მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირთან ღრმა თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის. ჩვენ ვიცით, რა ეკონომიკური პრობლემებია ევროპაში, მაგრამ ამავე დროს ქართული პროდუქციის გასვლა ევროკავშირის ბაზარზე, ეს არის საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებს უახლოესი კვირეების განმავლობაში დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს დიდი მოდერნიზაციის გეგმა 2015 წლამდე, თუმცა იმედია, რომ ამ მოლაპარაკებს რომელსაც დავიწყებთ, უახლოეს წლებში დავასრულებთ. და, ჩვენ უნდა გვქონდეს სრულიად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ყველა ჩვენი საექსპორტო პროდუქცია თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით. ევროპული ბაზარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაბრამ ბაზარზე რომ გავიდეთ ჩვენი ეკონომიკის პროდუქტიულობა უნდა ავამაღლოთ. მთავარი პრობლემა დღეს არის ეკონომიკის ყველა სექტორში დაბალი პროდუქტიულობა. იგივე სოფლის მეურნეობაში ძალიან დაბალი და წარმოებაშიც დაბალ ინტენსიური.“
ქეთრინ ეშტონი: „რაც შეეხება ვაჭრობის საკითხს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მოსახლეობისთვისაც. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ვაჭრობის ყოფილი კომისრისთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვხედავ რა დიდი პროგრესია მიღწეული ამ სფეროში, დიახ, ჩვენც მოლოდინი გვაქვს და იმედია, რომ ამ მიმართულებით უახლოეს კვირეებში კიდევ მეტი პროგრესი და სწრაფი განვითარება გვექნება. ვსაუბრობ რა ვაჭრობაზე, მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო თქვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის წვლილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს პერსპექტივა, რომ რუსეთი იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ.“
ქართული ექსპორტისთვის, დაბალ პროდუქტიულობასთან ერთად, უმთავრეს პრობლემად ევროკავშირის ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილება რჩება. 2005 წლიდან, საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობაში პრეფერენციების განზოგადებული სისტებით სარგებლობს, რაც საშუალებას გვაძლებს 7 200 დასახელების პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში ბაჟის გარეშე შევიტანოთ. თუმცა, ეს შეღავათები არ ვრცელდება, ზოგიერთ ჩვენთვის მნიშვნელოვან პროდუქტზე, მაგალითად, ღვინოსა და ჩაიზე. 2004 წლიდან 2008 წლამდე, საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის სერიოზული ზრდა ჰქონდა 128 მილიონიდან 335 მილიონ აშშ დოლარამდე. თუმცა, 2009 წელს ექსპორტი თითქმის 100 მილიონი დოლარით შემცირდა და 237 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს კი, ექსპორტი 290 მილიონამდე გაიზარდა. წელს, სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში 262 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ქართული ექსპორტის ყველაზე დიდი წილი, ევროკავშირის ახალ წევრზე - ბულგარეთზე მოდის, 55 მილიონი დოლარი. ხოლო ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთია ქართული ექსპორტი ფეხს ვერ იკიდებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოთხი პრიორიტეტულ სფეროში, ევროკომისიის მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელეს, ეს სფეროებია: ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერები, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონკურენცია. გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ამბობს
„ასეთი გააქტიურება ჩემი აზრით, უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირი რაღაც ახალ გადაწყვეტილებას და ახალ ნაბიჯს ამზადებს საქართველოსთან დაკავშირებით. სულ ახლახანს იყო, ევროკავშირის რვა სახელმწიფოს ინიციატივა და მიმართვა ევროკავშირის ოთხი უმაღლესი კომისრისადმი, რომ კავშირმა საქართველოსთან ინტენსიური მოლაპარაკება დაიწყოს. ეს ყველაფერი ერთ მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ანუ, თუ საშინაო დავალებას თავს კარგად გავართმევთ დაახლოების პროგრესი შეიძლება მართლა საგრძნობი და სწრაფი იყოს, ვიდრე დავუშვათ, ამის მოლოდინები არსებობს.“
ბარონესა ქეთრინ ეშტონი თბილისს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. ბაქოში ბარონესა აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. თბილისში ქეთრინ ეშტონს პრეზიდენტ სააკაშვილის გარდა, შეხვედრები ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვნელ ანდჟეი ტიშკევიჩთან. ამ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. დღის ბოლოს, ქეთრინ ეშტონი ერევანში გაფრინდა, სადაც კავკასიურ ტურნეს დაასრულებს.
ზაზა წულაძეამერიკის ხმა
თბილისი
















