საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიურ ფაფეში გამართულ ევროპირველობის მორიგ შესარჩევ მატჩში მასპინძელთა ნაკრები იოლად 80:57 დაამარცხა.
იგორ კოკოშკოვის გუნდი თავიდანვე დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, მასპინძლებისთვის ანგარიშში წინ გასვლის საშუალება ერთხელაც არ მიუცია.
სუსტად მოთამაშე პორტუგალიელთა ფონზე, ქართველთა გუნდი გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ თავადაც უამრავი შეცდომა დაუშვა, რამაც ერთი ხანობა 21-ქულიანი სხვაობა 8 ქულამდეც კი დაიყვანა.
პორტუგალიელებმა 28-დან 10 ორქულიანი და 41-დან 8 (!) სამქულიანი ჩააგდეს, რისი გათვალისწინებითაც წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი გახლდათ, ქართველთა სუსტი წერტილი კი საჯარიმოები იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა საჯარიმოს ხაზიდან 41-დან 25 ტყორცნა ჩააგდეს.
სტუმართა შემადგენლობაში ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყვნენ, რომლებიც ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ. ფაჩულიამ 18 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ცქიტიშილმა კი 11 ქულა და 15 მოხსნა. ამ გამარჯვებით, კოკოშკოვის ბიჭებმა ჩ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს, რისთვისაც ბოლო ტურში შინ ბულგარეთის ძლევაა საჭირო, ბელგიამ კი საკუთარ კედლებში პოლონეთთან არ უნდა წააგოს.
სამწუხარო ისაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენთვის მეორე ადგილი ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი ვერ იქნება. სხვა ჯგუფების სავარაუდო მეორეადგილოსნებს ბურთების სხვაობით საგრძნობლად ჩამოვრჩებით...
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი კალათბურთში. A დივიზიონი
C ჯგუფი
- საქართველო - პოლონეთი 84:65
- პორტუგალია - ბულგარეთი 59:67
- პოლონეთი - პორტუგალია 86:64
- ბელგია - საქართველო 74:64
- პორტუგალია - ბელგია 69:78
- ბულგარეთი - პოლონეთი 74:70
- საქართველო - პორტუგალია 73:57
- ბელგია - ბულგარეთი 74:69
- ბულგარეთი - საქართველო 79:83
- პოლონეთი - ბელგია 93:73
- ბულგარეთი - პორტუგალია 103:64
- პოლონეთი - საქართველო 67:58
- საქართველო - ბელგია 63:86
- პორტუგალია - პოლონეთი 85:84 ოტ.
- პოლონეთი - ბულგარეთი 75:71
- ბელგია - პორტუგალია 68:63
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

















