განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> მეცნიერება მეცნიერება ქართული ფიზიოლოგიის სამოციანელი
ბანერი

ქართული ფიზიოლოგიის სამოციანელი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1128 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

...შეხვალ თუ არა, თვალში მოგხვდება უამრავი წიგნი, ნაშრომი, ფოტო, კლასიკური საწერი მაგიდა და უხილავი ხელით შექმნილი კომფორტი, რომელიც მეცნიერს ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისგან იცავს... 

აქ აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა მუშაობს.... აქ იქმნება სამეცნიერო ნაშრომები, იწერება რეცენზიები და დასკვნები, აქ იღებს იგი პირად სტუმრებს...

ჩვენ პირველად არ მოვხვედრილვართ ბატონ ვაჟასთან და ერთი, რაც ამ სახლში სტუმრობისას მუდმივად გაოცებს, სიჩუმეა... თითქოს კედლებიც ცდილობენ, მყუდროება არ დაურღვიონ თანამედროვეობის მართლაც უდიდეს მეცნიერს, რომელსაც მისი კოლეგები "ქართული ფიზიოლოგიის "სამოციანელს" უწოდებენ.

იღბალი 

ვაჟა ფშაველას უთქვამს, "ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზების ძიებააო..." აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავასთან სტუმრობისას სწორედ ეს ფრაზა ამეკვიატა, რადგან ბატონი ვაჟა წარმატებების მიზეზს მხოლოდ პიროვნულ თვისებებს არ უკავშირებს და ხშირად ახსენებს "იღბალს"... "იღბალი იყო, რომ ოცდაჩვიდმეტი წლის მოვლენებს გადავრჩი... იღბალი იყო, რომ საოცრად მაღალი ინტელექტის მქონე დეიდამ გამზარდა... იღბალი იყო, რომ მეცნიერებაში კორიფეების გვერდით მოვხვდი... იღბალი იყო რომ ბრწყინვალე მეუღლე შემხვდა"... ხშირად იმეორებს იგი და უკვე საუბრის ბოლოს ხვდები, რომ ეს მხოლოდ გამორჩეული თავმდაბლობის ნიშანია, რადგან წარმოუდგენელია მხოლოდ იღბალი ყოფილიყო იმ წარმატებების საფუძველი, რასაც მან მეცნიერებაში მიაღწია.

დიახ, ასე იყო - ჯიუტად გვიმეორებს იგი - საიუბილეო სხდომაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომიწყო, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ცხოვრებას და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი არ არის ადამიანის პირად ღირსებაზე დამოკიდებული. მე იღბლიანი ადამიანი გამოვდექი, რადგან იმ სინამდვილეში, რომელშიც ვიცხოვრე, საკმაოდ რთული გარემოებების დაძლევა მომიხდა.

გალაკტიონის მედალი 

ბავშვობა ურთულეს დროს დაემთხვა. გასული საუკუნის 30-იანი წლების მთელმა სიმძიმემ ოკუჯავების დიდ ოჯახზე გადაიარა. ბატონი ვაჟას მამა, მიხეილ ოკუჯავა იმ ადამიანთა რიცხვში იყო, ვისი სახელის ხსენებაც კი უსიამოვნო შეგრძნებებს უღვიძებდა საბჭოთა ხელისუფლებას.

ბატონი ვაჟა ძალიან მძიმედ იხსენებს იმ წლებს:

შემთხვევითობა იყო, რომ მე და ჩემი და-ძმა გადავრჩით, რადგან ოკუჯავების დიდი ოჯახიდან თითქმის ყველა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მაშინ დაიჭირეს და დახვრიტეს დედაჩემი, მამიდაჩემი – ოლღა ოკუჯავა, ბიძაჩემები (მათ შორის ბულატ ოკუჯავას მამა) და ჩემი უფროსი ძმა, რომელიც მხოლოდ 17 წლისა იყო და შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას... მე თავად იმდენი არც მახსოვს, რამდენსაც მერე მიყვებოდნენ ჩემი ოჯახის თავგადასავლიდან.

მამა ნაციონალ-უკლონისტი გახლდათ. ეს ის მიმართულება იყო, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ყელში ეჩხირებოდა. მათ ნაციონალ-უკლონისტების ხსენებაც არ უნდოდათ. ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამაჩემი არა მხოლოდ უნდა დაეხვრიტათ, არამედ მისი სახელიც კი არ უნდა სცოდნოდა მომავალ თაობას. როდესაც პარტისტორიის მოკლე კურსის სახელმძღვანელოებში საუბარი იყო ნაციონალ-უკლონისტებზე, ახსნებდნენ მხოლოდ მათ მეთაურს – ბუდუ მდივანს, ხოლო მამაჩემი და მისი თანამოაზრეები "და სხვებში" მოიხსენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ოკუჯავა იმ ხელისუფლებისთვის ყველაზე საძულველი სახელი იყო.

ასეთივე ბედი ეწია დედასაც.... მამას დაჭერის წინ დაუბარებია მისთვის – ნინო, იცოდე, მე ყველაფერში მართალი ვარ, მაგრამ სასიკეთო არაფერი მელის. შენ ეცადე, რომ ბავშვები გადაარჩინო, სოფელში წაიყვანეო, მაგრამ დედამ ვერ მოასწრო... ისიც ანალოგიური ბრალდებით დააპატიმრეს და აღარ დაბრუნებულა... ჩვენ, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები, ქუჩაში დავრჩით და რომ არა ბებია და დეიდა, ქალბატონი ლუდმილა მოდებაძე, რომელსაც მე დედას ვეძახდი, რომელიმე ბავშვთა სახლში გავაგრძელებდით ცხოვრებას.

მამიდა, ოლღა ოკუჯავაც ანალოგიური ბრალდებით გადაასახლეს. მასთან დედას კი ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ მე არ მახსოვს, მცირეწლოვანი ვიყავი. სამაგიეროდ, მახსოვს გალაკტიონი, რომელიც მამის დაპატიმრებამდეც მოდიოდა და მას შემდეგაც – დედასთან სტუმრობდა... მათ თავისი სალაპარაკო ჰქონდათ.

ერთი სტუმრობა განსაკუთრებით შემორჩა ჩემს მეხსიერებას: ცნობილია, რომ გალაკტიონი ლენინის ორდენოსანი იყო და ამ ორდენს ხშირად კარგავდა ხოლმე, იმდენად არაფრად მიაჩნდა იგი. ერთხელაც ჩვენთან მოვიდა, მაშინ ოლღა უკვე დაჭერილი იყო, მომეფერა, კალთაში ჩამისვა და სათამაშოდ ეს ორდენი მომახალისა – გულზე დამიბნია.... ცოტა ხნის შემდეგ იგი ადგა და ისე წავიდა, ორდენი არც გახსენებია. მახსოვს, როგორ დამაწია დედამ – სასწრაფოდ დაუბრუნეო. მეც გავიქეცი და კიბეებზე მივუსწარი...

სიკეთე სიკეთის წილ 

სკოლაში ძალიან ადრე შემიყვანეს. ჩემნაირ ბავშვებს სკოლიდან აგდებდნენ... მე კი, იმის შიშით, რომ გაუნათლებელი არ დავრჩენილიყავი, ადრე შემიყვანეს ვაჟთა მეორე სკოლის პირველ კლასში და, ჩემდა საბედნიეროდ, შემხვდნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩუმად, სხვებს რომ არ დაენახათ, მეფერებოდნენ და კეთილ სიტყვას არ იშურებდნენ...

ყველაზე რთული მაინც სპეციალობის შერჩევა გამოდგა, რადგან სკოლაში მრავალმხრივი ინტერესები მქონდა. თავიდან ისე ვყოყმანობდი, რომ სულ სხვა მიმართულებით დავიწყე სწავლა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე ჩავაბარე და აი, იღბალი რომ ვახსენე, აქაც გამიმართლა... ჯერ კიდევ ყმაწვილს ლექციებს მიკითხავდნენ დიდი პედაგოგები: აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი და ჩემი უშულო მასწავლებელი - აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ კურსზე სწავლის დროს მოითხოვა, რომ ჩემთვის სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ. მაშინ ლეგენდარული ნიკო კეცხოველი იყო რექტორი და მისი მხარდაჭერით ასეთი პატივი მერგო.. მერე უკვე, როცა მეცნიერებათა აკადემიაში ამირჩიეს, ბატონ გიორგის მადლობა გადავუხადე ამ სიკეთისთვის და იმისთვის, რომ მქონდა ბედნიერება, მისი მოწაფე ვყოფილიყავი.

უნივერსიტეტში სწავლის მესამე წელს ინტერესები შემეცვალა და სამედიცინო ინსტიტუტში ბიოსამედიცინო მეცნიერების მიმართულებით განვაგრძე სწავლა, თუმცა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ექსტერნად მაინც ვაბარებდი საკურსო გამოცდებს. როცა მივხვდი, რომ მედიცინა ჩემთვის მორალურად და პროფესიულად სწორი არჩევანი იყო, სახელმწიფო უნივერსიტეტს თავი დავანებე.

ისიც იღბალი იყო, რომ სამედიცინო ინსტიტუტშიც შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ – ეგნატე ფიფია, ნიკოლოზ ყიფშიძე, პეტრე სარაჯიშვილი და უშუალოდ ჩემი მასწავლებელი - ივანე ბერიტაშვილი, რომელიც მე არ მიკითხავდა ლექციებს. მაშინ ის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. მე თავად მივმართე მას და სამეცნიერო მუშაობაში ჩართვა ვთხოვე. ბატონმა ივანემ პატარა გამოცდა მომიწყო, გარკვეული დავალება მომცა და ექსპერიმენტული სამუშაო დამაწყებინა. მე მისი ასპირანტი გახლდით.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ივანესთან, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ძალიან თავისუფალი ურთიერთობა მქონდა. ის საშუალებას მაძლევდა, ურთიერთობა დამემყარებინა უცხოელ მეცნიერებთან. მაშინ ეს არც ისე ადვილი გახლდათ, მაგრამ ბატონ ივანესთან თანამშრომლობის გამო ბევრ უცხოელ კორიფეს გავეცანი. დღეს ისინი ნეირომეცნიერების მამამთავრებად მოიხსენებიან. მაგალითად, პროფესორი მერკური ლოს ანჯელესის უნივერსიტეტიდან (ახალი დარგის შემქმნელი ნეიროფიზიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში); პროფესორი ჯასპერი კანადიდან, პროფესორი ლი, პროფესორი ჰანსლერი გერმანიიდან. ჩემი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი მათ მიერ ნაჩუქარ და გამოგზავნილ საავტორო წიგნებს უჭირავს.

მე იმითაც ბედნიერი გახლავართ, რომ მქონდა საშუალება, მოვსწრებოდი და გარკვეულწილად მეთანამშრომლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტთან, ნიკო მუსხელიშვილთან. განსაკუთრებით დიდი სიახლოვე და მეგობრობა მაკავშირებდა უდიდეს ქართველ მეცნიერთან, ილია ვეკუასთან, რომელმაც ჩემზე, როგორც მეცნიერზე და პიროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს - ბატონი ივანე ბერიტაშვილის მოწვევით აქ 1967 წლიდან ვმუშაობდი და ლექციებს ვკითხულობდი. შემდეგ ჩამოვაყალიბე ერთ-ერთი ლაბორატორია და აქვე აღვზარდე ზოგიერთი ჩემი მოსწავლეც.

როგორი ლექტორი იყავით?

მართალი გითხრათ, საფრთხობელა არასოდეს ვყოფილვარ. ვცდილობდი, სტუდენტისთვის იმაზე მეტი ცოდნა მიმეცა, ვიდრე ეს პროგრამით იყო განსაზღვრული. მინდოდა მათთვის გამეცნო უახლესი მონაცემები იმ დარგში, რომელსაც ვასწავლიდი. მიმაჩნდა, რომ შეფასებას იმხელა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენიც დიალოგს ლექციისა და სემინარის დროს. შეფასებისას კი ცოტა მეტი ეკუთვნოდა თუ ნაკლები, არ ჰქონდა მნიშვნელობა...

თქვენ ახსენეთ ლეგენდარული ნიკო კეცხოველი... ოდესმე გიფიქრიათ, რომ მის სავარძელში უნივერსიტეტის რექტორის რანგში აღმოჩნდებოდით?

ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზება იყო. ძალზე სასიამოვნოდ მახსენდება ის შეხვედრა და დამოკიდებულება, რაც მაშინ ჩემმა ყოფილმა მასწავლებლებმა და კოლეგებმა გამოხატეს.

ცოტა რამ მეც შევძინე უნივერსიტეტს, ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ის იყო, რომ სტუდენტებთან ხშირად ვსაუბრობდი და ეს ცხოვრებისეული, და საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისითაც, დიდი სტიმული იყო.

უნივერსიტეტი უნივერსიტეტია. დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს სწავლების სტილი, მაგრამ მთავარი მისი ისტორია და ადგილია. ალბათ ვერ გამოვხატავ, მაგრამ მე თაყვანს ვცემ უნივერსიტეტს და ზოგადად უნივერსიტეტის იდეას.

მოწაფეები 

დღეს საქართველო სამართლიანად ამაყობს ბატონ ვაჟა ოკუჯავას აღზრდილი მეცნიერებით. მისი მოწაფეები კი ბატონ ვაჟასთან თანამშრომლობის წლებს მადლიერებით იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ მასთან მუშაობა ადვილიც იყო და რთულიც, რადგან, რამდენადაც უშუალო და კოლეგიალური იყო მოწაფეებთან ურთიერთობაში, იმდენად მკაცრი და პირუთვნელი იყო მათი ნაშრომების შეფასებისას. ჩვენ ორ მათგანს, შვედეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს - ზაალ და მერაბ კოკაიებს დავუკავშირდით. მათ სიამოვნებით გაიხსენეს 25 წლის წინანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 8 კვადრატული მეტრი ფართობის ლაბორატორია, სადაც ბატონ ვაჟასთან ერთად მუშაობდნენ სამეცნიერო ექსპერიმენტებზე.

ზაალ კოკაია, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი: "ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ბატონი ვაჟა ოკუჯავა ჩემი საკანდიდატო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. მაშინ ის უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ და, ცხადია, დროც ცოტა ჰქონდა, თუმცა მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა ჩემს სამეცნიერო პროექტთან დაკავშირებით მასთან შეხვედრა მოვინდომე და უარი მითხრა. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, იგი ახერხებდა თანამედროვე უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობას, რაც 80-იანი წლებში, ინტერნეტის არქონის და საბჭოთა ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში არც თუ ისე იოლი იყო. ამდენად, იგი კარგად იყო გათვითცნობიერებული და მუდამ ცდილობდა, რაღაც ინოვაციურის შემოტანას და დანერგვას ჩვენს კვლევებში. ბატონი ვაჟა ძალზე პროგრესული, დასავლეთზე ორიენტირებული მკვლევარი იყო და ყოველთვის ცდილობდა, რომ სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეგვესრულებინა. ასეთი მიდგომა მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. ჩვენი შეხვედრების დროს იგი გულისყურით ისმენდა და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებდა კიდეც ჩემ მიერ გამოთქმულ აზრებს და შეთავაზებულ წინადადებებს. ეს იმ დროისთვის უნიკალური შემთხვევა იყო და დიდ სტიმულს მაძლევდა. ბატონი ვაჟასგან, როგორც მეცნიერისგან და პიროვნებისაგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან ურთიერთობამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს მეცნიერად ჩამოყალიბებში."

მერაბ კოკაია, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი: "ბატონი ვაჟა ოკუჯავა ჩემი ხელმძღვანელი იყო ასპირანტურის (ახლანდელი დოქტორანტურის) პერიოდში. შეხვედრის პირველივე დღიდან, და დღესაც, აგერ უკვე 30 წლის შემდეგ, მასზე შექმნილი შთაბეჭდილება ისევ უცვლელია. ბატონ ვაჟას, გარდა იმისა, რომ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას მუდმივად ეცნობოდა, ჰქონდა უნარი, განეჭვრიტა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამა თუ იმ კონკრეტულ ექსპერიმენტს. მართლაც, ლაბორატორიაში მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიების დროს (რაც თავისთავად ძალიან უყვარდა და ყოველთვის ცდილობდა, რომ ამისათვის დრო გამოენახა) მის მიერ გამოთქმული ჰიპოთეზები და იდეები, ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად ხშირად მართლდებოდა. მისი სამეცნიერო და ზოგადი განათლების ფართო დიაპაზონი აძლევდა იმის საშუალებას, რომ თითოეული სამეცნიერო პრობლემა და კვლევის კონკრეტული შედეგი უფრო ზოგად ბიოლოგიურ პერსპექტივაში დაენახა და განეხილა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი მეცნიერისათვის, ძალზე მომხიბვლელი თვისება გახლდათ, და ყოველთვის ვცდილობდი მიმებაძა მისი აზროვნების ასეთი ხასიათისთვის. რა თქმა უნდა, ამან ჩემს მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა და მე ბატონ ვაჟას ჩემს სამეცნიერო მასწავლებლად მივიჩნევ.

მოგვიანებით, შვეციაში, ლუნდის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისა (1980-იან წლებიდან დაწყებული) და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დროს ხშირად მიამაყია, რომ ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის შვედი თუ სხვა ქვეყნის მეცნიერი პირადად შეხვედრია ბატონ ვაჟას და მის სამეცნიერო კვლევებს კარგად იცნობდნენ. ბატონი ვაჟა დღესაც ქართული ეპილეპტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წამყვანი მეცნიერი და სპეციალისტია და მის ფუნდამენტურ კვლევებს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ამ დარგის განვითარებაში."

კოლეგები 

კიდევ უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ ვაჯა ოკუჯავას სამეცნიერო მოღვაწეობას მისი კოლეგები. უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის” პროფესორი თეიმურაზ ნათიშვილი იხსენებს, რომ აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას პირველი მონოგრაფია ქერქის აპიკალური დენდრიტების ელექტროფიზიოლოგიას ეყრდნობოდა. იგი წერს: "ამ უზადოდ დაწერილ წიგნში იგრძნობა ავტორის არა მარტო დახვეწილი ლინგვისტური უნარები, არამედ, პირველ რიგში, პრობლემური საკითხის ბრწყინვლე ჭვრეტა თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის პოზიციებიდან... ვფიქრობ, რომ ბატონი ვაჟას ეს პირველი ნაბიჯი "დიდ მეცნიერებაში” მისი შემდგომი წარმატებების განმსაზღვრელი გახდა: მან, ამერიკულ-ბრიტანული ნეიროფიზიოლოგიური ცოდნით დატვირთულმა, ექსტრაორდინალური ნაბიჯი გადადგა – უმოკლეს პერიოდში აითვისა იმ დროისთვის ახალი, დასავლეთიდან მოსული უაღრესად რთული ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდიკა – უჯრედშიგნითა ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია, რაც თავისთავად მოითხოვს არა მხოლოდ ნეიროქირურგიული ოპერაციების დეტალურ ცოდნას, არამედ ელექტრონიკაში კარგად გარკვევასაც.Mუნდა ითქვას, რომ უჯრედშიგნითა პოტენციალების მიკროელექტროდული რეგისტრაციის ტექნიკის ათვისება "რევოლუციური” ნაბიჯი იყო იმდროინდელ ქართულ ელექტროფიზიოლოგიაში და ის მხოლოდ "ეგზოტიკურ სპორტულ მიღწევად” დარჩებოდა, რომ არა ამ ტექნიკის გამოყენება ეპილეპსიის – ინტიმური ნეირონული მექანიზმების შესწავლისთვის. მან ამ საკითხშიც ფუნდამენტური წვლილი შეიტანა - შეისწავლა ქერქულ ნეირონებში თავისებური ელექტროფიზიოლოგიური ინდიკატორის – ე.წ. პაროქსიზმალური დეპოლარიზაციული ძვრის – დეტალურ ელექტროფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიურ მახასიათებლები, რამაც უდავოდ გაამდიდრა ეპილეპტოლოგია. ეს კვლევა საფუძვლად დაედო მის მონოგრაფიას ეპილეპსიის თაობაზე, რომელიც, თანამედროვე ეპილეპტოლოგების სამაგიდო წიგნად იქცა. სხვათა შორის, ასეთივე სახელმძღვანელო გახდა მისი შემდგომი მონოგრაფია, რომელიც ქერქული ელექტროფიზიოლოგიის ცენტრალურ პრობლემას – ქერქულ შეკავებას მიეძღვნა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა."

განსაკუთრებულ უნდა აღინიშნოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ-ის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რომან შაქარიშვილის შეფასება ვაჟა ოკუჯავას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. სწორედ მან უწოდა ბატონ ვაჟას "ქართული ფიზიოლოგიის სამოციანელი". ბატონი რომანის თქმით, "ვაჟა ოკუჯავა თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე მეცნიერული პრინციპების ერთგული იყო. ეს პრინციპები კი საზოგადოების ლიბერალ-დემოკრატიულ საფუძვლებს ემყარებოდა. ის მეცნიერებაში ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა კიდეც სოციალისტური რეალობას და პავლოვიზაციაზე დამყარებულ მოძღვრებებს. მაგალითად, მან შეისწავლა ეპილეფსიის ელექტროქიმიური ბუნება და აჩვენა, რომ ეპილეპსია, როგორც დაავადება, უჯრედის დონეზე ისახება, ის გენერირდება უჯრედში. ეს მაშინ სარისკო დასკვნა გახლდათ, მაგრამ მას არცერთხელ უკან არ დაუხევია. ასევე საინტერესოა, რომ როდესაც ხანგრძლივი კოსმიური ექსპედიციების დაგეგმვაში საჭირო გახდა გაეთვალისწინებინათY ადამიანის ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ფუნქციები, მოსკოვის მედიკობიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა ბატონ ვაჟას და ნევროლოგიის ინსტიტუტს მისცა შეკვეთა და ეს ურთიერთობები თითქმის 20 წელი გრძელდებოდა.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ვაჟა მართლაც ქართული ფიზიოლოგიის სამოციანელი იყო, რადგან გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართული ფიზიოლოგიის კრიტიკულ პერიოდში, სამეცნიერო ასპარეზზე შემოაბიჯა ივანე ბერიტაშვილის მოწაფეეთა ნიჭიერმა ლაშქარმა: ვაჟა ოკუჯავამ, თენგიზ ონიანმა, თეიმურაზ იოსელიანმა, კიაზო ნადარეიშვილმა, ვახტანგ მოსიძემ, არჩეილ ასათიანმა, გურამ ბექაიამ, ელგუჯა მონიავამ, საურმაგ ბუთხუზმა, მიხეილ ხანანაშვილმა და სხვებმა, რომლებმაც თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ნეიროფიზიოლოგიის ბერიტაშვილისეული მწვერვალიდან კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრეს უჯრედშიდა ეპილეპტოლოგიაში, სომნოფიზიოლოგიაში, ფუნქციურ რადიო-ბიოლოგიაში, ტვინის ასიმეტრიის მოძღვრებაში, ნევროზოლოგიაში, ნათხემისა და ზურგის ტვინის ფუნქციური რეგულაციის საიდუმლოების ამოხსნაში. ამიტომ ვუწოდებ მათ სამოციანელებს," - ბრძანა ბატონმა რომან შაქარიშვილმა.

ოჯახი 

ბატონი ვაჟა ოკუჯავა ყველაზე დიდ გამართლებას მაინც იმაში ხედავს, რომ ცხოვრების თანამგზავრად ქალბატონი ზეინაბ ანთაძე, საინტერესო მკვლევარი და მეცნიერი აირჩია.

ყველაზე დიდი იღბალი ეგ იყო ჩემი, - ღიმილით გვესაუბრება ბატონი ვაჟა, - ზიზის, ასე ვეძახით სახლში, ძალიან საინტერესო სამეცნიერო მოღვაწეობა ჰქონდა და ჩემთან ერთადაც ბევრი უმოღვაწია. ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით. 1964 წელს დავქორწინდით და უკვე 46 წელია ოჯახი გვაქვს. მისი მამა ცნობილი თეატრალური მოღვაწე – დოდო ანთაძე გახლდათ, დედა, ქალბატონი ფატი გოკიელი უნივერსიტეტს ახლაც კარგად ახსოვს... გვყავს სამი შვილი: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. სამივე მედიკოსია, დოქტორი. მათგან 5 შვილიშვილი მყავს.

ჩვენს საუბარს ქალბატონი ზიზიც ესწრებოდა და მოკრძალებული ღიმილით გვისმენდა. ცხადია, ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობას ვერ გავექეცით და ჩავეძიეთ, როგორი იყო დიდი მეცნიერი ოჯახში. აღმოჩნდა, რომ ბატონი ვაჟა შესანიშნავი მეუღლე, მამა და ბაბუაა. "ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის სათანადო პირობები შემექმნა და ოჯახურ წვრილმანებზე არ შემეწუხებინაო" - გვითხრა ქალბატონმა ზეინაბმა, რომელიც ჩვენთან საუბრის პარალელურად ახმაურებულ შვილიშვილებს – პატარა მაიკო სულაბერიძეს და ანა ოკუჯავას უხმობდა – ბაბუსთან სურათი გადაიღეთო. ეშმაკუნები მაშინვე შემოცქრიალდნენ და გაგვიმხილეს, რომ ანას მომავალში ცხოველებზე დაკვირვება სურს, მაიკო კი ბალერინობაზე ოცნებობს.

ბოლო კითხვა ალბათ აღარც უნდა დაგვესვა, მაგრამ როცა მეცნიერის მთელი ცხოვრება ხელის გულზე გადაიშალა, მაინც ვიკითხეთ – ამ გადასახედიდან როგორ აფასებს თავის ცხოვრებას, ბედნიერია თუ არა?

ბატონმა ვაჟამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გვიპასუხა: "მე ვცდილობ და მინდა, რომ ცხოვრებიდან მხოლოდ კარგი დავიმახსოვრო და ეს ბედნიერების შეგრძნებას მიტოვებს."...

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი"
2010 წლის 31 მაისი, #20(2101)
Share

კომენტარები 

+1 # ნანული გამდლიშვილი 2010-08-23 14:06  
ვაჟა ოკუჯავა ჩემი რექტორი იყო. ძალიან კარგი პიროვნებაა.ოჯახური პირობების გამო მომიწია მისგან, როგორც რექტორისგან პიროვნული დახმარება და რა თქმა უნდა გამიწია დახმარება ციტირება
 
0 # ანდრია 2010-08-16 15:18  
:x მეტის წაკითხვა აღარ შემიძლია თვალები მეტკინა shake :zzz :D ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი