2007 წლის 26 ოქტომბერს საგურამოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ ტექნიკურ ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
”საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ დამეუფლა განცდა, რომ ქართული ფეხბურთი ხელახლა დაიბადა. დარწმუნებული ვარ საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამით ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი, რაგბი და ზოგადად სპორტი ფეხზე დადგება.
ამ პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 7 ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო-სარაგბო მოედნის მოწყობა, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში 2 საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო-სარაგბო სავარჯიშო ბაზა აშენდება.”
პრეზენტაციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცი, ვიცე-პრეზიდენტები გოგი ქავთარაძე, რევაზ არველაძე, დიმიტრი რამიშვილი, გრიგოლ ცაავა, სფფ-ის გენერალური მდივანი უჩა უგულავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები, რაგბის კავშირის ხელმძღვანელები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები ზურაბ ზვიადაური, გიორგი ასანიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
ნოდარ ახალკაცი, სფფ-ის პრეზიდენტი:
"ძალიან კარგია და მისასალმებელი, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ქვეყანაში ფეხბურთის, რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებით და მას აქტიურად უჭერს მხარს. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი მხარდაჭერისთვის, ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მომდევნო 3 წელიწადში 11 მილიონ დოლარს გაიღებს. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ამ გრანდიოზული პროექტის წყალობით ქვეყანის 7 ქალაქში გვექნება 7 საერთაშორისო-სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო-სარაგბო სტადიონი და 2 საერთაშორისო სტანდარტების საწვრთნელი ბაზა. აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო საკუთრებაში გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 8 საფეხბურთო კლუბი, რაც დიდად წაადგება ქართული საკლუბო ფეხბურთის და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას.
მსურს მოგახსენოთ, რომ ფიფა-ს და უეფა-ს პრეზიდენტები იოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი ინფორმირებულნი არიან ამ გრანდიოზული პროგრამის შესახებ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათი სრული მხარდაჭერით სარგებლობს. ფიფა-ს და უეფა-ს პრეზიდენტები დიდი მოწონებით შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და გითხრათ, რომ მე, როგორც გულშემატკივარი, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! სიმბოლურია ისიც, რომ საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია აქ, საგურამოში მოეწყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში. შეგახსენებთ, რომ საგურამოს პროექტს სფფ საფეხბურთო კლუბ თბილისის ”ლოკომოტივთან”, ”სილქ როუდ ჯგუფთან” და კომპანია ”აქსისთან” ერთად ახორციელებს. საგულისხმოა, რომ ასეთი მასშტაბის სპორტული ბაზა საქართველოში ბოლოს 30 წლის წინ აშენდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგურამოს ტექნიკურ ცენტრში დღესდღეობით 2 სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანია, თუმცა უახლოეს ხანებში მესამე სტანდარტული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი იქნება მზად, ამავდროულად, 2 მინი-მოედანი. ამ პროექტს სფფ ფიფა-ს პროექტ ”გოლ 2”-ის ფარგლებში ახროციელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია, რომ საგურამოს ტექნიკურ ცენტრში 4-5 სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი იყოს - ჩვენ საამისოდ მუშაობას განვაგრძობთ. აქ შესანიშნავი საწვრთნელი პირობებია!”
საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრაის მიზანია საფეხბურთო და სარაგბო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ფეხბურთის და რაგბის პროფესიული კავშირების გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერა და საუნივერსიტეტო სპორტული განათლებისათვის ადეკვატური პირობების შექმნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერა 2008-2010 წლებში განხორციელდება, საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატების პრემიალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერა კი 2008-2017 წლებში.
საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამის ამოცანაა სარაგბო და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; ფეხბურთის და რაგბის მაღალი ხარისხის ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზების მხარდაჭერა; ფეხბურთის და რაგბის ყველა ასაკობრივი ნაკრებების მხარდაჭერა; ფინანსურად მდგრადი საფეხბურთო და სარაგბო კერძო კლუბების ჩამოყალიბება და საუნივერსიტეტო სპორტული განათლებისათვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.
საქართველოში ფეხბურთის, რაგბის და სპორტული უმაღლესი განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, საქართველოს 7 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისში, ლანჩხუთში, ახალციხეში, ფოთში, თელავსა და ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების 7 საფეხბურთო-სარაგბო სტადიონი მოეწყობა, პლუს 1 საფეხბურთო სტადიონი ბორჯომში. ამავდროულად, ქუთაისსა და ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების 2 საფეხბურთო-სარაგბო სავარჯიშო ბაზა აშენდება.
პროგრამის შედეგებით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში 8 ფინანსურად მდგრადი საფეხბურთო კლუბი შეემატება, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის პრემიალური საპრიზო ფონდი მომდევნო 10 წლის მანძილზე წელიწადში 500.000 ლარით გაიზრდება.
სფფ-ის პრესცენტრი

















