ნეტბუქები 2010 წელს საცდელად მხოლოდ საპილოტე სკოლების პირველკლასელებს დაურიგდათ. თბილისის №53-ე საჯარო სკოლა საპილოტე სკოლებს შორის ერთ-ერთია, სადაც პირველკლასელებს ნეტბუქები უკვე გადაეცათ. ამავე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი მარინა ფარულავა ამბობს, რომ სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს ხდის, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო მაღალ კლასებში გამოყენება.
“ნეტბუქების გამოყენება საკმაოდ ეფექტური გამოდგა, ბავშვებს უფრო ეხალისებათ სწავლა და ასობგერებიც უფრო ადვილად ამახსოვრდებათ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მას უფრო მაღალ კლასებში გამოვიყენებდით“, - აღნიშნა მარინა ფარულავამ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნეტბუქების დახმარებით ბავშები უკეთ ისწავლიან და მათ ასაკში თამაშით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.
„ჩემი შვილი ერთ-ერთ საპილოტე სკოლაში სწავლობს და ნეტბუქი სკოლაში კვირაში ორჯერ დააქვს. შესაბამისად, ყოველდღე არ იყენებენ მას და არც მიჯაჭვულები არიან. ის, რომ ყოველ გაკვეთილზე იყენებდნენ მას, წინააღმდეგი ვარ“ - აღნიშნა პირველი კლასელის მშობელმა, გვანცა გორდეზიანმა.
თუმცა, მშობელთა ნაწილი წინააღმდეგია იმის, რომ ბავშები კომპიუტერთან დიდხანს ისხდნენ.
„ჩემი აზრით, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ბავშვისთვის საზიანოა, რადგან როგორც ვიცით, გამოსხივებას ატარებს. მაგრამ თუ ნეტბუქებს რაიმე დამცავს გაუკეთებენ, მაშინ არ ვარ წინააღმდეგი“ - აღნიშნა მანანა ნოზაძემ.
ფსიქოლოგების შეფასებით, პირველი კლასიდან ნეტბუქების საშუალებით სწავლა წერის უნარების ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგმა, ნანა აღაპიშვილმა აღნიშნა, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ შესაძლოა მიჯაჭვულობაც გამოიწვიოს:
„მუდმივად კომპიუტერთან ჯდომა და სხვადასხვა ოპერაციების შესრულება, ბავშვის წერითი უნარების განვითარებას შეუშლის ხელს. წერითი უნარების ჩამოყალიბება კი მნიშვნელვანია არამარტო იმისთვის რომ წერა ისწავლონ, არამედ იმისთვის, რომ ზოგადად განვითარდეს აზროვნების და კონცენტრაციის უნარიც“.
მოსწავლეებისთვის ნეტბუქის გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას და ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩახნაშვილმა აღნიშნა, ნეტბუქები შემოწმებულია და ბავშების ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს:
„საბავშვო სასწავლო კომპიუტერები „ინტელის“ ბაზაზეა აწყობილი. ნეტბუქებით მუშაობა არამარტო Microsoft Office-ში, არამედ ინტერნეტშიც შეიძლება. პორტატული კომპიუტერები ევროკავშირის ქვეყნებშიც ადაპტირებულია და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“.
ნეტბუქები მომავალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს დაურიგდებათ. დაწყებითი კლასის მასწავლებლები სწავლის დაწყებამდე სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. პირველკლასელთათვის ნეტბუქების დამზადებას კომპანია „ალგორითმი“ უზრუნველყოფს. დამზადების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
















