სოციალ-ეკონომიკურ ცვლილებებს, არ უნდა ველოდეთ. ცალკეულ სპეციალისტთა ძალისხმევით სასკოლო სახელმძღვანელოებში უკვე არსებული, ავტორთა პროფესინალიზმის ამსახველი შედეგები, მკაფიო სახელმწიფო-საგანმანათლებლო პოლიტიკის (Deliberate policy) არ არსებობის ვითარებაში, ფრაგმენტალური მნიშვნელობის ფარგლებს ვერ სცდება. არარსებულის არსებობის ილუზიას კი ქმნის - იქნებ ამაშია მავან ფსევდო პოლიტიკოსებისთვის მათი დანიშნულება?! თითქოსდა არის, მაგრამ რეალურად არ არის! საზოგადოებრივი ცნობიერების რეალური წინსვლისათვის არასაკმარისია. მხოლოდ ფასადია! ისევე, როგორც ქართული დემოკრატია.
საგანმანათლებლო სივრცის ქვეყანაში არსებულ ინტელექტუალურ რესურსებთან არათანაზომადობის (არაადეკვატურობის) სადემონსტრაციოდ აქ მხოლოდ ერთ მაგალითს წარმოვადგენთ: ესაა ამონარიდი ევროპელი და ქართველი თანამედროვე ექსპერტების და ცნობილი ფონდების მონაწილეობით შექმნილი კონცეპტუალური დოკუმენტიდან – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: ... სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები“.
ჩვენი კომენტარი: რა საჭიროა განათლების სისტემის სხვა დონე-საფეხურები, თუ ამხელა ცოდნის დაუფლება ზოგადი განათლების ფარგლებშია შესაძლებელი?! ჩამოთვლილ სფეროებში სახელმწიფოებრივი ინტერესების „სწორად განსაზღვრა“ და ფორმულირება, ხანდაზმულ ექსპერტთათვისაც ხომ დიდი თავსატეხია?! მოზარდებს ეტყობა ასაკი შველის ...
უფრო სერიოზულად: „ახალგაზრდობა უპირატესობაა და არა ღირსება!“ - ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ახლად შემოტანილი ჭეშმარიტება.
მერედა რა?! - იკითხა კონტეპტუალურ დოკუმენტებში (აქ და სხვაგან!) სადღეისოდ არსებულ, ამდაგვარი ლაფსუსების დაუშვემლობის თაობაზე რეფორმატორებს შორის ერთმა საუკეთესომ, - „ამ დოკუმენტში საუკეთესო განზრახვა ჩავდეთ“.
განათლებულ საზოგადოებას მივმართავთ კითხვით: რა არის ბოლშევიზმის მთავარი დედააზრი, სასურველის რეალობად ძალადობრივი განამდვილების გარეშე?! კონცეპტუალურ დოკუმენტებში არსებული ოცნებები, - უმრავლეს ბოროტებათა და სისხლიან ძალადობათა სათავე, - არამარტო ინგლისელთათვის კარგად ნაცნობი ეს ანბანური ჭეშმარიტება, ქართველ კანონმდებელთა აზროვნებაში რომ დამკვიდრდეს, ფილოლოგიური-ინგლისურის ცოდნის გარდა, თურმე კიდევ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო!
წინაპირობები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ერის მოაზროვნეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მემკვიდრეობის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემიდან დისტანცირება და ამ მემკვიდრეობის შემმეცნებელ-დამფასებელთა მეორე ნაწილის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიდება, გულმოდგინე (სკრუპულოზურ) შესწავლას და სათანადო დასკვნების გაკეთებას გვავალებს. ბოლო საუკუნის საქართველოს ისტორიის დღემდე შეუფასებელმა ეპოქა-პროცესებმა, თავისი მეტასტაზები გამოაჩინა: მათი ანალოგები, მართალია ნაკლები გარეგნული სისასტიკით, მაგრამ უცვლელი შინაარსით, ჩვენს თვალწინ დღესაც ბოლშევიკური სიჯიუტით მეორდება. განათლებულ ქართველთა მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, თავისი აბსურდულობით გამორჩეულია და ვფიქრობთ, მასმედიის მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და „ოკუპაციის მუზეუმის“ დაარსებაზე, „ფსიქო“ და „წითელი ზონა“ ტელეპროგრამებზე მეტის ქმნადობას გვკარნახობს. პაატა იაკაშვილის ნაშრომი - „ეროვნული იდეა და მოუხმობელთა პრობლემა საქართველოში“, ამ თვალსაზრისით, მრავლისმეტყველია (იხ. www.polity.ge).
საგანმანათლებლო სფეროში საერთოდ და კონკრეტულად საერო (დღევანდელი ტერმინოლოგიით - ზოგადსაგანმანათლებლო) სკოლის შინაგან არსში არსებულ, ახლა უკვე საუკუნოვანზე მეტი ასაკის სტაგნაციას, ჯერ კიდევ 1888წ. გამოქვეყნებულ „პედაგოგიის საფუძვლები“-ში, ილია ჭავჭავაძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი დამაჯერებლობით აღწერს:
„ეხლანდელი სწავლა-ცოდნა სკოლისა თუმცა ჰშველის კაცს გონების თვალით დაანახვოს და გონებისავე ყურით გააგებინოს, რაც კაცის გარშემო არსებობს და თავს იჩენს, მაგრამ ადამიანის საქციელზედ-კი თითქმის სრულებით არა ჰმოქმედებს. ამიტომაც დღევანდელს დღეს შესაძლოა ადვილად შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით-კი სრულიად სხვა. ეს იმიტომ არის, რომ დედა-აზრნი, სკოლაში სწავლა ცოდნით გამორკვეულნი, მარტო ფორმალურად არიან მიღებულნი და არა მათის შინაგანის აზრითა, არა მათის ბუნებურის შინაარსითა“.
ძნელია უფრო ზუსტად დაახასიათო თანამედროვე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის რაობა, სადაც ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟას, ექვთიმე თაყაიშვილის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, არჩ. ჯორჯაძის, გაბრიელ და გერონტი ქიქოძის, შალვა ნუცუბიძის, აკაკი ბაქრაძის და სხვა ქართველ განმანათლებელთა პუბლიცისტიკა უსისტემოდ, „მათის ბუნებურის შინაარსის“ - ეროვნული იდეის - ეროვნული განვითარების ერთიანი ღერძის სასიცოცხლო აუცილებლობის გააზრების გარეშეა წარმოდგენილი, ხოლო ჯოვანი პიკო დელლა მირანდოლას, ნიკო ნიკოლაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხაკო და გრიგოლ წერეთლების, ნიკო მარის, მიგელ დე უნამუნოს, ხოსე ორტეგა ი გასეტის, ლევ გუმილიოვის, მარტინ ჰაიდეგერის, თეოდორ ადორნოს, კონრად ლორენცის და სხვა უდიდეს მოაზროვნეთა, - ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების მართებული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობის სახელები კი, - საერთოდ არ ისმის.
კითხვაზე - კიდევ რამდენი ათწლეულის განმავლობაში უნდა იყოს უაღრესად აქტუალური XIX ს. 60-იანელთა მემკვიდრეობა (ნუთუ გონებრივად მეტად არ უნდა გავიზარდოთ?!) და ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე ამ მემკვიდრეობის სიღრმეებიდან ამოზრდილ ახალთაობათა ხილვა?! - დღემდე პასუხი არათუ გაუცემელია, არამედ ქართული სამეცნიერო წრეების ცნობიერებიდანაც ფრიად დისტანცირებულია. აღნიშნული, იმ ძლიერი ეჭვის საფუძველს ბადებს, რომ თანამედროვე მეცნიერების განვითარების ტენდენციების და მეცნიერების, როგორც სოციალური ფენომენის - მკვლევარები, თავიანთ პუბლიკაციებში, ამიტომაც მოიხსენიებენ მათ „სამეცნიერო წრეებად“ და არა „ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებად“.
2011 წ. აგვისტო-სექტემბერი















