წილისყრას წინ ქართული პრეზენტაცია უძღვოდა, რომლის შესახებაც ნაცვლიშვილმა დეტალურად ისაუბრა. პრესკონფერენციას პრეზენტაციის მონაწილე მომღერლები და მოცეკვავეებიც დაესწრნენ.
გია ნაცვლიშვილი:"მინდა მოგილოცოთ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. უმთავრესი მიზანი მიღწეულია, ახლა კი რთული მოსამზადებელი პროცესი იწყება და წინ მძიმე სამუშაო გველის. ასამბლეის წევრებს ულამაზესი პრეზენტაცია შევთავაზეთ, რომელიც ბევრი ისეთი დეტალისგან შედგებოდა, კონკურენტს რომ არ ჰქონდა. ამიტომაც ვმუშაობდით დასკვნით არჩევნებამდე დახურულ რეჟიმში. მოვერიდეთ გეგმის წინასწარ გახმაურებას, რადგან იყო საშიშროება, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულიყო.
ასამბლეამდე ერთი დღით ადრე წინასწარი პრეზენტაცია მოვაწყვეთ, რომელზეც დელეგატებზე პირველი დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ. ალა ფურშეტსა და ქართული ღვინოების პრეზენტაცია ანსამბლ "კავკასიონის" პატარა მოცეკვავეების ბრწყინვალე გამოსვლებით იყო გაჯერებული. უმთავრეს პრეზენტაციაზე კი ცეკვის გარდა, დარბაზში მყოფთ კიდევ ბევრი დაუვიწყარი რამ შევთავაზეთ. ორგანიზატორთა მოთხოვნით, კანდიდატებს მხოლოდ 10-10 წუთი დაგვითმეს. იძულებული გავხდით, წინასწარი მონახაზი შეგვეკვეცა, მაგრამ ჩვენი პროგრამა მაინც ისე ლამაზად შეიკრა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა.
თბილისი-2015-ის პრეზენტაცია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვამ გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგატებისადმი მიმართვა და ოლიმპიური ფესტივალის უმაღლეს დონეზე ჩატარების გარანტიის მიცემა მართლაც უმნიშვნელოვანესი მუხტი იყო. ამას დაემატა თბილისის მერის, გიგი უგულავასა და ვიცეპრემიერ გია ბარამიძის კომენტარები და ანსამბლ "კავკასიონის" გაბრწყინება. ასევე მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის გამოსვლაც. პრეზენტაციის გამოკვეთილი ფიგურა კი პატარა ანა ბარამიძე გახდა, რომელმაც დამსწრეთ ფრანგულ ენაზე მიმართა. ეს მიმართვა ისეთი შთამბეჭდავი იყო, ბევრი აატირა კიდეც. სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლად დივაცი თვალცრემლიანი ჩაეხუტა ანას და უთხრა, მე მხარს შენ გაძლევო. ბოლოს კი სპეციალურად თბილისი-2015-ისთვის შექმნილი ჰიმნი დუეტმა "ჯორჯიამ" ცოცხლად შეასრულა.
ეს ათწუთიანი პროგრამა ისეთი ეფექტური იყო, სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლები მოდიოდნენ და წინასწარ გვილოცავდნენ გამარჯვებას. გვითხრეს - თქვენ ფაქტობრივად გაანადგურეთ კონკურენტიო. ჩვენი კონკურენტის, ბრნოს დევიზი იყო - "ჩვენ მზად ვართ". ეს ქალაქი დღესვე მზადაა, ფესტივალის სამასპინძლოდ. გადამწყვეტ არჩევნებში ზედიზედ მესამედ მონაწილეობდა და მესამედაც დამარცხდა.
ჩვენ კი ინფრასტრუქტურის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი. ოლიმპიური სოფელი ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობას თბილისის მერია და კერძო ინვესტორი აწარმოებენ, თუმც ჯერ დასაზუსტებელია, კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად უახლოეს მომავალში შევიკრიბებით. ის კი აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიური სოფელი ფესტივალის შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქად იქცევა და მასში სტუდენტები დაიდებენ ბინას".
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასამინისტროს პრესსამსახური
















