კლიმაქსი ფიზიოლოგიური სინდრომია, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ასაკობრივ-ჰორმონულ ძვრებს ასახავს. კლიმაქსის დროს სასქესო ჯირკვლების ფუნქციათა თანდათანობით შესუსტება-გაქრობა აღინიშნება.
უკანასკნელ წლებში შეინიშნება სქესობრივი ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის მატება მამაკაცებში 10-12, ხოლო ქალებში 7-8 წლით. შედეგად განარჩევენ: ადრეულ კლიმაქსს – 45 წლამდე, ჩვეულებრივს – 46-დან 60 წლამდე და გვიანს – 60 წლის შემდეგ.
გამომწვევი მიზეზები
სათესლე ჯირკვლებში არსებული ე.წ. ლეიდიგის უჯრედები გამოიმუშავებენ მამაკაცის მთავარ სასქესო ჰორმონ ტესტოსტერონს, რომლის გავლენითაც ყალიბდება პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნები.
35-40 წლის მამაკაცებში, სხვადასხვა შინაგანი ფაქტორის (გულის იშემიური დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება, ალკოჰოლი, სტრესები) გავლენით, ტესტოსტერონის გამომუშავება კლებულობს წელიწადში 1-2%-ით. სათესლეთა ფუნქციების დაქვეითების პარალელურად თირკმელზედა ჯირკვლებიც ამცირებენ ანდროგენების გამოყოფას, რის შედეგადაც ქვეითდება და საბოლოოდ ქრება მამაკაცის ორგანიზმის გარკვეული ფუნქციები _ დგება ანდროპაუზა.
კლინიკური სურათი
კლიმაქსის პირველი სიმპტომები სექსის სფეროში ვლინდება. მცირდება სექსისადმი ინტერესი, უფრო და უფრო ძნელდება აღგზნება და ორგაზმის მიღწევა, ჩნდება ერექციული პრობლემები.
სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებას თან ახლავს ფსიქოლოგიური ძვრები: გუნება-განწყობილების უმიზეზო ცვლილება, ინტერესის დაკარგვა იმ საგნებისადმი, რომლებიც ადრე მამაკაცს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, დეპრესია, გულმავიწყობა, უმიზეზო შიში, ფორიაქი. ზოგჯერ ვითარდება ფსიქიკური სფეროს ძლიერი ცვლილებები, რასაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს.
კლიმაქსის პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია: ყელის, სახის უეცარი წამოწითლება და სიცხის შეგრძნება (ალები), არტერიული წნევის ცვალებადობა, თავბრუდახვევა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, სწრაფი მოქანცვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. აგრეთვე უძილობა, უმადობა, კუნთოვანი მასისა და ძალის შემცირება, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება).
მკურნალობა
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ იშვიათი შემთხვევების გარდა მამაკაცებში კლიმაქსი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სწორედ ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში მრავალი სპეციალისტი კატეგორიულად კრძალავდა თერაპიულ ჩარევას კლიმაქსის პერიოდში, რადგან ამ უკანასკნელს ბუნებრივ და ფიზიოლოგიურ პროცესად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, კლიმაქსი მაინც დაუქვემდებარეს მკურნალობას. თანამედროვე მედიცინა მამაკაცთა კლიმაქსს შემდეგი პრეპარატების საშუალებით მკურნალობს: ანდროიოლი, სუსტანონ 250, ჟენ-შენი, ტესტოსტერონი და სხვ.
შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავენ კლიმაქსის ოპერაციული მკურნალობის მეთოდს, ანუ პაციენტის სათესლე ჯირკვლებში შპრიცის საშუალებით შეჰყავთ სპეციალურ ლაბორატორიებში არსებული ცხოველთა ემბრიონების ლეიდიგის უჯრედები. სწორედ მათი საშუალებით გამომუშავდება ყველაზე მძლავრი მამაკაცური სასქესო ჰორმონი – ტესტოსტერონი.
ტრანსპლანტაციიდან (გადანერგვიდან) რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობა ნორმის ფარგლებს უბრუნდება. ამასთან, შესაძლებელია ამ ოპერაციის განმეორებით ჩატარება.
რეკომენდაციები
ანდროპაუზის დროს სასურველია:
- რაციონში ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები გაზრდა;
- მენიუდან უნდა გამორიცხოს ცხოველური ცხიმები და ნახშირწყლები. ჭარბი წონის დროს აუცილებელია წონაში დაკლება;
- სასურველია დღეში 1 საათი ფიზიკური ვარჯიში და ჰაერზე სეირნობა;
- მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება:
- რეკომენდებული არ არის სქესობრივი ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა. იძულებითი თავშეკავება ერთიორად აჩქარებს კლიმაქსის განვითარებას;
- სასქესო სისტემის ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში აუცილებელია დროული მკურნალობა.
გაითვალისწინეთ! ქრონიკული მოწამვლები, არახელსაყრელი გარემო ფაქტორები, ხანგრძლივი კონტაქტი მძიმე ლითონების მარილებთან, ესტროგენისმაგვარ ნაერთებთან (პოლიკარბონატები, ფტალატები, ალკილფენოლები და სხვ.), შხამქიმიკატები, რადიაციული დასხივება აჩქარებს კლიმაქსის პერიოდის დადგომას.
* * * * *










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები