ქართველებმა უხეში შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ ციკლის პირველ შეხვედრაში მთავარი შედეგი გახლდათ. ქეცბაიას შეგირდებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და ეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, არცთუ ურიგოდ გამოუვიდათ, შეტევაში შექმნილი მომენტებიდან კი ფაქტობრივად მაქსიმუმი იქნა "გამოწურული". ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა. ქართველებმა მარცხენა ფლანგზე ბოლომდე იბრძოლეს, დავით კვირკველიას პასისა და ბერძენ მცველთა შეუთანხმებელი ქმედების შემდეგ კი, ალექსანდრე იაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მიხალის სიფაკისს ბურთი ფეხებშუა გაუტარა.
ცხადია, მოულოდნელმა გოლმა ბერძნები შეტევებისთვის მომართა, თუმცა, პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუშის მიერ დარიგებული ელადელები ისე უფანტაზიოდ მოქმედებდნენ, ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ არა ქართველთა შეცდომა, მასპინძლები გოლს ვერ გაიტანდნენ. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. 72-ე წუთზე საჯარიმოდან ბურთის დროულად გამოტანა ვერ მოხერხდა და მართალია, ბერძენთა პირველი დარტყმისას ბურთი კარში მდგარმა მალხაზ ასათიანმა გამოიტანა, ნიკოს სპიროპულოსის დარტყმას უკვე ვეღარავინ გადაეღობა.
დარჩენილ ოციოდ წუთში მასპინძლებმა სამ ქულაზე გაიწიეს და ისევ და ისევ ჩვენების შეუთანხმებელი ქმედების გამო, ორი ნახევრადმომენტიც შეექმნათ, თუმცა, გადამყვეტ მომენტში საოცრად უკლასოდ იმოქმედეს.
ამ ფონზე საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ ხიზანიშვილი გამოირჩა, რომელმაც ორჯერ შორი მანძილიდან ჩინებულად დაარტყა, კვირკველიას ჯარიმას მეკარე გაუმკლავდა, ხოლო ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო კედელმა აისხლიტა. ბოლოსკენ თავის გამოჩენა ისევ ჯანოს შეეძლო - მეკარესთან დუელში, ქართველმა ტალანტმა მისთვის ბურთის თავზე გადაგდება კი მოახერხა, თუმცა, ამ დროს მცველებიც წამოეწვივნენ და მდგომარეობა განმუხტეს.
ბერძნებთან ზედიზედ ხუთი მარცის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულის აღება შეძლო და 7 სექტემბერს ისრაელთან ჩასატარებელი მატჩის წინ საკმაოდ კარგი განწყობა შეიქმნა. წლეულსვე ქეცბაიას ბიჭებს შინ მალტასთანა და სტუმრად ლატვიასთან თამაშები ელით. გუშინვე ჩვენ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა. ხორვატიის ნაკრებმა ლატვიას სტუმრად 3:0 მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსპრესსამსახური
















