დღეს მუშებს გაუმართლათ, რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ, გამოიდარა.
ცივა, თუმცა მზეა, რაც მუშაობას უფრო აადვილებს. ამინდმა მუშების განწყობაც გამოასწორა. არქეოლოგიურ გათხრებში დაახლოებით ათი-თორმეტი მუშა მონაწილებს. ისტორიკოსები და არქეოლოგებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. მუშებს ფუნქციები გადანაწილებული აქვთ, თითოეულმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ზოგი ურიკით ქვებს ეზიდება უსწორმასწორო გზაზე გადებულ ვიწრო ფიცარზე, ზოგიც უშუალოდ გათხრებში მონაწილეობს. იქვე კელია შენდება, რომელზეც ხარაჩოებია მიდგმული. მუშების მეორე ნაწილი, სწორედ ამაზე მუშაობს.
დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია როგორც კელიის მშენებლობას, ისე გათხრებს. ირგვლივ მტვრის საშინელი ბუღი დგას და შემადუღებელი აპარატის ყურისწამღები ხმა ისმის. იქაურობა მოფენილია თიხის ნატეხებით სავსე მუყაოს ყუთებით, სხვადასხვა სამშენებლო მასალითა და ხელსაწყოებით. ჩემი იქ მისვლა არავის უკვირს, რადგან ცნობისმოყვარე ადამიანების ნაკლებობას არ განიცდიან,მით უმეტეს, რომ დაცვა არსად ჩანს და ჭიშკარიც ღიაა. მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოს მიუხედავად, მუშები ხუმრობითაც ირთობენ თავს.
ნებართვის აღების შემდეგ, გადავწყვიტე სურათები გადავიღო.მეც გახარებული, ხელში ვიმარჯვებ ფოტოაპარატს და ვიწყებ იქაურობის გადაღებას. ფოტოაპარატის დანახვამ მუშები მეტად გაამხიარულა და მთხოვენ ერთი-ორი სურათი მათაც გადავუღო. იმდენი მოგროვდნენ, ასე მგონია საოჯახო ფოტოალბომისთვის ფოტოსესიას ვაწყობ. სურათების გადაღებით გული იჯერეს და სამუშაოს უბრუნდებიან. ექსპედიციის ხელმძღვანელი, მერაბ ძნელაძე მუშებს მითითებებს აძლევს.
სწორედ ის მიწევს მეგზურობას და მცირე ისტორიასაც მიყვება. „ეკლესია სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ორმოც სებასტიელ მოწამეთა სახელობისაა. იგი პირველად ვახტანგ გორგასალმა ააშენა. ეკლესია არაერთხელ დაანგრია შემოსეულმა მტერმა. ამ ადგილზე გათხრები კი 1998 წელს დაიწყო და უსახსრობის გამო რამდენჯერმე შეწყდა.
ძელებთ და ძველი დედაციხის ადგილას მივდივართ. ორივე მხრიდან თხრილები ლენტებითაა შემოსაზღვრული. ერთ ადგილას მიწაში ქვევრის ძირის ნატეხებია დარჩენილი, ხოლო მეორე მხარეს აგურით ნაშენი თიხის გამოსაწვავი ღუმელი ჩანს. ამ ადგილას გათხრების დასრულების შემდეგ, მუზეუმის მოწყობას გეგმავენ.
ამ ხოხბის გამოჩენასაც თავისი ლეგენდა ჰქონია და კი არ მოიყვანეს, არამედ თავისით მოფრენილა. ლეგენდა, რომელსაც ისტორიკოსი და არქეოლოგი ვერიკო ჩიხრაძე მომიყვა შემდეგია:თურმე როცა ერთერთ სამარხს თხრიდნენ, იქ აღმოუჩენიათ ხოხბის გამოსახულებიანი ჯამი. ყველას ერთად მოუყრია თავი და ამ ჯამის ცქერით მიღებული სიამოვნებით ტკბებოდნენ, როცა ერთერთ მუშას უცნობებია ხოხბის მოფრენის შესახებ. რა თქმა უნდა, ხოხბის დანახვას ყველა გაუოცებია, მაგრამ ის აქ სულ სხვა მიზნით მოფრენილა. საწყალს, ფეხი ნატკენი ჰქონია და იქ გოგირდის ცხელ წყალს ეძებდა. ვინ იცის, იქნებ ხოხბის გამოსახულებიანმა ჯამმა დააინტერესა ისიც? მართალია მისი ამ ადგილას მოსვლის მოტივად სხვა რამეს ასახელებენ, მაგრამ ეგ თავად ხოხბის გარდა არავინ იცის. მოკლედ, ამ ჩვენს ხოხობს წყალი არა, მაგრამ გაოცებული კეთილი ადამიანები დახვდნენ, რომლებსაც მისთვის უმკურნალიათ და მას მერე ჰყავთ საწყალი ამ გალიაში გამოკეტილი. თუმცა ხოხობმა რომ არ მოიწყინოს, მეწყვილე მოუყვანიათ მისთვის და ახლა ორნი არიან ამ გალიაში გამოკეტილები.
გალიის დათვალიერებისა და ხოხბის „ისტორიული“ სურათების გადაღების შემდეგ შევდივარ სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში, რომელიც იერსახით მუზეუმს უფრო ჰგავს.
მაგიდაზე მიმოფანტულია ანტიკური ნივთები, რომელთაგან ზოგიერთი აღდგენის პროცესშია და საუკუნეების წინანდელ ისტორიას აცოცხლებს. ძნელია, შთაბეჭდილების ქვეშ არ მოექცე. თაროები და ყუთები სავსეა სხვადასხვა საუკუნის დროინდელი ნივთებით. აქ ნახავთ თიხის დოქებს, რომლებიც სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. კერამიკის ჯამებს, რომელთაგან ერთერთზე ხოხობია გამოსახული და მწვანე და ყავისფერ ფერებშია გაწყობილი. მაგიდაზე ასევე აწყვია სხვადასხვა ფორმის ჭრაქები, რომლებშიც ადრე ზეთს ასხამდნენ და გასანათებლად იყენებდნენ. როცა ამ ნივთებს ვუყურებ ვამჩნევ, რომ უმრავლესობა მწვანე შეფერილობისაა, მათ შორის სამარილეებიც. თვალშისაცემია ბავშვის სათამაშო კოჭები და პატარა ზომის დოქი, რომელიც ან სათამაშოა უნდა ყოფილიყო, ან საწამლავისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი. ასევე აღმოჩენილია შუშის პატარა ფლაკონები, რომელიც, სავარაუდოდ, სუნამოსთვის ან წამლის ჩასასხმელად გამოიყენებოდა.შუშის მაგიდაზე მიმოფანტულია ქალის სამკაულების ნაწილები, რომლებიც სხვადასხვა ფერის მინისგანაა დამზადებული. მათ შორის ხორცისფერი, შავი, ცისფერი და გარედან სხვადასხვა ორნამენტი ამშვენებდა. საოცრად ლამაზია ლურჯი ლარნაკი რომლის შიგნითა მხარე მწვანე ფერისაა. ეს ის ჩინეთიდან შემოუტანიათ აქლემებით და, სავარაუდოდ, სამეფო ოჯახისთვის ყოფილა განკუთვნილი. ის იმდენად ძვირფასი ნივთი ყოფილა, რომ პირდაპირ ოქროშიც კი იცვლებოდა. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მაინც მე-18 საუკუნის ერეკლე II-ის დროინდელი ხელყუმბარა ახდენს, რომელიც მრგვალი ფორმისაა, მთლიანად ყავისფერი და საკმაოდ მძიმეა. ამ უამრავ ნივთს შორის, თვალი მოვკარი კრამიტსაც, რომელიც გარედან მწვანე ფერისაა და რომლითაც, როგორც მითხრეს, ეკლესია უნდა ყოფილიყო გადახურული.
ამავე ოთახში 7 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია დაახლოებით I-II საუკუნის რომაული აბანო, რომელიც, მათი თქმით, ყველაზე ძველია აქ აღმოჩენილთაგან. აბანო არის ოთხკუთხედი. „რომაული სტილით ნაგები აბანო გულისმობს იმას, რომ მისი აშენებისას კირია გამოყენებული. ის მთლიანად კირითაა მოლესილი, რათა წყალი არ გაეტარებინა. ახლა კიდევ ერთი აბანო გამოჩნდება და, ვვარაუდობთ, რომ აბანოს გასახდელიც უნდა ჰქონოდა. მისი არსებობა ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ დედაქალაქობამდე ამ ადგილას მაღალი დონის ცივილიზაცია იყო და ცხოვრება დუღდა. მის თავზე აღმოჩენილია ასევე IV საუკუნის მარანიც“ - ამბობს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ირაკლი ანჩაბაძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს გათხრებში.
აღმოჩენილი ნივთები I-დან XVIII საუკუნეებით თარიღდება. მათი უმრავლესობა ქართულია, თუმცა გვხვდება ირანიდან და ჩინეთიდან შემოტანილებიც. მიუხედავად იმისა, რომ მე-12-მე-13 საუკუნეებში საქართველოში აწარმოებდნენ თითქმის ყველაფერს, რისი წარმოებაც ხდებოდა იმ დროს მსოფლიოში, მათ შორის კერამიკას, მინას, თიხას, სხვა ქვეყნებიდან მაინც შემოჰქონდათ სხვადასხვა ნივთი, რომლებიც მხოლოდ არისტოკრატებისა და სამეფო ოჯახისთვის ყოფილა განკუთვნილი. სწორედ აქ მომუშავე არქეოლოგები და მუშები ცდილობენ, დამარხული ისტორია მზის სინათლეზე გამოიტანონ.
თუმცა ნამდვილი დღის სინათლე ჩემ ირგვლივ ნელ-ნელა იკლებს და „ჰილადო“-ში ჩემი ერთდღიანი მოგზაურობაც სრულდება. ყოველდღე კი ვერ იმოგზაურებ ადამიანი ასეთ ადგილას, რომელიც ერთდროულად წარსულსაც და აწმყოსაც იტევს, განსხვავებით აქ მომუშავე ადამიანებისგან, რომლებსაც ამის ბედნიერება ხშირად აქვთ. აქ მუშაობა დილისგან განსხვავებით უფრო გაცხოველებულია. საქმე თავზესაყრელია. ვცდილობ, ხალხი არ მოვაცდინო და მუშაობაში ხელი არ შევუშალო, ამიტომ ყველას ვემშვიდობები და ვტოვებ იქაურობას. სახლში ტალახიანი ფეხსაცმლით, მტვრიანი, ყურებდაგუბული, მაგრამ ემოციებით სავსე ვბრუნდები. ასეთ თბილისში მართლა არასდროს ვყოფილვარ.
თამუნა ნადარეიშვილიჟურნალი "91"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

















კომენტარები