შეჯიბრება, რომელიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით წელს მეორედ ტარდება. შეჯიბრება, რომლის საპრიზო ფონდი 15 000 დოლარია, იმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების მონაწილენი აიღებენ AAთP- ს(პროფესიონალ მამაკაცთა ასოციაცია) სარეიტინგო ქულებს.
შეჯიბრებაზე ველური ბარათით დაშვებულნი არიან საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები – გიორგი ხრიკაძე, ნოდარ ითონიშვილი და ალექსანდრე თავხელიძე, რომლებიც 10-12 ივლისს ქაიროში ატარებენ “დევისის თასის“ შეხვედრას ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან.
ძირითად ბადეში გასვლის შანსი სხვა ქართველ ჩოგბურთელებსაც ექნებათ, რომლებიც 11-12 ივლისს ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში 8 საუკეთესო მოხვდება.
ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით, 10 ივლისს 14:00 საათზე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლეილა მესხმა საგანგებო პრესკონფერენციას გამართა.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – ნიკოლოზ რურუა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე – დავით ნამგალაური დაესწრნენ. პრესკონფერენციაზე მედიისათვის კომენტარი ტურნირის მთავარმა მსაჯმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა სერბმა – ვლადიმერ ერგმაც გააკეთა.
ნიკოლოზ რურუა: ”თბილისში მამაკაცთა 15 ათასიანი საერთაშორისო ტურნირის გამართვა მისასალმებელი ფაქტია. შეჯიბრებაზე ქართველ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ სერთიფიკატები მიიღონ და საერთო რეიტინგში ქულები მოიმატონ. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირში 18 ქვეყნის ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ტურნირის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
საერთოდ, ჩოგბურთი საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობაა და მისი განვითარებისათვის სერიოზული ფინანსებია საჭირო. მართალია, სახელმწიფო გვერდში უდგას ყველა პრიორიტეტულ სპორტის სახეობას და მათ შორის ჩოგბურთს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩოგბურთში კერძო სექტორის გააქტიურება.
საქართველოს ჩოგბურთში დიდი ტრადიციები აქვს, ჩვენ გვყავდა მეტრეველი, გაბრიჩიძე, კაკულია, მესხი, ახლა კი ძალიან კარგი და ნიჭიერი ახალი თაობა მოდის, რომელთა ძლიერ ჩოგბურთელებად ჩამოყალიბებისათვის სწორი მუშაობა და მიზანმიმართული შრომაა საჭირო. სახელმწიფო ქართულ ჩოგბურთს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში.
” დავით ნამგალაური: ”სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით უკვე 2 წელია მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირი ტარდება. ასე რომ, სახელმწიფო აგრძელებს ჩოგბურთის მხარდაჭერას. ფაქტია, რომ ტურნირი წლიდან წლამდე ძალებს იკრებს და იმედია, სამომავლოდ ტურნირის საპრიზო ფონდიც გაიზრდება. წარმატებას ვუსურვებ ქართველ ჩოგბურთელებს, რომლებსაც ძალიან კარგი შანსი აქვთ კარგი შედეგი აჩვენონ და სარეიტინგო ქულები მოიმატონ.
” ლეილა მესხი: ”მადლობელი ვარ საქართველოს კულტრის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსი და სპორტის დეპარტამენტის. სახელმწიფო აქტიურად გვიდგას მხარში და ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მამაკაცთა ტურნირი 11 ივლისს აიღებს სტარტს. 11-12 ივლისს საკვალიფიკაციო რაუნდი ჩატარდება, 13 ივლისიდან კი უკვე ძირითადი ბადის შეხვედრები გაიმართება. იმედია, ქართველი ჩოგბურთელები მაღალი შედეგებით მოგვაწონებენ თავს. დღეისათვის, საქართველოში ქალთა ჩოგბურთი უფრო მაღალ დონეზეა და ამიტომ, მამაკაცთა ჩოგბურთში ბევრი სამუშაო გვაქვს. ამ მხრივ, ასეთი ტურნირების გამართვა საერთო დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.”

















