განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> მსოფლიო გლობალიზაცია Backgounder: ბელორუსის საგარეო პოლიტიკა - ორი სცენარი
ბანერი

Backgounder: ბელორუსის საგარეო პოლიტიკა - ორი სცენარი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 887 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა და საპრეზიდენტო ვადა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. არჩევნების წინ კრემლი ლუკაშენკოს ღიად არ უჭერდა მხარს, ხოლო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ლუკაშენკო კი დასავლეთის მხარდაჭერის განმტკიცებას ცდილობდა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებდა. მიუხედავად ამისა, სამართლიანი არჩევნები არ შედგა, დასავლეთმა ლუკაშენკოს გამარჯვება არ სცნო, ხოლო საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაწყებული აქციის დარბევისა და პრეზიდენტობის კანდიდატების დაპატიმრების გამო ევროკავშირმა ბელორუსზე სანქციები დააწესა. მოსკოვმა კი არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დააყენა და ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა - კრემლმა იგი, ზედიზედ მეოთხედ, ბელორუსის ლეგიტიმურ მმართველად აღიარა.

არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი მკაფიოდ არ გამოკვეთილა. მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს - ბელორუს-რუსული ერთიანი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისთვის მუშაობა განახლდეს, ან ლუკაშენკომ კვლავ სცადოს რუსული და ევროპული ინტერესების დაბალანსება.

ლუკაშენკოს მმართველობის 16 წელი

1991-94 წლებში ალექსანდრე ლუკაშენკო დამოუკიდებელი ბელორუსის რესპუბლიკაში ანტიკორუფციულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კორუფციასთან აქტიურად მებრძოლის იმიჯმა მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოუტანა, ამას დაერთო კრემლის მხარდაჭერა და 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ხელისუფლების კონსოლიდაცია 1996 წელს დაასრულა, როცა დაითხოვა პარლამენტი, რომელიც იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებდა. ამავე წელს გამართულმა რეფერენდუმმა კი პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუზღუდავი გახადა. 2001 წელს ლუკაშენკომ ახალი საპრეზიდენტო ვადა მოიპოვა. 2004 წლის რეფერენდუმით გაუქმდა პრეზიდენტად არჩევის ორ-ვადიანი ლიმიტი, რამაც საშუალება მისცა 2006 წელს უკვე მესამედ გამხდარიყო ბელორუსის პრეზიდენტი, ხოლო 2010 წლის დეკემბრის არჩევნებში მეოთხე ვადა მოიპოვა.

ბელორუს-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთისთვის ბელორუსს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ნატოსა და რუსეთს შორის ბუფერის როლს ასრულებს. ასევე, ბელორუსი რუსული ენერგოპროდუქტებისთვის მნიშვნელოვანი კორიდორია. თავის მხრივ მინსკი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოკიდებულია მოსკოვზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბელორუსი დასავლეთთან დაახლოვებას ცდილობდა. თუმცა, პირველი პრეზიდენტის, სტანისლავ შუშკევიჩის, პოლიტიკა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა კავშირის აღდგენა და რუსეთთან თბილი ურთიერთობების დამყარება სურდა. სწორედ ამიტომ, 1994 წელს ახალი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, აქტიური პრორუსული პოლიტიკის გატარებას იწყებს.

ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთ-ბელორუსის ერთ სახელმწიფოში გაერთიანების იდეა ჩნდება. 1996 წელს გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას - რუსულ-ბელორუსული ერთობა - მოეწერა ხელი. ამის შემდეგ, გაფორმდა კიდევ რამდენიმე შეთანხმება, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი 1999 წელს რუსულ-ბელორუსული კონფედერაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება იყო. მიუხედავად ამისა, ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში, იდეა განუხორციელებელი დარჩა. ლუკაშენკოს არ სურდა ბელორუსს დაეკარგა სუვერენიტეტი, გადაქცეულიყო რუსეთის განაპირა მხარედ და თვითონ ძალაუფლების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო ელცინის უმთავრეს მიზანს ბელორუსის რუსეთში უპირობო ინტეგრაცია წარმოადგენდა. ამიტომ, ორი ქვეყნის „თანასწორუფლებიანი“ გაერთიანება კრემლის ინტერესებში არ შედიოდა.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში - პუტინმა უარყო ორი ქვეყნის თანასწორუფლებიანი გაერთიანება და აქცენტი ბელორუსის რუსეთში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გააკეთა, რაც ბელორუსის ეკონომიკაზე გავლენის მოპოვებას ნიშნავდა. მოსკოვს ბელორუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგოკომპანიების ყიდვა სურდა, მაგრამ ლუკაშენკომ ენერგოკომპანიებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაცია აკრძალა. 2004 წლიდან დაძაბულობა იზრდება - ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის მოტივით, 2004 წელს გაზპრომმა ბელორუსს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

მოსკოვსა და მინსკს შორის ბელორუსში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ურთიერთობები ყოველთვის თბებოდა. 2001 წლის არჩევნების მსგავსად, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც იგივე განმეორდა - მოსკოვმა კვლავ ლუკაშენკოს დაუჭირა მხარი, რითაც ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არსებული უთანხმოება მოგვარდა.

დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში ბელორუსის მიმართ მოსკოვის პოლიტიკა არ შეცვლილა - რუსეთი ბელორუსის ენერგოსექტორზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა და „ენერგეტიკულ ხელკეტს“ კვლავ აქტიურად იყენებდა. 2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ბელორუსმა არ აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებლობა, ჩაერთო ევროკავშირის მიერ ინიცირებულ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლითაც ევროპის მიერ ბელორუსის იზოლაცია დასრულდა. ამის შემდეგ, რუსეთმა მინსკს შეუწყვიტა ფინანსური დახმარება, ბელორუსისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებაზე საბაჟო ტარიფი შემოიღო და 2009 წლის ივნისში რუსეთში ბელორუსის რძის პროდუქტების ექსპორტზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ემბარგო დაადო.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე განიმუხტა. მოსკოვში გამართულ სამიტზე, მედვედევი ბელორუსისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებაზე საბაჟო ტარიფის მოხსნას დათანხმდა, ხოლო ლუკაშენკომ მოსკოვის მიერ შემუშავებელი რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსის საბაჟო კავშირის პირობები მიიღო. გარდა ამისა, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 იანვრამდე რუსული რუბლი კავშირის საერთო ვალუტა უნდა გახდეს.

ურთიერთობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - რუსეთმა ლუკაშენკოს მისამართით დასავლეთის კრიტიკა არ გაიზიარა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბელორუსსა და გაზპრომს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, მოლაპარაკებები გრძელდება და, სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდება ნედლი ნავთობის მიწოდების საკითხზეც. ასევე, გადაწყვეტილია, რომ მოსკოვი მინსკს გრძელვადიან სესხს გამოუყოფს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები ბელორუსში ატომური ელექტროსადგურის აშენების თაობაზე, რომელიც რუსეთმა 7 მილიარდი რუბლით უნდა დააფინანსოს, თითქმის დასრულდა.

ბელორუს-ევროკავშირის ურთიერთობა

მას შემდეგ, რაც 1996 წელს ლუკაშენკომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია მოახდინა, ევროკავშირმა ბელორუსი იზოლაციაში მოაქცია. მიუხედავად ამისა, 2001 და 2006 წლების საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბრიუსელი ლუკაშენკოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში დარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციებს მინსკი არ ასრულებდა, ხოლო ბრიუსელი ბელორუსზე დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებდა.

ევროკავშირ-ბელორუსის ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იცვლება. ლუკაშენკომ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია და გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, ხოლო სანაცვლოდ ბრიუსელმა სავიზო შეზღუდვა გაუუქმა ბელორუსის მთავრობის 36 მაღალჩინოსანს. ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მინსკის გადაწყვეტილება, არ ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 2009 წლის მარტში ბელორუსს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხავიერ სოლანა, ეწვია. ამავე თვეში ბელორუსი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ჩაერთო. ევროკავშირმა ბელორუსს მოუხსნა სანქციები, ხოლო 2010 წლის ბოლოს სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გამოყოფას დაპირდა.

ურთიერთობა არჩევნების შემდეგ - 19 დეკემბრის აქციის დარბევისა და პრეზიდენტობის კანდიდატების დაპატიმრების გამო ევროკავშირმა ბელორუსზე 2-წლის წინ მოხსნილი სანქციები კვლავ დააწესა, ხოლო ბელორუსის მთავრობის მაღალჩინოსნები ევროკავშირმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 2008 წლამდე არსებული სტატუს კვო აღდგა - ევროკავშირმა ბელორუსი იზოლაციაში მოაქცია.

ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ბელორუსი კვლავ იზოლაციაში მოაქცია, ხოლო მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობები დათბა, ალექსანდრე ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი მკაფიოდ ჯერ კიდევ არ გამოკვეთილა. ბელორუსის დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მოვლენები შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს.

სცენარი #1 - ბელორუს-რუსული ერთიანი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისკენ მუშაობა განახლდეს. ბელორუსში ჩატარებული უკანასკნელი სამი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარმართული პროცესების გათვალისწინებით, შესაძლოა ერთიან სახელმწიფოდ ქცევის იდეამ ახლაც ძლიერი მუხტი შეიძინოს. პროცესების ასეთი სცენარით განვითარების შანსს ევროკავშირის მიერ ბელორუსზე დაწესებული სანქციები მნიშვნელოვნად ზრდის.

სცენარი #2 - ლუკაშენკომ კვლავ სცადოს რუსული და ევროპული ინტერესების დაბალანსება. წარიმართება თუ არა მოვლენები ამ სცენარით მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირის პოლიტიკაზე. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ბრიუსელი ვალდებული იყო ბელორუსზე სანქციები დაეწესებინა. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა ბელორუსთან მიმართებაში, 2009 წლის მსგავსად, კვლავ პრაგმატული პოლიტიკა აწარმოოს. ევროპის ასეთი პოლიტიკა ლუკაშენკოს პოზიციებს გააძლიერებს, ამიტომ მინსკი ევროპისა და რუსეთის ინტერესების დაბალანსებას კვლავ შეეცადება.

ლუკაშენკოს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის გავლენა საქართველოზე

მას შემდეგ, რაც ბელორუსი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩაერთო და არ აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, თბილისსა და მინსკს შორის თბილი ურთიერთობები დამყარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა, რაც თბილისისთვის ბელორუსის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. საქართველოსა და ბელორუსის მომავალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ზემოთ მოყვანილი რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები.

სცენარი №1 - ამ შემთხვევაში ბელორუს-საქართველოს თბილი ურთიერთობები დასრულდება და არ არის გამორიცხული, რომ მინსკმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობა აღიაროს.

სცენარი №2 - გამორიცხულია, რომ ბელორუსმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიაროს, ხოლო, დიდი ალბათობით, 2009 წლის შემდეგ, თბილისსა და მინსკს შორის არსებული თბილი ურთიერთობები შენარჩუნდება.

დასკვნა

ბელორუსის დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უნიკალური პროცესები არ გამოუწვევია. როგორც ყოველთვის, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობა თბება, ხოლო დასავლეთთან კონფრონტაციის პერიოდი იწყება. მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა 2010 წლის არჩევნების შემდეგაც.

ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ლუკაშენკოს პოზიციები შეასუსტა, რადგან რუსეთის ზეწოლის დამაბალანსებელი ბერკეტი, ევროპის სახით, დაკარგა. სავარაუდოდ, კრემლი უპირატესობის გამოყენებას ეცდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს პრაგმატულ პოლიტიკას და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, მინსკთან ურთიერთობები აღადგინოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bertil Nygren, The Rebuilding of Greater Russia – Putin’s Foreign Policy Towards the CIS Countries (New York: Routledge, 2008) 67-81.
  2. Kathleen J. Mihalisko, Belarus: retreat to authoritarianism, In Democratic changes and authoritarian reactions in Russia, Ukraine, Belarus, and Moldova, ed. Karen Dawisha and Bruce Parrott (Cambridge University Press, 1997), 223-277.
  3. Janusz Bugajski, COLD PEACE, Russia’s New Imperialism, (PRAEGER, 2004), 51-73
  4. Official Website of the Republic of Belarus, December 27, 2010, http://www.belarus.by/en/government/belarus-elections/presidential-elections-in-belarus (accessed March 2, 2011).
  5. EU, US slap new sanctions on Belarus leader, allies, AFP, January 31 , 2011, http://www.inthenews.eu/eu-us-slap-new-sanctions-on-belarus-leader-allies-afp.html (accessed March 14, 2011).
  6. CIS delegation recognizes results of presidential polls in Belarus, ITAR-TASS, December 20, 2011, http://www.itar-tass.com/eng/level2.html?NewsID=15797253&PageNum=0 (accessed March 19, 2011).
  7. David Marples, THE SIGNIFICANCE OF THE RUSSIA-BELARUS UNION, The Jamestown Foundation, October 25, 2005, http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Bswords%5D=8fd5893941d69d0be3f378576261ae3e&tx_ttnews%5Bany_of_the_words%5D=belorus&tx_ttnews%5Bpointer%5D=5&tx_ttnews%5Btt_news%5D=31018&tx_ttnews%5BbackPid%5D=7&cHash=c648e35d8932779cfe80f4fade3b98f6 (accessed March 18, 2011).
  8. David Marples, Lukashenka's Gambit in Relations with Moscow, The Jamestown Foundation, August 7, 2009, http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Bswords%5D=8fd5893941d69d0be3f378576261ae3e&tx_ttnews%5Bany_of_the_words%5D=belorus&tx_ttnews%5Bpointer%5D=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=35386&tx_ttnews%5BbackPid%5D=7&cHash=26201b8d759fd65b8dc0bcd26f12e9a5 (accessed March 19, 2011).
  9. David Marples, „Belarus: Prospects for the New Year“, January 6, 2010, The Jamestown Foundation, http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Bswords%5D=8fd5893941d69d0be3f378576261ae3e&tx_ttnews%5Bany_of_the_words%5D=belorus&tx_ttnews%5Btt_news%5D=35877&tx_ttnews%5BbackPid%5D=7&cHash=0455ec442c6d79895f6f49ff3578ab06 , (accessed March 20, 2011).
  10. BELARUS NEWS AND ANALYSIS, http://www.data.minsk.by/belarusnews/index.html (accessed March 15, 2011).
  11. Беларусь - Россия. Холодная война продолжается, ДЕЛОВАЯ ГАЗЕТА , March 17, 2011, http://bdg.by/news/politics/14198.html (accessed March 20, 2011).
  12. Владимир СТЕПАНОВ, Беларусь и Россия договорились, НАРОДНАЯ ГАЗЕТА, January 21, 2011, http://www.ng.by/ru/issues?art_id=53677 (accessed March 2, 2011).
  13. Виталий ВОЛЯНЮК, Правое дело, Веларусь сегодня, March 19, 2011, http://www.sb.by/post/114118/ (accessed March 20, 2011).
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი