განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მეცნიერება განათლება მითები, ფაქტები და ვარაუდები
ბანერი

მითები, ფაქტები და ვარაუდები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1071 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font
სტატიის ინდექსი
მითები, ფაქტები და ვარაუდები
გვერდი 2
გვერდი 3
გვერდი 4
გვერდი 5
გვერდი 6
ყველა გვერდი

(გამოხმაურება მოარულ ხმებზე)

თუ არა მიზანმიმართული ჟონგლიორობა, ძნელია ერთმანეთში აგვერიოს მიზეზი და საბაბი, შეცდომა და დანაშაული.

არადა, არც ბატონი ედუარდი და მითუმეტეს, არც ბატონი ზვიადი დაბადებულიც არ იყვნენ, როცა აფხაზეთის პრობლემა არსებობდა და 1921-დან 1931 წლამდე აფხაზეთი ისეთივე საკავშირო რესპუბლიკა იყო, როგორც დანარჩენი საქართველო, და თუ იგი მაინც დაბრუნდა საქართველოს იურისდიქციაში, ეს პირადად სტალინის დამსახურება იყო.

დღეს კი, როცა რუსეთი კვლავ ხელშეუშლელად გვანაწევრებს, განტევების ვაცებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ერთ მუშტად უნდა ვიკვროდეთ და გამოსავალს ვპოულობდეთ.

ხოლო თუ ლინჩის მოყვარულნი მაინც არ იშლიან შავი სიის შეკოწიწებას, მასში პირველ ნომრად თვით ქართველი ერი მოხვდება, “ბერებიდან” – სულ მცირე, ერეკლე მეორე, ახლო წარსულიდან კი – ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ბატონი ზვიად გამსახურდია და ამის დიდი შანსი აქვს ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც.

რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, კონფლიქტებისა და განვითარების წყარო ერთი და იგივეა. ესაა ადამიანის ძალისხმევა მოიხვეჭოს მეტი და უკეთესი ვიდრე აქვს, და მაშასადამე, ეს პროცესი უსასრულოა, ადამიანს სულ მუდამ რაღაც აკლია, რისი „მიზეზიც”, როგორც წესი, ყოველთვის სხვაა. ეს სხვა კი აფხაზებისა და ოსებისათვის “უფროსი ძმის” შთაგონებით, აღმოვჩნდით ჩვენ, ქართველები.

ცხოვრება რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ განცხრომა; განვითარება, ცხადია არ არის უმტკივნეულო და ყველაფერი ეს ბუნებრივია, არ არის განპირობებული მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით, მაგრამ როცა ოჯახში ვინმეს რამე ეშლება გონიერება გვმართებს არ ავყვეთ საეჭვო ჩარევებს და არ გავუმწაროთ სიცოცხლე და არ დავუმძიმოთ განსაცდელი ბრალეულს, თუ არ გვინდა მას უარესისკენ ვუბიძგოთ.

საქართველოს, ღვთის მადლით, სხვისგან საპატიებელი, არაფერი არ სჭირს, რამეთუ მას ჯერჯერობით არც ტოლერანტობა შეშლია, არც სტუმართმოყვარეობა და არც სხვებისათვის ხელის გამართვა.

ამიტომ თვალახვეულთა, გონებამოწამლულთა და უმადურთა გასაგონად, არა სასაყვედუროდ არამედ მეხსიერების რეანიმაციის მიზნით უნდა ითქვას, რომ თბილისი ყოველთვის ამიერკავკასიის ინტელიგენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა და სამჭედლო იყო და მისი სამეცნიერო და სასწავლებო დაწესებულებები სავსებით მართებულად ღია იყო ჩვენი მოძმე ხალხების ახალგაზრდობისათვის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კარი აფხაზეთელი და სხვა პროვინციელი ქართველებისათვის ნამდვილად დახშული იყო, “ჩაწყობის” გარეშე. ერთმა პროფესორმა ეს სიტუაცია ასე განმარტა – თქვენ აფხაზებს რას უყურებთ, მათ მეტი არ მოეთხოვებათ, თქვენგან კი იმიტომ ვითხოვ მუშაობის სტაჟს და ამდენი წიგნის სათითაოდ ჩაბარებას, რომ ჩვენ ნამდვილი მეცნიერები გვჭირდებაო. ადვილი შესამჩნევია რამდენი არასაკადრისია ნაკადრები ამ პროფესორის მიერ ჩემს მოსაგერიებლად ნათქვამ ამ ერთ წინადადებაში! ახლა დავუბრუნდეთ თხრობას.

ჯერ კიდევ ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, დიდი ივანე ჯავახიშვილის მოწვევით აფხაზურ ენას, ლიტერატურას და ისტორიას კითხულობდა აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი დიმიტრი გულია. აქვე ქალბატონ ქეთევან ლომთათიძის მიერ დაარსებულ აფხაზური ენის განყოფილებაზე აღიზარდა არაერთი აფხაზი ლინგვისტი, რომელთაგან ორმა – ბატონმა შოთა არისთავამ და ქალბატონმა ლიდია ჭკადუამ სახელმძღვანელოებიც გამოსცეს აფხაზური ენის ფონეტიკასა და გრამატიკაში თავიანთი მასწავლებლის ლექციების მიხედვით.

ერთ რომელიღაცა წელს, სოხუმის VI საშუალო სკოლის მასწავლებელს, ცნობილ საზოგადოებრივ აქტივისტს, ბატონ გრიშა კახაძეს, სოხუმიდან თბილისში ჩამოაყვანინეს 83 აბიტურიენტი, ძირითადად აფხაზობა და ისინი უკონკურსოდ დაარიგეს უმაღლეს სასწავლებლებში.

თვით ქართველთა დიდმა “მეგობარმა” ვლადისლავ არძინბამ სადოქტორო დისერტაცია თბილისში, ბატონ თამაზ გამყრელიძის ხელშეწყობით დაიცვა და არა მოსკოვში, სადაც იგი იმხანად მუშაობდა. არძინბამ თავის კეთილისმყოფელს მადლობა იმით გადაუხადა, რომ როცა ბატონი თამაზი ჩვენს დელეგაციას გუდაუთაში ჩაჰყვა, იგი მოლაპარაკების მაგიდას არ გააკარეს და მეზობელ ოთახში გამოკეტეს შემაწუხებელი მეზობლის ბავშვივით.

მსოფლიოში ერთადერთი აფხაზურენოვანი დისერტაცია თბილისშია დაცული. ეს იყო სოხუმის პედინსტიტუტის, შემდგომში კი აფხაზეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უცვლელი დეკანის პავლე არძინბას საკანდიდატო დისერტაცია, რაც მანაც, თავისი ბიძაშვილივით “დაგვიფასა”. თითქოსდა აფხაზები კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ამ შეღავათებით, მაგრამ აღმოჩნდა რომ მათში უკვე სულ სხვა განწყობა სუფევდა. მახსოვს ერთხელ ოჩამჩირეში, ერთ აფხაზ ქალბატონს შვილის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვა მიულოცეს და მან მადლობა კი გადაუხადა მიმლოცველს, მაგრამ სინანულით დასძინა – კარგია, მაგრამ ჩემს შვილს იმ მხეცებში რა გააძლებინებსო.

მეორე ინციდენტი გვიჩვენებს როგორ დაატოვებინა ქართულის “სიყვარულმა” ქართველი გოგონებისათვის სანუკვარი უცხო ენათა ინსტიტუტი, ცნობილი აფხაზი პოეტის, სხვათა შორის შესანიშნავი მექართულის და ნამდვილი ინტერნაციონალისტის, პლატონ ბებიას ქალიშვილს, რომელმაც თურმე შესვენებაზე თავის თანაკურსელებს უსაყვედურა – სადაც არ უნდა წახვიდე, სულ ქართული ისმის და აქ მაინც მელაპარაკეთ რუსულადო, რაზეც მას მიუგეს – თვითონ უნდა ისწავლო ქართულიო. ამ ამბავს ისეთი პოლიტიკური ხმაური მოჰყვა, რომ საქართველოს კომპარტიის ცეკამ თავისი ფეხით ჩაარბენინა ინსტიტუტის რექტორი სოხუმში გაქცეული სტუდენტის უკან დასაბრუნებლად.

მესამე კურიოზი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მოხდა. 1992 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, აფხაზმა სტუდენტობამ მოულოდნელად ინსტიტუტი დატოვა და აფხაზეთში დაბრუნდა. საქართველოს კომპარტიის ცეკამ ახლაც აფრინა ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები სოხუმში სტუდენტების დასაბრუნდებლად, ანდა გამოცდების ადგილზე ჩასატარებლად, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს – ჩვენ უკვე ჩარიცხული ვართ დასში და თქვენი დიპლომები აღარ გვესაჭიროებაო.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ თბილისში დაფრთიანდა ამიჩბების მთელი ოჯახი; აქ ისწავლეს და გაკანდიდატდნენ ვალენტინა სარია და გიორგი ამიჩბები, ხოლო მათმა უმცროსმა ძმამ ბორისმა მეორე სპეციალობა მიიღო თბილისის კონსერვატორიაში და მთელი წელი სტაჟირებდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც მას თავს ევლებოდნენ.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ პავლე არძინბამ და ვალენტინა ამიჩბამ გააშანშალეს საგაზეთო წერილი ქართველთა “აგრესიის” შესახებ აფხაზეთში. აქაოდა აფხაზებს ყელში ამოუვიდათ ჩაგვრა და რკინიგზის დასაცავად შემოსულ ქართულ მილიციას ესროლესო. ეს უკანასკნელი ფრაზა ავტორებს ნიშნისმოგებით ჯიქურად წამოსცდათ, თორემ მანამდე რუსები და აფხაზები ერთხმად გაჰყვიროდნენ პირველად ქართველებმა გაისროლეს და ომიც მათ დაიწყესო.

სამოქალაქო ომები არსად და არასოდეს არ ყოფილა იშვიათობა, მაგრამ ეს გასროლა, შეიძლება ითქვას, დაპროგრამებული იყო იმ დროიდან, როცა რუსმა ავტონომიები “გაგვიხერხა” და რუსულმა მითოლოგიამ აფხაზი დაარწმუნა, რომ ქართველმა მას ანბანი წაართვა და ახლა მიწასაც ართმევს და ენასაც. სწორედ ასე განაცხადა ამ რამდენიმე წლის წინათ ნალჩიკში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე აფხაზური მოძრაობის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა თამარა შაყრილმა, რომელიც სხვათა შორის, მოგვიანებით ისევ აფხაზის ტყვიამ იმსხვერპლა. ასევე პოლიტიკური ტყვიის წერა გახდა აფხაზური მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, ზურაბ აჩბა, რომელმაც რიხიანად დაგვმოძღვრა – დროა შეიგნოთ, რომ აფხაზეთი რუსეთიაო, მაგრამ როდესაც მას ეს შეძახილი სათანადოდ არ დაუფასეს, გაწბილებულმა აღიარა – რუსეთს აფხაზეთი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ხელკეტად უნდაო.

რაც შეეხება ანბანს, მსოფლიოში 5400-ზე მეტი ენა და მხოლოდ 14 ანბანია, რომელთა შორისაა ჩვენი უნიკალური ქართული ანბანიც. ანბანდაკარგული ხალხები ისტორიამ არ იცის, უთავისანბანო ხალხები კი, როგორც ვხედავთ, უამრავია. წარმოუდგენელია ანბანი წაგართვან და მასზე დაწერილი ერთი ბწკარიც არ შემოგრჩეს. ხოლო თუ ასეთი სასწაული მაინც მოხდა, ვინ გიშლის იხმარო შენი “ყოფილი”, შენი ფონეტიკისათვის უფრო შესაფერისი ქართული ანბანი? რა ჭირად გინდა ათასკუდმობმული და რქებდადგმული რუსული?!

ენა მართლაც ღვთით მომადლებული განძია, რომელიც როგორც აზროვნების იარაღი, როგორც სინამდვილის ასახვის, აზრის გამოხატვის, და მაშასადამე, ურთიერთობის საშუალება, მისი მატარებელი ხალხის ეროვნულობისა და თვითმყოფადობის დედაბურჯი და ერთგვარი ჯავშანია. ამიტომ ყოველი თავმოყვარე, მაგრამ უბედობით ხელქვეითი ხალხი თავგამოდებით ცდილობს თავისი ენის შენარჩუნებას, ზემდგომი ხალხი კი – ხელქვეითი ხალხის თავის ენაზე ალაპარაკებას. ამიტომვე, ოღონდ მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებით, შეიქმნა ესპერანტო და სხვა საერთაშორისო ენები და ამიტომ გეგმავდა საბჭოთა კავშირი მთელი მსოფლიოს “გაწითლებასა” და გაერთეროვნებას, სცენარით – ჯერ მომიჯნავე ქვეყნის ენები უნდა შეჯვარებულიყვნენ რეგიონალურ ენებად, შემდეგ კი რეგიონალური ენების შეჯვარებას უნდა ეშვა ერთი მსოფლიო ენა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოკავშირე რესპუბლიკებში ერთმანეთთან “საჭიდაოდ”, თუმცა წინასწარ ცნობილი შედეგით, დაშვებული იყო ორი სახელმწიფო ენა – ფავორიტი რუსული და მარცხისათვის განწირული რესპუბლიკის ენა, რომელიც საქართველოში ბუნებრივია ქართული იყო და მთელი მოსახლეობა ან ქართულ სკოლაში სწავლობდა ანდა რუსულში.

მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ამ შეჯვარების ფინალს აღარ დაელოდა და მთელ საბჭოეთში ერთადერთ სახელმწიფო ენად პროგრამით გათვალისწინებული “გამარჯვებული” რუსული ენა გამოცხადდა, რაზეც, ნებსით თუ უნებლიედ ყველა რესპუბლიკა ყაბულდებოდა, რომ არა საქართველო, რომელიც ამ ზღვარგადასულ ძალმომრეობას გადაულახავ ზღუდედ აღუდგა წინ, რაშიც თავისი წვლილი არ უნდა დავუვიწყოთ ბატონ ედუარდსაც.

ამჯერად მოსკოვმა უკან დაიხია, მაგრამ უმალვე კიდევ ერთ ვერაგულ გამოსავალს მიაგნო და ე.წ. ერთა თვითგამორკვევის “გარნირით” ავტონომიებს ენის არჩევის ნება დართო. ამით რუსეთი ერთდროულად ერთი მიმართულებით მიმავალ ორ კურდღელს გამოეკიდა და წარმატებითაც, რამეთუ ავტონომიებში ამ სეპარატისტული მუხტის ჩატუმბვით მან მძლავრი ლაგამი ამოსდო ავტონომიების “პატრონ” რესპუბლიკებს, ავტონომიების ხალხები კი პირდაპირ გაუყენა რუსიფიკაციის შარაგზას, რადგანაც ავტონომიებს თავისი ენა მხოლოდ დაწყებით კლასებში ყოფნით, მეხუთე კლასიდან და ზემოთ კი, სათანადო ტერმინოლოგიების, სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა კორპუსის უქონლობა-უყოლობის გამო ისინი იძულებული არიან ყველა საგანი თავისი ენის გარდა, რუსულად ასწავლონ და ისწავლონ.



Share

კომენტარები 

0 # lazi 2011-09-04 22:30  
სომხეთს ჩამოაჭრა ტერიტორიები თურქეთმაო, აზერბაიჯანელებს ირანმა. თვითონ მათ ხომ არავისთვის ჩამოუჭრიათ ტერიტორიები? ციტირება
 
+3 # Nino 2010-07-15 13:11  
лебедь, рак და щука ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი