განახლდა:05:30:35 AM GMT

ბანერი

გასტრიტი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 8424 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გასტრიტის ცნება იმ დაავადებათა ჯგუფს აერთიანებს, რომელთა მიმდინარეობაც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებით ხასიათდება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები ანუ დამახასიათებელი ჩივილები შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

მწვავე გასტრიტი

განასხვავებენ მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთი ფორმაა მედიკამენტებით განპირობებული პათოლოგია. ზოგიერთი პრეპარატი, მაგ., ასპირინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები და ა.შ., მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას. იქმნება მწვავე ანთებითი პროცესების განვითარების პირობები. ამიტომ ამ პრეპარატების მიღება მიზანშეწონილია კვების შემდეგ და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

მწვავე გასტრიტი შეიძლება ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორით იყოს განპირობებული. ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. ბაქტერია მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას განაპირობებს. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.

მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. ურეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.

დიაგნოსტიკა

გასტრიტის დიაგნოსტიკისათვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვლევა, ნაკლებინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობა

მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით განპირობებული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით, რაც 2 კვირიდან – 2 თვემდე გრძელდება.

არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.

ქრონიკული გასტრიტი

ქრონიკული გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება. დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად თხელდება ლორწოვანი გარსი.

განვითარების მექანიზმის მიხედვით გამოყოფენ ორი ტიპის - A და B გასტრიტს.

A ტიპის ქრონიკული გასტრიტი შედარებით ნაკლებად გავრცელებულია. ის ხშირად B12 დეფიციტური ანემიის დროს ვითარდება და ანემიის გამომწვევ მიზეზად ითვლება. გასტრიტის ეს ფორმა აუტოიმუნურია, ანუ ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულები გამომუშავდება.

B ტიპის ქრონიკული გასტრიტი ხშირია, და მატულობს ახალგაზრდული ასაკიდან დაწყებული, წლების მატებასთან ერთად. B ტიპის გასტრიტის განვითარებაში წამყვანი როლი ჰელიკობაქტერ პილორის ენიჭება.

ბაქტერიის საწინააღმდეგოდ ჩატარებული მკურნალობა ანახლებს კუჭის ლორწოვან გარსს. თუმცა კუჭის განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში, ანთებითი პროცესები კვლავ გრძელდება.

ორივე ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამომუშავება ქვეითდება, რაც ლორწოვანი გარსის უჯრედების დესტრუქციაზე (სტრუქტურის რღვევა) და კუჭის ლორწოვანის ატროფიის (განლევის) ხარჯზე ხდება.

სეკრეციის (ანუ კუჭის წვენის გამომუშავება) მაჩვენებლების მიხედვით გამოყოფენ აგრეთვე, ჰიპერაციდულ (მომატებულ), ნორმოაციდულ, ჰიპოაციდულ ან ანაციდურ (დაკლებულ) გასტრიტს.

კლინიკური სურათი

გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომ მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ქრონიკული გასტრიტის ფორმების დიფერენცირება ძალზე რთულია.

A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია ანუ სისხლნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ვიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ ანუ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს.

კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით (გამომუშავება) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტისთვის (ჰიპერაციდული) დამახასიათებელია:

  • საკვების მიღების დროსDან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის პროექციაზე ტკივილის აღმოცენება;
  • იშვიათად ტკივილი შეიძლება წარმოიშვას საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ ან უზმოზეც;
  • დამახასიათებელია გულძმარვაც;
  • ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული;
  • წარმოქმნილი სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება (შემწვარი ხორცი, მწარე, მჭავე საჭმელი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები);
  • სიმპტომები 1-2 სთ-ის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა სოდიანი, მინერალური წყლის, ჩაის ან მცირე საკვების მიღების ფონზე დაწყნარდეს;
  • კვების რეჟიმის დარღვევისას შეიძლება განვითარდეს ღებინება მჟავე მასებით;
  • არ აღინიშნება სეზონური გამწვავებები.
  • კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით (გამომუშავება) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტისთვის (ჰიჰოაციდური) დამახასიათებელია:
  • მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა;
  • უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნებები;
  • ჭამის დროს კუჭის გავსების შეგრძნება;
  • კუჭის პროექციაზე სიმძიმის შეგრძნება ან ყრუ ტკივილი;
  • ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვითარდება;
  • აღსანიშნავია საერთო სისუსტე, დაღლილობა, უმოძრაობა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, სიმსივნით დაავადების შიში უჩნდება;
  • ხელებსა და ფეხებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება;
  • კანი მშრალი და ფერმკრთალია. თმა _ თხელი და ბოლოში გაყოფილი, ფრჩხილები _ დეფორმირებული;
  • ენა თეთრი ნადებით არის დაფარული;
  • ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბად მიღებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას, კონსერვანტებით, საღებავებითა და ემულგატორებით გაკეთებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზებია.

დიაგნოსტიკა

ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კუჭის ლორწოვანი გარსიდან ქსოვილის აღებას და მიკროსკოპში შესწავლას (ზოგჯერ რამდენიმე ადგილიდან). რენტგენოლოგიური მონაცემები არაინფორმაციულია.

მკურნალობა

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდები საბოლოოდ არ არის შემუშავებული. A ტიპის დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები, ჰელიკო ბაქტერიის არსებობისას კი _ ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები სქემის მიხედვით.

გაფრთხილდით! ატროფიული (განლევა) პროცესებით მიმდინარე გასტრიტის დროს ძალზე მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი.

პეპტიკური წყლული

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა იმ ჯგუფს მოიცავს, რომლებიც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნით ხასიათდება. წყლულის დიამეტრი სულ მცირე, 5 მმ-ს შეადგენს. ეროზიისგან განსხვავებით, წყლული ლორწოვანის უფრო ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება.

პეპტიკური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყისში ვითარდება. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ვითარდება და 6-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კუჭის წყლული. წყლული უფრო ხშირია მამაკაცებში. თუმცა სხვაობა ნაკლებად ვლინდება ქალის მენოპაუზის დადგომის (კლიმაქსი) შემდეგ.

გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი

წარსულში პეპტიკური წყლულის გამომწვევ მიზეზად უამრავი ფაქტორი მიიჩნეოდა. მათ შორის მნიშვნელობა ენიჭებოდა კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების და ამ ფონზე მჟავასა და პეპსინის (საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი ფერმენტი) გააქტიურებას. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული წყლული Mმთელი სიცოცხლის მანძილზე პერიოდული გამწვავებებითა და სიმშვიდის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდებოდა. დღეისათვის ეს შეხედულება შეიცვალა. წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ორ ფაქტორს მიენიჭა: ბატერია – ჰელიკობაქტერ პილორის და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (პრეპარატებს).

წყლულის განვითარებაში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოს მოხმარებას, ფსიქოლოგიურ სტრესს, გენეტიკურ მიდრეკილებას, კოკაინის მოხმარებას და სხვ.

ჰელიკობაქტერია. წყლულის განვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ჰელიკობაქტერიით ინფიცირება. ის კუჭში პირის ღრუდან აღწევს და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ბაქტერია აღმოჩენილია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის 95%-სა და კუჭის წყლულოვანი დაავადების 70%-ში, უფრო ხშირად ხანდაზმულ ადამიანებში.

წყლულის მაპროვოცირებელი მეორე ფაქტორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. მათ შორისაა ყველასათვის კარგად ცნობილი ასპირინი. ამჟამად დამტკიცებულია, რომ ყოველი სამი პაციენტიდან ორს (რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ღებულობდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლორწოვანის ზედაპირული დეფექტი (ეროზიები, სისხლჩაქცევები) უვითარდება, ხოლო 4-დან ერთს – წყლული.

კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის არსებული სპინქტერის არასრულფასოვანი ფუნქციონირებისას ხშირია თორმეტგოჯა ნაწლავის წვენის (ის ნაღვლის წვენსაც შეიცავს) უკუგადასვლა კუჭში (რეფლუქსი). შედეგად ის არღვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველ ფუნქციას, ანთებითი პროცესი იწვევს ლორწოვანი გარსის განლევას. იქმნება ატროფიული (განლევა) გასტრიტის ჩამოყალიბების პირობები. ადგილობრივად ვითარდება ჟანგბადის ნაკლებობა, ნეკროზული პროცესები, შედეგად ყალიბდება წყლული.

კლინიკური სურათი

დაავადების კლინიკური ნიშნები განისაზღვრება წყლულის მდებარეობით, დაავადებული ადამიანის ასაკით, ასევე განვითარებული გართულებებით.

წყლულისთვის დამახასიათებელი ჩივილებია: ტკივილი, ბოყინი, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება.

წყლულოვანი დაავადების 92%-ში ტკივილი აღინიშნება. მას სეზონურობა (მატულობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე) და რიტმულობა ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა იყოს: ყრუ, მჭრელი, მწველი.

კუჭის წყლულისას ტკივილი უფრო მარცხნივაა ლოკალიზებული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში – მარჯვნივ.

კუჭის წყლულის დროს ტკივილი საკვების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს უკავშირდება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას ტკივილი განპირობებულია კუჭის მომატებული სეკრეციით, საკვების გადაადგილების დარღვევით, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებებით.

კუჭის წყლულისთვის დამახასიათებელი ტკივილი გარკვეულწილად განსხვავდება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს აღმოცენებული ტკივილისგან. უზმოზე ტკივილი უმნიშვნელოა ან საერთოდ არ აღინიშნება.

კუჭის წყლულს უფრო ადრეული ტკივილი (საკვების მიღებიდან 1 საათის განმავლობაში) ახასიათებს. შემაწუხებელი გრძნობა უმეტესად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ აღმოცენდება და ის კუჭში არსებული შიგთავსის თორმეტგოჯაში გადანაცვლების ან ღებინების შემდეგ გაივლის. სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები თავს არიდებენ საკვების მიღებას და შემდეგ წონაში იკლებენ. იშვიათად, შესაძლოა, კუჭის წყლულის ტკივილი ღამითაც განვითარდეს.

ტკივილის შემცირება ან მოხსნა, საკვებით ან მარილმჟავას გამანეიტრალებელი პრეპარატებით, განპირობებულია მარილმჟავას ნეიტრალიზაციით. საკვების მიღება სტიმულს აძლევს საჭმლის მომნელებელი ადგილობრივი ფერმენტის სეკრეციას, რაც საბოლოო ჯამში კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას და იწვევს ტკივილს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ძირითადი სიმპტომი კუჭის საპროექციო არეში – დაახლოებით მარცხნივ ნეკნთა ქვეშა მიდამოში _ ტკივილის შეგრძნებაა. ჩვეულებრივ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რიტმული ტკივილი, რომელიც საჭმლის ან მჟავის გამანეიტრალებელი საშუალებების მიღების შემდეგ იხსნება. ასეთი წყლულის სავიზიტო ბარათია ღამის ტკივილი, რომელიც ადამიანს ხშირ შემთხვევაში ღამის 1-დან 3 საათამდე აღვიძებს და ე.წ. Mმშიერი ტკივილები – უზმოზე ან ჭამიდან 1,5 – 4 საათის შემდეგ. ზოგჯერ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ან ზურგში გადაეცემა.

თორმეტგოჯა წყლულისთვის დამახასიათებელია კიდევ ერთი ნიშანი: ტკივილის პერიოდულობა. ხოლო შემდეგ სიმშვიდის პერიოდი უფრო მეტი ხანგრძლივობით ხასიათდება (შეიძლება რამდენიმე წელიც გასტანოს). ახასიათებს პერიოდულობაც. ის, როგორც წესი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება.

ხშირად პეპტიკური წყლული ატიპურად მიმდინარეობს. უფრო მეტიც, ზემოთ აღწერილი კლასიკური ჩივილები და სიმპტომები სულ უფრო იშვიათად აღინიშნება. Aადამიანები ზოგჯერ არ უჩივიან ტკივილს და მათი ჩივილები შეიძლება მხოლოდ არასპეციფიკური დისპეპსიური შეგრძნებებით, დისკომფორტით შემოიფარგლოს.

გულძმარვის მიზეზია კუჭის ფუნქციონირების დარღვევა. გულისრევის შეგრძნება წინ უსწრებს ღებინებას. ის ხშირად ტკივილის პიკის დროს აღმოცენდება. ღებინების შემდეგ ტკივილი ხშირად ქრება, ადამიანის მდგომარეობა უმჯობესდება.

ბოყინი – შესაძლებელია მწარე იყოს, თან ახლდეს საკვების რეგურგიტაცია.

თუ წყლული გართულებული არ არის, ადამიანის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, შესაძლოა, მას სხვადასხვა ნევროზული რეაქციები აღენიშნებოდეს.

თუ წყლული ყოველგვარი ჩივილისა და დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობს, შემთხვევითი გამოკვლევისას ან წყლულის გართულების დროს ვლინდება. 10-15%-ში წყლულის ერთადერთი გამოვლენა სისხლდენაა.

გართულებები

ტკივილის სტერეოტიპის შეცვლა ხშირად გართულებების განვითარებაზე მიუთითებს:

  • სისხლდენა – შესაძლოა განვითარდეს დიდი რაოდენობის სისხლის ერთჯერადი დაკარგვა. მასიური სისხლდენის დროს ადამიანს აქვს სისხლიანი ღებინება, რომელიც შეიძლება იყოს მუქი წითელი ფერის კოლტებით ან ყავის ნალექის მსგავსი და მელენა (მოშავო ფერის განავალი). ზოგჯერ წყლულიდან მუდმივად დის ცოტ-ცოტა სისხლი, რაც საბოლოოდ ანემიას იწვევს.
  • შემთხვევათა 90%-ში სისხლდენა სპონტანურად ჩერდება, თუმცაღა საჭირო ხდება ინტენსიური მკურნალობის ჩატარება. განვითარებული სისხლდენა შეიძლება კლინიკურად კარგად არ იყოს გამოხატული (ფარული სისხლდენა). ხშირად ის ვლინდება სისუსტით;
  • პერფორაცია – ძლიერი ტკივილის უეცარი განვითარება. ამ დროს ირღვევა ორგანოს კედლის მთლიანობა, რომლის შედეგად შიგთავსი დეფექტის ადგილიდან მუცლის ღრუში გადადის; ამ დროს ქირურგიული ჩარევა, თანაც დროული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პერფორაცია, ისევე როგორც სისხლდენა, შეიძლება იყოს წყლულის პირველი გამოვლინება;
  • პენეტრაცია – წყლულის სხვა მეზობელ ორგანოში (ღვიძლში, პანკრეასში, სანაღვლე გზებში) ჩაზრდა. ტკივილის სტერეოტიპი იცვლება, ის კარგავს რიტმულობას, უფრო მუდმივ ხასიათს იძენს. პენეტრაცია საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას, ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.
  • პილოროსტენოზი – კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასასვლელი ნაწილის შევიწროება, რაც ანთებითი და შეხორცებითი პროცესების შედეგია. კლინიკურად ვლინდება გულისრევით ან წინა დღეებში მიღებული საკვების ღებინებით. ხშირად ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად ადამიანები თვითონ ახდენენ ღებინების პროვოცირებას.

დიაგნოსტიკა

წყლულოვანი დაავადება ხშირად ატიპურად – შეცვლილი ჩივილებით მიმდინარეობს. შესაძლოა ადამიანს ტკივილი ან სხვა რაიმე ჩივილი არ ჰქონდეს და მხოლოდ არასპეციფიკური შეგრძნებების გამოხატვით შემოიფარგლოს. ამიტომაც თანამედროვე მედიცინა დაავადების დიაგნოსტიკისათვის უპირატეს მნიშვნელობას ინსტრუმენტულ მეთოდებს ანიჭებს.

პეპტიკური წყლულის დიაგნოსტიკაში რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

წყლულის დიაგნოსტიკა ძირითადად ენდოსკოპიური გამოკვლევით ხორციელდება. ეს მეთოდი ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა. ამ დროს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსს ათვალიერებენ, ქსოვილის მცირე ნაწილი კვეთენ და შეისწავლიან, რაც შემდგომი კვლევისა და დიაგნოზის დაზუსტების საუკეთესო საშუალებაა. ენდოსკოპიური კვლევის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ წყლულის გამოვლენა, არამედ ადგილობრივი მკურნალობა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტის შეფასება. ამ მეთოდის სიზუსტე 90%-ია, რადგან რიგ შემთხვევებში წყლულის გამოვლენა ენდოსკოპიურადაც ვერ ხერხდება.

მიზანშეწონილია კუჭის წვენის სეკრეციის განსაზღვრა, რაც ზონდის საშუალებით შეგროვილი კუჭის წვენის შესწავლით ხდება. თუმცაღა ამ მეთოდის გამოყენება ყოველთვის არ არის აუცილებელი.

პეპტიკური წყლულის გამოვლენის Dშემდეგი ეტაპია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ჰელიკობაქტერია პილორის გამოვლენას, რადგანაც დაინფიცირებული ადამიანის სათანადო მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში იწვევს წყლულისგან განკურნებას. ბაქტერიის გამოსავლენად მოწოდებულია რამდენიმე ტესტი, თუმცაღა არც ერთი მათგანი არ არის 100%-ით ზუსტი. ესენია: სეროლოგიური კვლევა, ურეაზული ცდა და ა.შ. ეს უკანასკნელი ყველაზე მარტივი მეთოდია _ განისაზღვრება ბაქტერიის მიერ ჭარბად გამომუშავებული ურეაზა.

ფარულ სისხლდენაზე ეჭვის დროს ისინჯება განავალი. მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი.

მკურნალობა

პეპტიკური წყლულის თანამედროვე მკურნალობა ძირითადად გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისაკენ არის მიმართული. ბაქტერიასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის პრინციპი ბაქტერიის დათრგუნვასა და ანთებითი პროცესის ჩაქრობაში მდგომარეობს. გამოიყენება ანტიბიოტიკები. პარალელურად ინიშნება ე.წ. ანტაციდები და სხვა პრეპარატები, რომლებიც ანეიტრალებენ კუჭის წვენის სიმჟავეს ან თრგუნავენ მარილმჟავას სეკრეციას.

ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია წყლულის გართულების, მაგ., პერფორაციის, შეუჩერებელი სისხლდენის, პილორუსის შევიწროების და სხვ. დროს.

თერაპიული მკურნალობის შედეგად წყლულის შეხორცება დაავადების განკურნებას არ ნიშნავს. გამოჯანმრთელებულად ის პაციენტი ითვლება, რომელსაც დაავადება 5 წლის მანძილზე აღარ გაუმეორდება.

მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია სამკურნალო რეჟიმის სწორად შერჩევასა და ადამიანის მინდომებაზე.…

რეკომენდაციები

სასურველია ზოგიერთი რეკომენდაციის დაცვა:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებული დიეტის დაცვა:

ადამიანი უნდა იკვებოს რამდენიმე კვირის მანძილზე დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფებით, არ აჩქარდეს, არ მიირთვას მხოლოდ მშრალი საკვები, მენიუ მდიდარი უნდა იყოს: თეთრი, უქერქო, გამომშრალი პურით, გახეხილი ბოსტნეულის წვენებით, რძით და რძის პროდუქტებით, არაჟნით, ხაჭოთი, თოხლო კვერცხით, ორთქლზე დამზადებული ხორცის კერძებით, კარაქით, ხილით.

ხორცისა და თევზის კერძები უნდა დამზადდეს ორთქლზე ან მოიხარშოს. ნებადართულია მაკარონის ნაწარმი, მშრალი ბისკვიტი და ორცხობილა, ვეგეტერიანული წვნიანები, გახეხილი ან კარგად დაქუცმაცებული ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო _ მოშუშული ან პიურეს სახით. კარგია მუსი, ჟელე, კისელი, აერღუმელში შემწვარი ვაშლი. კერძის დამზადებისას რეკომენდებულია მცენარეული ცხიმის მოხმარება, გაზგაცლილი `ბორჯომის~ მიღება.

არ არის რეკომენდებული თევზის, ხორცის ბულიონი, შემწვარი კერძები, მარინადი, დაკონსერვებული, მარილიანი, და შებოლილი საკვები, სანელებლები, გაზიანი ხილის წვენები. ეს ყველაფერი აძლიერებს მარილმჟავას გამომუშავებას, რაც აღიზიანებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. მწეველებს ქრონიკული პროცესი უფრო ხანგრძლივი აქვთ, ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას, ამიტომ მათ კატეგორიულად ეკრძალებათ მოწევა. ალკოჰოლი აზიანებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. წყლულოვანი დაავადება მწვავდება ნერვულ-ემოციური დაძაბულობის ფონზე. აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვა, დღე-ღამეში 8-საათიანი ძილი, სუფთა ჰაერი.

გაითვალისწინეთ! ტკივილგამაყუჩებელი წამლები ხშირად იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რასაც შესაძლოა სისხლდენაც მოჰყვეს.

პროგნოზი

ბაქტერიასთან ასოცირებული, გართულებების გარეშე მიმდინარე, პეპტიკური წყლულის დროს პროგნოზი სრულიად კეთილსაიმედოა და განკურნება დამოკიდებულია ამ ბაქტერიის აღმოფხვრაზე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული წყლულის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი წყვეტს ამ პრეპარატის მიღებას.

პროგნოზი ნაკლებად საიმედოა წყლულის გართულებების შემთხვევაში. ამის გათვალისწინებით, პეპტიკური წყლულის მკურნალობის ძირითადი პრინციპი უნდა იყოს: გართულებების პროფილაქტიკა და ამ გზით ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება.

პეპტიკური წყლულის ოპერაციის შემდგომი გართულებები

თერაპიულ მკურნალობაში მიღწეული წარმატებების გამო საგრძნობლად შემცირდა პეპტიკური წყლულის გართულებები და, შესაბამისად, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა და სიხშირე. პეპტიკური წყლულის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სხვადასხვა სახის ოპერაციებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ შემდეგი გართულებები:

  • წყლულის რეციდივი: ის ავადმყოფთა 5%-ს აღენიშნება, ანუ კვლავ ვითარდება წყლული დარჩენილი ორგანოს ნაწილზე. ტიპური კლინიკური ნიშანია ტკივილი კუჭის საპროექციო არეში. ტკივილი ხანგრძლივია და ძლიერი, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, ანემია, ადამიანი იკლებს წონაში. წყლულის რეციდივის ძირითადი მიზეზია ტექნიკურად არასრულყოფილი ოპერაცია.
  • მომტანი მარყუჟის სინდრომი: ოპერაციის შემდგომ ავადმყოფებს შეიძლება განუვითარდეთ: მუცლის გამოხატული შებერილობა, ტკივილი კუჭის საპროექციო არეში ჭამიდან 20-60 წუთის შემდეგ, ღებინება ნაღვლის შემცველი ამონაღები მასებით. ამ გართულების მკურნალობა კვლავაც ქირურგიულია.
  • ნაღვლოვანი რეფლუქს-გასტრიტი. ამ დროს ვითარდება დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, სწრაფად დანაყრების გრძნობა, რაც გამოწვეულია კუჭში თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის უკან ამოსვლით. საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.
  • დემპინგ-სინდრომი: ზოგიერთ ავადმყოფს ჭამის შემდეგ უვითარდება გულის ფრიალი, მაჯისცემის აჩქარება, თავბრუდახვევა, ხანდახან დისკომფორტი მუცლის არეში და ღებინება.
  • სხვა გართულებები.
Share

კომენტარები 

+2 # ბექა 2011-11-13 22:10  
გეთანხმები მარი ციტირება
 
0 # ბექა 2011-11-13 22:09  
[quote name="მარი"]ნუ ცოტა გაადვილებულად რომ იყოს ისე რომ 9 კლასელმა გაიგოს კარგი იქნებოდა
გეტანხმები
ციტირება
 
0 # მარი 2011-10-30 19:12  
ძალიან ცუდია რომ არ არის პრევენციული ღონისძიებები. ციტირება
 
+1 # ელენე 2011-10-06 23:28  
რატო არ წერია კლინიკურ ნიშნებზე … არ არის სრული ინფორმაცია. ციტირება
 
0 # ვანო 2011-08-01 18:51  
გული მიმიდის რო გავიხსენებ მწვადს და ტორტს რო გამოვემშვიდობე დიდი ხნით. ციტირება
 
+2 # თამუნა 2011-05-26 22:28  
ძალიან კარგი საიტია კველაფერი გავიგე ჩემი დაავადების შესახებ ციტირება
 
+2 # თეა 2011-05-01 02:01  
საკმაისოდ ზუსტად არის დახასიაებული ჰელიკობაქტერ პილორის შედეგად გამოწვეული ჩივილები, მყავს 11 წლის ბიჭი რომელსაც აღმოაჩნდა ეს ბაქტერია. თვეების მანძილზე იტკიებდა მუცელს, ხშირად ღამე და სწორედ ამ ბაქტერიის აღმოჩენით და თქვენი დახმარებით დავასკვენი მიზეზი მუცლის ტკივილის რაზეც დიდ მადლობას მოგახსენებთ ციტირება
 
+9 # მარი 2010-10-31 21:12  
ნუ ცოტა გაადვილებულად რომ იყოს ისე რომ 9 კლასელმა გაიგოს კარგი იქნებოდა ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი