განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი კვება & ჯანმთელობა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
ბანერი

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 5694 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა. ის ორი წილისაგან შედგება, ერთმანეთს ხიდაკით უკავშირდება.

ჯირკვლის ქსოვილი უწვრილესი ბუშტუკების (ფოლიკულების) ერთობლიობას წარმოადგენს, ცენტრში არსებული კოლოიდით, სადაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელი კომპონენტი - იოდი გროვდება და სპეციფიურ ცილა – თიროგლობულინზე ჰორმონების სინთეზი მიმდინარეობს. იოდი ორგანიზმში წყლისა და საკვების, ზოგ შემთხვევაში კი დამატებითი პრეპარატების სახით ხვდება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და მათი მოქმედება 

ფარისებრი ჯირკვალი 2 უმნიშვნელოვანეს ჰორმონს ტრიიოდთირონინსა და ტეტრაიოდთირონინს_თიროქსინს გამოიმუშავებს. მათ მოკლედ თ3 და თ4 აღნიშნავენ, სადაც ციფრები იოდის ატომების რაოდენობას მიუთითებს. აღნიშვნა FF-T4 და F-T3 ამ ჰორმონების თავისუფალ ფრაქციებზე მიუთითებს და გამოკვლევების დროს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად უფრო ინფორმატიულია. ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავდება კიდევ ერთი ჰორმონი – თირეოკალციტონინი, რომელიც ძირითადად კალციუმის ცვლაში მონაწილეობს.

ჰორმონები, რომლებიც იოდისა და ერთ-ერთი შეუცვლელი ამინომჟავასგან – თიროზინისგან წარმოიქმნება, ჯირკვლიდან სისხლში ხვდება და თითქმის ყველა ორგანომდე აღწევს. სისხლში 95% თიროქსინია, 5% კი _ ტრიიოდთირონინი.

გარედან შემოსული და სისხლში დაგროვილი იოდის შებოჭვას, მისგან ჰორმონების სინთეზსა და მათ ხელახლა სისხლში გადასროლას ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონი აწესრიგებს, რომლის მუშაობასაც, თავის მხრივ, ჰიპოთალამუსის ორი სხვა ჰორმონი არეგულირებს. ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი თავის ტვინშია მოთავსებული და ორგანიზმში არსებული ჰორმონების წარმოქმნასა და მუშაობას არეგულირებს. საკმარისია სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონემ დაიკლოს, რომ ჰიპოთალამუსში გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას ააქტიურებს. ეს უკანასკნელი კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას აძლიერებს. თირეოტროპული ჰორმონი თშH-ით აღინიშნება.

სისხლში მოხვედრილი თირეოიდული ჰორმონები უჯრედებში აღწევს და ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, რაც საბოლოოდ ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით აქტიურდება ნახშირწყლოვანი ცვლა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ინტენსიურად შეიწოვება გლუკოზა, იზრდება ინსულინის (კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის) მოქმედების ეფექტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზეგავლენით საგრძნობლად აქტიურდება ცხიმების სინთეზი და დაშლა. ჰორმონების დონის მატებისას ადამიანი წონაში იკლებს, ხოლო მათი დეფიციტის დროს წონაში უმიზეზოდ მატულობს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ცილების ცვლაზეც. ისინი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი. მათი ნაკლებობის დროს ბავშვები თანატოლებს ჩამორჩებიან გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში. ზრდასრული ადამიანი კი ჰორმონების დეფიციტის დროს მეხსიერების გაუარესებასა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას აღნიშნავს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ მრავალფეროვანია; ვლინდება როგორც ფუნქციის დაქვეითებით, ასევე ფუნქციის მატებით, თუმცა შესაძლოა ფარისებრ ჯირკვალს მკურნალობა ნორმალური ფუნქციის დროსაც ესაჭიროებოდეს. ცალკე განიხილება ანთებადი და აუტოიმუნური დაავადებები.

თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღენიშნება. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები საქართველოში მოსახლეობის 30-40%-ში გვხვდება. დაავადება განსაკუთრებით ხშირია 12-15 წლის მოზარდებში (17-80%), ამას გარკვეულწილად ხელს უწყობს საქართველოში არსებული ბუნებრივი იოდდეფიციტის კერები და გარემო პირობების ზემოქმედება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებაში მემკვიდრეობით ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ამიტომაც ხშირია პათოლოგიის ოჯახური შემთხვევები. გარდა მემკვიდრეობითი ფაქტორისა ერთსა და იმავე გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე ერთნაირადაც მოქმედებს იოდის დეფიციტი, რადიაციული ფონი, არასრულფასოვანი კვება და ა.შ.

ტერმინი ჩიყვი კლინიკური ცნებაა. ის აერთიანებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ეტიოლოგიისა (გამომწვევი მიზეზის) და პათოგენეზის (განვითარების მექანიზმის) დააავადებებს, რომელთაც თან ახლავს ამ ორგანოს ზრდა (დიფუზური ჩიყვი) ან ფარისებრ ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნების გაჩენა (კვანძოვანი ჩიყვი). გამოკვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვამ კვანძების გამოვლენა გაადვილა, განსაკუთრებით ქალებს შორის. მათი სიხშირე ასაკთან ერთად მატულობს, შედარებით ნაკლებია მათი რიცხვი მამაკაცებში.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი და განვითარების მექანიზმი აქვს, ამიტომ თითოეული მათგანი განსხვავებული ფუნქციური მდგომარეობით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი ერთი ფუნქციური მდგომარეობა მეორეთი იცვლება.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ფუნქციის სიჭარბეს კი ჰიპერთირეოზი.

არის შემთხვევები, როდესაც ჯირკვალი, ზომის პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთ მდგომარეობას ეუთიროიდული ჩიყვი ეწოდება. ფარისებრი ჯირკვალი თავისი მოცულობით გაზრდილია, თუმცა ფუნქცია არ ეცვლება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კლინიკური ნიშნებით (ჩივილებითა და გამოხატულებით) ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სიმპტომები (ჩივილები) ზოგადად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: პირველი_ჰორმონების სიჭარბით არის განპირობებული, მეორე კი, პირიქით, მათი ნაკლებობით. ჰიპერთირეოზის ანუ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დროს აღინიშნება:

  • წონის, ერთი შეხედვით, უმიზეზო კლება, ზოგჯერ გაძლიერებული მადის ფონზეც კი;
  • მომატებული აგზნებადობა, ემოციურობა, ცვალებადი ხასიათი; • ჭარბი ოფლიანობა;
  • გულის ფრიალი, რომელიც საგულე საშუალებების მიღების შემთხვევაშიც არ გაივლის;
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
  • ხელის თითების კანკალი (ტრემორი);
  • სხეულის კანი შეხებით თბილი და ნოტიოა;
  • მატულობს არტერიული წნევა და აღინიშნება ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება) და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ანუ ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება:

  • დეპრესია, მოდუნება, ადინამია;
  • წონის აუხსნელი მატება;
  • ყაბზობა;
  • კანის სიმშრალე, განსაკუთრებით ქუსლებისა და იდაყვის არეში;
  • მცივანობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • თმის ცვენა, ფრჩხილების გაორება და მტვრევადობა;
  • აღინიშნება დაბალი არტერიული წნევა, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება);
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვ.

ჰიპოთირეოზს ხშირად თან სდევს ყლაპვის გაძნელების, ყელში ბურთის გაჩხირვისა და მოხრჩობის შეგრძნების გაჩენა, გულისცემის პერიოდული აჩქარება (მუდმივი ტაქიკარდია ჰიპერთირეოზს ახასიათებს), რაც თანდართული ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანების გამოხატულებაა.

ზოგჯერ ჩივილები მხოლოდ ნევროლოგიური (ემოციური ლაბილურობა, დეპრესია და ა.შ.) ან კარდიული (არითმიები, ექსტრასისტოლები და ა.შ.) ხასიათისაა, ამიტომაც ხშირად პაციენტები სხვა პროფილის ექიმებთან ხვდებიან ან ზოგჯერ საჭირო ხდება რამდენიმე სპეციალობის ექიმის ერთობლივი მკურნალობა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა 

მნიშვნელოვანია ავადმყოფის გულდასმით გამოკვლევა და უშუალო სამედიცინო გასინჯვა, რაც ღირებულ ინფორმაციას იძლევა ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის, მასში არსებული კვანძების, სტრუქტურული მდგომარეობის, მტკივნეულობის (არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებებიც), ფიქსაციისა და სიმკვრივის შესახებ. ტერმინი – ჩიყვი – განსაზღვრავს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ ზომას. ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრისა და დიაგნოზის დასასმელად კი აუცილებელია ინსტრუმენტული თუ ჰორმონული გამოკვლევების ჩატარება.

ჩიყვის არსებობისას ფარისებრი ჯირკვალი განსხვავებულ ზომებს აღწევს. თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილია შემდეგი ჯგუფები:

  • 0 _ ჩიყვი არ ისინჯება.
  • 1ა_ ჩიყვი მხოლოდ ექიმის მიერ ხელით გასინჯვით ფიქსირდება.
  • 1ბ _ ფარისებრი ჯირკვალი ვიზუალურად ჩანს თავის უკან გადაწევის შემთხვევაში.
  • II _ ჩიყვი თავის ჩვეულებრივად (ვერტიკალურად) დაჭერის დროსაც შეიმჩნევა.
  • III _ ჩიყვი შორიდანაც კარგად ჩანს და საკმაოდ დიდ ზომებს აღწევს.

ჩიყვი განსხვავდება აგებულების-შენების მიხედვითაც: არსებობს თანაბრად გადიდებული (დიფუზური) ჩიყვი, კვანძოვანი - ქსოვილის გარკვეული უბნების ან უბნის გადიდებით, და დიფუზურ-კვანძოვანი ანუ შერეული - გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალში წარმოდგენილია კვანძები.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია მისი ქსოვილის მოცულობისა და სტრუქტურის ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია). ულტრასონოგრაფია საშულებას იძლევა, დიდი სიზუსტით განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლისა და მასში არსებული კვანძების ზომები, რაოდენობა, ექოგენობა და დინამიკაში შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა, თუმცა მისი მეშვეობით შეუძლებელია ჯირკვლის ფუნქციისა და კვანძების ავთვისებიანობის განსაზღვრა. აუცილებელია აგრეთვე სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჰორმონების დონის შეფასება, რითაც განისაზღვრება ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. სპეციფიკურია სისხლში თირეოიდული ჰორმონების თავისუფალი ფრაქციების (F-T3, F-T4) და თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოკვლევა.

მნიშვნელოვანია სისხლში ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც, რის მიხედვითაც დგინდება, დაავადება აუტოიმუნური ხასიათისაა თუ არა. ზოგ შემთხვევაში კი მიმართავენ ფარისებრი ჯირკვლის სკანირებას – მისი მეშვეობით ზუსტად ფასდება ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური აქტივობა, რასაც თირეოტროპული ჰორმონის დათრგუნვის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გამოკვლევა ასევე მნიშვნელოვანია კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობის შემთხვევაში, რადგან ამ მეთოდით კარგად ჩანს "ცხელი" (გამოიმუშავებს ჰორმონს) და "ცივი" (არ გამოიმუშავებს ჰორმონს) კვანძები.

Share

კომენტარები 

0 # NaTally 2012-01-29 22:16  
კარგი თემაა მარაა დიდი :დ :დ :დ ციტირება
 
-1 # Dავიდ 2012-01-25 04:25  
ჰიპერ და ჰიპოფუნქცია თანმდევი პროცესები და დაავადების დაძლევის გზები არ არის, თორე ისე კარგი თემაა ციტირება
 
+1 # ნია 2012-01-02 01:47  
ყელში რაღაც მტკივა დზალიან,ლაპარაკ შიც მიშლის და გადაყლაპვაშიც და ხომ ვერ დამეხმარებიტ რა დავლიო ან როგორ ვიმკურნალო ,მადლობა წინასწარ ციტირება
 
+3 # ანო 2011-04-12 13:24  
თქვენ გადამარჩინეეთ… საატესტატო გამოცდებისთვის ეს თემა მაგრა დავამუშავე :D დიდი მადლობა ციტირება
 
+1 # ნინო 2011-03-16 22:36  
ამომწურავი ინფორმაციია არა მედიკოსი ადამიანისთვის. დიდი მადლობა. ციტირება
 
+2 # სალი 2010-12-14 02:03  
მაგარი იყო ..ამოვაპრინტერე ეს საინტერესო თემა და 10 მივიღეე :** მადლობა :) მართლა საინტერესო იყო :))) ციტირება
 
+4 # ნატა 2010-08-17 19:27  
ძალიან მომეწონა !!! თუ შეიძლება ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ულტრაბგერითი გამოკვლევით დამიდგინდა მარჯვენა წილში კვანძი ზომით 16–15–22მმ აღინიშნება მისი პერიერიული ვასკულარიზაცია, ეფტ4 მაქვს11,7პმოლ/ლ ტესჰ–0,53ულვ/მლ( ნორმებში ჯდება) თუ შეგიძლიათ მითხრათ ვსაჭიროებ თუ არა მკურნალობას? მადლობთ ციტირება
 
+4 # მე 2010-07-28 00:29  
yes :) კარგი ნამუშევარია ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი