მწვანე ბარათი ლატარიის მონაწილეებს აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის საშუალებას აძლევს. გამარჯვებული გამოვლინდება კომპიუტერით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 3 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ვებგვერდიდან www.dvlottery.state.gov. მწვანე ბარათის ლატარეაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა უფასოა.
აღნიშნულ ვებგვერდზე ლატარეაში გამარჯვებულის ვინაობა 2011 წლის 1 მაისიდან გამოქვეყნდება. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება იმ სარეგისტრაციო ნომრის მითითება, რომელიც განაცხადის შეტნისას განმცხადებელს მიენიჭა. ლატარიაში გამარჯვებულებს ინფორმაცია არ გაეგზავნებათ არც ელექტრონული და არც ჩვეულებრივი ფოსტით.
აშშ-ის საელჩო საზოგადოებას ურჩევს, არ ისარგებლონ კერძო საშუამავლო კომპანიების ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსებისას.
"ამ კომპანიების მომსახურება სრულიად ზედმეტია. მათი საქმიანობა ხშირად თაღლითობასთან არის დაკავშირებული. პირმა, რომელიც შუამავალი კომპანიების მომსახურებით ისარგებლებს, შესაძლოა, ვერ მიიღოს აშშ-ის ვიზა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის კონსული პატრიკ უინგეიტი მწვანე ბარათის ლატარიის ახალ გათამაშებასთან დაკავშირებით პირველ საინფორმაციო შეხვედრას ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს.
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში.
საელჩოს ინფორმაციით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომელთაც აშშ-ში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსი"
















კომენტარები
მაინტერესებს,შე საძლებელია თუ არა მწვანე კარტის მოგების შემთხვევაში დაწესებული იყოს 410 დოლარი Processing fees?
გთხოვთ, მიპასუხოთ!
დიდი მადლობა! ციტირება