განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სტილი კვება & ჯანმთელობა გულის იშემიური დაავადება
ბანერი

გულის იშემიური დაავადება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 6855 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გულის იშემიური დაავადება (გიდ) აერთიანებს დაავადებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მიოკარდიუმის ანუ გულის კუნთის ჟანგბადით არაადექვატური მომარაგება სისხლის მიწოდების გაუარესების შედეგად.

გამომწვევი მიზეზები

ადამიანის გულის კუნთი შეუსვენებლად მუშაობს. დღე-ღამის განმავლობაში ასობით ლიტრ სისხლს გადატუმბავს. გულის ასეთი დატვირთვისა და ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა ორგანოს ჯანსაღი სისხლმომარაგება, რაც ე.წ. გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების საშუალებით ხორციელდება. გიდ-ის გამომწვევი ძირითადი მიზეზი გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზია, შედარებით იშვიათად – მისი სპაზმი. კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის ძირითადად მსხვილი და საშუალო კალიბრის არტერიების შიგნითა შრეს აზიანებს. შედეგად გულის კუნთში ვითარდება ჟანგბადის მწვავე დეფიციტი, რამაც შესაძლოა ჩამოაყალიბოს ინფარქტი (ორგანოსა და ქსოვილში მკვდარი კერის წარმოქმნა).

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორები ორ ჯგუფად იყოფა: ფაქტორები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების წესსა და გარკვეულ ჩვეულებებზეა დამოკიდებული (თამბაქოს მოწევა, არტერიული წნევა, პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება, სიმსუქნე, ნაკლებმოძრავი ცხოვრების რიტმი) და ფაქტორები, რომლებიც ადამიანზე არ არის დამოკიდებული – ასაკი, სქესი, მემკვიდრეობა, ზოგიერთი დაავადება (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) და სხვ.

ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, არასწორი კვება – ცხიმების, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების, ჭარბად მოხმარება, ჭარბი წონა, თამბაქოს მოწევა ხელს უწყობს პათოლოგიური პროცესების განვითარებას. ათეროსკლეროზის პროცესებს აჩქარებს არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზიF(ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციონირება) და სხვ.

რაც უფრო მეტია ერთად არსებული რისკ-ფაქტორების რიცხვი, მით მეტია ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობა.

ათეროსკლეროზის განვითარებას მნიშვნელოვნად აჩქარებს ხშირი სტრესი. ასევე არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, რაც გულის კუნთის დეტრენირების მიზეზი ხდება, კლებულობს ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, ნახშირწყლებისა და ცხიმების ათვისება, მატულობს სისხლის შემადედებელი სისტემის აქტიურობა, რაც თრომბების წარმოქმნის წინაპირობაა.

ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოს. ჩასუნთქული ნიკოტინი განაპირობებს გულის, თავის ტვინისა და კიდურების არტერიების სპაზმს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ტვინისა და გულის ფუნქციონირებაზე.

განვითარების მექანიზმი

ათეროსკლეროზი ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად ვითარდება. წამყვანი როლი ცხიმოვანი ცვლის დარღვევას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლაც. ათეროსკლეროზი ხანგრძლივად მიმდინარე და ძალზე რთული პროცესია. მისი განვითარების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, თუმცა საბოლოოდ დამტკიცებული არც ერთი არ არის.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლძარღვის შიდა კედლის მთლიანობის დარღვევა ან შეღწევადობის გაზრდა. ასევე, სისხლის პლაზმაში მოცირკულირე ცხიმების ჭარბი რაოდენობა. აცხიმების ისეთი ფრაქციების, როგორებიცაა _ ტრიგლიცერიდები, ძალიან დაბალმოლეკულური და დაბალმოლეკულური ლიპოპროტეინები. ლიპოპროტეინები ეწოდება პლაზმაში ცილებთან დაკავშირებულ ცხიმების ნაერთებს. სისხლში, პირიქით, მაღალმოლეკულური ლიპოპროტეინების დონის მატება ათეროსკლეროზის განვითარებას უშლის ხელს.

დროთა განმავლობაში, სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილას ხდება ცხიმების ჩალაგება და დაგროვება, შედეგად წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს. ეს ორგანოში სისხლის ნაკადის შემცირებას განაპირობებს. დატვირთვის დროს, როცა ორგანოში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ძლიერდება და ის შესაბამისად მეტ ჟანგბადს მოიხმარს, შევიწროებული სისხლძარღვი ვერ უზრუნველყოფს ორგანოს ადეკვატურ სისხლმომარაგებას, ორგანო ვერ იღებს მისი მუშაობისთვის საჭირო ჟანგბადს და ვითარდება იშემია ანუ ჟანგბადოვანი შიმშილი.

ათეროსკლეროზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ ადამიანს სუბიექტურად არანაირი ჩივილი არ აქვს. ათეროსკლეროზის სუბიექტურად გამოვლინება ნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია – ორგანიზმს რეზერვი აღარ აქვს.

ათეროსკლეროზი ყველაზე მეტად აორტას (გულიდან გამომავალი ყველაზე მსხვილი სისხლძარღვი), შემდეგ – გულის მკვებავ სისხლძარღვებს (გვირგვინოვანი არტერიები), საძილე, თავის ტვინის, თირკმელების არტერიებს და ა.შ. აზიანებს.

გულის კუნთი საკუთარი სისხლძარღვებით _ გვირგვინოვანი არტერიებით იკვებება. ჯანმრთელი ადამიანის სისხლძარღვები სუფთა და ელასტიკურია. ემოციური და ფიზიკური დატვირთვის დროს გული სწრაფ შეკუმშვას იწყებს, რის გამოც გულის კუნთს მეტი სისხლი (შესაბამისად, ჟანგბადი) მიეწოდება. სუფთა, ელასტიკური გვირგვინოვანი არტერიები ადვილად ფართოვდება, დიდი რაოდენობის სისხლს ატარებს და გულის კუნთს ჟანგბადით უზრუნველყოფს. ამიტომ ჯანსაღი გულის მქონე ადამიანს ემოციური და ფიზიკური დატვირთვის დროს არანაირი დისკომფორტი არ აღენიშნება.

იმ შემთხვევაში, თუ კორონარული არტერიების შიგნითა მხარეს ათეროსკლეროზული ფოლაქებია, დატვირთვის დროს ელასტიკურობადაკარგული სისხლძარღვი ვერ ფართოვდება, ქსოვილებში ყალიბდება ჟანგბადის დეფიციტი, ვითარდება იშემია, რაც ხშირად ტკივილის შეგრძნებით გამოვლინდება.

გაითვალისწინეთ! გულის არეში განვითარებული ტკივილი ძალიან საყურადღებოა, რადგან თუ ნახევარ საათში არ გაივლის, დიდია რისკი ორგანიზმში გულის კუნთის ინფარქტის განვითარებისა.

მკურნალობა: სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობის დროს პირველ საფეხურზე ინიშნება დიეტა. აუცილებელია ალკოჰოლური სასმელის შეზღუდვა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება თევზის ქონით მკურნალობას. ასეთი თერაპია მხოლოდ ავადმყოფთა ერთ მესამედში იძლევა შედეგს. მედიკამენტოზუური თერაპია რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ქოლესტერინის დონე სისხლში 4,9 მმოლ/ლ-ზე (190 მგ%) მეტია. გაითვალიწინეთ! დღეში 2-3 ჭიქა ნატურალური ღვინის მიღება სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ქოლესტერინი 

ქოლესტერინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა. ის სინთეზირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ძირითადად ღვიძლში, ნაწილი საკვებიდან შეიწოვება ნაწლავების საშუალებით.

ქოლესტერინს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ქოლესტერინს შეიცავს ყველა უჯრედის გარსი. მისგან წარმოიქმნება ჰორმონები, მათ შორის, სასქესო და ა.შ. ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა. ამიტომ მნიშვნელოვანია სისხლში მისი კონცენტრაციის კონტროლი. ჭარბი ქოლესტერინისგან თავის დასაცავად საჭიროა დიეტის დაცვა:

  • საკვებ რაციონში მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ნაჯერი ცხიმების რაოდენობა, რომელთაც შეიცავს – ხორცი, კარაქი, ყველი და რაფინირებული შაქარი. რეკომენდებულია: თევზი, ქათმის ხორცი, უცხიმო რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, თხილი და არაქისი, ყოველდღიურად 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
  • უპირატესობა უნდა მიენიჭოს ლობიოს და სხვა პარკოსნებს. ისინი შეიცავენ ნივთიერება პექტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
  • სასურველია, დიდი რაოდენობით ხილის მიღება. ხილი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  • კარგია შვრიის ბურღული, რომელიც მდიდარია პექტინით.
  • მიზანშეწონილია სიმინდის პროდუქტების მიღება.
  • კარგია სტაფილო.
  • სასარგებლოა უცხიმო ხორცის ზომიერი რაოდენობით მიღება.
  • საუკეთესოა ცხიმგამოცლილი რძე და რძის პროდუქტები.
  • კარგია ნედლი ნიორის მიღება.
  • საჭიროა ყავის შეზღუდვა. ქოლესტერინის დონე ბევრად მაღალია იმ ადამიანებში, ვინც დღეში 2 ჭიქა ყავას სვამს.
  • არ შეიძლება თამბაქოს მოწევა. მწეველი ადამიანების სისხლში ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად მაღალია არამწეველებთან შედარებით.
  • მნიშვნელოვანია წონის კონტროლი! ჭარბი წონის დროს ორგანიზმში მეტია ქოლესტერინი.
  • აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. ის მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

სისხლში ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის ებრძვის:

  • ჩაი, მასში შემავალი ტანინი აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
  • სპირულინა – ცილებით მდიდარი ზღვის წყალმცენარე, რომელიც აბების ან ფხვნილის სახით იყიდება აფთიაქებში.
  • ქერი.
  • ბრინჯი. ბრინჯი მკვეთრად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას.
  • აქტივირებული ნახშირი უერთდება ქოლესტერინის მოლეკულებს და მათ ორგანიზმიდან გამოდევნის.
  • დიეტა ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს მხოლოდ ერთ მესამედ შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა. ამ დროს გამოიყენება ნიკოტინის მჟავა.
  • მკურნალობა უნდა დაინიშნოს ინდივიდუალურად კარდიოლოგის მიერ.
რეკომენდაციები

ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ძალიან კარგია ფეხით სიარული, ცურვა, ჯირითი. ასევე სასარგებლოა ველოსიპედით სეირნობა და თხილამურებით სრიალი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი.

გაითვალისწინეთ! სისტემატური, ორგანიზმისთვის შესაფერისი ფიზიკური დატვირთვა ადამიანს ათეროსკლეროზისაგან დაცვაში ეხმარება. ფიზიკური დატვირთვა ნორმირებული უნდა იყოს. არ შეიძლება გადატვირთვა და გადაღლა. ვარჯიშის ან სეირნობის დროს არ უნდა განვითარდეს ქოშინი, ასევე ძლიერი გადაღლა, ტკივილი გულმკერდის მარცხენა ნახევარში. ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას პულსი ხშირდება, მაგრამ მატება არ უნდა აჭარბებდეს 15 ერთეულს წუთში, ხოლო 3-4 წუთი შესვენების შემდეგ პულსი საწყის მდგომარეობას ანუ სიხშირეს უნდა დაუბრუნდეს.

ფიზიკური დატვირთვა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს. თავიდან საჭიროა ფეხით სიარული, შემდეგ – ძუნძულით, ამის შემდეგ – სირბილი სწორ ადგილას, ბოლოს –ფ აღმართ-დაღმართზე სირბილი. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ შემთხვევაში დატვირთვა უკვე სამკურნალო და პროფილაქტიკურ ეფექტს იძენს.

თუ ადამიანი სპორტისთვის ვერ იცლის, სასურველია სეირნობა.

გაითვალისწინეთ! თუ ადამიანი თამბაქოს ეწევა, ფიზიკურ დატვირთვასაც არა აქვს შედეგი.

დაუშვებელია! ფიზიკური დატვირთვის გაგრძელება, თუ ამ დროს ეწყება ტკივილი გულის არეში. ტკივილი იშემიის სიგნალია, ისედაც ჰიპოქსიაში (ჟანგბადოვანი შიმშილი) მყოფი გულის ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია სწორი კვებითი რეჟიმისა და რაციონის შერჩევა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ რაციონში კალორიები დღის განმავლობაში დახარჯული კალორიების ტოლი იყოს. საშუალო ასაკის გონებრივად მომუშავე ადამიანებისათვის აუცილებელია 2 500 კალორია დღე-ღამეში. ასაკის მატებასთან ერთად კალორაჟი უნდა შემცირდეს.

ადამიანის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს ნახშირწყლები – 60%, ცილები – 25%, ცხიმები – 15%.

კარგია კვირაში ერთხელ ვეგეტარიანული ან რძე-ხაჭოს დღეების მოწყობა. ეს ყველაფერი სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას განაპირობებს.

ყოველდღიური რაციონი ვიტამინებით, განსაკუთრებით კი B ვიტამინის შემცველი პროდუქტებით უნდა იყოს მდიდარი. მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით კალიუმის მიღება (კალიუმით მდიდარია კარტოფილი, რძე, ხაჭო), რომელიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას.

ნატრიუმი ორგანიზმში აკავებს სითხეს, ზრდის არტერიულ წნევას, ამიტომ მისი მიღება უნდა შემცირდეს.

ორგანიზმი საკვებს უკეთ შეითვისებს, თუ ის დღეში 4 ჯერზე განაწილდება. ჭარბი წონის განვითარება შეიმჩნევა უფრო მეტად იმ ადამიანებში, რომლებიც მხოლოდ დილა-საღამოს მიირთმევენ, განსაკუთრებით, ძილის წინ. უკეთესია, ვახშმობა დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

სასურველი პროდუქტებია: (რომლებიც ქოლესტერინს ნაკლები რაოდენობით შეიცავენ):

  • მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი,
  • ქათმის,
  • ინდაურის,
  • ხბოს,
  • კურდღლის ხორცი,
  • ასევე კვერცხის ცილა,
  • ცხიმმოხდილი რძე,
  • მაწონი,
  • ხაჭო,
  • უცხიმო ყველი,
  • თეთრი თევზი,
  • ხილი,
  • პარკოსნები (ლობიო, ბარდა),
  • მოხარშული კარტოფილი,
  • რუხი პური,
  • მწვანილი.

ზომიერად დასაშვები პროდუქტებია:

  • კარაქი,
  • მარგარინი,
  • ძროხის,
  • ღორისა და ცხვრის უცხიმო ხორცი,
  • საშუალოდ ცხიმიანი ყველი,
  • ზეთში შემწვარი თევზი,
  • თეთრი ფქვილი,
  • შემწვარი კარტოფილი,
  • ნუში,
  • ტკბილეული,
  • ტორტი,
  • უცხიმო შოკოლადი.

არასასურველი პროდუქტებია:

  • ზეითუნის ზეთი,
  • ცხოველური ცხიმები,
  • ცხიმიანი ხორცი,
  • ძეხვი,
  • იხვის, ბატის ხორცი,
  • ქათმისა და ინდაურის კანი,
  • ცხიმიანი რძე,
  • არაჟანი,
  • ცხიმიანი ყველი,
  • ცხოველურ ცხიმში შემწვარი კარტოფილი,
  • ფუნთუშები,
  • მაგარი ყავა.

ზემოჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების გარდა, რეკომენდებულია მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით. მკურნალობა ხანგრძლივია.

გაითვალისწინეთ! 40 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები, რაც გულისხმობს სისხლში შაქრის, ლიპიდების შემცველობის განსაზღვრას, ე.კ.გ.-ის (ელექტროკარდიოგრამის) გადაღებას.

 

*   *   *   *   *

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი