(ფართო საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ პარადიგმა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და თანამედროვე გაგებით ფუნდამენტური, ძირითადი აზრის/იდეის აღმნიშვნელია). წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობას კატასტროფა ემუქრება. ახალი პარადიგმის საფუძვლად მდგრადი განვითარების კონცეფცია მიიჩნიეს, რომელიც მთელი კაცობრიობის ინტერესებს ითვალისწინებს. განვითარების ძველი პარადიგმა ეკოლოგიური საფრთხის და მშვიდი ცხოვრების არგუმენტების საფარქვეშ განვითარებული ქვეყნების ინტერესების პრიმატს აღიარებდა, რომელთა კეთილდღეობა წარსულში და ეხლაც განვითარებადი ქვეყნების ძარცვაზეა დაფუძნებული. ძველი პარადიგმის მიხედვით გადარჩება ე. წ. “ოქროს მილიარდი”. დედამიწის დანარჩენი მოსახლეობა თანდათან დეგრადირდება და იხოცება. რიოში გამართულმა კონფერენციამ ცალსახად პირველ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. მეორე ვარიანტზე საუბარს გაურბიან. მისი რეალიზაციის მცდელობები კი მუდმივად იქნება.
ცივილიზაციის განვითარების პარადიგმის კარდინალური ცვლილება ახალ მოთხოვნებს უყენებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროსა და სულიერ სამყაროს. მდგრადი განვითარების კონცეფციის სკურპულოზურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ მისი (კონცეფციის) განხორციელება შესაძლებელია სამი პრიმატის უზრუნველყოფის პირობით:
- სულიერი ღირებულებისა მატერიალურზე,
- საზოგადოებრივი ინტერესებისა ინდივიდუალურზე,
- სახელმწიფოებრივი რეგულირებისა საბაზრო-ეკონომიკურ მექანიზმებზე (კანონებითა და ეკონომიკურ მექანიზმების დახმარებით).
ლიბერტარიანული - სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელობის დამცრობის და მოდად ქცეული ,,მინიმალური სახელმწიფოს” მაღალხელფასიან მომხრეთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიო-საფინანსო კრიზისმა, თვალსაჩინოდ დაადასტურა რიოში გამართულ მსჯელობათა უაღრესი აქტუალობა.
უნდა ვაღიაროთ, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განათლებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისად აისახა სახელმწიფოების ორგანიზაციის ხასიათსა და ლიდერთა არჩევის ტრადიციულ სისტემებზე. “სწავლულ-ექსპერტთა (საქართველოში არსებობს სხვა კატეგორიაც-გ.ბ.) მმართველობაზე დაფუძნებულ ცივილიზაციასა და დემაგოგ პოლიტიკურ ლიდერთა - ყველაფერს რომ გვპირდებიან და თითქმის არაფერს არ გვისრულებენ - მმართველობას შორის არჩევანის გაკეთება, მომავალში კიდევ უფრო მწვავე იქნება. საერთო ტენდენცია ისეთია, რომ ყოველდღიურად მზარდ სახელმწიფოებრივ, ტექნიკურ, სოციალურ და ა. შ., თუნდაც გლობალურ პრობლემათა მატებას, თან ერთვის მმართველთა კომპეტენციის კლება” - განმართავს სტანისლავ ლემი – პოლონელი მწერალი და მოაზროვნე. ამ კონტექსტში შეუძლებელია არ ვახსენოთ საქართველოს უახლეს ისტორიიდან დღევანდელობაში გადმოსული (პროგრესირებადი) ჭირი - სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს თანამდებობებზე (არაკომპეტენტური აქ რბილად ნათქვამია) არაკვალიფიცირებული და შემთხვევით პიროვნებათა დანიშვნის პრაქტიკა (“ვაცალოთ ბიჭს ისწავლოს მინისტრობა”). ამგვარი ლაფსუსების სიხშირეს და ოდიოზურობას, რომელმაც საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი დამსახურებული ცინიზმის მყარი ტენდენცია წარმოშვა, ქვეყნის სამეცნიერო წრეებში, დღემდე დეფინიცია (სახელი) არ მიუღია, რაც მეურნე-მწარმოებელი მოქალაქისათვის უფრო მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე მასმედიის მიერ “სამთავრობო კარუსელი”-ად სახელდებული ვაკხანალია.
კონფერენციაზე UNESCO-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია: “ჩვენ უნდა შევძლოთ სერიოზულ ცვლილებათა განხორციელება პროფესიული განათლების, მმართველობის, სამეცნიერო კვლევების და პროფესიული საქმიანობის სფეროში სადღეისოდ არსებული _ ვიწრო სპეციალიზაციით ზედმეტად გატაცების დასაძლევად. უნდა განხორციელდეს ნოვაციები პროფესიული განათლების მართვისა და კვლევების სფეროში ჯერ კიდევ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. რენესანსის ეპოქამ გვაჩვენა, რომ ცოდნის სექტორიზაცია არ განეკუთნება თანამედროვე ადამიანის განსაკუთრებულ ნიშან-თვისებას. უნდა შევძლოთ ახალი რენესანსის ეპოქის (!!!-გ.ბ.) გენერირება, სადაც ცოდნის დანაწილება დისციპლინათა მიხედვით დღევანდელ სიხისტეს დაკარგავს”.
მოყვანილი ციტატა, ვფიქრობთ, მკითხველთა ფართო წრისათვის შემდეგ განმარტებას საჭიროებს: სუპერკომპიუტერულ ტექნოლოგიათა და ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები, ადამიანის თავის ტვინის შემსწავლელი მკვლევარები დაგვეთანხმებიან, რომ თანამედროვე ინფორმაციის კოლოსალურ (ჰიპერ) მოცულობათა არგუმენტაციით სამეცნიერო ცოდნის დაცალკევების (სამეცნიერო დისციპლინათა სექტორებად დანაწილების) მოტივაცია, ძველებურ შეუვალობას კარგავს. რევოლუციური საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე დამუშავებულმა უახლესმა საკომუნიკაციო საშუალებებმა, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობათა გახსნის აქამდე არგაგონილი პერსპექტივები წარმოშვა. ერები, რომელთა ხელისუფალნი, თავიანთ მოქალაქეთა გონებრივი წვრთნა-განვითარების ამგვარ გარემოს ქმნიან, მატერიალურად და სულიერადაც დაწინაურებულნი არიან. ინდოეთის სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური წარმატებები, მისი სულიერი სფეროს ტრადიციულ სიმაღლეებთან ერთად, მრავალ საოცრებას ჰპირდება კაცობრიობას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანის ცოდნის თვალსაწიერის სიდიდე, UNESCO-ს დოკუმენტის ავტორთა მიერ ზედაპირულ _ ენციკლოპედიური (აღწერილობითი) ცოდნის დონესთან არაა გაიგივებული. “განათლებული ადამიანის” თანამედროვე დეფინიციაში (განმარტებაში), სულ მცირე, ერთ რომელიმე სამეცნიერო დარგში (ქვედარგში, მიმართულებაში) სიღმისეული ცოდნის არსებობა იგულისხმება. სხვა სიტყვებით: დოკუმენტის ავტორთათვის “სპეციალისტის” ცნებაში, მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციის არსებობა არ მოიაზრება. აზროვნების ფართო დიაპაზონი მეცნიერს, სპეციალისტს, პროფესიონალს, პოლიტიკოს-ადმინისტრატორს სხვა დარგის სპეციალისტებთან ურთიერთობას უადვილებს, პროფესიულ მობილურობის _ ერთი სახის სამუშაოდან მეორეზე გადაწყობის უნარს უვითარებს. ანგრევს უნიჭო და ფსევდო მმართველთა მიერ შექმნილ, პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების დამაბრკოლებელ ბარიერებს. მცირერიცხოვან ერებისათვის აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია.
“ცოდნა სინათლეა”-ო ამაზე უთქვამს ქართველ კაცს. დოკუმენტში ჩადებული, ქვეყნის რეალური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი აზრი/შინაარსი, ნათელს ფენს საქართველოს სამეცნიერო წრეებში დღემდე არშემდგარი თვითორგანიზაციის მიზეზთა მიზეზს, რომელიც სხვა სიტყვებით გამოხატა რუსთველის შემდგომი საქართველოს უპირველესმა გენიოსმა: “აკადემიის კიბეზე ქარმა დაჰქროლა ქვენამან, მეცნიერნი და უვიცნი ერთად შეჰყარა ზენამან” (გალაკტიონის უბის წიგნაკიდან).

















კომენტარები
თანხმობა, თუმცა შეცდა, ცოდნა სასწაულია.
თავად სიტყვა ,,სასწაული" ამბობს თავის მნიშვნელობას, სასწავლი, ანუ რაც იმას მიუთითებს რაც არ ვიცით მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ, ეს არის სასწაული.
ესეთი თემები არ უდნა იყოს შემთხვევით გადაწყდომითი, როგორც მე გადავაწყდი ეხლა შემთხვევით. ციტირება