გამომძიებელ ტომ პავლოვსკის 16-გვერდიან დასკვნაში ნათქვამია, რომ ადეკვატური ზომების მიუხედავად, უისტლერის ტრასა ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა.
გამომძიებელი წერს, რომ უისტლერის ტრასის დიზაინზე, განვითარებულ სიჩქარესა და განლაგებული ბარიერების კონფიგურაციაზე კონტროლი აუცილებელია, რათა მომავალში სპორტსმენის ან მაყურებლების დაშავების პოტენციური შესაძლებლობა გამოირიცხოს.
"ქუმარიტაშვილი თავში მყარი საგნისგან მიყენებული ძლიერი ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, რომელიც მან კედელზე შეჯახებისას მიიღო. სპორტსმენი მეტალის ბოძს დაეჯახა. ამ დროს იგი 144,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. განსხვავებულმა ფაქტორებმა, მათ შორის მაღალმა სიჩქარემ, ძლიერი ფიზიკური ძალის აუცილებლობამ და კრიტიკულ მომენტში ტექნიკური პრობლემების თანხვედრამ კონტროლის დაკარგვა გამოიწვია", - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, გამომძიებელი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის დაღუპვას უბედურ შემთხვევად მიიჩნევს - ადმინისტრაცია და მაშველები პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ და მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი პავლოვსკი ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და გამოძიებაც მაშინვე დაიწყო.
როგორც დასკვნის კომენტირებისსას საქართველოს ელჩმა აშშ-ში, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, დასკვნაში არაფერი აბათილებს მოსაზრებას, რომ "სპორტული შეცდომა ფატალურად არ უნდა სრულდებოდეს".
გამომძიებელ პალოვსკის დასკვნა კანადურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. გავრცელდა, ასევე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, ბათუ ქუთელიას კომენტარიც.
"ნოდარი ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენი იყო, რომელიც ბევრს მუშაობდა და ოცნებობდა ოლიმპიურ წარმატებაზე. ის ფაქტი, რომ ორგანიზატორებმა მისი სიკვდილის შემდეგ საციგაო არხში ცვლილებები შეიტანეს, თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე", - აღნიშნა ქუთელიამ.
საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ აგვისტოში გამოქვეყნებულ დასკვნაში უბედური შემთხვევის მიზეზად სპორტსმენის შეცდომა დაასახელა.
უბედური შემთხვევა ვანკუვერში 13 თებერვალს, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და ტრასის ბორტს შეასკდა. შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ქართველ სპორტსმენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა და 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"

















