მისი სამუშაო ოთახი ერთი შეხედვით სულაც არ ჰგავს ექიმის კაბინეტს. მაგიდებზე სრული ანარქიაა: უწესრიგოდ ყრია წიგნები.... ფურცლები... საპრეზენტაციო მასალები... ათასგვარი ფლაერები... კედლები აჭრელებულია პრიზებით, დიპლომებით, მხატვრების ტილოებით.... კარადების მინებიდან კი, ათასგვარ სამედიცინო ლიტერატურასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის, ფერის, მასალისა და ზომის ბუ შემოგყურებთ....
ეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის კაბინეტია...
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში წამიკითხავს, რომ სამუშაო ოთახში ასეთი უწესრიგობა შემოქმედებითი ნატურისთვისაა დამახასიათებელი. ფსიქოლოგები საახალწლო სურვილივით უსურვებენ ხოლმე ხელქვეითებს სწორედ ასეთ უფროსთან მუშაობას, რადგან, მათი აზრით, დაულაგებელი სამუშაო მაგიდა მიანიშნებს, რომ მისი პატრონი თავისუფალი და გლობალურად მოაზროვნე ადამიანია.
ბატონ თენგიზთან გასაუბრის შემდეგ ეს მოსაზრება კიდევ უფრო განგიმტკიცდება, რადგან ხვდები, რომ შემოქმედებითობა ამ ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა და მიუხედავად მძიმე პროფესიული ტვირთისა, მასთან ურთიერთობა კოლეგებისა და პაციენტებისთვის ერთნაირად სასიამოვნო უნდა იყოს.
პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს დიდი და საინტერესო სამეცნიერო ბიოგრაფია აქვს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მან გაიარა შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატურა, შემდეგ - ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა.
1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით "კარდიოლოგია". 1984 წლიდან კი დაიწყო შიდსზე კვლევა, ჩაერთო ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამებში... პარიზის როტშილდის ჰოსპიტალსა და ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კლინიკური ტრენინგები: "შიდსი და ინფექციური დაავადებები".
პროფესორი თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე. 1990 წლიდან იგი დაინიშნა შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორად, 2007 წლიდან კი ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორია.
1997 წლიდან დღემდე თენგიზ ცერცვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტში მოღვაწეობს. ამჟამად იგი თსუ-ის სრული პროფესორია. არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) წევრი; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; შიდსის საერთაშორისო საზოგადოების (IAS) წევრი; საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის: საქართველოს ღირსების ორდენი; აშშ-ის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (CRDF) ჯილდო; `დედოფალ ვიქტორიას მედალი”.
არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის და 18 სახელმძღვანელო რეკომენდაციის/გაიდლაინის ავტორი და თანაავტორი. პრაქტიკულად, სამედიცინო სფეროში არ დარჩენილა ჯილდო, რომელსაც ბატონი თენგიზის სამეცნიერო დამსახურებებისთვის გვერდი აევლო, მაგრამ 2009 წელს მიღებულმა პრემიამ თითქმის ყველა გადაწონა. გასულ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს, როგორც მსოფლიოში წლის საუკეთესო ინფექციური პროფილის დაწესებულებას, მიანიჭა Dr. LEE Jong-Wook-ის 2009 წლის მემორიალური პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში (Dr. LEE Jong-Wook წლების განმავლობაში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გენერალური დირექტორი).
კომპეტენტურმა კომისიამ დეტალური განხილვის შემდეგ გამოაქვეყნა შეფასება, რომელშიც მითითებულია, რომ "საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი საქვეყნოდ ცნობილია განსაკუთრებული მიღწევებით ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და კონტროლის დარგში. ის ახორციელებს პიონერულ (ნოვატორულ) საქმიანობას შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების სფეროში. მან უზრუნველყო ქვეყანაში ანტირეტროვირუსული მკურნალობისა და აივ ინფექცია/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის პროფილაქტიკის უნივერსალური ხელმისაწვდომობა'.
ბატონმა თენგიზმა პრემიის მინიჭებას თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი უწოდა და წინაისტორია დაწვრილებით გაგვაცნო:
შიდსის პრობლემაზე მე და ჩემი კოლეგები უკვე 25 წელია ვმუშაობთ. თქვენ იცით, რომ შიდსის ვირუსი 1982 წელს აღმოაჩინეს. 1984 წლიდან ჩვენ ამ პრობლემის კვლევაში ჩავებით, მაშინ, როცა შიდსზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ ორი-სამი ქვეყანა მუშაობდა.
ამ ამბავს საინტერესო წინაისტორია აქვს. მე მყავდა პედაგოგი _ დიდი რუსი მეცნიერი-იმუნოლოგი რემ პეტროვი, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ მსოფლიოში გაჩნდა ახალი დაავადება, რომელიც უახლოეს მომავალში კაცობრიობის ნომერ პირველი პრობლემა გახდებოდა. მანვე შემომთავაზა, როგორც იმუნოლოგსა და ინფექციონისტს, დამენებებინა თავი სხვა პრობლემებზე მუშაობისთვის და დამეწყო ამ მიმართულებით მუშაობა. ბუნებრივია, ვიკითხე, თავად რატომ არ დაინტერესდა ამ პრობლემით. აღმოჩნდა, რომ მაშინდელი პოლიტბიურო (ბრეჟნევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო) აივ-ინფექციის საფრთხეში ვერ დაარწმუნა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს დაავადება სულ რამდენიმე ჰომოსექსუალისტს შეეყარა და მხოლოდ ოკეანისგაღმითა სახელმწიფოების პრობლემა იყო. ვენდე რემ პეტროვს, რომელიც ნიჭიერი და გლობალურად მოაზროვნე მეცნიერი იყო. ის მიხვდა, რომ აივ ინფექცია მალე მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდებოდა და დიდ მასშტაბებს შეიძენდა.
შიდსის პრობლემის სერიოზულობაში დავარწმუნე ჩემი ხელმძღვანელი, პროფესორი სერგო კობალაძე, რომელმაც მაშინდელი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ოთარ ჩერქეზიასთან მიშუამდგომლა. მან აპარატურის შესაძენად ვალუტა გამოგვიყო. ასეთი რამ მაშინდელ საქართველოში და მთელ საბჭოთა სივრცეში წარმოუდგენელი გახლდათ, რადგან, რაც უნდა ბევრი ფული გქონოდა, უცხოურ ვალუტას ვერ იშოვიდი. ასე დავიწყეთ მუშაობა შიდსის პრობლემაზე. შევიძინეთ შიდსზე კვლევის აპარატი, რომელიც ახლა სამუზეუმოდ გვიდგას. 1984 წელს შევასრულეთ საბჭოთა კავშირში პირველი და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა შიდსზე. 1989 წელს შევქმენით შიდსის ცენტრი.
2001 წელს შიდსის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფო შეერთდა და შეიქმნა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ამის შემდეგ ჩვენი კოლექტივი სულ ცდილობდა და ახერხებდა, რომ ნოვატორთა რიგებში ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ჩვენ მართლა დიდი წვლილი შევიტანეთ არა მხოლოდ ამ დაავადების, არამედ ინფექციური პათოლოგიის და კლინიკური იმონოლოგიის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და კონტროლის დარგში, რისთვისაც ბოლო 5 წელი სისტემატურად ვსახელდებოდით მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ ჯანდაცვის ორგანიზაციად.
2002 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელიც შიდსს ეძღვნება, მომეცა შესაძლებლობა სიტყვით გამოვსულიყავი. ეს გახლდათ უნიკალური მოვლენა, რადგან, იცით, რომ იქ მხოლოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს აქვთ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. ახლა ამ სესიებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ან საქართველოს პირველი ლედი, შიდსის და ტუბერკულოზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე სანდრა რულოვსი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალბატონი სანდრა ამ საქმეს ახლა არ ჩადგომია სათავეში. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როცა საქართველოში ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილი რიგითი პოლიტიკოსი იყო. ქალბატონი სანდრა ზრუნავდა შიდსით დაავადებულ პაციენტებზე, ჩვენთან ერთად დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხვდებოდა აივ ინფიცირებულებს და რისკის ჯგუფის პირებს და ა.შ. ამიტომ, როცა ის პირველი ლედი გახდა, აირჩიეს შიდსის და ტუბერკულოზის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ და მთელი ეს წარმატებები, რასაც ვაღწევთ, მნიშვნელოვანწილად მისი დამსახურებაცაა.
როგორც აღვნიშნე, ბოლო 5 წელია ჩვენი სამსახური სისტემატურად სახელდება, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სამედიცინო ცენტრი. ამიტომ გავბედეთ და განაცხადი შევიტანეთ 2009 წელს Dr. LEE Jong-Wook-ის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში. ჩვენი განაცხადი 25 გვერდზე იყო ჩამოწერილი და მისი დასაბუთება ორ დიდ ჩანთაში იყო მოთავსებული (წიგნები, გამოქვეყნებული სტატიები და სხვა დოკუმენტაცია). როგორც ვიცი, კონკურსზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ისინი განიხილა ავტორიტეტულმა კომისიამ, რომელსაც რევიუ-ბორდი ჰქვია და 16 უმაღლესი რანგის ექსპერტისგან შედგება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სულ 5 პრემია დაამტკიცა. მათ შორის უმაღლესი იყო ჩვენი პრემია. ნობელის პრემიის შემდეგ მედიცინაში ამაზე მაღალი პრემია არ არსებობს.
საოცარი განწყობა დაგვეუფლა საქართველოს დელეგაციის წევრებს, როცა 2009 წლის მაისში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩვენი წარმატება გამოცხადდა და მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგომით გვიკრავდა ტაშს. ჩვენ ამ პრემიის პირველი ლაურეატები გახლავართ. ამ რანგის პრემია პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის მიუღია. დასკვნაში ჩაწერილი სიტყვები, რომ "ჩვენი ცენტრი აწარმოებს პიონერულ კვლევებს შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების დარგში", ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, რადგან ამ დასკვნას აკეთებს შესარჩევი კომიტეტი, ახმოვანებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ამას ესწრება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. ისინი საქებარ სიტყვებს ძუნწად ხმარობენ და თუ ნამდვილად არ იმსახურებ, არავინ გეტყვის.
ბატონო თენგიზ, ექიმთა დიდი უმრავლესობა ოჯახურ ტრადიციებს აგრძელებს და მათი პროფესიის არჩევაში დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, ოცნებობდით თეთრ ხალათზე თუ არჩევანი აქაც ტრადიციამ განაპირობა?
არც უმაგისობა იყო, რადგან ჩემი მშობლებიც ექიმები იყვნენ. თავად დიდად არ ვიყავი გატაცებული სამედიცინო სფეროთი. როგორც ბევრ ბავშვს, მეც ფიზიკოსობა, ასტრონომობა ან კოსმოსში გაფრენა მსურდა. წარმატებული მოსწავლე ვიყავი და ინტერესებიც მრავალმხრივი მქონდა. გახლდით საქართველოს მათემატიკოსთა, ფიზიკოსთა და ქიმიკოსთა ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და, ასევე, მათემატიკოსთა საკავშირო ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებული. ქართველისთვის ამ შედეგის მიღწევა საბჭოთა პერიოდში ძალიან ძნელი იყო. რადგანაც ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდი, სხვაგვარად მესახებოდა ჩემი მომავალიც, მაგრამ წინათ თუ მშობლები ექიმები იყვნენ და შენც კარგ მოსწავლედ ითვლებოდი, სამედიცინოზე ჩაბარება პრესტიჟის საქმე იყო. თუ იქ ვერ ჩააბარებდი, ესე იგი, შენ არც ისე ძლიერი იყავი... ასე, მშობლების კატეგორიული მოთხოვნით მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში. მერე კი ძალიან გამიტაცა და ჩამითრია ამ საქმემ და დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვეღარც წარმომიდგენია.
ესე იგი, წარმატებისკენ სწრაფვის ამბიცია ბავშვობიდან გქონდათ...
პირველ ეტაპზე მქონდა, მაგრამ შემდეგ ეს ამბიცია უკვე ავადმყოფთან მუშაობის ინტერესმა გადაფარა. მართალია, მათემატიკასა და ფიზიკაში მეტ სამეცნიერო საიდუმლოს შეიძლება ჩავწვდომოდი, მაგრამ, დამეთანხმებით, თითოეული გადარჩენილი ავადმყოფის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკაში ან ფიზიკაში ამოხსნილი ნებისმიერი ამოცანა. დაახლოებით VI კურსიდან დაწყებული, მედიცინას უკვე არაფერში არ გავცვლიდი.
ბუნებით მაძიებელი ვარ და ყოველთვის ვეძებდი ისეთ დარგს, რომელშიც რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას შევძლებდი, ამიტომ რამდენიმე სპეციალობა გამოვიცვალე. თავდაპირველად კარდიოლოგი ვიყავი და პირველი დისერტაცია კარდიოლოგიაში სერგო კობალაძის და გურამ არაბიძის ხელმძღვანელობით დავიცავი.
33 წლისამ დავანებე თავი კარდიოლოგიას და დავინტერესდი იმუნოლოგიით, რადგან ის ჩემი ბავშვობის ოცნებასთან – რაღაც უცნობის ძიებასთან ძალიან ახლოს იდგა. ორგანიზმის იმუნური სისტემა არის სისტემა, რომელსაც თვალით ვერ ხედავ, მაგრამ სწორედ იგი იცავს ორგანიზმს გარეგანი და შინაგანი უცხო დამაზიანებელი აგენტისგან. ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივად აკონტროლებს ორგანიზმის ჯანმრთელობას. ავადმყოფობების დიდი უმრავლესობა, განსაკუთრებით ინფექციური და სიმსივნური, ჩნდება მაშინ, როცა იმუნურ სისტემაში რამე ვეღარ ფუნქციონირებს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რატომაც კარდიოლოგიას თავი დავანებე, გახლდათ ის, რომ იმ პერიოდში წავიკითხე პეტროვის წიგნი "Я или не я", რომელშიც რომანტიკულად იყო აღწერილი იმუნური სისტემის ისტორიები და დანიშნულება, მოთხრობილი იყო, თუ რა თავგადასავლები ჰქონდათ იმუნოლოგებს, როგორ გააკეთეს აღმოჩენები და შექმნეს ვაქცინები პასტერმა და სხვებმა. ამის შემდეგ კარდიოლოგიამ აღარ დამაინტერესა, რამაც ჩემი ოჯახის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან, პრაგმატულად თუ მივუდგებით, კარდიოლოგი ყველაზე საჭირო ექიმია, იმუნოლოგია კი მაშინ არავის აინტერესებდა.
წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩემი გავიტანე. ჩავედი მოსკოვში, გავიცანი პეტროვი და დავიწყე მოღვაწეობა იმუნოლოგიაში, რომელმაც შიდსამდე მიმიყვანა. აქ უკვე გამიმართლა, რადგან ეს განსაკუთრებული სფერო აღმოჩნდა - შიდსი იყო და რჩება მსოფლიოს ყველაზე იდუმალ, რთულ და დამაინტრიგებელ დაავადებად. მსოფლიო ჯანდაცვაში დღეს ყველაზე დიდი დაფინანსება შიდსს აქვს, ყველაზე დიდი კონგრესები შიდსის თემაზე იმართება. წარმოიდგინეთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, შიდსის გარდა, არც ერთ სხვა დაავადებას არ ეძღვნება. ეს დაავადება გამორჩეულია იმით, რომ მას იწვევს ვირუსი, რომელიც ინტეგრირდება ადამიანის სისხლის უჯრედების გენებში და ადამიანის ორგანიზმის ნაწილი ხდება. ჩავთვალე, რომ, როგორც მეცნიერს, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი რამის გაკეთება შემეძლო. შემდეგ ამას დაემატა ინტერესი ვირუსული ჰეპატიტების მიმართ. საქმე ისაა, რომ თუ მსოფლიოში შიდსია ყველაზე დიდი პრობლემა, საქართველოში მას ჰეპატიტების პრობლემა უსწრებს. მარტო ჩ ჰეპატიტით საქართველოში 200 000 კაცია დაავადებული.
თქვენი პირველი პაციენტი თუ გახსოვთ?
პირველი პაციენტი არა, მაგრამ ერთი გამორჩეული პაციენტი მახსოვს. ეს გახლდათ ხანშიშესული ქალბატონი, რომელსაც ლურჯი ფერის კანი ჰქონდა მთელ სხეულზე. მაშინ ვერავინ დაადგინა, რა უნდა ყოფილიყო მისი კანის სილურჯის მიზეზი. პროფესორმა ვახტანგ ალადაშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტი მიმამაგრა ამ ქალბატონს და დამავალა, ამომეხსნა ეს საიდუმლო. ძალიან დიდი ხანი დავყვებოდი ამ ქალბატონს მთელს თბილისში და ერთად ვიკვლევდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი. ყველა მიცნობდა როგორც "ლურჯი ქალის" თანმხლებს... როცა თითქოს კვლევის ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ, ფიზიკის ინსტიტუტში სპეციალური სპექტრული ანალიზით დავადგინეთ, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა ძალიან ბანალური, მაგრამ იშვიათი დაავადება – ვერცხლის მარილების ჩალაგება კანქვეშ. თურმე ეს ქალბატონი ძალიან დიდხანს ხმარობდა ვერცხლის შემცველ საცხს და ამან გამოიწვია კანის ქვეშ ვერცხლის ჩალაგება.
როგორი ექიმი ხართ... მკაცრი თუ გულისხმიერი?
გამიჭირდება ამაზე საუბარი, მაგრამ ამბობენ, რომ გულისხმიერი, უცნაური და თავისებური ვარ... თანამშრომლები და მეგობრები ბოლო დროს ხშირად მადარებენ ცნობილი სერიალის გმირს, დოქტორ ჰაუსს. მე ასეთი უხეში არა ვარ, მაგრამ პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა კი მახასიათებს....
მკაცრი არა, უფრო პრინციპული ვარ. მაგალითად, როცა ინფექციური საავადმყოფოს გაუქმებას აპირებდნენ, სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე კახა ბენდუქიძეს. ეგონათ, რომ გამათავისუფლებდნენ სამსახურიდან... წარმოიდგინეთ, ეს საავადმყოფო რომ არ არსებობდეს, მაშინ, როცა ამდენი შიდსის, ვირუსული ჰეპატიტის და სხვადასხვა ინფექციური დაავადების შემთხვევა (თუნდაც ფრინველის გრიპი, ღორის გრიპი და სხვ.) გვაქვს... მართალია, დღეს ეს საავადმყოფო გაიყიდა, მაგრამ უკვე სულ სხვა, სავსებით მისაღები პირობებით, შემოსული ფულით დიღომში შენდება ულტრათანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი....
მოკლედ, ზოგჯერ ასეთი ფიცხიც ვარ, მაგრამ ავადმყოფებთან არა – მათთან უფრო ინტერესიანი გახლავართ. ჩემთან ავადმყოფები ხვდებიან მათი დაავადების უცნაურობის და შეუცნობლობის გამო. არ აქვს მნიშვნელობა მის ფინანსურ შესაძლებლობებს, მე ჩემი ფულით მიპატრონებია ასეთი ავადმყოფებისთვის... გერმანიაშიც კი გამიგზავნია გამოკვლებევისთვის ჩემი თანხებით...
რას გრძნობთ, როცა ავადმყოფს უყურებთ... კონკრეტული ადამიანისთვის დაავადება ტრაგედიაა, თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა... ამიტომ ხშირად ისმის ექიმების მიმართ ბრალდება, რომ ისევე მტკივნეულად არ განიცდიან ავადმყოფის მდგომარეობას, როგორც თავად ავადმყოფი...
კარგი კითხვაა... იცით, რომ პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის მკვლელობა სტატისტიკაა და საქმის გახსნა მხოლოდ პროფესიული თავმოყვარეობის ამბავია. ასეა ექიმებისთვისაც - ხშირად, ექიმების საუბარს რომ მოუსმინოთ, მძიმე დაავადებაზე ისე საუბრობენ, როგორც საინტერესო შემთხვევაზე.
არ ვიქნები გულწრფელი, გითხრათ, რომ მთლიანად თავისუფალი ვარ ამისგან და ყველა ავადმყოფის პირადი ტრაგედია ჩემი ტრაგედიაცაა. რაღაც გარკვეული თვალსაზრისით, ავადმყოფობა ჩემთვისაც საინტერესო შემთხვევაა, რომელიც უნდა ამოხსნა და დაამარცხო, მაგრამ Gგულგრილობასაც ვერ დავწამებ საკუთარ თავს. გაცილებით ახლოს მიმაქვს ავადმყოფის გასაჭირი გულთან, ვიდრე საერთოდ მიღებულია. ვცდილობ, რომ ცივი გონებით გავაანალიზო ავადმყოფის მდგომარეობა, მაგრამ როცა ახალგაზრდის მოურჩენელ დაავადებასთან მაქვს საქმე, საკმაოდ ემოციურად ვუდგები მის მდგომარეობას. მაგალითად, თავდაპირველად შიდსის დიაგნოზის დასმის შემთხვევას ძალიან განვიცდიდი... ახლა უკვე შევეჩვიე და ისე აღარ განვიცდი, რადგან შიდსი მართვადი გახდა, ის არ იკურნება, მაგრამ, თუ ადამიანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვა დაავადება არ აქვს, სიცოცხლე ამ დაავადებასთან ერთად შესაძლებელია.
თქვენს სამუშაო ოთახზე თვალის შევლებაც კი საკმარისია, დაასკვნა, რომ შემოქმედებითი ადამიანი ბრძანდებით. რა ადგილს იკავებს თქვენს ინტერესებში ხელოვნება?
მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდად არ დავუჯილდოებივარ განგებას შემოქმედებითი ნიჭით, საოცრად მიყვარს ბალეტი და საოპერო ხელოვნება. ნინო ანანიაშვილის დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ. იმდენად, მიყვარს მისი ხელოვნება, რომ მის ბალეტებს საზღვარგარეთაც ვესწრები. მაგალითად, როდესაც მეტროპოლიტენ-ოპერაში ჰქონდა გასტროლი, მეც დავესწარი.
არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი კოლექციის შესახებ. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ბუ, კონკრეტული საბაბი აქვს ამ არჩევანს?
ბავშვობაში ჩემი მეგობრები იჭერდნენ ხოლმე ბუს და საცოდავ ფრინველს მეც მათთან ერთად დავარბენინებდი აქეთ-იქით, მაგრამ კოლექციის შეგროვებისთვის ეს არ იყო საბაბი. ბოლო 7-8 წელია, რაც ჩემს გარემოში ბუ გაჩნდა. თავიდან შეგროვება არც მიფიქრია. უბრალოდ, მომეწონა რამდენიმე ნამუშევარი და შევიძინე. მერე უკვე კოლექციის სახე მიეცა. სტუდენტობიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავადმყოფისთვის ფული არ გამომირთმევია და არც ფასიანი საჩუქარი მიმიღია მათგან. ერთადერთი გამონაკლისია ბუ, რადგან, ვინც გაიგო ჩემი გატაცების ამბავი, ყველა ცდილობს მისახსოვროს. 12 თუ 13 ბუ ქალბატონი სანდრას ნაჩუქარია. მანაც იცის ჩემი გატაცების შესახებ და როცა საიდანმე ჩამოდის, მირეკავს - "ბატონო თენგიზ, მორიგი ბუ ჩამოგიყვანეთო".

დღეს ჩემს კოლექციაში საკმაოდ მაღალი ღირებულების Bბუები დაგროვდა, ზოგი საავტოროა, ზოგი მარმარილოა, ზოგი – ძვირფასი ქვის... მაქვს ბრაზილიური ძვირფასი ქვის, ვენეციური მურანოს, ვერცხლის ბუები, ზოგი მღერის და ცეკვავს.... სულ 300-ზე მეტია. ერთ მარმარილოს ბუზე მითხრეს, რომ ოდესღაც სტალინის კაბინეტში იდგა....
* * *
ბატონ თენგიზთან საუბრის დროს მგონი პირველად ვინანე, რომ სატელევიზიო სიუჟეტს არ ვაკეთებდი. მინდოდა მისი გადამდები საუბრის მანერა აუდიტორიასაც ეგრძნო და დაენახა, როგორი სიყვარულით საუბრობდა იგი თავის პროფესიაზე, გატაცებებზე და მეუღლეზე, ქალბატონ ანა თოფურიაზე. "მეგონა სამეცნიერო მოღვაწეობა იყო ყველაფერი და ოჯახის შექმნა დავაგვიანე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანი დგას. შვილები არ გვყავს, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე და ქართული ტრადიციული ოჯახი გვაქვს", - გვითხრა ბატონმა თენგიზმა, რომელიც ამ ახალ წელსაც, ტრადიციულად, ერთ ახალ ბუს შემატებს თავის კოლექციას.... შემდეგ კი ექიმისა და მეცნიერის დატვირთული სამუშაო წელი დაიწყება... ასე იყო წლების განმავლობაში, ასე იქნება წელსაც ....
გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი"№2097
















