ქალის სარძევე ჯირკვალი ასაკობრივი თუ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდის გარდაქმნას. მას განსხვავებული აგებულება აქვს ბავშვობის, გარდატეხის, რეპროდუქციულ (ნაყოფიერების) ასაკში, ასევე მენოპაუზის შემდეგ. ჯირკვალი პერიოდულად, მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებითაც ცვალებადობს, მის სტრუქტურაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ქალის ცხოვრების ბუნებრივი მოვლენები (ორსულობა, ძუძუს წოვება).
განვითარების მექანიზმი
ყველა ხსენებულ ეტაპზე სარძევე ჯირკვალში განვითარებულ ცვლილებებს განაპირობებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ჰორმონები. ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში ჰორმონალური წონასწორობა - ჰომეოსტაზი უნდა იყოს დამყარებული.
ზოგიერთი პროცესი (აბორტები, საკვერცხეებისა და მათი დანამატების ანთებები, ნერვული სისტემის დაავადებანი და სხვა) ჰორმონალური დისბალანსის განვითარებას იწვევს, ანუ ჰორმონები ნორმაზე მეტი ან ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ შესაძლოა არა მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (მასტოპათია, ადენომა), არამედ ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს.
რისკ-ფაქტორები
მასტოპათიის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სოციალურ ფაქტორებზე. ის უფრო ხშირია ეკონომიურად ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში. ამ პათოლოგიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
- მცირე შობადობა (1-2 შვილი)
- ხშირი აბორტები
- არასწორი სქესობრივი ცხოვრება
- სხვადასხვა ჰორმონების (მაგ., კონტრაცეპტივების) თვითნებური მიღება
- ბავშვის ძუძუთი კვების ადრეული შეწყვეტა
- გინეკოლოგიური დაავადებები
- თამბაქოს წევა
- ზედმეტი სიმსუქნე
- ჰიპერტონული დაავადება
- შაქრიანი დიაბეტი
- გენეტიკური დატვირთვა
დადგენილია, რომ ქალებს, რომლებიც ადრეულ ასაკში თხოვდებიან, აბორტებს არ მიმართავენ, ბევრ შვილს აჩენენ და პატარებს 1 წლამდე მაინც ძუძუთი კვებავენ, მასტოპათიისა და მკერდის კიბოს საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
კლინიკური ფორმები:
მასტოპათია ძირითადად ახალგაზრდა (20-40 წლის) ასაკში ვითარდება. დაავადება, როგორც წესი, სარძევე ჯირკვალში გამკვრივების წარმონაქმნით ვლინდება და შეიძლება ერთ ან ორივე ჯირკვალში განვითარდეს ერთეული თუ მრავლობითი წარმონაქმნების სახით.
მასტოდინია - ზოგჯერ სარძევე ჯირკვალში არანაირი ცვლილება არ ფიქსირდება, მაგრამ ქალი მაინც ძუძუს ტკივილს უჩივის. ტკივილი ძლიერია, შესაძლოა ბეჭსა და მხარშიც გადაეცემოდეს.
ფიბროადენომატოზი - სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენა. ისინი ან მთელ ჯირკვალშია გავრცელებული (დიფუზური ფიბროადენომატოზი) ან მის მხოლოდ რომელიმე უბანში (კვანძოვანი ფიბროადენომატოზი).
ფიბროადენომა - მოძრავი, გლუვი ზედაპირის კვანძებია, რომლებიც ძირითადად 20-25 წლის ქალებში ვითარდება.
ცისტები – შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, კონსისტენციის, რაოდენობის. ზოგჯერ დვრილიდან გამონადენი (გამჭვირვალე, მღვრიე, მომწვანო, რძისფერი ან სისხლიანი). გამოიყოფა თავისთავად, ან დვრილზე თითის დაჭერის შედეგად.
მასტოპათიის ყველა ჩამოთვლილი ფორმისას ჩივილები (მტკივნეულობა, წარმონაქმნის ზომაში მატება) განსაკუთრებით მენსტრუაციის წინა და მენსტრუაციის პერიოდში ძლიერდება.
გაითვალისწინეთ! სარძევე ჯირკვლებში ტკივილის არსებობა მასტოპათიის აუცილებელ ნიშანს არ წარმოადგენს.
დიაგნოსტიკა:
მასტოპათიის ამოცნობა თვითონ ქალს შეუძლია. თვითგასინჯვად წოდებული პროცედურა რეგულარულად, თვეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს (სასურველია მენსტრუაციის დამთავრებიდან 2-3 დღის შემდეგ) უნდა ჩატარდეს.
ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, კანის ფერს, გამონადენს დვრილიდან, გამკვრივებულ, მტკივნეულ უბნებს. ყურადღება ექცევა იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა არეებს.
მასტოპათიის კიბოდ გადაგვარების მომენტის დაჭერა ძალზე რთულია, თუმცაღა არსებობს სიმპტომები, რომლებიც ავთვისებიანი პროცესის დაწყებაზე მიუთითებს. ესენია: ფიქსაცია (კვანძი არ მოძრაობს), დვრილის გასქელება, სიმსივნის თავზე კანის ჩაზნექვა, იღლიის ფოსოში ჯირკვლების გაჩენა, დვრილიდან სისხლიანი გამონადენი.
ამგვარი სიმპტომების გამოჩენისას ქალმა სასწრაფოდ მამოლოგს უნდა მიმართოს (ან ოჯახის თუ პოლიკლინიკის ექიმს, რომელიც მას შემდგომში მოქმედების გზას უჩვენებს).
დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი და რენტგენომამოგრაფია, საჭიროების
შემთხვევაში კი - ციტოლოგიური გამოკვლევა.
ბოლო წლებში იმუნოლოგიურ ტესტირებასაც მიმართავენ. ამ შემთხვევაში სპეციალური მარკერები სიმსივნის არსებობაზე მიუთითებენ.
მკურნალობა
მასტოპათიის სხვადასხვა ფორმა განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს უმეტესად საჭირო ხდება ჰორმონალური ჩარევა.
ჰორმონალური ჰომეოსტოზის (წონასწორობის) აღდგენაში ახალგაზრდა ქალებს შესაძლოა ორსულობა, მშობიარობა და ძუძუს წოვება დაეხმაროს.
გინეკოლოგიური დაავადებებისას, ამ სფეროს მოწესრიგებაა აუცილებელი.
ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება, მაგ., ფიბროადენომის არსებობისას. რადგან იგი ხშირად განიცდის კიბოდ გადაგვარებას. ოპერაცია მარტივია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. ამ დროს ქალის სტაციონარში დაწოლაც არ არის საჭირო.
გაითვალისწინეთ! სარძევე ჯირკვლის პრობლემის დროული აღმოჩენა და მისი ხშირი კონტროლი, ავთვისებიანი სიმსივნის შორსწასული და მომაკვდინებელი ფორმებისგან თავდაცვის საშულებაა. მასტოპათიის კიბოდ გადაგვარების საწყის ეტაპზე ქირურგიული ჩარევა განკურნების სრულ გარანტიას იძლევა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თვითგასინჯვას. ასევე ექიმის მიერ ჩატარებულ კონსულტაციას, რაც წესით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს.
გაითვალისწინეთ! პროფილაქტიკის მიზნით საუკეთესოა თუ, 40 წლამდე ასაკის ქალები წელიწადში ერთხელ მაინც ექომამოგრაფიით შეიმოწმებენ სარძევე ჯირკვლებს. 40-50 წლის ასაკში კი დამატებით რენტგენომამოგრაფიაც უნდა ჩატარდეს. 50 წლის ზევით ყველა გამოკვლევის სიხშირე ორმაგდება.










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები