ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა.
გამომწვევი მიზეზები
ინფექციის ძირითადი წყარო ადამიანია. ადამიანი მაშინაა გადამდები, როდესაც ხველისას, დაცემინებისას, საუბრისას გარემოში ბაქტერიებს გამოყოფს. დაავადებას უმთავრესად განაპირობებს ადამიანის ტუბერკულოზის ბაცილა.
მიუხედავად ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლში მიღწეული უდიდესი წარმატებებისა, დაავადება მაინც რჩება მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად.
განვითარების მექანიზმი
ტუბერკულიოზის გამომწვევი მიკობაქტერია ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით (90-95%) გადაეცემა. შესაძლებელია ალიმენტური - საკვებისმიერი ან კონტაქტური (კანიდან, ლორწვანიდან) გზით ინფიცირებაც, რისი ალბათობაც ნაკლებია.
ჰაერ-წვეთოვანი გადაცემის გზა განაპირობებს პროცესის ლოკალიზაციას სასუნთქ სისტემაში, ძირითადად, ფილტვებში. სასუნთქ სისტემაში ტუბერკულოზის გამომწვევი ნახველის წვეთის, ნერწყვის, მტვრის ნაწილაკების საშუალებით ხვდება. სასუნთქი სისტემის ე.წ. მოციმციმე ეპითელიუმის და ლორწოს ნაკადის მეშვეობით მიკროორგანიზმები ბრონქებიდან გამოიდევნება. თუ მათ მიაღწიეს ფილტვის უმცირეს ნაწილაკამდე - ალვეოლამდე და გამრავლდნენ, ისინი შემდგომ რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ხვდებიან.
ზოგჯერ მიკობაქტერია ხვდება სისხლში და ადგილი აქვს ჰერმატოგენურ დისემინაციას ანუ მიკროორგანიზმის სისხლით ორგანიზმში გავრცელებას.
ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ სტადიას: ინფიცირებას და დაავადებას. ინფიცირებული ადამიანების დიდ უმრავლესობას - დაახლოებით 90%-ს - მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი. დაავადება ინფიცირებულთა დაახლოებით 10%ს უვითარდება. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს, ექნება თუ არა ინფიცირების შედეგად ადგილი დაავადების ჩამოყალიბებას, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იმუნური სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს ორგანიზმში მიკობაქტერიის არსებობაზე. ტუბერკულოზური დაავადება ვითარდება იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხის პირობებში.
იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხი შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელ რიგ ფაქტორებთან:
სოციალური ფაქტორები: არასაკმარსი კვება, ნერვული სტრესები, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური შრომა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ანუ ყველა ის მიზეზი, რაც ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.
სამედიცინო ფაქტორები: ყველა ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმს დაქვეითებული აქვს გამძლეობა. ესენია: შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება, რევმატული დაავადებები. ტუბერკულოზისგან ნაკლებად არიან დაცული აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის ჰორმონულ მკურნალობაზე იმყოფებიან ან ქიმიოთერაპიის, რენტგენოთერაპიის კურსებს იტარებენ: შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - შიდსი.
ტუბერკულოზური დაავადების განვითარებაში არჩევენ ორ თანმიმდევრულ პერიოდს - პირველადს და მეორადს. კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ყალიბდება პირველადი ინფიცირების შემდეგ, ცნობილია პირველადი ტუბერკულოზის სახელწოდებით. ის უფრო ხშირად აღენიშნება ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდა ასაკის პირებს. მეორადი ტუბერკულოზი, ძირითადად, მოზრდილთა დაავადებაა. ჩვეულებრივ, მეორე ტუბერკულოზი არის დაზიანებული ლიმფური კვანძებისა და ფილტვებში ტუბერკულოზური კერების რეაქტივაციის, ანუ ხელახალი გააქტიურების შედეგი.
პათოლოგიური ანატომია
ტუბერკულოზური ანთების დროს ვითარდება სხვადასხვა ზომის ანთებითი კერები და ხორკლები. დაავადების პროგრესირებისას ადგილი აქვს ხორკლის ცენტრის დარბილებას და გალღობას. წარმოქმნილი მასები ხვდება ბრონქის სანათურში. ფილტვის ქსოვილის რღვევის შედეგად ყალიბდება ღრუ _ კავერნა, რომელიც წარმოადგენს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების რეზერვუ არს. აქედან ტუბერკულოზის მიკობაქტერიები ბრონქების საშუალებით შესაძლოა მოხვდნენ ფილტვების სხვადასხვა ნაწილებში და გამოიწვიონ: ახალი ანთებითი კერები, კავერნები.
პირველადი ტუბერკულოზის დროს მიკროორგანიზმები ლიმფური კვანძების საშუალებით შეიძლება მთელ ორგანიზმში გავრცელდეს. ტუბერკულოზურ კერაში შესაძლოა ანთებითი პროცესი გაიწოვოს და ქსოვილების სტრუქტურა სრულად აღდგეს. ზოგჯერ დაშლილი ქსოვილი განიცდის გამკვრივებას, შიგნით ლაგდება კირის მარილები და ყალიბდება გაკირული კერები. ზოგჯერ კერის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ნაწიბურები.
კლინიკური ფორმები
არსებობს ტუბერკულოზის რამდენიმე კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც განარჩევენ სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ორგანოებისა და სისტემების ტუბერკულოზური დაზიანება. ამ თვალსაზრისით გამოყოფენ ტუბერკულოზურ მენინგიტს, ძვლებისა და სახსრების, შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ორგანოების, თვალის, კანის ტუბერკულოზს და სხვ.
პირველადი ტუბერკულოზი
პირველადი ტუბერკულოზის ერთ-ერთი ფორმაა პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი. ის ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე. ზოგჯერ გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები: ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, მცირე ხველა.
დაავადება კლინიკურად ვლინდება, თუ პროცესს თან ახლავს ანთებითი რეაქცია. ამ დროს დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. რამდენიმე დღიდან 2-3 კვირის მანძილზე აღინიშნება მაღალი ტემპერატურა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს პნევმონიით, ანუ ფილტვების ანთებით, ან გრიპის ნიღბით. აღინიშნება ხველა, ტკივილი გვერდში. ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში. ამ ეტაპზე ნახველში შეიძლება აღმოჩენდეს ტუბერკულოზის ჩხირები. ტუბერკულინური სინჯი დადებითია. კეთდება რენტგენოლოგიური კვლევა.
პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება განკურნებით, ვითარდება (თუ გაიწოვება??) ანთებითი ცვლილებების გაწოვა.
პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე ხშირი ფორმაა მკერდის და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი. პროცესის დასაწყისი სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ დაავადების კლინიკური ნიშნები მცირედ არის გამოხატული. სხვა შემთხვევაში ადგილი აქვს მწვავე დასაწყისს ინტოქსიკაციის ნიშნებით. დიდდება შუასაყრის ლიმფური კვანძები.
მკერდის და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ მეთოდს.
მკურნალობის ფონზე ანთებითი პროცესი თანდათან იწოვება და იწყება მისი გამკვრივება.
ფილტვების დისემინირებული ტუბერკულოზი ხასიათდება მრავლობითი ტუბერკულოზური კერების განვითარებით. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, მკვეთრად გამოხატული სისუსტით, მოძრაობის შეზღუვდვით, თავის ტკივილით, ქოშინით და ციანოზით, ტაქიკარდიით, მშრალი ხველით, ზოგჯერ ცნობიერების დარღვევით. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ კვლევას.
ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი ჩვეულებრივ მოზრდილებში ვითარდება. კერები ძირითადად ლოკალიზდება ფილტვების ზედა წილებში. ახლად ჩამოყალიბებული კეროვანი ტუბერკულოზი ხასიათდება სუსტად გამოხატული სიმპტომებით. დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივად, ტალღისებურად. რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი ინფორმაციულია.
ფილტვების კავერნოზული ტუბერკულოზი ხასიათდება ფილტვის ქსოვილში თხელკედლიანი კავერნის არსებობით. კლინიკური ნიშნები ხასიათდება სუსტად გამოხატული სიმპტომებით. შედარებით ხშირი სიმპტომია ხველა მცირე რაოდენობის ნახველით. ფილტვის კავერნის ტუბერკულოზის კლინიკური სურათი იმდენად მწირია, რომ დიაგნოსტიკაში მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას. კავერნებს აქვთ ოვალური, ან მრგვალი ფორმა. ისინი უპირატესად ლოკალიზდებიან ზემო და ქვემო წილებში.
ტუბერკულოზური პლევრიტი ვითარდება როგორც პირველადი ტუბერკულოზის, დისიმინირებული ტუბერკულოზის, ფილტვების ტუბერკულოზის მეორადი ფონების გართულება.
ზოგჯერ პლევრიტი მიმდინარეობს როგორც ტუბერკულოზის დამოუკიდებელი ფორმა და წარმოადგენს ორგანიზმში ტუბერკულოზური ინფექციის პირველ გამოვლინებას. პროცესის ხასიათის მიხედვით შეიძლება განვითარდეს პლევრიტი ექსუდატის (ანთებითი გამონაჟონი) დიდი რაოდენობით ან მშრალი პლევრიტი. კავერნული ტუბერკულოზის დროს შესაძლოა კავერნა გაიხვრიტოს და ჰაერი პლევრის ღრუში მოხვდეს. პლევრის ღრუ ინფიცირდება ტუბერკულოზის მიკრობაქტერიებით. ექსუდატი ანუ გამონაჟონი ჩირქოვანი ხდება. ვითარდება ე.წ. პიოპნევმოთორაქსი ანუ პნევის ღრუს ჩირქოვანი ანთება.
ტუბერკულოზური პლევრიტი უპირატესად აღენიშნება ახალგაზრდა ასაკის პირებს. ექსუდატი შეიძლება იყოს სხვადასხვარი: ფიბრინოზული, სეროზული, სეროზულ-ფიბრინოზული, ჰემორაგიული, ჩირქოვანი და სხვ.
ბრონქების ტუბერკულოზი ჩვეულებრივ თან სდევს ფილტვების ტუბერკულოზს. პირველადი ტუბერკულოზის დროს გადიდებული ლიმფური კვანძები იწვევს ბრონქებზე ზეწოლას, რასაც ბრონქის კედლის დაწყლულება და გახვრეტა მოჰყვება. ფილტვებში პათოლოგიური ცვლილებების დროს ტუბერკულოზის მიკობაქტერია მრავალჯერ ხვდება ბრონქის სანათურში და იწვევს მასში ანთებით და წყლულოვან ცვლილებებს. ამის შედეგად ვითარდება ბრონქების შევიწროება და დახშობა.
ბრონქების დაზიანებისას ავადმყოფები უჩივიან მშრალ, შემაწუხებელ ხველას, ზოგჯერ ქოშინს. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ბრონქოსკოპიული კვლევა. ამ მეთოდს იყენებენ აგრეთვე ადგილობრივი მკურნალობისთვის.
გარდა ამისა, განარჩევენ ფილტვების პირველადი ტუბერკულოზის სხვა კლინიკურ ფორმებს.
დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის დროულ დიაგნოსტიკას მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაავადებულის ადეკვატური მკურნალობის დროულად დაწყების თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებაში ინფექციის განვითარების პროფილაქტიკისთვისაც.
გაითვალისწინეთ! ტუბერკულოზის დროს გამოხატული ჩივილები მრავალფეროვანია და მათ არ აქვთ მხოლოდ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები. დღეისათვის მიღებულია, თუ ადამიანს აწუხებს ხველა ან ინტოქსიკაციის ნიშნები (ან ორივე ერთად), რომლებიც მოიცავენ სისუსტეს, ოფლიანობას, წონაში დაკლებას, სუბფებრივურ ტემპერატურას (37-380С) დღის მეორე ნახევარში და ეს ნიშნები 2-3 კვირაზე მეტხანს გრძელდება, მან გაღრმავებული გამოკვლევების მიზნით ექიმს უნდა მიმართოს.
ტუბერკულოზზე შეიძლება ასევე მიგვანიშნებდეს სისხლიანი ხველა ან ნახველი სისხლში, ტკივილი გვერდში ან მკერდის მიდამოში (პლევრიტის ნიშანი), სუნთქვის გაძნელება.
პაციენტის გამოკითხვისას ყურადღება ექცევა საყოფაცხოვრებო და შრომით პირობებს, პროფესიას. მნიშვნელოვანია კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. საყურადღებოა მონაცემები გადატანილი დაავადებების, განსაკუთრებით იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ხშირად რთულდება ტუბერკულოზით, მაგ., შაქრიანი დიაბეტი. ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას, ტუბურკულოდიაგნოსტიკას და რენტგენოლოგიურ კვლევას.
მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა დადგენილად (უტყუარად??) ითვლება, თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩნდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ყველაზე ინფორმაციულია ნახველის ბაქტერიოსკოპის გამოკვლევა. ნახველი უმჯობესია დილით შეგროვდეს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოსაჩენად ნახველი მრავალჯერადად უნდა იქნეს გამოკვლეული. სასურველია გამოკვლევა ჩატარდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებამდე.
ბაქტერიოლოგიური კვლევის რამდენიმე მეთოდი არსებობს:
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება როგორც პირდაპირ, ასევე გვერდით პროექციაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება ტომოგრაფიული გამოკვლევით. განსაკუთრებით - კომპიუტერული ტომოგრაფიით.
- ტუბერკულინოდიაგნოსტიკა - ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. ის საშუალებას იძლევა განისაზღვროს ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა. ტუბერკულინზე რეაქციის ინტენსივობა დამოკიდებულია ინფექციის გავრცელებაზე, ინფექციის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობასა და რეაქტიულობაზე.
მოწოდებულია რამდენიმე ტუბერკულინური სინჯი. ამასთან ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი. სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში. კანი უნდა გაიწმინდოს სპირტით. ტუბერკულინური ალერგია გამოვლინებას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად არის გამოხატული 48-72 საათის შემდეგ, როდესაც უნდა შეფასდეს. რეაქცია უარყოფითად ითვლება, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და სიწითლე. ინფილტრატის 10 მმ-მდე და მეტი ზომით განვითარებისას რეაქცია ითვლება დადებითად.
მკურნალობა
ტუბერკულოზის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდიდან უპირატესობა ენიჭება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას.
პირველ რიგში, ავადმყოფმა უნდა დაიცვას რეჟიმი. დაავადების დასაწყისში, მძიმე, მწვავე მიმდინარეობისას, როცა ავადმყოფი შინ ან საავადმყოფოში იმყოფება, ნაჩვენებია წოლითი ან სრული მოსვენებითი რეჟიმი. ავადმყოფი უნდა იწვეს ცალკე ოთახში ანდა მისთვის გამოყოფილ კუთხეში, საწოლი კედლიდან 1,5-2 მეტრით იყოს დაცილებული. ზაფხულში ღია უნდა იყოს ფანჯარა. მძიმე ავადმყოფმა ნაკლებად უნდა იმოძრაოს. საკვები ლოგინში მიიღოს და ჩაუტარდეს კანის ჰიგიენური დასუფთავება. დაავადების მწვავე მოვლენების გავლის შემდეგ დასაშვებია სხეულის დაზელა, სავარძელში ჯდომა; შემდეგ აუცილებელია რეჟიმი: 3-5 სთ-ის განმავლობაში წოლა, სიარული-სეირნობა 30 წთ. დღეში, გონებრივი მუშაობა და ასე თანდათანობით. სამკურნალო ფიზკულტურა ინიშნება ინდივიდუალურად, ავადმყოფის საერთო მდგომარეობის და ტუბერკულოზური პროცესის გათვალისწინებით.
ფილტვის ტუბერკულოზის დროს აუცილებელია ორგანიზმის მომაგრება, ინფექციისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაზრდა. კალორაჟი უნდა გაიზარდოს 1/3-ით. ეს შესაძლებელია პირველ რიგში ცხოველური ცილების ხარჯზე.
გაძლიერებული კვება რეკომენდებულია 40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ხოლო 40 წლის ზემოთ მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც პროგრესირებადი სიგამხდრე და უძლურება აღენიშნებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები მენიუს შესაბამისობას პაციენტის გემოვნებასთან. რაციონი შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი უნდა იყოს და შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ცილას, ცხიმს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, სუფრის მარილს და ვიტამინებს. სითხის რაოდენობა დღე-ღამეში 1,5 ლ.
- პურ-ფუნთუშეული, ხორბლის რუხი პური, მომატებული კალორიულობის ფუნთუშები (ჭარბი კალორიებით), სოიოს ნამცხვარი.
- მისატანებლები: ხიზილალა, ღვიძლის პაშტეტი.
- რძე და რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი და ა.შ.
- ცხიმი - კარაქი და ზეითუნის ზეთი მცირე რაოდენობით.
- კვერცხი - კვერცხის ომლეტი, ჩახლილი ერბოკვერცხი (არა უმეტეს 2 კვერცხისა დღეში).
- ხორცი, თევზი, ღვიძლი. ყველაზე უფრო სრულყოფილ ცილას შეიცავს ძროხის, ცხვრის, ქათმის და ღორის ხორცი. ბატის, იხვის, ცხვრის ცხიმიანი, ღორის ცხიმიანი ხორცის მიღება რეკომენდებული არ არის.
- ბურღულეული: ბრინჯი, ხორბლის ფქვილი, წიწიბურა. ასევე ლობიო და მუხუდო.
- ყველა სახის ხილი, კენკრა; ტკბილეული.
- ლეღვი, ყურძენი, თაფლი.
- ბოსტნეული: მწვანე ხახვი, კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, პომიდორი.
- ვიტამინები. ჩ ვიტამინის შემცველი პროდუქტები ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი.
- მარილი ნორმალური რაოდენობით.
საკვების მიღება შესაძლებელია ოთხჯერ დღის განმავლობაში, მძიმე ავადმყოფებისთვის კი 5-ჯერ ერთსა და იმავე დროს. საჭმელი შეიძლება იყოს მოხარშული, მოთუშული, შემწვარი.
აქტიური ტუბერკულოზის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ქიმიოთერაპია. აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულს უნდა ჩაუტარდეს ინტენსიური მკურნალობა 3-4 სახის პრეპარატით, რათა სწრაფად აღიკვეთოს ბაქტერიების გარემოში გავრცელების შემცირება.
ტუბერკულოზის მკურნალობაში ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც ორი ფაზისგან შედგება. საწყისი ინტენსიური ფაზა გულისხმობს ორი თვის განმავლობაში იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდის და სტრეპტომიცინის ყოველდღიურ მიღებას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4 თვე ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმის მიხედვით. ეფექტური მკურნალობისას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება პირველ 2-3 კვირაში. საშუალოდ 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ქიმიოთერაპია ტარდება 6-8 თვიანი რეჟიმით.
გაითვალისწინეთ! მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს, არაფერი აწუხებს და ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს 6-8 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 10-12 აბის მიღება. არადა, შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი, უწყვეტი, ოპტიმალურად შერჩეული თერაპიით მიიღწევა.
ამასთან, ტუბერკულოზით დაავადებულს მხოლოდ ფთიზიატრმა უნდა უმკურნალოს.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამი პრეპარატის _ რიფამპიცილინის, სტრეფტომიცინის და კანამიცინის _ მიღება ჩვეულებრივი ბრონქიტების, პნევმონიების თუ სხვა ანთებითი პროცესების დროს კატეგორიულად აკრძალულია. ისინი მხოლოდ ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებია.
მკურნალობის დამთავრების შემდეგ რეციდივების ანუ პროცესის გააქტიურების განვითარების სიხშირის მიხედვით მსჯელობენ მკურნალობის ეფექტურობაზე. რეციდივები უფრო ხშირად ვითარდება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობის დამთავრების შემდეგ. ამიტომ მიზანშეწონილია ამ ხნის განმავლობაში განკურნებული პირები იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
ტუბერკულოზის ზოგიერთი მძიმე ფორმის (ით გამოწვეული??) დიდი ინტოქსიკაციის დროს მიზანშეწონილია დამატებით ჰორმონული პრეპარატებით _ გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა. ის რეკომენდებულია ტუბერკულოზური პლევრიტის დროსაც. ეფექტის მიღწევის შემდეგ ამ პრეპარატების დოზა თანდათან მცირდება.
ქიმიოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში ისმება საკითხი ქირურგიული ჩარევის შესახებ. ოპერაციამდე საჭიროა ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია.
გაითვალისწინეთ! ტუბერკულოზი იკურნება, მაგრამ საჭიროა მკურნალობის დროული დაწყება და სრული კურსის ჩატარება.
პროფილაქტიკა
დაავადების გავრცელების მხრივ ავადმყოფი მეტ საშიშროებას ქმნის, თუ იგი ტუბერკულოზის ღია ფორმით (კავერნა) არის დაავადებული. სხვა შემთხვევაში, ის ნაკლებად საშიშია.
ასევე მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტის ხანგრძლივობას: ერთჯერადი და ხანმოკლე კონტაქტი დაავადებას ნაკლებად განაპირობებს. გასათვალისწინებელია ღია ფორმით დაავადებულ ადამიანთან მუდმივი, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. აქ სამსახურებრივი ოჯახური კონტაქტები იგულისხმება. ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული ხდება, თუ დაავადებულთან კონტაქტში იმყოფებიან ბავშვები. ბავშვის ორგანიზმი სტერილურია, მგრძნობიარეა ტუბერკულოზის მიმართ და შესაძლოა ტუბერკულოზიან ადამიანთან კონტაქტი მხოლოდ ინფიცირებით კი არა, დაავადების განვითარებით დასრულდეს.
ბცჟ ვაქცინაცია. იმუნიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება ტუბერკულოზის პროფილაქტიკისათვის. ვაქცინა შეჰყავთ ბეჭის ზემო და შუა მესამედის საზღვრის მიდამოში. ვაქცინაციის შედეგად ვითარდება სპეციფიკური რეაქცია ინფილტრატის სახით. ვაქცინაცია ტარდება ბავშვის დაბადებიდან პირველივე დღეს. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ახალშობილს აღენიშნება 5-7 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭიროა რევაქცინაცია, თუმცა არსებობს რევაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებები.
ქიმიური პროფილაქტიკა გულისხმობს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას დაავადების თავიდან აცილების მიზნით, იმ პირებში, რომელთაც აქვთ ინფიცირებისა და დაავადების საშიშროება. ქიმიოპროფილაქტიკა გრძელდება 3 თვის მანძილზე.
სანიტარული პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფის საცხოვრებელ კერაში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვას.










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები