განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მეცნიერება მეცნიერება უნივერსიტეტის მიტოვებაზე არასოდეს მიფიქრია
ბანერი

უნივერსიტეტის მიტოვებაზე არასოდეს მიფიქრია

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 930 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

დაიბადა 1941 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში. განათლება და სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შსს მილიციის უმაღლეს სკოლაში დოცენტის თანამდებობაზე. 1981 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი (წლების განმავლობაში იყო უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი). 1993-95 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, 1996-2001 წლებში _ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე, 2001-2003 წლებში _ იუსტიციის საბჭოს წევრი, 1995_2001 წლებში _ ევროკომისიის `დემოკრატია სამართლის მეშვეობით~ (ვენეციის კომისია) წევრი, არის კონსტიტუციური სამართლის ორი სახელმძღვანელოს პასუხისმგებელი რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი, ჰყავს მეუღლე – მედეა დემეტრაშვილი, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.

იშვიათია ადამიანი, რომელიც იმგვარი პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე, როგორიც საქართველომ გამოიარა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და ერთნაირად მისაღები დარჩა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. მის კანდიდატურაზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ყოველთვის ადვილად თანხმდებოდა, რადგან ღირსეულად იცხოვრა და საკუთარი პრინციპებისთვის არასოდეს უღალატია.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი კოლეგებისა და სტუდენტებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საინტერესო და პრინციპული ლექტორია. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად იგი წლების განმავლობაში იყო დაკავებული საქართველოში საკონსტიტუციო სამართლის საკითხების მოწესრიგებით.

ბატონი ავთანდილი დღეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს. გარემო, რომელშიც მას უწევს მუშაობა, ისეთივე სადა და საქმიანია, როგორიც თავად ბატონი ავთანდილი. მასთან საუბრისას გიჩნდება განცდა, რომ ამ ადამიანს ადვილად გამოსდის – ერთმანეთს შეუთავსოს სამეცნიერო მუშაობა და საკონსტიტუციო კომისიაში მოღვაწეობა, მაგრამ ამ თავშეკავებული საუბრის მიღმა, ცხადია, კოლოსალური შრომა და დიდი სამეცნიერო ინტელექტი იმალება.

პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილთან ჩვენი ინტერვიუს მიზეზი ამჯერად მისი სტუდენტებისა და კოლეგების არჩევანი გახდა – იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა გასული წლის საუკეთესო პროფესორად დაასახელა.

ბატონო ავთანდილ, სტუდენტებისა და კოლეგების არჩევანი, თქვენთვის, ბუნებრივია, სასიამოვნო უნდა იყოს. საინტერესოა, როგორ ახერხებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას პედაგოგისა და მეცნიერის საქმიანობა შეუთავსოთ?

ისე ვარ შეზრდილი უნივერსიტეტის კოლექტივთან, მის ტრადიციებთან და სულისკვეთებასთან, ასე მგონია, დაბადებიდან უნივერსიტეტში ვარ.

სწავლა დავიწყე აქ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მერე გავაგრძელე რუსეთში, მაგრამ იმდენად მიმზიდველი იყო ჩემთვის ეს კოლქტივი, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრებისთანავე უკან დავბრუნდი და აგერ უკვე 40 წელია, რაც უნივერსიტეტში ვმუშაობ. დღესაც, როდესაც საკონსტიტუციო კომისიას წარმოვადგენ, ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ამას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ პროფესიულ საქმიანობას აღვნიშნავ, არამედ იმიტომ, რომ მეცნიერება და პედაგოგობა ჩემი ნამდვილი მოწოდებაა.

რაც შეეხება კონკრეტულ სამეცნიერო საქმიანობას - ვაგრძელებ მუშაობას თემაზე: "საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკები". ეს წიგნი ძალიან მალე მომზადდება – ალბათ მომავალ სემესტრში დავასრულებ მასზე მუშაობას.

გარდა ამისა, უკვე დასრულებულია და მხოლოდ კორექტირებაღა სჭირდება სამეცნიერო სტატიას "კონსტიტუციონალიზმის პარადიგმები საქართველოში", რომელზე მოთხოვნაც ერთ-ერთი საზღვარგარეთული ჟურნალიდან წამოვიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცემულ ჟურნალში, რომლის მეორე ნომერიც უკვე მზადდება, მალე დაიბეჭდება სტატია "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა საქართველოში".

ჩემი სამეცნიერო ინტერესი კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული და იმ ცოდნას, რაც მე ასპირანტურაში და დისერტაციის დაცვის დროს შევიძინე, ამ საქმიანობაში ვიყენებ.

ის ფაქტი, რომ კოლეგებმა წლის წარმატებული პროფესორად დაგასახელეს, ნიშნავს იმას, რომ ხართ დიდი მეცნიერი, კოლეგიალური და კომუნიკაბელური ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ეს თვისებები არაა საკმარისი იმისთვის, რომ სტუდენტებისთვისაც საყვარელი ლექტორი იყოთ. თქვენი აზრით, სხვა ლექტორებისგან რა თვისებების გამო გამოგარჩევენ სტუდენტები?

თუ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გადახედავთ, აღმოჩნდება, რომ, პირობითად, კედლის აქეთა მხარესაც და იქეთა მხარესაც (ხელისუფლებას და ოპოზიციას ვგულისხმობ) ძალიან ბევრი ჩემი ყოფილი სტუდენტია. ოპოზიციაში არიან: დათო უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, კობა დავითაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ხელისუფლებაში - პავლე კუბლაშვილი, კოტე კუბლაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. მათთვის მე მიუღებელი არასოდეს ვყოფილვარ. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მე მჯერა - სტუდენტთა ინტელექტუალური პოტენციალი, მათი შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გამოიყენო ქვეყნის სასიკეთოდ. როდესაც დღეს მოქმედი კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა, შევქმენი კონსტიტუციონალისტების ჯგუფი, იმ პიროვნებებისგან, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. მათ საშუალება მივეცი, ემუშავათ კონსტიტუციის პროექტზე და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულება შეესრულებინათ.

ამ მეთოდს სტუდენტებთან დღესაც ვიყენებ, რადგან კვლევის შედეგად ისინი ახალ ცოდნას იძენენ. დღეს უნივერსიტეტში 150-კაციანი ჯგუფი მყავს. მათ შევთავაზე, რომ შეექმნათ პატარა ჯგუფი, რომელიც მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმაში ჩაებმებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს "პატარა" ჯგუფი 60-70 მსურველისგან დაკომპლექტდა და რადგან სხვებსაც ჰქონდათ მუშაობაში ჩაბმის სურვილი, მე და ჩემმა ასისტენტებმა ეს ხალხი გავინაწილეთ. ახლა 3-4 ჯგუფი მუშაობს კონსტიტუციის პროექტზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთავარია სტუდენტებს ენდო. ეს არის უპირველესი მოთხოვნა.

მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ დღეს ლექციის ყველაზე მისაღები ფორმა არის ინტერაქტიული ფორმატი - როდესაც სტუდენტს ესაუბრები კიდეც და მასაც უსმენ, დიალოგს იწვევ. ალბათ ამითაცაა გამოწვეული ის ნდობა, რომელიც სტუდენტებმა გამომიცხადეს.

საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის დღიდან აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ ამ თანამდებობაზე თქვენი არჩევა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მაინც მოულოდნელი იყო, რადგან თქვენ არასოდეს ყოფილხართ პოლიტიკური მხარე და არასოდეს აკეთებდით პოლიტიკურ განცხადებებს ვინმეს საამებლად. საინტერესოა, კომისიის მუშაობის პროეცესშიც ასეთივე მიუკერძოებელი ხართ? ითვალიწინებთ ოპოზიციის მოსაზრებებსაც? როგორ მუშაობთ?

გეთანხმებიოთ, რომ მე პოლიტიკაში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ, არც ყველა საკონსტიტუციო ცვლილებას ვეთანხმებოდი და დროის მოთხოვნის გამო ჩემი სამეცნიერო გემოვნებისათვის არასოდეს მიღალატია. არ დაგიმალავთ და ამ კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მე არ ვიზიარებდი 2004 წელს განხორციელებულ კონსტიტუციურ რეფორმას. მე იმთავითვე ვიყავი და დღესაც ვარ შერეული მმართველობის ფორმის მომხრე. ეს კონსტიტუციაში, ტერიტორიულ მოწყობასთან ერთად, ძირითადი საკითხია. ჩემი ხედვაა, რომ საქართველოში მმართველობის ფორმა უნდა პასუხობდეს ერთ მოთხოვნას - რაც შეიძლება მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოებაზე, ხალხის აზრზე. მე ვფქრობ, რომ ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება მმართველობის იმ ფორმაში, რომელსაც პირობითად ფრანგულს, ან შერეულ მმართველობის ფორმას უწოდებენ. 1994 წელს საკონსტიტუციო კომისიის მდივანი გახლდით. მე მაშინაც ამ იდეას ვატარებდი და ახლაც ვცდილობ მისი ერთგული დავრჩე.

რაც შეეხება მიუკერძოებლობას, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას, არამედ პოლიტიკურ ინტუიციასაც. მოგეხსენებთ, საკონსტიტუციო კომისია, აკადემიური პერსონალის გარდა, დაკომპლექტებულია პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწოფო ორგანოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებისგან. ყველასთან საჭიროა ურთიერთობის რაღაც ფორმის მოძებნა, რომ შესაძლებელი იყოს მათთან მუშაობა. მე არ ვხელმძღვანელობ პოლიტიკური ინტერესებით. ჩემი მიზანია ორი პრინციპის დაცვა - მეცნიერული ცოდნის გამოყენება და ქვეყნის ინტერესი, რომელსაც უნდა მოემსახუროს, ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობაც და შესაძლებლობებიც.

იმ წლებში, როცა საქართველოს განათლების სისტემას არც ისე ულხინდა, უნივერსიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრმა პროფესორმა დატოვა და სხვა უნივერსიტეტში დაიმკვიდრა თავი. თქვენ არასოდეს გიფიქრიათ უნივერსიტეტიდან წასვლაზე?

არა, ამაზე არაოდეს მიფიქრია. არ დაგიმალავთ და მე მქონდაშეთავაზებები ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან მაგრამ არაოდეს მიფიქრია მაღალი ხელფასის გამო მიმეტოვებინა უნივერსიტეტი.

ერთი ძალიან ზოგადი განცხადება უნდა გავაკეთო - მე ძალიან მიკვირს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ განათლების სისტემა ინგრევა, რომ ახლადშემოღებული განათლების სისტემა, რომელსაც ევროპულს უწოდებენ, უვარგისია საქართველოსთვის და ა.შ. მე არაფერს ვამბობ ზოგადი განათლების სისტემაზე, რადგან ჩემი შვილებისა და შვილიშვილების მაგალითზე, ვხედავ რომ საშუალო სკოლა დახმარებას საჭიროებს, მაგრამ უმაღლეს განათლებაში, ჩემი ფაკულტეტის სახელით შემიძლია ვილაპარაკო, მიმდინარეობს თანმიმდევრული და მიზანმიმართული რეფორმა.

ვერავინ იტყვის, რომ დღევანდელი მაგისტრანტი იმავე დონისაა, რაც იყო უნივერსიტეტის წინა წლების კურსდამთავრებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ განათლების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მის ჩამოყალიბებას და დახვეწას დიდი დრო და მთელი საზოგადოების მხარდჭერა სჭირდება. როდესაც ერთად დავირაზმებით და გავითვალისწინებთ ბოლონიის პრინციპებს, უმღლესი განათლებაც სათანადო დონისა იქნება, ოღონდ, ვიმეორებ, სასწრაფოდ უნდა ეშველოს ზოგად განათლებას.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტი წარმატებული, აკმაყოფილებს თუ არა მისი ბაკალავრის ან მაგისტრის ცოდნის დონე თანამედროვე მოთხოვნებს?

გამიჭირდება სხვა უნივერსიტეტებთან შედარება, რადგან არ ვიცი, რა მდგომარეობაა მათთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ფაკულტეტის რეფორმირების პროცესი საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ამას მოწმობს თუნდაც ერთი მაგალითი - ამ ცოტა ხნის წინ ამერიკიდან ჩამოვიყვანე ძალიან ცნობილი კონსტიტუციონალისტი და ვთხოვე ჩაეტარებინა ლექცია. ის დამთანხმდა, ოღონდ ცხადია, მოისურვა ლექციის ინგლისურ ენაზე ჩატარება. წარმოიდგინეთ, რომ იმ 200 კაციდან, რომელიც დარბაზში იჯდა, ნახევარზე მეტი ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მათ თავისუფლად შეძლეს ინგლისურ ენაზე ლექციის მოსმენა და კითხვების დასმა. ეს ერთი პატარა მაგალითია, რაც იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ რეფორმირების პროცესი ნორმალურად მიდის, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

იმდენად დაკავებული ბრძანდებით, რომ თავისუფალი დრო ალბათ არც გრჩებათ, მაგრამ თუ გამონახეთ რამდენიმე საათი, როგორ ატარებთ მას?

თავის დროზე სპორტსმენი გახლდით და ამიტომ აქტიური დასვენების მომხრე ვარ. სიამოვნებით ვთამაშობ ჩოგბურთს ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩემი საუკეთესო პარტნიორები და მოწინააღმდეგეები გახლავთ დათო კერესელიძე და გაგი კახიანი (ყოფილი ჩემი დოქტორანტი). ისე აქვე გეტყვით, რომ ჩემმა ორმა დოქტორანტმა უკვე დაიცვა დისერტაცია და მათი ჩათვლით უკვე 10 დოქტორი მყავს გაზრდილი....

ზოგადად მიყვარს ბუნებაში გასვლა და თევზაობა, მაგრამ ჩემი გონება ამ ბოლო 8 თვის განმავლობაში მხოლოდ კონსტიტუციითაა დაკავებული. ვინმემ რომ მითხრას, თოვლის ბაბუა ერთ სურვილს აუცილებლად შეგისრულებსო, საქართველოსთვის კარგ კონსტიტუციას ვთხოვდი.

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი"

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი