როცა საზოგადოებას ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროება ემუქრება, მხოლოდ მაშინ ჩნდება და აკადემიური სიმშვიდით გვიხსნის, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას არა პანიკით, არამედ ცოდნით უნდა ვებრძოლოთ...
არასოდეს ცდება პროგნოზებში და მიაჩნია, რომ დაავადება არ არის იმდენად საშიში, რომ მისი კონტროლი არ შეიძლებოდეს...
ფიქრობს, რომ ცხოვრებისეული მაგალითი მისცა პროფესორმა გურამ კაციტაძემ, როცა თანამდებობა და სავარძელი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დაუთმო ჯერ კიდევ გამოუცდელ ახალგაზრდას და მიანიშნა, რომ თავადაც ასე უნდა მოიქცეს, როცა ამის დრო მოვა...
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისადმი ინტერესი არასოდეს განელებია, ბოლო დროს ნაკლებად მუშაობს ლაბორატორიაში, სამაგიეროდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია მისი სფეროა და ცოდნას უშურველად გადასცემს სტუდენტებს...
ჩვენი რესპონდენტი ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძეა.
ბატონო პაატა, ექიმთა უმრავლესობა პროფესიის არჩევას მშობლების დაჟინებულ თხოვნას ან მათი ტრადიციის გაგრძელებას უკავშირებს, თქვენც ამგვარი მიზეზი გქონდათ თუ თავად გადაწყვიტეთ თქვენი მომავალი?
ჩემს შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. თუ არ ჩავთვლით მამაჩემის შორეულ ბიძაშვილებს, ახლო ნათესაობაში ექიმი არავინ მყოლია. დედა პედაგოგი გახლდათ, მამა - სპორტსმენი. ჯერ კიდევ სკოლაში ჩემი არჩევანი ბიოლოგიასა და მედიცინას შორის მერყეობდა. მაშინ ხშირად დავყვებოდი ჩემს მეზობელს თინა ნიკოლაევას სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორატორიაში და ინტერესით ვუყურებდი ექსპერიმენტებს ძაღლებსა და სხვადასხვა ცხოველებზე. მერე გადავწყვიტე სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა, რასაც მოჰყვა ინტერნატურა პედიატრიის ინსტიტუტში და ასპირანტურა მიკრობიოლოგიის განხრით. სხვათა შორის, ძალიან მალე გადავინაცვლე კლინიკური მედიცინიდან თეორიულ მედიცინაში. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და გავჩერდი. სადოქტოროსთვის ვერც მოვიცალე, თან ისედაც ზედმეტად მიმაჩნდა ორსაფეხურიანი დაცვა.
მერე რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა გამოვიცვალე და ბოლოს მოვედი ამ ცენტრში, რომელსაც პროფესორი გურამ კაციტაძე ხელმძღვანელობდა, მე კი მისი მოადგილე გახლდით. მაშინ ამ დაწესებულებას `განსაკუთრებით საშიში ინფექციების საწინააღმდეგო სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრი~ ერქვა. ბატონმა გურამმა მოინდომა, რომ მე ვყოფილიყავი დირექტორი. ასეთი რამ ქართულ სინამდვილეში არ ხდება, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კარგი მაგალითი და იმის ნიშანი იყო, რომ თავის დროზე მეც ასე უნდა მოვიქცე. გურამ კაციტაძე ჩვენთან მეცნიერებას დღემდე კურირებს და ეპიდემიოლოგიაში საქართველოში მასზე უფრო დიდი ავტორიტეტი არ გვყავს.
საერთოდ ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში სკოლის პერიოდიდან დღემდე(პირველი სკოლა დავამთავრე). მათ შორის მამაჩემს და პროფესორ თამაზ კერესელიძეს გამოვყოფ. წესიერება, ადამიანის და საქმის სიყვარული, რაც მათ ჩამინერგეს, ყველაზე მთავარია ცხოვრებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორ მოხვდით?
უნივერსიტეტში მოვედი 90-იანი წლების ბოლოს, როცა მედიცინის ფაკულტეტი აღდგა. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ჩამომეყალიბებინა სასწავლო პროგრამა და წამეკითხა ლექციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. დღეს მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი ვარ და უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა.
უმაღლესი განათლებისადმი თანამედროვე მოთხოვნებმა სტუდენტის სწავლისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს _ ახალგაზრდა უნივერსიტეტში გამოკვეთილი მიზნით უნდა მოდიოდეს. როგორ ფიქრობთ, შეიმჩნევა თუ არა თქვენს ფაკულტეტზე განსაკუთრებული ინტერესი პროფესიის დაუფლებისადმი, რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს და რით პასუხობს დღეს მათ უნივერსიტეტის პროფესურა?
მთლიანად პროფესურაზე ალბათ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა _ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სწავლისადმი ინტერესი და გამოკვეთილი მოტივაცია აქვთ, მაგრამ მიკვირს იმ ნაწილისა, რომლებიც მართლა არ ვიცი, რატომ სწავლობს. უმაღლესი არ არის სავალდებულო დაწყებითი განათლება, აქ თუ მოხვედი, უნდა მომთხოვო, რომ გასწავლო. თუ არ გაინტერესებს, რატომ უნდა დახარჯო ამდენი ფული? მით უფრო, სამედიცინო ისეთი სფეროა, რომ თუ ყოველდღე არ იკითხე სპეციალური ლიტერატურა და არ განვითარდი, ასეთ კონკურენტუნარიან გარემოში ფეხს ვერ მოიკიდებ. სამწუხაროდ, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ იმაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება, ამიტომ ჩემმა ბევრმა კოლეგამ პროფესია შეიცვალა.
ახალგაზრდას უნივერსიტეტი ცოდნის მიღებაში ეხმარება. სტუდენტებთან ჩემი მიდგომაც ასეთია – მე თქვენ არ გასწავლით, მე თქვენ გეხმარებით, რომ ისწავლოთ! ამ ფუნქციას უნივერსიტეტი ძალიან კარგად ასრულებს. დღეს აქ არის პირობები იმისათვის, რომ თუ ადამიანს სწავლა უნდა, ისწავლის. ვიცი ჩემს გვერდით რა დონის პროფესურაა და რა შეუძლიათ გასცენ სტუდენტისთვის.
რამდენად გრჩებათ დრო სამეცნიერო მუშაობისთვის?
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ინტერესის სფერო ძალიან ფართოა. ის საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და ეპიდემიოლოგიასთან არის დაკავშირებული. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უფრო პრაქტიკული დარგია, ეპიდემიოლოგია კი - მისი სამეცნიერო საფუძველი. სამწუხაროდ, ლაბორატორიაში მუშაობის დრო აღარ მაქვს. ამჟამად ძირითადად ვმუშაობთ მოლეკულურ ეპიდემიოლოგიაში.
ბატონო პაატა, ბოლო დროს გავრცელებული ვირუსული ინფექციები საზოგადოებაში გარკვეულ შიშსა და პანიკას იწვევს. თქვენი სამსახურის პრეროგატივა ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და მისი კონტროლია. როგორ ახერხებთ ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა კონტროლს, რა ბერკეტები არსებობს ამისათვის?
"დაავადებათა კონტროლი" საერთაშორისო ტერმინია. საბჭოთა პერიოდში ის ითარგმნებოდა, როგორც დაავადებებთან ბრძოლა, მერე შეთანხმდნენ ამ ტერმინზე, რაც თავის თავში ბრძოლასაც გულისხმობს. კონტროლი ნიშნავს, რომ იცი, რა ხდება ქვეყანაში და გააკეთო ისეთი რამ, რაც დაავადებათა შემცირებას გამოიწვევს. ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა დონეზეა, ზოგი უფრო კონტროლის ღონისძიებებს ატარებს, ზოგი _ პროფილაქტიკის. ჩვენ ვცდილობთ, ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ.
როცა საზოგადოებაში რაღაც დაავადების მიმართ გარკვეული შიში ისადგურებს, თქვენ ყოველთვის მშვიდი ხართ და ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ. საიდან მოდის ეს სიმშვიდე. იცნობთ ამ დაავადებებს კარგად და ხვდებით, რა შეუძლია მას გამოიწვიოს თუ, უბრალოდ, გვამშვიდებთ?
მოდით ასე ვთქვათ – ყველა დაავადებას აქვს თავისი განვითარების ეტაპები და შესაძლებლობის მაქსიმუმი. ასეთ დროს რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩვენი სამსახურის მიზანია, არ შევცდეთ მასშტაბის გაზომვაში. სიმშვიდე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩემი დამსახურება არაა. ამხელა ცენტრი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მქონე თანამშრომლები გვყავს. მე მხოლოდ მათი კვლევის შედეგებს ვახმოვანებ. საბედნიეროდ, ბოლო 20 წელია პროგნოზებში არ შევმცდარვართ. ეს საკმაოდ თამამი განცხადებებია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ერთხელაც რომ შევცდეთ, აღარ დაგვიჯერებენ. აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთ დროს არც გაზვიადება ვარგა და არც ის, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ არ გააფრთხილო საზოგადოება. ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა.
ზოგადად, ამ დარგში პანიკა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე რეალური საფრთხე, ამიტომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ასეთ დროს როგორ მოიქცნენ. ჩვენ დღემდე განვიცდით რომ ე.წ. `ღორის გრიპის~ გავრცელების დროს საქართველოში 7 ორსული დაიღუპა. ეს ადამიანები რომ დროზე მისულიყვნენ ექიმთან, ეს შედეგი არ გვექნებოდა. ამიტომ ახლაც ვეძებთ მიზეზებს - ხომ არ დავაკელით რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არ მომხდარიყო.
მშვიდი განცხადებების გაკეთება მეც მიჭირს. ყოველი ადამიანის სიკვდილი ამ ადამიანების ოჯახებისთვის უბედურებაა და ჩვენი სამსახურისთვის - სტატისტიკა და რისკის ალბათობა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ფონზე ცივი გონებით უნდა ილაპარაკო და ახსნა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია.
რამდენად ამართლებს ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდში ხალხური, ტრადიციული მედიცინის გამოყენება? მაგალითად, "ღორის გრიპის" გავრცელების პერიოდში მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიორის გამოყენება ვირუსის გავრცელებას ხელს უშლიდა. არის ასეთი ღონიძიებების გატარება ეფექტური?
ხალხური მედიცინა დიდ ტრადიციებს, საუკუნეებით დაგროვილ ცოდნას და სიბრძნეს ეფუძნება, მაგალითად, იგივე ნიორის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, ცოტა ალკოჰოლიც, ხაზს ვუსვამ ცოტა. ასე რომ, მეც ხშირად ვურჩევ ხოლმე ხალხურ საშუალებებს.
ჩვენი საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა. ცნობილი ტენდენციაა, რომ სანამ ძალიან არ გაუჭირდება ადამიანს, ექიმს ნაკლებად აკითხავს. ხომ არ არის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამები ამ ხარვეზის გამოსასწორებლად?
ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ საზოგადოებიდან, როცა შენს მაგივრად ასეთ საკითხებსაც კი სხვა წყვეტდა. ახლა, როცა თვითონ ვართ ჩვენი თავის პატრონი, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა საკუთარ ჯანმრთელობას თავად მიხედოს. მესმის, რომ ჩვენს გვერდით ბევრი გაჭირვებული ადამიანია და შემოსავალი არ აქვს, მაშინ, როცა სამედიცინო სფერო მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ როცა ძალიან გაუჭირდება, ხომ პოულობს გამოსავალს? უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა დაავადება ბოლო წერტილამდე მიდის, მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. ბოლო პერიოდში დაზღვევის სისტემაც ამოქმედდა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენი დაზღვევის პროგრამები მთლად ვერ ფარავენ ყველაფერს, რაც დაზღვევისთვის მიღებულია, მაგრამ გადაუდებელი დახმარებები გათვალისწინებულია. ამიტომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ საკუთარ ორგანიზმში გამოვლენილ ნებისმიერ სიმპტომს და ექიმს მივაკითხოთ მანამ, სანამ დაავადების განკურნება შესაძლებელია.
ვაქცინაციაზეც უნდა გკითხოთ. ბოლო დროს საზოგადოებაში ერთგვარი სკეპტიკური განწყობაა პროფილაქტიკური აცრების მიმართ. ადამიანების ნაწილი არ ენდობა შემოტანილ ვაქცინებს. ფიქრობენ, რომ ის საშიშია...
ეს სისულელეა. პირიქით, ვამაყობ იმით, რომ საქართველოში მილიონი ბავშვი აღარ გახდება სერიოზულად ავად, რადგან აცრები ჩაიტარა. მოზრდილებზეც გვინდოდა ამგვარი ღონისძიების გატარება. დავიწყეთ კიდეც ვაქცინაცია წითელა-წითურაზე, მაგრამ ეს აქცია ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ ჩაშალა - მილიონი ადამიანი უნდა აგვეცრა და იმის გამო, რომ აცრილთა ნაწილს სრულიად ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა ვაქცინაზე, აქცია ნაწილობრივ ჩაიშალა.
დაავადებებისაგან თავის დასაცავად აცრაზე კარგი საშუალება არაფერი გამოუგონებიათ. რაც შეეხება რეაქციას, ეს ჩვეულებრივი ამბავია... გართულება კი უბრალო წყლის გადაცდომამაც შეიძლება გამოიწვიოს.
თქვენი სამუშაო ოთახის კედელზე უამრავი სერტიფიკატი და დოკუმენტია გამოფენილი...
მეწაღის "ბუტკები" რომ იყო ხოლმე პლაკატებით მოფენილი, იმას ჰგავს, მაგრამ ახლა `მოდაშია~ ამგვარი დოკუმენტები კედელზე. არ მიყვარს ეს კედელი. სამაგიეროდ მიყვარს სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმიდან და კონფერენციიდან ჩამოტანილი გულსაბნევების კოლექცია. კარგ დღეებს მახსენებს. ეს არის ხოლმე 2-3 დღე, როცა შემიძლია დავტკბე საინტერესო საქმით, ნაკლებად ვიფიქრო პრობლემებზე და დავათვალიერო სხვა ქვეყნის კულტურის ძეგლები.
თქვენს სამუშაო ოთახს საკმაოდ საინტერესო ფერწერული ტილოებიც ამშვენებს...
ეს ჩემი მეუღლის მაკა მეძმარიაშვილის ნამუშევრებია. ის საკმაოდ კარგი მხატვარია. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია...
გყავთ ტყუპი ქალიშვილი. მომავალ პროფესიას თქვენ ურჩევთ თუ უკვე არჩეული აქვთ ინტერესის სფერო?
არა, ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ვერ ჩავერევი. ისე, ერთს მგონი დედის პროფესიისკენ მიუწევს გული. მეორე კარგად სწავლობს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პროფესია, ვფიქრობ, არ აურჩევია.
თუ მოინდომებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას, თქვენ მოუწონებთ არჩევანს?
ულაპარაკოდ. იმიტომ, რომ ჩემთვის საქართველოში უნივერსიტეტი არის ერთი - ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს, როცა უნივერსიტეტს ასე მოიხსენიებენ, მას არ სჭირდება ზედმეტი დაზუსტება. უნივერსიტეტი ერთია.... სხვა დანარჩენმა სასწავლებლებმა კი, ალბათ, უნდა დააფიქსირონ, რომელი უნივერსიტეტები და ვისი სახელობის არიან...

















კომენტარები