ცხიმის დაგროვება დეპო-ორგანოებში ხდება. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მდგომარეობა დამოკიდებულია ადიპოციტების (ცხიმის შემცველი უჯრედების) რაოდენობასა და სიდიდეზე. სიმსუქნის დროს ადიპოციტები დიდდება და მათში დიდი რაოდენობით ცხიმი გროვდება. სიმსუქნე შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადება; სიმსუქნის დროს მაღალია რეციდივების (განმეორებების) განვითარების რისკი.
კლინიკურად გამოყოფენ სიმსუქნის 4 ხარისხს, მიმდინარეობის თავისებურებათა მიხედვით კი ორ სტადიას: პროგრესულსა და სტაბილურს.
არსებობს სიმსუქნის ორი სახე: პირველადი, ანუ სპონტანური სიმსუქნე, რომელიც გარკვეული მიზეზის საფუძველზე განვითარებული დაავადებაა და მეორადი სიმსუქნე, რომელიც სხვა დაავადების შედეგად ვითარდება, ან სხვადასხვა პათოლოგიის თანამდევი სინდრომია. ეს პათოლოგიებია:
- შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II
- არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება (გიდ)
- ჰიპერლიპიდემია (სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა)
- აპნოე (სუნთქვის დარღვევა)
- რეპროდუქციული (გამრავლების) დისფუნქცია
- ონკოლოგიური დაავადებები
- ქოლელითიაზი (ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება)
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება
- პოდაგრა (ნიკრისის ქარი)
- ოსტეოართროზი და სხვ.
დიაგნოსტიკა
სიმსუქნის შეფასების იდეალური ვარიანტია ორგანიზმში ცხიმების შემცველობის განსაზღვრა. რაც სპეციალური აპარატურის მეშვეობით ხორციელდება: ორგანიზმში ატარებენ სუსტ დენს, იმპულსის გავლადობის მიხედვით კი ცხიმის რაოდენობა განისაზღვრება. ცხიმის რაოდენობის გამოთვლა სხეულის მასის ინდექსის მიხედვითაც ხდება.
სხეულის მასის ინდექსი (სმი) შემდეგნაირად გამოითვლება
სმი (კგ/სმ2) = სხეულის მასა (კგ) / სიმაღლე (სმ2)
სმი შესაბამისად მოცემულია სიმსუქნის კლასიფიკაცია. სმი მაჩვენებლის მატებასთან ერთად მატულობს თანმხლები დაავადებების განვითარების ალბათობა. თუ
- სმი < 18,5 – სხეულის მცირე მასა;
- სმი 18,5-24,9 – სხეულის საშუალო მასა;
- სმი 25-29,9 – ჭარბი წონა;
- სიმსუქნე >/ 30:
- I ხარისხი – 30-34,9
- II ხარისხი – 35-39,9
- III ხარისხი – >/ 40
სიმსუქნე და სხეული ჭარბი წონა სხვადასხვა მცნებებია. ჭარბი წონის შემთხვევაში ადამიანის წონა აღემატება მაჩვენებელს, რომელიც მის სიმაღლეს შეესაბამება. ხშირად ჭარბი წონა ნორმალური მდგომარეობიდან სიმსუქნისაკენ გარდამავალი ეტაპია. ზოგჯერ კი ის მძლავრად განვითარებული ძვლოვანი ან კუნთოვანი სისტემის მქონე პირებს აღენიშნება.
გამომწვევი მიზეზები
სიმსუქნის განვითარებისათვის აუცილებელია ორგანიზმის იმ ფუნქციის გარდაქმნა, რომელიც ხელს უწყობს მუდმივი წონის შენარჩუნებას. გარდაიქმნება ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე და იმ პროცესების მიმართულება, რომელთა რეგულაციაში ძირითადი როლი ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს მიეკუთვნება.
ცენტრალური ნერვული სისტემა უშუალოდ და ჰიპოთალამუსის მეშვეობით მონაწილეობს საკვების მიღების კონტროლში. ბიოლოგიური ფაქტორი, რომელიც მისაღები საკვების რაოდენობას აკონტროლებს _მადაა. მადა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (მხედველობა, ყნოსვა, საკვების რაოდენობა, ხარისხი,ტემპერატურა,სოციალური და კულტურული ფაქტორები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.), რომლებიც ტვინში “შიმშილისა” და “სიმაძღრის” ცენტრებს აკონტროლებენ. სიმსუქნის გამომწვევი ყველა მიზეზი ერთ შედეგამდე მიდის - მიღებული ენერგია დახარჯულს აღემატება.
სიმსუქნე რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომლებიც ორ ძირითად _ კორეგირებად და არაკორეგირებად ჯგუფად იყოფა.
არაკორეგირებადია სიმსუქნის გამომწვევი ისეთი ფაქტორები, რომლებზედაც სამედიცინო ზემოქმედება შეუძლებელია. ესენია: მემკვიდრეობით-გენეტიკური (ნივთიერებათა ცვლის დამახასიათებელი თავისებურებები) და დემოგრაფიული (სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა ) ფაქტორები.
გაითვალისწინეთ! მიუხედავად იმისა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს, სიმსუქნე ოჯახური დაავადება არ არის. სიმსუქნით დაავადებული მშობლების აყვანილი შვილები ისევე სუქდებიან, როგორც მათი ღვიძლი შვილები. ამ დროს მნიშვნელოვან როლს ოჯახის კვებითი ჩვევები ასრულებს. მომავალ თაობაში სიმსუქნემ შეიძლება ისეთ ოჯახებში იჩინოს თავი, სადაც სიმსუქნის პრობლემა არ არის; ეს 100-დან 30 შემთხვევაშია შესაძლებელი. იქ,სადაც ერთი მშობელია მსუქანი, ალბათობა 50 %-მდე იზრდება. ორივე მშობლის სიმსუქნის შემთხვევაში კი _ 80 % -ია.
სიმსუქნის პრობლემები ხშირად ბავშვობიდანვე იწყება – მშობლები, ბებია- ბაბუები ბავშვის გაძლიერებული კვებით არიან დაკავებულნი. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება ორსული და მეძუძური ქალების მიმართ. გაითვალისწინეთ! ორსულობის III ტრიმესტრსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმოვანი უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, მომავალში კი მათი სიჭარბე სიმსუქნისადმი მიდრეკილებას განაპირობებს.
კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება განისაზღვრება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობით და მათში ცხიმის შემცველობით. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა მუდმივია და აღარ ცვალებადობს. იცვლება მხოლოდ ამ უჯრედებში ცხიმის შემცველობის რაოდენობა.
სიმსუქნის უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. თუ ადრე ადამიანები საკვების დეფიციტს განიცდიდნენ, ამჟამად კვების სიჭარბეა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კილოკალორიაა.
კვებითი ქცევას ორი ფაქტორი განაპირობებს: შიმშილის შეგრძნება, რაც ორგანიზმში საკვების განლევას უკავშირდება, და მადა, რომელიც გარემო ფაქტორების (სუნი, შესახედაობა, გემო) ზემოქმედებით აღიძვრება, იმისგან დამოუკიდებლად, ადამიანს შია თუ არა. ადამიანის კვებითი ქცევა ცხოველებისგან განსხვავებით უფრო მეტად მადაზეა დამოკიდებული, ვიდრე შიმშილის გრძნობაზე, რაც დღევანდელი საკვების ფონზე სიმსუქნის განვითარების მიზეზი ხდება.
შეცვლილია კვების ხარისხიც. კვების რაციონი გაჯერებულია რაფინირებული პროდუქტებით – შაქრით, ცხიმით. საკვების უმეტესობა მაღალკალორიულია. მაღალკალორიული საკვების სისტემატური მიღება კვებითი ქცევის დარღვევის უმარტივესი მოდელია. ამ დროს გარდაუვალია ორგანიზმში ცხიმის დაგროვება.
ზოგჯერ ადამიანები სტრესის გამო გაძლიერებულ კვებას იწყებენ. ზოგიერთი ქალი ზამთარში 5-6 კგ-ს იმატებს, რადგან მოკლე დღის გამო დეპრესია ეწყება და ტკბილ საჭმელს ეტანება. ეს ქცევა ჰორმონ სეროტონინს უკავშირდება.
კორეგირებადია ისეთი ფაქტორები, რომელთა მართვაც სპეციალისტებს შეუძლიათ. სეთებია: დაუბალანსირებელი კვება, ნაკლებ მოძრავი ცხოვრების რიტმი, სტრესი, ამა თუ იმ მედიკამენტით გამოწვეული ინტოქსიკაცია, კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება.
კორეგირებადი ჯგუფის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ჰორმონული სიმსუქნე. სიმსუქნეს იწვევს სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება. არსებობს მეორეული სიმსუქნე (ჰიპოთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის შედეგი), რაც პროცენტულად ძალზე მცირეა.
უმეტესად სიმსუქნის შედეგი ენდოკრინული დარღვევებია და სიმსუქნის ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში თავისთავად სწორდება.
ცხიმოვანი ქსოვილი ერთგვარი ენდოკრინული ორგანოა, რომელიც სასქესო ჰორმონების ცვლაში მონაწილეობს. მისი უჯრედები დაახლოებით 14 სახის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას გამოიმუშავებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლეპტინი. ლეპტინი თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში მდებარე შიმშილისა და მაძღრობის ცენტრებზე ზემოქმედებს და მიღღებული საკვების მიღების რაოდენობის ძირითადი განმსაზღვრელია.
თუ ორგანიზმში რაიმე მიზეზით სასქესო ჰორმონების ცვლა დაირღვევა ირღვევა ცხიმოვანი უჯრედების მიერ ლეპტინისა და სხვა ნივთიერებათა ნორმალური სინთეზი, რაც საბოლოოდ ცხიმების ჭარბად დაგროვებისა და სიმსუქნის განვითარების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ჰორმონული სიმსუქნე თითქმის ყოველთვის სასქესო ჰორმონთა დისბალანსს უკავშირდება.
ჭარბ წონასთან დაკავშირებული სქესობრივი განსხვავებაც სასქესო ჰორმონებით არის განპირობებული. ქალის სასქესო ჰორმონები, ესტროგენები, ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას უწყობენ ხელს, რაც ქალს 9 თვის განმავლობაში ნაყოფის მუცლით ტარებისა და შემდეგ მისი ძუძუთი კვების პირობას უქმნის.
მამაკაცთა სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი კი ესტროგენების მოქმედების საპირისპირო თვისებებით ხასიათდება.
ქალის ცხოვრებაში გამოყოფენ 3 კრიტიკულ პერიოდს, როდესაც იგი განსაკუთრებით მატულობს წონაში. პირველი პერიოდი სქესობრივ მომწიფებას ემთხვევა, როდესაც გოგონას ორგანიზმში ქალური ჰორმონების – ესტროგენების – აქტიური და ინტენსიური გამომუშავება იწყება. მეორე პერიოდი ორსულობაა, როდესაც მთელი რიგი ჰორმონული ძვრები, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, განსაკუთრებით – სხეულის ქვედა ნაწილში, დიდი რაოდენობით სითხისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს. Mესამე _ კლიმაქტერიული პერიოდია, როცა სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელება და მიკროცირკულაციის დარღვევა ჭარბი ცხიმის დაგროვების მიზეზი ხდება.
ასიდან 12 შემთხვევაში ჭარბი წონა პირველად სქესობრივი სიმწიფის ასაკში იჩენს თავს, 20 შემთხვევა – ორსულობისა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, შემთხვევათა 25 % კი კლიმაქტერიულ პერიოდზე მოდის.
სიმსუქნე ხშირად სხვადასხვა დაავადებათა შემადგენელი სინდრომი, ე.წ. მეტაბოლური სინდრომია, რომელსაც ხშირად თან ახლავს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება. მათ ხშირად სიმსუქნის გართულებებსაც უწოდებენ. ამ დაავადებების განვითარების ალბათობა სხეულში ცხიმის გადანაწილებას უკავშირდება. ნორმალური წონის ჯანმრთელ ადამიანში ცხიმის 50% კანქვეშა ქსოვილშია განაწილებული, 50% კი სხვადასხვა ორგანოთა გარშემო. თუ სიმსუქნის ფონზე ცხიმი უმეტესად შინაგან ორგანოებს შორისაა ჩალაგებული, გართულებების განვითარების რისკი მატულობს.
არსებობს მეტაბოლური სინდრომი, რომელიც მეტაბოლურ (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევათა კომპლექსია, რომლის კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამიტომ მის წარმოშობაში პირველადი მიზეზის დადგენა მეტად ძნელია. შესაძლოა, მიზეზი ნახშირწყლოვანი ან ლიპიდური ცვლის დარღვევა იყოს. იგივე შეიძლება ითქვას აბდომინალურ სიმსუქნეზე. სავსებით შესაძლებელია, თითოეული ხსენებული მიზეზი გენეტიკური განწყობიდან გამომდინარეობდეს, ანუ ადამიანს მემკვიდრეობით ერგოს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ სახის დარღვევა. სიმსუქნე ადამიანს ფსიქოლოგიურადაც თრგუნავს.
გართულებები
სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ლიპიდური ცვლის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება და სხვ. მათ ხშირად სიმსუქნის გართულებებსაც უწოდებენ.
ჭარბი წონის პირებს ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), რომელიც ინფარქტისა და ინსულტის განვითარების ხშირი მიზეზია.
თუ ადამიანის სხეულის მასა ნორმალურ მაჩვენებელს 10-20%-ით აჭარბებს, მაშინ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი 45 %-ით მატულობს.
უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე მსუქან ადამიანს ქოშინი და გულისცემის აჩქარება უნვითარდება. ჭარბი წონა შეიძლება ფსიქოემოციური დარღვევების მიზეზადაც იქცეს, რაც ხშირად უძილობით, გაღიზიანებადობით და სწრაფად დაღლით ვლინდება.
მსუქან ადამიანებში სხეულის პირვანდელი მასის 5-10%-ით შემცირება საგრძნობლად ამცირებს ჩამოთვლილ დაავადებათა განვითარებისა თუ გართულების რისკს.
მკურნალობა
სიმსუქნის მკურნალობა ენდოკრინოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის კომპეტენციაა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე ანალიზის ჩატარება, რათა განისაზღვროს პაციენტის ჰორმონული ფონი, კერძოდ – ესტროგენებისა და პროჟესტერონის კონცენტრაცია. დასადგენია მათი შეფარდების დონეც.
ჰორმონული მიზეზებით გამოწვეული სიმსუქნის განვითარებისთვის სასქესო ჰორმონთა გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრასაც, რადგან ისინი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, მათ შორის – ცხიმების ცვლაზეც ზემოქმედებენ. ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობისას სუსტდება ნივთიერებათა ცვლის შესაბამისი რგოლი. შედეგად, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების რაოდენობა მატულობს.
ჰორმონული სიმსუქნის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონის დონესაც. ამიტომ სიმსუქნის მკურნალობისას აუცილებელია სომატოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრაც.
სიმსუქნის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი კვების კორექციაა, რაც მიღებული საკვების კალორიულობის შეზღუდვასა და ფიზიკური აქტივობის მატებას გულისხმობს. ამ დროს უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი იქმნება.
მეორე ადგილი უკავია სპორტს, ფიზიკურ დატვირთვას, რომლიც სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც ვარჯიშის დროს იმაზე მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე კვების შედეგად მიიღება. აუცილებელია ვარჯიში იყოს ზომიერი, თანმიმდევრული, სისტემატური და ხანგრძლივი.
შიმშილისა და დიეტის დროს ძალზე სასიამოვნოა წყლის პროცედურები და მასაჟი. ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, აკაჟებენ ორგანიზმს და სტიმულს აძლევენ, რაც შეიძლება, მეტი ცხიმის დაწვას. ძალიან კარგია სხვადასხვა შხაპი _ შარკოსი, ნემსისებრი, წყალქვეშა და ა.შ.
გაუმართლებელია გახდომის მიზნით შარდმდენების მიღება, როცა სხეულის მასა სითხის ძალისმიერი მეთოდით გამოდევნის ხარჯზე იკლებს. სამედიცინო თვალსაზრისით ეს სრულიად დაუშვებელია. ასეთი გზით დაკარგული წონა 1-2 დღეში აღდგება.
მედიკამენტოზურ თერაპიას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც დიეტა შედეგს არ გამოიღებს, ანუ 3 თვის განმავლობაში პაციენტი მასის 3-4 %-ზე მეტის დაკლებას ვერ ახერხებს. მკურნალობას ატარებს ენდოკრინოლოგი. გამოიყენება ცენტრალური და პერიფერიული მოქმედების პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და მადის დამაქვეითებლები, რომელთა მიღებაც 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობით არ შეიძლება. პრეპარატები დიეტასთან ერთად ინიშნება. მათი თვითნებური მიღება დაუშვებელია!
წონის დაკლებისას მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის განწყობა, რისთვისაც მოწოდებულია ფსიქოთერაპია.
ქირურგიულ მეთოდს მაშინ მიმართავენ, როდესაც პაციენტის წონა 40 %-ით აღემატება დასაშვებ წონას. ასეთ შემთხვევაში სტაციონარის პირობებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ოპერაცია ტარდება. ტაქტიკა ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ქირურგიული მეთოდია ლიპოსაქციაც.
სიმსუქნის მკურნალობა ეფექტურად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის შერჩეული მეთოდიკა უზრუნველყოფს შედეგის შენარჩუნებას 2 წლის მანძილზე მაინც. მკურნალობის მეთოდიკა და მიდგომა მკვეთრად ინდივიდუალური და მოქნილი უნდა იყოს. სხეულის მასის 5-10%-ით შემცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დისლიპიდემიის (სისხლში ლიპიდების მატების), შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას.სწორედ ეს არის სხეულის მასის შემცირების საწყისი მიზანი. ამასთან ერთად უნდა მოხდეს სხვა თანმდევი დაავადებების მკურნალობაც.
პირველ რიგში აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა, რაც თავისთავად გულისხმობს კვების, ფიზიკური აქტივობისა და ქცევის ცვლილებას.
კვება: დაბალკალორიული დიეტა არაეფექტურია, რადგანაც ხანგრძლივი დროით მისი შენარჩუნება ვერ ხერხდება. უნდა შეირჩეს ისეთი ინდივიდუალური დიეტა ცხიმების დღე-ღამეში 40 გრამამდე შეზღუდვით, ღომლის გაგრძელებაც , რადგან სხვა საკვები კომპონენტები აღარ იზღუდება. ეს დიეტა ბევრად ეფექტურია სხეულის მასის შენარჩუნების თვალსაზრისით, ვიდრე მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი. იზღუდება ალკოჰოლის მიღება, რადგან ის ძალზე კალორიულია. აუცილებელია ნაჯერი ცხიმების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაც. ასევე იზღუდება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებიც. მოწოდებულია მეტი რაოდენობით ისეთი პროდუქტები, რომლებიც მაძღრობის გრძნობას ავითარებს და თან დაბალკალორიულია: მარცვლოვნები, უცხიმო ხორცი და თევზი, ხილი, ბოსტნეული.
კვება რეკომენდებულია მცირე პორციებით, ხშირად და ნელა.
აუცილებელი პირობა სხეულის მასის შემცირებისთვის დახარჯული კალორიების რაოდენობა უნდა სჭარბობდეს მიღებული კალორიების რაოდენობას, რაც წარმატების გარანტიაა.
ფიზიკური აქტივობა: ენერგიის აქტიურ ხარჯვას ხელს უწყობს მზარდი ფიზიკური აქტივობა , რომელიც უმჯობესია ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში უნდა მოექცეს, მაგ., პაციენტმა უფრო მეტი იაროს ფეხით. ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სპორტულ დარბაზებში სიარული. ცნობილია, რომ დღეში 7000 ნაბიჯის გადადგმა იცავს ადამიანს გასუქებისგან, ხოლო 10 000 – წონაში კლებას იწვევს. ოსტეოართროზის მქონე პაციენტებისთვის მეტად სასარგებლოა ცურვა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ წონის შენარჩუნების თვალსაზრისით დიეტაზე გაცილებით ეფექტურია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.
ქცევა: ქცევითი თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ჩვევების შეცვლაა, რომლებიც სხეულის მასის მომატებას იწვევს. საჭიროა ალტერნატიული შესაძლებლობებით მათი ჩანაცვლება. აქვე იგულისხმება სტრესული სიტუაციების არსებობაც.
გაითვალისიწნეთ! წონის დაკლების შემთხვევაში მისი შემდგომი შენარჩუნების მიზნით ძალზე მნიშვნელოვანია ქცევითი თერაპიის ჩართვა მკურნალობის პროცესში.
მედიკამენტოზური თერაპია ნაჩვენებია პათოლოგიური სიმსუქნის შემთხვევაში, როცა არამედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა და სმი 30-ზე მეტია; არსებობს სიმსუქნის რისკ ფაქტორების განვითარების შესაზლებლობები და სმი 27-ზე მეტია.
მედიკამენტოზური თერაპია უნდა დაერთოს სამკურნალო კვებას, ანუ დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას. თუმცა ისეც ხდება, რომ მედიკამენტოზური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ სხეულის მასა კვლავ მატულობს.
სიმსუქნის დროს თავის ტვინში შეინიშნება ერთ-ერთი ნივთიერების სეროტონინის კონცენტრაციის შემცირება . ამისთვის შექმნილია პრეპარატები, რომლებიც ტვინში სეროტონინის კონცენტრაციის მატებას განაპირობებს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც მადის დაქვეითებასა და მცირე რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ სიმაძღრის გრძნობას იწვევს. შექმნილია ასევე სხვადასხვა პრეპარატები, რომელთა მოქმედება ორგანიზმზე განსხვავებულია, მიზანი კი ერთი – სხეულის მასის დაკლება.
ქირურგიული მკურნალობა: სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს გასტროპლასტიკას ანუ ქირურგიული გზით კუჭის ზომების შემცირებას ან ე.წ. გასტროენტეროანასტომოზის შექმნას. გასტროპლასტიკა დღესდღეობით ლაპარასკოპიული მეთოდოთ ხორციელდება
დიეტა
როგორც ზემოთ აღინიშნა, სხეულის მასის შემცირების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი დიეტაა.
დიეტა ბერძნული სიტყვაა და “ცხოვრების წესს” ნიშნავს. ის სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას, ცხოვრების წესის შეცვლას გულისხმობს. დიეტა სწორ, რაციონალურ, ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას ნიშნავს.
დიეტა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად და უთუოდ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი. უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად დააკლებინებს წონას, არ არსებობს. დიეტის დაცვა თვითნებურად ექიმის კონსულტაციის გარეშე, მიზანშეწონილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში რაციონში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკროელემენტებისა და ამინმჟავების ის რაოდენობა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის არის აუცილებელი. დიეტის თვითნებურად შერჩევას არაერთი დარღვევა მოსდევს თან.
სასურველია საკვები დღეში 5 მიღებაზე იქნეს გადანაწილებული. კარგია სრულფასოვანი საუზმე, სადილისა და ვახშმის შუალედში კი ხილის მირთმევა. კალორიული საკვების მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში, რათა დღის ბოლომდე მიღებული ენერგიის დახარჯვა მოესწროს.
სამკურნალო კვება გულისხმობს:
- დაბალი ენერგეტიკული ღირებულების საკვებს;
- ნახშირწყლების, განსაკუთრებით ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების, შეზღუდვას, რომლებიც ორგანიზმში მარტივად გარდაიქმნება ცხიმად;
- ცხოველური ცხიმების შეზღუდვას და რაციონში მცენარეული ცხიმების ჩართვას;
- სიმაძღრის გრძნობის განვითარებას კვების რაციონში დაბალკალორიული და დიდი მოცულობის საკვების ჩართვით. ესენია: უმი ბოსტნეული, ხილი და სხვ
- მრავალჯერადი კვება (5-4 ჯერ);
- სითხის 1-1,5 ლ-მდე და მარილის 5 გ-მდე შეზღუდვას;
- საკვები სანელებლების შეზღუდვას.
სამკურნალო დიეტის დანიშვნისას პირველად ინიშნება დიეტა, რომელიც 1750-1800 კკალ მოიცავს.
1800 კკალ შეიცავს :
- უცხიმო ხორცი – 150-200გ;
- თევზი – 100 გ;
- ხაჭო – 100-200გ;
- ერთი კვერცხი;
- მცენარეული ცხიმი – 25გ;
- ცხოველური ცხიმი – 20გ;
- თეთრთავიანი კომბოსტო – 300-400 გ;
- კარტოფილი – 200გ;
- პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 300-400 გ;
- ვაშლი – 200 გ;
- რძე – 300-400 გ;
- არაჟანი – 15-20 გ;
- პური – 100-150გ;
1200 კკალ შეიცავს:
- უცხიმო ხორცი – 150-200გ;
- თევზი – 100 გ;
- ხაჭო –100გ;
- ერთი კვერცხი;
- მცენარეული ცხიმი – 15გ;
- ცხოველური ცხიმი – 15გ;
- თეთრთავიანი კომბოსტო – 200-250 გ;
- კარტოფილი – 200გ;
- პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 200-300 გ;
- ვაშლი – 200 გ;
- რძე – 200-300გ;
- არაჟანი – 10-15გ;
- პური – 0გ;
800 კკალ შეიცავს:
- უცხიმო ხორცი – 100გ;
- თევზი – 100 გ;
- ხაჭო – 100გ;
- ერთი კვერცხი;
- მცენარეული ცხიმი – 10გ;
- ცხოველური ცხიმი – 10გ;
- თეთრთავიანი კომბოსტო – 150-200 გ; კ
- არტოფილი – 100გ;
- პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 150-200გ;
- ვაშლი _100 გ;
- რძე – 200გ;
- არაჟანი – 10გ;
- პური – 0გ; 100 გ
ჭარბი პურის კალორიულობის გასანეიტრალებლად ადამიანმა სულ ცოტა 45-50 წუთი უნდა იაროს, ნახევარი კგ ცხიმის დასაკარგად გაიაროს 232 კმ ან ირბინოს 69 კმ. ამ მონაცემების მიხედვით ფიზიკურ აქტივობას სიმსუქნის მკურნალობის სქემაში თავისი ადგილი უკავია.
სამკურნალო დიეტის დაცვა ადამიანს საშუალებას აძლევს, ისე დაგეგმოს თავისი კვება, რომ ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე, ორგანიზმისათვის ზიანის მიუყენებლად, ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტებით, ნორმალური ფიზიოლოგიური კვებით არეგულიროს საკუთარი წონა, ანუ კვება თავის ენერგეტიკულ დანახარჯებს შეუფარდოს. ეს პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.
გაითვალისწინეთ! დადგენილი ნორმა ადამიანს რომ ცხოვრების წესად ექცეს, 1,5 წელია საჭირო.
კვების რეჟიმის კორექციის გარდა, ფიზიოთერაპიულ კაბინეტში, ტარდება ელექტროსტიმულაციის მეთოდზე დამყარებული პროცედურა,რომლის დროსაც ყურის ნიჟარაზე არსებულ ცდომილ ნერვსა და შენმანის წერტილზე (რელაქსაციის წერტილი) ერთდროული ზემოქმედებით ითრგუნება მადა. შედეგად ძლიერდება სეროტონინის სეკრეცია, რაც სიმაძღრის შეგრძნების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ინდივიდუალურად შედგენილი დიეტისა და ამ პროცედურის ურთიერთშეხამება სასურველ შედეგს იძლევა.
ნორმალურია, როდესაც ადამიანი თვეში საწყისი წონის 5%-ს იკლებს. თუმცა თითოეული ადამიანისათვის წონის კლების დინამიკა და დიეტაც ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.
წონის დაკლების შემდეგ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
- მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს კვების ყოველდღიური რეჟიმი, ადამიანი უნდა გადავიდეს დაბალანსებულ, რაციონალურ კვებაზე და, რაც მთავარია, შეიზღუდოს ცხიმები. რაციონი უნდა შეიცავდეს საჭირო რაოდენობით ხილს, ბოსტნეულსა და მარცვლოვნებს. ბოსტნეულისა და დაბალკალორიული ხილის რაოდენობა არ იზღუდება.
- დაბალანსებული და რაციონალური კვების დროს ადამიანი იღებს ცხიმებით ღარიბ საკვებს, რაც ყოველდღიური რაციონის კალორიულობას თანდათან 20-25%-ით, ანუ დაახლოებით 500-600 კკალ-ით ამცირებს.
- აუცილებელია არაერთგვაროვანი, მრავალფეროვანი სურსათით კვება რეგულარულად, დღეში სამჯერ მაინც.
- იკრძალება ისეთი საკვების მიღება, რომლის 100 გ 3 გ-ზე მეტ ცხიმს შეიცავს.
სიმსუქნის დროს გამოყენებულ კვებითი კორექციის პროგრამას არაფერი აქვს საერთო წონის დასაკლებ დიეტებთან, რომლებიც ე.წ. “პინგ-პონგის” ეფექტით ხასიათდება. დიეტის დასრულების შემდეგ ადამიანი კვების ადრინდელ რეჟიმს უბრუნდება და სწრაფად აღიდგენს თავდაპირველ წონას, რასაც შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი დაემატოს.
არაფიზიოლოგიური კვების პირობებში სხეულის წონის დაკლება ადრეულ ეტაპებზე წყლისა და კუნთოვანი მასის ხარჯზე ხდება. გარდა იმისა, რომ დიეტა უეფექტოა, გაუთავებელი მეტაბოლური სტრესი ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს.
გაითვალისწინეთ! რეკომენდებული არ არის კვირაში 2კგ-ზე კილოგრამზე მეტის დაკლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ამას ე.წ. ჰიპოფიზური პასუხით პასუხობს, დიეტის შემდეგ ძალზე სწრაფად აღდება დაკლებული კილოგრამები. სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა. მსუქანმა ადამიანმა საკუთარი წონა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა აკონტროლოს










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები
yes ციტირება