განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მსოფლიო ამერიკა ამერიკის ლიდერობის დასასრული? - დაივიწყეთ...
ბანერი

ამერიკის ლიდერობის დასასრული? - დაივიწყეთ...

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 807 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ცივი ომის შემდეგ მსოფლიოში დამყარებული ძალთა ბალანსის სისტემა იცვლება. რაღა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ ძალთა ბალანსი, როგორც ცნება, პირობითი გახდა, რადგან რეალურად მივიღეთ ერთი, უპირველესი ძალის პოლუსი, ამერიკის სახით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აკეთებდა იმას რაც სურდა, თუმცა, როგორც ავღნიშნე, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ამერიკა ლიდერობის უკანასკნელ წუთებს ითვლის და სულ მცირე დროში მსოფლიოში ჩამოყალიბდება მულტიპოლარული სისტემა, სადაც არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე ურთიერთდამაბალანსებელი პოლუსი გაჩნდება.

ასეთი აზრის გამტარებელი ანალიტიკოსები უფრო შორს მიდიან და იმ ქვეყნებსაც ასახელებენ, რომელნიც სულ მალე დააბალანსებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ესენია: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი ანუ ე.წ. BRIC ჯგუფის ქვეყნები. ჯგუფის სახელწოდება, რაღა თქმა უნდა, პირობითია. ანალიტიკოსებს ამგვარი დასკვნა ოთხეულზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოაქვთ. პირველ რიგში, ოთხივე მათგანს აქვს დიდი ტერიტორია და ჰყავს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ოთხეულიდან თითოეულს აქვს ძლიერი ეკონომიკა და განვითარებული, მზარდი სამხედრი მანქანა საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გატარებისთვის.

ბრაზილიის შემთხვევაში მისი ეკონიმიკის ზრდა თვალსაჩინოა. მიუხედავად 2009 წლის ეკონიმკური კრიზისისა, მაინც სწრაფი ტემპებით განაგრძო ზრდა და მომავალი წლისთვის 8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო მანქანის მოდერნიზაციას ხმარდება. 2005 წლის შემდეგ სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. 2008 წელს კი გადაწყდა, რომ თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყოფოდა 70 მილიარდი დოლარი. აღსანიშნავია, რომ სამხედრო აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს ბრაზილია ნატოს წევრი ქვეყნებიდან იღებს. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, შესაძლო მოწინააღმდეგეს ინგლისი და საფრანგეთი აიარაღებს. თუმცა, რა გასაკვირია, ფინანსური ინტერესები, ხომ პირველ პლანზე დგას.

ეკონომიკურმა და სამხედრო ძლიერებამ ბრაზილიას უკვე გაუჩინა თვითრწმენა. პრეზიდენტმა ლულამ ჩათვალა, რომ მის ქვეყანას უკვე აქვს საკმარისი რესურსები, რათა ვაშინგტონის ინტერესების საპირისპიროდ წავიდეს და 2010 წლის 17 მაისს თურქეთთან ერთად ხელშეკრულება გააფორმა ირანთან, გამდიდრებული ურანის შესახებ. ეს ფაქტი გვიბიძგებს იქითკენ, რომ განვაცხადოთ - ბრაზილიამ შეძლო შეერთებული შტატების ინტერესების საპირისპიროდ სვლა. აშშ-გან მძლარი წინააღმდეგობა ჯერ არ შეხვედრია, რაც იძლევა იმის პროგნოზირების საბაბს, რომ იგი კიდევ ეცდება მსგავს დემარშს.

მაშინ, როცა ეკონომიკურად და უკვე სამხედრო კუთხითაც ძლიერი ბრაზილია ცდილობს გახდეს გლობალური ლიდერი, რუსეთის უპირველესი მიზანია აღიდგინოს დაკარგული დიდება და ისევ გახდეს გლობალური პოლიტიკის უპირველესი (აშშ-თან ერთად) მოთამაშე. მოსკოვის ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. საბჭოთა კავშირის ნგრევამ არამარტო მატერიალური არამედ მორალური, ფსიქოლოგიური, ზიანიც მიაყენა რუსეთს. ზოგიერთი დასავლელი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ საუკუნის დასასრულამდე, თითქმის ათი წელი, რუსი ხალხი უდიდეს ფსიქოლოგიურ სტრესში იყო, თუმცა როგორც ჩანს რუსეთმა იპოვა გამოსავალი და ახლა იგი უკვე მიზანმიმართულად იბრძვის თავისი კუთვნილი ადგილის მოპოვებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2008 წლის აგვისტოს ომიც. საქართველოს წინააღდეგ განხორციელებული აგრესიით მსოფლიო ქვეყნებს მოსკოვმა შეახსენა, რომ იგი კვლავ არის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი მოთამაშე და მას სცენა არ დაუტოვებია. საქართველო-რუსეთის ომი ასევე გახდა კატალიზატორი რუსეთის სამხედრო სფეროში რეფორმების გასატარებლად. სწორედ საქართველოში წარმოებულმა აგრესიამ დაანახა კრემლს, რომ ავღანეთში გამოყენებული ტექნიკა ვარგისი აღარაა. ამის შემდეგ, რუსეთმა დაისახა მიზანი: 2015 წელს სამხედრო შეიარაღების 30%-ს თანამედროვე ტექნიკა უნდა შეადგენდეს, ხოლო 2020 წლისთვის კი 70% ულტრათანამედროვე უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შეიარაღების მხოლოდ 10% არის თანამედროვე. ამ „დიადი“ მიზნის მიღწევა კრემლს 2011-2020 წლებში 620 მილიარდი დოლარი დაუჯდება. მაგრამ ზოგჯერ საფასურის მასშტაბი მნიშვნელობას კარგავს.

რაც შეეხება ჩინეთს, უნდა ავღნიშნოთ, რომ ოთხეულიდან მსოფლიოს ძლიერ ქვეყნად ქცევის ყველაზე რეალური შანსი სწორედ ჩინეთს აქვს. მზარდი ეკონომიკა და განვითარებადი სამხედრო მანქანა ამის ნათელი დადასტურებაა. ჩინეთი ფლობს უზარმაზარ ფინანსურ ბერკეტებს, რითაც ეხმარება აფრიკის, სამხრეთ ამერიკის თუ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებს, ამით იგი გარკვეული სტრატეგიულ გეგმას მისდევს - ქმნის დასაყრდენს მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებში. 2009 წელს, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა კრიზისის დაძლევას ცდილობდა, ჩინეთის ეკონომიკამ თითქმის 9%-იანი ზრდა აჩვენა. მერე რა, რომ საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების მხრივ მოიკოჭლებს, ამისთვის საბჭოთა კავშირმა მარტივი გამოსავალი დაამკვიდრა - „ტექნოლოგიების ქურდობა“. ჩინეთი ამ გზას მიჰყვება. ქმნის სამხედრო იარაღს, რომელიც თითქმის არ განსხვავდება რუსული, ებრაული თუ ამერიკული შეარაღებისგან, მაგრამ მთავარი ხომ ეტიკეტია - made by china.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტოლოგთა შორის გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ელის საკუთარ მომენტს, მომენტს, როცა იგი შეძლებს მსოფლიოს ლიდერის მანტიის მორგებას. როგორც ჩანს, პეკინს მიაჩნია, რომ უკვე შესაფერისი მომენტია.

და ბოლოს, მსოფლიოს ლიდერობის მეოცნებეთა შორის არის ინდოეთი - მოსახლების რაოდენობით ნომერ მეორე ქვეყანა. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი დემოკრატია, სწრაფად მზარდი ეკონომიკით. ინდოეთის სამხედრო და პოლიციური ძალები მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო მისიაში მსოფლიოს თითქმის ყველა კონფლიქტურ რეგიონში. ინდოეთი მონაწილეობს G8+5 ფორმატის ფორუმში. ინდოეთთან ერთად ხუთუელში შედიან ბრაზილია, ჩინეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა. ინდოეთს აქვს ახლო ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. ყველაზე მნიშვნელოვანი რის გამოც ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთ მომავალ ლიდერ ქვეყნად განიხილება, არის ის, რომ მას ჰყავს მსოფლიოს სიდიდით ნომერ მესამე სამხედრო ძალა. ინდოეთის ყოველწლიური სამხედრო დანახარჯი 70 მილარდ დოლარს აღწევს. და რაც მთავარია ინდოეთი 1974 წლიდან ბირთვული ქვეყანაა.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, ანალიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო, ამერიკის მეთაურობით, წარსულს ჩაბარდება, მოჰყვათ მნიშვნელოვანი არგუმენტები და ასახელებენ ქვეყნებს, რომელთაც მართლაც აქვთ საკმარისი რესურსები, რათა გახდნენ ამერიკის თანასწორნი, მაგრამ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ შორია. ქვეყნების ძლიერება ძირითადად სამი (არსებობს მეოთხე -ზღვაზე გასასვლელი, თუმცა ამ შემთხვევაში იგი მნიშვნელობას კარგავს, რადგან ყველა განსახილველი ქვეყანა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს) კრიტერიუმით განისაზღვრება- სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება და „რბილი ძალა“ ანუ კულტურული ხიბლი.

ეკონომიკა

რთულად გასაგები არ უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ფაქტორი, განსაკუთრებით, თანამედროვე მსოფლიოში უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ძლიერების განსაზღვრაში. ერთი მხრივ, ეკონომიკა იყო ის ფაქტორი, რამაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ნგრევა, ხოლო მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან ძლიერებას სწორედ სწრაფად მზარდი ეკონომიკა განაპირობებდა. ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება ქვეყნად, რომელსაც აქვს უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ყოველდღიურად იზრდება ამერიკა კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან უპირატესობას.

სამხედრო ძალა

სამხედრო ტექნოლოგიებში მონოპოლიის მოპოვება წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, ძლიერი სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ იყოს თავის მოწინააღმდეგეებზე, რათა გამოირიცხოს მისი დამაბალანსებლის აღმოცენება. შეერთებული შტატები სწორედ ამგვარ პოლიტიკას ატარებს. მისი სამხედრო მანქანის განვითარება რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს სხვა დანარჩენს. ასე რომ, მანამ სანამ, ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი არის იმაზე დიდი ვიდრე ყველა სხვა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ერთად, ნათელია, რომ ნებისმიერი, თუნდაც ძლიერი, ქვეყნის ოცნება გახდეს ამერიკის თანასწორი, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნებად დარჩება. „სამხედრო უფსკრული“ ამერიკასა და ლიდერობაზე მეოცნებე ქვეყნებს შორის უდიდესია.

„რბილი ძალა“

ლიდერობაზე მეოცნებე ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამერიკელი მეცნიერის ჯოზეფ ნაის მიერ შემუშავებული ე.წ. „რბილი ძალა“, ანუ კულტურული ხიბლი. ძლიერი ქვეყანა თავისი ცივილიზაციითა და კულტურით მისაბაძ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს სხვა ქვეყნებისთვის. ისეთ ძლიერ ქვეყანებს, რომელსაც არ ჰქონდა „რბილი ძალა“, ძალიან გაუჭირდათ დამოკიდებული (დაპყრობილი) ქვეყნების შენარჩუნება. მაგალითად, ასეთი ძალი ნაკლებობას განიცდიდნენ მონღოლები. იმის ნაცვლად, რომ დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკუთარი კულტურა მოეხვიათ თავს, ისინი განიცდიდნენ დაპყრობილთა კულტურის გავლენას. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში. კულტურული ხიბლის თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად ისევ შეერთებული შტატები რჩება. ერთი შეხედვით, პრიმიტიული ამერიკული კულტურა კვლავ ინარჩუნებს პირველობას, ხოლო გრეენ ცარდ-ზე მეოცნებეთა რიცხვი ხომ უზარმაზარია.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ძლიერების ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ლიდერ ქვეყნად რჩება. სამივე ფაქტორის კუთხით შტატების მსოფლიო ჰეგემონობა ფაქტია.

ასე რომ, ანალიტიკოსთა შეფასება, რომ შტატების ლიდერობა დასასრულს უახლოვდება, რეალობას მოკლებული ვარაუდია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მათ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების ძლიერება ნათელია, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფოთა ძლიერებას თავისი განზომილება აქვს. სახელმწიფოები საკუთარი ძლიერების მიხედვით იყოფიან შემდეგნაირად: „დიადი ძალა“ (great power), “პირველხარისხოვანი ძალა“ (super power), “რეგიონალური ძალა“ (regional power) და პატარა სახელმწიფოები (small states). მსოფლიოში რჩება ერთადერთი დიადი ძალა - ამერიკა, ხოლო იმ ქვეყნებს კი რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ უნდა მივანიჭოთ „პირველხარისხოვანი ძალის“ სტატუსი. რეგიონულ ძალად შეგვიძლია განვიხილოთ თურქეთი, ირანი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს ასევე ის თუ რამ გამოიწვია ამერიკის ლიდერობის დასრულების ეიფორიული ტენდენცია. ტენდენცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა ობამას საგარეო პოლიტიკამ, რომელიც უკვე მრავალმა ანალიტიკოსმა „ჭკვიანი ძალად“ (smart power) განსაზღვრა. „ჭკვიანი ძალის“ სტრატეგია იგივე ჯოზეფ ნაიმ შეიმუშავა. სტრატეგიის უპირველესი მიზანი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ამერიკის დაცემული იმიჯის აღდგენა იყო. სტრატეგია შეიქმნა ობამას ადმინისტრაციისთვის. სტრატეგია ამბობს, რომ მიუხედავად სიძლიერისა ვაშინგტონმა მარტო არ უნდა იმოქმედოს და ალიანსები უნდა შეკრას სხვა ქვეყნებთან, რათა მათაც გაუჩნდეთ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვის ილუზიური საშუალება მაინც. ობამა სწორედ ამ კურსს მიჰყვება, იგი განსხვავებულად მოქმედებს, მაგრამ არა ამერიკის ლიდერობის საწინააღმდეგოდ.

ასე რომ, მაშინ, როცა შეერთებულ შტატებს ჰყავს უპირველესი სამხედრო მანქანა, აქვს ყველაზე დიდი ეკონომიკა და მისი კულტურა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, შეხედულება, რომ ამერიკის ლიდერობა სრულდება, მომავლის ისეთივე გაუაზრებელ ხედვას ჰგავს, როგორიც ფრენსის ფუკუიამამ შემოგვთავაზა 1992 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ისტორიის დასასრული, უკანასკნელი ადამიანი“.

Share

კომენტარები 

0 # ასკარა 2012-04-21 05:18  
კი ნამდვილად დავეთანხმები ავტორს ყველაფერში გარდა ერთისა. უკვე ერთი შეხედვითაც აღარ არის ამერიკული კლტურა პრიმიტიული, რადგან მას უკვე ჰყავს მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი კულტუტრული მოღვაწეები ხელოვნების ყველა სფეროში და ასევე მეცნიერების უდიდესი არმია, რომლებმაც უკვე მთელი მსოფლიოს შეცვალეს. ამერიკას XX საუკუნეში უკვე იმდენი ინტელექტუალური რესურსი დაუგროვდა, რომ შეუძლებელია მის კულტურას პრიმიტიული ვუწოდოთ (თუნდაც ერთი შეხედვით პრიმიტიული)! ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი