მადლობა ღმერთს, დღესაც გვყავს ასეთი სახეები - ადამიანები, რომელთა ხსენება უნივერსიტეტთან, ცოდნასთან და ჭეშმარიტ მეცნიერებასთან ასოცირდება. მათ შორის გამორჩეულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რისმაგ გორდეზიანი. იგი აზროვნების მასშტაბის, ცოდნისა და ავტორიტეტის გამო უნებურად განგაწყობს იმგვარი პატივისცემისა და მოწიწებისკენ, რაც მხოლოდ დიდი მეცნიერების მიმართ შეიძლება გაუჩნდეს სტუდენტს.
ბატონი რისმაგის ერუდიცია სათავეს ინტელექტუალების ოჯახიდან იღებს. მამა – ცნობილი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, ქართული შრიფტის დიდი მოამაგე, ბენო გორდეზიანი გახლდათ, დედა – ექიმი-სტომატოლოგი ნანა სილოგავა. ბატონი რისმაგი სიცილით გვიხსნის: "მამა რაჭველი იყო, დედა - მეგრელი და რაჭველისა და მეგრელის შეზავებამ, ჩემი აზრით, დადებითი შედეგი გამოიღო, არც ნამეტანი ამაცქვიტა და არც – ძალიან დამადინჯაო." სწორედ მისმა მშობლებმა მოახერხეს, რომ ომის შემდგომ წლებში ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცათ და უცხო ენები ესწავლებინათ. "კარგა ხნის მერე მივხვდი, რამხელა სიკეთე გამიკეთეს ჩემმა მშობლებმაო" - იტყვის ბატონი რისმაგი ჩვენთან საუბარში და დასძენს: "ჩემს სკოლაში, რომელიც სოლოლაკში, მახარაძის ქუჩაზე მდებარეობდა, მთელი თბილისის "ძველი" და "დამრტყმელი" ბიჭები სწავლობდნენ. აქედან გამომდინარე, ერთნაირი წარმატებით შემეძლო ქუჩის გზით წასვლაც და სერიოზული კარიერის შექმნაც, იმიტომ, რომ სკოლაში საკმაოდ წარმატებულ მოსწავლედ ვითვლებოდი. მე ეს გზა ავირჩიე, თუმცა ერთგვარი ოქროს შუალედის დაცვაც მოვახერხე - ყველა ჩემი სკოლელი ბიჭი პატივს მცემდაო."
ცხადია, ჩვენ ძნელად წარმოგვიდგენია სხვაგვარი რისმაგ გორდეზიანი, ამიტომაც შევეცადეთ ინტერვიუში ის საფუძვლები მოგვეძია, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი შესძინა:
ბატონო რისმაგ, როგორც აღნიშნეთ, სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყავით და ერთნაირად ფლობდით ყველა საგანს, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფილოლოგიის ფაკულტეტი?
ჩემი არჩევანი ჩემი სკოლის დირექტორის და ქართულის მასწავლებლის, ვარლამ თავაძის თხოვნამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდი ძლიერი ვიყავი საბუნებისმეტყველო საგნებში და ბევრს მიაჩნდა, რომ სწორედ ამ გზით უნდა წავსულიყავი, ფილოლოგია ავირჩიე იმიტომ, რომ მაშინ ცოტას მეც "ვგიჟპოეტობდი" - რომანებს და მოთხრობებს ვწერდი.
პირველ კურსზე, როგორც კი საუნივერსიტეტო გარემოში გავერკვიე - კლასიკურმა ფილოლოგიამ მიმიზიდა. ქართულ ფილოლოგიაში სრული განათლება მივიღე და ბერძნული ფილოლოგიით ადრეული ასაკიდანვე დავინტერესდი. უნდა გითხრათ, რომ ბერძნული, როგორც საჭირო იყო, საკმაოდ გვიან ვისწავლე, რადგან ჩვენს დროს სპეციალური განყოფილება ჯერ კიდევ არ არსებობდა. სხვათაშორის, ბატონ აკაკი ურუშაძესთან ერთად, მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ 1967 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად გაგვეხსნა კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება
იმ პერიოდში უნივერსიტეტი მდიდარი იყო იმით, რომ ლექციებს მეცნიერების კორიფეები კითხულობდნენ. მათ შორის ვინ იყო თქვენი მასწავლებელი?
უნდა გითხრათ, რომ მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ბევრი ის მეცნიერი, ვინც მაშინ ქართული მეცნიერების კორიფედ მიიჩნეოდა, ან ჩემი ლექტორი იყო, ან მათ ლექციებს ვესწრებოდი. მომსმენია კორნელი კეკელიძის, ალექსანდრე ბარამიძის, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანის, სიმონ ყაუხჩიშვილის, აკაკი ურუშაძის, აკაკი შანიძის ლექციები. აღარაფერს ვამბობ პანტელეიმონ ბერაძეზე, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე ამ დარგით დავინტერესებულიყავი. მოკლედ, ვინც კი მაშინ ყველაზე წარჩინებული და ცნობილი მეცნიერი იყო, მათთან ან როგორც სტუდენტი, ან როგორც მსმენელი და სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე ვკონტაქტობდი.
იმ პერიოდში ფილოლოგიის კურსდამთავრებული ან მწერალი ხდებოდა, ან მასწავლებლად მუშაობდა. თქვენ მესამე და ყველაზე რთული გზა – მეცნიერება აირჩიეთ. როდის გაჩნდა ინტერესი სამეცნიერო კვლევებისადმი?
უნივერსიტეტში იმ განწყობით შემოვედი, რომ ან პოეტი გავმხდარიყავი, ან - პროზაიკოსი. პირველსავე წელიწადს პროფესორმა პანტელეიმონ ბერაძემ მომცა სამეცნიერო თემა "ცენზურა დაქტილურ ჰეგზამენტში". ჩემთვის ეს იმ მომენტში თითქმის ჩინური იყო. როგორც კი ჩავუჯექი თემას, მადლობა ღმერთს, უცხო ენები ვიცოდი და შემეძლო მასალების ამ ენებზე მოძიება, მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება სწორედ ამ ტიპის აზროვნება იყო. ამ დროიდან გადავწყვიტე, რომ მეცნიერებაში ვიმუშავებდი და ყოველ წელს ვამზადებდი მოხსენებებს. ასე რომ, დიდი ჭოჭმანი არ დამჭირვებია, თუმცა ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლამ ძალიან დიდი საქმე გამიკეთა - ანტიკურ კულტურას მაზიარა.
ჩვენ გვყავდა მეცნიერები, რომელთა სახელებთანაც უნივერსიტეტი ასოცირდებოდა. დღეს ასეთი სახეები ცოტაა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომლის სახელი და სამეცნიერო მოღვაწეობა მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. რა შეგრძნებაა როცა თქვენი სახელი იმ მეცნიერთა გვერდით მოიხსენება, რომელთაც თაყვანს სცემდით?
მაქვს მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ჯერჯერობით სასარგებლო შეიძლება ვიყო. როცა ეს აღარ მექნება, აბსოლუტურად მშვიდად გადავალ ცხოვრების საპენსიო რეჟიმზე. მთავარია, რომ ჯერ პირველკურსელებთანაც არ მიგრძვნია, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებთ და სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. რაც შეეხება განსაკუთრებულობის გრძნობას, ადამიანს ეს გრძნობა არასოდეს არ უნდა გაუჩნდეს. მან უნდა აკეთოს თავისი საქმე, რომელიც საზოგადოებამ და დრომ უნდა შეაფასოს.
გეთანხმებით იმაში, რომ, როდესაც ჩვენი თაობა უნივერსიტეტში შემოდიოდა, იცოდა ვინ იყვნენ ის მეცნიერები, რომლებიც აუდიტორიებში და დერეფნებში ხვდებოდა. დღეს კი, დარწმუნებული ვარ, პირველკურსელისთვის ნაკლებადაა ცნობილი უნივერსიტეტის სახეები, მათთვის ისინი რაღაც მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. ეს დამაფიქრებელია, რადგან მეცნიერებაში ავტორიტეტი აუცილებლად უნდა იყოს. სხვანაირად, ჩვენს მეცნიერებას არავითარი რეზონანსი არ ექნება. ეს იქნება ინდივიდუალური, საშუალო მეცნიერების "გაფაფხურება" საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ არ იქნება ქართველი მეცნიერებისთვის სერიოზული ანგარიშგაწევა.
როგორი სტუდენტი იყავით, მივხვდით, თავად როგორი ლექტორი ხართ?
ვფიქრობ, რომ არცერთი უკიდურესობისკენ არ ვიხრები - არც ძალიან მკაცრი ვარ და არც ძალიან ლიბერალი. ვარ ლექტორი, რომელსაც შეუძლია ახალ თაობას ცოდნა და ბევრი საჭირო ინფორმაცია გადასცეს.
როგორი სტუდენტი გიყვართ?
ნიჭიერი სტუდენტი მიყვარს. როცა ჯგუფში შევდივარ და სტუდენტებს თემას ვაძლევ, ვეუბნები, რომ ყველაზე მეტად კმაყოფილი ვიქნები, თუ რომელიმე მათგანი გამაკრიტიკებს, ანუ ჩემს ნაშრომებში აღმოაჩენს ისეთ რამეს, რაც მას კრიტიკის საშუალებას მისცემს.
ვფიქრობ, რომ ის სტუდენტი, რომელიც ავტორიტეტის მორჩილი არ ხდება და მასში დაინახავს იმას, რისი გაკრიტიკებაც შეიძლება, ნიჭიერია და მიყვარს.
ნიჭიერი და ზარმაცი სტუდენტი არ გიყვართ?
ნიჭიერი და ზარმაცი სტუდენტი ხშირად მინახავს და ვიცი, რომ სიზარმაცე ნიჭიერებას კლავს. მე ძირითადად ნიჭიერი და შრომისმოყვარე სტუდენტები მყავდა და ყველამ გაამართლა.
რომელიმე მოსწავლით განსაკუთრებით ხომ არ ამაყობთ?
ძალიან ბევრი საამაყო მოსწავლე მყავს, მაგრამ მათ შორისაც არიან გამორჩეულები: მაგალითად, ნანა ტონიამ, როგორც კარგმა მთარგმნელმა, უკვე დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში; მისი თაობაა ასევე მშვენიერი მეცნიერი მანანა ფხაკაძე; აშკარად გამიმართლა ირინე დარჩიამ, რომელიც ნიჭიერებასთან ერთად, კარგი მეცნიერი და ორგანიზატორიც აღმოჩნდა. მიხარია, რომ გვყავს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ოსფორდში ამთავრებენ დოქტორანტურას, ასეთია ნიკოლოზ ალექსიძე...
მინდა აღვნიშნო, ისიც, რომ ჩემი მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეოგრეცისტიკის სკოლის შექმნას დაუკავშირდა და ნეოგრაცისტთა შორის გამორჩეულია სოფიო შამანიდი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი იყო უნივერსიტეტში. ჩემს მოსწავლედ ვთვლი ასევე თინათინ დოლიძეს.
გარდა ამისა, დღეს ჩვენს გვერდით მოღვაწეობენ ახალგაზრდა და პერსპექტიული მეცნიერები – რუსუდან ცანავა, ეკატერინე კობახიძე და კიდევ ბევრი...
მართალი გითხრათ, ასაკს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც ჩვენს ღონისძიებებზე შევდივარ და გადავხედავ დარბაზს, რომელიც თითქმის მთლიანად ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით ივსება-ხოლმე. წარმოიდგინეთ, უკვე რამდენი ვართ... რამდენი გამიზრდია...
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი თქვენი ყოფილი სტუდენტია. როგორ მიაღწიეთ იმას, რომ მათაც ისე შეყვარებოდათ ეს საქმე, როგორც თქვენ?
ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ინსტიტუტში აუცილებელია, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს ისეთი საქმე, რაც მას სხვებთან გააერთიანებს. სამეცნიერო ინსტიტუტში ჟანგი არავის უნდა მოეკიდოს, ყველა საქმეში უნდა იყოს ჩართული. სწორედ მათი მუშაობის შედეგია, რომ შარშან, ინსტიტუტის დღეს, ინსტიტუტის თანამშრომლებმა უზარმაზარი ლექსიკონი წარმოადგინეს. წელსაც დიდ საქმეს მოვკიდეთ ხელი – უნდა გამოვცეთ ენციკლოპედია "ანტიკური კავკასია". ჯერჯერობით პირველი ტომი გამოდის და ამ ტომის, და მთლიანად ენციკლოპედიის, შედგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს ჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმა. მათ უდიდესი შრომა გასწიეს, შედეგის მისაღწევად ღამეებს ათენებდნენ და საერთო საქმემ განაპირობა ის, რომ ერთმანეთის მიმართ მეგობრულ-კოლეგიალური დამოკიდებულება აქვთ. მე უკვე შემიძლია მათ მეცნიერებაში უსერიოზულესი ამოცანების გადაჭრა ვანდო.
და კიდევ, რაც მთავარია - ხელმძღვანელისგან არავინ არ უნდა გრძნობდეს, რომ მას ინტრიგები და ჭორებისთვის ყურის გდება მოსწონს... მხოლოდ საქმე და პიროვნული კეთილგანწყობა იძლევა იმ შედეგს, რაც ამ ინსტიტუტის თანამშრომლების ძალისხმევით სრულდება.
რა ნიშნავს თქვენთვის უნივერსიტეტი?
ძალზე მოკრძალებული ვიქნები თუ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მე მისი ყველა წარმატება მიხარია და ყველა გამკილავი სტატია ტკივილს მაყენებს. ვფიქრობ, რომ ობიექტურმა და სუბიექტურმა გარემოებებმა დღეს უნივერსიტეტის იდეის ნიველირების ატმოსფერო შექმნა და პრაქტიკულად ის მოწიწება, რასაც უნივერსიტეტის ხსენება ჩემს ახალგაზრდობაში იწვევდა, გაქრა.
ჩემი აზრით, საქართველოში უნივერსიტეტების სიმრავლე უნივერსიტეტის იდეის დაკნინებას განაპირობებს. ეს თუ არ გამოსწორდა, ჩავთვალოთ, რომ ქართული უმაღლესი განათლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. არ კმარა მარტო ის, რომ მისაღები გამოცდების სისტემა გაუმჯობესდა და რეფორმებმა სასწავლო სისტემა გარკვეულად მოაწესრიგა. მინდა დავსვა კითხვა – არის დღეს ისეთი პირობები, რომ ჩვენთან სერიოზული მეცნიერი გაიზარდოს? არა, რადგან ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ მეცნიერს სტაბილურობის შეგრძნება არ აქვს. ყოველ სამ წელიწადში კონკურსი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სამი წლის იქით უნივერსიტეტში საქმიანობას აღარ გეგმავს. ამიტომ, ვფიქრობ, მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული ფიქრია საჭირო.
პროფესორ რისმაგ გორდეზიანის ოჯახში ყველა მეცნიერია. ხუმრობა არ გახლავთ ერთ ოჯახში რამდენიმე აკადემიკოსი, პროფესორი და მომავალი მეცნიერი...
თავად აღნიშნავს, რომ ოჯახი მისი სიამაყეა. მეუღლე, ქალბატონი ლია ჯინორია დიდი სიმონ ყაუხჩიშვილის შვილიშვილი, აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილისა და პროფესორ ოთარ ჯინორიას შვილია. წლების განმავლობაში ისიც ახალგაზრდების აღზრდის საქმეს ემსახურება, მაგრამ როგორც ბატონი რისმაგი აღნიშნავს, ქალბატონი ლიას ყველაზე დიდი საქმე ოჯახის წევრებისთვის კომფორტული სამეცნიერო გარემოს შექმნა იყო და დღემდე მთელი ოჯახის სიმძიმეს ეზიდება.
ასეთ ოჯახში შვილიც კარგი იზრდება და შვილიშვილიც. ბატონი ლევან გორდეზიანი უნივერსიტეტშიც უყვართ, ხოლო შვილიშვილი – ლია გორდეზიანი ბაბუას სიამაყეა – მან წარმატებით დაასრულა საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მათივე მიწვევით სექტემბრიდან მაგისტრატურაში განაგრძობს სწავლას. ოჯახში უხარიათ, რომ ლიამ ბაბუის პროფესია აირჩია: "ჩემს ბიბლიოთეკას რომ გადავხედავ, მიხარია - ჩემს შემდეგ მას ჩემი შვილიშვილი გამოიყენებს." - გვითხრა ბატონმა რისმაგმა.
ცხოვრების დიდი ნაწილის გავლის შემდეგ ადამიანი აფასებს, როგორ იცხოვრა. თუ მას წარსულში არაფრის შეცვლა არ სურს, ესე იგი გზა სწორად გაუვლია. ბატონმა რისმაგმა მხოლოდ ორი რამის შეცვლა ისურვა - დრო რომ დაბრუნდებოდეს, კიდევ გავაჩენდი შვილებს და... აუცილებლად ვისწავლიდი რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრასო....
















